ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, April 18, 2010

შუმახერს აკრიტიკებენ და შასის შეუცვლიან

Mercedes to replace Schu's chassis for Barcelona

18 აპრილი

უკვე მეოთხე რბოლა ჩატარდა მას შემდეგ, რაც მიხაელ შუმახერი ფორმულა 1-ს დაუბრუნდა, მაგრამ ვერაფრით ახერხებს თავის გამოჩენას. უფრო მეტიც, ერთთავად თავისი ახალგაზრდა თანაგუნდელისა და თანამემამულის ჩრდილში იმყოფება, რომელმაც ჩინური დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე ჯერ 0.7 წამით აჯობა, შემდეგ კი რბოლა კვარცხლბეკზე დაასრულა. შუმახერი კი მეათე ადგილს დასჯერდა.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონისთვის ერთ-ერთმა პირველმა კრიტიკი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ავსტრიელმა ნიკი ლაუდამ გაიმეტა, ვინც ფ1-ის რბოლებს, გერმანულ ტელეარხ RTL-ზე უკეთებს კომენტარს. მისი თქმით, შუმი აშკარად ვერაა მისთვის ჩვეულ დონეზე.

”აშკარაა, რომ მიხაელი ფორმაში არაა. არადა, მისი გამოცდილების პატრონს, სწორედ ასეთ პირობებში უნდა გამოეჩინა თავი. მან თავდაუზოგავად უნდა იმუშაოს საკუთარ თავსა და მონაწილეობა მიიღოს მანქანის სრულყოფაში, რათა სიჩქარის რეზერვი იპოვნოს. ვიტყოდი, რომ ჯერჯერობით, მიხაელი საშუალო დონეზე ასპარეზობს”, - ამბობს ლაუდა, ვისაც ეთანხმება ფ1-ის ყოფილი პილოტი, გერმანელი ქრისტიან დანერი, რომელიც ასევე RTL-ზე მუშაობს.

”შუმახერი აშკარად როსბერგზე ნელი იყო. ადრე ის თანაგუნდელებთან არასდროს აგებდა, ახლა კი, თუ ასე გაგრძელდა, სულ სხვა სიტუაციაში აღმოჩნდება და ამასთან შეგუება მოუწევს”, - ამბობს დანერი.

გერმანულ მედიაში უკვე გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, შუმახერის ასეთი გამოსვლის მიზეზი ზედმეტი წონაა. ”მერსედესის” მონაცემებით, შუმი როსბერგზე 7 კილოგრამით მძიმეა. არადა, როსბერგი მასზე რამდენიმე სანტიმეტრით უფრო მაღალია.

ფ1-ის მანქანებს მინიმალური წონა შეზღუდული აქვთ და თუ მანქანა დასაშვებზე მსუბუქია, ნორმაში მის მოსაყვანად ინჟინრები ბალასტს იყენებენ, რომელსაც ყველაზე ხელსაყრელ ადგილას ათავსებენ. მართალია, 7 კილოგრამი ბევრი სხვაობა არაა, მაგრამ ზოგი სპეციალისტი ამბობს, რომ ეს შეიძლება შუმის საშუალო შედეგების მიზეზი იყოს. თუმცა, ამ ვერსიის მომხრეებს ალბათ ავიწყდებათ ის ფაქტი, რომ შუმის მასზე მსუბუქი თანაგუნდელები ადრეც ჰყოლია, მაგრამ მაშინ ამ ფაქტორს ყურადღებას არავინ აქცევდა.

მაგრამ თავად შუმახერის მაწრთობი ბალბირ სინგჰი აცხადებს, რომ პილოტი საუკეთესო სპორტულ ფორმაშია. უფრო მეტიც, ის გერმანელ პილოტს წონის დაკლების რეკომენდაციას არც აძლევს.

წონის ფაქტორს გამორიცხავს ”ფორს ინდიას” გერმანელი პილოტი ადრიან სუტილი, ვინც თანამედროვე პილოტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. ის თვლის, რომ მიხაელს თავიდან აქვს ფ1-ის მანქანის პილოტირება სასწავლი. ”სხვა თუ არაფერი, ახლა სულ სხვა თვისებების საბურავებს ვიყენებთ, რასაც რატომღაც, არავინ ითვალისწინებს. მათ კი შეგუება სჭირდება. ამისათვის კი მეტი გამოცდილებაა საჭირო”, - ამბობს სუტილი.

ისე, ამის პასუხად შეიძლება ითქვას, რომ შუმახერს საბურავებთან შესაჩვევად სეზონის დაწყებამდე ბევრი დრო ჰქონდა და მან ტესტების დროს რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა მოასწრო. მისი დონის პილოტს კი ”ახალ” საბურავებთან შეგუება არ უნდა გასჭირვებოდა.

შუმახერის პრობლემების საინტერესო შესაძლო მიზეზს გვთავაზობს ”მერსედესის” შეფი ნორბერტ ჰაუგი, ვისაც მიაჩნია, რომ შუმახერის შასი შესაცვლელია. ”ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ბარსელონას რბოლისთვის, მას ახალ შასის დავუმზადებთ”, - ამბობს ჰაუგი, ვინც ამით მიანიშნებს, რომ შესაძლოა, შუმის შასის შექმნისას, რაღაც შეცდომა იქნა დაშვებული, რომელიც გამოსწორებას არ ექვემდებარება.

No comments:

Post a Comment