კუბიცა ჰოსპიტალში მოხვდა
Robert Kubica Taken to Hospital After Serious Rally Crash
6 თებერვალი
სეზონის დაწყებამდე თვეზე ცოტა მეტი დარჩა, „ლოტუს რენოს“ კი უკვე სერიოზული პრობლემა შეექმნა - იტალიის ჩრდილო-დასავლეთში, რალი ანდორას (ეს ქალაქი-სახელმწიფო ანდორა არაა) ტურზე ასპარეზობისას, სერიოზული ინციდენტი შეემთხვა ფრანგულ-ინგლისური გუნდის პოლონელ პილოტ რობერტ კუბიცას, რომელიც ვერტმფრენით ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ჰოსპიტლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია გვატყობინებს, რომ პოლონელ პილოტს მარჯვენა მკლავის მრავალჯერადი მოტეხილობა აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ახალი სეზონის დასაწყისის რამდენიმე ეტაპის გამოტოვება მოუწევს.
კუბიცა სუპერ 2000-ის ეტაპზე მონაწილეობდა. რბოლის პირველივე სპეცმონაკვეთზე, იტალიის სოფელ ტესტიკოს მახლობლად, სტარტიდან მხოლოდ 4.5 კილომეტრი ჰქონდა გავლილი, რომ მან თავის „შკოდა ფაბიაზე“ მართვა დაკარგა და გზისპირა მეტალის ზღუდეს შეეჯახა. ავარიამ იმდენად სერიოზულად დააზიანა მანქანა, რომ იქიდან პილოტის გამოყვანა მხოლოდ ერთი საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი. და ესეც მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ევაკუაციაში სპეციალური სამაშველო სამსახური ჩაება.
მარჯვენა მკლავის გარდა, კუბიცას მარჯვენა ფეხიც დაზიანებული აქვს, თუმცა მთავარი ისაა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უფრო მეტიც, მას არც ევაკუაციამდე და არც სამედიცინო გამოკვლევისას, გონება არ დაუკარგავს. ინციდენტს სერიოზული დაზიანების გარეშე გადაურჩა კუბიცასა ნავიგატორი იაკუბ გერერი. ერთი შეხედვით, პოლონელს ტრავმა მარცხენა მხარეს უნდა მიეღო, მაგრამ მანქანა ზღუდეს იმგვარად დაეჯახა, რომ მისი ძირი, პილოტის მარჯვენა ფეხის მხრიდან დაზიანდა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ კუბიცას მარჯვენა ხელი და ფეხი აქვს დაზიანებული.
მოგვიანებით, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები ამბობენ, რომ მათი მთავარი ამოცანა, ამ ეტაპზე, ხელის სისხლით ნორმალურად მომარაგების შენარჩუნებაა. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე, ხელის ამპუტაციის საჭიროება გამოირიცხა, თუმცა ექიმები ჯერ ვერ ამბობენ, რამდენად სრულფასოვნად გამოიყენებს ამ ხელს მომავალში პოლონელი პილოტი.
No comments:
Post a Comment