ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, November 10, 2009

ვილნევი შეიძლება ”ლოტუსში” ვიხილოთ
Jaques Villeneuve
10 ნოემბერიარაა გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში, ფორმულა ერთს მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონი, კანადელი ჟაკ ვილნევი დაუბრუნდეს. გუნდი კი, რომელსაც მისთვის თავისი ბოლიდის საჭის ჩაბარება სურს, ფორმულა ერთში დაბრუნებული ”ლოტუსია”.
კომპანია ”ლოტუსი” დღეს მალაიზიურ ავტომწარმოებელ ”პროტონის” საკუთრებაა და ბუნებრივია, გუნდის ხელმძღვანელებს და სპონსორებს, ფორმულა 1-ში მალაიზიელი პილოტის მიყვანა სურთ. ასეთად ფაირუზ ფაუზია მიჩნეული, მაგრამ ”ლოტუსის” ტექნიკურმა დირექტორმა მაიკ გასკოინმა განაცხადა, რომ ფაუზისთვის სათადარიგო პილოტობა ემეტება. საპრიზო პილოტებად კი მას გამოცდილი მრბოლები სჭირდება, რომელთა დახმარებითაც, გუნდს სწრაფად პროგრესირების შანსი ექნება.
ერთი ასეთი გამოცდილი იტალიელი იარნო ტრულია, რომელსაც ”ლოტუსში” ადგილი პრაქტიკულად გარანტირებული აქვს (ამაში მას ხელს მხოლოდ ის შეუშლის, თუ მეტისმეტად დიდ ხელფასს მოითხოვს). რაც შეეხება მეორე ადგილს, გასკოინმა არ დამალა, რომ სიამოვნებით მიიწვევდა ვილნევს. და ამის საწინააღმდეგო არც კანადელს აქვს რამე...
”მე ვესაუბრე მაიკს და მან მითხრა, რომ გამოცდილი პილოტები სჭირდება. ძალიან მესიამოვნა, როცა მის გუნდში კანდიდატ პილოტთა შორის, ჩემი გვარიც ამოვიკითხე. ჩვენ დეტალებზე ჯერაც არ გვისაუბრია, მაგრამ რახან ის ჩემზე საჯაროდ ლაპარაკობს, ესე იგი, ჩემი ”ლოტუსში” ყოფნა რეალურია”, - ამბობს ვილნევი.
თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. მითუმეტეს, რომ პრესაში გაჩნდა ხმები იმის შესახებ, რომ ვილნევის გარდა, ”ლოტუსში” მოხვედრის შანსი გერმანელ კრისტიან კლინსა და იაპონელ კამუი კობაიაშისაც აქვთ - ამ უკანასკნელს ”ლოტუსის” მალაიზიელ ხელმძღვანელობაზე კარგი შთაბეჭდილება მოუხდენია.

Monday, November 9, 2009

ახლა ტესტების დროა
F1 test season
9 ნოემბერიგუნდების უმეტესობა წინასასეზონო ტესტებისთვის ალბათ თბილსა და მშრალ ხერესს აარჩევს
...............................................
შარშან ფორმულა 1-ში ტესტებზე სერიოზული შეზღუდვები დაწესდა. სეზონის დაწყებამდე, გუნდებს ორივე მანქანით, ტესტებზე მხოლოდ 15 000 კილომეტრის გავლის უფლება ჰქონდათ. მაგრამ სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, მათ მანქანების გამოცდების უფლება აღარ ჰქონდათ. გუნდებს თავიანთი ტექნიკის სრულყოფის საშუალება მხოლოდ სარბოლი უქმეების დროს, თავისუფალ პრაქტიკებზე ეძლეოდათ. ოღონდ, ამ მხრივაც, ძრავების წესის გამო, ისინი საკმაოდ შეზღუდულები იყვნენ.
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ სეზონის მსვლელობისას მხოლოდ ორი გამონაკლისი დაუშვა - გუნდებს რვა ერთდღიანი ტესტის ჩატარების უფლება მიეცათ, რომელთა დროსაც, მხოლოდ სწორ მონაკვეთზე, მათ აეროდინამიკაზე მუშაობის საშუალება ექნებოდათ. მეორეც, სეზონის დასრულების შემდეგ, ყოველ გუნდს, ახალბედა პილოტების გამოსაცდელად, სამდღიანი ტესტების ჩატარება შეუძლია. ოღონდ, ეს ტესტები წლის ბოლომდე უნდა ჩატარდეს, ახალბედებს კი ორზე მეტ რბოლაში მონაწილეობა მიღებული არ უნდა ჰქონდეთ.
ზოგ გუნდს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ახალბედას რანგში, რომელ პილოტს მიანდობს თავისი ბოლიდის საჭეს. ზოგი კი ჯერაც ორჭოფობს. მაგალითად, ”უილიამსს” უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს - ახალბედების ტესტებზე ორი დღით მანქანას გერმანელ ნიკო ჰულკენბერგს ჩააბარებს, ერთი დღით კი ბოლიდზე ფორმულა 2-ის ესპანელ ჩემპიონ ენდი სოუჩეკს დასვამს.
სრულფასოვანი წინასასეზონო ტესტები კი, რომელთა დროსაც პილოტებს ახალი ტექნიკის გამოცდის და მისი სრულყოფისთვის მუშაობის საშუალება მიეცემათ, თებერვალში დაიწყება. ტესტების დღეებად უკვე გამოყოფილია 1-3, 10-13, 16-19 და 25-28 თებერვალი. ტესტების 15 დღის განმავლობაში, თითო გუნდს 15 000 კილომეტრის გავლის უფლება აქვს. ამასთან, ჩემპიონატის მონაწილეებს ტრასის თავისი სურვილისამებრ არჩევის უფლება აქვთ. თუმცა, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ მათი უმეტესობა ტექნიკის გამოსაცდელად ბარსელონას, ხერესს (ორივე ესპანეთი) და პორტიმაუს (პორტუგალია) აირჩევს.
”მერსედესის” ძრავები 2009 წლის სეზონში
Mercedes-Benz F1
9 ნოემბერიფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის გასული სეზონი ძალიან წარმატებული იყო ”მერსედეს-ბენცის” ძრავებისთვის. ჯერ ერთი, ამ ძრავით (FO 108W) აღჭურვილმა მანქანამ და მისმა პილოტმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს. მეორეც, ამ ძრავებით მოასპარეზე სამი გუნდის (ბრაუნი, მაკლარენი და ფორს ინდია) პილოტებმა 17-დან 10 ეტაპი მოიგეს. და ეგ კიდევ არ არის ყველაფერი.
თუ ათი გამარჯვება მხოლოდ ორ გუნდზე - ”ბრაუნსა” და ”მაკლარენზე” მოდის, ამდენივე პოულის მოპოვებაში მათ ინდური საჯინიბოც დაეხმარა. ამ ათიდან ერთი პოული ”ფორს ინდიას” ჯანკარლო ფიზიკელაზეა, ოთხი ”მაკლარენის” ლუის ჰამილტონზე, ”ბრაუნის” ხუთი პოულიდან კი ოთხი ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა მოიპოვა, ერთი კი - რუბენს ბარიკელომ.
რაც შეეხება გამარჯვებებს, აქ ბატონს ვერავის შეედრება - ჩემპიონი ექვსჯერ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, ჰამილტონმა და ბარიკელომ კი ეს ორ-ორჯერ შეძლეს.
მერსედესისძრავიანი მანქანებით მოასპარეზე ექვს პილოტზე, გასულ ჩემპიონატში სულ დარიცხული ქულების თითქმის 40 პროცენტი მოდის - 604.5-დან ისინი256 ქულას დაეუფლნენ. ამ მხრივ, მეორეზე რენოსძრავიანი ბოლიდებია (სულ ოთხი), რომლებმაც 178.5 ქულას მოუყარეს თავი.
ამ ექვსიდან ხუთი პილოტი, 17 რბოლიდან 15-ში, პელოტონს სათავეში მცირე ხნით მაინც ედგა. სულ 17 ეტაპზე 988 წრე მოდის, რომელთა 60 პროცენტს (593 წრე) ”სამქიმიანი” ემბლემით დამშვენებული ძრავებით მოასპარეზენი ლიდერობდნენ.
ბატონის ტიტული ”მერსედეს-ბენცისთვის” სულ მეექვსეა. აქედან ორი ლეგენდარულმა არგენტინელმა ხუან მანუელ ფანხიომ მოიპოვა(1954 და 1955 წლებში), ორი ფინელი მიკა ჰაკინენის (1998, 1999) ანგარიშზეა, თითო კი ჰამილტონმა და ბატონმა მოიპოვეს.
”მერსედეს-ბენცს” სულ 18 სეზონში (1954, 1955, 1994-2009) აქვს მონაწილეობა მიღებული და მათგან 33 პროცენთში ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. შედარებისთვის, ”ფერარი” ყველა, 60-ვე ჩემპიონატში გამოვიდა და მათში 16 ტიტულს დაეუფლა, რაც საერთო რიცხვის დაახლოებით 26.6 პროცენტია.

ძრავები კვარცხლბეკები
მერსედესი 41%
რენო 33%
ფერარი 12%
ტოიოტა 10%
BMW ზაუბერი 4%

ძრავები გამარჯვებები
მერსედესი 59%
რენო 35%
ფერარი 6%
ტოიოტა 0%
BMW ზაუბერი 0%

ძრავები ქულები
მერსედესი 40%
რენო 28%
ტოიოტა 15%
ფერარი 12%
BMW ზაუბერი 5%

Saturday, November 7, 2009

რაიკონენმა შეიძლება დაისვენოს
Kimi Raikkonen
7 ნოემბერიგერმანული გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტი” გვატყობინებს, რომ შესაძლოა, კიმი რაიკონენმა ”მაკლარენთან” კონტრაქტი არ გააფორმოს და ერთწლიანი პაუზაც კი აიღოს. მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რაიკონენმა განაცხადა, რომ ფ1-ში თავის მომავალს მხოლოდ ”მაკლარენთან” ერთად ხედავს. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, მან ინგლისურ გუნდთან მოლაპარაკება დროებით შეაჩერა.
გერმანული ჟურნალის ინფორმაციით, ”მაკლარენი” მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს სეზონში ხელფასად 5 მილიონ დოლარს პირდება. არადა, გასულ სეზონში, რომელიც ”ფერარიში” გაატარა, ფინელ პილოტს ყველაზე მაღალი ანაზღაურება (45 მილიონი დოლარი) ჰქონდა. მაგრამ აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ კიმი ფულს იტალიური გუნდისგანაც აიღებს, რომელმაც მას კონტრაქტი ვადაზე ადრე შეუწყვიტა.
რაიკონენის მენეჯერი სტივ რობერტსონი ”მაკლარენისგან” მოითხოვს, რომ ფინელს ისეთივე ხელფასი დაუნიშნოს, როგორიც მას ”სკუდერიაში” ჰქონდა. გარდა ამისა, კიმი მეტ თავისუფლებასა და სპონსორებთან მუშაობის ვალდებულებათა შემცირებასაც მოითხოვს. რობერტსონის თქმით, ამ პირობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაიკონენი სეზონს გამოტოვებს.
სეზონის გამოტოვებას აზრი აქვს, თუ ფინანსურ ასპექტებს გავითვალისწინებთ. მაგალითად, თუ რაიკონენი რომელიმე გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს, ”ფერარი” მასთან დადებული კონტრაქტის პირობების ასანაზღაურებლად, 10 მილიონ დოლარს გადაუხდის. თუ უგუნდოდ დარჩება, კომპანსაცია 17 მილიონი იქნება.
თავის მხრივ, სათადარიგო გეგმა გააჩნია ”მაკლარენს”, რომელიც ნიკ ჰაიდფელდთან კონტრაქტის გაფორმებაზეც ფიქრობს. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ჰაიდფელდი ისევ ”ზაუბერმა” მიიწვიოს, რომელსაც ფ1-დან ”ტოიოტას” წასვლის შემდეგ, დიდი პრიზების ცირკში დარჩენის რეალური შანსი გაუჩნდა. ასე რომ, თუ ”მაკლარენში” არ იჩქარეს, შეიძლება ჰაიდფელდის ფასი გაიზარდოს.
თუმცა, ”მაკლარენისთვის” ყველაზე სასურველი მაინც რაიკონენია, რადგან მას გამარჯვებისთვის ბრძოლა შეუძლია, ჰაიდფელდთან ერთად კი ”ფერარის”, ”ბრაუნის” და ”რედ ბულის” წყვილებთან, მარტო ლუის ჰამილტონის იმედად გამკლავება ძალიან ძნელი იქნება.
როს ბრაუნი - ბრუნო სენა წარმატებული იქნება
Bruno Senna
7 ნოემბერი”ბრაუნ GP-ს” შეფი როს ბრაუნივარაუდობს, რომ ლეგენდარული აირტონ სენას დისშვილი ბრუნო სენა ფორმულა 1-ში წარმატებული იქნება. ამ სეზონის დაწყებამდე, ბრუნოს ”ბრაუნში” მოხვედრის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ გუნდის შეფმა არჩევანი გამოცდილსა და გამარჯვების გემოს მცოდნე რუბენს ბარიკელოზე შეაჩერა.
”ბრუნომ ჩემზე ძალიან კარგი ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ვფიქრობ, ტესტებზე მან ჩვენთან ძალიან კარგად იმუშავა და რა თქმა უნდა, გუნდში მოხვედრის კარგი შანსიც ჰქონდა. მაგრამ მაშინ ჯერ არ იყო გადაწყვეტილი, მოვიწვევდით თუ არა ახალ პილოტს. ჩემი აზრით, ”კამპოსში” ყოფნისას, მას თავის შესაძლებლობათა გამოვლენის კარგი შანსი ექნება. მე ძალიან მაინტერესებს, რას შეძლებს პირველ სეზონში. მას ისეთი გვარი აქვს, რომ ვალდებულია, კარგი შედეგები ჰქონდეს”, - ამბობს ბრაუნი.
ის ასევე თვლის, რომ სენასთვის დიდი მნიშვნელობა სეზონისწინა სამზადისს ექნება: ”ახალგაზრდა პილოტების უმეტესობა საქმეს ძალიან სერიოზულად უდგება. ისინი ფიზიკურადაც ინტენსიურად ვარჯიშობენ და არც სიმულატორებზე რბოლებს თაკილობენ. ბრუნოს კი ტრასაზე ბევრი ვარჯიშიც დასჭირდება. ზამთრის ტესტების დროს, მან უნდა აღიდგინოს სარბოლ ავტომობილთან ურთიერთობის ჩვევები, რაც ერთწლიანი პაუზის გამო, ნაწილობრივ მივიწყებული ექნება. მაგალითად, მიხაელ შუმახერი კარტინგში ბევრს ვარჯიშობდა. კარტინგი რეფლექსებს ავარჯიშებს და ოსტატობის დახვეწაში გეხმარება”.
ცნობისათვის, წლევანდელი სეზონის დასაწყისში, როდესაც ”ბრაუნმა” გუნდში მიღებაზე უარი უთხრა, სენამ სერია GP2-ში გამოსვლის გაგრძელებაზე უარი თქვა და ტურიზმის კლასის გერმანიის ჩემპიონატის (DTM) გუნდების შემოთავაზებებიც უარყო. სამაგიეროდ, მან საკუთარი შესაძლებლობები ლე მანის სერიის რბოლებში მოსინჯა და ლე მანის ლეგენდარულ რბოლაში, ფრანგული ”ორეკას” სპორტული პროტოტიპით იასპარეზა.

Friday, November 6, 2009

”უილიამსი” ”კოსუორტის” იმედზეა
Williams optimistic over Cosworth
6 ნოემბერი”უილიამსის” ტექნიკური დირექტორი სემ მაიკლი დარწმუნებულია, რომ ინგლისური კომპანია ”კოსუორტი” მომავალი სეზონისთვის კონკურენტუნარიან ძრავს მოამზადებს, რაც მის გუნდს კარგი შედეგების მიღწევაში დაეხმარება.
”უილიამსი” ბოლო სამ სეზონში ”ტოიოტას” ძრავებით ასპარეზობდა, მერმისიდან კი ფორმულა 1-ში დაბრუნებული ”კოსუორტის” პარტნიორი ხდება. უკვე სამი წელია, რაც ინგლისური კომპანია მსოფლიო ჩემპიონატებში აღარ მონაწილეობს, თუმცა მაიკლი მაინც იმედოვნებს, რომ გამოცდილი შტატის ყოლა ის ბაზისია, რომელიც ”კოსუორტს” მძლავრი და გამძლე ძრავების შექმნაში დაეხმარება.
”რა თქმა უნდა, სანამ ტრასაზე გავიდოდეთ, ვერ გავიგებთ, რამდენად კონკურენტუნარანი ძრავები გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება მოწინავეთა შორის ყოფნა. ძრავების რეგლამენტის გაყინვა კი იმედს გვაძლევს, რომ მომავალ სეზონში კარგი ძრავები გვექნება. თანაბარი ძრავების პირობებში კი, აეროდინამიკის წყალობით მოგებული თითო-ოროლა მეათედი წამიც კი გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ გასულ სეზონში რბოლებს ამდენი გამარჯვებული ჰყავდა”, - ამბობს მაიკლი.
”უილიამსმა” უკანასკნელად ”კოსუორტის” ძრავებით 2006 წელს იასპარეზა, რის შემდეგაც ”ტოიოტას” პარტნიორი გახდა. ახლა კი პირიქით ხდება და იაპონურ კომპანიას თავისი ფ1-ის პროგრამა რომც არ შეეჩერებინა, მაინც ასე მოხდებოდა.
ჟურნალ ”ავტოსპორტის” კითხვაზე, რამდენად გამართლებული იყო ისევ ”კოსუორტის” ძრავებზე გადასვლა, მაიკლი პასუხობს: ”ჩვენი სპორტი ძალიან სწრაფად იცვლება. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, აქ ავტომწარმოებლები დომინირებდნენ, ახლა კი სიტუაცია იცვლება. გამართლებული იყო, თუ არა ჩვენი ნაბიჯი? ამას მალე გავიგებთ. ისე, თუ მაშინ ”კოსუორტთან” დავრჩებოდით, საუკეთესო ეს იქნებოდა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო ვარიანტი დამოუკიდებელ კომპანიასთან ურთიერთობაა”.
მაიკლი ასევე დასძენს, რომ ახალ სეზონში მნიშვნელობა ძრავების ეკონომიურობასაც ექნება, რადგან ახალი რეგლამენტით, რბოლისას საწვავის შევსება იკრძალება. მეორე ფაქტორი ძრავის გამძლეობაა. იმ დროს, როდესაც სხვები უზარმაზარ გამოცდილებას აგროვებდნენ, ”კოსურტი” უქმად იყო და ახლა, სასწრაფოდ დაწევა მოუწევს.
”ლოტუსს” გამოცდილი პილოტები სჭირდება
Lotus wants experienced drivers
6 ნოემბერიფორმულა 1-ში დაბრუნებული ”ლოტუსის” ტექნიკური დირექტორი მაიკ გასკოინი ამბობს, რომ მისი გუნდი პილოტების ვინაობას ამ თვის ბოლომდე გამოაცხადებს და დასძენს, რომ დასაწყისისთვის, ის გამოცდილი პილოტების მოწვევას ამჯობინებდა.
ამ ეტაპზე, ”ლოტუსში” იარნო ტრულის კანდიდატურა ყველაზე რეალურია. ამასთან გასკოინი ამბობს, რომ მეორე პილოტიც არანაკლებ გამოცდილი სჭირდება და გამორიცხავს, რომ გუნდი გამოუცდელ ახალბედას, ან თუნდაც პაი პილოტს (პილოტი, რომელიც თვითონ იხდის იმის ფულს, რომ რბოლებში მონაწილეობის უფლება მოიპოვოს) მიიწვევს.
”ამ ეტაპზე, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე გამოცდილი პილოტი ჰყავდეს. პაი მრბოლების, ან ახალბედების მოწვევა შეცდომა იქნება. ახალი გუნდების რაოდენობა იზრდება და მაშასადამე, ჩვენნაირიც უფრო მეტია, ვიდრე თავიდან გვეგონა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრინციპებს გადავუხვევთ - გამოცდილი პილოტები სწრაფი განვითარების წინაპირობაა”, - ამბობს გასკოინი.
ტრულის შესახებ დასმულ კითხვაზე, ”ლოტუსის” ტექნიკური დირექტორი შემდეგს პასუხობს: ”ის იმათტაგანია, რომლებსაც სიამოვნებით მოვიწვევდით. იარნოს ფანტასტიკური ერთი წრის გავლა შეუძლია. ახალი გუნდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნდა იცოდე, რა შეგიძლია კვალიფიკაციაზე. იარნოს კვალიფიკაციებზე ჩვენთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია”.
გასკოინი აბუ დაბიში, გასული ჩემპიონატის ბოლო ეტაპს დაესწრო და იქ მოლაპარაკებები ჟაკ ვილნევთან და კრისტიან კლინთან გამართა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ პილოტების თაობაზე გადაწყვეტილებას გუნდი მალე მიიღებს. ამასთან, დასძენს, რომ მანქანის მზადების პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და ის პირველად თებერვალში გაივლის.
მას ასევე ჰკითხეს, ”ლოტუსი” ახლებში საუკეთესოს სახელის მოსაპოვებლად იბრძოლებს, თუ მიზნები შეიცვალა? ამაზე გასკოინმა უპასუხა: ”ვფიქრობ, ეს ჩვენი მიზანი აღარაა. ახლა იმაზე ვფიქრობთ, რომ დამკვიდრებულ გუნდებს, რაც შეიძლება სწრაფად დავეწიოთ. თუ ეს შევძელით, სეზონი წარმატებული იქნება”.

Thursday, November 5, 2009

ფ1-დან წასვლაზე ”რენოც” ფიქრობს
Renault to decide Formula 1 future
5 ნოემბერიარაა გამორიცხული, რომ მალე ფორმულა 1-ის არენა კიდევ ერთმა ავტომწარმოებელმა - ”რენომ” დატოვოს. ფრანგული კომპანია ამ თემაზე განცხადების გაკეთებას ორი დღის წინ აპირებდა, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან იმ დღეს ეს ”ტოიოტამ” გააკეთა. შემდეგ კი ”რენოს” მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა გადაწყვეტილების მიღება წლის ბოლოსთვის გადადო.
”ცოტა ხნით მოთმინება მოგიწევთ. ფორმულა ერთში დარჩენა-არდარჩენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე აუცილებლად მივიღებთ”, - განაცხადა გონმა.
შეგახსენებთ, რომ ”რენომ” 2005 და 2006 წლებში, ესპანელ ფერნანდო ალონსოსთან ერთად, ორჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. მაგრამ ალონსო მერმისიდან ”ფერარიში” გადავა, გუნდი კი რამდენიმე სოლიდურმა სპონსორმა დატოვა. სპონსორების წასვლა კი სინგაპურის შარშანდელ რბოლაზე მომხდარი ჩაწყობილი ავარიის შედეგია, რის გამოც, ფრანგულმა გუნდმა ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მიიღო.
მართალია, დისკვალიფიკაციის მიუხედავად, ”რენომ” საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას დაუდასტურა, რომ ფ1-ში გამოსვლის გაგრძელებას აპირებს, მაგრამ სპონსორების დაკარგვამ, გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა და არაა გამორიცხული, რომ მისი დამოკიდებულება დიდი პრიზების სამყაროსადმი შეიცვალოს.
წელს ფორმულა 1 უკვე სამმა საავტომობილო კომპანიამ - ”ჰონდამ”, ”ბეემვემ” და ”ტოიოტამ” დატოვა. მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ კი საბურავების ერთადერთი მიმწოდებელი ”ბრიჯსტოუნიც” წავა. დიდი კომპანიებიდან, მსოფლიო ჩემპიონატს სემიღა შემორჩა - ”ფერარი”, ”მერსედეს-ბენცი” და ”რენო”. და ახლა, ამ უკანასკნელის დარჩენაც საეჭვო გახდა.
სხვათა შორის, ”რენოს” უკვე კონტრაქტი აქვს გაფორმებული პოლონელ რობერტ კუბიცასთან. ამასთან, ფრანგული კომპანია ძრავებით კონსტრუქტორთა თასის ვიცე ჩემპიონ ”რედ ბულს” ამარაგებს. არაა გამორიცხული, რომ ”რომბებმა” გუნდის ნაწილი გაჰყიდონ, ან გუნდზე უარი თქვან და ძრავების მიწოდება გააგრძელონ. თუმცა, გამორიცხული არც ისაა, რომ ფ1-ზე საერთოდ უარიც თქვან.

Wednesday, November 4, 2009

ფეტელის ერთადერთი მიზანი ტიტულია
Title the only target now, says Vettel
4 ნოემბერისებასტიან ფეტელი იმედოვნებს, რომ მერმის წერტილს დაუსვამს მსოფლიო ჩემპიონატში ბრიტანელთა ორწლიან ბატონობას და ფორმულა 1-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდება. შეგახსენებთ, რომ ფეტელმა ახლახანს დასრულებულ ჩემპიონატში ოთხი რბოლა მოიგო და ვიცე ჩემპიონი გახდა.
”ერთი ნაბიჯიღა სასურველ შედეგამდე როგორც პირად ჩათვლაში, ასევე კონსტრუქტორთა პირველობაზე. ასე რომ, მიზნებთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ არსებობს. ვფიქრობ, ეს ჩვენ ხელგვეწიფება. ამ სეზონში სერიოზულად გავიზარდეთ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენს გუნდს ძალიან კონკურენტუნარიანი მანქანა ჰქონდა. რა თქმა უნდა, მეორე ადგილი ურიგო შედეგი არაა, მაგრამ მერმის ეს აღარ დაგვაკმაყოფილებს და ერთი ნაბიჯით წინ წაწევას ვეცდებით”, - ამბობს ფეტელი.
ცნობისათვის, გერმანელ პილოტს 23 წელი მერმის, ივლისში შეუსრულდება. და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ლუის ჰამილტონი მსოფლიო ჩემპიონი 23 წლის და 301 დღის ასაკში გახდა, გამოდის, რომ ფეტელს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს.
სხვათა შორის, ”რედ ბულის” პილოტს უკვე რამდენიმე მიღწევა აქვს. მაგალითად, ის ყველაზე ახალგაზრდა პილოტია მათ შორის, ვისაც ქულა აუღია, ვინც კვარცხლბეკზე ასულა, ვისაც პოულ პოზიცია და რბოლა მოუგია.
რაც შეეხება მის გუნდს, ”რედ ბულმა” ეს სეზონი ისე დაიწყო, ერთი რბოლაც არ ჰქონდა მოგებული, მაგრამ სეზონის ბოლო სამი ეტაპი მოიგო და კონსტრუქტორთა პირველობაზეც ვიცე ჩემპიონი გახდა. ფეტელი იმედოვნებს, რომ ასეთი მკვეთრი პროგრესი იმის იმედს იძლევა, რომ მისი გუნდი მერმისაც მოწინავეთა შორის იქნება და მას ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.
”გუნდი ბრწყინვალედ მუშაობს. მასში შესანიშნავი ატმოსფეროა შექმნილი. ახლა დასვენების დრო გვაქვს, რათა ყველამ შეძლოს თავისი ოჯახების და მეგობრების მონახულება, დავისვენოთ და მომავალი სეზონისთვის მზადებას შევუდგეთ. ამისთვის ყველა ძალიან მოტივირებულია. ყველა იმაზე ოცნებობს, რომ მერმის სეზონი უკეთესად დავამთავროთ”, - ამბობს ფეტელი, ვინც გასული სეზონის ბოლოს, ჩემპიონ ჯენსონ ბატონს 11 ქულით ჩამორჩა.
ფეტელმა მიხაელ შუმახერთან ერთად, პეკინში მიმდინარე ჩემპიონთა რბოლაში, გერმანიას გამარჯვება მოუპოვეს, რაც გერმანიისთვის ზედიზედ მესამე მსფავსი წარმატებაა. ფინალში მათ ბრიტანელების - ბატონისა და ენდი პრიოლის (გრან ტურიზმოს კლასში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია) წყვილი დაამარცხეს.
შუმახერი: დაბრუნების გადაწყვეტილება ემოციური იყო და არა რაციონალური
Comeback decision was not rational – Schumacher
4 ნოემბერიმსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა განაცხადა, რომ ფორმულა ერთში მისი დაბრუნება ემოციური გადაწყვეტილება იყო და არა რაციონალური.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში მან ”ფერარის” დაშავებული პილოტის, ბრაზილიელი ფელიპე მასას შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ტესტების შემდეგ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა. ამის მიზეზად მან კისრის ტრავმა დაასახელა, რომელიც წლის დასაწყისში, მოტოავარიის დროს მიიღო.
”სინამდვილეში, ეს არ ყოფილა რაციონალური გადაწყვეტილება. ეს ემოციებით ნაკარნახები გადაწყვეტილება იყო. იმ მომენტში ვიფიქრე, რატომაც არა, გავერთობი-მეთქი”, - პეკინში, ჩემპიონთა რბოლაში ასპარეზობის შემდეგ განაცხადა 40 წლის შუმახერმა.
ის დასძენს, რომ ”ფერარის” პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოსთან ერთად, მან კარგად აწონ-დაწონა ყველაფერი, რის შემდეგაც დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
”ლუკასთან საუბრისას ისიც გავითვალისწინეთ, რომ ფელიპე ჩემთვის ძმასავითაა. თავის დროზე, იმიტომ წავედი, რომ მისთვის ტოპ გუნდში დარჩენის და საუკეთესო მანქანით ასპარეზობის საშუალება მიმეცა. მან ეს დაიმსახურა. დაბრუნება სწორედ იმის გამო გადავწყვიტე, რომ დაშავებული ფელიპე იყო. მეც ვთქვი, რატომაც არა, ვცდი-მეთქი”, - დასძენს შუმახერი.
ყოველივეს მიუხედავად, კულუარებში ჯერაც ლაპარაკობენ იმაზე, რომ შუმახერი შეიძლება დაბრუნდეს, თუ მომავალი სეზონის წინ, მასა სრულად გამოჯანმრთელებას ვერ შეძლებს. მაგრამ კითხვაზე, როდის დაბრუნდემა, შუმი მოკლედ პასუხობს - ახლა არა.
”პირელი” ფორმულა 1-ში დაბრუნებას არ აპირებს
Pirelli rules out supplying F1
3 ნოემბერისაბურავების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია ”პირელიმ” უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, 2011 წლიდან, ფორმულა 1-ის გუნდებისთვის საბურავების მიწოდებას აპირებდეს.
”ბრიჯსტოუნმა”, რომელიც 2007 წლის სეზონიდან, ფორმულა 1-ში საბურავების ერთადერთი მიმქოდებელია, ორშაბათს გამოაცხადა, რომ 2010 წლის სეზონის ბოლოს, ფორმულა 1-დატოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ იმის იქით, მსოფლიო ჩემპიონატი ”ფეხსაცმელების” გარეშე რჩება.
შეგახსენებთ, რომ 2006 წლამდე, ფორმულა 1-ის გუნდების ნაწილს რეზინით ფრანგული ”მიშლენიც” ამარაგებდა, მაგრამ ამ კომპანიამ ფორმულა ერთის მიერ გამოცხადებული (საბურავების ერთადერთი მიმწოდებლის სტატუსთან დაკავშირებული) ტენდერი წააგო და მსოფლიო ჩემპიონატიც დატოვა.
”შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი დამოკიდებულება ფ1-ის მიმართ არ შეცვლილა. ”პირელის” ინტერესებში შედის იმ ტიპის სარბოლი საბურავების წარმოება, რომლებსაც ასევე საერთო სარგებლობის გზებზე გამოიყენება. ”პირელი” დღეისათვის სუპერბაიკის, რალის მსოფლიო ჩემპიონატისა და სერია GT2-სთვის ამზადებს საბურავებს”, - ნათქვამია იტალიური კომპანიის განცხადებაში.
”ტოიოტამ” ფორმულა 1 დატოვა
Toyota pulls out of Formula One
4 ნოემბერიმტირალი ტადაში იამაშიმა და აკიო ტოიოდა
.....................................................................................

დღეს ”ტოიოტამ” გამოაცხადა, რომ დაუყოვნებლივ ტოვებს ფორმულა 1-ს. კომპანიის პრეზიდენტმა აკიო ტოიოდამ ტავისი კომპანიის გუნდის ფანებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ იაპონური საჯინიბო დიდი პრიზების არენას გამარჯვების გარეშე ტოვებს.
არადა, 2002 წლის სეზონიდან მოყოლებული, ”ტოიოტა” ფ1-ის გუნდებს შორის ყველაზე დიდი ბიუჯეტით გამოირჩეოდა. წლების განმავლობაში, მისი ბიუჯეტი ნახევარი მილიარდი დოლარის ფარგლებში იყო, გასულ სეზონში კი, 300 მილიონს მიაღწია.
”ეს ძალიან ძნელად მისაღები, თუმცა გარდაუვალი გადაწყვეტილება იყო. შარშანდელს შემდეგ, რაც ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდა, ჩვენ მუდამ იმაზე ვორჭოფობდით, დავრჩენილიყავით, თუ არა ფ1-ში. დღეს კი ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ფორმულა ერთს სრულად ვტოვებთ. აქ აღარც ძრავების მიმწოდებლად დავრჩებით. მინდა, ”ტოიოტას” ფანებს ბიბი ბოდიში მოვუხადო იმისათვის, რომ იმას ვერ მივაღწიეთ, რასაც მიზნად ვისახავდით”, - ნათქვამია ტოიოდას განცხადებაში.
”ტოიოტამ” ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც საავტომობილო ბაზარს მომჯობინება დაეტყო. კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და ისე ჩანს, რომ იაპონური კომპანიის პრობლემებიც მალე ამოიწურება. მაგრამ როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება კომპანიაში რამდენიმე თვის წინ მიიღეს.
კიოლნში ბაზირებული იაპონური გუნდის მსოფლიო ჩემპიონატიდან გასვლა ნიშნავს, რომ ფორმულა 1-ში სულ სამი ავტომწარმოებელი - ”ფერარი”, ”მერსედეს-ბენცი” და ”რენო” რჩება. ამასთან, ჩემპიონატში აღარ დარჩა იაპონური გუნდი. შეგახსენებთ, რომ შარშან ჩემპიონატი ”სუპერ აგურიმ” დატოვა, ამ სეზონის წინ კი მისი ბედი სიდიდით მეორე იაპონურმა ავტომწარმოებელმა ”ჰონდამ” დატოვა.
საერთოდ კი, იაპონური კომპანიები ინტენსიურად ტოვებენ ავტომოტოსპორტს - ”ტოიოტამდე” მსგავსი განცხადება საბურავების მწარმოებელმა ”ბრიჯსტოუნმა” გამოაქვეყნა, ოღონდ ის ფ1-ს მომავალი სეზონის ბოლოს დატოვებს. რალის მსოფლიო ჩემპიონატი დატოვეს ”სუბარუმ” და ”სუზუკიმ”, მოტო გრანპრი კი - ”კავასაკიმ”.
დაკიდევ, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე უარი თქვა იაპონურმა ავტოდრომმა ”ფუძი ინტერნეიშნლ სპიდუეიმ”, რომელსაც იაპონიის დიდი პრიზისთვის მერმის უნდა ემასპინძლა.
”ტოიოტამ”, რომლის გუნდის შეფი ტადაში იამაშიმა პრესკონფერენციაზე თვალცრემლიანი იდგა, ფორმულა ერთში გატარებული 8 სეზონის განმავლობაში, ერთი რბოლის მოგებაც ვერ შეძლო. მისი პილოტები სულ 13-ჯერ ავიდნენ კვარცხლბეკზე და 87 რბოლა ქულებში დაასრულეს.
ჩემპიონატიდან ”ტოიოტას” გასვლა იმის მანიშნებელია, რომ მის ადგილს ფ1-ში ”ბეემვე ზაუბერის” შთამომავალი დაიკავებს, რომელიც ჩემპიონატიდან ბავარიული” კომპანიის გასვლის შემდეგ, უადგილოდ იყო დარჩენილი.

Monday, November 2, 2009

”ბრიჯსტოუნი” ფ1-ს ტოვებს
Bridgestone to halt F1 tyre supply
2 ნოემბერი

”ბრიჯსტოუნმა” გამოაცხადა, რომ ფორმულა 1-ს მომავალი სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს. საბურავებით ჩემპიონატის მონაწილეთა ერთადერთი მომმარაგებელი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ფინანსური კრიზისის გამო არ მიუღია და რომ ფ1-დან წასვლის შემდეგ, თავის ყურადღებას ახალი ტექნოლოგიების და პროდუქციის შემუშავებაზე გადაიტანს.

”ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი რესურსები ახალი ტექნოლოგიებისა და პროდუქციის შექმნაზე მივმართოთ, რაც ჩვენი კომპანიის მიერ შემუშავებული ახალი ბიზნეს სტრატეგიის მოთხოვნაა. არსებობს ჩვენი ბიზნესის სფეროები, რომლებშიც დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ისინი აუთვისებელი გვაქვს. ჰოდა, ამიერიდან სწორედ ამ მიმართულებით ვაპირებთ წასვლას”, - ამბობს ”ბრიჯსტოუნის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი კაორუ ტომიზავა.
”ბრიჯსტოუნი” მეხუთე დიდი იაპონური კომპანიაა, რომელიც ავტომოტოსპორტის არენას ტოვებს. შეგახსენებთ, რომ ამ წლის დასაწყისში ფორმულა 1 მეორე უდიდესმა იაპონურმა ავტომწარმოებელმა ”ჰონდამ” დატოვა. გარდა ამისა, რალის მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობისგან თავი ”სუბარუმ” და ”სუზუკიმ” შეიკავეს, თავისი მოტო GP-ს გუნდი კი ”კავასაკიმ” გააუქმა.
მაგრამ თუ ”ჰონდას”, ”სუზუკის”, ”სუბარუს” და ”კავასაკის” შემთხვევაში, წასვლის მიზეზი ეკონომიკური კრიზისი გახდა, ”ბრიჯსტოუნს” ეს არ ეხება. ტომიზავა ხაზს უსვამს, რომ მისი კომპანიის ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ გენერალური სტრატეგიის შეცვლის შედეგია.
”ბრიჯსტოუნი” ფორმულა 1-ში 1997 წლიდანაა. ორი წლის წინ კი ის საბურავების ერთადერთი მიმწოდებელი გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფ1 დროზე ერთი წლით ადრე ფრანგულმა ”მიშლენმა” მიატოვა.

ბარიკელო და ჰულკენბერგი ”უილიამსში”
Williams
2 ნოემბერი

რუბენს ბარიკელო

............................................


ნიკო ჰულკენბერგი

..........................................

წლევანდელი სეზონის დასრულებისთანავე, ”უილიამსმა” თავისი პილოტების ვინაობა გამოაცხადა. მომავალ წელს მისი ბოლიდებით, ფორმულა 1-ის ყველაზე გამოცდილი პილოტი - ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო და გერმანელი ამომავალი ვარსკვლავი ნიკო ჰულკენბერგი იასპარეზებენ.

”რუბენსს წარდგენა არ სჭირდება. ის არამარტო ყველაზე გამოცდილია დღევანდელ ფ1-ში, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ფიცხი და ნიჭიერი პილოტიცაა, ვინც წლევანდელი ტიტულისთვის ასე თავგამოდებით იბრძოლა. რაც შეეხება ნიკოს, მან GP2-ის ჩემპიონატი სადებიუტო სეზონშივე მოიგო, რაც ბევრის მეტყველია. უფრო ადრე კი მას ფ3-ის ევროსერია, ფორმულა მასტერსი, A1 GP და ფორმულა BMW-ს გერმანიის ჩემპიონატი აქვს მოგებული”, - ნათქვამია გუნდის შეფისა და დამაარსებლის, სერ ფრენკ უილიამსის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბოლო ორი სეზონია, ჰულკენბერგი ”უილიამსის” ტესტ და სარეზერვო პილოტია და იმავდროულად, სხვა სერიებშიც ასპარეზობდა. ინგლისურ გუნდში ის იაპონელ კაზუკი ნაკაძიმას შეცვლის, ვინც განვლილი სეზონი ქულის გარეშე დაასრულა. კაზუკი ფ1-ის ყოფილი პილოტის, სატორუ ნაკაძიმას შვილი და ”ტოიოტას” პროტეჟეა. შეგახსენებთ, რომ ”უილიამსმა” ”ტოიოტასთან” პარტნიორული ურთიერთობა წლევანდელი სეზონის ბოლოს დაასრულა და მერმის ინგლისური კომპანია ”კოსუორტის” ძრავებით ისარგებლებს.
ბარიკელო კი გერმანელი ნიკო როსბერგის ადგილს დაიკავებს, რომელიც ”ბრაუნში” სწორედ მას შეცვლის. როსბერგმა, ვინც მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონის, ფინელი კეკე როსბერგის შვილია, ფრენკ უილიამსის გუნდში სრული ოთხი სეზონი გაატარა.
ბარიკელოს სახით, ”უილიამსს” კვლავ ეყოლება პილოტი, ვისაც რბოლის მოგებისთვის გემო გასინჯული აქვს. ასეთი პილოტი კი ინგლისურ გუნდს 2004 წლის შემდეგ არ ჰყოლია. იმ სეზონში გუნდში კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია და გერმანელი რალფ შუმახერი გამოდიოდნენ.
ბარიკელოსთვის, ვინც ფორმულა 1-ში 1993 წლიდან ასპარეზობს, ”უილიამსი” მეექვსე გუნდია. თავის დროზე, ის ”ჯორდანის” (ახლანდელი ფორს ინდია), ”სტიუარტის” (ახლანდელი რედ ბული), ”ფერარის”, ”ჰონდას” (ახლანდელი ბრაუნი) და ბრაუნის მანქანებით ასპარეზობდა.
”უილიამსის” პილოტებს 2004 წლის შემდეგ ერთი რბოლაც არ მოუგიათ, მაგრამ ბარიკელო იმედოვნებს, რომ სახელოვან გუნდს გამარჯვების გემოს გახსენებაში დაეხმარება და მომავალ სეზონში კვლავ გამარჯვებებისთვის იბრძოლებს.
”დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში კონკურენტუნარიანი მანქანა მექნება. ჩემთვის მთავარი სწორედ ესაა. ძალიან მინდა, გამარჯვებებისთვის მერმისაც ვიბრძოლო. დღეს ”უილიამსი” აღმავლობის გზაზეა და ვიმედოვნებ, ჩემტან ერთად, ის ძველ დიდებას დაიბრუნებს”, - ამბობს ბარიკელო, ვინც 2002 და 2004 წლებში მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი გახდა.
37 წლის ბარიკელო ფორმულა 1-ის ყველა დროის ყველაზე გამოცდილი მრბოლია. მის ანგარიშზე 285 რბოლა და 11 გამარჯვებაა. ”უილიამსთან” კონტრაქტის გაფორმებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმის შანსი, რომ რუბინიუ გახდეს ფ1-ის ისტორიაში პირველი პილოტი, რომელიც 300 რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. მომავალი სეზონის კალენდრის წინასწარი ვარიანტის მიხედვით, მისთვის მე-300 რბოლა სინგაპურის დიდი პრიზი უნდა გახდეს.

Sunday, November 1, 2009

რედ ბულმა” სეზონი დუბლით დახურა

Abu Dhabi Grand Prix

1 ნოემბერი

გამარჯვებულებმა შამპანურის ნაცვლად, გაზიანი წყლის შხაპი მიიღეს

.............................................................................................

”რედ ბულის” და მისი გერმანელი პილოტის, სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა ფორმულა 1-ის 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპი - აბუ დაბის დიდი პრიზი, რომელსაც უახლესმა და ულტრათანამედროვე ავტოდრომმა, იას მარინა ცირკვიტმა უმასპინძლა.

ფეტელმა ფინიშთან 17.8 წამით მიასწრო თავის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს და სეზონში მეოთხე დიდ პრიზს დაეუფლა, რითაც კიდევ უფრო განიმტკიცა ვიცე ჩემპიონის ისედაც განაღდებული წოდება. კვარცხლბეკზე მესამე ადგილი კი მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა დაიკავა.

ფეტელი ფინიშის ხაზზე გამარჯვებას ზეიმობს
...........................................

ბოლო წრეებზე ბატონმა უებერს ცხარე ბრძოლა გაუმართა - რახან ჩემპიონობა განაღდებული ჰქონდა, თავი აღარ დაზოგა,მ მაგრამ ოზმა პილოტმა, ვინც სტარტზე ბატონის ბრაზილიელ თანაგუნდელ რუბენს ბარიკელოს წინა ფრთა დაუზიანა, თავისი პოზიცია დაიცვა, ჩემპიონს ფინიშთან 0.6 წამით მიასწრო და ”რედ ბულს” დუბლი შეასრულებინა. ასეა თუ ისე, იტალიური ეტაპის შემდეგ, ბატონი, ვინც სეზონის პირველი შვიდი რბოლიდან ექვსი მოიგო, პირველად ავიდა კვარცხლბეკზე და ჩემპიონის რანგში პირველად მიიღო შამპანურის (უფრო სწორედ, გაზიანი წყლის) შხაპი.

რაც შეეხება მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონ ლუსი ჰამილტონს, ვინც რბოლა მოწინავე პოზიციიდან დაიწყო, მან რბოლა ვერ დაასრულა, რისი მიზეზიც მუხრუჭების დაზიანება გახდა. პირველი პიტ სტოპის შემდეგ, მან ლიდერობა ისედაც ფეტელს დაუთმო, მაგრამ ერთი წრეც არ გაუვლია, ისევ დაბრუნდა ბოქსში და იქვე დარჩა.

რბოლის შემდეგ ჰამილტონმა განაცხადა, რომ მუხრუჭები თავიდანვე ცუდად მუშაობდა, ყოველი წრის შემდეგ კი მათი გამოყენება სულ უფრო ძნელდებოდა. ”მუხრუჭებში პრობლემა წარმოიქმნა. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მიჭირდა დამუხრუჭება. ბორბლები სულ იჭედებოდა. მანქანის მართვა ასე ჯერ არ გამჭირვებია. საწყენია, რადგან ამ დღეებში მანქანა ძალიან კარგად მუშაობდა. მთელი სეზონის განმავლობაში, მუხრუჭებს ჯერ არ გავუწვალებივარ. ახლა კი ასეთი რამ მოხდა”, - განაცხადა ჰამილტონმა.

სეზონის ბოლო რბოლა შესანიშნავად ჩაატარა იაპონელმა კამუი კობაიაშიმ, ვინც ”ტოიოტაში” ტრავმირებული გერმანელი ტიმო გლოკის ადგილი დაიკავა. მან ერთ მომენტში, თავგამოდებით შეუტია ბოქსიდან ტრასაზე დაბრუნებულ ბეტონს და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონი გზის დათმობას არ აპირებდა, საკმაოდ რისკიანი მანევრით, ის მაინც უკან მოიტოვა. საბოლოოდ კი მეექვსე ადგილს დასჯერდა და კარიერაში პირველი სამი ქულაც მიიღო.

სავარაუდოა, რომ კობაიაში მერმის ”ტოიოტას” საპრიზო პილოტი გახდება და ნურც იმას გაიკვირვებთ, თუ მას მალე ტოპ პილოტებს შორისაც ვიხილავთ. ყოველ შემთხვევაში, ამომავალი მზის ქვეყანას ასეთი დებიუტანტი ჯერ არ ჰყოლია.

ჰამილტონის წარუმატებლობის მიუხედავად, მისმა ”მაკლარენმა” კონსტრუქტორთა პირველობაზე მაინც მესამე ადგილი შეინარჩუნა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ რბოლა უქულოდ დაასრულეს ინგლისური გუნდის კონკურენტი ”ფერარის” პილოტებმა - კიმი რაიკონენმა და ჯანკარლო ფიზიკელამ. უქულოდ დარჩა ჰამილტონის თანაგუნდელი ჰეიკი კოვალაინენიც, თუმცა მისი ქულები მის გუნდს აღარც დასჭირვებია. საბოლოოდ, ”მაკლარენმა” ”აკუდერია” სულ რაღაც ერთი ქულით ჩამოიტოვა.

აბუ დაბის დიდი პრიზი

აბუ დაბი. იას მარინა ცირკვიტი. დისტანცია 305.470 კმ (5.554 კმ - 55 წრე)

პილოტი, ქვეყანა, გუნდი დრო/ჩამორჩენა

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:34:03.314

2. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) + 17.857

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) + 18.467

4. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) + 22.735

5. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) + 26.253

6. კამუი კობაიაში (იაპონია, ტოიოტა) + 28.343

7. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) + 34.366

8. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) + 41.294

9. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) + 45.941

10. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) + 48.180

11. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) + 52.798

12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) + 54.317

13. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) + 59.839

14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) + 1:09.687

15. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) + 1:34.450

16. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) + 1 წრე

17. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) + 1 წრე

18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) + 1 წრე

უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი 1:40.279 (54-ე წრე)

რბოლას გამოეთიშნენ

პილოტი, ქვეყანა, გუნდი მიზეზი/წრე

ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) მუხრუჭები/21

ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) -/19

პილოტთა საბოლოო კლასიფიკაცია

1. ჯენსონ ბატონი - 95 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 84; 3. რუბენს ბარიკელო - 77; 
4. მარკ უებერი - 69.5; 5. ლუის ჰამილტონი - 49; 6. კიმი რაიკონენი - 48; 
7. ნიკო როსბერგი - 34.5; 8. იარნო ტრული - 32.5; 9. ფერნანდო ალონსო - 26; 
10. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) – 24; 11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) – 22; 
12. ჰეიკი კოვალაინენი - 22; 13. ნიკ ჰაიდფელდი - 19; 14. რობერტ კუბიცა - 17; 
15. ჯანკარლო ფიზიკელა - 8 *; 16. სებასტიან ბუემი - 6; 17. ადრიან სუტილი - 5; 
18. კამუი კობაიაში - 3; 19. სებასტიან ბურდე (საფრანგეთი, ტორო როსო) – 2; 
20. კაზუკი ნაკაძიმა - 0; 21. ნელსონ პიკე (ბრაზილია, რენო) – 0; 22. ვიტანტონიო ლიუცი - 0; 
23. რომენ გროჟანი - 0; 24. ხაიმე ალგერსუარი - 0; 25. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) - 0
* ფიზიკელამ რვავე ქულა ”ფორს ინდიას” მანქანით მოიპოვა
კონსტრუქტორთა პირველობა
1. ბრაუნ-მერსედესი - 172 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 153.5; 3. მაკლარენ-მერსედესი - 71; 
4. ფერარი - 70; 5. ტოიოტა - 59.5; 6. ბეემვე ზაუბერი - 36; 7. უილიამს-ტოიოტა - 34.5; 
8. რენო - 26; 9. ფორს ინდია-მერსედესი - 13; 10. ტორო როსო-ფერარი - 8