ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, June 28, 2010

შესაძლოა, კუბიცა ”რედ ბულში” გადასვლაზე ფიქრობს

Robert Kubica Linked with Red Bull Seat in 2012

28 ივნისი

ფორმულა 1-ის ტოპ პილოტებიდან ერთადერთი, ვისაც მომავალი სეზონისთვის ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია, ”რენოს” პოლონელი რობერტ კუბიცაა, ვინც, როგორც ჩანს, მალე ფრანგულ საჯინიბოსთან კონტრაქტს ერთი წლით განაახლებს. თუმცა, ეს ჯერაც არ ნიშნავს იმას, რომ იქ დიდხანს დარჩენას აპირებს. თუმცა, გამორიცხული არაფერია.

ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ”რენო” ტოპ გუნდის სახელის დაბრუნებას. და ექნება თუ არა მომავალი სეზონის მიწურულს ვაკანსია ”რედ ბულს” - ერთადერთ გუნდს, რომელსაც ჩემპიონობისთვს ბრძოლის უნარი შესწევს და რომელსაც ორივე პილოტთან ხანგრძლივი კონტრაქტი არ აქვს.

ახლახანს, კერძოდ კი ევროპული დიდი პრიზის დღეებში, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლონელი პილოტის გადაბირებას ”მერსედესი” აპირებს. რამდენად საფუძვლიანი იყო ეს ხმები, ძნელი სათქმელია, მაგრამ თავად პილოტმა ვალენსიაში განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

”რენოსთან” მისი ახლანდელი კონტრაქტი მხოლოდ ერთწლიანია, თუმცა კუბიცას მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების უფლება აქვს. ამ უფლების გამოყენება მას 15 ივლისამდე შეუძლია. თუმცა სავარაუდოა, რომ ”რენოს” მისი დატოვება სურს. ასეა თუ ისე, პოლონელი პილოტის მენეჯერი დანიელე მორელი გადაწყვეტილებას ბრიტანეთის დიდ პრიზამდე ან მის შემდეგ მიიღებს.

ინტერნეტ ჟურნალმა GP უიკმა ივარაუდა, რომ შესაძლოა, კუბიცა ”რედ ბულ რეისინგში” გადასვლაზე ფიქრობს და ამიტომ ცდილობს, რომ ”რენოსთან” ხანგრძლივი კონტრაქტი არ გააფორმოს. საიტს მოჰყავს მორელის სიტყვები, რომელსაც უთქვამს, რომ კუბიცა აჟამად მომავალ სეზონზე არ ფიქრობს, მისი მზერა უფრო შორსაა მიმართული. უფრო შორს კი შესაძლოა, ”რედ ბულში” ადგილი გამოთავისუფლდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდი მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ, თავის ავსტრალიელ პილოტ მარკ უებერს კონტრაქტს აღარ გაუგრძელებს.

უებერის მომავალი ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გაურკვეველი იყო. თუმცა შემდეგ ის ჩემპიონატის ლიდერი გახდა და ”რედ ბულმაც” კონტრაქტი მხოლოდ ერთი სეზონით გაუგრძელა. არადა, მის ადგილზე ბევრი სწორედ კუბიცას და ფინელი კიმი რაიკონენის კანდიდატურას მოიაზრებდა.

ვალენსიაში ჩატარებული ევროპული დიდი პრიზი 25 წლის კუბიცამ მეხუთე ადგილზე დაასრულა, რის შემდეგაც, პილოტების კლასიფიკაციაში, მე-6 ადგილზე გერმანელი ნიკო როსბერგი შეცვალა.

Sunday, June 27, 2010

ცხრა პილოტი ხუთი წამის მომატებით დაჯარიმდა

Nine drivers given five-second penalties

27 ივნისი

ევროპის დიდი პრიზი კარგა ხნის დამთავრებული იყო, რომ რბოლის სტიუარდებმა ცხრა პილოტი ხუთი წამით დააჯარიმა და ამას რბოლის საბოლოო შედეგებში მცირე ცვლილებები მოჰყვა.

ჯენსონ ბატონის, რუბენს ბარიკელოს, ნიკო ჰულკენბერგის, რობერტ კუბიცას, ვიტალი პეტროვის, სებასტიან ბუემის, ადრიან სუტილის, პედრო დე ლა როსასა და ვიტანტონიო ლიუცის შედეგებს საბოლოოდ 5-5 წამი დაემატა. ამათგან ჰულკენბერგმა რბოლა საერთოდ ვერ დაასრულა და მისთვის ამ ჰარიმას არც არაფერი დაუკლია.

უცვლელი დარჩა მოწინახე შვიდეულიც. სამაგიეროდ, ფერნანდო ალონსომ ერთი პოზიცია მოიგო და მეცხრედან მერვე ადგილზე გადაინაცვლა, ადგილი კი ბუემის გაუცვალა. ორი ადგილით წინ წაიწია ნიკო როსბერგმა, რომელმაც პეტროვის და დე ლა როსას დაჯარიმების შემდეგ, მეათე ადგილზე გადაინაცვლა.

დაჯარიმება კი სპორტული რეგლამენტის ერთი მეტად უცნაური წესის შედეგია, რომელიც ტრასაზე პეისკარის გამოსვლის მომენტში, რისკის მაქსიმალურად შემცირებას ითვალისწინებს. ამ წესის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ტრასაზე პეისკარი გამოვა, იმ მომენტში, როდესაც ბოლიდები პეისკარის ტრასაზე გამოსვლის ადგილს გაივლიან, წრის გავლის დრო, სარბოლო რეჟიმით მოძრაობის დროზე 15-20 წამით მეტი უნდა იყოს.

ვალენსიაში კი, ყველაფერი ასე მოხდა: უებერს რომ ავარია მოუვიდა, მარშლებმა ტრასაზე უმალ გამოფინეს იმის ნიშანი, რომ პეისკარი გამოდიოდა. ამ დროს, სებასტიან ფეტელს მეათე წრე უკვე დაწყებული ჰქონდა. ლუის ჰამილტონს წესის დარღვევა დასჭირდა იმისათვის, რომ პეისკარის გამოსვლას ფეტელის წრეზე დახვედროდა. ფერნანდო ალონსოს და ფელიპე მასას ბოქსებისკენ გადასახვევი გავლილი ჰქონდათ. პირველი კი კუბიცა იყო, ვინც პეისკარის ნიშანი დაინახა და მაშინვე ბოქსისკენ აიღო გეზი. მას კი ზემოთ ჩამოთვლილი რვა პილოტი მიჰყვა. ბუნებრივია, ბოქსისკენ გადახვევის მომენტში, ამ მანქანების სიჩქარე თითქმის იმდენივე იყო, რამდენიც მათ სარბოლ რეჟიმში ჰქონდათ. ამდენად, წესი დაირღვა და მათაც დამსახურებული სასჯელი მიიღეს.

რბოლის შედეგები მათი რევიზიის შემდეგ (დროების გარეშე)

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)

4. რუბენს ბარიკელო (უილიამსი)

5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო)

6. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)

7. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)

8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)

9. სებასტიან ბუმი (შვეიცარია, ტორო როსო)

10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)

11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)

12. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი)

13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)

14. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)

15. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)

16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია)

17. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი)

18. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია)

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)

20. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია)

21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)

პილოტების კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 127; 2. ჯენსონ ბატონი - 121; 3. სებასტიან ფეტელი - 115; 4. მარკ უებერი - 103; 5. ფერნანდო ალონსო - 98; 6. რობერტ კუბიცა - 83; 7. ნიკო როსბერგი - 75; 8. ფელიპე მასა - 67; 9. მიხაელ შუმახერი - 34; 10. ადრიან სუტილი - 31; 11. რუბენს ბარიკელო - 19; 12. ვიტანტონიო ლიუცი - 12; 13. სებასტიან ბუმი - 9; 14. კამუი კობაიაში - 7; 15. ვიტალი პეტროვი - 6; 16. ხაიმე ალგერსუარი - 3; 17. ნიკო ჰულკენბერგი - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. მაკლარენ-მერსედესი - 248; 2. რედ ბულ-რენო - 218; 3. ფერარი - 165; 4. მერსედესი - 109; 5. რენო - 89; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 43; 7. უილიამს-კოსუორტი - 20; 8. ტორო როსო- ფერარი - 10; 9. ზაუბერ-ფერარი - 7

ფეტელმა მოიგო და საჩემპინო ბრძოლას დაუბრუნდა

Vettel charges to European GP victory

27 ივნისი

ფეტელი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს დაუბრუნდა
..........................................

”რედ ბულ რეისინგის” გერმანელი სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა ევროპის დიდი პრიზი, რომელსაც ესპანეთის ქალაქ ვალენსიას ტრასამ უმასპინძლა. რბოლა ფეტელის თანაგუნდელის, ავსტრალიელი მარკ უებერის შემზარავი ავარიით აღინიშნა, რომელიც საბედნიეროდ, ოზი პილოტისთვის ტრავმის გარეშე დასრულდა.

დაკიდევ, რბოლა ბრწყინვალედ (ტაქტიკურადაც და ტექნიკურადაც) ჩაატარა ”ზაუბერის” იაპონელმა კამუი კობაიაშიმ, რომელმაც ფინიშამდე სამიოდე წრით ადრე შეცვალა საბურავი და შემდეგ, ორი შესანიშნავი გასწრება შეასრულა, რითაც მართალია, მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უებერის ავარიიდან თითქმის ფინიშამდე, ადვილად უმკლავდებოდა მსოფლიო ჩემპიონ ჯენსონ ბატონის შეტევებს.

ჰამილტონმა (მარცხნივ) სტარტზევე სცადა ფეტელის (მარჯვნივ) გასწრება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა
..........................................

ფეტელისა და კობაიაშის გარდა, რბოლას კიდევ ერთი გმირი ჰყავდა. და ეს გმირი ისევდაისევ, ლუის ჰამილტონია, რომელსაც ტრასაზე პეისკარის გამოსვლის დროს დაშვებული შეცდომა რომ არა, რის გამოც პიტლეინზე საჯარიმო გავლამ მოუწია, თავისუფლად შეეძლო მოგება. თუმცა, ამ შემთხვევაში მისთვის მეორე ადგილიც კარგი შედეგია, რადგან მისი წყალობით, ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა და ახლა მეორეზე მყოფ თანაგუნდელ ბატონს, რომელმაც ვალენსიური რბოლა მესამეზე დაასრულა, სამის ნაცვლად ექვსი ქულით უსწრებს.

სტარტი ძალიან საინტერესო გამოდგა, უებერმა რეაგირება დააგვიანა და მეცხრე ადგილამდე ჩამოქვეითდა. სამაგიეროდ, ფეტელმა შეძლო მოწინავე პოზიციის შენარჩუნება. მარტალია, ერთ მომენტში მას ჰამილტონმა ლამის გაასწრო, მაგრამ გერმანელმა საბოლოოდ მაინც შეძლო მეტოქის შეტევის მოგერიება. ჰამილტონს კი ამასობაში ფერნანდო ალონსო წამოეწია და გვერდშიც ამოუდგა, თუმცა ალბიონელმა წინ გასვლის საშუალება არ მისცა.

კამუი კობაიაშიმ ბრწყინვალე რბოლა ჩაატარა

..........................................

მერვე წრეზე უებერი ბოქსებში შევიდა, სადაც მის მანქანას მაგარი საბურავი დაუყენეს. ტრასაზე სულ ორი წრის დაბრუნებული იყო, რომ ფინელ ჰეიკი კოვალაინენის ”ლოტუსს” (ამ გუნდისთვის ეს მე-500 რბოლა იყო) შეეჯახა. კოვალაინენს ტრასის შუა ნაწილი ეკავა და რამდენადაც ორივენი ერთსადაიმავე წრეზე იმყოფებოდნენ, მან თავდაცვა სცადა. მაგრამ ავსტრალიელის ”რედ ბული” აშკარად უფრო სწრაფი იყო. თანაც, მოულოდნელად, ის ”ლოტუსის” მიერ დატოვებულ გაუხშოებულ არეში მოხვდა, რამაც უებერის მანქანა მისკენ ”მიიზიდა”. უებერმა ჯერ მარცხნიდან სცადა გვერდის ავლა, მაგრამ მოულოდნელად კოვალაინენმაც მანქანა იქით მიმართა. ამჯერად, უებერმა მარჯვივ აიღო, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა - მისი მანქანა კოვალაინენისას შეეჯახა. მოულოდნელად, ”რედ ბულმა” ცხვირი ასწია, თითქმის ვერტიკალური მდგომარეობა დაიჭირა და შემდეგ, ასფალტზე ამობრუნებული დაეცა. შემდეგ ისევ გადატრიალდა და ტრასის მიღმა ზღუდემდე მუცელზე ისრიალა. იქ კი ბორბლების დამცავ ზოლს შეასკდა და გაჩერდა. საბედნიეროდ, უებერმა თავადვე დატოვა თავისი ბოლიდის ნამტვრევები, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მცირე ასეთ შემზარავ ავარიას ტრავმის გარეშე გადაურჩა.

ტრასაზე პეისკარი გამოვიდა, რასაც ბოქსებში პილოტების მასობრივად შესვლა მოჰყვა. მაგრამ სამ პილოტს, მათ შორის კობაიაშის, ეს არ გაუკეთებია და ამის წყალობით, იაპონელი პილოტი ლიდერების - ფეტელის და ჰამილტონის უკან აღმოჩნდა. სხვათა შორის, პეისკარი რომ ტრასაზე გამოდიოდა, ჰამილტონმა მას გზა არ დაუთმო. ეს კი სტიუარდების განხილვის საგანი გახდა. მათ ჩათვალეს, რომ იმ მომენტში, როდესაც ჰამილტონმა პეისკარს გაასწრო, ეს უკანასკნელი ბოქსიდან გამოსასვლელსა და ტრასის ძირითად გზას შორის არსებულ გამყოფ ზოლს გაცდენილი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ტრასაზე იმყოფებოდა და ამ დროს, მისი გასწრება არ შეიძლება. ჰამილტონმა კი გაასწრო და პიტლეინზე ტყუილად გავლით დაისაჯა. თუმცა, ამის მიუხედავად, მან მეორე ადგილი მაინც შეინარჩუნა. და ეს იმის წყალობით, რომ კობაიაშიმ დანარჩენი პილოტები თავისი, არცთუ მაღალი ტემპით ატარა და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არც არავინ გაატარა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როცა სტიუარდებმა ჰამილტონის დასჯა გადაწყვიტეს, ის და ფეტელი მდევრებისგან კარგა შორს იმყოფებოდნენ. ტრასაზე ჰამილტონმა ზედ კობაიაშის წინ გამოსვლა მოასწრო. სამაგიეროდ, ფეტელს 15 წამზე მეტით ჩამორჩა.

კობაიაში ბოქსში ფინიშამდე 4 წრით ადრე შევიდა, რათა რეგლამენტი არ დაერღვია - რეგლამენტით, პილოტი ვალდებულია, რბოლის განმავლობაში, მინიმუმ ერთხელ მაინც შეცვალოს რეზინი. სამწუხაროდ, ტრასაზე დაბრუნებული, ის მე-9 ადგილზე აღმოჩნდა. მაგრამ ახალი რეზინის წყალობით, ჯერ ალონსოს გაუარა, ბოლო მოსახვევში კი ”ტორო როსოს” შვეიცარელ სებასტიან ბუემიც უკან მოიტოვა და ფინიშს მეშვიდემ უწია.

ევროპის დიდი პრიზი

ვალენსია. ტრასის სიგრძე 5.419 კმ, 57 წრე, რბოლის დისტანცია 308.883 კმ

რბოლის შედეგები

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:40:29.571

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:05.042

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:07.658

4. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 00:20.627

5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 00:22.122

6. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 00:25.168

7. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 00:30.965

8. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 00:31.299

9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:32.809

10. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 00:42.414

11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 00:43.287

12. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:44.382

13. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 00:45.890

14. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:46.621

15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 00:48.239

16. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:48.826

17. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1 წრე

18. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 2 წრე

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2 წრე

20. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 2 წრე

21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 4 წრე

გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 8 წრე

გ. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 49 წრე

გ. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 52 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ჯენსონ ბატონი - 1:38.766, 54-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 127 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი - 121; 3. სებასტიან ფეტელი - 115; 4. მარკ უებერი - 103; 5. ფერნანდო ალონსო - 96; 6. რობერტ კუბიცა - 83; 7. ნიკო როსბერგი - 74; 8. ფელიპე მასა - 67; 9. მიხაელ შუმახერი - 34; 10. ადრიან სუტილი - 31; 11. რუბენს ბარიკელო - 19; 12. ვიტანტონიო ლიუცი - 12; 13. სებასტიან ბუემი - 9; 14. კამუი კობაიაში - 7; 15. ვიტალი პეტროვი - 6; 16. ხაიმე ალგერსუარი - 3; 17. პედრო დე ლა როსა - 1; 18. ნიკო ჰულკენბერგი - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. მაკლარენ-მერსედესი - 248 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 218; 3. ფერარი - 163; 4. მერსედესი - 108; 5. რენო - 89; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 43; 7. უილიამს-კოსუორტი - 20; 8. ტორო როსო- ფერარი - 12; 9. ზაუბერ-ფერარი - 8

Saturday, June 26, 2010

ფეტელი ისევ პოულზეა

Motor racing-Vettel takes pole with Webber alongside

26 ივნისი

ფეტელმა ამ სეზონში მეოთხე პოული მოიპოვა

..........................................

სებასტიან ფეტელი ისევ პოულ პოზიციაზეა - „რედ ბულის“ გერმანელმა პილოტმა ევროპის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და მიმდინარე სეზონში, მეოთხე რბოლას დაიწყებს მოწინავე პოზიციიდან. მან უკან მოიტოვა ავსტრალიელი თანაგუნდელი მარკ უებერი და ჩემპიონატის ბრიტანელი ლიდერი ლუის ჰამილტონი, რომლებიც შესაბამისად, მეორე და მესამე შედეგებს დასჯერდნენ.

„კანადური რბოლის შემდეგ ბევრი ამბობდა, რომ ვალენსიაში ჩვენ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ დღეს საპირისპირო დავამტკიცეთ. რა თქმა უნდა, ხვალინდელი რბოლა გაცილებით ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ მისი მოგება და გუნდისთვის ბლომად ქულის მოპოვება შეგვიძლია“, - ამბობს 22 წლის ფეტელი, რომლის გუნდმაც ვალენსიაში პირველად გამოიყენა „მაკლარენისეული“ აეოდინამიკური ჰაერსადინარი.

ფეტელი ასპარეზობისას

..........................................

ამგვარად, ამ სეზონში ფეტელმა მეოთხე პოული მოიპოვა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინა სამ შემთხვევაში, მან საქმის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ შეძლო. ერთადერთი გამარჯვება კი მალაიზიაში მოიპოვა, სადაც რბოლა მესამე პოზიციიდან დაიწყო. ცნობისათვის, ამ სეზონში უკვე ცხრა კვალიფიკაცია ჩატარდა და აქედან რვა „რედ ბულის“ პილოტებს აქვთ მოგებული.

თანაგუნდელთან წაგების მიუხედავად, მეორე ადგილით კმაყოფილი დარჩა უებერიც, ვინც ზედიზედ მერვე რბოლას დაიწყებს წინა რიგიდან (აქედან ოთხი პოულიდან დაიწყო). სები ძალიან სწრაფი იყო და ვერანაირად ვერ დავეწიეო, - თავი იმართლა ოზმა პილოტმა.

„რედ ბულის“ ორი პილოტი საზოგადოების წინაშე გვერდიგვერდ პირველად აღმოჩნდა თურქული რბოლის შემდეგ, სადაც მათ ერთმანეთთან შეჯახება მოუვიდათ. რა თქმა უნდა, პრესკონფერენციაზე ეს შემთხვევა ისევ გაიხსენეს, თუმცა პილოტებმა განაცხადეს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. „არასდროს თქვა არასდროს, მაგრამ თურქეთში ისეთი გაკვეთილი მივიღეთ, არ მგონია, მსგავსი რამ განმეორდეს“, - განაცხადა უებერმა.

ჰამილტონს ვალენსიაში წინა ორ რბოლაში მეორე ადგილი აქვს დაკავებული. ნარბოლევს ის გაკვირვებული დარჩა, რადგან ბოლო სწრაფი წრის გავლისას, მას ერთ მომენტში უკანა მუხრუჭები დაებლოკა, რამაც დრო დააკარგვინა.

„შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა. კვალიფიკაციის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ მაქსიმუმ მეექვსე, ან მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლას შევძლებდი. ბიჭები მაქსიმალურად გაისარჯნენ და მანქანა კარგად დააბალანსეს. ეს შედეგი ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც მესამე ადგილიც შესანიშნავ შანსს აძლევს იმისათვის, რომ ზედიზედ მესამე გამარჯვებისთვის იბრძოლოს.

რბოლას მეოთხე პოზიციიდან დაიწყებს ესპანელი ფერნანდო ალონსო, ვისთვისაც ეს მეორე საშინაო რბოლაა. მის უკანა რიგში კი მისივე ბრაზილიელი თანაგუნდელი ფელიპე მასა და პოლონელი რობრტ კუბიცა დადგებიან.

მინი სენსაცია მოახდინა „უილიამსმა“, რომლის ორივე პილოტმაც შეძლო კვალიფიკაციის მესამე ნაწილში ასპარეზობა. ორივე მოწინავე ათეულში გავიდა, რაც მალაიზიური ეტაპის შემდეგ პირველად მოხდა. სამაგიეროდ, კვლავ ხელმოცარული დარჩა „მერსედესი“, რომელმაც ამ რბოლისთვის რამდენიმე აეროდინამიკური სიახლე შეიმუშავა. ნიკო როსბერგი მე-12 შედეგს დასჯერდა, მიხაელ შუმახერი კი მე-15 პოზიციიდან მოუწევს სტარტის აღება.

ევროპის დიდი პრიზი

კვალიფიკაციის შედეგები

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:37.587

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:37.662

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:37.969

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:38.075

5. ფელიპე საქმე (ბრაზილია, ფერარი) 1:38.127

6. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:38.137

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:38.210

8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:38.428

9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:38.428

10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:38.523

- - - - - - - - - -

11. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:38.586

12. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:38.627

13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:38.851

14. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:38.884

15. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:39.234

16. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:39.264

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:39.458

- - - - - - - - - -

18. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:40.343

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:40.658

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:40.882

21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:42.086

22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:42.140

23. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:42.600

24. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:42.851

Friday, June 25, 2010

ალონსომ ყველა დაჩრდილა

Rosberg denies McLaren practice one-two in Valencia

25 ივნისი

ვალენსია ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის მეცხრე ეტაპს - ევროპის დიდ პრიზს მასპინძლობს, რომელიც ტრადიციულად, პარასკევის თავისუფალმა პრაქტიკებმა გახსნა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მეორე პრაქტიკაზე პილოტების უმეტესობამ უკეთესი შედეგები აჩვენა, ვიდრე პირველზე, ორივეს ჯამში კი საუკეთესო დრო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ესპანელ ფერნანდო ალონსოს (სურათზე, ასპარეზობისას) ჰქონდა.

პირველ პრაქტიკაზე კი უსწრაფესი ”მერსედესის” გერმანელი ნიკო როსბერგი იყო, რომელმაც თითქმის ერთნაირი დროის მქონე ორივე ”მაკლარენი” ჩამოიტოვა. საინტერესოა, რომ იმავე პრაქტიკაზე, როსბერგის სახელოვან თანაგუნდელ მიხაელ შუმახერს მეათე შედეგი ჰქონდა.

რაც შეეხება ალონსოს, ამ შედეგით ის ვალენსიას შარშანდელი დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე გამარჯვებულ ლუის ჰამილტონს ჩამოიტოვებდა. ესპანელს სულ რაღაც 0.056 წამით ჩამორჩა ”რედ ბულის” გერმანელი სებასტიან ფეტელი, მესამე შედეგი კი ფეტელის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს ჰქონდა. ამჯერად, მეოთხე შედეგს დასჯერდა როსბერგი, რომელმაც ისევ აჯობა შუმახერს. სხვათა შორის, რბოლის დღეს როსბერგს 25 წელი უსრულდება. ორივე სესიაზე კარგად იასპარეზა ”რენოს” პოლონელმა რობერტ კუბიცამ, ვისაც პირველ სესიაზე მეოთხე შედეგი ჰქონდა, მეორეზე კი ორი ადგილით ჩამოქვეითდა.

აღსანიშნავია, რომ ვალენსიური რბოლისთვის, ”მაკლარენმა” და ”ფერარიმ” თავიანთ მანქანებზე აეროდინამიკური სიახლეები დანერგეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია იტალიური გუნდი, რომელიც ევროპულ რბოლაზე პირველად გამოიყენებს ”რედ ბულის” ნოუ ჰაუს - ეგრეთ წოდებულ ჩასაბერ დიფუზორს.

პირველი სესიის დროს, ინციდენტი მოხდა - ბრაზილიელი ბრუნო სენას ”ისპანიას” სარკე მოსტყდა, რომელსაც სებასტიან ბუემის ”ტორო როსომ” გადაუარა და გზაზე ნამსხვრევები დატოვა. ამის გამო, რბოლა მცირე ხნით შეწყდა. მცირე პაუზე მეორე სესიის დროსაც გახდა საჭირო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრაზილიელ ფელიპე მასას მანქანა დატრიალდა და შუა გზაზე გაჩერდა.

პირველი თავისუფალი პრაქტიკის შედეგები

1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:41.175

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:41.339

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი,მაკლარენი) 1:41.383

4. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:41.715

5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:42.182

6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:42.216

7. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:42.275

8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:42.312

9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:42.421

10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:42.463

11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:42.707

12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:42.962

13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:43.310

14. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:43.380

15. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:43.397

16. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:43.437

17. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:43.729

18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:44.183

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:44.491

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:45.653

21. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:47.123

22. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:47.285

23. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 1:47.343

24. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:47.356


მეორე თავისუფალი პრაქტიკის შედეგები

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:39.283

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:39.339

3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:39.427

4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:39.650

5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:41.339

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი,მაკლარენი) 1:39.749

6. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:39.880

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:39.947

8. დრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:40.020

9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი,მაკლარენი) 1:40.029

10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:40.174

11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:40.287

12. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:40.387

13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:40.618

14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:40.906

15. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:40.945

16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:41.115

17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:41.371

18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:41.457

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:42.467

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:42.993

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:43.811

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:43.854

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:44.095

24. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:44.566

Thursday, June 24, 2010

ვალენსიას ერთი წრე მარკ უებერთან ერთად

Red Bull Racing

24 ივნისი

მოახლოვდა ევროპის დიდი პრიზის დრო, რომელსაც კვლავაც ესპანეთის ქალაქ ვალენსიას გემთმისადგომის მახლობლად არსებული საქალაქო ტრასა უმასპინძლებს. და, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მასზე მეგზურობას ”რედ ბულ რეისინგის” ავსტრალიელი პილოტი, მარკ უებერი გაგვიწევს.

მარკ უებერი: ”ვალენსიაზე როცა ვფიქრობ, ყოველთვის კარგი ამინდი და აქაური სასიამოვნო გარემო მახსენდება, თავისი მაყურებლით. მოკლედ, რბოლა ყოველთვის შესანიშნავ ატმოსფეროში ტარდება. ტრასის სიგრძე 5.4 კილომეტრია, სულ 57 წრეს გავდივართ, რაც 308 კილომეტრს შეადგენს. აქ 5 ჩქაროსნული მონაკვეთი, 6 ნელი მოსახვევი და გასწრებისთვის ორი კარგი ადგილია. მაქსიმალური სიჩქარე კი 306 კმ/სთ-ს აღწევს.

პირველ მოსახვევს სრული გაზით გავდივართ, მერე კი, პირველი ესის წინ ინტენსიურად ვამუხრუჭებთ. დამთავრდება თუ არა შენელება, მანქანა სწორი კურსით უნდა მივმართოთ, რათა მესამე მოსახვევისთვის სწორ ტრაექტორიაზე ვიყოთ. შემდეგ კი, მოსახვევიდან გამოსასვლელში, აჩქარების დროც დგება. თან კედელიც ძალიან ახლოსაა...

ძალიან სწრაფად ვუახლოვდებით შემდეგ ესს, სადაც საჭიროა ბორფიურების გამოყენება. ეს ძალიან რთული მონაკვეთია და იქიდან დწორი ტრაექტორიით გამოსვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლოვდება ხიდი, რომლის წინაც ვიწრო მოსახვევია. ხიდზე შეიძლემა მანქანის ძირი გზასაც კი გაეხახუნოს. შემდეგ კიდევ ერთი ვიწრო მოსახვევია, რომელსაც უკანა სწორზე გავყავართ. ეს გრძელი სწორია და ამიტომ, მასზე ძალიან მაღალ სიჩქარეს ვავითარებთ.

სწორის ბოლოს ძალიან ვიწრო მარჯვენა მოსახვევია, რომელსაც იქვე მარცხენა მოსდევს, მის შემდეგ კი უფრო განიერი მარჯვენა მოსახვევი მოდის. აქედან გამოსვლისას, კედელთან ძალიან ახლოს გავდიართ. შემდეგ სწორზე ბევრი მცირე ტეხილია. ასე რომ, დიდი ყურადღებაა საჭირო და მზად უნდა ვიყოთ სიურპრიზისთვის, როგორიც შეიძლება ნელი, ან გაჩერებული მანქანა იყოს. სწორის ბოლოს ისევ ინტენსიურად ვამუხრუჭებთ და ვიწრო მარჯვენა მოსახვევში შევდივართ. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ტრაექტორიაზე ყოფნას. ამის შემდეგ ბოლო, ძალიან სწრაფი სექტორი იწყება.

აქ კი ძალიან ზუსტი პილოტირებაა საჭირო, რადგან ეს ტრასის ძალიან რთული მონაკვეთია, თუმცა, ბოლო მოსახვევის წინ, ოდნავ მოდუნების საშუალებაც გვექნება. ბოლო მოსახვევიც სკმაოდ რთულია და იქ ხშირია შეცდომები. ეს კი იმის გამო ხდება, რომ დამუხრუჭების პარალელურად, მოხვევაც გვიწევს. აქედან კი სტარტ/ფინიშის სწორზე გავდივართ. სულ ეს არის...

Wednesday, June 23, 2010

ფორმულა 1-თვის საბურავებს ”პირელი” დაამზადებს

Pirelli to become F1's new tyre supplier

23 ივნისი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მსოფლიო მოტორსპორტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მომავალი სეზონიდან, საბურავებით ფორმულა ერთის გუნდბის ერთადერთი მომწოდებელი იტალიური კომპანია ”პირელი” გახდება, რომელიც ამ საქმეში იაპონურ ”ბრიჯსტოუნს” ჩაანაცვლებს.

”ბრიჯსტოუნმა” ფორმულა 1-დან წასვლა შარშანდელი სეზონის შემდეგ გადაწყვიტა, რის მიზეზადაც კომპანიის სამარკეტინგო სტრატეგიის მიმართულების შეცვლა გამოცხადდა. კარგა ხანს, იაპონური კომპანიის შემცვლელი არ ჩანდა, თუმცა საბოლოოდ, ამ მისიის თავის თავზე აღება სამმა კომპანიამ - ”პირელიმ”, ფრანგულმა ”მიშლენმა” და ამერიკულმა ”კუპერ ევონმა” მოისურვეს.

FIA-სა და ”პირელის” შორის გაფორმებული კონტრაქტით, იტალიური კომპანია დიდი პრიზების მსოფლიო ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდებისთვის საბურავების ერთადერთი მიმწოდებელი იქნება. ამასთან, მას FIA-ს მიერ შემოღებული ტექნიკური და სპორტული რეგლამენტის მკაცრად დაცვა მოუწევს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ყველა გუნდს საბურავებზე თანაბარი არჩევანის საშუალება მიეცემა და ფავორიტიზმს ადგილი არ ექნება.

”პირელი” ფორმულა 1-ში დებიუტანტი არაა. იტალიური კომპანია მსოფლიოს პირველივე ჩემპიონატში მონაწილეობდა, თუმცა დიდი პრიზების არენა რამდენჯერმე მიატოვა, ბოლოს კი იქ 1991 წელს იასპარეზა. ”პირელის” საბურავებით, ფორმულა 1-ში 44 გამარჯვებაა მოპოვებული.

რაიკონენი ფორმულა 1-ში დაბრუნებას არ ჩქარობს

Raikkonen not ready to decide on F1 return

23 ივნისი

მოახლოვდა დრო, როდესაც ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონმა, ფინელმა კიმი რაიკონენმა უნდა გადაწყვიროს, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გააგრძელებს ასპარეზობას, თუ ფორმულა 1-ს დაუბრუნდება, სპორტს, რომელმაც მას სახელი გაუთქვა. მას ნათქვამი აქვს, რომ მიმდინარე სეზონის შუაში თავის მომავალზე გარკვეული პასუხი ექნება.

სანამ ის დუმს, კულუარებში მისი კარიერის გაგრძელების უამრავ ვარიანტს განიხილავენ, რომელთა შორისაც ყველაზე რეალურს უკვე გამოეცალა საფუძველი. ეს ვარიანტი გვეუბნებოდა, რომ მომავალ სეზონში აისმენს (რაიკონენის მეტსახელია) ”რედ ბულ რეისინგში” ვიხილავდით, იმ კომპანიის საჯინიბოში, რომელიც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მის ასპარეზობას აფინანსებს.

მაგრამ ახლახანს, ”რედ ბულმა” კონტრაქტი გაუგრძელა თავის ავსტრალიელ პილოტ მარკ უებერს, მეორე ადგილზე კი, გერმანელ სებასტიან ფეტელს მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს. მოკლედ, ”რედ ბულში” რაიკონენის გადასვლა გამორიცხულია. თუმცა ფინელი მაინც იხტიბარს არ იტეხს და დიდი პრიზების ცირკში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

და მართლაც, ახლახანს ფინურ ტელევიზიაში და პრესაში გაჩნდა ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს, რაიკონენის გადაბირებით, ”რენოა” დაინტერესებული, რომელიც აშკარად აღმავლობის გზაზეა და არაა გამორიცხული, მალე ისევ ტოპ გუნდებს შორის აღმოჩნდეს. ეს კი აისმენისთვის მისწრება იქნება - დაბრუნების წინაპირობას ის სწორედ იმას ასახელებს, რომ აუცილებლად საჩემპიონო გუნდის მანქანას უნდა მართავდეს.

თავად რაიკონენი კი ამ ხმებს არც ადასტურებს და არც უარყოფს. ”რა თქმა უნდა, მე რბოლებს ტელევიზორით ვუყურებ და ძალიან მენატრება ის დრო, როდესაც ერთ-ერთს ამ მანქანებიდან მე ვმართავდი. მაგრამ თუ დაბრუნებას გადავწყვეტ, ამას დამოუკიდებლად, დამშვიდებული, ყოველგვარი კარნახის გარეშე გავაკეთებ. რალის გუნდთან კონტრაქტი მხოლოდ ამ სეზონზე მაქვს, თუმცა არც აჩქარებას ვაპირებ”, - ამბობს რაიკონენი.

ვალენსიაში ”ფერარი” ”ჩასაბერ” დიფუზორს გამოიყენებს

Ferrari confirms new exhaust layout for 2010 car

23 ივნისი

ეგრეთ წოდებული ”ჩასაბერი” დიფუზორი ის მთავარი აეროდინამიკური სიახლეა, რომელიც ”რედ ბულ რეისინგის” პილოტებს დიდ უპირატესობას ანიჭებს და რომლის წყალობითაც, ავსტრიული კომპანიის გუნდი პრაქტიკულად ყველა ტიპის ტრასაზე მეტოქეებს ერთი თავით სჯობნის.

მაგრამ, მალე ანალოგიურ კონსტრუქციას მეტოქე გუნდებიც შეიმუშავებენ და მაშინ გამოჩნდება, ”რედ ბულის” პილოტები მარტო მის ხარჯზე აღწევენ სოლიდურ უპირატესობას, თუ ედრიან ნიუიმ მათთვის კიდევ რაღაც საოცრება შექმნა. პირველი გუნდი, რომელიც ”ჩასაბერ” დიფუზორს გამოიყენებს, ”ფერარია”.

”ჩასაბერი” დიფუზორი გამონაბოლქვი აირების ენერგიას იყენებს. მისი კარგი თვისება ისაა, რომ მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, აირის გამოტყორცნის ენერგია იზრდება და აეროდინამიკური ეფექტიც უმჯობესდება. დაბალ სიჩქარეზე კი გამონაბოლქვი აირის სიჩქარე მცირდება. შესაბამიად, მცირდება უკანა ბორბლებზე დინამიკური დატვირთვა. ეს კი განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც მოსახვევის გავლისას, მანქანას არასაკმარისი მოხვევადობისკენ აქვს მიდრეკილება. მოკლედ, ”ჯადოსნური” გამონაბოლქვი აირის წყალობით, მანქანა გაცილებით უკეთ დგას სწორი მონაკვეთების და მოსახვევების გავლისას.

სწორედ ამ ელემენტს გამოიყენებს ევროპის დიდ პრიზზე, რომელსაც ვალენსია უმასპინძლებს, ”ფერარი”. ამასთან, იტალიურმა საჯინიბომ ამ რბოლისთვის კიდევ რამდენიმე სიახლე მოამზადა, რომლებიც ”ჩასაბერი” დიფუზორის თანმდევი ელემენტებია. ყველა ამ სიახლის გასასინჯად, მარანელოელთა ესპანელმა ტესტ პილოტმა მარკ ჟენემ ერთდღიანი ტესტები ჩაატარა ვაირანოს ტრასაზე. ის რომ სიახლეებს ამოწმებდა, ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა სიმულატორზე ვარჯიშობდნენ და ასე ვირტუალურად გამოსცადეს ის ელემენტები, რომელთა წყალობითაც, ვალენსიაში გამარჯვების იმედად ჩავლენ.

”ფერარიში” იმედოვნებენ, რომ ვალენსიაში, რომლის ტრასის მახასიათებლები მონრეალისასთან ახლოსაა, მათი პილოტები ისევე კარგად იასპარეზებენ, როგორც კანადაში, სადაც ალონსო კვარცხლბეკზე ავიდა და გამარჯვებულ ლუის ჰამილტონს რამდენიმე წამით ჩამორჩა.

ფორმულა 1-ში 107 პროცენტის წესი ბრუნდება

107 per cent rule returns for 2011

23 ივნისი

ევროპის დიდი პრიზის წინ, ფორმულა ერთში რამდენიმე სიახლე შემოიღეს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეგრეთ წოდებული 107 პროცენტის წესია. ეს წესი დიდი პრიზების ცირკში ადრეც გამოიყენებოდა, თუმცა გუნდების რაოდენობის შემცირების კვალობაზე, ისიც გააუქმეს.

107-პროცენტიანი წესის მიხედვით, კვალიფიკაციის შედეგების მიხედვით, ის პილოტები, რომელთა შედეგებიც კვალიფიკაციის პირველი ნაწილის გამარჯვებულის დროის 107 პროცენტში ვერ ჩაეტევა, რბოლის სტარტზე არ დაიშვებიან. რეგლამენტში შესაბამისი ცვლილება საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მსოფლიო საბჭოზე დაამტკიცეს.

”2011 წლიდან, პილოტები, რომელთა საკვალიფიკაციო შედეგი, კვალიფიკაციის პირველი ნაწილის უსწრაფესი პილოტის დროის 107 პროცენტზე მეტი იქნება, რბოლაზე არ დაიშვებიან”, - ნათქვამია FIA-ს მსოფლიო საბჭოს დადგენილებაში.

თუმცა, იქვე მითითებულია, რომ გამონაკლის შემთხვევებში, სტიუარდებს პილოტის სტარტზე დაშვების უფლება მიეცემათ. ასეთი გამონაკლისი შემთხვევა იქნება, თუ პილოტს თავისუფალ ვარჯიშებზე კარგი შედეგები ექნება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, კვალიფიკაციისას თავის შესაძლებლობებს ვერ გამოავლენს. თუ ასეთი განსაკუთრებული შემთხვევით, სტიუარდები სტარტზე ერთზე მეტ პილოტს დაუშვებენ, მათი სასტარტო ადგილიც მათივე დასადგენი იქნება.

ცნობისათვის, ფორმულა 1-ში 107 პროცენტის წესი 1996 წელს შემოიღეს. ის საჭირო გახდა, რათა რბოლისას, მეტისმეტად ნელ მანქანებს სწრაფებისთვის ხელი არ შეეშალათ. მაგრამ 2002 წელს, ეს წესი გაუქმდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთწრიანი საკვალიფიკაციო რეგლამენტი შემოიღეს.

ნელი მანქანების პრობლემა ფორმულა 1-ში ამ სეზონში დაბრუნდა, რადგან სამი ახალი გუნდის პილოტები, კვალიფიკაციაზე ლიდერებთან მეტისმეტად ბევრს აგებენ. მართალია, რბოლისას სწრაფებისთვის ხელის შეშლის განსაკუთრებული შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ ტოპ გუნდები მუდმივად ამაზე წუწუნებენ. თანაც, მომავალი სეზონიდან ახლებს კიდევ ერთი დაემატება.

გარდა ამისა, დაუყოვნებლივ შედის ძალაში წესი, რომლიც კვალიფიკაციის დროს, ბოქსებისკენ მიმავალი პილოტების სიჩქარის მინიმუმს განსაზღვრავს. ამ წესსაც თავისი მიზეზი აქვს - ხშირია შემთხვევა, როდესაც სწრაფი წრიდან ბოქსებისკენ მიმავალი მანქანა სწრაფ წრეზე მყოფს ხელს უშლის. სიჩქარის მინიმუმი კი ბოქსებში დასაბრუნებელი დროით, წინასწარ განისაზღვრება.

Saturday, June 19, 2010

”მაკლარენი” სილვერსტოუნისთვის ემზადება

McLaren target Silverstone for next big push

19 ივნისი

მარტინ უიტმარში
..........................................

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი ეკვატორს უახლოვდება და თუ მის დასაწყისში, ყველაზე უკეთ ”რედ ბულ რეისინგი” გამოიყურებოდა, ახლა ლიდერობა ხელთ ”მაკლარენმა” იგდო და როგორც ჩანს, მონაპოვარს იოლად აღარავის დაუთმობს. ამისათვის კი გუნდი მუდმივად აუმჯობესებს თავის სარბოლ ავტომობილს, რომელსაც მორიგი სოლიდური მოდიფიკაცია ბრიტანეთის დიდი პრიზისთვის ელის.

პირველი რვა რბოლიდან, ”მაკლარენის” პილოტებმა, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა, ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმა და მისმა თანამემამულემ და მოქმედმა ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა ორ-ორი რბოლა მოიგეს. მათგან ბოლო ,გამარჯვება კანადაში დაფიქსირდა.

კანადაში ”მაკლარენმა” დუბლით გაიმარჯვა

........................................

”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში ამბობს, რომ მისი გუნდის წარმატებათა მთავარი მიზეზი, პილოტების გარდა, მანქანის სრულყოფის მაღალი ტემპია, რაშიც მის საჯინიბოს ვერავინ შეედრება.

”ჩვენი გუნდი არაერთხელ მონაწილეობდა საჩემპიონო პაექრობებში და ამ ბრძოლებში გამოიწრთო. ამ მხრივ, ”რედ ბულს” გაცილებით ცოტა გამოცდილება აქვს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მეტოქეებს ანგარიში არ უნდა გავუწიოთ. მათ აუცილებლად ექნებათ საპასუხო სვლები და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მანქანის სრულყოფაზე მუშაობას კვლავ ინტენსიურად ვაგრძელებთ. ასე რომ არ იყოს, რბოლებს ვეღარ მოვიგებთ და ჩემპიონობაც სხვას დარჩება”, - ამბობს უიტმარში, ვისი გუნდიც ფორმულა 1-ში, ”ფერარის” შემდეგ, მეორე ყველაზე წარმატებულია.

უიტმარშის თქმით, ”მაკლარენი” იმედოვნებს, რომ ყოველ მომდევნო რბოლაში, მათი მანქანების დრო წრეზე დაახლოებით მეოთხედი წამით გაუმჯობესდება: ”ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. მორიგ დიდ გაუმჯობესებას სილვერსტოუნისთვის ვამზადებთ და ვიმედოვნებთ, რომ სამუშაოებს ვადაში დავასრულებთ. და თუ მოლოდინს ვერ გავამართლებთ, ეს ძალიან გაგვაწბილებს”.

ჰამილტონს, ვისაც პილოტების კლასიფიკაციაში პირველი ადგილი უკავია და ვინც სამი ქულით უსწრებს ბატონს, ბრიტანული დიდი პრიზი ორი წლის წინ აქვს მოგებული. მისი თქმით, იმ ტრასებზე, სადაც მანქანას გზასთან საუკეთესო ჩაჭიდება მოეთხოვება, ”რედ ბული” ჯერაც საუკეთესოა, მაგრამ თვლის, რომ მისი გუნდის ჩამორჩენა მცირდება და ეს ბრძოლის საშუალებას იძლევა.

”ქარხანაში ბიჭები ფენომენალურად მუშაობენ. ასე რომ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩამორჩენას შევამცირებთ და წინ გავიჭრებით. თუმცა, რბოლების დროს, უკეთესი მუშაობის ხარჯზე, ახლაც ვახერხებთ წარმატების მიღწევას, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან გვეხმარება”, - ამბობს 25 წლის პილოტი.

სხვათა შორის, ევროპის დიდ პრიზზე, რომელსაც ესპანეთის ვალენსიაში არსებული ქალაქის ტრასა უმასპინძლებს, უპირატესობა კვლავ ”მაკლარენს” უნდა ჰქონდეს. ამას ადასტურებს ”რედ ბულ რეისინგის” შეფი ქრისტიან ჰორნერი, ვინც იმედოვნებს, რომ მისი გუნდი უკეთესად ბრიტანეთში, გერმანიასა და უნგრეთში იასპარეზებს.

ცნობისთვის, ”რედ ბულის” გერმანელმა სებასტიან ფეტელმა ბრიტანეთის რბოლა შარშან მოიგო, მაგრამ ახლახანს, კანადაში მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. თავი ვერც მისმა ავსტრალიელმა თანაგუნდელმა მარკ უებერმა გამოიჩინა, ვინც ფინიშთან მეხუთე მივიდა და ლიდერობაც ჰამილტონს გადააბარა, თვითონ კი მესამემდე ჩამოქვეითდა.

ასეა თუ ისე, უიტმარში დასძენს, რომ თუ მისი გუნდი, მანქანის განვითარების აღებულ ტემპს ვერ შეინარჩუნებს, მაშინ ”რედ ბულის” გარდა, სხვა გუნდებიც ჩამოიტოვებენ. მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს არ მოხდება...

მომავალ სეზონში კერს-ის გამოყენება დაიშვება

KERS a bigger boost in 2011

19 ივნისი

კანადის დიდი პრიზის დღეებში, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ტექნიკური განყოფილებების ხელმძღვანელებმა თათბირი ჩაატარეს, რომელზეც გადაწყდა, რომ მომავალი სეზონისთვის, კერს-ის (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) გამოყენებაზე მორატორიუმი მოიხსნას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი სეზონიდან, გუნდების უმეტესობა ამ სისტემას თავის მანქანებზე დააყენებს.

კერს-ი დამუხრუჭების დროს გამოყოფილ ენერგიას აგროვებს და შემდგომ მას პერიოდულად იყენებს, რაც მცირე ხნით, ავტომობილის ძრავის სიმძლავრეს ზრდის. გასულ სეზონში, კერს-ის ენერგოტევადობა მაქსიმუმ 400 კილოჯოულით იყო შეზღუდული. მაგრამ მომავალი სეზონიდან, ”ფერარიმ” და ”რენომ” მისი გაორმაგება მოითხოვეს.

მაგრამ ამის წინააღმდეგ წავიდა ”მერსედესი” და მისი ძრავების კლიენტი გუნდები, რომლებიც იმიტაც კი დაიმუქრნენ, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებენ, თუ რეგლამენტის გადახედვის საშიშროება წარმოიქმნებოდა. გარდა ამისა, მოთხოვნილ იქნა, რომ ავტომობილების მინიმალური წონა, 620-დან 645 კილოგრამამდე გაიზარდოს.

სწორედ კერს-ის სიმძიმე იყო ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც გასულ სეზონში ამ სისტემის არაპოპულარობა განაპირობა. საქმე ისაა, რომ შარშან მანქანების მინიმალური წონა 605 კილოგრამი იყო. კერს-ის და მის მიერ გამომუშავებული ენერგიის შესანახად განკუთვნილი აკუმულატორების სიმძიმის გამო კი, გუნდებს ძალიან უჭირდათ ამ წონასთან მიახლოება. ამის გამო, ისინი ვერ ახერხებდნენ ბალასტის გამოყენებას, რაც მათ სხვადასხვა ტრასებზე ავტომობილის წონის სხვადასხვაგვარად განაწილებაში და დაბალანსებაში ეხმარება.

ახლა კი, მინიმალური წონა გაზრდილია და კერსის გარდა, გუნდებს ბალასტის ეფექტურად გამოყენების საშუალებაც მიეცემათ. ”ფერარის” შეფმა სტეფანო დომენიკალიმ სწორედ ამ შეთანხმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, როგორც ყველაზე საჭიროს. მანვე აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, კერს-ის ტევადობაც გაზრდილიყო.

”ფერარიმ”, ”უილიამსმა” და ”რენომ” უკვე დაადასტურეს, რომ მომავალ სეზონში კერს-ს გამოიყენებენ. სხვები კი, მათ შორის ”მერსედესი”, არ ჩქარობენ, თუმცა ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ ისინი ამ საკითხში არავის ჩამორჩებიან. სხვა თუ არაფერი, შარშან კერს-ს ყველაზე ეფექტურად და თანაც, სეზონის ბოლომდე, ”მაკლარენი” იყენებდა.

”მერსედესის” შეფი როს ბრაუნი ამბობს, რომ კერს-ის გამოყენება უფრო მეტი ეფექტის მომტანი გახდება, თუ რეგლამენტი ისეთი უკანა ფრთის გამოყენებას დაუშვებს, რომელსაც დახრის კუთხის რეგულირების მექანიზმი ექნება. ის თვლის, რომ ამ მექანიზმის გამოყენებით, ზოგიერთი ტრასის სწორი მონაკვეთის ბოლოს, მანქანების მაქსიმალური სიჩქარე 15 კმ/სთ-ით გაიზრდება. ის ამბობს, რომ ცვალებადი ფრთა კერს-ის გამოყენებისას ავტომობილის მდგრადობის გასაუმჯობესებლად მისწრება იქნება. ორივე ერთად კი, წრის გავლის საშუალო სიჩქარეს გაზრდის.

ინგლისური ჟურნალი ”ავტოსპორტი” ვარაუდობს, რომ კერს-ის დაბრუნებას რამდენიმე შეზღუდვა აუცილებლად მოჰყვება. მაგალითად ის, რომლის შესაბამისადაც, სისტემის შემუშავება 5 მილიონ დოლარზე ძვირი არ უნდა დაჯდეს, იმ გუნდებს კი, რომლებსაც მსგავსი სისტემის შემუშავების რესურსი არ გააჩნიათ, მისი შეძენა მაქსიმუმ 1 მილიონ დოლარად უნდა შეეძლოთ. ბრაუნი ამბობს, რომ ასეთი შეზღუდვები მნიშვნელოვანია, რადგან კერს-ის გამოყენებაზე მორატორიუმი დიდწილად სწორედ იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ სუსტ გუნდებს მის შესამუშავებლად არც სახსრები გააჩნდათ და არც ფინანსები.