ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, June 19, 2010

მომავალ სეზონში კერს-ის გამოყენება დაიშვება

KERS a bigger boost in 2011

19 ივნისი

კანადის დიდი პრიზის დღეებში, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ტექნიკური განყოფილებების ხელმძღვანელებმა თათბირი ჩაატარეს, რომელზეც გადაწყდა, რომ მომავალი სეზონისთვის, კერს-ის (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) გამოყენებაზე მორატორიუმი მოიხსნას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი სეზონიდან, გუნდების უმეტესობა ამ სისტემას თავის მანქანებზე დააყენებს.

კერს-ი დამუხრუჭების დროს გამოყოფილ ენერგიას აგროვებს და შემდგომ მას პერიოდულად იყენებს, რაც მცირე ხნით, ავტომობილის ძრავის სიმძლავრეს ზრდის. გასულ სეზონში, კერს-ის ენერგოტევადობა მაქსიმუმ 400 კილოჯოულით იყო შეზღუდული. მაგრამ მომავალი სეზონიდან, ”ფერარიმ” და ”რენომ” მისი გაორმაგება მოითხოვეს.

მაგრამ ამის წინააღმდეგ წავიდა ”მერსედესი” და მისი ძრავების კლიენტი გუნდები, რომლებიც იმიტაც კი დაიმუქრნენ, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებენ, თუ რეგლამენტის გადახედვის საშიშროება წარმოიქმნებოდა. გარდა ამისა, მოთხოვნილ იქნა, რომ ავტომობილების მინიმალური წონა, 620-დან 645 კილოგრამამდე გაიზარდოს.

სწორედ კერს-ის სიმძიმე იყო ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც გასულ სეზონში ამ სისტემის არაპოპულარობა განაპირობა. საქმე ისაა, რომ შარშან მანქანების მინიმალური წონა 605 კილოგრამი იყო. კერს-ის და მის მიერ გამომუშავებული ენერგიის შესანახად განკუთვნილი აკუმულატორების სიმძიმის გამო კი, გუნდებს ძალიან უჭირდათ ამ წონასთან მიახლოება. ამის გამო, ისინი ვერ ახერხებდნენ ბალასტის გამოყენებას, რაც მათ სხვადასხვა ტრასებზე ავტომობილის წონის სხვადასხვაგვარად განაწილებაში და დაბალანსებაში ეხმარება.

ახლა კი, მინიმალური წონა გაზრდილია და კერსის გარდა, გუნდებს ბალასტის ეფექტურად გამოყენების საშუალებაც მიეცემათ. ”ფერარის” შეფმა სტეფანო დომენიკალიმ სწორედ ამ შეთანხმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, როგორც ყველაზე საჭიროს. მანვე აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, კერს-ის ტევადობაც გაზრდილიყო.

”ფერარიმ”, ”უილიამსმა” და ”რენომ” უკვე დაადასტურეს, რომ მომავალ სეზონში კერს-ს გამოიყენებენ. სხვები კი, მათ შორის ”მერსედესი”, არ ჩქარობენ, თუმცა ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ ისინი ამ საკითხში არავის ჩამორჩებიან. სხვა თუ არაფერი, შარშან კერს-ს ყველაზე ეფექტურად და თანაც, სეზონის ბოლომდე, ”მაკლარენი” იყენებდა.

”მერსედესის” შეფი როს ბრაუნი ამბობს, რომ კერს-ის გამოყენება უფრო მეტი ეფექტის მომტანი გახდება, თუ რეგლამენტი ისეთი უკანა ფრთის გამოყენებას დაუშვებს, რომელსაც დახრის კუთხის რეგულირების მექანიზმი ექნება. ის თვლის, რომ ამ მექანიზმის გამოყენებით, ზოგიერთი ტრასის სწორი მონაკვეთის ბოლოს, მანქანების მაქსიმალური სიჩქარე 15 კმ/სთ-ით გაიზრდება. ის ამბობს, რომ ცვალებადი ფრთა კერს-ის გამოყენებისას ავტომობილის მდგრადობის გასაუმჯობესებლად მისწრება იქნება. ორივე ერთად კი, წრის გავლის საშუალო სიჩქარეს გაზრდის.

ინგლისური ჟურნალი ”ავტოსპორტი” ვარაუდობს, რომ კერს-ის დაბრუნებას რამდენიმე შეზღუდვა აუცილებლად მოჰყვება. მაგალითად ის, რომლის შესაბამისადაც, სისტემის შემუშავება 5 მილიონ დოლარზე ძვირი არ უნდა დაჯდეს, იმ გუნდებს კი, რომლებსაც მსგავსი სისტემის შემუშავების რესურსი არ გააჩნიათ, მისი შეძენა მაქსიმუმ 1 მილიონ დოლარად უნდა შეეძლოთ. ბრაუნი ამბობს, რომ ასეთი შეზღუდვები მნიშვნელოვანია, რადგან კერს-ის გამოყენებაზე მორატორიუმი დიდწილად სწორედ იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ სუსტ გუნდებს მის შესამუშავებლად არც სახსრები გააჩნდათ და არც ფინანსები.

რედ ბული” ვალენსიაში აეროდინამიკურ ჰაერსადინარს გამოიყენებს

Red Bull to use 'important' F-duct in Valencia

19 ივნისი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ ეტაპზე, ევროპის დიდ პრიზზე, რომელსაც ესპანეთის ქალაქი ვალენსია უმასპინძლებს, ”რედ ბულ რეისინგი” თავისი მთავარი მეტოქის, ”მაკლარენის” გამოგონების - აეროდინამიკური ჰაერსადინარის (სურათზე მისი ელემენტი ჩანს) მისეულ ვერსიას პირველად გამოიყენებს.

ავსტრიული გუნდის გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი იმედოვნებს, რომ ეს აეროდინამიკური ელემენტი მას და მის გუნდს, გამარჯვებისთვის ბრძოლის მეტ შანსს მისცემს. ”რედ ბულმა” ეს ელემენტი პირველად თურქული დიდი პრიზის ვარჯიშებზე გამოსცადა, მაგრამ კვალიფიკაციასა და რბოლაში მისი გამოყენება ვერ გარისკა.

არადა, ისტანბულისა და მონრეალის რბოლებისას, სწორი მონაკვეთების გავლისას, აშკარად იგრძნობოდა ”მაკლარენის” უპირატესობა, რასაც მის მანქანებს სწორედ ჰაერსადინარი ანიჭებდა. ვალენსიაში, ქალაქის ტრასაზე, ამ ელემენტს ისეთი მნიშვნელობა არ ექნება, როგორიც თურქეთისა და კანადის ჩქაროსნული რბოლებისას ჰქონდა, თუმცა ”რედ ბულში” თვლიან, რომ მანქანაზე მისი დაყენება მაინც მნიშვნელოვანი იქნება.

”ვალენსიაში ჩვენს მანქანაზე მნიშვნელოვანი სიახლე -აეროდინამიკური ჰაერსადინარი გამოჩნდება. ჩვენი გუნდის ტექნიკური დეპარტამენტის შეფი ედრიან ნიუი კანადაში არ წამოვიდა, რათა ამ სისტემის საბოლოო დამუშავებისა და სრულყოფისთვის მიექცია ყურადღება”, - ამბობს ფეტელი.

Sunday, June 13, 2010

”აუდიმ” ლე მანის გვირგვინი დაიბრუნა

Audi reclaim Le Mans 24 hours

13 ივნისი

ამ სამეულმა ”აუდის” ლე მანის გვირგვინი დაუბრუნა
..........................................

”აუდის” სარბოლი პროტოტიპების ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა ლე მანის 24-საათიანი რბოლა, რომლის ფინიშთანაც პირველი ”აუდის” ამერიკული გუნდის - ”აუდი სპორტ ნორთ ამერიკას” გერმანელი პილოტი ტიმო ბერნჰარდი მივიდა. მან და მისმა თანაგუნდელებმა - გერმანელმა მაიკ როკენფელერმა და ფრანგმა რომენ დუმასმა ერთი და სამი წრით აჯობეს მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ”აუდის” ეკიპაჟებს, რომელთაგან მესამეზე გასულის საჭეს, დანიელი ტომ კრისტენსენის (ლე მანის რვაგზის გამარჯვებულია), იტალიელი დინდო კაპელოსა და შოტლანდიელი ალან მაკნიშის ტიტულოვანი ტრიო მართავდა.

ტიმო ბერნჰარდი
..........................................

”აუდისგან” განსხვავებით, ფიასკო განიცადა რბოლის გამოკვეთილმა ფავორიტმა ”პეჟომ”, რომელმაც შარშან ლე მანზე გერმანული კომპანიის ხუთწლიანი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა. ფრანგული კომპანიის სპორტული პროტოტიპები ამჯერადაც ყველაზე სწრაფები იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მათ ამჯერად გამძლეობამ უმტყუნა. არადა, რბოლის დასაწყისიდან, პელოტონის სათავეში სწორედ ”პეჟოს” მანქანები იმყოფებოდნენ.

”ფრანგული ლომების” სამივე დიზელისძრავიანი მანქანა მექანიკური პრობლემების გამო გაჩერდა. იმავე მიზეზით, რბოლა ვერც ”პეჟოს” პროტოტიპით მოასპარეზე ”ორეკას” ერთადერთმა ეკიპაჟმა დაასრულა.

კარგა ხანს ”პეჟოს” მოწინავე პოზიცია ეკავა
..........................................

”დაუჯერებელია, რომ ჩვენი სამი მანქანა ფინიშთან ყველაზე წინ მივიდა. ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ”პეჟოს” ძალიან სწრაფი მანქანები აქვს და ისინი თავიდანვე შეუდარებლები იყვნენ, მაგრამ ჩვენ მათ გამძლეობით, სტაბილურობით ვაჯობეთ და საბოლოოდ, გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩა”, - განაცხადა ალან მაკნიშმა.

”პეჟომ” კვალიფიკაციაზე ორი საუკეთესო შედეგი აჩვენა და სტარტზეც დაწინაურდა. მაგრამ სამი საათის შემდეგ, ლიდერ მანქანას, რომელსაც პოულ პოზიცია ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა სებასტიან ბურდემ მოაპოვებინა, საკიდარი დაუზიანდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

სტარტზე სამი ”პეჟო” დაწინაურდა

..........................................

თუმცა, ამის შემდეგაც, ლიდერობა ”პეჟოს” ეკიპაჟს დარჩა. მაგრამ იმ დროს, როდესაც ფრანგი ფრანკ მონტანის მანქანა უახლოეს ”აუდის” ორ წრეზე მეტს უგებდა, მასზე ძრავი დაზიანდა და მონტანიმაც რბოლა დატოვა.

ლე მანის 24-საათიანი რბოლა სპორტული ავტომობილების ერთ-ერთი უძველესი ასპარეზობაა მსოფლიოში და 1923 წლიდან ტარდება. ”აუდი” კი მისი ყველაზე წარმატებული მონაწილეა - გერმანულმა კომპანიამ ის 2000 წლის შემდეგ რვაჯერ მოიგო.

”მშვენიერი სურნელია, ტკბილი სურნელი. ამის დაჯერება არ შემიძლია. ლე მანზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და ახლა ეს ოცნება ამისრულდა. ეს რბოლა GT კლასში 2002 წელს მოვიგე, მაგრამ ჩემი ოცნება აბსოლუტურ ჩათვლაში გამარჯვება იყო. ამ რბოლისთვის დიდი მონდომებით ვემზადებოდით და დღეს დამტკიცდა, რომ ჩვენი მანქანა ძალიან გამძლეა. სწორედ მისმა გამძლეობამ მოგვაგებინა. თანაც, სამივე ეკიპაჟმა მთელი დისტანცია პრაქტიკულად პრობლემის გარეშე გაიარა”, - განაცხადა ბერნჰარდმა.

რბოლას 200 000 მაყურებელი დაესწრო, რომლებიც სტარტიდან 20 წუთის შემდეგ, ნამდვილი დრამის მომსწრენი გახდნენ - ყველაზე გრძელი, 6.2-კილომეტრიანი მულსანის სწორის დასაწყისში, ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონის, ბრიტანელი ნაიჯელ მენსელის ”ჯინეტა ციტეკი” დაიმტვრა. 56 წლის მენსელი, რომელსაც თავის შვილებთან, გრეგთან და ლეოსთან ერთად უნდა ეასპარეზა, სასწრაფოდ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც, საბედნიეროდ, სერიოზული ტრავმა ვერ აღმოუჩინეს.

ლე მანის 24-საათიანი რბოლის შედეგები

1. მაიკ როკენფელერი (გერმანია)/ტიმო ბერნჰარდი (გერმანია)/რომენ დუმასი (საფრანგეთი) აუდი სპორტ ნორთ ამერიკა (აუდი R15 TDI) 397 წრე

2. ანდრე ლოტერერი (გერმანია)/მარსელ ფესლერი (შვეიცარია)/ბენუა ტრელუა (საფრანგეთი) აუდი სპოტ ტიმ ჯოისტ (აუდი R15 TDI) 396 წრე

3. ტომ კრისტენსენი (დანია)/დინდო კაპელო (იტალია)/ალან მაკნიში (შოტლანდია)აუდი სპორტ ტიმ ჯოისტი (აუდი R15 TDI) 394 წრე

4. სოეილ აიარი (საფრანგეთი)/დიდიე ანდრე (საფრანგეთი)/ენდრიუ მეირიკი (ინგლისი) AIM ტიმ ორეკა (ორეკა01 AIM) 369 წრე

5. ნიკ ლევენტისი (ინგლისი)/დენი უოტსი (ინგლისი)/ჯონი კეინი (ჩრდ.ირლანდია)სტრაკა რეისინგი (HPD ARX-01c) 367 წრე

6. ჰაროლდ პრიმა (შვეიცარია)/შტეფან მიუკე (გერმანია)/ადრიან ფერნანდესი (მექსიკა) ასტონ მარტინ რეისინგი (ლოლა-ასტონ მარტინ LMP1) 365 წრე

7. მატიო ლაჰაი (საფრანგეთი)/გიიომ მორო (საფრაბგეთი)/იან ჩაროუზი (ჩეხეთი) ოუკ რეისინგი (პესკაროლო LMP2 ჯადი) 361 წრე

8. მაიკ ნიუტონი (ინგლისი)/თომას ერდოსი (ბრაზილია)/ენდი უოლესი (ინგლისი) რეი მელოკ Ltd. (ლოლა B08/80 HPD) 358 წრე

9. ჯაკ ნიკოლე (საფრანგეთი)/რიშარ ჰაინი (მონაკო)/ჟან-ფრანსუა ივონი (საფრანგეთი) ოუკ რეისნიგი (პესკაროლო LMP2 ჯადი) 341 წრე

10. კარიმ ოიეხი (საუდის არაბეთი)/ტიმ გრივზი (ინგლისი)/გარი შალანდონი (საფრანგეთი) ტიმ ბრიუიჩლადიჩი (ჯინეტა ციტეკ GZ09S/2) 341 წრე...

ჰამილტონმა ხელთ ჩემპიონატის ლიდერობა იგდო

Hamilton back on top after Canada win

13 ივნისი

ჰამილტონი გამარჯვებას ზეიმობს
..........................................
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ფორმულა 1-ში საუკეთესო მანქანა ”რედ ბულ რეისინგს” ჰყავს, მაგრამ უკვე რამდენიმე რბოლაა, მის პილოტებს ”მაკლარენელებთან” გამკლავება უჭირთ. ეგ კი არა, კანადის დიდი პრიზი სწორედ ”მაკლარენის” პილოტების გამარჯვების დუბლით დასრულდა და მრბოლების კლასიფიკაციაშიც ლიდერი შეიცვალა. კანადაში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებით, ”მაკლარენმა” კონსტრუქტორთა თასზე ლიდერობა განიმტკიცა, პილოტების კლასიფიკაციაში კი ლუის ჰამილტონი დაწინაურდა.

ჰამილტონმა ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო, ”მაკლარენმა” კი ზედიზედ მეორე დუბლი შეასრულა

..........................................

მართალია, ჰამილტონმა სტარტი პოულიდან აიღო, მაგრამ მას რომ ”რედ ბულის” პილოტების - მარკ უებერის და სებასტიან ფეტელის შეტევების მოგერიება გაუჭირდებოდა, ეს ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ მათგან ერთს საქმე სტარტამდე გაურთულდა. როგორც აღმოჩნდა, უებერის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გახდა შესაცვლელი და რამდენადაც ეს რიგგარეშე შეცვლა იყო, უებერი ხუთი ადგილით ჩამოაქვეითეს.

სტარტზე კი ჰამილტონი საკმაოდ იოლად გაუმკლავდა ფეტელის აგრესიას და რბოლა ლიდერის რანგში დაიწყო. სხვათა შორის, რბოლის დაწყებამდე ”ბრიჯსტოუნის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რბოლის მსვლელობისას, გუნდების უმეტესობა, მინიმუმ ორჯერ შევიდოდა ბოქსებში საბურავის შესაცვლელად. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რბოლაში ტაქტიკური ბრძოლა იყო მოსალოდნელი.

ჰამილტონმა ალონსოს მე-15 წრეზე გაასწრო

..........................................

ჰამილტონმა და მისმა თანაგუნდელმა ჯენსონ ბატონმა რბოლა რბილი საბურავებით დაიწყეს, რაც იმის ეჭვს ბადებდა, რომ ორივეს ადრეული პიტ სტოპი ჰქონდა დაგეგმილი. მართალია, ფეტელმა რბოლა მედიუმ (საშუალო სიმაგრის) საბურავებით დაიწყო, მაგრამ თავიდანვე მიიტანა ჰამილტონზე იერიში და რამდენჯერმე ლამის მიაღწია კიდეც საწადელს, თუმცა შემდეგ მათ შორის ბრძოლა შეწყდა, რადგან ბრიტანელმა ბოქსებს მე-8 წრეზე მიაშურა (ბატონის შემდეგ). 5-6 წრის შემდეგ, ბოქსებს ჯერ უებერმა, შემდეგ კი ფეტელმაც მიაშურეს. თანაც, გერმანელს რბილი (სუპერ სოფტ) საბურავი დაუყენეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას ბოქსში მალე ისევ ვიხილავდით.

სხვათა შორის, ჰამილტონი და ფერნანდო ალონსო ბოქსში ერთდროულად შევიდნენ. წინ ჰამილტონი იყო, მაგრამ იქიდან უფრო ადრე ალონსო გამოვიდა. მაგრამ მალე ჰამილტონმა თავისი ყოფილი თანაგუნდელი უკან მოიტოვა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ”რედ ბულის” პილოტებს პიტ სტოპი მოვლილი ჰქონდათ და ბრიტანელი ლიდერი გახდა. ალონსოს უკან ბატონი მიჰყვებოდა, შემდეგ კი ფეტელი, უებერი, რობერტ კუბიცა...

სტარტზე ჰამილტონმა მოწინავეობა იოლად შეინარჩუნა

..........................................

პიტ სტოპების მეორე სერიამდე რბოლა მიწყნარდა. თუ არ ჩავთვლით უკანა რიგებში ძალიან დაძაბულ ბრძოლებს, ტრასაზე საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა. ისე მოხდა, რომ რეზინის მეორე კომპლექტის დასაყენებლად, ბოქსში ყველაზე გვიან უებერი შევიდა, თუმცა ამის მიუხედავადაც, მან შესვლის წინ ლიდერობა მაინც დაკარგა, რადგან საბურავები საშინლად გაეცვითა.

50-ე წრეზე მას ჰამილტონმა გაასწრო და იქვე კუდზე ალონსოც დააჯდა, მაგრამ ავსტრალიელმა ბოქსებისკენ გადახვევა მოასწრო. ტრასაზე დაბრუნებული კი მეხუთეზე, ფეტელის უკან აღმოჩნდა. 56-ე წრეზე, ალონსოს ბატონმა იმ დროს გაუარა, როცა ესპანელი ინდოელ კარუნ ჩანდჰოკს ასწრებდა და ამიტომ, ტემპი დაკარგა. აქედან მოყოლებული, ლიდერთა განლაგებაში აღარაფერი შეცვლილა.

”ძალიან დიდი მადლობა ამ შესანიშნავი უიკენდისთვის. ჩვენს მხრებზე ბევრმა პრობლემამ გადაიარა, მაგრამ ამას გავუძელით და ეს თქვენი დამსახურებაა”, - ჰამილტონმა რადიოთი მადლობა ამ სიტყვებით გადაუხადა თავის გუნდს.

ამგვარად, მას 109 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატის ლიდერიც გახდა. მეორეზე ბატონმა გადაინაცვლა, ვისაც 106 ქულა აქვს, ძველი ლიდერი უებერი კი 103 ქულით, მესამემდე ჩამოქვეითდა. 94 ქულით, მეოთხეზე ალონსოა, მეხუთეზე მყოფ ფეტელს კი 90 ქულა აქვს.

”ეს ამ სეზონში ერთ-ერთი ურთულესი რბოლა იყო და მით უფრო სასიხარულოა, რომ კვლავ დუბლი შევძელით. ჯენსონმაც შესანიშნავად იმუშავა და საერთოდ, მთელი გუნდი მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით. ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ეს ჩემთვის განსაკუთრებული გამარჯვებაა, რადგან ჩემს კარიერაში პირველი გამარჯვება სწორედ აქ მაქვს მოპოვებული”, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც ამ ჩემპიონატის მეხუთე ლიდერია (ალონსოს, ფეტელის, ბატონის და უებერის შემდეგ).

როგორც იქნა, კვარცხლბეკზე კვლავ შეაბიჯა ალონსომ, ვინც ჯერ კიდევ კვალიფიკაციის შემდეგ იმედოვნებდა, რომ ამას შესძლებდა. ის თავისი რბოლითაც კმაყოფილი დარჩა და რაც მთავარია, აღნიშნა, რომ ყოველივე მისი გუნდის აშკარა წინსვლის შედეგია. მისგან განსხვავებით, თავი ვერაფრით ისახელა ”ფერარის” მეორე პილოტმა, ბრაზილიელმა ფელიპე მასამ, რომელმაც უკანა რიგებში ლომივით კი იბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლაში მანქანა დაუზიანდა (მიხაელ შუმახერთან შეჯახებისას) და საბოლოოდ, მე-15 ადგილს დასჯერდა.

კარგად იასპარეზა უებერმაც და რბოლის დიდი ნაწილი ლიდერის რანგში გაატარა, მაგრამ შემდეგ საბურავები დაუზიანდა, რის გამოც, სანამ მათ შეცვლიდა, რამდენიმე მეტოქემ გაასწრო და სწორედ მაშინ დაკარგა გამარჯვების შანსი. საბოლოოდ კი რბოლა მეხუთეზე, ფეტელის უკან დაასრულა.

კანადის დიდი პრიზი

რბოლის შედეგები

ტრასის სიგრძე - 4.361 კმ, 70 წრე, რბოლის დისტანცია 305.270 კმ

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:33:53.456

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:02.254

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:09.214

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:37.817

5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:39.291

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:56.084

7. როებრტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 00:57.300

8. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე

9. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1 წრე

10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე

11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1 წრე

12. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე

13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1 წრე

14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე

15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1 წრე

16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 2 წრე

17. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 2 წრე

18. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 4 წრე

19. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 5 წრე

გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 20 წრე

გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 28 წრე

გ. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 40 წრე

გ. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 57 წრე

გ. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 69 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: როებრტ კუბიცა - 1:16.972, 67-ე წრე

პილოტთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 109 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი - 106; 3. მარკ უებერი - 103; 4. ფერნანდო ალონსო - 94; 5. სებასტიან ფეტელი - 90; 6. ნიკო როსბერგი - 74; 7. რობერტ კუბიცა - 73; 8. ფელიპე მასა - 67; 9. მიხაელ შუმახერი - 34; 10. ადრიან სუტილი - 23; 11. ვიტანტონიო ლიუცი - 12; 12. რუბენს ბარიკელო - 7; 13. ვიტალი პეტროვი - 6; 14. სებასტიან ბუემი - 5; 15. ხაიმე ალგერსუარი - 3; 16-17. კამუი კობაიაში - 1; 16-17. ნიკო ჰულკენბერგი - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. მაკლარენ-მერსედესი - 215 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 193; 3. ფერარი - 161; 4. მერსედესი - 108; 5. რენო - 79. 6. ფორს ინდია-მერსედესი - 35; 7-8. ტორო როსო-ფერარი - 8; 7-8. უილიამს-კოსუორტი - 8; 9. ზაუბერ-ფერარი - 1

Saturday, June 12, 2010

ჰამილტონმა კვალიფიკაციებზე ”რედ ბულის” ჰეგემონია დაამხო

Hamilton ends Red Bull's run of poles

12 ივნისი

ფინიშიდან ცოტა ხანში ჰამილტონს საწვავი გამოელია და ბოქსებს მან პეისკარით მიაღწია
..........................................

მაშ ასე, მიმდინარე ჩემპიონატში ახალი ფურცელი გადაიშალა - ”რედ ბულის” პილოტებს მორიგი პოულის მოპოვების საშუალება არ მისცეს. უფრო სწორედ, ლუის ჰამილტონმა არ მისცა. სწორედ ჰამილტონია ის პილოტი, რომელსაც ავსტრიული კომპანიის საჯინიბო ყველაზე მეტად უფრთხის და როგორც ჩანს, თურქეთში გამარჯვების შემდეგ, ბრიტანელი თანდათან მადაზე მოდის.

ძნელი სათქმელია, რბოლაშიც შეძლებს თუ არა მარკ უებერისა და სებასტიან ფეტელის ჯობნას, მაგრამ ფაქტი ერთია - მიმდინარე სეზონში კანადის დიდი პრიზი იქნება პირველი რბოლა, რომლის პირველ სასტარტო პოზიციაზეც ”რედ ბულის” პილოტი არ იდგება. ამისათვის კი, ”მაკლარენიც” და ჰამილტონიც მაქსიმალურად გაისარჯნენ.

ჰამილტონმა თავისი ”მაკლარენიდან” მაქსიმუმი გამოწურა

..........................................

უნდა აღინიშნოს, რომ ჰამილტონმა კვალიფიკაციის ბოლო წრეები რბილი საბურავებით განვლო, როცა ”რედ ბულის” ორივე პილოტმა მაგარი საბურავი არჩია. როგორც ჩანს, ავსტრიული გუნდი კანადაშიც ერთი პიტ სტოპით აპირებს ასპარეზობას, ”მაკლარენის” პილოტები (ან მარტო ჰამილტონი) კი შეიძლება ბოქსში ორჯერ ვიხილოთ. დაკიდევ, კვალიფიკაცია რომ დასრულდა, ჰამილტონს მაშინვე საწვავი გამოელია. ჯერ კიდევ ინერციით მოძრავი მანქანიდან ამოძვრა, ცოტა ხანს თავად მიაწვა მას, შემდეგ კი ტრასის პერსონალს დაუტოვა, თავად კი მომსახურე მანქანით საკონფერენციო დარბაზისკენ გასწია.

უებერმა და ფეტელმა შესაბამისად, მეორე და მესამე საუკეთესო შედეგები აჩვენეს, მათ კი მცირედით ჩამორჩა ესპანელი ფერნანდო ალონსო, მას კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი მოჰყვა. ხელი მოეცარა მიხაელ შუმახერს, რომელმაც მესამე სესიაში მონაწილეობის უფლებაც კი ვერ მოიპოვა. სამაგიეროდ, შესანიშნავად იასპარეზეს ”ფორს ინდიას” პილოტებმა - იტალიელ ვიტანტონიო ლიუცის მეექვსე შედეგი ჰქონდა, გერმანელი ადრიან სუტილი კი მეცხრეს დასჯერდა.

სხვათა შორის, 25 წლის ჰამილტონისთვის მონრეალის ტრასა იღბლიანია - თავის კარიერაში პირველი გამარჯვება მან 2007 წელს სწორედ მასზე მოიპოვა. ამასთან, კანადის დიდი პრიზის კვალიფიკაციაში ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა.

P.S. რბოლის შემდეგ, სტიუარდებმა განიხილეს ჰამილტონის შემთხვევა და გადაწყვიტეს, რომ ის 10 000 დოლარით დაჯარიმდეს. საქმე ისაა, რომ რბოლის შემდგომი პროცედურა, გამარჯვებული მანქანის ავზიდან საწვავის შემოწმებას ითვალისწინებს. მაგრამ რამდენადაც ჰამილტონის მანქანის ავზში საწვავი ილეოდა, მას ბოქსებიდან რადიოთი სთხოვეს, რომ გაჩერებულიყო, რათა ავზში სინჯისთვის საჭირო რაოდენობის საწვავი დარჩენილიყო.

კვალიფიკაციის შემდეგ მანქანის სხვადასხვა მიზეზით გაჩერება არ იკრძალება. სამაგიეროდ, ბოქსებში დასაბრუნებლად, პილოტებს დრო შეზღუდული აქვთ. სწორედ ამის გამო, სტიუარდებმა, რომელთა შორისაც იყო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ბრაზილიელი ემერსონ ფიტიპალდი, ჰამილტონი გააფრთხილეს და 10 000 დოლარით დააჯარიმეს. არადა, ბრიტანელის მანქანის ავზში საწვავი რომ არ დარჩენილიყო, მას საუკეთესო შედეგს გაუუქმებდნენ და აქედან გამომდინარე, პოულიც დაიკარგებოდა. ამ შემთხვევაში, ჰამილტონი კვალიფიკაციას მეოთხე ადგილზე დაასრულებდა.

კანადის დიდი პრიზი

კვალიფიკაციის შედეგები

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:15.105

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:15.373

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:15.420

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:15.435

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:15.520

6. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:15.648

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:15.688

8. როებრტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:15.715

9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:15.881

10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:16.071

- - - - - - - - -

11. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:16.434

12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:16.438

13. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:16.492

14. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:16.844

15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:16.928

16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:17.029

17. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:17.384

- - - - - - - - - -

18. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:18.019

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:18.237

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:18.698

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:18.941

22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:19.484

23. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:19.675

24. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:27.757

მონრეალში ვარჯიშებზე ფეტელი უსწრაფესია

Vettel fastest in practice for Canadian GP

12 ივნისი

მონრეალური სარბოლი უქმეები ”რედ ბულის” და მისი გერმანელი პილოტის, სებასტიან ფეტელის დომინაციით დაიწყო. კანადის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე მან საუკეთესო შედეგი აჩვენა, თუმცაღა პირველი სესიის შემდეგ, ყვეკაზე სწრაფი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ბრიტანელი ჯენსონ ბატონი იყო.

თუმცა, რამდენადაც მეორე სესიაზე თითქმის წამნახევრით უკეთესი დროები დაფიქსირდა, ვიდრე პირველზე, მიმოხილვაში ძირითადად სწორედ მის შედეგებს შევეხებით.

ფეტელს მცირედით ჩამორჩა ”ფერარის” ესპანელი ფერნანდო ალონსო, რომელიც ბაჰრეინში გამარჯვების შემდეგ, თავის გამოჩენას ვერაფრით ახერხებს. გერმანელს ის 0.086 წამით ჩამორჩა. მხოლოდ მეოთხე შედეგს დასჯერდა ფეტელის ავსტრალიელი თანაგუნდელი მარკ უებერი, ვინც პირველ სესიაზე მხოლოდ მე-14 იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც კმაყოფილი დარჩა.

”დღეს ყველას უცურდებოდა მანქანა. ეს უფრო რალი ქროსს ჰგავდა, ვიდრე ფორმულა 1-ს. მაგრამ ეს სულაც არ მადარდებს, რადგან პრაქტიკების დროს, ასფალტი რეზინით დამუშავდება და რბოლისთვის კარგ მდგომარეობაში დაგვხვდება. ასეთი ტრასების მთავარი საიდუმლო ისაა, რომ მასზე პანიკას არ უნდა დანებდე”, - განაცხადა ფეტელმა.

სხვათა შორის, სწორედ პანიკის ნიშნები ეტყობოდა ”რედ ბულის” მთავარ მეტოქე ”მაკლარენის” ბანაკს - ლუის ჰამილტონი მხოლოდ მეშვიდე შედეგს დასჯერდა, ბატონი კი მეორე სესიაზე მე-11 ადგილამდე ჩამოქვეითდა. ჰამილტონი იმაზე ჩიოდა, რომ ძალიან გაუჭირდა საბურავების გახურება, თანაც შენიშნა, ტრასა ძალიან განსხვავდება იმისგან, რომელზეც აქ ბოლოს ვიარეთო. საბურავების პრობლემას ძირითადად ბატონიც მიიჩნევდა.

ასეა თუ ისე, მონრეალის ტრასა ყველაზე უკეთ სწორედ ”მაკლარენის” მანქანას მიესადაგება, რადგან გრძელი სწორი მონაკვეთები აქვს, სადაც აეროდინამიკური ჰაერსადინარი დიდ უპირატესობას იძლევა.

კანადის დიდი პრიზი

თავისუფალი პრაქტიკები

პირველი სესია

1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:18.127

2. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:18.285

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:18.352

4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:18.356

5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:18.549

6. როებრტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:18.662

7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:18.726

8. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:19.097

9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:19.282

10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:19.313

11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:19.373

12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:19.511

13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:19.549

14. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:19.609

15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:20.186

16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:20.320

17. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:20.584

18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:20.823

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:21.869

20. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:21.977

21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:22.543

22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:22.701

23. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:22.713

24. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) დროის გარეშე

მეორე სესია

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:16.877

2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:16.963

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:17.151

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:17.273

5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:17.401

6. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:17.415

7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:17.522

8. როებრტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:17.529

9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:17.688

10. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:17.903

11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:17.961

12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:18.385

13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:18.447

14. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:18.582

15. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:18.658

16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:19.142

17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:19.168

18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:19.274

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:19.969

20. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:20.879

21. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:21.097

22. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:21.346

23. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:21.488

24. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:21.577

Thursday, June 10, 2010

მონრეალის ტრასის ერთი წრე მარკ უებერთან ერთად

Canadian Grand Prix with Mark Webber

10 ივნისი

თურქეთის დიდი პრიზიდან უკვე ათი დღე გავიდა და ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის კანადური ეტაპის დროც მოვიდა. დიდი პრიზების ქარავანს ამჯერად ჟილ ვილნევის სახელობის ავტოდრომი უმასპინძლებს, რომელზეც მეგზურობას, ტრადიციულად, ”რედ ბულ რეისინგის” ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი (სურათზე) გაგვიწევს.

”კანადის დიდი პრიზი, ქალაქში არსებული შესანიშნავი ატმოსფეროთი და რესტორნებით, ასევე პილოტირებისთვის ძალიან ძნელი ტრასით გამოირჩევა. ტრასის სიგრძე 4.4 კილომეტრია, გასავლელი გვაქვს 70 წრე - სულ 305 კილომეტრი. ტრასას ოთხი ჩქაროსნული მონაკვეთი, ორი ნელი მოსახვევი და გასწრებისთვის სამი იდეალური ადგილი აქვს. მაქსიმალური სიჩქარე კი 323 კმ/სთ-ს აღწევს.

პირველი მოსახვევის წინ ძალიან მკვეთრი დამუხრუჭება გვიწევს. მანქანა თითქმის ჩერდება. მას მეორე მოსახვევი მოსდევს, სადაც ჩატევა კიდევ უფრო ძნელია. თუმცა, მასში სიჩქარე თანდათან მატულობს. აქ, აჩქარებით მოძრაობისას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საბურავების გზასთან ჩაჭიდების ხარისხს. ამ ადგილიდან რბოლას ყოველთვის ძალიან ბევრი მაყურებელი ადევნებს თვალს, მარცხენა მხარეს კი მდინარის დანახვაც შეიძლება.

პირველი ”ესის” წინ ვამუხრუჭებთ და ბორდიურების გამოყენებით, დიდი სიჩქარის შენარჩუნებას ვცდილობთ. ოღონდ, გასათვალისწინებელია, რომ თუ ბორდიურის მარჯვენა მხარეს ღრმად შევალთ, კედელთან შეხება გარდაუვალი იქნება. შემდეგ გასავლელია სწრაფი ტეხილი, რომელიც ყველა პილოტს ძალიან მოსწონს. ამას მოსდევს მკვეთრი მოსახვევი, რომლის წინაც, კვლავ მკვეთრად დამუხრუჭებაა საჭირო. აქაც რბოლას უამრავი მაყურებელი ადევნებს თვალყურს.

შემდეგ ისევ აჩქარება და გზის სიახლოვეს ისევ კედელია. ეს ძალიან მიმზიდველი ადგილია. ისევ შეიძლება მდინარის დანახვა. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მალე ისევ მუხრუჭების ამოქმედება გვიწევს, რათა მორიგი ”ესი” გავიაროთ. აქაც ბორდიურებს ვიყენებთ, გამოსასვლელში კი მაქსიმალურად ვუახლოვდებით კედელს. მერე კი ტრასის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი გველის, სადაც მაყურებელი მოუთმენლად ელის გასწრებებს.

და ისევ მკვეთრი დამუხრუჭება. გადავდივართ მეორე, ან შეიძლება პირველ საფეხურზეც კი - ეს კოლოფში გადაცემების ფარდობაზეა დამოკიდებული. აქედან უკანა სწორზე გავდივართ, რომლის ბოლოსაც ბოქსებში შესასვლელია. ამ სწორზე სიჩქარე 300 კმ/სთ-ზე მეტია, მის ბოლოს კი გასწრებისთვის კიდევ ერთი კარგი ადგილი გველის.

მესამე ”ესის” წინ ისევ მუხრუჭებს ვიყენებთ. მოსახვევების ეს მონაკვეთი ძალიან ვიწროა და აქ შეცდომის დაშვება ძალიან ადვილია. თუ შეცდით, ბეტონის კედელი არსად გაგიშვებთ. და თუ გაივლით, მაშინ სტარტ/ფინიშის სწორზე გახვალთ და შემდეგ წრეზე წასვლასაც შეძლებთ. მოკლედ, ძალიან ძნელი ტრასაა, თუმცა მისი კარგად გავლა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ”.

Wednesday, June 9, 2010

”მერსედესს” ძრავების სამი კლიენტი ჰყოფნის

Mercedes warned over engine supply

9 ივნისი

”მერსედეს GP-ს” შეფი როს ბრაუნი (სურათზე) გერმანულ კომპანიას ურჩევს, ”ბევრი და კარგად იფიქროს”, სანამ თავისი ძრავების მეოთხე გუნდისთვი მიწოდებას გადაწყვეტს. დღეისათვის, გერმანული კომპანია თავის ძრავებს, საკუთარი გუნდის გარდა, ”მაკლარენს” და ”ფორს ინდიასაც” აწვდის. თუმცა, სამქიმიანი ვარსკვლავით დამშვენებული ძრავების მიღება კიდევ რამდენიმე გუნდს, მათ შორის, ’რედ ბულ რეისინგსაც” სურთ.

ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანიის მფლობელი დიტრიხ მატეშიცი ძლიერ მოწადინებულია, რათა თავისი გუნდი, შტუტგარტული ავტო გიგანტის ძრავებით უზრუნველყოს. ასე ”რედ ბული” პრაქტიკულად დაუმარცხებელი გახდება. და, სწორედ ეს აფრთხობს როს ბრაუნს, ვინც დღესაც კი იმედოვნებს, რომ ”მერსედეს GP-ს” სეზონის განმავლობაში ”რედ ბულის” დაწევა ხელეწიფება.

თავის სურვილს კი ის სულ სხვა არგუმენტით ამაგრებს. კერძოდ, ის თვლის, რომ ”მერსედესს” ფორმულა 1-ის ძრავების წარმოების გასაფართოებლად, რესურსები არ ეყოფა. და თუ მეტი კლიენტი ეყოლება, ამით მისი ახლანდელი პარტნიორებიც იზარალებენ.

”ჩემი აზრით, ჩვენ, როგორც კონსტრუქტორებს, ბევრი ფიქრი გვმართებს მანამ, სანამ ჩვენი ძრავების კლიენტების რაოდენობას გავზრდით. მიმაჩნია, რომ ამჟამად შესაძლებლის ზღვარზე ვმუშაობთ. სარბოლი ძრავების წარმოება დიდი ავტომწარმოებლების საქმე არაა და უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ისეთ კომპანიებს, როგორიც ”კოსუორტია”, სამოქმედო არეალი ჰქონდეთ.

”ამა თუ იმ ძრავის სიმძლავრეზე მსჯელობა არ შემიძლია, რადგან აგრეგატების ტექნიკური მახასიათებლების დადგენის ზუსტი პროცედურები არ გვაქვს. კარგი იქნება, თუ FIA შეძლებს ჩვენი ძრავების სტენდზე შემოწმებას და ერთმანეთთან შედარებას. ასე ამ საკითხზე უფრო ნათელი წარმოდგენა გვექნება. თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით, სიმძლავრე მხოლოდ ცალკეული პრობლემაა. ძრავს სხვა ისეთი თვისებებიც გააჩნია, როგორიცაა მიმღებიანობა (მაქსიმალური სიმძლავრის სწრაფად განვითარების უნარი), გაგრილების ეფექტურობა, ეკონომიურობა. სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ, ”რენოს” შეფი აცხადებდა, რომ მართალია, მათი ძრავი ყველაზე ძლიერი არაა, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა პარამეტრებით საუკეთესოა”, - ამბობს ბრაუნი.

”ფერარიმ” მასას კონტრაქტი გაუგრძელა

Massa extends Ferrari contract until '12

9 ივნისი

მას შემდეგ, რაც ”რედ ბულ რეისინგმა” ავსტრალიელ მარკ უებერს კონტრაქტი გაუგრძელა, მოსალოდნელი იყო, რომ ეს ფორმულა 1-ის პილოტების ბაზარზე დომინოს პრინციპს აამოქმედებდა და ტოპ გუნდების პოტენციურ ვაკანსიებს შეავსებდა. ასეც მოხდა და პირველმა რეაგირება ”ფერარიმ” მოახდინა, რომელმაც თავის ბრაზილიელ პილოტ ფელიპე მასას კონტრაქტი 2012 წლის სეზონის ბოლომდე გაუგრძელა.

მასას და ”ფერარის” მიმდინარე კონტრაქტს ვადა ამ სეზონის შემდეგ გასდიოდა. ”ფერარის” ბრაზილიელის ადგილზე პოლონელი რობერტ კუბიცას, ან უებერის მიწვევა სურდა. კუბიცასთან მარანელოელებმა ოპციონის კონტრაქტიც კი გააფორმეს, რომლის ძალითაც, ბრიტანულ ეტაპამდე, ისინი კუბიცაზე ეგრეთ წოდებული პირველი მოთხოვნის უფლებას ფლობდნენ. ანუ, თუ მოინდომებდნენ, ამ უფლებას ბრიტანულ რბოლამდე გამოიყენებდნენ და მასთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებდნენ.

მაგრამ როგორც ჩანს, მარანელოში უფრო უებერის გადაბირება სურდათ და როგორც კი ოზმა მრბოლმა თავისი მომავალი ისევ ”რედ ბულს” დაუკავშირა, ”ფერარიმაც” მასას დატოვება ამჯობინა. არაა გამორიცხული, რომ ეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ესპანელი ფერნანდო ალონსოს სურვილის გათვალისწინებითაც მოხდა - ალონსო აშკარად სჯობნის მასას და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამბიციურ ესპანელს, გუნდში უფრო ძლიერი თანაგუნდელის მოყვანა არც აწყობდა.

შეგახსენებთ, რომ მასა, ვინც ახლა 29 წლისაა, ”ფერარიში” 2001 წლიდან ტესტ პილოტი იყო, 2006 წელს კი რეგულარული პილოტი გახდა. მას აქეთ, მასამ 69 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 11 მოიგო, 15-ში კი პოულ პოზიციას დაეუფლა. გარდა ამისა, 30-ჯერ კვარცხლბეკზე ავიდა და 360 ქულა დააგროვა.

”ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მომდევნო ორ სეზონსაც ”ფერარისთან” ერთად გავატარებ. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, ”ფერარის” ძრავებით აღჭურვილი ავტომობილებით ვასპარეზობ და ვამაყობ იმით, რომ კვლავაც იმ გუნდთან ერთად ვიქნები, რომელსაც ჩემს მეორე ოჯახად ვთვლი”, - განაცხადა მასამ.

”უკვე თითქმია ათი წელია, რაც ფელიპე ”ფერარის” წევრია. ჩვენთან ერთად, ის ჩამოყალიბდა, როგორც პილოტი და როგორც ადამიანი. ჩვენთან ერთად, მან ბევრი სიძნელე გაიარა და არაერთხელ, სიხარულიც მოგვანიჭა. ჩვენ ვთვლით, რომ ორივე თანაბარი შესაძლებლობის მქონე პილოტი გვყავს. ისინი ერთნაირად სწრაფები არიან და გუნდის სასარგებლოდ, ერთობლივად შეუძლიათ მუშაობა”, - ამბობს ”ფგერარის” შეფი სტეფანო დომენიკალი.

ამგრვარად, კიდევ ერთმა ტოპ გუნდმა შეავსო მოსალოდნელი ვაკანსია. დიდი ალბათობაა იმისა, რომ მომავალ სეზონშიც იმავე პილოტებით იასპარეზებენ ”მაკლარენი” და ”მერსედესი”. რჩება ”რენო”, რომელიც ძალიან კმაყოფილია კუბიცათი. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ფრანგულმა საჯინიბომ რუსი პილოტის, ვიტალი პეტროვის შეცვლა მოისურვოს. ეს საკითხი კი უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდება, როდესაც ”რენო” სოლიდური სპონსორების მოზიდვას შეძლებს...