ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, August 18, 2009

”რენოში” პიკეს ადგილს გროჟანი დაიკავებს

Romain Grosjean

18 აგვისტო

როგორც მოსალოდნელი იყო, ”რენომ” გამოაცხადა, რომ სეზონის დარჩენილ რბოლებზე, ბრაზილიელი ნელსინიუ პიკეს ადგილს გუნდში ფრანგი რომენ გროჟანი დაიკავებს. გუნდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე სწერია, რომ პიკესთან დაშორება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა და ორივეს ინტერესებში შედიოდა.

23 წლის გროჟანი შვეიცარიაშია დაბადებული, თუმცა რბოლებში საფრანგეთში აღებული ლიცენზიით ასპარეზობს. აქამდე ის ”რენოს” ტესტ და სარეზერვო პილოტი იყო. პარალელურად კი GP2 სერიის რბოლებში ასპარეზობდა, სადაც ორი ეტაპის მოგება შეძლო.

უკვე რამდენიმე წელია, რაც გროჟანი ფრანგული გუნდის სპეციალურ პროგრამაში მონაწილეობს, რომლის მიზანი ახალგაზრდა პილოტების მომზადება და მათთვის წინსვლაში ხელის შეწყობაა. ის ფაქტი, რომ გროჟანი ამ პროგრამის გავლით ფორმულა ერთში მოხვდა, უკვე მრავლისმეტყველია - ”რენომ” პერსპექტიულ პილოტებს შორის არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერა. სამი წლის წინ, გროჟანმა ფორმულა ”რენოს” საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ სეზონში ფორმულა 3-ის ევროსერიის ჩემპიონი გახდა, შარშან კი GP2-ის აზიური სერიის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ამ სეზონში ის წარმატებით გამოდიოდა GP2-ის მსოფლიო სერიაში, სადაც ორი ეტაპის მოგება მოასწრო.

”მოხარულნი ვართ, რომ რომენს ”რენოსთან” ერთად, ფორმულა 1-ის დიდ პრიზზე გამოსვლის საშუალებას ვაძლევთ. ის ნიჭიერია და ველით, რომ თავის ოსტატობას სეზონის დარჩენილ რბოლებში გამოავლენს. ასევე გვინდა, ნელსონ პიკეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადთ და მომავალში ყოველივე საუკეთესო ვუსურვოთ”, - ნათქვამია ”რენოს” შეფ ფლავიო ბრიატორეს განცხადებაში.

”ვამაყობ იმით, რომ ”რენომ” საკუთარი პროფესიული დონის ამაღლების შანსი მომცა. ვიმედოვნებ, ამ შანსს გამოვიყენებ და გუნდს ქულების დაგროვებაში დავეხმარები. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის თანაგუნდელი ვიქნები. ეს განსაკუთრებულ მოტივაციას მანიჭებს”, - ამბობს გროჟანი.

დაბოლოს, ამიერიდან, ”რენოს” სარეზერვო პილოტის მოვალეობას GP2-ის მსოფლიო სერიის კიდევ ერთი პილოტი, ბრაზილიელი ლუკას დი გრასი შეასრულებს.

Monday, August 17, 2009

”რენოს” ვალენსიაში ასპარეზობის უფლება მისცეს

Renault

17 აგვისტო

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) სააპელაციო საბჭომ გადაწყვიტა, ჯარიმით შეცვალოს ”რენოს” დისკვალიფიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგულ გუნდსა და მის ლიდერს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს ვალენსიაში, ევროპის დიდ პრიზზე გამოსვლის უფლება მიეცათ. სამაგიეროდ, უნგრეთის დიდი პრიზის დროს ტრასაზე პოტენციურად სახიფათო მდგომარეობის შექმნისთვის, ”რენოს” 50 000 დოლარის გადახდა მოუწევს.

დისკვალიფიკაციის მიზეზი შემდეგი იყო: პირველ პიტსროპზე ალონსოს ბოლიდის ერთ-ერთ ბორბალზე ფიქსატორის დაყენება ვერ მოხერხდა, მაგრამ გუნდმა ესპანელი ტრასაზე მაინც გაუშვა. გუნდს მომხდარის შესახებ პილოტი არ გაუფრთხილებია და მისთვის შექმნილი გარემოების შესაბამისად მოქცევის რეკომენდაციაც არ მიუცუა. ამის შედეგი კი ის იყო, რომ მეხუთე მოსახვევში ბორბალს მცირე დეტალი მოსძვრა, მეცხრე მოსახვევში კი მანქანა სამი ბორბლის ამარა დარჩა, რაც პოტენციურად, სხვა პილოტებისთვის დიდი საფრთხის შემცველი იყო.

რბოლის შემდეგ, მსაჯთა საბჭომ მომხდარი ინციდენტი განიხილა და ფრანგული გუნდი ერთი ეტაპის გამოტოვებით დასაჯა. იმავე დღეს კი, საფრანგეთის ავტოსპორტის ფედერაციამ, ”რენოს” სახელით, დისკვალიფიკაცია FIA-ს სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა.

საჩივრის განხილვისას, ”რენომ” აღიარა, რომ სპორტული რეგლამენტი დაარღვია და სასჯელის შემსუბუქება ითხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო, გუნდს კი გაუფრთხილებელი საქციელის სანცვლოდ, ფულადი ჯარიმა დააკისრა.

ერთ-ერთი არგუმენტი იმისათვის, რომ საბჭომ აპელაცია დააკმაყოფილა, ის გარემოებაა, რომ ვალენსიელები მოუთმენლად ელიან მათი ქალაქის ქუჩებში ალონსოს გამოსვლას. ესპანელების უმეტესობამ რბოლაზე ბილეთები სწორედ ალონსოს გამო შეიძინა.

სარჩელის განხილვისას, ფრანგული საჯინიბოს ვექილმა ალი მალეკმა ასევე დაამტკიცა, რომ ინციდენტი გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან გაუცნობიერებლად მოხდა და აქედან გამომდინარე, მათ ალონსოსთვის მომხდარის შესახებ რაიმეს თქმა არ შეეძლოთ.

”ყველაფერი წუთებში მოხდა და მის შესახებ მხოლოდ ორმა მექანიკოსმა თუ იცოდა, გუნდის ხელმძღვანლებმა და თვითონ ალონსომ ვერაფერი გაიგეს და შესაბამისად, არც გადაწყვეტილების მიღება შეეძლოთ. რა თქმა უნდა, წესები დაირღვა, მაგრამ ყველაფერი გაუცნობიერებლად მოხდა”, - ამტკიცებს მალეკი.

სანამ მექანიკოსები მომხდარის შესახებ ხელმძღვანელობას აცნობებდნენ, ალონსოს მანქანა სამი ბორბლის ამარა დარჩა და ისევ ბოქსებს მიაშურა...

რამდენადაც ვალენსიაში გამოსვლაზე მწვანე შუქი აუნთეს, ”რენო” ხვალ ალბათ მეორე პილოტის ვინაობასაც გამოაცხადებს. სავარაუდოდ, ბრაზილიელ ნელსინიუ პიკეს შვეიცარიული წარმოშობის ფრანგი რომან გროჟანი შეცვლის.

გუნდები 2010 წელს - ”GPუიკის” ვერსიით

Teams & Drivers

17 აგვისტო

ფორმულა 1-ის ”სილი სიზონი”, ანუ პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გუნდები და პილოტები ახალ კონტრაქტებს აფორმებენ, კარგა ხნის დაწყებულია. ერთ თვეში თითქმის ყველა გუნდს თავის პილოტებთან კონტრაქტები გაფორმებული ექნება. თუმცა, ისეთი გამონაკლისებიც იქნებიან, რომლებიც თავიანთ არჩევანს მოგვიანებით, სეზონებს შორის გააკეთებენ.

”სილი სიზონის” დროს, პრესაში ათასგვარი ვარაუდები გამოითქმის. რა თქმა უნდა, უპირველესად ყურადღების ცენტრში საუკეთესო პილოტები ექცევიან. ამასთან არსებობს სხვადასხვა გარემოებები, რომლებიც ამათუიმ პილოტის მომავლისადმი ინტერესს ამძაფრებს.

ინგლისურმა საინტერნტო გამოცემა ”GPუიკმა” თავის ახალ ნომერში გამოაქვეყნა საკუთარი ვარაუდი იმისა, თუ მომავალ სეზონში როგორი იქნება გუნდების შემადგენლობები.

რა თქმა უნდა, დღეს ყველას პირზე მიხაელ შუმახერის შესაძლო დაბრუნება აკერია. ამიტომ, უპირველეს ინტერესს ”ფერარის” შემადგენლობა იწვევს. ინგლისური გამოცემა თითქმის გარანტირებულად გვპირდება, რომ მარანლოელთა რიგებში მერმის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ესპანელ ფერნანდო ალონსოს ვიხილავთ. ვინ დაიკავებს მეორე მონოპოსტს, ეს საკითხი ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ”GPუიკის” ვარაუდთ, იტალიურ საჯინიბოში მეორე მანქანას ფელიპე მასას ჩააბარებენ. არც ისაა გამორიცხული, რომ ის მაინც მიხაელ შუმახერმა შეცვალოს. მაგრამ მაინც, გერმანელის დაბრუნება უფრო იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ გუნდებს რბოლებში მესამე პილოტის გამოყვანის უფლებას მისცემენ.

საერთოდ, თუ გუნდები სამი მანქანით ასპარეზობის უფლებას მიიღებენ, სავარაუდოა, რომ მათი უმეტესობა მესამე მანქანის საჭეს თავის ტესტ პილოტს მიანდობს. მაგრამ იქნებიან ისეთებიც (პირველ რიგში ფერარი), რომლებიც სამი ტოპ პილოტის ყოლას მოისურვებს. რა თქმა უნდა, ეს ხარჯების გაზრდას გამოიწვევს, მაგრამ როდესაც შუმახერის დაბრუნების შანსი გეძლევა, ხარჯებზე ნაკლებად ფიქრობ, რადგან მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ნებისმიერ საქმეში საუკეთესო ინვესტიციაა...

”GPუიკის” სიაში არ ჩანს ფინელი კიმი რაიკონენი. როგორც ჩანს, ინტერნეტ ჟურნალში ჩათვალეს, რომ ”აისმენმა” ფორმულა ერთისადმი ინტერესი საერთოდ დაკარგა და ის ახლა რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსასვლელად ემზადება.

”GPუიკის” ვარაუდთ, მერმის გერმანელი ნიკო როსბერგი ”მაკლარენში” იასპარეზებს და იქ ჰეიკი კოვალაინენს შეცვლის, რომელიც ”უილიამსში” გადავა და როსბერგის ადგილს დაიკავებს, იქ კი ახალგაზრდა, ამბიციური გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი დახვდება.

პოლონელი რობერტ კუბიცა ”რენოში” გადავა, სადაც ალონსოს შეცვლის. იქ მისი თანაგუნდელი ფრანგი რომან გროჟანი გახდება, რომელიც ფრანგულ გუნდში მალე დაიკავებს ბრაზილიელი ნელსინიუ პიკეს ადგილს. ”ბრაუნში” დარჩება მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერი ჯენსონ ბატონი, მის თანაგუნდელად კი შესაძლოა, ბრაზილიელი ბრუნო სენა ვიხილოთ. ბარიკელო კი ”ზაუბერში” გადავა, რომელსაც ჩემპიონატიდან ”ბეემვეს” წასვლის შემდეგ, ჯერაც ვერ მოუძებნია ახალი პატრონი. აქ ბრაზილიელს შესაძლო მეწყვილედ გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი დახვდება.

”რედ ბული” და ამ კომპანიის მეორე საჯინიბო ”ტორო როსო” იმავე პილოტებს დაიტოვებენ, რომლებმაც მათი მანქანებით უნგრეთში იასპარეზეს. უცვლელი დარჩება ”ტოიოტაც”. სამაგიეროდ, ”ფორს ინდიაში” ბოლოსდაბოლოს, ინდოელ პილოტს - კარუნ ჩანდჰოკს ვიხილავთ.

რაც შეეხება ახალ გუნდებს, მათ შესახებ ამ ეტაპზე რაიმეს გარკვევით თქმა ძნელია და ”GPუიკის” ვარაუდებიც ძალიან ზერელეა.

გუნდების შესაძლო შემადგენლობები GPუიკის ვერსიით

ბრაუნ GP - ჯენსონ ბატონი (ბრიტ)/რუბენს ბარიკელო, ან ბრუნო სენა (ორივე ბრაზ)

რედ ბული - სებასტიან ფეტელი (გერმ)/მარკ უებერი (ავსტრა)

ფერარი - ფერნანდო ალონსო (ესპ)/ფელიპე მასა (ბრაზ), ან მიხაელ შუმახერი (გერმ)

ტოიოტა - იარნო ტრული (იტა)/ტიმო გლოკი (გერმ)

მაკლარენი - ლუის ჰამილტონი (ბრიტ)/ნიკო როსბერგი (ჰერმ)

უილიამსი - ჰეიკი კოვალაინენი (ფინ)/ნიკო ჰულკენბერგი (გერმ)

რენო - რობერტ კუბიცა (პოლ)/რომენ გროჟანი (საფრ)

ტორო როსო - სებასტიან ბუემი (შვეი)/ხაიმე ალგერსუარი (ესპ)

ფორს ინდია - ვიტანტონიო ლიუცი (იტა)/კარუნ ჩანდჰოკი (ინდ)

კამპოს მეტა - პედრო დე ლა როსა (ესპ)/ჯორჯო პანტანო (იტა), ან ბრუნო სენა (ბრაზ)

მეინორი - ადამ ქეროლი (ჩრდ.ირლ)/პოლ დი რესტა (ბრიტ), ან ლუკას დი გრასი (ბრაზ)

USF1 - ალექს ვურცი (ავსტ), ან ენტონი დევიდსონი (ბრიტ)/ჯონ სამერტონი (აშშ)

ზაუბერი - რუბენს ბარიკელო (ბრაზ)/ნიკ ჰაიდფელდი (გერმ)

Saturday, August 15, 2009

ისევ შუმახერის დაბრუნებაზე

Michael Schumacher

15 აგვისტო

მიხაელ შუმახერის მენეჯერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მალე ”ფერარის” სატესტო ბოლიდის საჭესთან ვიხილოთ. ოღონდ, ვილი ვებერი არაფერს ამბობს შუმახერის სამომავლო გეგმებზე.

”რატომაც არა? ახლა მიხაელი ყოველგვარი პრესინგის გარეშე, მშვიდად შეძლებს ვარჯიშს და მერე ვნახოთ, რას გადაწყვეტს”, - ამბობს ვებერი. შუმახერის პირადი ექიმი იოჰანს პაილი ვებერს ეთანხმება და ამბობს, რომ პრესისგან მოშორებით ტრასაზე ვარჯიში საუკეთესო საშუალება იქნება იმისათვის, რომ შუმახერმა თავისი სარბოლი უნარები აღიდგინოს. და თუ ის ძველ ტრავმას ბოლომდე მოირჩენს, მაშინ დაბრუნებაზეც შეიძლება ლაპარაკი.

პარალელურად, მიხაელის მამა, როლფ შუმახერი ამბობს, რომ მოტოავარიის შემდეგ, მის შვილს სარბოლ მოტოციკლზე დაჯდომის სურვილიც კი გაუქრა. ”მიხაელმა მითხრა, რომ ამიერიდან აღარასდროს დაჯდება სარბოლ მოტოციკლზე, რაც მე ძალიან მესიამოვნა, რადგან მოტორბოლები ფორმულა 1-ზე გაცილებით სახიფათოა”, - ამბობს როლფ შუმახერი.

მიხაელის პრესმდივანი საბინე კემი კი დასძენს: ”არ მჯერა, რომ ის ახლო მომავალში რბოლებში გამოვა. მაგრამ მიხაელს ნათქვამი აქვს, რომ დაბრუნების სრულად გამორიცხვაც არ სურს”...

მასას დაბრუნება ეჩქარება

Felipe Massa

15 აგვისტო

ფელიპე მასას გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, რის გამოც, იტალიურ პრესაში უკვე გამოითქვა ვარაუდი იმისა, რომ შესაძლოა, ბრაზილიელი პილოტის რბოლაში დაბრუნების მომსწრენი მონცას ავტოდრომზე, იტალიის დიდ პრიზზე გავხდეთ.

გაზეთ ”კორიერე დელო სპორტის” ცნობით, სექტემბრის დასაწყისში მასა სან პაულუდან პარიზში გაფრინდება, სადაც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) სამედიცინო კომისიაში ყველა სავალდებულო პროცედურას გაივლის, რომელთა შემდეგაც გადაწყდება, მისცემენ თუ არა იტალიურ ეტაპზე გამოსვლის უფლებას.

უკვე ის ფაქტი, რომ მასას მონცაზე გამოსვლის სურვილი აქვს, ნამდვილი სასწაულია. უნგრეთში ესოდენ მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ, ბევრი ფიქრობდა, რომ მსოფლიოს ვიცე ჩემპიონისთვის ეს სეზონი დასრულდა. მაგრამ როგორც ჩანს, მასა დიდხანს ლოდინს არ აპირებს.

თუ გავიხსენებთ იმას, რომ მიხაელ შუმახერმა რამდენიმე თვის წინ მიღებული, გაცილებით უმნიშვნლო ტრავმის გამო თქვა რბოლებში დაბრუნებაზე უარი, მასას სწრაფვა შეიძლება გმირობად ჩაითვალოს. ასეცაა თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ბრაზილიელ პილოტს აუცილებლად მოუწევს პოსტტრავმული ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა. თუმცა, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ფელიპე სრულადაა გამოჯანმრთელებული და ასე ადრე დაბრუნება მას საფრთხეს არ შეუქმნის, მონცაზე (13 სექტემბერს) მის გამოსვლას ხელს ვერაფერი შეუშლის.

დაკიდევ, არის ერთი გარემოება, რომლის გამოც მასა ჩემპიონატში დაბრუნებას ჩქარობს. ”მასას არ სურს მისი გუნდის საშინაო ეტაპის გამოტოვება. გარდა ამისა, დიდია ალბათობა იმისა, რომ მონცას რბოლის დღეებში, ”ფერარი” გამოაცხადებს, რომ მერმის მისი ერთ-ერთი ბოლიდის საჭეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო მიუჯდება”, - წერს ”კორიერე დელო სპორტი”.

მართალია, ჯერჯერობით მარანელოელებიც და ალონსოც დაჟინებით უარყოფენ მათი შესაძლო თანამშრომლობის შესაძლებლობას, მაგრამ ფორმულა 1-ის მოყვარულებს კარგად მოგვეხსენება, რომ კულუარებში გავრცელებული ხმები ძალიან ხშირად მართლდება ხოლმე. დღეს კი, ”ფერარიში” ალონსოს გადასვლის შანსს ის ფაქტიც აძლიერებს, რომ იმავე მონცაში, იტალიური გუნდი საზოგადოებას თავის ახალ სპონსორს - ესპანურ ბანკ ”სანტანდერს” წარუდგენს, რომელიც დღეს ”მაკლარენის” სპონსორია. ”სანტანდერი” კი უკვე რამდნიმე წელია, ალონსოს იტალიურ საჯინიბოში გადაყვანას ცდილობს...

ვილნევს ფორმულა 1-ში დაბრუნების იმედი აქვს

Jauqes Villeneuve

15 აგვისტო

მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონი, კანადელი ჟაკ ვილნევი აღიარებს, რომ ფორმულა 1-ში დაბრუნებას აპირებს და ამისათვის, რამდენიმე გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებას. პარალელურად, ის მეუღლეს გაეყარა, თუმცა ამბობს, რომ პირადი პრობლემები დიდ სპორტში დაბრუნებაში ხელს არ შეუშლის.

”ერთი თვეა, რაც განქორწინება გავაფორმეთ. ზუსტად რომ ვთქვა, ჩვენ განვქორწინდით, მაგრამ არ დავშორებულვართ. სწორედ ამიტომააა, რომ ამის შესახებ აქამდე არავის არაფერი გაუგია. სკანდალური განქორწინება რომ გვქონოდა, ეს ყველას ეცოდინებოდა”, - ”სანთან” საუბრისას განაცხადა 38 წლის კანადელმა, ვინც ფრანგ მოდელ იოანა მარტინესთან (სურათზე ერთად არიან) სამი წლის წინ იქორწინა და მისგან ორი შვილი შეეძინა.

განქორწინების მიუხედავად, ვილნევი და მისი მეუღლე შვილებს ერთად ზრდიან. მარტინესი პარიზში დაბრუნებას არც გეგმავს. უფრო მეტიც, მან მონრეალში მაღაზია გახსნა. ჟაკს კი ახლა ორი პრიორიტეტი აქვს, რომლებზეც ”სანთან” საუბრობს:

”ახლა მე ორი მიზანი მამოძრავებს - ჩემი შვილები, რომლებსაც მამასავით უყვართ მანქანები და ფორმულა 1, სადაც მომავალ სეზონში დაბრუნებას ვაპირებ. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მომავალი სეზონისთვის რომელიმე გუნდთან კონტრაქტი გავაფორმო. ეს უფრო ძნელი ყოფილა, ვიდრე ველოდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საწადელს მივაღწევ და მერმის მონრეალში დიდ პრიზზე ვიასპარეზებ”, - ამბობს ვილნევი.

ცნობისათვის, დიდი შანსია იმისა, რომ მომავალი სეზონის კალენდარში კანადური ეტაპი ვიხილოთ. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღის წინ, ამის იმედი მონრეალის მერმა ჯერალდ ტრემბლიმ გამოთქვა, ვინც უკვე მოლაპარაკებულიც კია ბერნი ეკლსტოუნთან.

ტრადიციულად, მონრეალში რბოლები სენ ლორენის (წმინდა ლავრენტის) მდინარეზე არსებულ კუნძულზე განთავსებულ ავტოდრომზე ტარდება, რომელიც ჟაკ ვილნევის მამის, ჟილ ვილნევის სახელს ატარებს. ამ ტრასაზე გამარჯვებაზე ჟაკი ყოველთვის ოცნებობდა, მაგრამ იქ არასდროს უმართლებდა. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჩემპიონობისთვის იბრძოდა...

Friday, August 14, 2009

ალონსო ათი წლის შემდეგ წავა

Fernando Alonso

14 აგვისტო

რა თქმა უნდა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ვინც ახლა 28 წლისაა, წასვლაზე ჯერ არ ფიქრობს, მაგრამ ამბობს, რომ ამ საკითხზე რამდენიმე წლის შემდეგ აუცილებლად მოუწევს დაფიქრება. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, ფერნანდო ალონსო ჯერ ფორმულა 1-ის რბოლის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული, შემდეგ კი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.

”ცხოვრება ძალიან სწრაფად მიედინება. ჩემი კარიერის ბევრი საკვანძო მომენტი აღარც მახსოვს. ახლა 28 წლის ვარ და ჩემი ცხოვრების ბოლო რვა წელი ფორმულა 1-ში გავატარე. ამ წლებში უამრავი რამ მოხდა, გავა კიდევ რამდენიმე წელი და სპორტიდან წავალ. ჩემი კარიერის მნიშვნლოვანი მომენტების გაანლიზებისთვის დრო სწორედ მაშინ მექნბა, ახლა კი ამაზე ფიქრისთვის არ მცალია.

კარტინგში რომ გამოვდიოდი, მაშინ ფორმულა 1 აუხდენელ ოცნებად მიმაჩნდა. ის რეალობად მხოლოდ ფორმულა 3000-ში გამოსვლების შემდეგ იქცა, როცა ფული გამიჩნდა. მანამდე კი არც ფული მქონდა და არც მხარდამჭერები მყავდა, რომელთა გარეშეც, ფ1-ში მოხვედრა თითქმის წარმოუდგენელია. ჯერ ფორმულა ”ნისანში”, შემდგ კი ფ3000-ში გამოსვლის დროს, ფ1-ში კარიერის გაგრძელების სურვილი თანდათან მიძლიერდებოდა. მერე კი ფლავიო ბრიატორეს შევხვდი, რომელმაც ფ1-ში მოსვლაში ხელი შემიწყო. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ახლა ამის წარმოდგენაც კი მიჭირს.

კარიერის დასაწყისი ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. ესაა ინფორმაციის მასობრივ საშუალებათა მხრიდან გაზრდილი ყურადღება. გუნდების უზარმაზარი შტატი, რომლებიც ერთი ორგანიზმივით მოქმედებენ, უზარმაზარი ბაზები. მაგრამ ყველაფერს ძალიან მალე ეჩვევი და ყველაფერი ყოველდღიურობა ხდება.

სამი წლის ვიყავი, პირველად კარტ-ზე რომ დავჯექი. უკვე 25 წელია, რბოლებში გამოვდვარ. ვფიქრობ, 35 წელი სრულიად საკმარისი იქნება”, - ყვება ალონსო, ვის მომავალსაც სულ უფრო ხშირად უკავშირებენ ”ფერარის”.

როსი ”ფერარის” შეთავაზებას უარყოფს

Valentino Rossi

14 აგვისტო

მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი წრიულ მოტორბოლებში, იტალიელი ვალენტინო როსი უარყოფს ხმებს იმის შესახებ, რომ თითქოს, უნგრეთის დიდ პრიზზე ბრაზილიელი ფელიპე მასას დაშავების შემდეგ, ”ფერარისგან” მისი შეცვლის შეთავაზება მიიღო.

დღეისათვის, როსი მოტო გრანპრის მორიგი ტიტულისთვის იბრძვის და სხვა რბოლებში მისი მონაწილეობა გამორიცხულია. ესეც რომ არა, მას იაპონურ ”იამაჰას” გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს, რომლის დარღვევასაც იტალიელი სუპერ მრბოლი არ აპირებს.

”რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ მიხაელს ტრასაზე ვერ ვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, მისთვის მეორე ეტაპიდანვე, ის გამარჯვებისთვის ბრძოლას შესძლებდა. ბოლო დღეებში, სტეფანო დომენიკალისთან (ფერარის შეფია) ერთად, მიხაელის დაბრუნებაზე არაერთხელ გვისაუბრია. რაც შემეხება მე, არავითარი მიწვევა არ მიმიღია. ასეც რომ ყოფილიყო, შეთავაზებას ვერ მივიღებდი - ერთდროულად მოტორბოლებსა და ფორმულა 1-ში გამოსვლა შეუძლებელი იქნებოდა”, - გაზეთ ”ტუტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა როსიმ.

უკვე რამდენიმე წელია, პერიოდულად პრესაში ჩნდება ხმები იმის შესახებ, რომ როსი ”ფერარიში” გადასვლაზე ფიქრობს. იტალიელმა მოტომრბოლმა რამდენჯერმე მარანელოელთა ბოლიდიც კი გამოსცადა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდლებაც დატოვა, მაგრამ თავისი ოცნების განსახორციელებლად, მეტი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ახლა კი, ის 30 წლისაა და პროფესიის შეცვლა მისთვის საკმაოდ დაგვიანებულია.

Thursday, August 13, 2009

ალენ პროსტი: შუმახერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო

Michael Schumacher

13 აგვისტო

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ფრანგი ალენ პროსტი თვლის, რომ მიხაელ შუმახერი სწორად მოიქცა, როდესაც ფორმულა ერთში დაბრუნება გადაიფიქრა. თუმცა, კარგად ესმის მისი, რომ დაბრუნება და ახალ ვარსკვლავებთან პაექრობაში თავის გამოჩენა სურდა.

”დროა იმისთვის საჭირო, რომ რბოლებში დაბრუნების სურვილმა საბოლოოდ გაიაროს. ფორმულა ერთთან საბოლოო განშორებას წლები სჭირდება. ჩვენ საკუთარი სარბოლო ჩაფხუტები ლურსმანზე სხვადასხვა მიზეზის გამო დავკიდეთ. მაგრამ კარგად მესმის მისი - როცა გრძნობ, რომ კონკურენტუნარიანი ხარ, დაბრუნებაზე მუდამ ფიქრობ და როცა შანსი გეძლევა, მის გამოყენებას ცდილობ”, - გაზეთ ”პარიზიენთან” საუბრისას ამბობს პროსტი.

”მაგრამ რამდენადაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი არსებობს, შუმახერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ავტომრბოლისთვის კისერს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ კისრის ტკივილი გაწუხებს და მას დროზე არ მიხედავ, მალე გულისრევის შეგრძნება გეუფლება და თვალებშიც გიორდება. მოკლედ, ეს სერიოზული პრობლემაა. თუმცა, შეიძლება სხვა მიზეზიც არსებობს იმისა, რომ არ დაბრუნებულიყო. შესაძლოა, ტესტების დროს გააცნობიერა, რომ ძალიან ძნელ საქმეს შეეჭიდა, რომლის გადაჭრაც არ ძალუძს”.

”სამი წელია, რაც მას ფორმულა 1-ში არ უასპარეზია. ახლა კი, დაბრუნებისთვის მოსამზადებლად სულ სამი კვირა ჰქონდა. ეს ძალიან ცოტაა. როცა სპორტიდან მიდიხარ, ორგანიზმი მალე იცვლება. როგორც კი რბოლებს თავს ანებებ, მაშინვე რეაქცია უარესდება და პერიფერიული მხედველობა სუსტდება. ამ თვისებათა აღდგენას კი ბევრი დრო და ვარჯიში სჭირდება. 1993 წელს, მე რვათვიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი და საჭირო ფორმის აღდგენა ძალიან გამიჭირდა. შესაძლოა, დასაბრუნებლად შუმახერსაც მეტი დრო სჭირდება”, - განმარტავს პროსტი და დასძენს:

”1994 წელს ”მაკლარენმა” თავისი მანქანის საჭესთან დაჯდომა შემომთავაზა. სამი დღე ტესტებზე გავატარე და მივხვდი, რომ რაღაც ისე აღარ გამომდიოდა. სისწრაფე არ მაკლდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ პრესინგის გაძლება აღარ შემეძლო და აღარც ამის სურვილი მქონდა. აღარ მსურდა, რომ მთელი სეზონი მოგზაურობაში და პრესასთან სავალდებულო ურთიერთობაში გამეტარებინა. კიდევ ერთი წლის შემდეგ, ჟან ტოდტმა ”ფერარიში” გადასვლა და შუმახერის თანაგუნდელობა შემომთავაზა. იქ მას გაჩემპიონებაში უნდა დავხმარებოდი. თავიდან იყო ლაპარაკი იმაზე, რომ გუნდში მეორე პილოტი ვიქნებოდი - ეს ჩემთვის პრობლემა არ იყო და თითქმის დავთანხმდი კიდეც, მაგრამ ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო, საბოლოოდ მაინც თავის შეკავება ვარჩიე”.

პროსტის განმარტების შემდეგ, უფრო ადვილი ასახსნელია ის ფაქტი, რომ შუმახერი დაბრუნებასაც ადვილად დათანხმდა და ასევე ადვილად გადაიფიქრა. დაკიდევ, პროსტის ნათქვამიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შუმი მომავალი სეზონისთვის დაბრუნებას მაინც ეცდება. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ”ფერარის” და სხვა გუნდებსაც, მესამე მანქანის გამოყვანის უფლებას მისცემენ...

Tuesday, August 11, 2009

”ფერარი” მესამე მანქანას მოითხოვს

Ferrari

11 აგვისტო

შუმახერის დაბრუნებას ტყუილად ველოდით. მას ვერც ვალენსიაში ვიხილავთ და ვერც მიმდინარე სეზონის დარჩენილ რბოლებში. თუმცა გამორიცხული არაა, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მაინც დაბრუნდეს. ეს კი მხოლოდ მერმის თუ მოხდება და ესეც იმ შემთხვევაში, თუ ”ფერარის” სამი მანქანის გამოყვანის უფლებას მისცემენ.

სულ რამდენიმე საათი იყო გასული მას შემდეგ, რაც შუმახერმა თავისი გადაწყვეტილება გვამცნო, რომ ”ფერარის” პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ გერმანელი პილოტის თაყვანისმცემლებს ახალი იმედი ჩაუსახა, როცა ჩემპიონატში სამი მანქანით ასპარეზობის შესაძლებლობაზე ალაპარაკდა.

დი მონტეძემოლოს სჯერა, რომ შუმახერს ჯერაც აქვს იმის უნარი, რომ ფორმულა 1-ს რაღაც შესთავაზოს. მან პირობა დადო, რომ იღონებს ყველაფერს, რათა წესები იმგვარად შეიცვალოს, რომ მერმის, მის გუნდს მესამე მანქანის გამოყვანის უფლბა მიეცეს. და თუ ასე მოხდა, ის შუმახერის დაბრუნებას გვპირდება. ოღონდ, გერმანელი ვალდებულებებისგან თავისუფალი იქნება და იმდენ რბოლაში გამოვა, რამდენსაც თვითონ მოისურვებს.

ინტერვიუში, რომელსაც დღეს გაზეთი ”ლა სტამპა” აქვეყნებს, დი მონტეძემოლო ამბობს, რომ არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც, მისმა გუნდმა არჩევანი ყოფილ ჩემპიონზე შეაჩერა და არა რომელიმე ახალგაზრდა, პერსპექტიულ პილოტზე.

”ჩვენ ხომ შუმახერზე ვსაუბრობთ. ის 40 წლისაა მაგრამ ჯერაც სულ სხვა პლანეტიდანაა. ჰოდა, მე ვარჩევ ჩემპიონს, თუნდაც ასაკოვანს, ვიდრე ახალგაზრდას და საშუალო შესაძლებლობისას. ჩვენს ცირკს დიდი შევსება სჭირდება და ამ მისიის შესრულება დიდი სახელის პიროვნებას შეუძლია. ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ ყველა გუნდს სამი მანქანის (მე ერთ მათგანს სიამოვნებით ჩავაბარებ მიხაელს) გამოყვანის უფლება ჰქონდეს. სხვა თუ არაფერი, მირჩევნია, საქმე სამ ”მაკლარენთან” და სამ ”რენოსთან” მქონდს, ვიდრე ბევრ სხვა გუნდთან. ახლა, როცა ”ბეემვეც” წავიდა, ბევრ ლაპარაკს საქმის კეთება სჯობს”, - ამბობს დი მონტეძემოლო და დასძენს, რომ ძალიან გაწბილებული დარჩა, როცა შუმახერის სამედიცინო შემოწმების შედეგები გააცნეს.

”ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მიხაელის ჯანმრთელობაში ყველაფერი რიგზე არაა. ჰოდა, სჯობს, რომ თავს ძალა არ დაატანოს. ამას არც ჩვენ ვაპირებთ. მას მოტოციკლით უმნიშვნელო ინციდენტი შეემთხვა და გვეგონა, რომ დიდი არაფერი. მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა. მუჯელოზე ტესტირების პირველივე წრეებზე მან იგრძნო, რომ რაღაც ისე ვერ იყო. ჯანმრთელობასთან თამაში კი არ შეიძლება”, - დასძენს დი მონტეძემოლო.

კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა სამედიცინო დასკვნაზე თავად შუმახერს, დი მონტეძემოლო პასუხობს: ”როგორ ფიქრობთ? ის ჩემს შეთავაზებას ისეთი ენთუზიაზმით შეხვდა, ბევრი არც უფიქრია. ეს ენთუზიაზმი პატარა ბიჭისა იყო და არა სპორტიდან წასული ჩემპიონისა. მან ოთხი კილო დაიკლო. ის ახლა იმდენივეს იწონის, რამდენსაც სამი წლის წინ იწონიდა, როცა სპორტიდან წავიდა. ჰოდა, წარმოიდგინეთ, როგორ მიიღო ჩემი შეთავაზება”.

შუმახერმა დაბრუნება გადაიფიქრა !!!

Michael Schumacher

11 აგვისტო



მოტორბოლებით გართობა შუმის ძვირად დაუჯდა
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა უარი თქვა ფორმულა 1-ში დაბრუნებაზე და ამის მიზეზად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა. სახელოვანმა გერმანლმა ავტომრბოლმა საბოლოო გადაწყვეტილება სამედიცონო შემოწმების შემდეგ მიიღო.

40 წლის შუმახერს ”ფერარიში” დაშავებული ფელიპე მასას ადგილი უნდა დაეკავებინა, მაგრამ კისრის ტრავმამ, რომელიც ამ წლის დასაწყისში, მოტოავარიისას მიიღო, ამის საშუალება არ მისცა. ამგვარად, ევროპის დიდ პრიზზე, რომელსაც 23 აგვისტოს ვალენსიას ქუჩის ტრასა უმასპინძლებს, მეორე ”ფერარის” საჭეს გუნდის ტესტ პილოტი, იტალიელი ლუკა ბადოერი დაიკავებს.

”ყველაფერი ვიღონე, რომ ცოტა ხნით დავბრუნებულიყავი, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ეს არ გამომივიდა. ბევრი რამ ვცადეთ იმისათვის, რომ მუჯელოზე ვარჯიშების შემდეგ, კისერში წარმოქმნილ ტკივილს გაევლო, მაგრამ არც მასაჟებმა და არც თერაპიულმა მკურნლობამ შედეგი არ გამოიღო”, - წერია შუმახერის პირად ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

”სამწუხაროდ, თებერვალში, მოტოავარიისას მიღებული ტრავმების შედეგები უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. ბზარები, რომლებიც დაცემის შემდეგ, თავისა და კისრის არეში წარმოიქმნა, უფრო სერიოზული აღმოჩნდა. ამიტომ, ჩემი კისერი ექსტრემალურ დატვირთვას ვერ გაუძლებს. ასეთი შედეგი მოგვცა იმ გამოკვლევებმა, რომლებიც ამ ორი კვირის განმავლობაში მიტარდებოდა. და ეს გუშინ ჩატარებულმა გამოკვლევამაც დაადასტურა”, - დასძენს შუმახერი, ვისაც დღეს მუჯელოში ტესტები უნდა გაეგრძელებინა.

”ძალიან ვწუხვარ ყოველივეს გამო და მინდა, გუნდსა და ჩემს ქომაგებს მოვუბოდიშო, რომლებიც ჩემს დაბრუნებას მოუთმენლად ელოდნენ. რაც შემეძლო, ყველაფერი ვიღონე, რომ გუნდს დავხმარებოდი, მაგრამ ახლა ისღა დამრჩენია, გუნდს დარჩენილ რბოლებზე რჩევებითღა დავეხმარო”, - ამბობს შუმახერი.

დღესვე ”ფერარიმ” მასას მანქანა ოფიციალურად ჩააბარა 38 წლის ბადოერს, ვისაც 1993-99 წლებში, ”სკუდერია იტალიას”, ”მინარდისა” და ”ფორტის” ბოლიდებით, 49 რბოლაში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ერთი ქულაც ვერ აუღია. ფ1-ში ბოლოს მან იაპონიის დიდ პრიზზე, ათი წლის წინ იასპარეზა.

”ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ მიხაელი დაბრუნებას ვერ ახერხებს. დარწმუნებული ვარ, ის კვლავ გამარჯვებისთვის იბრძოლებდა. მისი დაბრუნება ფორმულა ერთისთვის დიდი მოვლენა იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მინდა, გუნდის და მისი ქომაგების სახელით, მას მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში საქმისადმი ასეთი ერთგულება გამოავლინა. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ ბადოერს რბოლაში მონწილეობის შანსი მივცეთ. მან ეს ჩვენთან მრავალწლიანი მუშაობის დამო დაიმსახურა”, - განაცხადა ”ფერარის” პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ.

Monday, August 10, 2009

ოპტიმისტი მალია

Force India

10 აგვისტო

”ფორს ინდიას” შეფი ვიჯეი მალია ევროპული დიდი პრიზის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ ბოლიდზე ჩატარებული მოდიფიკაციის წყალობით, ვალენსიაში მისი გუნდის პილოტები პირველ ათეულში შესაღწევად ბრძოლას შესძლებენ.

”ვალენსიასთვის ჩვენ მანქანის აეროდინამიკას მნიშვნელოვნად ვცვლით და იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრესში დაგვეხმარება და ეს ჩვენი პილოტების შედეგებზეც აისახება. თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, ამიერიდან ჩვენს მანქანებს კვალიფიკაციის მეორე ეტაპზე ხშირად იხილავთ და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვალენსიაში ჩვენ შეიძლება ათეულშიც მოვხვდეთ”, - ამბობს მალია და დასძენს:

”ამ სპორტში ზედმეტი ოპტიმიზმი სასარგებლო არაა, მაგრამ ფაქტია ის, რომ ჩვენ ვვითარდებით. სეზონის ბოლო ეტაპებისთვის არაერთ ცვლილებას ვამზადებთ, რომელთა წყალობითაც, წინსვლის გაგრძელების იმედი გვაქვს. მაგრამ იმის გათვალისწინებაც აუცილებელია, ერთ ადგილზე არც სხვა გუნდები დგანან. ამიტომ, თავს წამიერი მოდუნების უფლებასაც ვერ მივცემთ”.

ასეა თუ ისე, ”ფორს ინდია” ერთადერთი საჯინიბოა, რომლის პილოტებსაც ჯერ ქულაც არ აუღიათ.

შუმახერი კოსმოსში გაფრინდება

Michael Schumacher

10 აგვისტო

ბელგიურ გაზეთ ”ჰეტ ლაატსტე ნიეუვსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხაელ შუმახერს კოსმოსში ვოიაჟი გადაუწყვეტია, რისთვისაც კომპანია ”ვირჯინ გალაქტიკში” თანხა უკვე გადარიცხული აქვს.

”ვირჯინ გალაქტიკი” პირველი კომპანიაა, რომელიც კოსმოსის ზღვარზე ტურისტების გაყვანას დაიწყებს. ამ საქმეში მისი პარტნიორი ამერიკული კომპანია ”სქელდ კომპოზიტსია”, რომელმაც თავისი პირველი კოსმოსური ხომალდით (სპეისშიპ ვან, ანუ პირველი კოსმოსური ხომალდი) კერძო კომპანიებისთვის ჩატარებული კონკურსი X-პრაიზი მოიგო.

”ვირჯინ გალაქტიკი” პირველ კომერციულ ფრენას 2012 წელს გეგმავს. ”სპეისშიპ ვანს” ორი პილოტი მართავს და ექვსი მგზავრი გადაჰყავს, რომელთაგან თითოეულს კოსმოსის ზღვარზე ასვლა და იქ უწონადობის განცდა 140 000 ევრო დაუჯდება.

შუმახერის გარდა, ფორმულა ერთის პილოტებიდან კოსმოსში გაფრენა ასევე გადაწყვეტილი აქვთ რუბენს ბარიკელოს, ლუის ჰამილტონს და ნიკი ლაუდას. მათ გარდა, ”ვირჯინ გალაქტიკში” წინასწარი თანხა უკვე ბევრ ცნობილ ადამიანსაც აქვს შეტანილი, მათ შორის, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრ ტონი ბლერსაც.

კოსმოსში გაფრენას ბრენსონიც აპირებს, ვინც მერმის ფორმულა ერთის გუნდის მფლობელი გახდება. ბრიტანელი მილიარდერი ამ სეზონში ”ბრაუნს” სპონსორობს, მაგრამ მალე მის მხარდაჭერას შეწყვეტს და მსოფლიო ჩემპიონატის ახალბედა ”მეინორ გრან პრის” დაფინანსებაზე გადაერთვება.

Sunday, August 9, 2009

”ბრაუნ GP” რეგრესის მიზეზს ეძებს

Brawn GP

9 აგვისტო

ბოლო სამი ეტაპია, ”ბრაუნ GP-ს” მანქანებს აშკარად დააკლდათ სიჩქარე. იმის მაგივრად, რომ ჩატარებული მოდიფიკაციების შედეგად, ავტომობილი გაუმჯობესებულიყო, სეზონის დასაწყისთან შედარებით, უფრო ნელი და ძნელად სამართავი გახდა, მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ რბოლისას ვერაფრით ხერხდება საბურავების პოტენციალის სრულად გამოყენება.

სილვერსტოუნსა და ნურბურგრინგზე, გუნდმა წარუმატებლობა გრილ ამინდს დააბრალა, რის გამოც თითქოს, ჯენსონ ბატონი და რუბენს ბარიკელო ვერ ახერხებდნენ საბურავების სამუშაო კონდიციაში მოყვანას. ამის შედეგი კი ისაა, რომ ბატონი, ვინც სეზონის პირველი შვიდი ეტაპიდან ექვსი მოიგო, გერმანიაში, ინგლისსა და უნგრეთში კვარცხლბეკზეც კი ვერ ავიდა.

ახლა კი, ევროპის დიდ პრიზამდე, გუნდის ინჟინრები ყველანაირად ცდილობენ, მიაგნონ მიზეზს, რამაც მანქანის შესაძლებლობები გააუარესა.

”სეზონის დასაწყისში, ჩვენ ვახერხებდით, რომ საბურავებს მაქსიმალურად ეფექტურედ ემუშავა, მაგრამ შემდეგ პრობლმები წარმოიქმნა. ჩვენი მეტოქეები კი ვითარდებიან და ახლა ჩვენზე გაცილებით წინ არიან. რა თქმა უნდა, უკუსვლა იმ მოდიფიკაციების შედეგია, რომლებიც მანქანას სეზონის მსვლელობისას ჩაუტარდა. ახლა კი ჩვენ შესრულებულ სამუშაოს ანალიზს ვუტარებთ, რათა დავადგინოთ, თუ სად დავუშვით შეცდომა. საქმე გაცილებით გაიოლდებოდა, ტესტების უფლება რომ გვქონდეს. მაგრამ ეს აკრძალულია და ჩვენც მიზეზების კომპიუტერით ძებნა გვიწევს”, - სწუხს გუნდის შეფი როს ბრაუნი.

ბრანდლი სამ ჩემპიონს ადარებს

Martin Brundle

9 აგვისტო

ფორმულა ერთის მოყვარულები ხშირად სვამენ კითხვას, სენა უფრო ძლიერი იყო, შუმახერი, პროსტი თუ ჰაკინენი? რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა შეუძლებელია. არსებობს ბევრი კრიტერიუმი, რომლების საფუძველსაც სტატისტიკური მონცემები წარმოადგენს და ამ კრიტერიუმების მიხედვით, რა თქმა უნდა, საუკეთესო შუმახერი იქნება.

მაგრამ არსებობს ისეთი ფაქტორებიც, რომლებსაც რიცხვებით ვერ აღრიცხავ. მათ ამოცნობას დაკვირვება და რბოლების ხასიათის კარგად ცოდნა სჭირდება და ბუნებრივია, ასეთ ფაქტორებს ისინი ამჩნევენ, ვისაც სპორტის ამ სახეობასთან ოდესმე შეხება ჰქონია. ასეთებმა კარგად იციან ფორმულა ერთის და უფრო ზოგადად, ავტოსპორტის სამზარეულო და ბუნებრივია, მათი მოსაზრება უფრო ფასეულია, ვიდრე სტატისტიკით მიღებული პასუხი. და ვინ გამოდგება ასეთ შემფასებლად, თუ არა ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი, ბრიტანელი მარტინ ბრანდლი, ვისაც დღეს ბიბისისთვის ფ1-ის ტელერეპორტაჟები მიჰყავს.

1983 წელს ბრანდლი თითქმის ისეთივე ამომავალი ვარსკვლავი იყო, როგორიც ლეგენდარული ბრაზილიელი აირტონ სენა. იმ წელს, ბრიტანულ ფორმულა სამში ორივემ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და შემდგომი სეზონისთვის, ისინი ფორმულა 1-ში გადაბარგდნენ.

და თუ სენამ მოლოდინი გაამართლა და სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ბრანდლს დიდი პრიზების არენაზე ნაკლებად გაუმართლა. სამაგიეროდ, 1990 წელს ლე მანის 24-საათიანი რბოლა ”იაგუარით” მოიგო, ერთი წლით ადრე კი, სპორტული ავტომობილების (პროტოტიპები) კლასში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ამ ტრიუმფის შემდეგ, ის ფ1-ს აღდგენილ ”ბრებჰემთან” ერთად დაუბრუნდა, მაგრამ კვლავ ხელი მოეცარა.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ბრანდლმა ტელეკომენტატორობას მიჰყო ხელი და ამ საქმეში იმდენად გაიწაფა, რომ პენსიაში გასული ლეგენდარული მარი უოკერიც კი შეცვალა. დღეს მას ფორმულა 1-ის რბოლების რეპორტაჟები ბიბისისთვის მიჰყავს.

ამას წინათ, ბრანდლს სამი ჩემპიონის - აირტონ სენას, მიხაელ შუმახერისა და მიკა ჰაკინენის შედარება სთხოვეს:

რა თქმა უნდა, სამივე თავისებურად უნიკალურია. სენა წარმოუდგენლად ნიჭიერი იყო. ასეთ ნიჭს ვერც შრომით შეიძენ და ვერც გამოცდილებით. ეს ღვთიური მადლია. სენა ყველაზე ნიჭიერი მრბოლი იყო მათ შორის, ვისაც ოდესმე ტრასაზე, ან ცხოვრებაში შევხვედრივარ. ამასთან, ის ძალიან ემოციურიც იყო, ეს კი მის ქმედებებსა და საქციელზეც ხშირად აისახებოდა. მისი ემოციების გამოვლინება ტრასაზეც არაერთხელ გვინახავს და ეს უკვე ისტორიის ნაწილია.

მიხაელ შუმახერი სულ სხვა ტიპის პილოტია, და თანაც, მას წარმოუდგენელი მიღწევები აქვს. თუ სენა ხშირად გულის კარნახით მოქმედებდა, შუმახერი ყოველთვის თავით მოქმედებს - მას წამის მეასედებში შეუძლია ზუსტი გადაწყვეტილებების მიღება, ის წარმატების მიღწევაზე მაქსიმალურადაა მომართული. სხვა რამეს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. არ მგონია, რომ მიხაელს აქვს ის ”მეექვსე გრძნობა”, რომლის მეშვეობითაც, სენა კონკრეტული მომენტისთვის საუკეთესო ტრაექტორიაზე გავლას ახერხებდა. ეს კი მას ხშირად სისწრაფეში ესოდენ საჭირო უპირატესობას ანიჭებდა. მაგრამ ტექნიკის ცოდნის, მანქანის შეგრძნების მხრივ, მიხაელი ამ სამეულში საუკეთესოა.

ჰაკინენს ყოველთვის თავგანწირვა და გაბედული ქმედებები ეხმარებოდა. სიჩქარესა და მანქანის კონტროლის ათვისებაზე მას უფრო დიდხანს მუშაობა დასჭირდა, ვიდრე სენას და შუმახერს. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ამან სასურველი შედეგი მოუტანა.

უნიკალურ თვისებათა შეხამება მრბოლებს სხვებთან წრეზე დაახლოებით ნახევარი წამის უპირატესობას ანიჭებდა და ტრასაზე ისინი უფრო სწრაფებიც კი იყვნენ, ვიდრე ამის საშუალებას მანქანა იძლეოდა...