ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, September 12, 2010

ალონსომ მონცაზე საცნებო გამარჯვება მოიპოვა

ლიდერობა კი ისევ უებერის ხელში გადავიდა

Alonso celebrates dream Ferrari win at Monza

12 სექტემბერი

ალონსო გამარჯვებას ზეიმობს
..............................
იტალიის დიდი პრიზის შემდეგ, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლთა რაოდენობა ისევ ხუთამდე გაიზარდა, რადგან ლიდერმა ლუის ჰამილტონმა ასპარეზობა პირველივე წრეზე დაასრულა, მისმა უახლოესმა მდევარმა მარკ უებერმა კი ბევრი ქულა დაკარგა, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც გადაასწრო ჰამილტონს და ლიდერობაც გადაიბარა.

ალონსო ფინიშის ხაზზე

..............................

გამარჯვება კი, 120 000 მაყურებლის გასახარად, ”ფერარის” ესპანელმა ფერნანდო ალონსომ მოიპოვა, რომელმაც, მართალია, სტარტი ჩააგდო და პოულ პოზიცია ვერ გამოიყენა, თუმცა შესანიშნავი და ოდნავ დაგვიანებული პიტ სტოპის წყალობით, ფინიშის ხაზი მაინც პირველმა გადაკვეთა და ჩემპიონატში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

სხვათა შორის, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ალონსო მეორე ჩემპიონია, ვინც ”ფერარიში” გადასვლიდან პირველივე სეზონში, მონცაზე გამარჯვება შეძლო. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონამდე, ეს მიხაელ შუმახერმა 1996 წელს შეძლო, ვინც იტალიურ საჯინიბოში ასევე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის რანგში გადავიდა. დაკიდევ, აქამდე ”ფერარის” მანქანით მონცაზე გამარჯვება ბოლოს იმავე შუმახერს, 2006 წელს ჰქონდა მოპოვებული და ახლა ტიფოზები ალონსომაც გაახარა.

რბოლის გადამწყვეტი მომენტი - ალონსო ბოქსიდან ბატონზე (უკანა მანქანა) წინ გამოდის

..............................

არადა, მან სტარტი ჩააგდო. უფრო სწორედ, ჯენსონ ბატონმა საუკეთესო რეაქცია გამოავლინა და მიუხედავად იმისა, რომ წამის მეათასედით შეყოვნებულმა ალონსომ თავისი მანქანა მის მხარეს მიმართა და გზის ჩაკეტვა სცადა, ოზმა პილოტმა მაინც თავისი გაიტანა და დაწინაურდა. ალონსოს კი თავისი ბრაზილილი თანაგუნდელის, ფელიპე მასას შეკავებაც ძლივს მოახერხა. იქვე ორივეს ჰამილტონი წამოეწია და მოსახვევ ლესმოში წინ წაწევა სცადა, მაგრამ ორ ”ფერარის” შორის მოექცა და განზრახვაზე ხელის აღება მოუხდა. უფრო მეტიც, მისი ”მაკლარენი” ბრაზილიელის მანქანას წინა მარჯვენა ბორბლით შეეჯახა, რამაც საკიდარი დაუზიანა. მან მოსახვევიდან გამოსვლა კი შეძლო, მაგრამ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და გზის პირას დაასრულა ასპარეზობა.

უებერი და სებასტიან ფეტელი კი თავიდანვე ჩამორჩნენ. მათ წინ ადგილები ნიკო როსბერგმა, რობერტ კუბიცამ და ნიკო ჰულკენბერგმა დაიკავეს. ავსტრალიელის წინ კი მიხაელ შუმახერი ჩადგა. მართალია, ორი გერმანელი მან მალევე ჩამოიტოვა, მაგრამ უფრო წინ წაწევა ვეღარ მოახერხა.

ბატონმა სტარტზევე იგდო ხელთ ლიდერობა, ალონსოს კი ლამის მასამაც (ორი ფერარიდან აქეთა) გაასწრო

..............................

ბატონმა კი შესანიშნავად იასპარეზა და პიტ სტოპამდე ლიდერობა საკმაოდ ადვილად შეინარჩუნა. მართალია, ალონსომ რამდენჯერმე სცადა ლიდერზე იერიშის მიტანა, თუმცა ბრიტანელმა მისი ყველა მცდელობა იოლად ალაგმა. მაგრამ როცა რეზინის შეცვლის დრო დადგა, შეიძლება ითქვას, რომ ”მაკლარენმა” თავის პილოტს უმტყუნა - ბატონს ალონაოზე ადრე უხმეს ბოქსში და როგორც მალევე გაირკვა, ამით მისი ოდენ ერთწამიანი უპირატესობა რისკის ქვეშ დააყენეს - ალონსომ ერთი წრის მერე მიაკითხა ბოქსებს, მანამდე კი უსწრაფესი წრე გაიარა და როგორც ჩანს, ამ ერთი წრის წყალობით ის უპირატესობა მიიღო, რაც დაწინაურებისთვის საკმარისი იყო.

ბატონმა ისღა შესძლო, რომ ”ფერარის” პილოტებს დუბლის შესრულებაში ხელი შეუშალა. რაც შეეხება უებერს, მან დიდი ბრძოლის შემდეგ, ჰულკენბერგის ჩამოტოვება შეძლო და რბოლა მეექვსე ადგილზე დაასრულა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჰამილტონისთვის 5 ქულით გაესწრო. ალონსომ მესამეზე გადაინაცვლა და ის ლიდერს 21 ქულით ჩამორჩება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დარჩენილი 5 ეტაპი, ”რედ ბულის” მანქანების პარამეტრებისთვის შესაფერის ტრასებზე ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უებერმა სატიტულო ბრძოლაში დიდი უპირატესობა მიიღო.

შესანიშნავი ტაქტიკა გამოიყენა ფეტელმა, ვინც ერთადერთი პიტ სტოპი რბოლის ბოლოსწინა წრეზე შეასრულა და ფინიშის ხაზი მეოთხემ გადაკვეთა. არადა, შუა რბოლისას, მას ძრავთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, რის გამოც, საკმაოდ იოლად გაატარა უებერი. ფეტელმა რადიოთი თავის ინჟინრებს აცნობა, რომ აჩქარების მომენტში, მის ძრავს ჩავარდნები ჰქონდა. ბოქსებში ეფექტურად იზრუნეს ძრავის ნორმალური მუშაობის აღსადგენად, რითაც გერმანელს რბოლა დაასრულებინა. გვიანმა პიტსტოპმა კი მას უებერის გასწრების საშუალებაც მისცა. ამგვარად, მას უებერისთვის გზის დათმობაც არ დასჭირდა. არადა, თანაგუნდელს 24 ქულით ჩამორჩება.

”ეს გამარჯვება მოტივაციის შესანიშნავი წყაროა ჩვენი გუნდისთვის. ახლა მთავარია, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და სტაბილურები ვიყოთ. დარჩენილ ხუთ რბოლაში, ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა ექნება”, - განაცხადა ალონსომ, ვინც ბელგიის ეტაპი ავარიის გამო ვერ დაასრულა, თუმცა მონცას წინ ამბობდა, რომ ეს რბოლა მისთვის გადამწყვეტი იყო საჩემპიონო მარათონში.

რა თქმა უნდა, ტრასა გაწბილებულმა დატოვა ჰამილტონმა. ”ჩემპიონატი დღეს არ დამთავრებულა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი შეცდომებით, ტიტულის მოპოვება შეუძლებელი იქნება. ყველაფერი ჩემი შეცდომის გამო მოხდა, ყველაფერში დამნაშავე მე ვარ”, - განაცხადა ჰამილტონმა.

იტალიის დიდი პრიზი

მონცა. წრის სიგრძე 5.793 კმ, 53 წრე, დისტანცია 306.720 კმ

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:16:24.572

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:02.938

3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:04.223

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:28.196

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:29.942

6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:31.276

7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 00:32.812

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 00:34.028

9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:44.948

10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 01:04.213

11. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 01:05.056

12. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 01:06.106

13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 01:18.919

14. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1 წრე

15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე

16. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე

17. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2 წრე

18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 2 წრე

19. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 2 წრე

20. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 3 წრე

გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 7 წრე

გ. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 42 წრე

გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 53 წრე

გ. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 53 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო - 1:24.139, 52-ე წრე

პილოტთა კლასიფიკაცია

1. მარკ უებერი - 187 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 182; 3. ფერნანდო ალონსო - 166; 4. ჯენსონ ბატონი - 165; 5. სებასტიან ფეტელი - 163; 6. ფელიპე მასა - 124; 7. ნიკო როსბერგი - 112; 8. რობერტ კუბიცა - 108; 9. მიხაელ შუმახერი - 46; 10. ადრიან სუტილი - 45; 11. რუბენს ბარიკელო - 31; 12. კამუი კობაიაში - 21; 13. ვიტალი პეტროვი - 19; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 16; 15. ვიტანტონიო ლიუცი - 13; 16. სებასტიან ბუემი - 7; 17. პედრო დე ლა როსა - 6; 18. ხაიმე ალგერსუარი - 3;

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 350 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 347; 3. ფერარი - 290; 4. მერსედესი - 158; 5. რენო - 127; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 58; 7. უილიამს-კოსუორტი - 47; 8. ზაუბერ-ფერარი - 27; 9. ტორო როსო-ფერარი - 10

No comments:

Post a Comment