ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, October 10, 2010

ფეტელმა მოიგო და საჩემპიონო ბრძოლას დაუბრუნდა

10 ოქტომბერი

ფეტელი ამ სეზონში მოპოვებულ მესამე გამარჯვებას ზეიმობს
..............................

მართალია, ფორმულა 1-ის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ სამი ეტაპი დარჩა, მაგრამ ისე ეტყობა, რომ საჩემპიონო რბოლას უკვე გამოეთიშა ”მაკლარენის” ორივე პილოტი - იაპონიის დიდი პრიზის შემდეგ, ლუის ჰამილტონი, ვინც სულ ერთი თვის წინ, ჩემპიონატის ლიდერი იყო, 28 ქულას აგებს ახლანდელ ლიდერთან, ავსტრალიელ მარკ უებერთან. ჰამილტონის თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი კი კიდევ უფრო უკანაა.


შუმახერი და როსბერგი (სურათზე აქეთაა) მოსახვევში იბრძვიან
..............................

იაპონიის სუზუკას ტრასაზე ”რედ ბულის” პილოტები - გერმანელი სებასტიან ფეტელი და უებერი დომინირებდნენ. მათ პრაქტიკებზეც, კვალიფიკაციასა და რბოლაშიც, პირველი ორი ადგილი არავის დაუთმეს. ამასთან, ყველა შემთხვევაში, ოდნავ უკეთესი გერმანელი პილოტი იყო, რომელმაც იაპონიური რბოლა ზედიზედ მეორედ მოიგო.

კვალიფიკაცია, კოკისპირული წვიმის გამო, შაბათიდან, კვირას დილით ჩატარდა. რბოლის ორგანიზატორებს ძალიან გაუმართლათ, რომ კვირას დილიდანვე გამოიდარა და კვალიფიკაციაცა და დიდი პრიზის რბოლაც მზიან ამინდში ჩატარდა. კვალიფიკაციაზე მეოთხე შედეგი პოლონელ რობერტ კუბიცას ჰქონდა, ვინც ორივე პრაქტიკაზე მესამე იყო. და თითქოს, მას ამ სეზონში საუკეთესო რბოლაც უნდა ჰქონოდა, მითუმეტეს, (ჰამილტონის ჯარიმის გამო) სტარტი მესამე პოზიციიდან აიღო, მწვანე ნიშანზე კი უებერს გაუარა და ფეტელს კვალში ჩაუდგა, მაგრამ მესამე წრეზე მისმა იღბალმა ლიმიტი ამოწურა - კუბიცას მანქანას მარჯვენა უკანა ბორბალი მოსძვრა და პოლონელისთვის რბოლა ტრასის მიღმა დასრულდა...

კუბიცამ (მეორე მანქანა) შესანიშნავი სტარტი აიღო...
..............................

ჰამილტონისთვის კი უიღბლობის მარაგი თურმე ამოწურული არ ყოფილა. პირველივე თავისუფალ პრაქტიკაზე რომ მანქანა დაამტვრია, იმ ავარიაში, როგორც ჩანს, გადაცემათა კოლოფიც დაუზიანდა. მართალია, მეორე პრაქტიკისთვის მანქანის მომზადება მოესწრო, მაგრამ გუნდს ზოგიერთი ახალი ნაწილის სათადარიგო კომპლექტი ადგილზე არ აღმოაჩნდა, რისთვისაც სასწრაფოდ ინგლისში წარმომადგენელი გაიგზავნა. მოკლედ, ”მაკლარენს” რბოლის წინ უძილო ღამე ჰქონდა, რისი შედეგიც ის იყო, რომ ჰამილტონმა კვალიფიკაცია მესამე ადგილზე დაასრულა, თუმცა იმის გამო, რომ კოლოფი ვადაზე ადრე შეუცვალეს, სტარტზე ხუთი ადგილით უკან დადგა.

სუზუკას ტრასა ძალიან საინტერესო და რთულია, მაგრამ ლიდერებს შორის მხოლოდ პოზიციური ბრძოლა გაიმართა. ჯენსონ ბატონმა მცდარი ტაქტიკა აირჩია - რბოლა ხისტი საბურავებით დაიწყო და თითქოს, ისინი რბოლის მიწურულს მათი შეცვლით, გარკვეული უპირატესობა უნდა მიეღო, მაგრამ ასე არ მოხდა. პიტ სტოპიდან ტრასაზე დაბრუნებულს, წინ ჰამილტონი დაუხვდა, თუმცა ამას მალე კოლოფში მესამე საფეხური დაუზიანდა, რის გამოც, მაღალი ტემპი ვერ შეინარჩუნა და წინ თანაგინდელი გაატარა. გვიანმა პიტ სტოპმა ბატონს მხოლოდ ის მისცა, რომ შუა რბოლაში, რამდენიმე წრის განმავლობაში, ლიდერი იყო.

პეტროვის ავარია მომძვრალმა ბორბალმა განაპირობა

.....

.....

.....

.....

.....

.....

რაც შეეხება ფერნანდო ალონსოს, მან რბოლა მესამე ადგილზე ისე დაასრულა, წინ არც არავინ გაუშვია და თავადაც არავისთვის გაუსწრია. სტარტიდან ფინიშამდე კი ”რედ ბულებს” კვალში ედგა, თუმცა მათზე იერიშის მიტანის შანსი ერთხელაც არ მისცემია.

ფეტელმა კი მეორე ისეთი რბოლა მოიგო, რომელიც პოულ პოზიციიდან დაიწყო. სულ კი ამ სეზონში ეს მისი მესამე, კარიერაში კი მერვე გამარჯვებაა. სხვათა შორის, განვლილ 16 ეტაპიდან, ფეტელმა რვის პოულის მოპოვება შეძლო, თუმცა აქედან მხოლოდ ორ შემთხვევაში გაიმარჯვა, ერთი გამარჯვება კი სხვისი პოულისას იზეიმა.

”ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, ეს პირველი დიდი პრიზია, რომელიც ორჯერ მოვიგე. ასე რომ, შემიძლია ვთქვა, ამ ტრასაზე განსაკუთრებით შეყვარებული ვარ”, - განაცხადა ფეტელმა, ვინც სულ მესამე პილოტია, რომელმაც სუზუკაზე ზედიზედ ორ სეზონში იზეიმა გამარჯვება. აქამდე ეს მიღწევა მხოლოდ მიკა ჰაკინენს და მიხაელ შუმახერს ჰქონდათ. სხვათა შორის, შუმახერს იაპონიის ექვსი დიდი პრიზი აქვს მოპოვებული.

თავისი მეორე ადგილით, უებერიც კმაყოფილი დარჩა. რატომაც არა, მან ხომ ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა - თუ იაპონიამდე, უახლოეს მდევარ ალონსოს 11 ქულას უგებდა, ახლა იმავე ალონსოსთან და ფეტელთან 14 ქულა აშორებს.

”რედ ბულმა” კი კონსტრუქტორთა პირველობაზე განიმტკიცა ლიდერობა. გუნდმა ამ სეზონში მესამე დუბლი შეასრულა, რითაც 426 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარ ”მაკლარენს” 450 ქულით სჯობნის. ”ფერარი” კი ლიდერს 92 ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ რბოლის სტარტი ინციდენტებით მდიდარი აღმოჩნდა. ჯერ რუსმა ვიტალი პეტროვმა სტარტზევე დაკარგა კონტროლი და ჯერ გერმანელ ნიკო ჰულკენბერგს დაეჯახა, შემდეგ კი - კედელს. პირველ მოსახვევში კი ფელიპე მასა და ვიტანტონიო ლიუცი დაეჯახნენ ერთმანეთს და თან ლუკას დი გრასიც გაიყოლეს...

აღსანიშნავია ”მერსედესის” პილოტების - მიხაელ შუმახერისა და ნიკო როსბერგის ბრძოლაც. საბოლოოდ, მსოფლიო შვიდგზის ჩემპიონმა რისკიანი მანევრით გაუარა თანამემამულეს და რბოლა მეექვსემ დაასრულა. შესანიშნავად იასპარეზა იაპონელმა კამუი კობაიაშიმ, ვინც სტარტი მე-14 ადგილიდან აიღო, თუმცა რამდენიმე რისკიანი და კონტაქტური გასწრება მოახერხა და საბოლოოდ, მეშვიდე ადგილს დასჯერდა. მასთან ერთად, ქულებში დაასრულა ასპარეზობა მისმა ახალმა თანაგუნდელმა ნიკ ჰაიდფელდმა, ორივემ ერთად კი ”ზაუბერს” წყვილად პირველად მოუპოვეს ქულები.

იაპონიის დიდი პრიზი

სუზუკა. წრის სიგრძე 5.807 კმ, 53 წრე, დისტანცია 307.471 კმ

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:30:27.323

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) +00:00.905

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:02.721

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:13.522

5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:39.595

6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:59.933

7. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 01:04.038

8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 01:09.648

9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 01:10.846

10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 01:12.806

11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე

12. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1 წრე

13. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 2 წრე

14. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2 წრე

15. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 2 წრე

16. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 3 წრე

17გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 6 წრე

გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 9 წრე

გ. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 51 წრე

გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 53 წრე

გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 53 წრე

გ. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 53 წრე

გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 53 წრე

გ. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 53 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: მარკ უებერი - 1:33.474, 53-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. მარკ უებერი - 220 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 206; 3. სებასტიან ფეტელი - 206; 4. ლუის ჰამილტონი - 192; 5. ჯენსონ ბატონი - 189; 6. ფელიპე მასა - 128; 7. ნიკო როსბერგი - 122; 8. რობერტ კუბიცა - 114; 9. მიხაელ შუმახერი - 54; 10. ადრიან სუტილი - 47; 11. რუბენს ბარიკელო - 41; 12. კამუი კობაიაში - 27; 13. ვიტალი პეტროვი - 19; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 17; 15. ვიტანტონიო ლიუცი - 13; 16. სებასტიან ბუემი - 8; 17. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) - 6; 18. ნიკ ჰაიდფელდი - 4; 19. ხაიმე ალგერსუარი - 3

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 426 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 381; 3. ფერარი - 334; 4. მერსედესი - 176; 5. რენო - 133; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 60; 7. უილიამს-კოსუორტი - 58; 8. ზაუბერ-ფერარი - 37; 9. ტორო როსო-ფერარი - 11

ფეტელი მერვე პოულს დაეუფლა

10 ოქტომბერი

ფეტელი ასპარეზობისას

..............................


იაპონიის დიდი პრიზი

კვალიფიკაციის შედეგები

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:30.785

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:30.853

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:31.169

4. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:31.231

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:31.352

6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:31.378

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:31.494

8. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:31.535

9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:31.559

10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:31.846

- - - -

11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:32.187

12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:32.321

13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:32.422

14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:32.427

15. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:32.659

16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:33.071

17. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:33.154

- - - -

18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:33.568

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:35.346

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:35.464

21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:36.265

22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:36.332

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:37.270

24. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:37.365

Saturday, October 9, 2010

კუბიცა: ”რენოსგან” მეტია მოსალოდენლი

Kubica: More to come from Renault

9 ოქტომბერი

იაპონიის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე რომ ”რედ ბულის” პილოტები ბატონობდნენ, ამაზე უკბე გითხარით. დანარჩენებს შორის რომ საუკეთესო ”რენოს” რობერტ კუბიცა იყო, ამაზეც ითქვა. მაგრამ თურმე ნუ იტყვით, პოლონელი პილოტი თავისი მანქანის მომზადების დონით კმაყოფილი სულაც არაა და ამბობს, თუ ამ მანქანით ასეთი შედეგები მქონდა, უკეთესით რას ვიზამდიო...

”ალბათ ფიქრობთ, რომ მანქანით კმაყოფილი ვიქნები, მაგრამ ასე არაა. არის შემთხვევები, როდესაც მანქანას კარგად ვგრძნობ, მაგრამ ლიდერებისგან ორ წამში ვარ, ხან კი პირიქითაა - მანქანით უკმაყოფილო ვარ და შედეგი კარგი მაქვს. პირველ სექტორში მანქანას აშკარად ჭარბი მოხვევადობა აქვს, რაც ჩემთვის არასასურველია. ამის გამო, პირველ 6, თუ 7 მოსახვევში სასურველ ტრაექტორიაზე სიარული მიჭირს. სწორედ ამის გამო ვამბობ, რომ მანქანით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. არადა, ცხრილის მიხედვით, ამას ვერავინ იტყვის. რამდენიმე რამ გამოსასწორებელი გვაქვს და ვფიქრობ, ამის შემდეგ, უფრო სწრაფიც ვიქნები”, - ამბობს კუბიცა და ასევე ვარაუდობს, რომ თავიანთ შედეგებს აუცილებლად გააუმჯობესებენ ”მაკლარენის” და ”ფერარის” პილოტები.

”რამდენადაც სპაზე კონკურენტულები ვიყავით, ვვარაუდობდით, რომ აქაც კარგი შედეგები გვექნებოდა. ძალიან გაკვირვებული ვარ, მაგრამ აქ ”რედ ბულთან” არც ისე დიდი ჩამორჩენა გვაქვს. შესაძლოა, ეს იმის შედეგია, რომ ზოგიერთი სავსე ავზებით გამოვიდა? ეს კვალიფიკაციაზე, ან რბოლაზე გამოაშკარავდება”, - დასძენს კუბიცა.

კითხვაზე, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ”რენო” წვიმიან ამინდში, პოლონელი პასუხობს: ”ალბათ სველ ტრასაზე მოგვიწევს ასპარეზობა და ეს კითხვა აქტუალურია. სველ რბოლაში ბევრი რამ იღბალზეცაა დამოკიდებული. წინასწარ ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად ძლიერი წვიმა იქნება. თუ დააკვირდებოდით, ზოგი პილოტი სველ ტრასაზე ხან ძალიან კარგად ასპარეზობს, ხან კი - პირიქით. ასე რომ, წინასწარ ძნელი სათქმელია, წვიმაში რამდენად კარგად იასპარეზებ”.

ჰამილტონი შეცვლილი კოლოფის გამო დაჯარიმდა

Hamilton gets gearbox-change penalty

9 ოქტომბერი

ლუის ჰამილტონის საჩემპიონო შანსებს კიდევ ერთი დიდი ზარალი მიადგა - იმის გამო, რომ მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი დაზიანდა და მისი რიგგარეშედ შეცვლა გახდა საჭირო, იაპონიის დიდ პრიზს იმაზე ხუთი პოზიციით უკან დაიწყებს, რომელ სასტარტო ადგილსაც კვალიფიკაციაზე მოიპოვებს.

”მესამე პრაქტიკის წინ, შევნიშნეთ, რომ ლუისის მანქანის კოლოფში ზეთის წნევა ნორმალურ საზღვრებში არ იყო. კვალიფიკაციის წინ, მასში რაღაც შევცვალეთ, მაგრამ კვალიფიკაციის წინ გაირკვა, რომ პრობლემა აღმოუფხვრელი დარჩა. ამიტომ, გადაწყდა, რომ კოლოფი მაინც შეგვეცვალა. ამის შედეგად, ლუისს სასტარტო რიგში ხუთი ადგილით უკან დასწევენ”, - ნათქვამია ”მაკლარენის” ოფიციალურ რელიზში.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის გამო, საკვალიფიკაციო სესია კვირისთვის გადაიტანეს. ის რბოლამდე ხუთი საათით ადრე დაიწყება და ჩვეულებრივი ფორმატით, ანუ სამ ნაწილად ჩატარდება.

რაც შეეხება ჰამილტონის საჩემპიონო შანსებს, ბრიტანელ პილოტს კლასიფიკაციაში მესამე ადგილი უკავია და ის 20 ქულას აგებს ავსტრალიელ ლიდერ მარკ უებერთან, 9 ქულით კი ესპანელ ფერნანდო ალონსოს ჩამორჩება. სუზუკას ეტაპი ჰამილტონისთვის ჯერჯერობით პრობლემებითაა აღვსილი - მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა სამივე პრაქტიკაზე სულ რამდენიმე წრის გავლა მოასწრო, რაც იმის შედეგია, რომ პირველივე სესიაზე ავარია მოუვიდა და მანქანა ძლიერ დაუზიანდა.

იაპონიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია კვირისთვის გადაიდო

Japanese GP qualifying postponed to Sunday

9 ოქტომბერი

უსაფრთხოების მანქანამ იარა, იარა და წითელი შუქი აანთო
..............................
იაპონიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო სესია, ძლიარი წვიმის გამო, კვირისთვის გადაიდო. ეს გადაწყვეტილება, რბოლის ორგანიზატორებმა, გუნდებთან და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასთან (FIA) თათბირის შემდეგ მიიღეს.

ასეთ პირობებში რბოლის მოწყობა ორგანიზატორებმა ვერ გაბედეს

..............................

სუზუკაზე მთელი ღამე წვიმდა, დილისთვის კი წვიმა კოკისპირულში გადაიზარდა, რის გამოც, ორგანიზატორებმა რბოლა სამჯერ გადადეს იმ იმედით, რომწვიმა შეწყდებოდა. უსაფრთხოების მანქანამ ტრასას რამდენჯერმე შემოუარა, მაგრამ როცა მასში მჯდომი მსაჯი დარწმუნდა, რომ ამინდს გამოკეთების პირი არ უჩანდა, რბოლის გადადების გადაწყვეტილებამაც არ დააყოვნა.

წვიმისავე გამო, გაუქმდა მესამე თავისუფალი პრაქტიკა. მასზე დრო მხოლოდ ორმა პილოტმა დააფიქსირა. ტრასაზე თითქმის ყველა გამოვიდა, მაგრამ სწრაფი წრის გავლა მხოლოდ ორმა შეძლო, რის შემდეგაც, სესია შეწყდა.

მაყურებელი ტყუილად ელოდა გამოდარებას

..............................

FIA-ს გადაწყვეტილებით, საკვალიფიკაციო რბოლა კვირას, დილის 10 საათზე დაინიშნა. ამასთან, საკვალიფიკაციო პროცედურა ჩვეულებრივ ჩატარდება - რბოლის შემდეგ, ყველა მანქანა აიწონება და შემოწმდება.

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც წვიმის გამო, სუზუკაზე საკვალიფიკაციო რბოლა კვირისთვის გადაიტანეს. პირველად ეს 2004 წელს მოხდა, რისი მიზეზიც ტაიფუნი მაონი გახდა.

კვალიფიკაციის გადატანამ იმედები გაუწბილა ათასობით ფანს (ორგანიზატორთა განცხადებით, რბოლისთვის 100 000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული), რომელთა უმეტესობაც, რბოლის დაწყებას ტრასის მიღმა, სახელდახელოდ გაშლილ კარვებში ელოდა. ისინი დილასაც გამოეფინენ ღია ტრიბუნაზე, სადაც წვიმისგან თავ ქოლგებით იცავდნენ, თუმცა მაინც ერთიანად გალუმპულები იყვნენ. ისინი რომ რბოლის დაწყებას ელოდნენ, პილოტები წვიმას ბოქსებში ემალებოდნენ და გარეთ ხანდახან თუ გამოჰყოფდნენთავს, თან ერთგვარი საცურაო ჟესტიკულაციით, ფანებს ანიშნებდნენ, ახლა რომ გამოვიდეთ, რბოლას კი არა, ცურვას ნახავთო.

Friday, October 8, 2010

იაპონიაში პრაქტიკები ფეტელმა მოიგო

Red Bull dominate while Hamilton suffers

8 ოქტომბერი

ფეტელი ”თავის რელსებზე” მოძრაობს
..............................

”რედ ბული” და მისი პილოტები იაპონიაშიც ჯერჯერობით ყველაზე სწრაფები არიან - პირველ ორ თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთესო შედეგები სებასტიან ფეტელს და მარკ უებერს ჰქონდათ. ამასთან, გერმანელი ორივე შემთხვევაში ოზ თანაგუნდელზე სწრაფი იყო. რაც მთავარია, ორივემ ტიტულის მოცილეებს წამზე მეტით აჯობა.

”მაკლარენის” ლუის ჰამილტონი კი ისევ თავისი აგრესიული მანერის ”მსხვერპლია” - პირველ პრაქტიკაზე მანქანა დაამტვრია და შორიდან უყურებდა ”წითელი ხარების” ზეობას. ავარიის გამო, მეორე პრაქტიკაზე ის სესიის მიწურულსღა გავიდა ტრასაზე და მე-13 შედეგსღა დასჯერდა.

ჰამილტონის დამტვრეული ”მაკლარენი”

..............................

25 წლის ბრიტანელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონი ორი წლის წინ გახდა, ახლავ ტიტულისთვის იბრძვის, მაგრამ ბოლო ოთხი რბოლიდან მხოლოდ ერთის დასრულება შეძლო, რამაც პირველიდან მესამე ადგილამდე ჩამოაქვეითა. იაპონური ეტაპის წინ, ჩემპიონატის ლიდერ უებერს ის 20 ქულით ჩამორჩება.

მარჯვენა ორმაგ მოსახვევში, რომელიც დეგნერის სახელითაა ცნობილი, ჰამილტონმა ვერ მოზომა და მანქანა მოუცურდა. ”,აკლარენი” დამცავ ზღუდეს შეასკდა, რამაც მას მარცხენა წინა საკიდარი დაუზიანა. ჰამილტონი მანქანიდან ამოსვლის შემდეგაც კარგა ხანს არ იხსნიდა თავის შლემს, რათა გაწბილებული სახე მეტოქეებისთვის არ ეჩვენებინა.

სხვათა შორის, იაპონიისთვის ”მაკლარენმა” მანქანისთვის რამდენიმე სიახლე მოამზადა, მაგრამ ჰამილტონმა ავარიის გამო, მათი ხეირიანად გასინჯვა ვერც მოახერხა.

”როგორც ჩანს, მეტისმეტად ადრე შევუტიე და ცოტა ზედმეტიც მოვინდომე. არ ვიცი, ამბობენ, რომ ცუდი ამბები სამჯერ შეიძლება მოხდეს და მე ეს ლიმიტი უკვე ამოწურული მაქვს”, - რბოლის შემდეგ მარჩიელობდა გაწბილებული ბრიტანელი.

მისგან განსხვავებით, ორივე ”რედ ბული” სუზუკას ტრასაზე, რომელიც რვიანს წააგავს, ისე მოძრაობდა, თითქოს რელსებზე დგანანო. თუ პირველ პრაქტიკაზე თანაგუნდელებს თითქმის ერთნაირი დრო ჰქონდათ, უბერიც აშკარად დაჯაბნა - თითქმის ნახევარი წამით აჯობა.

ორივე პრაქტიკაზე მესამე საუკეთესო შედეგი პოლონელ რობერტ კუბიცას ჰქონდა. თავისი ავარიის მიუხედავად, ჰამილტონს პირველ პრაქტიკაზე მაინც მეხუთე საუკეთესო შედეგი ჰქონდა. სხვათა შორის, იმავე სესიაზე, მანქანა ჯენსონ ბატონსაც მოუცურდა, მაგრამ ავარიას გადაურჩა.

რაც შეეხება მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს, ვისაც ჩემპიონატის ბოლო ორი რბოლა აქვს მოგებული და კლასიფიკაციაში მეორეზეა (უებერს 11 ქულით ჩამორჩება), მან ორივე პრაქტიკაზე მეოთხე საუკეთესო აჩვენა. ”ეს მხოლოდ პრაქტიკებია და მათზე ნაჩვენებ შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თეორიულად, ”რედ ბული” დაუმარცხებლად ჩანს, მაგრამ ხომ გახსოვთ, ასე ხშირადაა ხოლმე, მაგრამ რბოლისას მათ ამარცხებენ ხოლმე”, - განაცხადა ალონსომ.

იაპონიის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:32.585

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:32.633

3. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:33.129

4. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:33.639

5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:33.643

6. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:33.677

7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:33.707

8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:33.739

9. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:33.791

10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:33.831

11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:33.929

12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:34.042

13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:34.169

14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:34.271

15. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:34.373

16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:34.379

17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:34.991

18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:35.684

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:36.949

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:37.329

21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:37.388

22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:37.778

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:38.814

24. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:39.443

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:31.465

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:31.860

3. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:32.200

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:32.362

5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:32.519

6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:32.533

7. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:32.703

8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:32.831

9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:32.842

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:32.851

11. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:32.880

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:33.471

13. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:33.481

14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:33.564

15. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:33.697

16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:34.005

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:34.055

18. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:34.310

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:36.095

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:36.333

21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:36.630

22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:36.834

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:37.352

24. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:37.831

Thursday, October 7, 2010

სუზუკას ერთი წრე სებასტიან ფეტელთან ერთად

Japanese GP

7 ოქტომბერი

სებასტიან ფეტელი იაპონიის შარშანდელ დიდ პრიზზე ასპარეზობისას

..............................

ფორმულა 1-ის მსოფლიო შემპიონატის მიმდინარე სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. ჯერი იაპონიის დიდ პრიზზე მიდგა, რომლის არენასაც, სუზუკას სახელით რომაა ცნობილი, ”რედ ბულ რეისინგის” გერმანელი პილოტი, სებასტიან ფეტელი გაგვაცნობს, რომელიც ამისათვის თავისი გუნდის უახლეს სიმულატორს გამოიყენებს.

”შემიძლია ვთქვა, რომ სუზუკაზე ფირმულა 1-ში საუკეთესო მოსახვევებია, აქ რბოლის შემდეგ ყოველთვის კისრის ტკივილები მაქვს, მაყურებლისგან კი ყოველთვის არნახულ მხარდაჭერას ვგრძნობთ.

ტრასის სიგრძე 5.8 კილომეტრია, სულ 53 წრე გვაქვს გასავლელი, რაც ჯამში 308 კილომეტრია. ტრასას ოთხი ჩქაროსნული მონაკვეთი, სამი ნელი მოსახვევი და გასწრებისთვის ორი ხელსაყრელი ადგილი აქვს. მაქსიმალური სიჩქარე კი 313 კმ/სთ-ს აღწევს.

კონიშუა, ანუ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ერთად გავიაროთ სუზუკას ერთი წრე. პირველი მოსახვევი ძალიან ჩქაროსნულია. მას მე-6 საფეხურით ვუახლოვდებით, მოსახვევამდე მეოთხემდე ჩამოვდივართ და აღმართს შევუყვებით, სადაც S-მოსახვევებია გასავლელი. ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ და ისევ მარჯვნივ-მარცხნივ. ამათგან მარცხენა მოსახვევი ძალიან ჩქარია. ჩემთვის ეს ფორმულა ერთში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოსახვევია. საერთოდ, მთელი ტრასა ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ძალიან რთულიცაა - საშუალო სიჩქარე ძალიან მაღალია. მოკლედ, აღმართში მოძრაობას ვაგრძელებთ...

ვუახლოვდბით მერვე მოსახვევს, კოლოფს ერთი საფეხურით დაბლა ვრთავთ. მეხუთეთი აჩქარების ადრე დაწყება შეიძლება, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს და გარე ბორდიურს ყურადღება უნდა მივაქციოთ. შემდეგ მეცხრე მოსახვევს გავდივართ და აჩქარებას ვიწყებთ. მალე ვუახლოვდებით ტრასის ყველაზე ნელ მონაკვეთს, სადაც მკვეთრად ვამუხრუჭებთ და პირველ საფეხურზე გადავდივართ. აქ ასფალტი საკმაოდ უსწორმასწოროა, რის გამოც, მანქანაზე კონტროლის დაკარგვა ადვილია.

აქედან გამოსვლისას, აჩქარება რაც შეიძლება, ადრე უნდა დავიწყოთ. ამასთან, მუდმივად მარჯვნივ მოხვევა გვიწევს. აქ გავლისას, სულის მოთქმის საშუალება არ გვაქვს. მერე ისევ მკვეთრი დამუხრუჭება და მე-13 და მე-14 მოსახვევები, სადაც განსაკუთრებული სიფრთხილე გვჭირდება, რადგან აქ გზის საფარს უარყოფითი დახრა აქვს და ეს მანქანის მდგრადობას აუარესებს. გრძელ სწორზე გასვლის წინ, აქსელერატორის სატერფულზე ცოტა ადრეც შეიძლება დაჭერა.

ვუახლოვდებით ყველაზე სწრაფ, 130R მოსახვევს და ისე გავდივართ, რომ რაც შეიძლება, სიჩქარე ნაკლებად დავკარგოთ. შემდეგ კი, მორიგი S-ის წინ ისევ მკვეთრად ვამუხრუჭებთ. ეს კიდევ ერთი ნელი ადგილია, სადაც გასწრება შეიძლება. მერე ისევ ადრეული აჩქარება და სტარტ/ფინიშის სწორზე გავდივართ.

ამგვარად, იაპონიის დიდი პრიზის ერთი წრე გავლილია”.

Wednesday, October 6, 2010

რაიკონენი ”რენომ” გააბრაზა

Raikkonen Angry with Renault for F1 Rumors

6 ოქტომბერი

კიმი რაიკონენი ფორმულა 1-ში თავის დაბრუნებას გამორიცხავს და ამბობს, რომ ხმები, რომლებიც მას ”რენოს” გუნდთან აკავშირებენ, ჭორებია და შესაძლოა, ისინი თავად ”რენომ” გაავრცელა, რადგან ეს ჭორები პილოტებთან მოლაპარაკებისას, პოზიციის გასაძლიერებლად სჭირდება.

გავრცელებული ხმების შესაბამისად, რაიკონენს ”რენოსთან” მოლაპარაკება ბელგიური დიდი პრიზის შემდეგ ჰქონდა. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ფრანგული გუნდის ხელმძღვანელები ფინელ პილოტს რამდენიმე პირობას უყენებდნენ. მათ შორის იყო საკმარისი მოტივაცია და ზომიერი ხელფასი. კერძოდ, ”რენოს” შეფი ერიკ ბუიე ამბობდა, რომ მისი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რაიკონენის სახელფასო აპეტიტს. ამ მხრივ კი ფრანგულ გუნდს სრულად აკმაყოფილებს რუსი ვიტალი პეტროვი, ვინც მართალია, ყოველი რბოლისას და განსაკუთრებით კვალიფიკაციებისას, უამრავ შეცდომას უშვებს, მაგრამ სამაგიეროდ, მისი წყალობით ”რენოს” ბევრი სოლიდური სპონსორი ჰყავს.

რაიკონენი ამბობს, რომ მას არ მოსწონს ”რენოს” მიერ შეთავაზებული პირობები და უკმაყოფილოა იმით, რომ ფრანგულმა გუნდმა მასთან კონტრაქტის დადების შესაძლებლობაზე ლაპარაკი დაიწყო.

”ძალიან გაწბილებული ვარ იმით, რომ ”რენომ” ჩემი სახელი სპეკულირებისთვის, საკუთარი სამარკეტინგო მიზნებისთვის გამოიყენა. ”რენოში” გადასვლაზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია. გარწმუნებთ, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში ”რენოს” მანქანით არ ვიასპარეზებ”, - ფინურ გაზეთ ”ტურუნ სანომატთან” საუბრისას განაცხადა რაიკონენმა. არადა, სულ ერთი კვირაა, რაც ”რენომ” ფინელ პილოტთან მოლაპარაკება დაადასტურა. მანამდე ეს მხოლოდ კულუარული ინფორმაცია იყო.

ამგვარად, ახლა თითქმის გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რომ ”რენო” პეტროვს დაიტოვებს. რაიკონენი კი, რომელსაც ადრე არაერთხელ უთქვამს, რომ ფ1-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ ტოპ გუნდში ასპარეზობის საშუალება მიეცემა, ალბათ ისევ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას გააგრძელებს.

Sunday, October 3, 2010

”რენო” ფორმულა 1-ის გუნდის წილის გაყიდვას არ ნანობს

Renault: No regrets about selling stake

3 ოქტომბერი

”რენო” აცხადებს, რომ ფორმულა 1-ის საკუთარი გუნდის დიდი წილის გაყიდვას არანაირად არ ნანობს. წინა ორ სეზონში, ფრანგული გუნდი რეგრესს განიცდიდა, მისი მდგომარეობა კი 2008 წლის სინგაპურის დიდი პრიზის დროს მომხდარმა სკანდალმა დაამძიმა, რომელშიც ”რენოს” გუნდის ხელმძღვანელობა და პილოტი (ფლავიო ბრიატორე და ნელსონ პიკე უმცროსი) იყვნენ გარეულნი. ამ სკანდალის შემდეგ, გუნდმა რამდენიმე სოლიდური სპონსორი დაკარგა, რამაც ფრანგულ კომპანიას მისი წილის გაყიდვისკენ უბიძგა.

გუნდის აქციების 75% შვეიცარულმა საინვესტიციო ჯგუფმა ”გენიი კეპიტალმა” გამოისყიდა, რის შემდეგაც საჯინიბოს საქმეებმა გამოსწორება დაიწყო - ამ სეზონში ”რენოს” პილოტი რობერტ კუბიცა რამდენჯერმე ავიდა კვარცხლბეკზე და რაც მთავარია, გუნდის სარბოლ ბოლიდს, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ძრავი აქვს, აშკარა პროგრესი ეტყობა.

ყოველივეს მიუხედავად, ”რენოს” ოპერაციების განყოფილების მთავარმა მოხელე პატრიკ პელატამ პარიზის ავტო შოუზე განაცხადა, რომ მისი კომპანია მოვლენათა ამგვარი მსვლელობით კმაყოფილია და გაყიდული აქციების უკან გამოსყიდვას არ გეგმავს.

”ჩვენ გული არაფერზე გვწყდება. მთავარი ის კი არაა, გუნდი ჩვენ გვეკუთვნის, თუ არა. არამედ ის, რომ მას სათანადოდ ხელმძღვანელობენ. ამასთან, ჩვენ ჩემპიონატში ვრჩებით, როგორც ძრავების მწარმოებლები. ჩვენი აგრეგატებით, ”რედ ბული” ჩემპიონობისთვის იბრძვის და ალბათ, ტიტულსაც დაეუფლება. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ არსად წავსულვართ”, - ამბობს პელატა, ვინც ცოტა ხნის წინ, იტალიის დიდი პრიზის რბოლას დაესწრო და თავად დააკვირდა, თუ როგორ ხელმძღვანელობენ ”რენოს” ფ1-ის გუნდს.

მან შენიშნა, რომ გუნდს სერიოზული რესტრუქტურიზაცია ჩაუტარდა, ის უკეთაა ორგანიზებული და გაცილებით თანამედროვეა, ვიდრე ბრიატორეს დროს. პელატას თქმით, სწორედ ესაა სოლიდური პროგრესის მთავარი მიზეზი. ”კარგი შედეგები შემთხვევითობის ბრალი სულაც არაა. უბრალოდ, გუნდმა ახალი სისხლი მიიღო და რესტრუქტურიზაცია გაიარა, რაც ძალიან სჭირდებოდა”, - ამბობს პელატა.

”რენოს” მიერ თავისი ყოფილი გუნდის შესაძლო გამოსყიდვაზე კი მან შემდეგი განაცხადა: ”ეს ჩვენს გეგმებში არ შედის. ასე ფორმულა 1-ში მონაწილეობა გაცილებით ნაკლები გვიჯდება, შედეგებით კი უფრო კმაყოფილები ვართ, ვიდრე წინა ორ სეზონში. თანაც, ჩვენ ისევ აქ ვართ და არსად წავსულვართ. გუნდის და ძრავის განვითარებაში ვმონაწილეობთ. ყველაფერი კარგადაა და რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად გვნახავთ კვარცხლბეკზე”.

ტორესმა მოიგო, ჩემპიონი კი ადამსი გახდა

3 ოქტომბერი

დასრულდა მოტოფრისტაილისტების ტურნირი ”რედ ბულ X-ფაითერი”, რომლის ბოლო ეტაპსაც რომის ფლამინიოს სტადიონმა უმასპინძლა. ასპარეზობას 20 000 მაყურებელი დაესწრო. მათ წინაშე კი ყველაზე უკეთ, ესპანელმა დანი ტორესმა იასპარეზა, რომელმაც დაძაბულ ფინალურ პაექრობაში, ამერიკელ ადამ ჯონსს აჯობა.

ფრისტაილის მსოფლიო ტურის ჩემპიონი კი ამერიკელი ნიტ ადამსი გახდა, რომელიც რომში მესამე ადგილს დასჯერდა, თუმცა ეს შარშან მოპოვებული ტიტულის შესანარჩუნებლად, საკმარისი აღმოჩნდა.

”ვაღმერთებ იტალიას”, - მიკროფონით, მთელი სტადიონის გასაგონად აღმოხდა ტორესს მას შემდეგ, რაც მსაჯების ბრიგადამ მისი გამოსვლა საუკეთესოდ შეაფასა. მისმა მეტოქე ჯონსმა აღიარა, რომ ესპანელმა მასზე უკეთ იასარეზა: ”დანიმ უშეცდომოდ იასპარეზა, მე კი ბოლო გამოსვლა გავაფუჭე. მოკლედ, დღეს საღამოს მან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა”.

ადამსმა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ნორვეგიელ ანდრე ვილას სულ რაღაც 5 ქულით აჯობა. არადა, სეზონის დასაწყისში, ვილა აშკარად საუკეთესო იყო - მან მექსიკური ეტაპი მოიგო და სეზონის ექვსიდან პირველ ოთხ ეტაპზე, კვარცხლბეკზე ასვლაც მოახერხა. მაგრამ საბოლოოდ, ამერიკელი მაინც უფრო სტაბილური აღმოჩნდა და ტიტულიც შეინარჩუნა.

”რედ ბულ X-ფაითერის” წლევანდელ სეზონში, ფრისტაილის 12 საუკეთესო ფრისტაილისტი მონაწილობდა. ტურნირი სამ კონტინენტზე ჩატარდა და მის 6 ეტაპს, საერთო ჯამში, 169 000 მაყურებელი დაესწრო. მოტომხედრები ხშირად 15 ეტრის სიმაღლეზე, სიგრძეში კი 30 მეტრზეც კი ხტებოდნენ.

სეზონი მექსიკოში, ხარების საბრძოლო არენაზე გაიხსნა, შემდეგ კაიროში, სპინქსის ქანდაკების წინ გადაინაცვლა. ამას მოჰყვა ეტაპები მოსკოვის წითელ მოედანზე, მადრიდის ხარების არენაზე, ლონდონის ბატერსის ელექტროსადგურთან და ბოლოს რომის ფლამინიო სტადიონზე. ”რედ ბულის” სტატისტიკოსების მონაცემებით, სეზონის განმავლობაში, მოტო მხედრებმა 770 ნახტომი შეასრულეს, აქედან 524 შემთხვევაში მათ საჰაერო ბრუნი შეასრულეს საერთო ჯამში კი 17 000 მეტრის მანძილზე იფრინეს.

რომის ეტაპის შედეგები: 1. დანი ტორესი (ესპანეთი), 2. ადამ ჯონსი (აშშ), 3. ნიტ ადამსი (აშშ), 4. ანდრე ვილა (ნორვეგია), 5. მეტ რებო (შვეიცარია), 6. რემი ბიზუარი (საფრანგეთი)

რედ ბულ X-ფაითერის მსოფლიო ტურის საბოლოო კლასიფიკაცია: 1. ნიტ ადამსი (აშშ, 370 ქულა), 2. ანდრე ვილა (ნორვეგია, 365), 3. დანი ტორესი (ესპანეთი, 310), 4. ლევი შერვუდი (ახ.ზელანდია, 290), 5. ადამ ჯონსი (აშშ, 290), 6. რობი მედისონი (ავსტრალია), 7. მეტ რებო (შვეიცარია), 8. ეიგო სატო (იაპონია)

ლოებმა ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული

Loeb lands seventh consecutive world title

3 ოქტომბერი

სებასტიან ლოები მეშვიდე ტიტულს ზეიმობს
..............................

მე-60 მოგებული რბოლა და მსოფლიო ჩემპიონის მეშვიდე ტიტული - ასეთი მონაგარი აქვს საფრანგეთის რალის შემდეგ რალის მოქმედ ლეგენდას, ფრანგ სებასტიან ლოებს. სწორედ მისი გამარჯვებით დასრულდა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფრანგული ეტაპი, რომელიც პირველად ჩატარდა ლოების მშობლიურ ალსაკეში და არა კორსიკაში.

ლოებმა რბოლა ჩვეულ ტემპში დაიწყო და პირველ ორ დღეშივე მიაღწია სოლიდურ უპირატესობას, რის შემდეგაც, ზედმეტი რისკის გარეშე განაგრძო ასპარეზობა და კარიერაში მე-60 გამარჯვებაც იზეიმა. მის მოგებაში ეჭვის შეტანაც არ ღირდა მას შემდეგ, რაც რბოლის მეორე დღეს ავარია მოუვიდა ლოების მთავარ მეტოქეს და მისსავე თანამემამულე სეხნია სებასტიან ოჟიეს.

ლოები ასპარეზობისას

..............................

”აქ გამარჯვებას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მართალია, ჩემს სახლთან ახლოს ვასპარეზობდი, მაგრამ არ ველოდი, თუ ამდენი ხალხი მოვიდოდა რბოლის საყურებლად. და მე ბედნიერი, ვარ, რომ მათ იმედები არ გავუწბილე და მეშვიდე ტიტულსაც მათს წინაშე დავეუფლე”, - განაცხადა 36 წლის ფრანგმა, ვინც საბოლოოდ, 36 წამით აჯობა ესპანელ თანაგუნდელ დანიელ სორდოს.

მესამე ადგილზე, ”სიტროენის” კიდევ ერთი პილოტი, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი გავიდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ”ფორდის” ფინელ იარი-მატი ლატვალას აჯობა. მესამე დღის პირველი ორი ეტაპი სოლბერგმა და სორდომ მოიგეს, ბოლოსწინა სპეცმონაკვეთი კი გაუქმდა, რადგან ლოების ტრიუმფის საყურებლად, 40 000 მაყურებელი მივიდა და ასპარეზობის ორგანიზატორებმა გზაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოახერხეს.

საფრანგეთის რალი

საბოლოო შედეგები

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:05:49.300

2. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) +00:35.700

3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 01:16.800

4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 01:29.300

5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 03:43.800

6. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 11:55.900

7. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 14:15.400

8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 14:26.900

9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 16:48.900

10. პატრიკ სანდელი (შვედეთი, შკოდა) 17:12.300

პილოტების კლასიფიკაცია

1. სებასტიან ლოები - 226 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე - 166; 3. იარი-მატი ლატვალა - 144; 4. პეტერ სოლბერგი - 133; 5. დანიელ სორდო - 125; 6. მიკო ჰირვონენი - 104; 7. მეტიუ უილსონი - 60; 8. ფედერიკო ვილაგრა - 36; 9. ჰენინგ სოლბერგი - 33; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) – 21...

კონსტრუქტორთა პირველობა

1. სიტროენ ტოტალ WRT - 388 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ-დაბი WRT - 277; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 193; 4. შტობარტ VK M-შპორტ ფორდ WRT - 140; 5. მუნჩი’ს ფორდ WRT - 54

Saturday, October 2, 2010

ლოები მეშვიდე ტიტულს უახლოვდება

Loeb nears seventh title as Ogier crashes out

2 ოქტომბერი

ფრანგი სებასტიან ლოები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სანუკვარ მიზანს - რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე გვირგვინს. მსოფლიო ჩემპიონატის მე-11 ეტაპს საფრანგეთი მასპინძლობს და ლოებს დიდი შანსი აქვს, რომ მისი დასრულებისთანავე გახდეს ჩემპიონი.

საქმე ისაა, რომ რბოლის მეორე დღის მიწურულს, ავარია მოუვიდა და მანქანა დაუზიანდა მის მთავარ მეტოქეს, ფრანგ სებასტიან ოჟიეს (სურათზე, ასპარეზობისას), ვინც მართალია, კლასიფიკაციაში ჯერაც მეექვსეა, მაგრამ დახურულ პარკში დაგვიანების გამო, საჯარიმო დრო დაემატება და მესამე დღეს, თუ მისი მანქანის მოსულიერება მოხერხდა, ასპარეზობას მოწინავე ათეულს მიღმა გააგრძელებს. ეს კი ნიშნავს, რომ თუ ლოები რბოლას მოიგებს, რისი დიდი შანსიც მას აქვს, ის დაუყოვნებლივ დაეუფლება მეშვიდე ტიტულს.

”ძალიან ძნელი, თუმცა მაინც კარგი დღე მქონდა. რამდენიმე სპეცმონაკვეთზე კარგი დრო მქონდა და სოლიდურ უპირატესობას მივაღწიე, თუმცა რბოლის დასრულებამდე ჯერაც ბევრი მანძილია გასავლელი”, - განაცხადა ლოებმა, ვის მშობლიურ ალსაკეს მიდამოებშიც ტარდება რბოლა. სხვათა შორის, საფრანგეთის რალი ადრე კორსიკის რალის სახელით იყო ცნობილი, რადგან ის ამ კუნძულის ვიქრო გზებზე ტარდებოდა ხოლმე.

დილას ორ სპეცმონაკვეთზე ყველაზე სწრაფი კი იყო, მაგრამ ლოები საღამოს რისკს მოერიდა და არცერთი აღარ მოუგია. თუმცა მისმა უპირატესობამ უახლოეს მდევართან, ესპანელ თანაგუნდელ დანიელ სორდოსთან, მაინც 42.8 წამს მიაღწია. ოჟიეს მანქანაზე საკიდარის ელემენტები დაუზიანდა, რის გამოც, დღის მიწურულს ავარია მოუვიდა. ამის შემდეგ, მეორეზე სორდომ გადაინაცვლა, რომელსაც კვალში ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი ჩაუდგა. ამან დღის ბოლო ორი სპეცმონაკვეთი მოიგო და ახლა 32 წამით ჩამორჩება.

საფრანგეთის რალი

მეორე დღის შედეგები

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 2:46:39.200

2. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) +00:42.800

3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 01:14.200

4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 01:34.200

5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 03:23.500

6. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 11:14.100

7. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 13:27.000

8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 13:29.900

9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 14:57.800

10. პატრიკ სანდელი (შვედეთი, შკოდა) 15:38.400

Friday, October 1, 2010

”პორშე” შეიძლება ფორმულა 1-ს დაუბრუნდეს

Porsche ready to evaluate F1 return

1 ოქტომბერი

სპორტული ავტომობილების მწარმოებელი გერმანული კომპანია ”პორშეს” შესაძლოა, მალე ფორმულა 1-ს დაუბრუნდეს. ამის თაობაზე, პარიზის საავტომობილო შოუს პრესის დღეს, ”პორშეს” აღმასრულებელმა მათიას მიულერმა ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქარის” ჟურნალისტებს განუცხადა.

მიულერის თქმით, ამჟამად ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალი ორი კომპანია - ”პორშე” და ”აუდი” ლე მანის რბოლებში მონაწილეობენ და იქ აშკარა დომინანტი ”აუდია”. ამიტომ, შესაძლოა მალე გადაწყდეს, რომ ”აუდი” ლე მანზე ასპარეზობას გააგრძელებს, ”პორშე” კი ფ1-ს დაუბრუნდება. მოვლენათა ამგვარი განვითარება მით უფრო მოსალოდნელია, რომ ”აუდის” მოტორსპორტის შეფ ვოლფგანგ ულრიხს ნათქვამი აქვს - ფორმულა 1 ”აუდის” ინტერესებში არ შედისო.

”დღეისათვის, LMP კლასში ორი ბრენდით - ”აუდით” და ”პორშეთი” ვართ წარმოდგენილი, რომლებსაც ერთმანეთის წინააღმდეგ ასპარეზობა უწევთ და ეს სასიამოვნო არაა. ამიტომ, უნდა გადავწყიტოთ, რომ ერთი ბრენდი ლე მანზე დავტოვოთ, მეორეთი კი ფორმულა 1-ში გადავიდეთ. ახლა ყველაფერს ავწონ-დავწონით და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ”, - ამბობს მიულერი.

უკვე წელიწადზე მეტია, ფორმულა 1-ის კულუარებში მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ ”ფოლკსვაგენს” ფორმულა 1-ში ძრავების მიმწოდებლად შესვლა სურს. ლაპარაკია იმაზეც, რომ ეს 2012, ან 2013 წელს მოხდება. აქამდე ვოლფსბურგელები ამ ხმებს უარყოფდნენ, თუმცა მიულერმა პარიზში ფაქტობრივად, ისინი დაადასტურა და დააკონკრეტა კიდეც.

”პორშემ” პროტოტიპების კლასის რბოლებში ასპარეზობა 1998 წელს დაასრულა, თუმცა მისი წარმოების ბოლიდებით, კერძო გუნდები 2005 წლიდან ისევ ასპარეზობენ. რაც შეეხება ფორმულა 1-ს, აქ ცუფენჰაუზენელები ბოლოს 1991 წელს გამოჩნდნენ, როდესაც კომპანია ”ფუტუორკთან” ერთად, ძრავებს ინგლისურ გუნდ ”ეროუზს” აწვდიდნენ. 1984, 1985 და 1986 წლებში, ”პორშეს” ძრავისა (სურათზე) და ”მაკლარენის” შასის კომბინაციით, ნიკი ლაუდამ და ალენ პროსტმა (ორჯერ) მსოფლიო ჩემპიონის სამი ტიტული მოიპოვეს.

ცნობილია, რომ მომავალი სეზონისთვის, ”აუდი” ლე მანისთვის ახალ, ისევ დიზელისძრავიან პროტოტიპ R18-ს ამზადებს. ეს კი ნიშნავს, რომ ინგოლშტადტელები ლე მანის ტიპის რბოლებში დიდი ხნით დარჩენას აპირებს. პარალელურად კი, ”ფოლკსვაგენის” ძრავების დეპარტამენტის შეფი ვოლფგანგ ჰატცი მოლაპარაკებას საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასთან აწარმოებს. მოლაპარაკების თემა კი ფ1-ის ძრავების ახალი რეგლამენტია. ვოლფსბურგელებს სურთ, რომ 2013 წლიდან, ფორმულა 1-ში ოთხცილინდრიანი ტურბოძრავები დაუშვან. ამ შემთხვევაში, დიდი პრიზების ცირკში ”პორშეს” დაბრუნება თითქმის გარანტირებული იქნება.