ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, October 22, 2009

უებერი ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებს

Mark Webber

22 ოქტომბერი

”რედ ბულის” ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი დარწმუნებულია, რომ მერმის გაცილებით კონკურენტუნარიანი იქნება და ჩემპიონობისთვის ბრძოლას შესძლებს.

ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს მას წლევანდელი სეზონი აძლევს, რომელიც მისთვის ყველაზე წარმატებულია. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დაწყებამდე, ველოსიპედით ვარჯიშისას დაეცა და სერიოზული ტრავმები მიიღო, მან მაინც შეძლო ჩემპიონატისთვის მომზადება და ორი რბოლაც (გერმანიასა და ბრაზილიაში) მოიგო. არადა, გერმანიაში გამარჯვების შემდეგ გაირკვა, რომ უებერს ტრავმირებული ფეხის ტკივილები ჯერაც ძლიერ აწუხებდა.

გერმანიაში ტრიუმფის შემდეგ, უებერი ჩემპიონის ტიტულის მაძიებელთა ოთხკაციან სიაში შევიდა და მართალია, მალე ჩემპიონობის შანსებს გამოემშვიდობა, მაგრამ დღეს მეოთხე ადგილზეა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

”იმედი მაქვს, მომავალ სეზონში ჩვენი გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ტიტულამდე ერთი საფეხურით წინ წაწევაღა გვჭირდება. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი. ოღონდ, იმ პირობით, რომ ჩვენ პროგრესს გავაგრძელებთ. სინგაპურამდე მე და სებასტიანს ორიოდე ქულა გვაშორებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს წინაღობა, რომელიც მერმის ტიტულისთვის ბრძოლაში ხელს შემიშლის.

რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ტიტულისთვის ბრძოლას ადრე გამოვეთიშე, მაგრამ ეს მთავარი არაა. თუ მთლიანად სეზონს გადავხედავთ, საწუწუნო არაფერი მაქვს. ეს ჩემი ბრალი არ არის. მელბურნში ქულა ვერ ავიღე, ვალენსიასა და სპაში პიტლეინზე საჯარიმო შესვლა მომიხდა. წვრილმანებისგან დიდი პრობლემები იქმნება, რის გამოც ჩემპიონატს აგებ.

მაგრამ მეორე მხრივ, ეს გაკვეთილია, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა: რბოლებში წვრილმანები არ არსებობს. ყველაფერი მხედველობაშია მისაღები. ყოველ ქულას, ყოველი რბოლის თითოეულ წრეს დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ მათზე ბოლომდე არ დაიხარჯები, ბოლოს ჩემპიონატს წააგებ. მე 21 წლის აღარ ვარ, მაგრამ ორმოცამდეც ბევრი მიკლია. ასე რომ, მომდევნო სეზონში გაცილებით მეტის მიღწევას ვაპირებ”, - ამბობს უებერი.

Wednesday, October 21, 2009

მონაკოს რბოლამ წინ გადმოიწია

Monaco Grand Prix

21 ოქტომბერი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მოტორ სპორტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მომავალი სეზონის კალენდარში ორი ცვლილება შევიდა - მონაკოს დიდი პრიზის თარიღმა ერთი კვირით წინ გადმოიწია.

ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მონაკოსა და თურქეთის დიდ პრიზებს შორის ერთკვირიანი შუალედი რჩებოდა, რაც გუნდებს ლოგისტიკაში სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. სწორედ გუნდების თხოვნის შედეგია ის, რომ რბოლის თარიღმა ერთი კვირით წინ გადმოიწია. ამ შემთხვევაშიც, მონაკოსა და ესპანეთის დიდ პრიზებს შორის ინტერვალი ერთკვირიანია. თუმცა ლოგისტიკური პრობლემა იმის გამო არ იქმნება, რომ მონაკო ბარსელონასთან საკმაოდ ახლოსაა.

აბუ დაბის და ბრაზილიის ეტაპებმა კი, მათი პრომოუტერების შეთანხმების შემდეგ, ადგილები გაცვალეს. ამასთან, ჯერაც ღიად დარჩა კანადის და ბრიტანეთის დიდი პრიზების საკითხები. ამგვარად, ბრაზილიის დიდი პრიზი კვლავაც სეზონის ბოლო რბოლა იქნება.

მოსალოდნელია, რომ ბრიტანული რბოლა მერმის სილვერსტოუნის ნაცვლად დონინგტონ პარკზე ჩატარდება. მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ამ ტრასის პატრონებმა ფორმულა 1-ის კომერციულ გამგებელ ბერნი ეკლსტოუნს ერთ კვირაში ფინანსური გარანტიები წარუდგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რბოლას ისევ სილვერსტოუნი უმასპინძლებს.

დაბოლოს, კანადური დიდი პრიზი. ეს რბოლა კალენდარში 13 ივნისისთვისაა შეტანილი, თუმცა ეკლსტოუნსა და რბოლის ორგანიზატორებს შორის საკონტრაქტო მოლაპარაკებები ჯერაც გრძელდება.

FIA-ს განცხადებით, მომავალი სეზონის კალენდრის საბოლოო ვერსია დეკემბერში გამოქვეყნდება.

ფ1-ის მომავალი სეზონის კალენდრის საშუალედო ვარიანტი

14 მარტი ბაჰრეინის დიდი პრიზი

28 მარტი ავსტრალიის დიდი პრიზი

04 აპრილი მალაიზიის დიდი პრიზი

18 აპრილი ჩინეთის დიდი პრიზი

09 მაისი ესპანეთის დიდი პრიზი

16 მაისი მონაკოს დიდი პრიზი

30 მაისი თურქეთის დიდი პრიზი

13 ივნისი კანადის დიდი პრიზი

27 ივნისი ევროპის დიდი პრიზი

11 ივლისი ბრიტანეთის დიდი პრიზი

25 ივლისი გერმანიის დიდი პრიზი

01 აგვისტო უნგრეთის დიდი პრიზი

29 აგვისტო ბელგიის დიდი პრიზი

12 სექტემბერი იტალიის დიდი პრიზი

26სექტემბერი სინგაპურის დიდი პრიზი

03 ოქტომბერი იაპონიის დიდი პრიზი

17 ოქტომბერი კორეის დიდი პრიზი

31 ოქტომბერი აბუ დაბის დიდი პრიზი

14 ნოემბერი ბრაზილიის დიდი პრიზი

Tuesday, October 20, 2009

სენამ შეიძლება ”რენოს” ბოლიდი გამოსცადოს

Bruno Senna

20 ოქტომბერი

ბრიტანულ ჟურნალ ”ავტოსპორტის” ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ბრაზილიელ ბრუნო სენას ”რენოს” ბოლიდის ტესტირების საშუალება მიეცემა.

ფრანგულ გუნდს მეორე პილოტის აყვანა სურს და ამისათვის შესაფერის კანდიდატურებს არჩევს. სენას გარდა, ”რენოს” თვალთახედვის არეში ასევე იმყოფება კიდევ ერთი ბრაზილიელი, გუნდის სარეზერვო პილოტი ლუკას დი გრასი.

შეგახსენებთ, რომ ”რენომ” ”ფერარიში” გადასული ფერნანდო ალონსოს ადგილზე, პოლონელი რობერტ კუბიცა გადაიყვანა, მეორე პილოტად კი არასტაბილური და შეცდომებისადმი მიდრეკილი ფრანგი რომენ გროჟანის დატოვება არ სურს.

სენა კი, ”რენოს” გარდა, კიდევ რამდენიმე გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ამ გუნდებს შორის, ორი ახალია - ”კამპოსი” და ”მეინორი”, რომელიც ალბათ ჩემპიონატში თავისი ტიტულოვანი სპონსორის, ”ვირჯინის” სახელით იასპარეზებს.

”ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ გაცილებით უკეთეს განწყობაზე ვართ, ვიდრე შარშან, ამ დროს ვიყავით. მოლაპარაკებას რამდენიმე გუნდთან ვაწარმოებთ. საქმეს კარგი პირი უჩანს. ის ფაქტი, რომ ჩემპიონატს ახალი გუნდები ეყოლება, ახალ მრბოლებს კარგ შანსს გვაძლევს. ახლებიდან ჩვენ მხოლოდ US F1-თან არ გვაქვს მოლაპარაკება. გარდა ამისა, მოქმედ გუნდებსაც ვეკონტაქტებით. ამ მომენტში შემიძლია ვთქვა, რომ უკეთესი შანსები ახალ გუნდებთან გვაქვს და ამჟამად სწორედ მათთან ურთიერთობაზე ვართ ფოკუსირებულნი”, - ამბობს სენა, ვინც იმედოვნებს, რომ საბოლოო გადაწყეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს.

Monday, October 19, 2009

ბარიკელომ ბატონს თვითმფრინავი ათხოვა

Barrichello lends Button his plane

19 ოქტომბერი

მეტოქე-თანაგუნდელები მეგობრებად დარჩნენ

.............................................................................................

საჩემპიონო ტიტულის ”დასასველებლად”, ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა სან პაულუში ერთი დღით მეტი გაატარა, რაშიც მას თანაგუნდელი რუბენს ბარიკელო დაეხმარა.

საქმე ისაა, რომ თვითმფრიბავის გაუმართაობის გამო, ავიაკომპანია ”ბრიტიშ ეარუეიზის” კვირა საღამოს რეისი, რომლითაც ახალი ჩემპიონი შინ უნდა გაფრენილიყო, გადაიდო. გარკვეული დროის შემდეგ, რეისი მაინც უნდა შესრულებულიყო, მაგრამ ბარიკელომ თანაგუნდელს დარჩენა და გამარჯვების აღნიშვნა შესთავაზა. ამასთან, ბრიტანელს საკუთარი თვითმფრინავიც ათხოვა, რომლითაც ბატონი, თავის მეგობრებთან და ოჯახთან ერთად, მოგვიანებით შინ გაემგზავრა.

რა თქმა უნდა, ჩემპიონი უფრო მეტი ხნითაც დარჩებოდა ბრაზილიაში, მაგრამ მას სასპონსორო ვალდებულება აქვს შესასრულებელი - ”ბრაუნის” სპონსორ ”ვირჯინ მედიას” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც დღეს კენტის საგრაფოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაიმართება, ის საზოგადოებას უნდა შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიურ რბოლამდე, ბატონი ბარიკელოს 14 ქულას უგებდა. ბრაზილიელს გამარჯვება სჭირდებოდა იმისათვის, რომ ჩემპიონობის შანსი შეენარჩუნებინა. მაგრამ რბოლაში ხელი მოეცარა და ფინიშის ხაზი მერვემ გადაკვეთა. არადა, რბოლა პოულიდან დაიწყო.

ნარბოლევს კი თანაგუნდელთან მეტოქეობა დაივიწყა და ბატონს მეგობრულადაც დაეხმარა...

”უილიამსი” ”კოსუორტის” ძრავებს გამოიყენებს

Williams to use Cosworth engines

19 ოქტომბერი

პატრიკ ჰედს და ფრენკ უილიამსს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ

........................................................................................................................................

ბრიტანულ ჟურნალ ”ავტოსპორტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ სეზონში ”უილიამსი” ”კოსუორტის” ძრავებით ისაპერეზებს. გუნდმა გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ძრავების დამოუკიდებელ მიმწოდებელთან ითანამშრომლებს.

ჯერ კიდევ ბრაზილიაში ჩასვლამდე, პადოკში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ფრენკ უილიამსი თავის არჩევანს ”რენოს” ძრავებზე შეაჩერებდა. მაგრამ სან პაულუში, ფრანგულმა გუნდმა გამოაცხადა, რომ ”უილიამსისგან” მიიღო შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ”რენოს” ძრავები აღარ აინტერესებთ.

”უილიამსი” ძრავების მიმწოდებლის ვინაობის გამოცხადებას სეზონის ბოლომდე არ აპირებს. თუმცა საყოველთაო აზრით, ერთადერთი კომპანია, რომელსაც ინგლისური გუნდის ძრავებით უზრუნველყოფა შეუძლია, ”კოსუორტია”. მითუმეტეს, ფრენკ უილიამსის პარტნიორი და გუნდის ტექნიკური დირექტორი პატრიკ ჰედი ”კოსუორტის” მონდომებას დიდად აფასებს.

”ისინი ძალიან მონდომებულად მუშაობენ. რა თქმა უნდა, მათტან თანამშრომლობასაც განვიხილავთ, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილბა არ მიგვიღია. ამ საკითხს სეზონის ბოლო რბოლის დასრულებამდე ღიად ვტოვებთ. თუმცა, ჩვენმა ინჟინრებმა უკვე იციან ახალი ძრავის პარამეტრები”, - ამბობს ჰედი.

მიმომხილველთა აზრით, ”კოსუორტს” ერთი სერიოზული უპირატესობა ექნება - ინგლისურ კომპანიას თავისი ძრავების დახვეწის უფლება ახალი სეზონის დაწყებამდე აქვთ. ძრავების რეგლამენტის გაყინვის გამო, სხვა კომპანიებს თავიანთი ძრავების ხელუხლებლად დატოვება უწევთ.

ამავე და სხვა მიზეზების გამო, მოსალოდნელია, რომ ”კოსუორტზე” არჩევანს ”რედ ბულიც” შეაჩერებს. არადა, კარგა ხანს დადიოდა ხმები, რომ ავსტრიული გუნდი ”მერსედეს-ბენცის” ძრავებზე აპირებს გადასვლას.

პატრიკ ჰედი კი დასძენს: ”როს ბრაუნმა და მისმა გუნდმა დაგვანახეს, რომ შესაძლებელია, სხვა ძრავზე საშობაოდ გადახვიდე, მაგრამ მაინც კონკურენტუნარიანი მანქანა შექმნა. თუმცა არ მგონია, ჩვენს ინჟინრებს ეს იდეა მოეწონოთ. პრაქტიკას არაერთხელ უჩვენებია, რომ უმჯობესია, როდესაც მანქანას კონკრეტული ძრავის პარამეტრების შესაბამისად შექმნი”.

კონსტრუქტორთა ჩემპიონები

Formula 1

19 ოქტომბერი

ფორმულა 1-ის ისტორიაში ”ბრაუნი” პირველი გუნდია, რომელმაც კონსტრუქტორთა პირველობა სადებიუტო სეზონშივე მოიგო. მართალია, ის ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა და სოლიდური გუნდის, ”ჰონდას” შთამომავალია, მაგრამ ფაქტია - გამოჩნდა თუ არა არენაზე, მაშინვე მწვერვალს მიაღწია.

ბრიტანული გუნდი ბოლო 55 წელიწადში პირველია, რომლის პილოტებმაც პირველივე რბოლა გამარჯვების დუბლით დააგვირგვინეს. ისე კი, ამ სეზონში ”ბრაუნის” ანგარიშზე უკვე ოთხი დუბლია. ცნობისათვის, 1977 წელს, სადებიუტო რბოლა (არგენტინის დიდი პრიზი), ოღონდ დუბლის გარეშე, ”ვოლფმა” (ჯოდი შექტერი) მოიგო. იმ სეზონში შექტერმა სულ სამი გამარჯვება მოიპოვა, კიდევ ექვსჯერ კვარცხლბეკზე ავიდა და ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა (ჩემპიონი ნიკი ლაუდა გახდა).

ჯერ კიდევ შარშან, ”ბრაუნი” ”ჰონდა” იყო. იაპონურმა კომპანიამ ახალი სარბოლი ავტომობილის შექმნაზე დიდძალი ფული დახარჯა და როცა წავიდა, გაინგლისურებულ გუნდს, რომელიც მისმა ტექნიკურმა დირექტორმა როს ბრაუნმა მუქთად ჩაიბარა, სოლიდური ბიუჯეტიც დაუტოვა.

შეგახსენებთ, რომ როს ბრაუნს, როგორც ”ბენეტონის” და ”ფერარის” ტექნიკურ დირექტორს, მსოფლიო ჩემპიონი ტიტულის მოპოვებაში მონაწილეობა შვიდჯერ (ყველა მიხაელ შუმახერთან ერთად) აქვს მოპოვებული. 2006 წელს მან ”ფერარიდან” შვებულება აიღო, ერთი წლის შემდეგ კი ”ჰონდას” ტექნიკური დირექტორი გახდა.

ამ სეზონის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრეც კი უცნობი იყო, რა ბედი ელოდა გუნდს, რომელსაც გასულ სეზონში ”ჰონდა” ერქვა. ”ბრაუნის” დაბადების შესახებ, როს ბრაუნმა მარტში, ჩემპიონატის დაწყებამდე სამი კვირით ადრე გამოაცხადა.

1958 – ვენუოლი (ბრიტანეთი)

1959 - კუპერი (ბრიტანეთი)

1960 - კუპერი (ბრიტანეთი)

1961 - ფერარი (იტალია)

1962 – BRM (ბრიტანეთი)

1963 - ლოტუსი (ბრიტანეთი)

1964 - ფერარი (იტალია)

1965 - ლოტუსი (ბრიტანეთი)

1966 - ბრებჰემი (ავსტრალია)

1967 - ბრებჰემი (ავსტრალია)

1968 - ლოტუსი (ბრიტანეთი)

1969 - მატრა (საფრანგეთი)

1970 - ლოტუსი (ბრიტანეთი)

1971 - ტირელი (ბრიტანეთი)

1972 - ლოტუსი (ბრიტანეთი)

1973 - ლოტუსი (ბრიტანეთი)

1974 - მაკლარენი (ბრიტანეთი)

1975 - ფერარი (იტალია)

1976 - ფერარი (იტალია)

1977 - ფერარი (იტალია)

1978 - ლოტუსი (ბრიტანეთი)

1979 - ფერარი (იტალია)

1980 - უილიამსი (ბრიტანეთი)

1981 - უილიამსი (ბრიტანეთი)

1982 - ფერარი (იტალია)

1983 - ფერარი (იტალია)

1984 - მაკლარენი (ბრიტანეთი)

1985 - მაკლარენი (ბრიტანეთი)

1986 - უილიამსი (ბრიტანეთი)

1987 - უილიამსი (ბრიტანეთი)

1988 - მაკლარენი (ბრიტანეთი)

1989 - მაკლარენი (ბრიტანეთი)

1990 - მაკლარენი (ბრიტანეთი)

1991 - მაკლარენი (ბრიტანეთი)

1992 - უილიამსი (ბრიტანეთი)

1993 - უილიამსი (ბრიტანეთი)

1994 - უილიამსი (ბრიტანეთი)

1995 - ბენეტონი (ბრიტანეთი)

1996 - უილიამსი (ბრიტანეთი)

1997 - უილიამსი (ბრიტანეთი)

1998 - მაკლარენი (ბრიტანეთი)

1999 - ფერარი (იტალია)

2000 - ფერარი (იტალია)

2001 - ფერარი (იტალია)

2002 - ფერარი (იტალია)

2003 - ფერარი (იტალია)

2004 - ფერარი (იტალია)

2005 - რენო (საფრანგეთი)

2006 - რენო (საფრანგეთი)

2007 - ფერარი (იტალია)

2008 - ფერარი (იტალია)

2009 - ბრაუნი (ბრიტანეთი)

ფორმულა 1-ის ყველა ჩემპიონი

Formula 1

19 ოქტომბერი

ის, რომ მიმდინარე ჩემპიონატის შემდეგ, ფორმულა ერთს ახალი ჩემპიონი მოევლინებოდა, შუა სეზონშივე აშკარა გახდა, მაგრამ მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ახალი ჩემპიონის ვინაობა ამდენ ხანს გაურკვეველი იქნებოდა - ჯენსონ ბატონმა პირველი შვიდიდან ექვსი ეტაპი მოიგო და თანაც, ისე ჩანდა, რომ მასთან მიახლოებაც კი არავის შეეძლო.

მაგრამ შემდეგ ბრიტანელს ნერვიულობა დაეტყო, რაც მისი გუნდის წარუმატებლობებმაც გააძლიერა - იმის გამო, რომ სეზონის მსვლელობისას, სარბოლი ტექნიკის ტესტირება აკრძალულია, ”ბრაუნის” ინჟინრებმა გაუმჯობესების ნაცვლად, მანქანა გააუარესეს და ეს რომ ასე იყო, აშკარა აგვისტოშიღა გახდა.

ბატონზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განსაკუთრებით მაშინ გაძლიერდა, როდესაც მისმა თანაგუნდელმა რუბენს ბარიკელომაც დაიწყო მოგება და მალე მის მთავარ კონკურენტად იქცა. ბრაზილიაში, კვალიფიკაციის შემდეგ, ჩემპიონატის ლიდერი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ რბოლის დასაწყისშივე ფორტუნა პირით შემოუბრუნდა. თავადაც შესანიშნავად იასპარეზა (მისივე თქმით, ეს მის კარიერაში საუკეთესო რბოლა იყო) და დამსახურებულად გახდა მსოფლიოს 31-ე ჩემპიონი.

რა სახელოვან კამპანიაში დაიმკვიდრა სამუდამოდ ადგილი, ამას ქვემოთ მოყვანილ ცხრილზე თვალის ერთი შევლებითაც დაინახავთ:

1950 - ჯუზეპე (ნინო) ფარინა (იტალია) ალფა რომეო

1951 - ხუან მანუელ ფანხიო (არგენტინა) ალფა რომეო

1952 - ალბერტო ასკარი (იტალია) ფერარი

1953 - ალბერტო ასკარი (იტალია) ფერარი

1954 - ხუან მანუელ ფანხიო (არგენტინა) მერსედესი-მაზერატი

1955 - ხუან მანუელ ფანხიო (არგენტინა) მერსედესი

1956 - ხუან მანუელ ფანხიო (არგენტინა) ლანჩა/ფერარი

1957 - ხუან მანუელ ფანხიო (არგენტინა) მაზერატი

1958 - მაიკ ჰოთორნი (ბრიტანეთი) ფერარი

1959 - ჯეკ ბრებჰემი (ავსტრალია) ბრებჰემი, კუპერი

1960 - ჯეკ ბრებჰემი (ავსტრალია) კუპერი

1961 - ფილ ჰილი (აშშ) ფერარი

1962 - გრემ ჰილი (ბრიტანეთი) BRM (ბრიტიშ რეისინგ მოტორს)

1963 - ჯიმ კლარკი (ბრიტანეთი) ლოტუსი

1964 - ჯონ სარტიზი (ბრიტანეთი) ფერარი

1965 - ჯიმ კლარკი (ბრიტანეთი) ლოტუსი

1966 - ჯეკ ბრებჰემი (ავსტრალია) ბრებჰემი

1967 - დენი ჰალმი (ახალი ზელანდია) ბრებჰემი

1968 - გრემ ჰილი (ბრიტანეთი) ლოტუსი

1969 - ჯეკი სტიუარტი (ბრიტანეთი) მატრა

1970 - იოხენ რინდტი (ავსტრია) ლოტუსი (სიკვდილის შემდეგ)

1971 - ჯეკი სტიუარტი (ბრიტანეთი) ტირელი

1972 - ემერსონ ფიტიპალდი (ბრაზილია) ლოტუსი

1973 - ჯეკი სტიუარტი (ბრიტანეთი) ტირელი

1974 - ემერსონ ფიტიპალდი (ბრაზილია) მაკლარენი

1975 - ნიკი ლაუდა (ავსტრია) ფერარი

1976 - ჯეიმს ჰანტი (ბრიტანეთი) მაკლარენი

1977 - ნიკი ლაუდა (ავსტრია) ფერარი

1978 - მარიო ანდრეტი (აშშ) ლოტუსი

1979 - ჯოდი შექტერი (სამხრეთ აფრიკა) ფერარი

1980 - ალან ჯონსი (ავსტრალია) უილიამსი

1981 - ნელსონ პიკე (ბრაზილია) ბრებჰემი

1982 - კეიო (კეკე) როსბერგი (ფინეთი) უილიამსი

1983 - ნელსონ პიკე (ბრაზილია) ბრებჰემი

1984 - ნიკი ლაუდა (ავსტრია) მაკლარენი

1985 - ალენ პროსტი (საფრანგეთი) მაკლარენი

1986 - ალენ პროსტი (საფრანგეთი) მაკლარენი

1987 - ნელსონ პიკე (ბრაზილია) უილიამსი

1988 - აირტონ სენა (ბრაზილია) მაკლარენი

1989 - ალენ პროსტი (საფრანგეთი) მაკლარენი

1990 - აირტონ სენა (ბრაზილია) მაკლარენი

1991 - აირტონ სენა (ბრაზილია) მაკლარენი

1992 - ნაიჯელ მენსელი (ბრიტანეთი) უილიამსი

1993 - ალენ პროსტი (საფრანგეთი) უილიამსი

1994 - მიხაელ შუმახერი (გერმანია) ბენეტონი

1995 - მიხაელ შუმახერი (გერმანია) ბენეტონი

1996 - დეიმონ ჰილი (ბრიტანეთი) უილიამსი

1997 - ჟაკ ვილნევი (კანადა) უილიამსი

1998 - მიკა ჰაკინენი (ფინეთი) მაკლარენი

1999 - მიკა ჰაკინენი (ფინეთი) მაკლარენი

2000 - მიხაელ შუმახერი (გერმანია) ფერარი

2001 - მიხაელ შუმახერი (გერმანია) ფერარი

2002 - მიხაელ შუმახერი (გერმანია) ფერარი

2003 - მიხაელ შუმახერი (გერმანია) ფერარი

2004 - მიხაელ შუმახერი (გერმანია) ფერარი

2005 - ფერნანდო ალონსო (ესპანეთი) რენო

2006 - ფერნანდო ალონსო (ესპანეთი) რენო

2007 - კიმი რაიკონენი (ფინეთი) ფერარი

2008 - ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი) მაკლარენი

2009 - ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი) ბრაუნი

მრავალგზის ჩემპიონები:

7 - მიხაელ შუმახერი

5 - ხუან მანუელ ფანხიო

4 - ალენ პროსტი

3 - ჯეკ ბრებჰემი, ჯეკი სტიუარტი, ნიკი ლაუდა, ნელსონ პიკე, აირტონ სენა

2 - ალბერტო ასკარი, გრემ ჰილი, ჯიმ კლარკი, ემერსონ ფიტიპალდი, მიკა ჰაკინენი, ფერნანდო ალონსო

ბატონი ფორმულა 1-ის 31-ე ჩემპიონია

Brasilian GP

18 ოქტომბერი

ჩემპიონი ზეიმობს
..................................................
აბუ დაბიმდე ლოდინი აღარ მოგვიწევს - ფორმულა ერთს ახალი, 31-3 ჩემპიონი შეეძინა ბრიტანელი ჯენსონ ბატონის სახით. კონსტრუქტორთა პირველობა კი მსოფლიო ჩემპიონატის ახალბედას - ”ბრაუნის” ტრიუმფით დასრულდა.

ვი არ დი ჩემპიონს, მაი ფრენდს!

...................................................................

მართალია, ბატონს არც რბოლა მოუგია და ის არც კვარცხლბეკზე ასულა, მაგრამ ინიშთან მეხუთე მივიდა, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ტიტული სან პაულუშივე გაენაღდებინა. ეს კი იმიტომ, რომ პოულის მფლობელი მისი თანაგუნდელი რუბენს ბარიკელო მხოლოდ მერვე ადგილს დასჯერდა.

”რედ ბულის” სებასტიან ფეტელმა კი, მართალია რბოლა ბრიტანელზე ადრე დაასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო იმისათვის, რომ ბატონის კორონაცია ორი კვირით გადადებულიყო.

ბატონს ფინიშია ალამი ფელიპე მასამ აუფრიალა

..................................................................................................

ბატონს, ვინც სტარტი მე-14 პოზიციიდან აიღო, თავიდანვე გაუმართლა - სტარტიდან ცოტა ხანში, რბოლას მის წინ მყოფი სამი პილოტი - ადრიან სუტილი, იარნო ტრული და ფერნანდო ალონსო გამოეთიშა. ჯერ სუტილმა და ტრულიმ გზა ვერ გაიყვეს და ერთმანეთი დაამტვრიეს, შემდეგ კი ტრულის უკონტროლო ”ტოიოტამ” ალონსოს ”რენოც” მოცელა. გზა ნამსხვრევებით აივსო და ტრასაზე პეისკარი გამოვიდა.

ბატონმა ერთბაშად სამი საფეხურით წინ წაიწია და რაც მთავარია, ძალიან სწრაფი იყო - რამდენიმე მეტოქე უცებ ჩამოიტოვა და ქულების ზონას მიუახლოვდა. ამ დროს, ბარიკელო ისევ ლიდერი იყო - მან სტარტზე კარგად დაიცვა თავისი სალიდერო პოზიცია, მაგრამ მარკ უებერის და რობერტ კუბიცას შორს ჩამოტოვება ვერ მოახერხა, რაც პირველივე პიტსტოპის შემდეგ ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა.

უბერი გამარჯვებას ზეიმობს

..............................................................

ბარიკელოს რბოლის ბოლოსაც არ გაუმართლა - მის მანქანას ვიბრაციები დაეწყო, რის გამოც, ბრაზილიელ პილოტს ბოქსში ზედმეტად შესვლამ მოუწია. თუმცა, ასეც რომ არ მომხდარიყო, ბატონი მაინც ჩემპიონი გახდებოდა, რადგან ბარიკელო უებერის და კუბიცას დამწევი იყო, კვარცხლბეკის მესამე საფეხურის დაკავება კი მისთვის დიდი ვერაფერი ბედენა იქნებოდა...

”ოჰ, რა რბოლა იყო. მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ, მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ. ძალიან საინტერესო სეზონი გვქონდა. ეს მართლა სასწაულია. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ფორმულა ერთში მსოფლიო ჩემპიონი გავხდებოდი”, - ნარბოლევს განაცხადა ბატონმა, ვინც საპატიო წრეზე მყოფმა, რადიოთი ”ვი არ დი ჩემპიონს, მაი ფრენდს” დაამღერა.

ახალ ჩემპიონს ერთ-ერთმა პირველმა მამამისმა, შემდეგ კი ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა გამგებელმა ბერნი ეკლსტოუნმა მიულოცა.

ბრაზილიური რბოლის შემდეგ, ბატობს, ვინც სეზონის დასაწყისში, პირველი შვიდი ეტაპიდან ექვსი მოიგო, 89 ქულა დაუგროვდა ფეტელის 74-სა და ბარიკელოს 72-ის წინააღმდეგ. ”ბრაუნი” კი, რომელსაც კონსტრუქტორთა თასის გასანაღდებლად ერთადერთი ქულაც ჰყოფნიდა, ფორმულა ერთის პირველი გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონის ტიტულს სადებიუტო სეზონშივე დაეუფლა.

ბრაზილიის დიდი პრიზი

სან პაულუ, ინტერლაგოსი. დისტანცია 305.909 კმ (4.309 კმ - 71 წრე)

პილოტი, ქვეყანა, გუნდი დრო/ჩამორჩენა

1. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:32:23.081

2. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) + 7.626

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) + 18.944

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) + 19.652

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) + 29.005

6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) + 33.340

7. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) + 35.991

8. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) + 45.454

9. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) + 48.499

10. კამუი კობაიაში (იაპონია, ტოიოტა) + 1:03.324

11. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) + 1:10.665

12. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) + 1:11.388

13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) + 1 წრე

14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) + 1 წრე

უსწრაფესი წრე: მარკ უებერი - 1:13.733 (25-ე წრე, 210.386 კმ/სთ)

გამოეთიშნენ

პილოტი, ქვეყანა, გუნდი მიზეზი/წრე

კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) - 31

ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) ტრანსმისია 28

ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) - 22

ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) ავარია 01

იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) ავარია 01

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) ავარია 01

პილოტთა კლასიფიკაცია

1. ჯენსონ ბატონი - 89.0 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 74.0; 3. რუბენს ბარიკელო - 72.0; 4. მარკ უებერი - 61.5; 5. ლუის ჰამილტონი - 49.0; 6. კიმი რაიკონენი - 48.0; 7. ნიკო როსბერგი - 34.5; 8. იარნო ტრული - 30.5; 9. ფერნანდო ალონსო - 26.0; 10. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) - 24.0; 11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) - 22.0; 12. ჰეიკი კოვალაინენი - 22.0; 13. რობერტ კუბიცა - 17.0; 14. ნიკ ჰაიდფელდი - 15.0; 15. ჯანკარლო ფიზიკელა - 8.0; 16. ადრიან სუტილი - 5.0; 17. სებასტიან ბუემი - 5.0; 18. სებასტიან ბურდე (საფრანგეთი, ტორო როსო) - 2.0; 19. კაზუკი ნაკაძიმა - 0.0; 20. ნელსონ პიკე (ბრაზილია, რენო) - 0.0; 21. კამუი კობაიაში - 0.0; 22. ვიტანტონიო ლიუცი - 0.0; 23. რომენ გროჟანი - 0.0; 24. ხაიმე ალგერსუარი - 0.0; 25. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) - 0.0

კონსტრუქტორთა პირველობა

1. ბრაუნ-მერსედესი - 161.0 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 135.5; 3. მაკლარენ-მერსედესი - 71.0; 4. ფერარი - 70.0; 5. ტოიოტა - 54.5; 6. უილიამს-ტოიოტა - 34.5; 7. ბეემვე ზაუბერი - 32.0; 8. რენო - 26.0; 9. ფორს ინდია-მერსედესი - 13.0; 10. ტორო როსო-ფერარი - 7.0

Sunday, October 18, 2009

ბრაზილიის დიდი პრიზი

Brasilian GP

18 ოქტომბერი

სან პაულუ, ინტერლაგოსი. დისტანცია 305.909 კმ (4.309 კმ - 71 წრე)

სან პაულუს ინტერლაგოსის ტრასა 1940 წელს, კერძო ინვესტორმა ააშენა, ათი წლის შემდეგ კი ის ქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავიდა. 1972 წელს ამ ტრასამ პირველად უმასპინძლა ფორმულა 1-ის კლასის მანქანების რბოლას, თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპი არ ყოფილა. სამაგიეროდ, 1990 წლიდან მოყოლებული, ეს ავტოდრომი მუდმივად შედის მსოფლიო ჩემპიონატების კალენდარში.

ტრასას ინტერლაგოსად მოიხსენიებენ და ის იმავდროულად, 1977 წელს დაღუპული ბრაზილიელი მრბოლის, კარლუშ პაჩეს სახელსაც ატარებს, რომლის ბრინჯაოს ქანდაკებაც, ტრასის შესასვლელთან მდებარეობს.

ტრასა მომთხოვნია ძრავებისა და მუხრუჭებისადმი, რადგან მასზე არის როგორც სწრაფი მონაკვეთები, ასევე ნელი მოსახვევებიც. მასზე მანქანის იდეალურად მომზადება კომპრომისებს მოითხოვს. ტრასის პირველი და მესამე სექტორები ქაროსნულია, მეორე კი - ნელი.

ინტერლაგოსი ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს, რის გამოც, ძრავის სიმძლავრის სრულად გამოყენება ვერ ხერხდება. პრობლემებს ქმნის ის გარემოებაც, რომ სარბოლი უქმეების დროს, სან პაულუში საკმაოდ ხშირად წვიმს.

მართალია, 1972 წლის რბოლა არ შედიოდა მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში, მაგრამ მასში ფორმულა 1-ის ბევრმა ვარსკვლავმა მიიღო. ბრაზილიელი ემერსონ ფიტიპალდი კარგა ხანს ლიდერობდა, მაგრამ მისი ”ლოტუსის” საკიდარი მწყობრიდან გამოვიდა და ფინიში პირველმა არგენტინელმა კარლოს როიტემანმა (ბრებჰემი) გადაკვეთა.

მომდევნო წელს რბოლა ჩემპიონატის კალენდარში შეიტანეს და ის ფიტიპალდიმ მოიგო. სხვათა შორის, ბრაზილიელ პილოტებს ინტერლაგოსზე მხოლოდ ექვსჯერ აქვთ მოგებული.

1978 წელს ბრაზილიური დიდი პრიზი რიო დ ჟანეიროს ჟაკარეპაგუაზე გადაბარგდა, სადაც პირველი რბოლა ისევ როიტემანმა მოიგო. მომდევნო სეზონში რიო ისევ სან პაულუმ შეცვალა, თუმცა მალე რბოლამ ისევ ჟაკარეპაგიაზე გადაინაცვლა, სადაც 1989 წლამდე ტარდებოდა. მერე კი ბრაზილიური ეტაპი ისევ ინტერლაგოსს დაუბრუნდა, რომელიც დიდი პრიზების ცირკს თითქმის ორჯერ დამოკლებული (4.3 კმ) დაუხვდა.

1988 წელს ბრაზილიის დიდ პრიზზე აირტონ სენამ პირველად იასპარეზა ”მაკლარენის” მანქანით. მართალია, მან პოული მოიპოვა, მაგრამ მოსათელ წრეზე გადაცემათა კოლოფი გაეჭედა, რის გამოც, სასწრაფოდ სათადარიგო მანქანაზე გადაჯდა და სტარტი პიტლეინიდან აიღო. ოცი წრე დასჭირდა იმისათვის, რომ მეორე ადგილამდე გაეკაფა გზა, მაგრამ სწორედ ამ დროს, მსაჯებმა რბოლიდან მოხსნეს, რადგან სათადარიგო მანქანის გამოყენების წესი დაარღვია. რბოლა სენას ფრანგ თანაგუნდელ ალენ პროსტის გამარჯვებით დასრულდა, ვისაც ბრაზილიური რბოლა ყველაზე ხშირად - ექვსჯერ აქვს მოგებული.

1993 წელს რბოლა ძლიერი წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა და ის სენამ მოიგო, რომელმაც აშკარად უფრო სწრაფი ”უილიამს-რენოთი” მოასპარეზე ბრიტანელი დეიმონ ჰილი ჩამოიტოვა. ამინდი საქმეში ათი წლის შემდეგაც ჩაერია. ის რბოლა, მარკ უებერისა და ფერნანდო ალონსოს ავარიების გამო, ნაადრევად შეწყდა და იტალიელი ჯანკარლო ფიზიკელას (ჯორდანი) გამარჯვებით დასრულდა.

2006 წლის ბრაზილიის დიდი პრიზის შემდეგ, ფორმულა 1-ს მიხაე შუმახერი დაემშვიდობა.

შარშან კი ინტერლაგოსზე, რბოლის ბოლო წამებზე, მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა ორჯერ გაირკვა. ფინიშის ხაზი პირველმა ბრაზილიელმა ფელიპე მასამ გადაკვეთა და იმ მომენტში ის ჩემპიონი იყო, მაგრამ არ გასულა წუთი და ტიტული მას ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმა ჩამოართვა, ვინც ბოლო მოსახვევში გერმანელ ტიმო გლოკს გაასწრო.

ვის რამდენი უსხია

Brasilian GP

18 ოქტომბერი


პილოტი, ქვეყანა, ფუნდი წონა

1. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 650.5

2. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 656.0

3. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 656.5

4. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 658.5

5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 651.5

6. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 659.0

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 657.0

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 656.0

9. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 664.0

10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 652.0

11. კამუი კობაიაში (იაპონია, ტოიოტა) 671.5

12. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 671.5

13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 677.2

14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 672.0

15. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 680.0

16. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 683.5

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 656.5

18. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 661.0

19. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 650.5

20. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 683.5

Saturday, October 17, 2009

ყველაფრით კმაყოფილი ბარიკელო

Rubens Barrichello

17 ოქტომბერი

ამ სეზონში პირველი პოული, მესამე ბრაზილიელი ქომაგების თვალწინ და რაც მთავარია, იმის რეალური შანსი, რომ თავის თანაგუნდელთან და ჩემპიონატის ლიდერ ჯენსონ ბატონთან ჩამორჩენას მინიმუმამდე (ამ შემთხვევაში, 4 ქულამდე) შეუმცირებს - ყველაფერი ეს რუბენს ბარიკელოს მონაპოვარია, რასაც მან კვალიფიკაციის ბოლო სწრაფი წრით მიაღწია.

რა თქმა უნდა, ამით ბრაზილიელი მაყურებელიც გაახარა, რომელსაც ძლიერი წვიმის მიუხედავად, ტრიბუნიდან ფეხიც არ მოუცვლია და თავადაც ძალიან კმაყოფილი დარჩა.

”ჩემთვის ეს განსაკუთრებული მომენტია. ყოველთვის კარგია, როდესაც კვალიფიკაციაზე საასპარეზოდ გადიხარ და გრძნობ, რომ მანქანა კარგადაა მომზადებული. როდესაც მანქანა სწორადაა დაბალანსებული, მაშინ ამინდს მნიშვნელობა აღარ აქვს - მისგან შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოწურვას ახერხებ.

დღეს ტაქტიკის არჩევა იყო ძნელი. ჩვენ არ ვიცოდით, წუთების შემდეგ რა მოხდებოდა - უკეთესი იქნებოდა ბოქსში შესვლა და ახალი საბურავის დაყენება, თუ ძველით გაგრძელება. საბოლოო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ. შესაძლოა, მეტოქეებზე ნაკლები საწვავი მესხა და ამიტომ მოვიგე. მაგრამ მთავარია, რომ სტარტს პოულიდან ავიღებ.

ძალიან გამახარა იმანაც, რომ ძლიერი წვიმის მიუხედავად, მაყურებელი ტრიბუნაზე ბოლომდე დარჩა. მეგონა, რომ ტრიბუნები დაცარიელდებოდა, მაგრამ ხალხი დარჩა და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა”, - განაცხადა ბარიკელომ, ვისაც კვალიფიკაციაზე გამარჯვება მაყურებელმა რუბინიუ, რუბინიუს შეძახილებით მიულოცა.

ბატონი კრახს საბურავებს აბრალებს

Jenson Button

17 ოქტომბერი

ბევრი ელოდა, რომ ჯენსონ ბატონი ჩემპიონის ტიტულს ბოლოსწინა ეტაპზე, ბრაზილიაშივე გაინაღდებდა, მაგრამ კვალიფიკაციამ ეს მოლოდინი თითქმის გააქრო. ჩემპიონატის ლიდერი სტარტს მე-14 ადგილიდან აიღებს. თუ რბოლა წვიმის აკომპანიმენტით დაიწყო, ეს ადგილი სასტარტო რიგში ყველაზე სახიფათო იქნება - ყველაზე ხშირად მანქანები სწორედ უკანა რიგებში იმტვრევა ხოლმე. თანაც, ჯენსონის მახლობლად შეცდომებით ”სახელმოხვეჭილი” ფრანგი რომენ გროჟანი აიღებს სტარტს.

მაინც, რა მოხდა - მისი თანაგუნდელი პოულზეა, ბატონი კი მაჩანჩალებს შორის აღმოჩნდა? ბრიტანელი ყოველივეს საბურავების შერჩევისას დაშვებული შეცდომით ხსნის. კვალიფიკაციის მეორე ეტაპის მიწურულს, როცა ტრასამ შრობა დაიწყო, ბრიტანელმა საშუალო საწვიმარ საბურავებზე გადასვლა არ ისურვა, რის გამოც მალე ინანა...

”როცა ტრასაზე იმდენი წყალი აღარ იყო, როგორც პირველ ეტაპზე, ,ამქამა არასაკმარისი მოხვევადობისკენ (ამ დროს, წინა ბორბლები ”მიაქვს” და მანქანას მოსახვევში ”ჩატევა” უჭირს) მიდრეკილი გახდა. ვერაფერი შევცვალე, მერე კი უკანა საბურავები სწრაფად გაცვდა და მანქანა უცებ გაუარესდა. დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც საშუალო წვიმის რეზინი არ დავაყენე”, - BBC-თან საუბრისას განაცხადა ბატონმა.

ფეტელი მაინც ოპტიმისტია

Sebastian Vettel

17 ოქტომბერი

ბრაზილიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე განცდილი კრახის მიუხედავად, ”რედ ბულის” გერმანელი სებასტიან ფეტელი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ გამარჯვების იმედი მაინც არ დაუკარგავს.

”რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, სტარტი პირველი რიგიდან ამეღო. მაგრამ მთავარი ეს არაა. ცხოვრებაა ასეთი. ის ისეთად უნდა მივიღოთ, როგორიც არის. ისე კი, ფორმულა 1-ს არაერთი რბოლა ახსოვს, რომელიც სტარტზე უკან მდგარ მრბოლს მოუგია.

ამოცანა საგრძნობლად გამირთულდა, მაგრამ მოგებას მაინც ვაპირებ. ეს შესაძლებელია. ვნახოთ, ხვალ რა ამინდი იქნება. მშრალ ტრასაზე ჩვენ კონკურენტუნარიანები ვართ, სველზეც არ უნდა ვიყოთ ნელი. დღეს სისწრაფე არაფერ შუაში იყო. უბრალოდ, ტრასა რომ შეშრა, სწრაფი წრის გავლა ვეღარ შევძელი. მოკლედ, სტარტს უკანა რიგრბიდან ავიღებ, მაგრამ ყველაფერს ვიღონებ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიო”, - ამბობს ფეტელი.

ბატონს საქმე გაურთულდა

Brasilian GP (Qualifying)

17 ოქტომბერი

ბარიკელო ზეიმობს

.....................................................

ჯერ ამაზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ თუ ბრაზილიის დიდი პრიზის ძირითადი რბოლაც ისე დასრულდა (დაახლოებით მაინც), როგორც კვალიფიკაცია, მაშინ ჯენსონ ბატონს მართლაც სერიოზული პრობლემები გაუჩნდება და აღარც ის გაგიკვირდეთ, თუ აბუ დაბის ეტაპის შემდეგ, ჩემპიონის გვირგვინს რუბენს ბარიკელო დაიდგამს.

ბარიკელომ დღეს პოული მოიპოვა, ტიტულზე მისი მთავარი კონკურენტები - თანაგუნდელი ბატონი და ”რედ ბულის” სებასტიან ფეტელი კი შესაბამისად, მე-14 და მე-16 ადგილებს დასჯერდნენ. ყველაფერი კი ძლიერი წვიმის ბრალია, რომლის გამოც, ერთი საათის ნაცვლად, საკვალიფიკაციო სესია ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ბარიკელო რბოლისას

.....................................................

ბარიკელოსთვის დღევანდელი პოული პირველია ამ სეზონში. უფრო მეტიც, 2004 წლის ბრაზილიის დიდი პრიზის შემდეგ, მას საკვალიფიკაციო რბოლა არ მოეგო. ამ ლოკალური გამარჯვებით კი მას ტიტულის მოპოვების რეალური შანსი გაუჩნდა. ბრაზილიაში ჩასვლამდე, ბატონი ბარიკელოს 14 ქულას, ფეტელს კი 16 ქულას უგებდა. თუ რუბინიუ მოიგებს, ბატონი კი ქულასაც ვერ აიღებს, მაშინ მათ შორის სხვაობა 4 ქულამდე შემცირდება და ბრიტანელი პილოტი უზარმაზარი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდება...

სხვათა შორის, ბრაზილიელი მაყურებლის წინაშე, შარშან მათმა თანამემამულე ფელიპე მასამ სწორედ სან პაულოში, გაუშვა ხელიდან ტიტული. ახლა კი პირიქით ხდება - კიდევ ერთი ბრაზილიელი - ბარიკელო, ტიტულის რეალური პრეტენდენტი ხდება. თუმცა, ამაზე ლაპარაკი ჯერ მაინც ძალიან ადრეა...

კვალიფიკაცია მეორე შედეგით დაასრულა ფეტელის ავსტრალიელმა თანაგუნდელმა მარკ უებერმა, მესამეზე კი ”ფორს ინდიას” გერმანელი ადრიან სუტილი გავიდა. თუ სუტილმა და მისმა გუნდმა კარგ შედეგებს შეგვაჩვიეს, მოწინავე ექვსეულში ”ტორო როსოს” შვეიცარელი სებასტიან ბუემის გამოჩენა ნამდვილი მოულოდნელობა იყო. მას ცოტა დააკლდა და კიმი რაიკონენსაც უკან მოიტოვებდა. ამან თუ მეხუთე ადგილი დაიკავა, მისი თანაგუნდელი ჯანკარლო ფიზიკელა ბოლოზე ჩაიკარგა. არც ”მაკლარენის” პილოტებს - ჰეიკი კოვალაინენსა და ლუის ჰამილტონს გაუმართლათ, რომლებმაც შესაბამისად, მე-17 და მე-18 შედეგები აჩვენეს.

”ძალიან გამიხარდა, მაგრამ ცას არ ვწევივარ, რადგან ჯერაც არაფერი მომიგია. პოულისთვის ხომ ქულებს არ იძლევიან. სულ არ მაინტერესებს სხვების შედეგები. მე ჩემს საქმეზე ვარ კონცენტრირებული. რბოლაშიც იმდენად სწრაფი ვიქნები, როგორც შემიძლია. თუ რბოლას მოვიგებ, მხოლოდ მაშინ დავინტერესდები ჯენსონის და სებასტიანის შედეგებით”, - ამბობს 37 წლის ბარიკელო, ვისაც ბრაზილიაში სტარტი პოულიდან ორჯერ აქვს აღებული, მაგრამ საშინაო რბოლა ჯერ არ მოუგია. სიჩქარის მიუხედავად, რუბინიუმ კვალიფიკაციის მესამე ეტაპზე გასვლა ძლივს მოახერხა - მეორე ეტაპის შემდეგ, მან მხოლოდ მეათე შედეგი აჩვენა.

ფეტელი იმედოვნებს, რომ კვალიფიკაციაზე ჩაფლავების მიუხედავად, რბოლის მოგების შანსი მაინც აქვს. თუმცა, სტარტზე ყურადღების მაქსიმალური დაძაბვა მოუწევს, რომ სტარტზე ისეთ სახიფათო (შეცდომების სიხშირის გამო) პილოტს აუაროს გვერდი, როგორიც ფრანგი რომენ გროჟანია. იგივე პრობლემა ბატონსაც ექნება.

პილოტი, ქვეყანა, გუნდი 1 სესია 2 სესია 3 სესია

1. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:24.100 1:21.659 1:19.576

2. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:24.722 1:20.803 1:19.668

3. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:24.447 1:20.753 1:19.912

4. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:24.621 1:20.635 1:20.097

5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:23.047 1:21.378 1:20.168

6. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:24.591 1:20.701 1:20.250

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:22.828 1:20.368 1:20.326

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:23.072 1:21.147 1:20.631

9. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:23.161 1:20.427 1:20.674

10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:24.842 1:21.657 1:21.422

11. კამუი კობაიაში (იაპონია, ტოიოტა) 1:24.335 1:21.960

12. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:24.773 1:22.231

13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:24.394 1:22.477

14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:24.297 1:22.504

15. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:24.645 დროის გარეშე

16. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:25.009

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:25.052

18. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:25.192

19. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:25.515

20. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:40.703