ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, November 18, 2009

რაიკონენმა ერთწლიანი შვებულება აიღო
Raikkonen to take year out of Formula One
18 ნოემბერიკიმი რაიკონენი მომდევნო სეზონს გამოტოვებს. ამის შესახებ, დღეს მისმა მენეჯერმა, სტივ რობერტსონმა განაცხადა, რომლის თქმითაც, ფინელმა პილოტმა ”მაკლარენთან” შეთანხმებას ვერ მიაღწია.
”ჩვენ თავიდანვე განვსაზღვრეთ - ან ”მაკლარენი”, ან არაფერი. კიმიმ და ”მაკლარენმა” შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ასე რომ, მომდევნო სეზონში ის ფორმულა 1-ში არ იასპარეზებს”, - ფინურ გაზეთ ”ტურუნ სანომატთან” საუბრისას განაცხადა რობერტსონმა.
ამგვარად, კიდევ უფრო გაიზარდა იმის შანსი, რომ მომავალ სეზონში, ”მაკლარენში” მსოფლიოს ჩემპიონ ჯენსონ ბატონს ვიხილავთ. ბატონს ”ბრაუნში” (ახლა უკვე მერსედეს-ბენცში) დარჩენა სურდა, მაგრამ იქ იმ ხელფასის მხოლოდ ნახევარს სთავაზობენ, რაც თვითონ მოითხოვა და ამიტომ, ”მაკლარენში” მისი გადასვლა რეალური გახდა. ბრიტანული ”დეილი მეილი” გვატყობინებს, რომ ბატონი და ”მაკლარენი” სამწლიან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებენ.
რაიკონენმა ”მაკლარენში” ხუთი სეზონი გაატარა, 2006 წელს კი ”ფერარიში” გადავიდა, რომლის მანქანითაც 2007 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს, სწორედ ”მაკლარენის” პილოტებთან - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოსთან და ახალბედა ლუის ჰამილტონთან ჭიდილში დაეუფლა.
ფინელ პილოტს ”ფერარისთან” კონტრაქტი მომავალი სეზონისთვისაც ჰქონდა, მაგტამ ”სკუდერიამ” ეს კონტრაქტი გამოისყიდა და მის ადგილზე ალონსო მიიწვია.
როგორც კი ”ფერარისგან” გათავისუფლდა, რაიკონენმა განაცხადა, რომ ტოპ გუნდის გარდა, არსად გადასვლას არ აპირებდა. ამასთან, მაქსიმალურ თავისუფლებასაც მოითხოვდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას რალის რბოლებში გამოსვლებიც სურდა. შეგახსენებთ, რომ 30 წლის პილოტმა, ვისი მოტივაციაც, გაჩემპიონების შემდეგ, არაერთხელ გახდა პრესის მსჯელობის საგანი, შარშან რალის მსოფლიო ჩემპიონატის ფინურ ეტაპზე იასპარეზა. გარდა ამისა, სამ ისეთ რალიზეც გამოვიდა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში არ შედიოდა.
უკომპრომისო და დროსტარების მოყვარული რაიკონენი, ფორმულა 1-ის ფანებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სამაგიეროდ, მედიისა და სპონსორული აქტივობებისადმი ის ნაკლებ ყურადღებას იჩენს და აქედან გამომდინარე, გუნდებს გარკვეულ პრობლემებს უქმნის. თუმცა, რობერტსონი დასძენს, რომ ”აისმენი” ფორმულა 1-ის გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს.
”კიმი კვლავ რბოლებით სულდგმულობს. მას საჩემპიონო ამბიციები არ განელებია. ამ თვალსაზრისით, ერთწლიანი შვებულება არაფერს ნიშნავს. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მომავალი სეზონის შემდეგ, მისთვის რომელიმე ტოპ გუნდში გამოჩნდეს ადგილი, რათა გამარჯვებებისთვის და ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეძლოს. სხვა შემთხვევაში, მისთვის დაბრუნებას აზრი არ ექნება”, - ამბობს რობერტსონი.
რაიკონენიც აღიარებს, რომ მას მხოლოდ ტოპ გუნდში გადასვლა სურდა, რამაც მისი არჩევანი ძლიერ შეზღუდა. ”თუ ფორმულა ერთში დარჩენას გადავწყვეტ, არაფრით არ გადავალ პატარა გუნდებში, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას ვერ მომცემენ. ტოპ გუნდის გარეშე, ჩემი აქ დარჩენის მიზეზს ვერ ვხედავ. ბოლოს და ბოლოს, მე იმას უკვე მივაღწიე, რაც მსურდა”, - ერთი თვის წინ განაცხადა რაიკონენმა.
”მაკლარენისა” და ”ფერარის” გარდა, ახლანდელ ფორმულა 1-ში ტოპ გუნდი კიდევ ორია - ”რედ ბული” და ”მერსედეს-ბენცი”. პირველს ორივე ადგილი შევსებული აქვს - მერმისაც მისი მანქანებით სებასტიან ფეტელი და მარკ უებერი იასპარეზებენ. რაც შეეხება ”მერსედეს-ბენცს”, ეს გუნდი, მის წინამორბედ ”ბრაუნის” მსგავსად, მფლანგველობას არ აპირებს და ამდენად, რაიკონენის სახელფასო აპეტიტსაც ვერ დააკმაყოფილებს. ერთი თვის წინ, ფინელ პილოტს სოლიდური ხელფასი ”ტოიოტამ” შესთავაზა, მაგრამ სულ ახლახანს, იაპონურმა გუნდმა თავისი ფ1-ის პროგრამა შეაჩერა.
ერთი წლის შემდეგ, ტოპ გუნდებიდან, ვალანსია შეიძლება მხოლოდ ”რედ ბულში” გამოჩნდეს, რომელთანაც, მომავალი სეზონის შემდეგ, კონტრაქტი უებერს დაუმთავრდება. ჰოდა, არაა გამორიცხული, რომ დიდი პრიზების ცირკში დაბრუნებულმა ”აისმენმა” სწორედ ”წითელი ხარების” გუნდში გადასვლა გადაწყვიტოს.
ცნობისათვის, ფორმულა ერთში სულ ორი შემთხვევა არსებობს იმისა, რომ ჩემპიონს კარიერა დროებით შეეწყვიტოს, დაბრუნების შემდეგ კი კვლავ მოეპოვებინოს ტიტული: ფრანგმა ალენ პროსტმა 1991 წელს ”ფერარისთან” კონტრაქტი დაასრულა, შემდეგი სეზონი სრულად გამოტოვა. შემდეგ კი ”უილიამსში” გადავიდა და მეოთხე ტიტულსაც დაეუფლა.
ავსტრიელმა ნიკი ლაუდამ, 1979 წელს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის რანგში დაასრულა კარიერა, თუმცა 1982 წელს დაბრუნდა, 1984 წელს კი მესამე ტიტული ”მაკლარენის” მანქანით მოიპოვა.

No comments:

Post a Comment