„მაკლარენი“ რადიატორების U-ფორმის ჰაერის ამღებებს განმარტავს
McLaren explains U-shaped sidepods
5 თებერვალი
შეიძლება ითქვას, რომ ფორმულა 1-ის ახალი სეზონი უკვე დაწყებულია. გუნდების უმეტესობამ, თავიანთი ახალი მანქანები უკვე წარმოადგინა და მათი ტესტირებაც მოასწრო. მათ შორის ყველაზე მეტი აჟიოტაჟი კი, „მაკლარენის“ პრეზენტაციას მოჰყვა, რომლის დროსაც, ყველაზე რადიკალური და აგრესიული აეროდინამიკის მქონე ავტომობილი ვიხილეთ. საყოველთაო განხილვის საგანი კი უცნაური ფორმის მქონე, რადიატორების U-ფორმის ჰაერის ამღებები გახდა.
ჯერ ვერავინ იტყვის, რამდენად მომგებიანია ამ ფორმის კონსტრუქცია. თუმცა ეჭვიც არ უნდა შევიტანოთ იმაში, რომ ძლიერმა გუნდებმა უკვე დაიწყეს ანალოგიური ელემენტის მასშტაბური მოდელების შექმნა, რათა ისინი აეროდინამიკურ მილში შეამოწმონ და დარწმუნდნენ მის ეფექტურობაში. მაგრამ ფაქტია, რომ სეზონის დასაწყისში, მსგავსი ელემენტი მხოლოდ „მაკლარენის“ ბოლიდებზე იქნება. უბრალოდ, ანალოგიური დეტალების დასამზადებლად, დიდი დრო და არსებული მანქანების კონსტრუქციების მნიშვნელოვანი შეცვლა იქნება საჭირო...
„მაკლარენის“ ტექნიკური დირექტორი პადი ლოუ კი თავისი გუნდის სიახლეს შემდეგნაირად განმარტავს: იმის გამო, რომ აიკრძალა ორმაგი დიფუზორის გამოყენება, მანქანის უკანა ნაწილს, გზასთან ჩაჭიდება შეუმცირდა. ამ დანაკარგის ანაზღაურებას კი რადიკალური ზომების მიღება დასჭირდა. საჭირო გახდა უკანა ფრთის დაბლა ზონაში, ჰაერის მოწესრიგებული ნაკადის მიწოდება. ამ ნაკადის შექმნას კი სწორედ რადიატორის კორპუსსა და კოკპიტს შორის შექმნილი ერთგვარი არხი უზრუნველყოფს. ჰაერის აქ წარმოქმნილი ნაკადის მოწესრიგებას ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ მანქანის ბაზა დაგრძელებულია (ეს იმის შედეგია, რომ საჭირო გახდა ბაზაში სისტემა კერს-ის მოთავსება).
სხვათა შორის, ორმაგი დიფუზორის აკრძალვის შემდეგ, თითქმის ყველა გუნდმა, მანქანის უკანა ნაწილი, სადაც უკანა საკიდარის ბერკეტები მდებარეობს, ძლიერ მოაშიშვლა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ მანქანის ამ ნაწილში, ჰაერის რაც შეიძლება ძლიერმა ნაკადმა იმოძრაოს.
„მაკლარენის“ საინჟინრო შტაბის შეფი ტიმ გოსი კი ამბობს, რომ მანქანის უკანა ნაწილის აეროდინამიკის დახვეწის გარდა, გუნდის მიზანს „პირელის“ საბურავებთან შეგუება წარმოადგენს. მისი თქმით, ახალი საბურავი თავის ხარისხს მაქსიმუმ 10 წრის განმავლობაში ინარჩუნებს. ინჟინრების მიზანი კი ისაა, რომ შექმნან ისეთი საკიდარი, რომელიც საბურავის ხარისხის, რაც შეიძლება, დიდი ხნით შენარჩუნების საშუალებას მისცემს.
No comments:
Post a Comment