„ისპანიაც“ მზადაა, მაგრამ ხერესში არ იქნება
HRT reveals first image of new car
8 თებერვალი
გასული სეზონის გამოკვეთილმა აუტსაიდერმა „ისპანია რეისინგმა“ თავისი ახალი სარბოლი მანქანის, F111-ის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ახალ სეზონში, მისი მთავარი მიზანი, პროგრესისთვის რეალური საფუძვლის შექმნა იქნება. ფოტოზე, ახალი მანქანა გუნდისთვის ახალი გაფორმებით წარსდგა, რომლითაც მისი პილოტები ახალ სეზონში იასპარეზებენ.
„ისპანია რეისინგის“ შეფმა კოლინ კოლესმა განაცხადა, რომ ამ სეზონშიც მისი მიზანი, აუტსაიდერთა რიგებიდან თავის დაღწევა იქნება. ამისათვის, ტექნიკურმა დირექტორმა ჯეფ უილისმა და მთავარმა დიზაინერმა პოლ უაითმა თავი არ დაზოგეს და ისინი ირწმუნებიან, რომ განვითარების პოტენციალის მქონე ავტომობილი შექმნეს.
ახალი მანქანის გასაფორმებლად, კოლესმა გუნდში მანქანების გაფორმების ექსპერტი დანიელ საიმონი მიიწვია, რომელმაც „ისპანია რეისინგის“ ახალი კორპორატიული სახე შექმნა. ავტომობილის ძჲრითადი ფერი თეთრია, რომელზეც ორგანულადაა შერწყმული საფინიშო დროშის კუბიკები. ამგვარად, ავტომობილი ტრასაზე უფრო ცნობადი გახდება. მთავარია, მან ტელეოპერატორების ყურადღება კარგი შედეგებით მიიქციოს ხოლმე.
„F111 ჩვენი გუნდის მიერ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვფიქრობ, წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ფორმულა 1-ში ჩვენი მეორე სეზონის წინ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, რისი დასტურიც ეს მანქანაა. ამგვარად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ფ1-ში გამოსვლების გაგრძელებას ვაპირებთ“, - განაცხადა კოლესმა.
„ისპანია რეისინგის“ პრეზიდენტმა ხოსე რამონ კარაბანტემ განაცხადა, რომ ეს მანქანა მხოლოდ საბაზისო ვარიანტია, რომელიც სეზონის განმავლობაში დაიხვეწება და გუნდს პელოტონის ბოლოდან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს. თუმცა, ისიც აღიარა, რომ ეს ადვილი არ იქნება.
სხვათა შორის, ავტომობილს ჯერ სავალდებულო ქრეშ ტესტი არ გაუვლია, რის გარეშეც, ტესტებზე არ დაიშვება. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ „ისპანია რეისინგი“ ხერესის ტესტებზე ახალი მანქანის გამოყვანას ვერ შეძლებს.
No comments:
Post a Comment