ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, November 2, 2009

ბარიკელო და ჰულკენბერგი ”უილიამსში”
Williams
2 ნოემბერი

რუბენს ბარიკელო

............................................


ნიკო ჰულკენბერგი

..........................................

წლევანდელი სეზონის დასრულებისთანავე, ”უილიამსმა” თავისი პილოტების ვინაობა გამოაცხადა. მომავალ წელს მისი ბოლიდებით, ფორმულა 1-ის ყველაზე გამოცდილი პილოტი - ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო და გერმანელი ამომავალი ვარსკვლავი ნიკო ჰულკენბერგი იასპარეზებენ.

”რუბენსს წარდგენა არ სჭირდება. ის არამარტო ყველაზე გამოცდილია დღევანდელ ფ1-ში, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ფიცხი და ნიჭიერი პილოტიცაა, ვინც წლევანდელი ტიტულისთვის ასე თავგამოდებით იბრძოლა. რაც შეეხება ნიკოს, მან GP2-ის ჩემპიონატი სადებიუტო სეზონშივე მოიგო, რაც ბევრის მეტყველია. უფრო ადრე კი მას ფ3-ის ევროსერია, ფორმულა მასტერსი, A1 GP და ფორმულა BMW-ს გერმანიის ჩემპიონატი აქვს მოგებული”, - ნათქვამია გუნდის შეფისა და დამაარსებლის, სერ ფრენკ უილიამსის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბოლო ორი სეზონია, ჰულკენბერგი ”უილიამსის” ტესტ და სარეზერვო პილოტია და იმავდროულად, სხვა სერიებშიც ასპარეზობდა. ინგლისურ გუნდში ის იაპონელ კაზუკი ნაკაძიმას შეცვლის, ვინც განვლილი სეზონი ქულის გარეშე დაასრულა. კაზუკი ფ1-ის ყოფილი პილოტის, სატორუ ნაკაძიმას შვილი და ”ტოიოტას” პროტეჟეა. შეგახსენებთ, რომ ”უილიამსმა” ”ტოიოტასთან” პარტნიორული ურთიერთობა წლევანდელი სეზონის ბოლოს დაასრულა და მერმის ინგლისური კომპანია ”კოსუორტის” ძრავებით ისარგებლებს.
ბარიკელო კი გერმანელი ნიკო როსბერგის ადგილს დაიკავებს, რომელიც ”ბრაუნში” სწორედ მას შეცვლის. როსბერგმა, ვინც მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონის, ფინელი კეკე როსბერგის შვილია, ფრენკ უილიამსის გუნდში სრული ოთხი სეზონი გაატარა.
ბარიკელოს სახით, ”უილიამსს” კვლავ ეყოლება პილოტი, ვისაც რბოლის მოგებისთვის გემო გასინჯული აქვს. ასეთი პილოტი კი ინგლისურ გუნდს 2004 წლის შემდეგ არ ჰყოლია. იმ სეზონში გუნდში კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია და გერმანელი რალფ შუმახერი გამოდიოდნენ.
ბარიკელოსთვის, ვინც ფორმულა 1-ში 1993 წლიდან ასპარეზობს, ”უილიამსი” მეექვსე გუნდია. თავის დროზე, ის ”ჯორდანის” (ახლანდელი ფორს ინდია), ”სტიუარტის” (ახლანდელი რედ ბული), ”ფერარის”, ”ჰონდას” (ახლანდელი ბრაუნი) და ბრაუნის მანქანებით ასპარეზობდა.
”უილიამსის” პილოტებს 2004 წლის შემდეგ ერთი რბოლაც არ მოუგიათ, მაგრამ ბარიკელო იმედოვნებს, რომ სახელოვან გუნდს გამარჯვების გემოს გახსენებაში დაეხმარება და მომავალ სეზონში კვლავ გამარჯვებებისთვის იბრძოლებს.
”დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში კონკურენტუნარიანი მანქანა მექნება. ჩემთვის მთავარი სწორედ ესაა. ძალიან მინდა, გამარჯვებებისთვის მერმისაც ვიბრძოლო. დღეს ”უილიამსი” აღმავლობის გზაზეა და ვიმედოვნებ, ჩემტან ერთად, ის ძველ დიდებას დაიბრუნებს”, - ამბობს ბარიკელო, ვინც 2002 და 2004 წლებში მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი გახდა.
37 წლის ბარიკელო ფორმულა 1-ის ყველა დროის ყველაზე გამოცდილი მრბოლია. მის ანგარიშზე 285 რბოლა და 11 გამარჯვებაა. ”უილიამსთან” კონტრაქტის გაფორმებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმის შანსი, რომ რუბინიუ გახდეს ფ1-ის ისტორიაში პირველი პილოტი, რომელიც 300 რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. მომავალი სეზონის კალენდრის წინასწარი ვარიანტის მიხედვით, მისთვის მე-300 რბოლა სინგაპურის დიდი პრიზი უნდა გახდეს.

No comments:

Post a Comment