ეკლსტოუნი შიშობს, რომ ბაჰრეინის დიდი პრიზის გაუქმება მოუწევს
Ecclestone Fears He Might Call Off the 2011 Bahrain GP
16 თებერვალი
არაბული სამყაროს კრიზისი, ისეთ განვითარებულსა და ერთი შეხედვით უზრუნველ სახელმწიფოსაც კი შეეხო, როგორიც ბაჰრეინია. იქ დაწყებულმა არეულობამ კი ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა გამგებელი ბერნი ეკლსტოუნიც კი შეაშფოთა. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ ბაჰრეინის დიდი პრიზის ჩატარების საკითხი ჯერაც გაურკვეველია.
„დეილი ტელეგრაფის“ კითხვაზე, რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ბაჰრეინში მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები გაგრძელდება, ბერნიმ დაბნეულმა უპასუხა: „წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთოთ. ამ ეტაპზე, რაიმე გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ. ჯერჯერობით, მოვლენებს დავაკვირდებით და დრო გვიჩვენებს, როგორ უნდა მოვიქცეთ“.
ბერნიმ განაცხადა, რომ მან ბაჰრეინის პრინც სალმან იბნ ჰამად იბნ ისა ალ ხალიფასთან დაკავშირება სცადა, რათა შექმნილი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია პირადად მისგან მიეღო, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია.
„ის ახლა ძალიან დაკავებულია. ეს არ მიკვირს, მაგრამ მთავარია, რომ წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება. საფრთხე აშკარაა. ამაში დამერწმუნებით. თუ ამ ხალხს რამის შეცვლა უნდა, ეს შეიძლება სავალალოდ დასრულდეს. ასე არ არის? ეს ჩვენს რბოლას დიდ პრობლემას შეუქმნის და ამას მსოფლიო გამოხმაურება მოჰყვება. მოკლედ, მოგვიანებით პრინცს დავუკავშირდები. მოვლენებს ვაკვირდებით და ახლავე შემიძლია განვაცხადო, რომ მის მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ“, - ამბობს ეკლსტოუნი.
No comments:
Post a Comment