ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, August 9, 2009

”არტლაინის” ბოლიდებმა ყურადღება მიიქცია

German ATS Formel 3 Cup

9 აგვისტო

გერმანიის ფორმულა 3-ის ჩემპიონატში ქართული დროშით მოასპარეზე გუნდ ”არტლაინის” ბოლიდებმა ასენის რბოლების შემდეგ ჯერ მეტოქე გუნდების წარმომადგენელთა, შემდეგ კი მსაჯების გაზრდილი ყურადღება დაიმსახურეს. შოთა აფხაზავას გუნდის უკრაინელმა პილოტმა სერგეი ჩუკანოვმა ორივე რბოლაში იმდენად კარგად იასპარეზა, რომ მსაჯებმა მისი ბოლოდის პარამეტრები საგულდაგულოდ შეამოწმეს, მეორე რბოლის შემდეგ კი, მისი ”არტტეკ F24-ის” ავზიდან საწვავის სინჯი აიღეს და ისიც შეამოწმეს.

ჩუკანოვი ტროფის კლასში გამოკვეთილი ლიდერია. მან ასენში ამ კლასის ჩათვლაში ორი გამარჯვება მოიპოვა. უფრო მაღალ კლასში, რომელშიც თასის გათამაშება ტარდება, მან ჯერ მე-6, დღეს კი მე-9 ადგილი დაიკავა. თითქოს, მეცხრე ადგილი რა ბედენაა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ფინიშთან მასზე ადრე მისული რვავე პილოტი უფრო ძლიერი მანქანებით ასპარეზობს.

ჩუკანოვმა (სურათზე ასპერეზობისას) რბოლა მე-15 პოზიციიდან დაიწყო და თითქოს, პროგრესის შანსიც ნაკლებად ჰქონდა, მაგრამ სტარტზევე ავარია მომხდარა, რომელშიც ოთხი მანქანა (მათ შორის, ჩუკანოვის ფინელ თანაგუნდელ იესე კრუნისაც) დაიმტვრა. უკრაინელმა პილოტმა შეძლო დამტვრეული მანქანებისგან თავისი ”არტტეკის” მორიდება და მეორე წრეზე ის უკვე მეცხრე პოზიციაზე იყო, რომელიც ფინიშამდე შეინარჩუნა.

გამარჯვება კი, ისევე როგორც პირველ რბოლაში, ამჯერადაც ბელგიელმა ლორენს ვანტჰოორმა მოიგო, ვინც ფინიშთან 14 წამით მიასწრო მეორეზე გასულ ლატვიელ ჰარალდ შლეგელმილხს. შეგახსენებთ, რომ პირველ რბოლაში ჩუკანოვმა შლეგელმილხს მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში აჯობა.

Saturday, August 8, 2009

მენსელი თავისი კარიერის შესახებ

Nigel mansell

8 აგვისტო


მენსელი უილიამს FW11-ის” პილოტირებისას
...........................................................................................

ფორმულა ერთის პილოტებთან ინტერვიუ ყოველთვის საინტერესოა. მითუმეტეს, თუ თანამოსაუბრე მსოფლიოს ჩემპიონია, მისი სახელი კი ნაიჯელ მენსელია, რომელიც თავისი კარიერის გამორჩეულ მომენტებზე საუბრობს.

ახლახანს, ასეთი ინტერვიუ ბიგ ნაიჯს, ვინც ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ ერთხელ - 1992 წელს დაეუფლა, თუმცა ამის შანსი ადრეც არაერთხელ ჰქონია, პოპულარულმა ინგლისურმა ჟურნალმა F1რეისინგმა ჩამოართვა. ინტერვიუს დროს, ლეგენდარულმა ინგლისელმა თავისი კარიერის გამორჩეული მომენტები გაიხსენა.

ყველაზე გამორჩეული რბოლა - ბრიტანეთის დიდი პრიზი (1986)

ნაიჯელ მენსელი: რა თქმა უნდა, ყველა გამარჯვება სასიამოვნოს. ყოველთვის სიამოვნებით მახსენდება 1989 წლის უნგრული ეტაპი, რომელიც ”ფერარის” მანქანით მოვიგე. მაგრამ ბრიტანეთში 1986 წელს მოპოვებული გამარჯვება მაინც განსაკუთრებულია. პირველ წრეზე მომხდარ ავარიაში ჟაკ ლაფიტმა ორივე ფეხი მოიტეხა, მე კი მანქანა დავამტვრიე და სათადარიგოზე გადავჯექი, რომელიც ნელსონ პიკეს მონაცემების მიხედვით იყო გამართული - ჩემი პარამეტრების შესაბამისად მისი დარეგულირებისთვის დრო აღარ იყო.

მაგრამ დავჯექი ასეთ მანქანაზე და რბოლაც მოვიგე, რაშიც პიკეს მიერ დაშვებული ერთადერთი შეცდომა დამეხმარა - ის გადაცემათა კოლოფის საფეხურის შეცვლისას შეცდა და ამით მაშინვე ვისარგებლე.

საუკეთესო მანქანა - უილიამს FW11

მე ძალიან მომწონდა ”ფერარი 640”, რომლითაც 1989 წელს იტალიური გუნდის სახელით პირველი გამარჯვება ბრაზილიაში მოვიპოვე. მაშინ იქ ახალი გადასული ვიყავი, ახალ მანქანაზე გადავჯექი. იქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ საუკეთესოდ მაინც ”უილიამს FW11-ს” ვთვლი. ”ჰონდას” ტურბომოტორი წარმოუდგენელ ძალას ავითარებდა - კვალიფიკაციის ვარიანტს 1 300 ცხენის ძალის მოცემა შეეძლო. ეს ნამდვილი კაცური მანქანა იყო.

ყველაზე დიდი კინკლაობა - ჟან-მარი ბალესტრთან

FIA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ერთხელ თქვა, რომ ფორმულა 1-ში აღარასდროს დამიშვებდა. მას სურდა, რომ რაღაც დარღვევისთვის დავესაჯე. მე კი გამოვაცხადე, რომ მას ზოგი პილოტისთვის ერთი წესი ჰქონდა, ზოგისთვის კი - სხვა. ისე კი, ჟან-მარის ჩემი პირდაპირობა მოსწონდა და ჩვენ მალე შევრიგდით.

საუკეთესო ბოსი - კოლინ ჩეპმენი (ლოტუსი)

ჩეპმენი საუკეთესო იყო და იმიტომაც მიმიწვია - ის საუკეთესო პილოტებს იყო მიჩვეული და მათ ჩემპიონობისთვის ბრძოლის პირობებს უქმნიდა. კოლინმა იცოდა, ყველაფერს ვიზამდი, რომ მანქანისგან მაქსიმუმი გამომეწურა. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა, ის ბევრ საჭირო რჩევას მაძლევდა. დაგვიანებას გადამაჩვია და სიმართლის თქმას მიმაჩვია.

საუკეთესო გასწრება - გერჰარდ ბერგერის გასწრება (მექსიკა 1990)

ორმოცის რომ გავხდი, ნიუ ჰემპშირში ინდიქარის რბოლა მოვიგე, რომლის ფინიშამდე ოთხი წრით ადრეც, პოლ ტრეისის გარე რადიუსით გავასწარი. მაშინ ბევრი მეკითხებოდა - ეს როგორ მოახერხეო. ასეთ გასწრებებს ხშირად ვერ გაიმეორებ, იმიტომ რომ, თუ შეცდი, შეიძლება რბოლებს სამუდამოდ დაემშვიდობო. მაგრამ მსგავსი მანევრი მე ადრეც ჩამიტარებია.

ეს მექსიკაში, 1990 წელს მოხდა. მაშინ ბერგერს გავასწარი. რბოლის შემდეგ მას უთქვამს, რომ თავზეხელაღებული ვარ, მაგრამ სამაგიეროდ, ბოქსში რომ ვბრუნდებოდი, სხვადასხვა გუნდის მექანიკოსების ტაში მესმოდა და მაშინ ძალიან ამაყი ვიყავი.

ყველაზე ცუდი რბოლა - არგენტინა (1981)

1981 წლის სეზონის დასაწყისი ძალიან დამღლელი გამოდგა. ლონგ ბიჩის ეტაპს შემდეგ ორი სამხრეთამერიკული რბოლა მოჰყვა. რიოში თითქმის ექვსი კვირა გავატარეთ - მაშინ ყოველი რბოლის შემდეგ, საკუთარ თავს შინ დაბრუნების უფლებას ვერ ვაძლევდით. ჰოდა, ამდენი წვალების შემდეგ, არგენტინული რბოლის მესამე წრეზევე ”კოსუორტის” ძრავი ამიფეთქდა და მთელი წვალება წყალში ჩაგვეყარა, რამაც ძალიან გაწბილებული დაგვტოვა.

”არტლაინის” საუკეთესო შედეგი გერმანიის ფ3-ის ჩემპიონატში

German ATS Formel 3 Cup

8 აგვისტო

ჩუკანვი (62) და კრუნი (61) ასპარეზობისას

.................................................................................

ჰოლანდიის ასენის ავტოდრომზე გერმანიის ფორმულა 3-ის ჩემპიონატის მე-6 ეტაპის პირველი რბოლა ჩატარდა, რომელზეც ქართული დროშით მოასპარეზე გუნდ ”არტლაინის” პილოტებმა სეზონში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ტროფის ჩათვლაში, პირველი ორი ადგილი შოთა აფხაზავას გუნდის წევრებმა - უკრაინელმა სერგეი ჩუკანოვმა (პირველი) და ფინელმა იესე კრუნმა დაიკავეს, საერთო ჩათვლაში კი ისინი შესაბამისად, მე-5 და მე-7 ადგილებზე გავიდნენ.

ჩუკანვმა კარგი სტარტი აიღო. როგორც ”არტლაინის” საიტი გვატყობინებს, უკრაინელ პილოტს წინდაწინ შეუმუშავებია სტარტის ტრაექტორია და ზედმიწევნით შეასრულა თავისივე გეგმა, რისი წყალობითაც უკან ჩამოიტოვა ლატვიელი ჰარალდ შლეგელმილხი და ფრანგი ნიკოლა მაროკი და მალე მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ჩუკანოვმა თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში შეინარჩუნა ეს პოზიცია, მაგრამ ბოლო წრეზე მას ბრაზილიელმა რაფაელ სუზუკიმ გაუარა.

კარგად უასპარეზია ”არტლაინის” ფინელ პილოტსაც, რომელმაც არცთუ კარგად მომზადებული მანქანით მეტოქეთა არაერთი შეტევა მოიგერია (მხოლოდ შლეგელმილხმა გაასწრო) და ფინიშის ხაზი მერვემ გადაკვეთა. თუმცა, ნარბოლევს მსაჯებმა მაროკი დააჯარიმეს და საბოლოოდ, კრუნი მე-7 ადგილზე დარჩა.

დღევანდელ, მეორე რბოლას ”არტლაინის” პილოტები მე-15 (ჩუკანოვი) და მე-16 (კრუნი) პოზიციებიდან დაიწყებენ, რადგან მეორე კვლიფიკაციაზე შესაბამისი შედეგები აჩვენეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ტრასაზე ორივე გვიან გავიდა.

Friday, August 7, 2009

ბატონის კერპი არმსტრონგია

Jenson Button

7 აგვისტო

ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატში ახლა ერთთვიანი არდადეგებია და პილოტები მას დასვენებისთვის იყენებენ, ან იმას აკეთებენ, რისი საშუალებაც, სეზონის სხვა დროს არ აქვთ. მაგალითად, ჩემპიონატის ლიდერმა ჯენსონ ბატონმა ლონდონის ტრადიციულ ტრიატლონზე იასპარეზა (სურათზე)...

გუშინ კი მან ინტერვიუ ”ბრიჯსტოუნის” პრეს სამსახურს მისცა.

კითხვა: ყველაზე მეტად, რომელი რბოლა დაგამახსოვრდათ და რატომ?

ჯენსონ ბატონი: ძნელი ასარჩევია. ამ სეზონში რამდენიმე შესანიშნავი რბოლა ჩავატარეთ, მაგრამ ჩემი პირველი გამარჯვება 2006 წლის უნგრეთის ეტაპზე, მაინც ყველაზე გამორჩეულია. წლევანდელი რბოლებიდან კი მონაკოს გამოვყოფ, სადაც თავისუფალ პრაქტიკაზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ შემდეგ, კვალიფიკაციის მიწურულს, წრე შესაძლებლის ზღვარზე გავიარე და პოული მოვიპოვე. გამარჯვებამ და მითუმეტეს დუბლმა - რუბენსი ფინიშთან მეორე მოვიდა, სიამაყით აღგვავსო.

კითხვა: სარბოლი ტრასის მიღმა მანქანა როგორ დაგყავთ? საჭესთან მშვიდი ხართ, თუ მგზავრის როლში ყოფნა გირჩევნიათ?

ჯენსონ ბატონი: საჭესთან ყოველთვის მშვიდი ვარ და მანქანის მართვა მირჩევნია, ვიდრე პასიური მგზავრობა.

კითხვა: ვის, ან რას შეუძლია თქვენი გაცინება?

ჯენსონ ბატონი: ოჯახს, მეგობრებს, მეგობარ გოგონას. მათი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მამაჩემი ყოველ რბოლას ესწრება და ის არამხოლოდ მე მამხნევებს და მახალისებს, არამედ მთელ გუნდსაც.

კითხვა: აიპოდზე რა გაქვთ ჩაწერილი?

ჯენსონ ბატონი: სხვადასხვა სტილის მუსიკა მომწონს, აიპოდი კი ხშირი მგზავრობისას მეხმარება. ახლა ”კინგს ოფ ლეონს” ვუსმენ.

კითხვა: სპორტში თქვენი გმირი ვინ არის?

ჯენსონ ბატონი: ლანს არმსტრონგი. ის არასდროს ნებდება და თავისი მონდომებით ბევრს მიაღწია. მისი ერთი გამონათქვამი ძალიან მომწონს: ”ტკივილი დროებითი რამაა. ის შეიძლება წუთი, საათი, დღე ან წელიწადი გაგრძელდეს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც გაივლის, მის ადგილს კი სხვა რამ დაიკავებს. მაგრამ თუ დავნებდები, ის სამუდამოდ გაგრძელდება”.

კითხვა: ფორმულა 1-ის გარდა, რომელი სპორტი მოგწონთ?

ჯენსონ ბატონი: სამი დისციპლინა, რომლებიც ტრიატლონში შედის - ცურვა, სირბილი და ველორბოლა. ერთი მხრივ, ისინი ფორმის შენარჩუნების საშუალებაა, მეორე მხრივ, დაძაბული რეჟიმისგან გათავისუფლებაში მეხმარება. შარშან ტრიატლონზე პირველად ვიასპარეზე, წელს კი ლონდონის ტრიატლონის ერთ-ერთი მხარდამჭერიც ვიყავი.

შუმახერს მილიონებს არ პირდებიან

Michael Schumacher

7 აგვისტო

მიხაელ შუმახერის მენეჯერი ვილი ვებერი უარყოფს ხმებს იმის შესახებ, რომ თითქოს, ფორმულა 1-ში დაბრუნებული შუმი ”ფერარისგან” მილიონობით დოლარს მიიღებს. სხვადასხვა ვარაუდით, გასამრჯელო ყოველ რბოლაზე 500 ათასიდან მილიონ დოლარამდე მერყეობს.

მაგალითად, ერთ-ერთი საინტერნეტო გამოცემა ამტკიცებს, რომ ყოველი სარბოლი უიკენდის თითო დღეში (ესე იგი, ეტაპის სამ დეში სამ მილიონს) შუმის მილიონ დოლარს გადაუხდიან. ამასთან გერმანელს ბონუსები გამარჯვებისთვისაც ერგება. მეორე საიტი კი გვამცნობს, რომ ყოველი ეტაპისთვის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მარანელოელები ნახევარ მილიონს გადაუხდიან და თუ რბოლებსაც მოიგებს, ყოველ გამარჯვებაში თითო მილიონი ერგება.

ყველა ამ ინფორმაციას ვებერი კატეგორიულად უარყოფს: ”ყველაფერი ეს მხოლოდ ჭორია. ამ თემაზე ”ფერარისთან” ჯერ არ გვისაუბრია”, - ამბობს ვებერი (სურათზე შუმისთან ერთად), ვინც მისტერ ოცი პროცენტის სახელით ცნობილი მენეჯერი.

სხვათა შორის, შუმახერი ”ფერარისგან” კონსულტანტობაში წლიურად 5 მილიონ დოლარს იღებს, ვებერი კი, ცოტა ხნის წინ იმ ხმებსაც უარყოფდა, რომლებიც შუმახერის დაბრუნებას გვამცნობდნენ...

მონტოიას უილიამსმა დაურეკა

Juan Pablo Montoya

7 აგვისტო

ხუან პაბლო მონტოია თავის ტვიტერზე წერს, რომ მას ტელეფონით სერ ფრენკ უილიამსმა დაურეკა და უბრალოდ, მოიკითხა. ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ამბობს, რომ სერ ფრენკთან, მის გუნდში დაბრუნებაზე არ უსაუბრია.

”ფრენკ უილიამსმა მოსაკითხად დამირეკა. ძალიან მესიამოვნა მასთან საუბარი. ის სასიამოვნო პიროვნებაა... და არა, ფ1-ში დაბრუნებას არ ვაპირებ”, - წერს მონტოია, ვინც ახლა ამერიკაში მეტად პოპულარულ, ნასქარ-ის სერიაში ასპარეზობს.

თავის დროზე, კოლუმბიელი პილოტი ფორმულა ერთში სწორედ ფრენკ უილიამსმა გადმოიყვანა, რომლის გუნდშიც მონტომ ოთხი სეზონი გაატარა, შემდეგ კი ”მაკლარენში” გადაინაცვლა, მაგრამ 2006 წლის სეზონი დასრულებული არ იყო, რომ ამერიკაში დაბრუნება გადაწყვიტა, რის გამოც, ”მაკლარენის” შეფმა რონ დენისმა ის დაუყოვნებლივ დაითხოვა გუნდიდან.

სხვათა შორის, მაშინ მონტოიას გადაწყვეტილებაზე იმ გარემოებამ იმოქმედა, რომ დენისმა შემდგომი სეზონისთვის, ”რენოდან” მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო გადაიბირა და რამდენადაც, ფინელი კიმი რაიკონენის არსად გაშვებას არ აპირებდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ კოლუმბიელს მისი გუნდის დატოვება ისედაც მოუწევდა.

ლაუდა: შუმახერი ფ1-დან წასვლას ნანობს

Lauda: Schumacher regretted quitting F1

7 აგვისტო

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ავსტრიელი ნიკი ლაუდა დარწმუნებულია, რომ მიხაელ შუმახერი ახლა უკვე ნანობს იმას, რომ სამი წლის წინ ფორმულა 1 დატოვა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციის დროს მომხდარ ავარიაში ტრავმირებულ ბრაზილიელ ფელიპე მასას ევროპის დიდ პრიზზე შეცვლის და ალბათ, სეზონის ბოლომდე დაიცავს ”ფერარის” ღირსებას.

შუმახერს ვალენსიას ტრასაზე არასდროს უასპარეზია და არც ”ფერარი F60-ის” პილოტირების საშუალება ჰქონია. უფრო მეტიც, ფ1-ის წესების შესაბამისად, მას ტესტების უფლება არ აქვს და დიდი ავტორიტეტის მიუხედავად, ამის საშუალება არც მიეცემა.

ლაუდა ამბობს, რომ შუმახერი ჯერაც რბოლის ვირუსითაა დაავადებული. უფრო მეტიც, ამ ვირუსის მოშორება არც მაშინ უცდია, როდესაც თავისი სარბოლო ჩაფხუტი ლურსმანზე დაკიდა.

”მას ამ ვირუსის მოშორება არ შეუძლია. ამას ისიც ადასტურებს, რომ მოტორბოლაში აქტიურობდა. ვფიქრობ, სამი წლის წინ ფორმულა 1-დან მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ რეალურ გამოწვევას ვერ ხედავდა. და სავარაუდოდ, იმ ნაბიჯს ნანობს. ახლა კი მას თავისი ყოფილი გუნდის დახმარების შესაძლებლობა აქვს და მოტივაციაც ესაა. ამასთან, ნახავს, რამდენად შეინარჩუნა კონკურენტუნარიანობა. მართალი გითხრათ, ეს მეც ძალიან მაინტერესებს, რადგან ბრძოლის ეს ჟინი, რომელიც ადრენალინის მოზღვავებას იწვევს, არასდროს ცხრება. ეს ჩვენს გენშია.

ახლა ყველას აინტერესებს, შეუძლია თუ არა ”ფერარის”, მისცეს მას მანქანა, რომლითაც მიხაელი ტოპ პილოტებთან გაჯიბრებას შეძლებს. ეს ის კითხვაა, რომელიც მისი დონის პილოტებს ყოველთვის აინტერესებთ”, - ამბობს ლაუდა, ვინც 80-იანი წლების დასაწყისში, ასევე რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ფორმულა 1-ში და 1984 წელს მესამე ტიტულიც მოიპოვა.

1975 და 1977 წლებში ტიტულების (ფერარისთან ერთად) მოგების შემდეგ, ლაუდა ”ბრებჰემში” გადავიდა, რომლის ხელმძღვანელიც ბერნი ეკლსტოუნი იყო. მაგრამ 1979 წელს ავსტრიელმა კანადური ეტაპის შემდეგ, სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა. გავიდა სამი წელი და ბიზნესში წარუმტებლობამ (ფული შემოაკლდა), ლაუდას სპორტში დაბრუნება აიძულა. ამჯერად ის ”მაკლარენ-პორშეს” ბოლიდის საჭეს მიუჯდა და ორი წლის შემდეგ, ალენ პროსტთან უშეღავათო ბრძოლაში, ნახევარქულიანმა უპირატესობამ მესამე ტიტული მოაპოვებინა. ჰო, მართლა, ლაუდამ დაბრუნებიდან მეორე რბოლაშივე გაიმარჯვა. ის ამბობს, რომ გასამარჯვებლად დაბრუნდა, მიხაელი კი ერთგვარ ექსპერიმენტს ატარებს.

”დაბრუნებიდან მეორე რბოლაშივე გავიმარჯვე, მიხაელი კი ჩემპიონბისთვის ბრძოლას არ აპირებს. მე იმისთვის დავბრუნდი, რომ გამარჯვება მწყუროდა. მიხაელისთვის კი ეს დაბრუნება მხოლოდ ექსპერიმენტია და მეტი არაფერი”, - ჟურნალ ”აუტოსპორტთან” საუბრისას ამბობს ლაუდა და დასძენს, რომ შუმახერს დაბრუნებაში არც კისრის ტკივილი შეუშლის ხელს.

”დაივიწყეთ ასაკი. ის ფორმაშია, მძიმე დატვირთვით ვარჯიშობს და ბრძოლისთვისაც განწყობილია. რა თქმა უნდა, არის გარემოებები, რომელთა გადალახვაც მოუწევს. მაგალითად, რბოლას გადაჩვეულია და ახალი მანქანის გამოცდის საშუალება არ აქვს. მაგრამ ეს იმ გამოწვევის ნაწილია, რომლიც მის დაბრუნებას თან ახლავს. სწორედ ამიტომ, მის დაბრუნებას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის”.

Thursday, August 6, 2009

შუმახერის დაბრუნება ექიმებზეა დამოკიდებული

Michael Schumacher

6 აგვისტო


მიხაელ შუმახერი თავისი დაბრუნებისთვის დიდი ენთუზიაზმით კი ემზადება, მაგრამ მაინც ამბობს, რომ გამოვა თუ არა ვალენსიაში საასპარეზოდ, ეს ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ. საქმე ისაა, რომ მას ჯერაც აწუხებს კისრის რტავმა, რომელიც წელს, მოტოავარიისას მიიღო.

”რბოლისთვის ინტენსიურად ვემზადები. უკვე სამი კილოგრამი დავიკელი და ახლა იმაზე ვმუშაობ, რომ კუნთების მასა გავზარდო. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის. მაგრამ ხანდახან კისერში ტკივილი გამივლის ხოლმე, რაც აუცილებლად საჭიროებს შემოწმებას. სხვათა შორის, ”ფერარისთან” დათქმული პირობების თანხმად, ჩემი დაბრუნების მთავარი პირობა ჯანმრთელობაა”, - ამბობს შუმი, ვინც ”ფერარიში” ტრავმირებულ ბრაზილიელ ფელიპე მასას ადგილს დაიკავებს.

კისრის ტრავმაზე ლაპარაკობს შუმახერის პრესმდივანი საბინა კემიც: ”კისრის ტრავმა ჯერაც შემაწუხებელია. ბევრი რამ სამედიცინო გამოკვლევაზეა დამოკიდებული. მხოლოდ გამოკვლევის შემდეგ შევძლებთ დანამდვილებით თქმას - გამოვა თუ არა მიხაელი ვალენსიაში. ამ ეტაპზე, დიდი მონდომებით ვარჯიშობს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის ადამიანია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ დაბრუნება მის ჯანმრთელობას არ ავნებს”, - ამბობს კემი.

სხვათა შორის, სამედიცინო შემოწმების დრო და ადგილი არ სახელდება, რათა თავიდან იქნას აცილებული მედიის მხრიდან ზედმეტი ყურადღება.

ბრიტანელი კომენტატორი ჯეიმს ალენი, ვისაც შუმახერის ბიოგრაფია აქვს დაწერილი, ამბობს, რომ გერმანელ პილოტს კისრის და ზურგის არეში ტკივილები გაცილებით ადრე, 2005 წელს ჰქონდა, რამაც არამხოლოდ მის პილოტირებაზე იმოქმედა, არამედ, ამ ტკივილების გამო, ავტომრბოლი ძველებურად ვეღარ ახერხებდა ფიზიკურ ვარჯიშს. ვარჯიშს კი მიხაელი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ალენის თქმით, ეს პრობლემები ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმისა, რომ შუმი სპორტიდან წავიდა.

მოტოავარიისას მიღებული ტრავმა იმდენადაა მოშუშებული, რომ შუმახერი ყოველდღიურ დატვირთვებს იტანს. მაგრამ რამდენად ასატანი იქნება ავტომრბოლის დატვირთული რეჟიმი, ძნელი სათქმელია. მითუმეტეს, ვალენსიური ეტაპიდან ერთი კვირის შემდეგ, კალენდარში ბელგიის დიდი პრიზის ჯერი მოდის, სპა ფრანკორშანი კი იმითაცაა გამორჩეული ტრასა, რომ მასზე პილოტებს უზარმაზარი გვერდითი გადატვირთვების გაძლება უწევთ.

სანამ სამედიცინო შემოწმების დრო მოვა, მიხაელი ვარჯიშს კარტოდრომზე აგრძელებს. მისი თქმით, კარტის საჭეზე დატვირთვები უფრო დიდია, ვიდრე ფ1-ის საჭეზე. კარტინგში შუმი იტალიის ლონატოში ვარჯიშობს, სადაც მას პარტნიორობას ”ფერარის” ტესტ პილოტი, იტალიელი ლუკა ბადოერი უწევს.

Tuesday, August 4, 2009

პიკეს კარიერას პიკე გადაარჩენს

Nelson Piquet

4 აგვისტო

უმცროსი პიკეს ფ1-ის კარიერას უფროსი პიკე გადაარჩენს?

..........................................................................................................

რა კავშირი შეიძლება იყოს ამ დღეებში გახმაურებულ იმ ორ ფაქტს შორის, რომელთა მიხედვითაც, ფორმულა ერთს ამ სეზონის ბოლოდან ”ბეემვე” ტოვებს, ”რენომ” კი თავისი ბრაზილიელი პილოტი - ნელსონ პიკე დაითხოვა? ჯერჯერობით, არაფერი, მაგრამ თუ ორ ბრაზილიურ გაზეთს გავეცნობით, ამ კავშირსაც დავინახავთ.

”ესტადო საო პაულუ” და ”გლობო” ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ნელსინიუს მამა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნელსონ პიკე, GP2-ის სერიაში მოასპარეზე თავისი გუნდის ფორმულა ერთში გადაყვანას აპირებს და ამ მხრივ, საუკეთესო ვარიანტად, პეტერ ზაუბერთან თანამშრომლობას განიხილავს.

ზაუბერს ”ბეემვე ზაუბერის” აქციების 20 პროცენტი ეკუთვნის და მართალია ამბობს, რომ გუნდის გაძღოლას აღარ აპირებს, მაგრამ მისი დაშლაც არ სურს. ”გლობოს” ინფორმაციით, პიკეს გარდა, ზაუბერის გუნდით GP2-ის სერიის ლიდერი გუნდი - ”სუპერ ნოვაც” არის დაინტერესებული და არაა გამორიცხული, რომ პიკემ და ”სუპერ ნოვამ” თავიანთი ძალისხმევა გააერთიანონ კიდეც.

”გლობოს” ცნობით, ”ბეემვე ზაუბერის” ნაცვლად, მერმის ჩემპიონატში ”ზაუბერ პიკე F1” იასპპარეზებს, რომელიც ”ფერარის” ძრავსა და ტრანსმისიას გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ სანამ ”ზაუბერს” ”ბეემვე” შეიძენდა, შვეიცარული გუნდი ათი სეზონი სწორედ მარანელოელებთან თანამშრომლობდა.

სხვათა შორის, 2006 წელს, ნელსინიუმ GP2-ის სერიაში, მამის გუნდთან ერთად, მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ლუის ჰამილტონს ჩამორჩა. მაშინ, ბრაზილიელ პილოტს ბევრი ფორმულა 1-შიც კარგ მომავალს უწინასწარმეტყველბდა. ნელსინიუს ფ1-ში გადასვლის შემდეგ, პიკეს გუნდმა GP2-ში გამოსვლა გააგრძელა, სადაც მის ბოლიდებს ამ სეზონში ესპანელი როლდან როდრიგესი და ბრაზილიელი ალბერტო ვალერიუ უზიან. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ, სილვერსტოუნზე ასპარეზობისას, მოულოდნელი გამარჯვებაც კი მოიპოვა.

უმცროსი პიკეს შესაძლებლობებზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ მან მამამისის გუნდთან ერთად, სადებიუტო სეზონშივე მოიგო ბრაზილიის ფ3-ის ტიტული, შემდეგ, გუნდთან ერთად, ბრიტანეთის ფ3-ში გადავიდა, სადაც პირველი სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა, მომდევნოში კი (ბრიტანთის ფ3-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა) ჩემპიონი გახდა.

”ესტადო საო პაულუსა” და ”გლობოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციები პიკეს ოჯახს ჯერ არ დაუდასტურებია. სამაგიროდ, პეტერ ზაუბერი აცხადებს, რომ ყველაფერს იღონებს იმისათვის, რათა თავისი ყოფილი გუნდი გაქრობას გადაარჩინოს.

”საუკეთესო ვარიანტი ”ჰონდასა” და როს ბრაუნს შორის დადებული გარიგების მსგავსი შეიძლება იყოს. მინიმუმ ათი წელია საჭირო იმისათვის, რომ გუნდმა ფორმულა 1-ის ბოლიდის შექმნა ისწავლოს. სწორედ ამდენი დრო დაგვჭირდა ფორმულა 1-ში მოსასვლელად და ახლა ამ შრომის წყალში ჩაყრა არაფრით შეიძლება. შვეიცარიას ამ დონეზე დარჩენის შანსი დიდხანს აღარ მიეცემა. ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რათა ჩემს ყოფილ თანამშრომლებს სამუშაო ადგილი შევუნარჩონო. ჩემს კავშირებს გამოვიყენებ, რათა გუნდი დაშლას გადავარჩინო. მაგრამ ახლავე ვამბობ, რომ სასწაულების მოხდენა არ შემიძლია და ამიტომ, გუნდის ხელმძღვანელობას აღარ ვაპირებ. ”ბეემვე ზაუბერში” ჩემი როლი მხოლოდ მრჩევლობა იყო და გადაწყვეტილებებსაც მხოლოდ მიუნხენში ღებულობდნენ. ასე რომ, გუნდის ბედი პირველ რიგში, მათ ხელშია. რა თქმა უნდა, ადრე უფრო სერიოზული პრობლემებიც გადამიწყვეტია, მაგრამ ის დრო წავიდა. დღეს კი გამოსავალი სასწრაფოდაა მოსაძებნი”, - ამბობს ზაუბერი.

შუმახერს ტესტების უფლებას არ აძლევენ

Michael Schumacher

4 აგვისტო

”რედ ბული” და ”უილიამსი” წინააღმდეგნი არიან იმისა, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა, უნგრეთში ტრავმირებული ფელიპე მასას ”ფერარი F60-ით” ერთდღიანი ტესტები ჩაატაროს.

ფორმულა ერთის წესებით, ჩემპიონატის დროს, ტრასაზე ჩემპიონატში მონაწილე ავტომობილის ტესტირება მკაცრად იკრძალება. ამის გამო, შუმახერმა მუჯელოში (ეს ქალაქი ფლორენციის მახლობლად მდეარეობს) ორი წლის წინანდელი, კერძო ფირმისგან ნაქირავები მანქანით ივარჯიშა (სურათზე).

”რედ ბულის” შეფი კრისტიან ჰორნერი თვლის, რომ თუ ”ტორო როსოს” ესპანელ ახალწვეულ ხაიმე ალგერსუარის ფორმულა 1-ში დებიუტამდე ”საბრძოლო” ბოლიდით ვარჯიშის უფლება არ მიეცა, მაშინ გამონაკლისი არც შუმახერისთვის უნდა დაუშვან.

”უნგრეთში დებიუტამდე, ხაიმე ალგერსუარი ფორმულა ერთის სარბოლ მანაქანაში არასდროს მჯდარა, მაგრამ რბოლაზე მაინც გამოვიდა და უპრობლემოდ იასპარეზა. ვფიქრობ, ჩვევების დაბრუნება არც მიხაელს უნდა გაუჭირდეს, ვისაც შვიდი ტიტული აქვს მოპოვებული და 91 რბოლა - მოგებული. მან ორი წლის წინანდელი მანქანით უკვე ივარჯიშა და ვფიქრობ, სიჩქარესთან დაკავშირებით, პრობლემები არ უნდა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წრე ეყოფა იმისათვის, რომ ძველი ჩვევები გაიხსენოს”, - ამბობს ჰორნერი.

საკითხს სხვა კუთხით განიხილავს ”უილიამსის” შეფი ფრენკ უილიამსი, ვისი თქმითაც, თუ შუმახერი მასას მანქანით ვარჯიშის უფლებას მიიღებს, მაშინ წესის დარღვევის პრეცედენტი შეიქმნება და მომავალში მის დარღვევას სხვებიც მოინდომებენ.

”ფორმულა 1-ში მიხაელ შუმახერის დაბრუნებას მივესალმებით, მაგრამ ფაქტია, რომ წესები სეზონის მსვლელობისას ვარჯიშების ჩატარებას ნებისმიერი ფორმით გვიკრძალავს. ამ წესებს თავის დროზე ყველა გუნდი დაეთანხმა. სულ ახლახანს, ალგერსუარის, ვინც პირველად უნდა მისჯდომოდა ფ1-ის საჭეს, მანქანასთან მიჩვევის საშუალება არ მისცეს. ჩვენს გუნდს ალგერსუარისა და შუმახერს შორის, ამ მხრივ, განსხვავების დაშვება გაუმართლებლად მიაჩნია. ასე მოქცევის შემთხვევაში, შევქმნით პრეცედნტს, რის გამოც, ეს წესი არაერთხელ დაირღვევა”, - ამბობს უილიამსი.

Monday, August 3, 2009

”რენომ” პიკე დაითხოვა

Nelson Piquet

3 აგვისტო

ნელსონ პიკე უმცროსმა გამოაცხადა, რომ ”რენოსგან” გუნდიდან გაშვების შეტყობინება მიიღო. ფრანგული გუნდი ბრაზილიელი პილოტის გაშვებას უნგრული ეტაპის წინაც გეგმავდა, მაგრამ ესოდენ მკაცრი გადაწყვეტილების მიღება გადადო, რადგან უნგრეთის რბოლის წინ, მანქანას მოდერნიზაცია ჩაუტარდა და იმედი იყო, რომ განახლებული ბოლიდი ბრაზილიელ პილოტს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემდა. მაგრამ ნელსინიომ ვერც უნგრეთში შესძლო ქულის აღება.

ჰუნგარორინგზევე, პიკესა და ”რენოს” შეფ ფლავიო ბრიატორეს შორის, ვინც იმავდროულად, პიკეს მენეჯერიცაა, შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ფრანგული გუნდიდან ბრაზილიელის დათხოვნა დროის ამბავი იყო.

”დღეს ”რენოსგან” შეტყობინება მივიღე, რომელშიც წერია, მე მათი წევრი აღარ ვარ და ამ სეზონში, მათი მანქანით აღარ ვიასპარეზებ. როგორც წესი, მენეჯერი უნდა გამხნევებდეს, მხარს გიჭერდეს და ცდილობდეს, რომ მაქსიმალურად უკეთესი პირობები შეგიქმნას. მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ყველაფერი პირიქით ხდებოდა. ფლავიო ბრიატორე ჩემთვის ნამდვილი ჯალათი იყო”, - ამბობს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ნელსონ პიკეს შვილი, ვინც სეზონის პირველ ათ რბოლაში ერთი ქულის აღებაც ვერ შეძლო.

24 წლის პიკეს თქმით, შარშან, მისთვის სადებიუტო სეზონში, მას ისე უყურებდნენ, როგორც ”ვიღაც ბიჭს, ვინც სხვა მანქანის საჭეს უზის”. ამ სეზონის დასაწყისში, ბრიატორე მას ”თანაბარ მხარდაჭერას” პირდებოდა. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

”პირობები, რომლებშიც მე ეს ორი სეზონი გავატარე, რბილად რომ ვთქვა, უცნაური იყო. ხშირად ხდებოდა ინციდენტები, რომლებსაც საკუთარ თავს ვერაფრით დავაბრალებ. ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი კარიერის ყველაზე უარესი პერიოდი დასრულდა და ახლა შანსი მაქვს, ჩემი კარიერა უკეთესობისკენ შემოვაბრუნო. ვეცდები, ყველას დავუმტკიცო, რომ სწრაფი პილოტი ვარ და რომ მოგება მეც შემიძლია”, - ამბობს პიკე.

მასას პირველი ინტერვიუ

Felipe Massa

3 აგვისტო

ბუდაპეშტის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერის წინ, უნგრეთის დიდ პრიზზე დაშავებულმა ბრაზილიელმა ფელიპე მასამ ”ფერარის” პრესცენტრს პირველი ინტერვიუ მისცა, რომელიც სან პაულუში მისი გაფრენის შემდეგ გამოქვეყნდა.

კითხვა: თავს როგორ გრძნობთ? რა გახსოვთ ავარიის შესახებ?

ფელიპე მასა: უცნაური შეგრძნება მაქვს. ზუსტად ვიცი, რაც მოხდა - ბარიკელოს მანქანას ზამბარა მოსძვრა, რომელიც მე თავში მომხვდა. ვიცი, რომ ეს მე შემემთხვა, მაგრამ ავარიის მომენტში არაფერი მიგრძვნია. ექიმები ამბობენ, რომ ზამბარის მოხვედრის მომენტში გონება დავკარგე, შემდეგ ზღუდეს შევეჯახე და გონზე ორი დღის შემდეგ მოვედი.

მე არაფერი მახსოვდა, მომხდარის შესახებ ექიმები მომიყვნენ. როცა სარბოლ ინჟინერ რობ სმედლის ვესაუბრე, მან მკითხა, მახსოვდა თუ არა რუბენსის მანქანა, მაგრამ მე მხოლოდ ის მახსოვს, რომ მეორე საკვალიფიკაციო სესიის დროს, სწრაფი წრის შემდეგ, მის უკან ვმოძრაობდი და ყველაფერი წესრიგში იყო. ძნელი ასახსნელია. ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. მინდა, რაც შეიძლება სწრაფად მოვმჯობინდე და ”ფერარის” საჭეს დავუბრუნდე.

კითხვა: ვის გადაუხდიდით მადლობას?

ფელიპე მასა: პირველ რიგში, ღმერთს. რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ ტრასის და ჰოსპიტალის ექიმების, რომლებმაც ჩემთვის ამდენი რამ გააკეთეს. რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ დინო ალტმანის, ვინც ჩემს ოჯახთან ერთად, ბრაზილიიდან ჩამომაკითხა.

მინდა, მადლობა გადავუხად ყველას, ვინც ჩემი ჯანმრთელობისთვის ლოცულობდა, ვინც ჩემს ”ფერარის” საიტებზე კეთილ სურვილებს მიტოვებდა. უამრავი წერილი მივიღე მათგანაც კი, ვისაც ფორმულა 1 არ აინტერესებს, მაგრამ ჩემი ინციდენტის შესახებ შეიტყო და შეწუხდა. ყველას დიდი მადლობა, მე მათთვის ვილოცებ, როგორც ისინი ჩემთვის ლოცულობდნენ. მეც ზუსტად ასე მოვიქცოდი ასეთ ავარიაში სხვა რომ მოხვედრილიყო.

კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანი იყო გვერდით ოჯახის ყოფნა?

ფელიპე მასა: ჩემთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი მთელი კარიერის განმავლობაში გვერდით მიდგანან. ჩვენ ერთად განვიცდით მოგებასაც და წაგებასაც. ბუდაპეშტში რბოლას მხოლოდ ჩემი ძმა, ედოარდო ესწრებოდა, ავარიის შემდეგ კი რაფაელამ (მისი მეუღლეა, რომელიც ექვსი თვის ფეხმძიმეა), მშობლებმა და ბოლოს, დამაც ჩამომაკითხეს. ვიცი, რომ ისინი ძალიან განიცდიდნენ და მინდა, მადლობა გადავუხადო. არის კიდევ ერთი ოჯახი, რომელსაც მინდა, მადლობა გადავუხადო. ამ ოჯახს ”ფერარი” ჰქვია. მათ ჩემს დასახმარებლად ყველაფერი გააკეთეს. და მე ვამაყობ იმით, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ.

კითხვა: ბრაზილიაში დაბრუნების შემდეგ, პირველ რიგში, რას ისურვებდით?

ფელიპე მასა: მალე სახლში დავბრუნდბი და ვნახავ, იქ ყველაფერი ძველებურადაა, თუ რამე შეიცვალა. ბოლო დღეებში ბევრი რამ მოხდა, რამაც ძალიან დამღალა. ახლა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდბი და იმას გავაკეთებ, რასაც ყველა თქვენგანი ყოველდღიურად აკეთებს.

კითხვა: გარკვეული დროით, თქვენი მანქანის საჭეს მიხაელ შუმახერი მიუჯდება. მას რამეს ხომ არ ურჩევდით?

ფელიპე მასა: მიხაელს ჩემი რჩევები არ სჭირდება. პირიქით, მე მისი რჩევები მჭირდებოდა, როცა ერთად ვასპარეზობდით. მან იცის, როგორ უნდა მოიგოს. ის დიდი მრბოლია და მიხარია, რომ ის შემცვლის. მიხაელი გუნდის საუკეთესო არჩევანია და მჯერა, მისი დაბრუნება ბევრს გაახარებს. თუმცა, მეც ვიმედოვნებ, რომ ტრასაზე რაც შეიძლება, მალე დავბრუნდები.

მასა შინ გაემგზავრა

Felipe Massa

3 აგვისტო

უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე განცდილი უმძიმესი ავარიიდან ცხრა დღის შემდეგ, ”ფერარის” ბრაზილიელი პილოტი ფელიპე მასა შინ გაფრინდა. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, თვით უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა.

”მადლობა ღმერთს, თავს კარგად ვგრძნობ. მარცხენა თვალის არე შეშუპებული მაქვს. ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები ბრაზილიაში და გავაგრძელებ გამოჯანმრთელების პროცესს”, - ნათქვამია მასას განცხადებაში, რომელიც ”ფერარიმ” გაავრცელა.

28 წლის ავტომრბოლთან ერთად, ”ბომბარდირ CL-600” ბიზნეს ლაინერით, ბრაზილიაში მისი მშობლები, ძმა, მეუღლე რაფაელა (რომელიც ექვსი თვის ფეხმძიმეა) და პირადი ექიმი დინო ალტმანი გაემგზავრნენ.

შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციის მეორე სესიის მიწურულს, მასას თავში წინ მიმავალი რუბენს ბარიკელოს ”ბრაუნიდან” მომძვრალი, თითქმის ერთკილოგრამიანი დეტალი (უკანა საკიდარის სტაბილიზატორის ზამბარა) მოხვდა, რომელმაც პილოტს მარცხენა წარბის არეში, ძვალი ჩაუმტვრია.

მასას თვითმფრინავი სან პაულუში საღამოს დაეშვება რის შემდეგაც, ”ფერარის” პილოტს ვერტმფრენით ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანენ, სადაც მას გამოკვლევა ჩაუტარდება. იქ მასა ორ დღეს გაატარებს, რის შემდეგაც, სახლში გაწერენ.

Sunday, August 2, 2009

ჰირვონენის ფინური ტირუმფი

Rally of Finland

2 აგვისტო

ჰირვონენი და მისი შტურმანი იარმო ლეჰტინენი ზედიზედ მესამე გამარჯვებას ზეიმობენ

ფინელი მიკო ჰირვონენის გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეცხრე ეტაპი - ფინეთის რალი, რისი წყალობითაც, პირად ჩათვლაში, ის უკვე სამ ქულას უგებს მეორეზე მყოფ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს საფრაბგეთიდან, სებასტიან ლოებს.

აღსანიშნავია, რომ შარშან იგივე რალი ლოების გამარჯვებით დასრულდა, რითაც მან ფინეთის რალის ერთგვარი ტრადიცია დაარღვია, რომლის მიხედვითაც, ამ რბოლას მანამდე მხოლოდ სკანდინავიელი მრბოლები იგებდნენ. შარშანდლის მსგავსად, ამჯერადაც ლიდერსა და მის მდევარს შორის უშეღავათო პაექრობა გაიმართა.

თუ შარშან ლოებმა პირველივე დღეს ხელთ იგდო ლიდერობა, მაგრამ ფინიშამდე ჰირვონენის შორს ჩამოტოვება ვერ მოახერხა და მას სულ რამდენიმე წამით აჯობა, ამჯერად ფინელმა იგივე გაიმეორა - მეორე სპეცმონაკვეთზევე წინ გაიჭრა და მართალია, ფრანგის შორს ჩამოტოვება ვერ შეძლო, მაგრამ ბოლომდე დამაჯერებლად ლიდერობდა ასპარეზობას.

აღსანიშნავია, რომ ფინური რალის მეორე დღეს (მე-15 სპეცმონაკვეთზე), ლოებს საბურავი დაეშვა, რამაც ბევრი დრო დააკარგვინა. მანამდე კი იგი ლიდერს სულ 10 წამით ჩამორჩებოდა.

საბოლოოდ, ჰირვონენმა ჩემპიონს 25 წამი მოუგო და ამ სეზონში ზედიზედ მესამე, კარიერაში კი მეათე გამარჯვება იზეიმა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ეს მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

”ამ რალის ბავშვობიდან ვუყურებდი და ყოველთვის გამარჯვებაზე ვოცნებობდი. ახლა ეს ოცნება ავისრულე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. რბოლა ისე წარიმართა, როგორც დავგეგმე. ვიცოდი, რომ სებასტიანი იოლად არაფრის დამთმობია. თუმცა რბოლისას ამაზე არ მიფიქრია”, - განაცხადა 29 წლის ფინელმა მრბოლმა, ვინც ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე, ლოებს სულ სამი ქულით უსწრებს.

ფინეთის რალის შედეგები

1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 2:50:40.900

2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) +00:25.100

3. იარი-მატი ლატვალა (ფინთეი, ფორდი) 00:49.900

4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 01:06.100

5. მატი რანტანენი (ფინეთი, ფორდი) 04:18.200

6. სებასტიან ოგიერი (საფრანგეთი,სიტროენი) 04:18.500

7. იარი კეტომაა (ფინეთი, სუბარუ) 05:07.500

8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 06:33.600

9. ხალიდ ალ ყასიმი (არაბეთის გაერთ ემირატები, ფორდი) 12:57.300

10. იუჰა ჰანინენი (ფინეთი, შკოდა) 14:13.700

პირად ჩათვლა:

1. მიკო ჰირვონენი 68 ქულა; 2. სებასტიან ლოები 65; 3. დანიელ სორდო 44; 4. იარი-მატი ლატვალა 31; 5. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 27; 6. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 25; 7. მეტიუ უილსონი 20; 8. სებასტიან ოგიერი 16; 9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა,ფორდი) 14; 10. კონრად რაუტენბახი (ზიმბაბვე, სიტროენი) 8; 11. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სუბარუ) 7; 12. ხალიდ ალ ყასიმი 6; 13. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, სიტროენი) 4; 14. კრის ატკინსონი (ავსტრალია, სიტროენი) 4; 15. მატი რანტანენი 4; 16. კრჟიშტოფ ჰოლოვჩიკი (პოლონეთი, სუბარუ) 3; 17. იარი კეტომაა 2; 18. ურომო აავა (ესტონეთი, სიტროენი) 1; 19. ნასერ ალ-ატია (ყატარი, სუბარუ) 1; 20. ლამბროს ართანასულასი (საბერძნეთი, შკოდა) 1

კონსტრუქტორთა პირველობა:

1. სიტროენ ტოტალ WRT 119 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ-დაბი WRT 105; 3. შტობარტ VK M-სპორტ ფორდ WRT 64; 4. სიტროენ ჯუნიორ ტიმ 33; 5. მუნჩი'ს ფორდ WRT 20

Saturday, August 1, 2009

თანხმობის ახალი ხელშეკრულება გაფორმებულია

Concorde Agreement

1 აგვისტო


საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) და ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა გუშინ ხელი მოაწერეს თანხმობის ახალ ხელშეკრულებას, რომელიც სპორტის ამ სახეობის მართვის პრინციპებსა და მიღებული მოგების განაწილებას არეგულირებს. ახალი ხელშეკრულება სამწლიანია და მას ვადა 2012 წლის სეზონის დასრულების შემდეგ გასდის.

რაც მთავარია, ამ ხელშეკრულების გაფორმებით, მისი მოქმედების პერიოდში, აღარ იარსებებს ფორმულა ერთის გაყოფის და ალტერნატიული ჩემპიონატის ჩამოყალიბებს საშიშროება. ამგვარი ქმედებით კი ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციაში (FOTA) შემავალი გუნდები იმუქრებოდნენ, რომლებიც ფედერაციის ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით იყვნენ უკმაყოფილონი.

ახალი ხელშეკრულება ძველის განხლებული ვარიანტია. მასში ის ცვლილებებია შეტანილი, რომლებსაც მხარი უკლებლივ ყველა გუნდმა დაუჭირა. ხელშეკრულებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია ”ბეემვე ზაუბერს”, რომელსაც ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ბავარიული კოპანია მიატოვებს. გუნდს რამდენიმე დღე აქვს იმისათვის, რომ ხელშეკრულებას შეუერთდეს. დაგვიანების შემთხვევაში, მას ახალი გუნდის სახელით მოუწევს დარეგისტრირება, რაც პრობლემური საკითხია. თუ გუნდი ხელშეკრულებას მიცემულ ვადაში შეუერთდება, ის ჩემპიონატში მონაწილეობას მომავალ სეზონშიც უპრობლემოდ მიიღებს.

ხელშეკრულებას ასევე ხელი მოაწერეს ახალი გუნდების - U.S. F1-ის, ”კამპოს მეტას” და მეინორ გრან პრის ხელმძღვანელებმა. ეს გუნდები ჩემპიონტში მომავალი სეზონიდან ჩაერთვებიან.

”გუშინ ფედერაციის ავტოსპორტის მსოფლიო საბჭომ ახალი ხელშეკრულება მოიწონა, რის შემდეგაც, ფედერაციის პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ მასზე ხელი მოაწერა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფორმულა 1-ში სტაბილურობის ახალი პერიოდი იწყება. ფედერაციისა და გუნდების თანხმობით, საბჭომ ასევე სპორტული და ტექნიკური რეგლამენტების განახლებული ფორმატები მოიწონა, რომლებიც ძალაში ახალი ჩემპიონატის დასაწყისიდან შევა”, - ნათქვამია FIA-ს განცხადებაში.

ფედერაცია ასევე ადასტურებს, რომ თანხმობა ბიუჯეტების თანდათანობით შემცირების საკითხშიც მიღწეულია. ამ შეთანხმების შესაბამისად, 2012 წლამდე გუნდების ბიუჯეტები იმ დონეზე უნდა დავიდეს, რომელზეც 90-იანი წლების დასაწყისში იყო.