ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, April 16, 2010

ბუემის ავარიის მიზეზი

Upright failure caused Buemi crash

16 აპრილი

იტალიურმა გუნდმა ”ტორო როსომ” დაადგინა მიზეზი, რომლის გამოც, მის შვეიცარელ პილოტ სებასტიან ბუემის პირველ თვისუფალ პრაქტიკაზე ავარია მოუვიდა. გუნდის შეფ ფრანც ტოსტის განცხადებით, ავარიის მიზეზი მარჯვენა წინა ბორბლის საკიდარის საყრდენის გატეხვა გახდა.

სესიის დროს, გუნდმა წინა საკიდარის ახალი ვერსიის გამოცდა გადაწყვიტა. მაგრამ ტესტირება ავარიის გამო შეწყდა. მე-14 მოსახვევის წინ, ინტენსიური დამუხრუჭებისას, მანქანას მოულოდნელად ორივე წინა ბორბალი მოსწყდა. ბოლიდი მომენტალურად უმართავი გახდა და ზღუდეს შეასკდა. საბედნიეროდ, პილოტი არ დაშავებულა, თუმცა ის ტრასაზე აღარც მეორე სესიაზე გამოსულა.

ტოსტის განცხადებით, ავარიის მიზეზი მარჯვენა წინა საკიდარის საყრდენის გატეხვა გახდა. ამის გამო, მთელი დატვირთვა მარცხენა ბორბალზე გადავიდა და იქაც საკიდარის საყრდენი დაიმსხვრა. ტოსტი ამბობს, რომ გატეხვა ან იმის ბრალია, რომ საყრდენი უხარისხო მასალისგან დამზადდა, ან იმისა, რომ ის არასწორად დამუშავდა.

”ტორო როსოს” ტექნიკური დირექტორი ჯორჯო ასკანელი ამბობს, რომ პრობლემამ თავი ავარიამდე ცოტა ხნით ადრე იჩინა. მისი თქმით, პირველივე წრეებზე, სატერფულების კვანძის არეში, სითხემ გაჟონა. თუმცა, რა კავშირშია ეს საყრდენის დამტვრევასთან, არ განუმარტავს. სამაგიეროდ, დასძინა, რომ უწესრიგობა მეორე მანქანაზე აღმოიფხვრა, რის შემდეგაც, ესპანელმა ხაიმე ალგერსუარიმ ჯერ მერვე, შემდეგ კი მეთერთმეტე შედეგი დააფიქსირა და თან, არანაირი ტექნიკური პრობლემა აღარ შექმნია.

ასკანელიმ კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ფოლადის გვარლები, რომლებსაც ავარიის დროს ბორბლების დაჭერა ევალება, იმის გამო გაწყდა, რომ ისინი სწორედ საყრდენებზეა დამაგრებული. ამას კინაღამ სავალალო შედეგი მოჰყვა - ერთი საბურავი ტრიბუნის წინ არსებულ ზღუდეს შეასკდა, მეორე კი ტელეკამერას მოხვდა, რომლის ოპერატორიც სასწაულად გადაურჩა განსაცდელს. სხვათა შორის, ფორმულა 1-ში ბოლო ორი ტრაგიკული შედეგი სწორედ მოწყვეტილმა საბურავმა გამოიწვია.

თურქეთის რალის სებასტიან ოჟიე ლიდერობს

Rally of Turkey

16 აპრილი

ოჟიე ასპარეზობისას

.......................................

ისტანბულის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ შემოგარენში სტარტი აიღო რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ეტაპმა - თურქეთის რალიმ, რომლის პირველი დღის ბოლოსაც, რბოლას სათავეში ფრანგი სებასტიან ოჟიე მოექცა. დღის რვა სპეცმონაკვეთის შემდეგ, რომლებიც ღორღიან და ასფალტიან გზებზე ჩატარდა, ოჟიე ხუთ წამზე ოდნავ მეტს უგებს ”სიტროენის” ესპანელ დანიელ სორდოს, რომლის ფრანგი თანაგუნდელი სებასტიან ლოები, მხოლოდ მეხუთე შედეგს დასჯერდა.

ლოებმა, როგორც წინა (იორდანიის) რბოლის გამარჯვებულმა, რბოლა პირველმა დაიწყო. ყველა სპეცზე ტრასაზე პირველი სწორედ ის გადიოდა, რაც ყოველთვის ძნელია. სამაგიეროდ, მეორე დღეს მას გზის მწმენდავის როლის შესრულება არ მოუწევს.

ოჟიე შარშან იუნიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა და უფროსებშიც მას უკვე სერიოზულ ძალად აფასებენ. თუმცა ჯერ მაინც ”სიტროენ იუნიორის” წევრია, ისევე როგორც ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი.

”ვერაფერზე დავიჩივლებ, მშვენიერი დღე იყო და ის კარგი შედეგით დავასრულე”, - განაცხადა ოჟიემ, ვინც ტრასაზე მეხუთე გადიოდა, ლიდერობა კი ხელთ მესამე სპეცის შემდეგ იგდო. ლოებს განსაკუთრებით ღორღიან გზებზე გაუირდა. ფრანგმა დაიჩივლა, რომ ზოგ მონაკვეთზე, მისი მანქანა თითქმის უმართავი ხდებოდა, რადგან საბურავებს გზა ცუდად ეჭირა. თუმცა, საბოლოოდ მაინც კმაყოფილი დარჩა იმით, რომ ლიდერებთან ბევრი არ წაუგია.

სხვათა შორის, იორდანიაში ”სიტროენმა” ტაქტიკური ხეხი გამოიყენა და იმისათვის, რომ ლიდერი ლოები სპეცებზე პირველი არ გასულიყო, ოჟიემ შეგნებულად წესი დაარღვია და გზის მწმენდავობაც გადაიბარა.

მაგრამ თურქული რბოლის სტიუარდები ამბობენ, რომ მსგავს ტაქტიკურ რბოლას და ამით რალის რეპუტაციის შელახვას არ დაუშვებენ. მათ წინასწარ გაააფრთხილეს გუნდები, რომ მსგავსი ხერხების გამოყენების შემთხვევაში, მათ სერიოზული სანქციები დაემუქრება.

პირველი დღის შედეგები

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 55 წთ, 32.700 წმ

2. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) +00:05.500

3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 00:12.200

4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:18.500

5. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 00:24.900

6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 00:27.500

7. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 01:42.900

8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 01:50.600

9. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 02:04.600

10. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, მიცუბიში) 04:59.100

თავისუფალ პრაქტიკებზე ყველაზე სწრაფები ”მაკლარენები” იყვნენ

Chinese Grand Prix practices

16 აპრილი

ჰამილტონი ასპარეზობისას

.............................................................

შანჰაიში სტარტი აიღო ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ეტაპმა, ჩინეთის დიდმა პრიზმა, რომლის პირველ დღესაც, თავისუფალ პრაქტიკებზე უსწრაფესები ”მაკლარენის” პილოტები იყვნენ. პირველ პრაქტიკაზე საუკეთესო დრო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჯენსონ ბატონს ჰქონდა, მეორეზე კი, დღის აბსოლუტურად საუკეთესო შედეგი ლუის ჰამილტონმა აჩვენა.

ორივე პრაქტიკაზე მეორე უსწრაფესი ”მერსედესის” ნიკო როსბერგი იყო, რომელიც ორივე შემთხვევაში, ”მაკლარენის” პილოტებს შორის ჩადგა. ორივეჯერ მეოთხე შედეგს კი მისი სახელოვანი თანაგუნდელი მიხაელ შუმახერი დასჯერდა.

”დღეს ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვინ იცის, ხვალ რა გველის. ახლა მთავარია, რომ კვალიფიკაციაზე მაქსიმუმი შევძლოთ, რადგამ მის შედეგზე ბევრად იქნება დამოკიდებული რბოლის განვითარება”, - ამბობს ჰამილტონი, ვინც მალაიზიური ეტაპის თავისუფალ პრაქტიკებზეც საუკეთესოთა შორის იყო, მაგრამ კვალიფიკაციაზე მე-20 შედეგი აჩვენა.

”მერსედესის” ძრავებით აღჭურვილი ოთხი მანქანის უკან, ორივე პრაქტკაზე ადგილი სებასტიან ფეტელმა დაიკავა. თუმცა, ამის მიუხედავად, ყველა დარწმუნებულია, რომ კვალიფიკაციაზეც და რბოლაშიც, ყველაზე სწრაფები ალბათ ისევ ”რედ ბულის” პილოტები იქნებიან, რომლებმაც ჩინეთის შარშანდელი დიდი პრიზი, რომელიც წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა, გამარჯვების დუბლით დაასრულეს.

”დარწმუნებული ვარ, ”რედ ბულს” თავისი შესაძლებლობები დღეს სრულად არ უჩვენებია. მაგრამ ეჭვიც არ მაქვს, რომ ხვალ სწრაფები იქნებიან”, - ამბობს ბატონი.

მეორე პრაქტიკამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა, რასაც ვერ ვიტყვით პირველზე, რომლის დროსაც, ჯერ ფერნანდო ალონსოს ”ფერარის” ძრავი დაეწვა, შემდეგ კი, სერიოზული ავარია მოუვიდა ”ტორო როსოს” შვეიცარელ სებასტიან ბუემის.

ალონსო პრაქტიკაზე იმ ძრავით გამოვიდა, რომელიც მას ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლის წინ შეუცვალეს. ესპანელი ამბობს, რომ ამ ძრავისგან კარგი არაფერი იყო მოსალოდნელი და სწორედ ამიტომ შეიცვალა ის ბაჰრეინში.

რაც შეეხება ბუემის, მე-14 მოსახვევის წინ, ინტენსიური დამუხრუჭებისას, მის ბოლიდს მოულოდნელად ჯერ წინა მარჯვენა, შემდეგ კი წამში მარცხენა ბორბალიც მოსძვრა. უმართავი მანქანა დამცავ ზღუდეს შეეჯახა, თუმცა საბედნიეროდ, პილოტს არაფერი მოსვლია.


პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:36.667

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:36.748

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:36.775

4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:37.509

5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:37.601

6. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:37.716

7. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:37.745

8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:37.980

9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:38.008

10. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:38.098

11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:38.161

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:38.375

13. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:38.421

14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:38.569

15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:38.618

16. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:38.678

17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:39.939

18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:41.531

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:41.779

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:41.830

21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:42.181

22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:43.875

23. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:43.949

24. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) დროის გარეშე

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:35.217

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:35.465

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:35.593

4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:35.602

5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:35.791

6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:35.995

7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:36.254

8. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:36.377

9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:36.389

10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:36.604

11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:36.944

12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:36.986

13. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:37.421

14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:37.431

15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:37.657

16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:37.804

17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:37.867

18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:39.624

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:39.947

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:40.233

21. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:41.008

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:41.107

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:41.345

24. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) დროის გარეშე

Wednesday, April 14, 2010

ჩინეთის დიდი პრიზი: ერთი წრე მარკ უებერთან ერთად

Chinese Grand Prix

14 აპრილი

მოახლოვდა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი - ჩინეთის დიდი პრიზი და როგორც წინა სამი ეტაპის წინ, ამჯერადაც ”რედ ბულ რეისინგი” და მისი ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი ჩვენთან ერთად, შანჰაის ტრასაზე ერთ წრეს სიმულატორით გაივლიან. მოვუსმინოთ უებერს:

”ჩინეთის დიდი პრიზი. ის მე მილიონობით ადამიანს და ტრასისკენ მიმავალ საშინელ გზას მაგონებს. თვითონ ტრასა კი შესანიშნავია. მისი სიგრძეა 5.5 კილომეტრი, მასზე 56 წრეს გავივლით, სულ კი 306 კილომეტრი გვექნება გასავლელი. ტრასას ექვსი ჩქაროსნული მონაკვეთი და ხუთი ნელი მოსახვევი აქვს. აქ სამი ადგილია, სადაც გასწრება შეიძლება. მაქსიმალური სიჩქარე კი 310 კმ/სთ-ს აღწევს.

შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი მოსახვევი უნიკალურია. მასში ძალიან მაღალი სიჩქარით შევდივართ. მესამე საფეხურამდე ჩამოვდივართ, მოსახვევის რადიუსი კი სულ უფრო მცირდება. ბოლოს კი აპექსსაც ვაღწევთ. საქმეს ისიც ართულებს, რომ ამ ადგილზე, გზა ქვევითაა დახრილი. მეორე, მარცხენა მოსახვევი განსხვავებულია - ის თანდათან იხსნება.

შემდეგ მცირე შემაღლებულ ადგილს გავდივართ და მკვეთრად ვჩქარდებით. ჩქაროსნულ მოსახვევს მორიგი ინტენსიური დამუხრუჭება მოსდევს. აქ რაც გვიან დავამუხრუჭებთ, მით უკეთესი. აპექსის გავლის შემდეგ კი მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, რომ შეცდომა არ დავუშვათ, რადგან გამოსასვლელს სრული გაზით გავდივართ და აქ მცირე შეცდომაც კი ძვირად ფასობს.

ამას მოჰყვება ცენტრალური სექტორი, რომელიც ძალიან ჩქაროსნულია. აქ მანქანა დიდ გადატვირთვებს განიცდის და პილოტსაც ფიზიკურად ძალიან უჭირს. ჯერ მარჯვენა მოსახვევს გავდივართ, რომელსაც ძალიან ძნელი ორმაგი მარცხენა მოსახვევი მოსდევს. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს მანქანის ბალანსს. შეცდომები აქაც დაუშვებელია. არასტაბილურობა კი სიჩქარეს გაკარგვინებთ. გავდივართ სწორზე, რომლის გასწვრივაც პადოკია, შემდეგ კი მარცხენა ვიქრო მოსახვევი გველის. ამას დაუსრულებელი გამოსასვლელი აქვს და მასზე ტრაექტორიის დაკარგვა არ შეიძლება, რადგან გამოსასვლელში სიჩქარეს დავკარგავთ. ეს კი ძალიან გრძელ სწორ მონაკვეთზე ბევრი დროის დაკარგვის ტოლფასია.

ამ სწორზე ცოტა დასვენებაც შეიძლება, სარკეშიც ჩაიხედავთ და ტაქტიკაზეც იფიქრებთ. მაგრამ შემდეგ ინტენსიური დამუხრუჭებაა საჭირო, რადგან გასავლელი 180-გრადუსიანი მოსახვევია. აქ გასწრება ყველაზე ადვილია და ამიტომ, აქაურ ტრიბუნაზე ყოველტვის ბევრი ხალხი იყრის თავს. მცირე სწორზე ვჩქარდებით და ბოლო მოსახვევში შევდივართ. აქ შეცდომის დაშვება ძალიან ადვილია. კარგი იქნება, თუ ეს არ მოხდება. გამოსასვლელში ცოტა ბორდიურს დავიხმართ და სტარტ-ფინიშის სწორზე გავდივართ. სულ ესაა, წრე დასრულებულია”.

”რენო” ”მერსედესის” გასწრებას აპირებს

Renault sure to overtake Mercedes

14 აპრილი

”რენოს” ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი დარწმუნებულია, რომ მალე მისი გუნდი ”მერსედესის” გასწრებას შეძლებს. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ გერმანული გუნდის მანქანები უფრო სწრაფები მხოლოდ იმის გამოა, რომ ისინი კვალიფიკაციაზე უკეთესად ასპარეზობენ. რბოლებში კი განსხვავება პრაქტიკულად ნულია.

”დარწმუნებული ვარ, გასწრება შეგვიძლია, რადგან დღეისათვის, ისინი მხოლოდ კვალიფიკაციის ხარჯზე გვჯობნიან. მალაიზიაში კი ყველამ ნახა, რომ რბოლის დროს, ჩვენ არანაკლებ სწრაფები ვართ. ჩინეთში რამდენიმე სიახლე გვექნება. მათ შორის, მანქანის ახალი ძირი და წინა ფრთის ალტერნატიული ვარიანტი.

”შესაძლოა, ეს საკმარისი არაა იმისათვის, რომ კვალიფიკაციაზე ”მერსედესს” გავასწროთ, მაგრამ მათ ძლიერ დავუახლოვდებით. და თუ რბოლის დასაწყისში გასწრებას მოვახერხებთ, მაშინ პოზიციის შენარჩუნება აღარ გაგვიჭირდება”, - ამბობს ელისონი.

პირველი სამი რბოლის შემდეგ, კონსტრუქტორთა პირველობაზე, ”რენო” ”მერსედესს” 14 ქულით ჩამორჩება. თუმცა, ელისონი ამბობს, რომ ეს არც ბევრია და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრაში, მის გუნდს მანქანის სრულყოფის ”აგრესიული მეთოდი” დაეხმარება.

”დასამალი არაა, რომ ამ სეზონში, ჩვენ მანქანის აგრესიულ სრულყოფას გავაგრძელებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საინტერესო იდეას, შეძლებისდაგვარად სწრაფად, იმის გაგებამდე დავნერგავთ, სანამ დავადგენთ, რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ის. ამჟამად, ყველაზე მეტად აეროდინამიკით ვართ დაკავებულები. შემიძლია ვთქვა, რომ შესრულებული სამუშაოები ორჯერ მეტია, ვიდრე შარშან, სამი რბოლის განმავლობაში შევასრულეთ. ჩვენი ფაბრიკა კი სიახლეებს იმაზე ორჯერ სწრაფად ნერგავს, ვიდრე შარშან”, - ამბობს ელისონი და დასძენს, რომ მისმა გუნდმა პირველ სამ რბოლაში იმის მაქსიმუმი მიიღო, რაც შეეძლო:

”ჩვენ იმას მივაღწიეთ, რაც შეგვეძლო. არც მეტი, არც ნაკლები. უფრო რეალისტები თუ ვიქნებით, ეს იმაზე მეტია, ვიდრე ველოდით, რადგან მიღწეული შედეგები მანქანის შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. უბრალოდ, ჩვენ ყველა შანსი გამოვიყენეთ, რომელიც გაგვიჩნდა. მოკლედ, ჩვენთვის სეზონი შესანიშნავად დაიწყო”.

”მერსედეს GP” მანქანას რადიკალურად შეცვლის

Mercedes to race 'B' car in Spain

14 აპრილი

”მერსედეს GP” ესპანეთის დიდი პრიზისთვის თავისი მანქანის რადიკალურად მოდერნიზებულ მანქანას ამზადებს და იმედი აქვს, რომ მოწინავე გუნდებთან ჩამორჩენის აღმოფხვრას შეძლებს.

სეზონის პირველ სამ რბოლაში, ტრასების სპეციფიკის მიხედვით, სამქიმიანები მოწინავეებთან წრეზე 0.5-1.0 წამს აგებდნენ. ამის მიზეზი კი, როგორც გუნდის შეფი როს ბრაუნი ამბობს, ჩამორჩენის მიზეზი, ავტომობილის აეროდინამიკური ბალანსისა და წონის განაწილებას შორის შეუსაბამობაა, რის გამოც, წინა ღერძი ზედმეტად იტვირთება.

ესპანური რბოლისთვის, ”მერსედესის” ბოლიდს შეეცვლება საბაზო აეროდინამიკური პაკეტი, ძრავის და გადაცემათა კოლოფის განლაგება და შესაძლოა, ბორბლებს შორის ბაზაც. ეს კი ნიშნავს, რომ შტუტგარტელები ესპანეთში სულ სხვა მანქანით იასპარეზებენ.

”მანქანის შემუშავების პროცესში, ჩვენ მხოლოდ წინა ბორბლების ზომების შეცვლის ფაქტორი გავითვალისწინეთ. იმ ეტაპზე, ჩვენი მიზანი ის იყო, რომ მანქანის არასაკმარისი მოხვევადობა გამოგვერიცხა. მაგრამ გვიან გავიგეთ, რომ ”ბრიჯსტოუნმა” უკანა ბორბლების კონსტრუქციაც შეცვალა. ყოველივეს შედეგად, წინა ღერძი უფრო დაიტვირთამ ვიდრე ველოდით”, - ყვება ბრაუნი.
გუნდის შეფი დასძენს, რომ ინჟინრებმა პრობლემის აღმოფხვრის ორი გზა დასახეს: ერთია მანქანის შემსუბუქება, რასაც რეგლამენტი კრძალავს. მეორე კი ბაზის სიგრძის გაზრდაა. მეორე შემთხვევაში, ცვლილება მარტო ბაზის გაზრდით ვერ აღმოიფხვრება. პარალელურად, შესაცვლელია აეროდინამიკური კონცეპცია, ძირითად აგრეგატებს კი დამაგრების კოორდინატები უნდა შეეცბალოს.

სხვათა შორის, ”მერსედესის” მანქანას ”რენოს” შემდეგ, ყველაზე მოკლე ბაზა აქვს და მისი დაგრძელება საუკეთესო გამოსავალი უნდა იყოს. მაგრამ ამ შემთხვევაში, გუნდს შასის ქრეშ ტესტის განმეორებით ჩატარება მოუწევს, რადგან ამ შემთხვევაში, მანქანის ის პარამეტრები შეიცვლება, რომლებსაც ჰომოლოგაცია აქვს მიღებული...

Sunday, April 11, 2010

”მაკლარენს” მოლოდინი არ გაუმართლდა

McLaren: Expectations not fully met

11 აპრილი

”მაკლარენის” გუნდის შეფი მარტინ უიტმარში ამბობს, რომ ის თავისი გუნდისგან სეზონის უკეთ დაწყებას ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურმა გუნდმა სამიდან ერთი რბოლის მოგება შეძლო, უიტმარში მაინც უკმაყოფილოა და დასძენს, რომ უფრო მეტის მიღწევაც შეიძლებოდა.

”ჩვენი მეტად მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი სრულად არ გამართლდა. სამ რბოლაში ერთი მოვიგეთ და ჩვენი მანქანაც იმდენად სწრაფია, რომ მეტოქეებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია, მაგრამ ეს საკმარისი არაა. შეიძლება ჩემი ნათქვამი ზოგმა უბრალო თვითკრიტიკად აღიქვას - სხვა თუ არაფერი, ჯენსონმა რბოლის მოგება შეძლო და კონსტრუქტორთა პირველობაზე მეორე ადგილი გვიკავია, მაგრამ ეს სრულებით არ გვაკმაყოფილებს. ”მაკლარენი” ყოველტვის პირველობისთვის იბრძვის და მეორე ადგილი, ან ცალკეული გამარჯვებები ვერ დაგვაკმაყოფილებს. ახლა მთავარია, მანქანა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და შეცდომებიც აღარ დავუშვათ”, - ამბობს უიტმარში.

ის ასევე აცნობიერებს იმ ფაქტსაც, რომ პირველ სამ რბოლაში მისმა გუნდმა ბევრი დადებითიც მიიღო, რომელთაგან მთავარი ისაა, რომ გუნდის წევრები ახლა უფრო თავდაჯერებულნი და მონდომებულნი არიან, ვიდრე ერთი წლის წინ, როდესაც ლიდერებთან ჩამორჩენა გაცილებით დიდი იყო.

”ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჯენსონი გუნდს კარგად შეეწყო და რბოლის მოგებაც მოასწრო, ლუისმა კი შესანიშნავად იასპარეზა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საბრძოლო განწყობა გვაქვს. შემდეგი ნაბიჯი ის იქნება, რომ უფრო სტაბილურები გავხდეთ და რაც შეიძლება მეტი ქულის დაგროვება შევძლოთ. ამ ქულებს სეზონის ბოლოს ოქროს ფასი დაედება და ამიტომ მათი ფანტვა გაუმართლებელი ფუფუნება იქნება”, - დასძენს უიტმარში და იქადნის, რომ ჩემპიონატის ევროპული სეზონიდან, მისი გუნდი კიდევ უფრო ძლიერი იქნება, რადგან ბარსელონაში მანქანაზე რამდენიმე სიახლის გამოყენებაა მოსალოდნელი.

ფრენკ უილიამსი კერს-ის დაბრუნების მომხრეა

Williams: KERS key to F1's green image

11 აპრილი

კიმეტიკური ენერგიის რეგენერაციის სისტემა, ანუ კერს-ი, ის სიახლე იყო, რომელმაც ფორმულა 1-ის შარშანდელ სეზონში ლამის ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მისი წყალობით, ბოლო წლების აღიარებული ლიდერები - ”ფერარი” და ”მაკლარენი” ჩრდილში მოექცნენ, ჩემპიონობისთვის კი ”ბრაუნმა” და ”რედ ბულმა” იბრძოლეს.

გუნდებმა ამ სისტემის შექმნასა და დახვეწაზე ბევრი იმუშავეს, მაგრამ მხოლოდ სამმა გარისკა ახალი სისტემის გამოყენება, მათგან კი ყველაზე უკეთ ”მაკლარენმა” იასპარეზა. მაგრამ შარშანდელი სეზონის დასრულების შემდეგ, ყველა გუნდი შეთანხმდა იმაზე, რომ ამ სეზონში კერს-ს არ გამოიყენებდნენ. რეგლამენტი ამ სისტემის გამოყენებას არ კრძალავს, მაგრამ გუნდების მორატორიუმი მოქმედებს და კერს-საც ჯერჯერობით არავინ იყენებს.

ახლა კი პირველი, ვინც კერს-ის დაბრუნებაზე ალაპარაკდა, ”უილიამსის” შეფი ფრენკ უილიამსია, ვისაც მიაჩნია, რომ აღნიშნული სისტემის დაბრუნება, ბუნების ქომაგთა თვალში, ფორმულა 1-ის იმიჯს გააუმჯობესებს. მალაიზიური დიდი პრიზის შემდეგ, გუნდების ხელმძღვანელებმა თათბირი გამართეს, რომელზეც კერს-თან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სერ ფრენკმა თავისი აზრი სწორედ ამ თათბირზე გამოთქვა.

”კერს-ს ფორმულა 1-სთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მართალია, ის ძალიან ძვირი ჯდება, ტექნიკურადაც საკმაოდ რთულია და მძიმეც არის, მაგრამ ადრე თუ გვიან, ფ1-ის ის დასჭირდება:, - განაცხადა უილიამსმა.

”ფერარის” და ”მაკლარენის” გარდა, შარშან კერს-ი ”ბეემვემ” და ”რენომაც” გამოიყენეს, თუმცა ამ ორმა ის მალევე მოხსნა თავისი მანქანებიდან. ”მაკლარენმა” კი სწორედ ამ სისტემის დახმარებით შეძლო რბოლების მოგება. სისტემა სხვა გუნდებმაც, მათ შორის, ”უილიამსმაც” შეიმუშავეს, თუმცა, ის ერთხელაც არ გამოუყენებიათ. სხვათა შორის, ”უილიამსის” მიერ შემუშავებული სისტემა სხვებისასგან განსხვავდებოდა - მასში ენერგია სპეციალური მქნევარას მეშვეობით გროვდებოდა. ინგლისურმა გუნდმა ეს სისტემა დახვეწა და ახლა მას დიდ ავტომწარმოებლებს სთავაზობს.

რაც შეეხება ”ბრაუნს” და ”რედ ბულს”, მათ ჩემპიონატის დაწყებამდევე გადაწყვიტეს, რომ არ გამოეყენებინათ კერს-ი და მანქანის ის ვარიანტები შეიმუშავეს, რომლებიც კერს-ის გამოყენებას არ ითვალისწინებდა. და, მოგებულებიც დარჩნენ. დღეს კი უილიამსი ამბობს, რომ თუ კერს-ს დააბრუნებენ, ის გუნდები, რომლებიც მის გამოყენებაზე უარს იტყვიან, არაკონკურენტუნარიანობისთვის გაწირავენ საკუთარ თავს.

”გასული სეზონის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემაზე უარი ვთქვით, მის დახვეწას ყველა აგრძელებს. და დარწმუნებული ვარ, თუ ვინმე მის გამოყენებას არ ისურვებს, გამარჯვებაზე შეუძლია არც იფიქროს”, ამბობს უილიამსი და დასძენს, რომ მისი გუნდის მიერ შემუშავებული მექანიკური კერს-ი დიდგაბარიტიანია და მისი ავტომობილზე განთავსება ძალიან გაძნელდება. ეს მით უფრო პრობლემური მას შემდეგ გახდა, რაც რბოლების დროს საწვავის ჩამატება აიკრძალა. ამის გამო, გაიზარდა საწვავის ავზების მოცულობა და მათ ბოლიდებზე სწორედ ის ადგილი დაიკავეს, რომელზეც ”უილიამსი” კერს-ის დაყენებას აპირებდა.

”ჩვენ რომ ახლა მანქანაზე კერს-ი დავაყენოთ, ის ლონდონურ ტაქსიზე გრძელი გახდება. ამირომ, პილოტის უკანა ადგილი უნდა დავივიწყოთ და სხვა ისეთი ადგილი მოვძებნოთ, რომელიც ავტომობილის აეროდინამიკას არ გააუარესებს. ეს კი სერიოზული პრობლემაა”, - ამბობს სერ ფრენკი.

რედ ბული” და ”ტორო როსო” დიდ გაცვლას ამზადებენ

11 აპრილი

ინტერნეტით გავრცელდა ცნობა იმის შესსახებ, რომ ”რედ ბულის” და ”ტორო როსოს” ხელმძღვანელობა შეხვედრას და ამ შეხვედრაზე თავიანთი გუნდების სამომავლო გეგმებზე საუბარს გეგმავს. ჯერჯერობით, ამ შეხვედრის ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, ის მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში გაიმართება.

შეხვედრაზე ორი მთავარი საკითხი განიხილება. ერთი პილოტებს ეხება, მეორე კი - ძრავებს. პირველ შემთხვევაში, ავსტრალიელი მარკ უებერის მომავალია გადასაწყვეტი. მას ”რედ ბულტან” კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება და არაა გამორიცხული, რომ ”ტორო როსოში” გადასვლა შესთავაზონ. მის ადგილზე კი ორი პილოტის კანდიდატურა განიხილება. მათგან ერთი მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენია, რომელიც ამ სეზონს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ატარებს. მეორეა გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი, რომელიც დღეს ”მერსედესის” ტესტ და სათადარიგო პილოტია.

რაიკონენის კანდიდატურას ”რედ ბულის” დამაარსებელი და შეფი - დიტრიხ მატეშიცი ემხრობა, ადამიანი, ვისაც ორივე გუნდი ეკუთვნის. მან იმდენი მოახერხა, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე რაიკონენი სწორედ ”რედ ბულის” მეორე გუნდში მოხვდა. ამასთან, ავსტრიულ გუნდში ფინელი პილოტის შესაძლო გადასვლის შესახებ, ინტერნეტსა და პრესაში ცნობები პერიოდულად გაიელვებს ხოლმე.

რაც შეეხება ჰაიდფელდს, მისი გამოჩენა კანდიდატებს შორის ცოტა მოულოდნელია. მითუმეტეს, ის იმ გუნდში მუშაობს, რომელმაც ამ სეზონისთვის, ”რედ ბულს” ძრავების მიწოდებაზე უარი განუცხადა. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ”მერსედესი” მაინც დათანხმდეს ”წითელი ხარებისთვის” ძრავების მიწოდებაზე და სანაცვლოდ, ფულის გარდა, ჰაიდფელდის დასაქმებაც მოითხოვოს. თუმცა, ამის მიუხედავადაც, ეს ვარიანტი საკმაოდ არარეალურად მოჩანს.

აქტუალურია ძრავების საკითხიც. როგორც ფ1-ის ექსპერტები აცხადებენ, იმის გამო, რომ ”რედ ბულის” მანქანები ”რენოს” ძრავებითაა აღჭურვილი და არა ”ფერარისა”, ისინი წრის გავლას საშუალოდ 0.3 წამით მეტს უნდებიან. დღეს ”რედ ბულის” მანქანა მეტოქეებს აეროდინამიკის ხარჯზე სჯობნის და ძრავის საკითხი იმდენად აქტუალური არაა, მაგრამ ის მაშინვე წინა პლანზე წამოიწევს, როგორც კი მდევრები დაწევას შეძლებენ, რაც სეზონის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. მოკლედ, არაა გამორიცხული, რომ ორი გუნდის შეფების შეხვედრაზე ძრავების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამ შემთხვევაში კი მერმისს ”რედ ბულის” ბოლიდები ”ფერარის” ძრავებით აღიჭურვება. სხვათა შორის, ორივე გუნდს, ძრავების მიმწოდებლებთან კონტრაქტები ამ სეზონის ბოლოს დაუმთავრდება.

Sunday, April 4, 2010

უძნელესი რბოლა ალონსოს კარიერაში

Alonso says Malaysian race hardest of his career (Reuters)

4 აპრილი

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ, გასულ უქმეებზე ჩატარებულ მალაიზიის დიდ პრიზს, მის კარიერაში უძნელესი რბოლა უწოდა. ალონსო აღნიშნულ რბოლას ბოლოსწინა წრეზე გამოეთიშა და უქულოდ დარჩა, რის გამოც, ჩემპოიონატის ლიდერობა თავის ბრაზილიელ თანაგუნდელ ფელიპე მასას გადაულოცა.

ალონსო მერვე ადგილისთვის ებრძოდა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჯენსონ ბატონს და იმ მომენტში, როდესაც თითქოს შეძლო მისი უკან მოტოვება, ყველასთვის მოულოდნელად გაჩერდა - ძრავმა ბატონის ”მაკლარენის” მიერ დატოვებულ ჰაერის გაუხშოებულ არეში საკმარისი გაგრილება ვერ მიიღო და დაიწვა. მასამ კი ფინიშის ხაზი მეშვიდემ გადაკვეთა და ახლა ალონსოს და რბოლის გამარჯვებულ სებასტიან ფეტელს 2-2 ქულას უგებს.

”მოთელვის წრეზე, ჩემს მანქანაზე გადაბმის ქურო დაზიანდა და მთელი რბოლის განმავლობაში, გადაცემის შეცვლისას, პრობლემები მქონდა. ვფიქრობ, ეს ჩემს კარიერაში ურთულესი რბოლა იყო. ყოველი მოსახვევის გავლისას, იმპროვიზება მიწევდა. ყოველივეს მიუხედავად, თითქმის ბოლომდე, ქულების ზონაში ვიყავი და თუ ასპარეზობა უქულოდ დავასრულე, ეს მხოლოდ ძრავის დაზიანების ბრალია”, - განაცხადა ალონსომ.

”თუ გადაცემათა კოლოფი, ან ძრავი უნდა დაზიანდეს, მირჩევნია, ეს მაშინ მოხდეს, როდესაც მეცხრე ადგილზე ვიქნები, ვიდრე მაშინ, როდესაც მოგების შანსი მექნება”, - დასძენს ალონსო, ვინც სეზონის პირველი რბოლა მოიგო და ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფავორიტია. ის დარწმუნებულია, რომ მალე შეძლებს ლიდერობის დაბრუნებას. ოღონდ, ამაში ხელი ტექნიკამაც უნდა შეუწყოს.

მასამ ექვსი ქულის მოპოვება შეძლო. არადა, რბოლა 21-ე ადგილიდან დაიწყო. ყოველივეს მიუხედავად, ის ამბობს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლისთვის, მას და ალონსოს უფრო გამძლე და ზოგიერთ კომპონენტში გაუმჯობესებული მანქანა სჭირდებათ.

”ეს ის რბოლაა, რომლის უქულოდ დასრულება შეიძლებოდა, თუმცა რამდენიმე ქულის აღება შევძელი და ეს მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ კვალიფიკაციაზე ასეთი ლაფსუსები აღარ მოგვივიდეს. ამასთან, მანქანაც უნდა დაიხვეწოს, რადგან ”რედ ბული” ძალიან სწრაფია და ”მაკლარენიც” ძლიერი კონკურენტია. ჩემპიონატის ლიდერობა სასიამოვნოა, მაგრამ ამ ეტაპზე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. წინ 16 რბოლაა და თუ მანქანა სწრაფად არ გავაუმჯობესეთ, სხვები აუცილებლად გაგვასწრებენ და მერე დაწევა ძნელი იქნება”, - ამბობს მასა.

გაცილებით უკმაყოფილოა ”ფერარის” შეფი სტეფანო დომენიკალი: ”კმაყოფილების ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ. დღევანდელი შედეგი გუშინდელმა კვალიფიკაციამ განაპირობა. როცა რბოლას ასე შორიდან იწყებ, კარგი შედეგის მიღწევა ძალიან ძნელია. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მანქანის გამძლეობასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს და მათი სასწრაფოდ გადაჭრა მოგვიწევს, თუ ტიტულის მოპოვება გვინდა”.

ალგერსუარის პირველი ქულები

Malaysian battle earns Alguersuari first F1 points (Reuters)

4 აპრილი

ალგერსუარი პეტროვს ასწრებს
..............................................................

”ტორო როსოს” ახალგაზრდა ესპანელი პილოტი ხაიმე ალგერსუარი მალაიზიაში, თავის კარიერაში პირველ ქულებს დაეუფლა. ჯერ იყო და, მელბურნში, მიხაელ შუმახერთან უშეღავათო პაექრობით დაგვამახსოვრა თავი, ახლა კი პირველი ორი ქულა მიითვალა და ნუ გაიკვირვებთ, თუ შემდგომ რბოლებში მეტსაც მიაღწევს.

”ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ პირველი ქულები ავიღე. არადა, არ მეგონა, თუ ასე ადრე შევძლებდი ამას. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან გახარებული ვარ და ამიერიდან, ტრასაზე უფრო თავდაჯერებული ვიქნები”, - განაცხადა 20 წლის ესპანელმა, რომელიც სეზონის დაწყებამდე ამბობდა, ჩემთვის ფორმულა 1-ის კარიერა რეალურად წელს იწყებაო.

შარშან მისი დებიუტი უნგრეთის დიდ პრიზზე შედგა, როცა 19 წლის და 125 დღის იყო. ამგვარად, ის გახდა ფ1-ის ისტორიაში, რბოლის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე. მაშინ ის არც ელოდა, რომ რბოლაში გამოსვლის საშუალება მიეცემოდა. ფ1-ის მანქანა კი მხოლოდ ერთხელ ყავდა გატარებული. უფრო მეტიც, დებიუტისთვის არც ფიზიკურად ყოფილა მზად და თავადვე აღიარებს, რომ რბოლების დასრულება ძალიან უჭირდა. მაგრამ სეზონებს შორის, ბევრი რამ შეიცვალა...

”ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევ. ეს რბოლა ჩემთვის ძალიან ძნელი იყო, რადგან ტრასას არ ვიცნობდი. თუმცა მან სიამოვნება მომანიჭა. განსაკუთრებით კი იმ მომენტებში, როდესაც სხვებს ვებრძოდი. ჩემი აზრით, მელბურნში მიხაელთან პაექრობამ ბევრი რამ მასწავლა”, - ამბობს ალგერსუარი.

მან რბოლა მე-14 პოზიციიდან დაიწყო და წინ გზა დაძაბული ბრძოლებით გაიკაფა. გზაზე თავის შვეიცარელ თანაგუნდელ სებასტიან ბუემის (სტარტზე მე-11 იყო), ”უილიამსის” გამოცდილ ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოს (მე-12) და ”უილიამსისვე” ამბიციურ გერმანელ ნიკო ჰულკენბერგს (მე-10) გაასწრო და ის ორი ქულაც სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.

შუმახერი მაყურებლის როლში

Schumacher looks on as Rosberg earns podium (Reuters)

4 აპრილი

შუმახერი მაყურებლის როლში

..................................................

მიხაელ შუმახერმა მალაიზიის დიდი პრიზის რბოლის დიდი ნაწილი მაყურებლის როლში გაატარა და ნახა, თუ როგორ ავიდა მისი ახალგაზრდა თანაგუნდელი ნიკო როსბერგი კვარცხლბეკზე. შუმის მალაიზიური რბოლა სამჯერ აქვს მოგებული, მაგრამ ამჯერად, ფინიშამდე მიღწევაში ხელი მარცხენა უკანა ბორბლის დაზიანებამ შეუშალა.

რაც შეეხება როსბერგს, მთელი რბოლის განმავლობაში ის სტაბილური იყო და არცთუ შორს ჩამორჩა ”რედ ბულის” წყვილს, რომელმაც ასპარეზობა გამარჯვების დუბლით დაასრულა. როსბერგმა ფინიშის ხაზი მესამემ გადაკვეთა და ”მერსედესს” 1955 წლის შემდეგ პირველი საკვარცხლბეკო ფინიში მოუპოვა.

შუმახერის ბოლიდის მარცხენა უკანა ბორბალმა დატვირთვას ვერ გაუძლო

...............................................

”ტესტების დროს ჩვენ პრობლემები თითქმის არ შეგვქმნია, მაგრამ დღეს ბორბალმა დატვირთვას ვერ გაუძლო. მეექვსე მოსახვევში, მანქანამ მდგრადობა დაკარგა, მოხვევა ძალიან მიჭირდა, მისი მარცხენა მხარე კი საერთოდ არ მემორჩილებოდა. რას ვიზამ, ასეთია ჩვენი სპორტი. სამაგიეროდ, ნიკო კვარცხლბეკზე ავიდა და მე ეს ძალიან მიხარია”, - განაცხადა 41 წლის შუმახერმა, ვინც პადოკში მოპედით მიიყვანეს.

რაც ფორმულა 1-ში დაბრუნდა, შუმახერი ვერაფრით იბრუნებს იმ ფორმას, რითაც შვიდი ტიტულის მოპოვება შეძლო. სეზონის პირველი რბოლა ბაჰრეინში მან მეექვსე ადგილზე დაასრულა, მელბურნში კი მეათე იყო. მაგრამ მალაიზიაში როსბერგის მიერ მესამე ადგილის დაკავება შუმის ოპტიმიზმით აღავსებს. ის დარწმუნებულია, რომ ”მერსედესი” მალე გამოავლენს თავის შესაძლებლობებს.

”რენო” ჰამილტონის ქმედებით უკმაყოფილოა

Renault critical of Hamilton's weaving

4 აპრილი

წამიც და ჰამილტონი პეტროვს გაასწრებს

.............................................

”რენოს” ხელმძღვანელობა უკმაყოფილებას არ მალავს იმის გამო, რომ რბოლის მსვლელობისას, ლუის ჰამილტონმა ვიტალი პეტროვი მკვეთრი მანევრებით - ტრასის გარდიგარდმო დიაგონალური გადაადგილებებით მოიშორა კუდიდან, რის შემდეგაც, რუსი პილოტი მალე ჩამოიტოვა.

რბოლის პირველ ნაწილში, ჰამილტონმა პეტროვს გაასწრო, თუმცა მოულოდნელად, რუსმა პოზიცია საკმაოდ იოლად აღიდგინა. თანაც, ამისათვის კლასიკური მანევრი - სლიპსტრიმი გამოიყენა. ბრიტანელს არ გასჭირვებია პეტროვის ხელმეორედ გასწრება, რის შემდეგაც, ეს უკანასკნელი მას კუდზე დააჯდა იმ იმედით, რომ ისევ სლიპსტრიმი გამოუვიდოდა.

მაგრამ ამჯერად, ჰამილტონმა მისი მანქანის უკან დარჩენილი გაუხშოებული არეს გამოყენების საშუალება აღარ მისცა. იმისათვის, რომ მის მეტოქეს სლიპსტრიმით ვეღარ ესარგებლა, ბრიტანელი ცდილობდა, რუსი კუდიდან მოეშორებინა და სწორედ ამისათვის ჩაატარა ზემოთ ნახსენები მანევრები. ეს რომ მეტოქისთვის გზის გადასაჭრელად გაეკეთებინა, მსაჯები აუცილებლად დააჯარიმებდნენ, მაგრამ იმ მომენტში, სტარტ-ფინიშის სწორზე, პეტროვი გასწრების მანევრს არ ატარებდა.

შედეგად, ჰამილტონმა მხოლოდ გაფრთხილება მიიღო. ”რენოს” შეფი ერიკ ბუიე თვლის, რომ ინგლისელი პილოტი გაფრთხილებაზე მკაცრ სასჯელს იმსახურებდა, თუმცა კითხვაზე, ხომ არ აპირებს მეტის ოფიციალურად მოთხოვნას, უარყოფითი პასუხი გასცა...

მალაიზიაში ფეტელისთვის გამოიდარა

Malaysian Grand Prix (race)

4 აპრილი

ფეტელისთვის მალაიზიაში ამინდმაც გამოიდარა და იღბალმაც - მართალია, ამჯერად მას რბოლა პოულიდან არ დაუწყია, მაგრამ სამაგიეროდ, სტარტიდანვე ხელთ იგდო ლიდერობა და ბოლომდე უხინჯოდ იასპარეზა, რითაც სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და რაც მთავარია, კლასიფიკაციის სათავეში, მოწინავე სამეულში გადაინაცვლა.

შაბათისგან განსხვავებით, ამინდს რბოლის დროს, მისი მონაწილენი არ შეუწუხებია. მართალია, მალაიზიური ეტაპი ისეთი დაძაბული არ გამოვიდა, როგორიც ავსტრალიური იყო, მაგრამ უინტერესო ნამდვილად არ ყოფილა. ინტერესი კი მეტწილად იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ორივე ”ფერარის” და ”მაკლარენებს” უკანა რიგებიდან მოუწიათ გზის გაკაფვა და გზად რამდენიმე გასწრების მომსწრენიც გაგვხადეს.

ფეტელმა (მისი მანქანა წინაა) პირველივე მოსახვევში ხელთ იგდო ლიდერობა და ფინიშამდე საკმაოდ იოლად შეინარჩუნა

....................................................

რბოლის ბედი, ფაქტობრივად მის სტარტზევე გადაწყდა. ყოველ შემთხვევაში, ფინიშზე პირველმა სამეულმა იმავე თანმიმდევრობით გაიარა, როგორითაც ისინი პირველ მოსახვევში შევიდნენ. ფეტელმა იყოჩაღა და სტარტზე ჯერ ოდნავ შეყოვნებულ როსბერგს გაუარა, შემდეგ კი, დამუხრუჭებისას, უებერსაც გვერდში ამოუდგა და პირველი მოსახვევიდან გამოსვლისას გაასწრო.

როსბერგს მესამე პოზიციის შენარჩუნებაც ძალიან გაუჭირდა, მაგრამ წინ აღარავინ გაუშვა და ფინიშამდე მესამე ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. რობერტ კუბიცამაც იყოჩაღა და მართალია, როსბერგის გასწრება ვერ შეძლო, მაგრამ სტარტზევე ორი პოზიცია მოიგო და ფინიშამდე მეოთხემ იარა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ”რენოს” ელიტაში დაბრუნების პოტენციალი გააჩნია.

”ჩვენთვის, მთელი გუნდისთვის, ეს საუკეთესო შედეგია. განსაკუთრებით, ორი უიღბლო რბოლის შემდეგ”, - ნარბოლევს განაცხადა 22 წლის ფეტელმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მოპოვებული მეექვსე გამარჯვებაა.

კვლავ კარგად იასპარეზა ლუის ჰამილტონმა, რომელმაც კვალიფიკაციაზე გუნდის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, სტარტი მე-20 პოზიციიდან აიღო, თუმცა მეოთხე წრის მიწურულს უკვე ქულების ზონაში იყო. მაგრამ შემდეგ, მის წინსვლას ხელი მისმა უახლოესმა მეგობარმა ადრიან სუტილმა შეუშალა, რომელმაც 20-ზე მეტი წრის განმავლობაში, ერთი უმნიშვნელო შეცდომაც კი არ დაუშვა და ბრიტანელს წინ წაწევის საშუალება აღარ მისცა.

თავის მხრივ, თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში, ჰამილტონს კუდზე ფელიპე მასა ეჯდა, მაგრამ თუ ბრიტანელი მუდმივად ცდილობდა სუტილის გასწრებას, მასას ის პრაქტიკულად არც შეუწუხებია. სამაგიეროდ, რბოლის შემდეგ, კლასიფიკაციას სათავეში სწორედ ბრაზილიელი მოექცა, რომელიც თავის თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს და ფეტელს 2-2 ქულით უსწრებს.

ალონსოს ბოლო წრეებზე დაძაბული პაექრობა ჰქონდა ჯენსონ ბატონთან. ბრიტანელი თავს კარგად იცავდა, ბოლო წრეზე კი ესპანელმა მასზე გადამწყვეტი იერიში მიიტანა და გაასწრო კიდეც, მაგრამ მეტისმეტი მოუვიდა და ბატონმა იქვე დაიბრუნა პოზიცია. ალონსოს ”ფერარიმ” კი ბოლი აუშვა - ძრავმა სული დალია. აქ ერთი ნიუანსი იქცევს ყურადღებას. ”ფერარის” ძრავის გაგრილებასთან დაკავშირებით, აშკარა პრობლემები აქვს, რაც პირველად ბაჰრეინში გამოჩნდა. მალაიზიაში კი, ბატონის კუდში დიდხანს სიარულის გამო კი, ძრავი, რომელიც გაგრილებისთვის საჭირო ჰაერის ჭავლს შეზღუდულად ღებულობდა, გადახურდა და მწყობრიდან გამოვიდა.

ნარბოლევს ფეტელი ღმერთს მადლობას სწირავდა იმის გამო, რომ რბოლის დროს, გამაგრილებელი სასმელის მარაგი სრულად არ ამოეწურა. ხანდახან, წვიმასაც ვნატრობდი, ისე საშინლად ცხელოდაო. უებერს მისი გასწრების ერთადერთი შანსი პიტ სტოპის დროს ჰქონდა, მაგრამ მექანიკოსებმა ავსტრალიელი ზედმეტად შეაყოვნეს - მარჯვენა წინა ბორბლის დროულად დაყენება ვერ მოხერხდა.

დაბოლოს, რბოლის დასრულება ვერ შეძლო მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, გერმანელმა მიხაელ შუმახერმა, რომლის მანქანასაც მეათე წრეზე უკანა მარცხენა ბორბალი დაუზიანდა.

მალაიზიის დიდი პრიზი

რბოლის შედეგები

ტრასის სიგრძე - 5.543 კმ, 56 წრე, რბოლის დისტანცია - 310.408 კმ

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:33:48.412

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) +4.849

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 13.504

4. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 18.589

5. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 21.059

6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 23.471

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 27.068

8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 37.918

9. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:10.602

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 01:13.399

11. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 01:18.938

12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე

13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 2 წრე

14. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 3 წრე

15. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 3 წრე

16. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 4 წრე

17. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 5 წრე

. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 10 წრე

. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 24 წრე

. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 44 წრე

. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 47 წრე

. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 48 წრე

. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 54 წრე

ს.გ. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 56 წრე

შენიშვნა: გ. - გამოეთიშა, ს.გ. - სტარტის გარეშე

უსწრაფესი წრე: მარკ უებერი - 1:37.054, 53-ე წრე

პირადი კლასიფიკაცია

1. ფელიპე მასა - 39 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 37; 3. სებასტიან ფეტელი - 37; 4. ჯენსონ ბატონი - 35; 5. ნიკო როსბერგი - 35; 6. ლუის ჰამილტონი - 31; 7. რობერტ კუბიცა - 30; 8. მარკ უებერი - 24; 9. ადრიან სუტილი - 10; 10. მიხაელ შუმახერი - 9; 11. ვიტანტონიო ლიუცი - 8; 12. რუბენს ბარიკელო - 5; 13. ხაიმე ალგერსუარი - 2; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. ფერარი - 76 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 66; 3. რედ ბულ-რენო - 61; 4. მერსედეს GP - 44; 5. რენო - 30; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 18; 7. უილიამს-კოსუორტი - 6; 8. ტორო როსო-ფერარი - 2