ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, January 23, 2010

როსი შეიძლება ფორმულა 1-ში გადასვლაზე დაფიქრდეს

Rossi might consider F1 again

23 იანვარი

”იამაჰას” მოტო გრანპრის გუნდის შეფი დავიდე ბრივიო აცხადებს, რომ გასულ კვირაში, ”ფერარის” სარბოლი ავტომობილით ჩატარებული წარმატებული ტესტების შემდეგ, არ გაუკვირდება, თუ ვალენტინო როსი კვლავ დაინტერესდება ფორმულა 1-ში გადასვლით.

როსი ადრე ხშირად გამოხატავდა ფორმულა 1-სადმი თავის ინტერესს და შიგადაშიგ, დიდი პრიზების ცირკში თავის შესაძლო გადასვლაზეც ლაპარაკობდა, თუმცა ბოლო ხანს მან აზრი შეიცვალა და ახლა აცხადებს, რომ ფ1-ში გადასვლისთვის საუკეთესო დრო ხელიდან გაუშვა.

ამასთან, ”ფერარის” არაოფიციალურ ტესტებში, წელიწადში ერთხელ მაინც მონაწილეობს და ამას იმით ხსნის, რომ დიდ სიამოვნებას ღებულობს. მაგრამ რამდენიმე დღის წინ, მორიგი ტესტების დროს, რომელიც ბარსელონაში ჩატარდა, როსიმ შესანიშნავი შედეგები აჩვენა და ბრივიოს ვარაუდებიც ამან გამოიწვია.

”ტესტებზე ვალენტინომ შესანიშნავი შედეგები აჩვენა და მე ეს მაშფოთებს, რადგან არაა გამორიცხული, რომ კვლავ დაინტერესდეს ფორმულა 1-ში გადასვლით”, - ”გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას განაცხადა ბრივიომ.

როსის ”იამაჰასთან” კონტრაქტი წელს უმთავრდება. ბევრი ვარაუდობს, რომ ამის შემდეგ, იტალიელი მრბოლი ”დუკატიში” გადავა. თუმცა ბრივიოს აზრით, იტალიური გუნდი როსისთვის კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტი არაა. უფრო მეტიც, ის შიშობს, რომ შესაძლოა, დიდი ჩემპიონი ”ფერარიში” გადავიდეს.

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც მიხაელ შუმახერი ”მერსედესში” გადავიდა, ”ფერარის” შეფი სტეფანო დომენიკალი ამბობს, რომ მისი გუნდისთვის როსი შესანიშნავი კანდიდატია იმ შემთხვევაში, თუ გუნდებს მესამე მანქანის გამოყვანის უფლება მიეცემათ...

2011 წლიდან ორმაგი დიფუზორები აიკრძალება

Double diffusers banned from 2011

22 იანვარი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდი შეთანხმდა, რომ 2011 წლიდან ორმაგი დიფუზორების გამოყენება აიკრძალება. სწორედ ორმაგი დიფუზორი იყო ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც შარშან ჩემპიონის ტიტულები ჯენსონ ბატონს და მის გუნდს მოუტანა.

ჯურნალ ”ავტოსპორტის” ინფორმაციით, დიფუზორის საკითხზე, ფორმულა 1-ის ტექნიკურმა სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა და ამ მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ორმაგი დიფუზორების გამოყენება აიკრძალება. მიღებული გადაწყვეტილებით, ასეთი დიფუზორები პირდაპირ არ აიკრძალება, თუმცა ტექნიკურ რეგლამენტში გაჩნდება პუნქტი, რომელიც ამგვარი აეროდინამიკურ ელემენტის გამოყენებას არაკანონიერს გახდის.

ახალ რეგლამენტში გაჩნდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მთელ თავის სიგრძეზე, დიფუზორი უწყვეტი უნდა იყოს. ორმაგი დიფუზორი კი ფაქტიურად ორი, დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება და ორდონიან სტრუქტურას წარმოადგენს, რაც რეგლამენტის ახალი ფორმულირებით, დაუშვებელი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ რეგლამენტში ცვლილების შესატანად, საჭიროა, რომ ცვლილება ფორმულა 1-ის კომისიამ და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ავტოსპორტის მსოფლიო საბჭომ დაამტკიცონ. თუმცა მოსალოდნელია, ამ ორ სტრუქტურას, აღნიშნული ცვლილების საწინააღმდეგო არაფერი ექნება.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასაწყისში, ორმაგი დიფუზორები მხოლოდ სამმა გუნდმა - ”ბრაუნმა”, ”ტოიოტამ” და ”უილიამსმა” გამოიყენეს. სხვა გუნდებმა ეს გააპროტესტეს, თუმცა FIA-ს საერთაშორისო სააპელაციო სასამართლომ ეს ელემენტი კანონიეროდ ჩათვალა. ამის შემდეგ კი ორმაგი დიფუზორის შექმნაზე მუშაობა ყველა დანარჩენმა გუნდმა დაიწყო, თუმცა ამან მანქანის უკანა ნაწილის საფუძვლიანი გადაკეთება მოითხოვა.

ორმაგი დიფუზორის აკრძალვის ერთადერთი მიზეზი უსაფრთხოებაა - ამ ელემენტის მეშვეობით, ფორმულა 1-ის ახლანდელ მანქანებს უფრო ეფექტური აეროდინამიკა აქვთ, ვიდრე 2008 წლის ბოლოს. არადა, იმ სეზონის შემდეგ, ახალმა რეგლამენტმა აეროდინამიკური ელემენტების ეფექტურობა ხელოვნურად იმისთვის შეზღუდა, რომ ჩქარ მოსახვევებში, ავტომობილების სიჩქარე შეზღუდულიყო. მაგრამ რეალურად, ორმაგი დიფუზორების გამო, პირიქით მოხდა. დიფუზორს კი საკმაოდ მყიფე სტრუქტურა გააჩნია და ჩქარ მოსახვევში მისი დაზიანება შეიძლება იმით დასრულდეს, რომ პილოტმა მანქანაზე კონროლი დაკარგოს. სწორედ ეს გახდა ასეთი დიფუზორების აკრძალვის მიზეზი.

მოსალოდნელია, რომ ახალი რეჰლამენტის ამოქმედების შემდეგ, წრის გავლის საშუალო დრო 2 წამით გაიზრდება. თუმცა ”რედ ბულის” შეფი ქრისტიან ჰორნერი თვლის, რომ რეგლამენტის ცვლილებას უფრო ზუსტი ფორმულირება უნდა ჰქონდეს, რაღა წინასწარ გამოირიცხოს მისი სხვაგვარად აღქმის საშუალება. სხვათა შორის, სწორედ ორმაგი დიფუზორია ის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც, ”რედ ბული” საჩემპიონო მარათონში ”ბრაუნთან” დამარცხდაა.

”ვფიქრობ, ყველაზე მთავარია, დავისახოთ მთავარი მიზნები. კერძოდ, როგორი უნდათ იხილონ ფორმულა 1 მის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებმა? როგორი უნდა იყოს ფორმულა 1-ის მანქანები? წვრილმანებზე საუბარი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ამით რბოლების სანახაობრიობას ვერ გავაუმჯობესებთ, გასწრებათა რაოდენობა არ გაიზრდება და მანქანები ერთმანეთს მინიმალურ მანძილზე ვერ მიუახლოვდებიან, როგორც ეს 80-იან წლებში ხდებოდა. ცალკეული ელემენტების აკრძალვა ზოგჯერ ძალიან საშიშია. ამიტომ ვთვლი, რომ უნდა შევიმუშაოთ ზოგადი მიზნები, რომლებზეც სხვადასხვა ტექნიკური ჯგუფები იმუშავებენ”, - ამბობს ჰორნერი.

რედ ბული” ”ფერარისთან” და ”მაკლარენთან” კონკურენციას გეგმავს

Red Bull sure to push Ferrari, McLaren

22 იანვარი

ქრისტიან ჰორნერი (მარცხნივ) და სებასტიან ფეტელი (მარჯვნივ)
...................................................................................

”რედ ბულის” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ შარშანდელ სეზონში მიღებულ გამოცდილებას და დაშვებულ შეცდომებს იმისთვის გამოიყენებს, რომ მომავალ სეზონში, სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ფორმულა 1-ის გრანდებს - ”ფერარის” და ”მაკლარენს”.

შარშანდელ სეზონში, ”რედ ბული” ჩემპიონობისთვის იბრძოდა, მაგრამ ”ბრაუნ GP-თან” იმის გამო დამარცხდა, რომ მისი მანქანა არასაკმარსოდ საიმედო და გამძლე გამოდგა. ბევრი თვლის, რომ ავსტრიული გუნდისთვის, ეს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების ერთადერთი შანსი იყო, რადგან დიდი პრიზების ცირკის ორ გრანდს პრობლემური სეზონი ჰქონდა და რომ, მომავალი სეზონიდან, ისევ მათი დომინაცია გაგრძელდება. მაგრამ ”რედ ბულის” შეფი ქრისტიან ჰორნერი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და მომავალს ოპტიმიზმით განმსჭვალული უყურებს.

”გასულ სეზონში ბევრი რამ ვისწავლეთ და ახლა გუნდი უფრო სრულყოფილი, ჩამოყალიბებულია. ექვსი დიდი პრიზი მოვიგეთ და ორივე კლასიფიკაციაში მეორე ადგილი დავიკავეთ. ექვსი რბოლა დუბლით დავასრულეთ, ხუთჯერ კი პოულ პოზიციაზე ვიდექით. რაც მთავარია, მანქანის მოდერნიზაციის სტაბილურ ტემპს ვინარჩუნებდით, რამაც ასევე სტაბილური წინსვლა განაპირობა”.

”ახლა მორიგი წინსვლის დროა და დარწმუნებული ვარ, რომ ”მაკლარენს” და ”ფერარის” მეტოქეობას გავუწევთ. ეს ძალიან ძლიერი გუნდებია, რომლებსაც უძლიერესი პილოტები ჰყავთ - ”მაკლარენს” ორი ჩემპიონი, ”ფერარის” კი - ალონსო. ჩემი აზრით, ფორმულა 1-ს შესანიშნავი სეზონი ელის”.

”მოკლედ, ჩემპიონატის ორივე მთავარი ჯილდოსთვის ბრძოლას ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ბაჰრეინიდან მოყოლებული, კონკურენტუნარიანები ვიქნებით. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა ისაა, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ. ახალ სეზონში, ჩვენს სტრატეგიას სწორედ ეს ამოცანა განსაზღვრავს. შარშან მიღებული გამოცდილების გამოყენებას ბოლო თვეების განმავლობაში, ახალი მანქანის შექმნისას ვცდილობთ. რა რეალურ შედეგს მივიღებთ, ამას მხოლოდ ბაჰრეინში დავინახავთ”.

”გასულ სეზონში სებასტიან ფეტელმა უზარმაზარი გამოცდილება მიიღო. ის მთელი სეზონის განმავლობაში სულ უფრო ვითარდებოდა. ის ძალიან ნიჭიერი პილოტია და ჩვენს თვალწინ, ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა. რა თქმა უნდა, ახალი სეზონისგან ის ბევრ რამეს მოელის და ამისათვის მონდომებით ემზადება. და რამდენადაც ის ახალგაზრდაა, აუცილებლად გააგრძელებს განვითარებას”, - ინგლისურ ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ჰორნერმა.

Friday, January 22, 2010

რაიკონენი გადაწყვეტილებას წლის შუაში მიიღებს

Raikkonen to decide future mid-season

21 იანვარი

ფორმულა 1-ის 2008 წლის ჩემპიონი კიმი რაიკონენი წლის შუაში გადაწყვეტს, გააგრძელოს რალის მრბოლის კარიერა, თუ ფორმულა 1-ის დაუბრუნდეს. ამ სეზონში რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, მისი დებიუტი ”სიტროენის” ახალგაზრდულ გუნდში შედგება და არაა გამორიცხული, რომ ის დიდი პრიზების ცირკს აღარც დაუბრუნდეს.

თუმცა, იტალიურ ჟურნალ ”ავტოსპრინტთან” საუბრისას, რაიკონენმა განაცხადა, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და ამას სეზონის შუაში გააკეთებს, როდესაც მეტნაკლებად ეცოდინება, თუ რა პერსპექტივა აქვს რალიში. ამასთან, ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ფორმულა 1 მისი ცხოვრებაა და მასთან შელევა ძალიან გაუჭირდება.

”რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ყოველთვის მაინტერესებდა. ”რედ ბულის” დახმარებით, ამ ინტერესის დაკმაყოფილების საშუალება მომეცა და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა გამომეყენებინა ეს შანსი. ამასთან, ფორმულა 1-ის კარი ღიაა. ჩემი ცხოვრების ცხრა წელი ამ ჩემპიონატს მივუძღვენი და ამ დროის განმავლობაში, უამრავი სასიამოვნო მოსაგონარი დამიგროვდა. დავბრუნდე ფორმულა 1-ში, თუ გავაგრძელო რალის ჩემპიონატზე გამოსვლა, ამას შუა სეზონში გადავწყვეტ”, - ამბობს რაიკონენი.

Wednesday, January 20, 2010

დე ლა როსა ”ზაუბერში” გადავიდა

De la Rosa to race for Sauber

21 იანვარი

ესპანელი პედრო დე ლა როსა ფორმულა 1-ს უბრუნდება - ”მაკლარენის” აწ უკვე ყოფილმა ტესტ და სარეზერვი პილოტმა შვეიზარულ ”ზაუბერთან” გააფორმა კონტრაქტი. 38 წლის ეაპსნელი პილოტი შვიდი წელი ”მაკლარენის” წევრი იყო, მომავალ სეზონში კი ”ზაუბერში” იაპონელ კამუი კობაიაშის თანაგუნდელი იქნება.

”პედრომ არაერთი წელი გაატარა ტოპ გუნდში და საუკეთესო დონის ტექნიკასთან ჰქონდა საქმე და მისი გამოცდილება ჩვენს გუნდს დიდად გამოადგება. მისი გამოცდილებით ახალგაზრდა კამუი კობაიაშიც ისარგებლებს და ეს მას უმაღლესი დონის პილოტად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. პილოტების ასეთი კომბინაცია ხშირად ამართლებს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ კარგი მანქანა მოვუმზადოთ. ამჟამად, მასზე ინტენსიურად ვმუშაობთ. ეს მუშაობა არც მაშინ შეწყვეტილა, როცა გუნდის ბედი გაურკვეველი იყო”, - განაცხადა ”ზაუბერის” შეფმა პეტერ ზაუბერმა.

დიდი პრიზების არენაზე დაბრუნებით ძლიერ გახარებულია დე ლა როსა, რომელმაც ბოლოს რბოლაში მონაწილეობა 2006 წელს მიიღო, როცა ბრაზილიის დიდ პრიზზე კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია შეცვალა.

”ყოველთვის მჯეროდა, რომ ფორმულა 1-ში დაბრუნებას შევძლებდი. მას შემდეგ, რაც სატესტო დღეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ რომელიმე გუნდის საპრიზო პილოტის ადგილი მომეპოვებინა და დღეს ეს მცდელობა წარმატებით დასრულდა”, - განაცხადა დე ლა როსამ.

Sunday, January 17, 2010

”მერსედესი”: პილოტების სტატუსი ბრაუნის გადასაწყვეტია

Mercedes: Driver status is Brawn's call

17 იანვარი

”მერსედეს ბენცის” შეფი დიტერ ცეტშე ამბობს, რომ გუნდის შეფის, როს ბრაუნის გადასაწყვეტია, მიხაელ შუმახერი პირველი პილოტის სტატუსით ისარგებლებს, თუ არა.

როგორც ცნობილია, თავისი კარიერის განმავლობაში, შუმახერს თავის თანაგუნდელებთან, სტატუსის უპირატესობა ყოველთვის ჰქონდა. თანაც, მისი გუნდის შეფი ყოველთვის როს ბრაუნი იყო. ამჯერად, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს თანაგუნდელად ამბიციური გერმანელი, ნიკო როსბერგი ეყოლება.

”გაძეტა დელო სპორტის” კითხვაზე, შუმახერი გუნდის პირველი ნომერი ხომ არ იქნება, ცეტშემ უპასუხა: ”ამ საკითხების მოსაგვარებლად, გუნდს მენეჯერი ჰყავს. როს ბრაუნი ამ საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე რომ არ იყოს, მისი გუნდი შარშან ორივე ტიტულს ვერ მოიგებდა. არადა, ფაქტობრივად, ისინი დებიუტანტები იყვნენ. გადაწყვეტილებებს ის მიიღებს და ეს კარგი იქნება როგორც პილოტების, ასევე გუნდისთვისაც”.

ის დასძენს, რომ სრულებით არ აღელვებს ის ფაქტი, რომ შუმახერს სამი წელი რბოლებში მონაწილეობა არ მიუღია. უფრო მეტიც, მისი თქმით, შუმახერი ახლა ისეთივე მონდომებას ამჟღავნებს, ახალბედა გეგონებათო.

”დარწმუნებულები ვართ, მიხაელი კარგად იასპარეზებს და გამარჯვებისთვისაც იბრძოლებს. შესაძლოა, ეს სეზონის დასაწყისშივე არ მოხდეს, ცოტა ხანში ტრასაზე ისევ იმ შუმახერს ვიხილავთ, რომელმაც შვიდი ტიტული მოიპოვა. მე მისმა ენთუზიაზმმა გამაკვირვა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დაბრუნებისთვის კი არა, დბიუტისთვის ემზადება”, - ამბობს ცეტშე.

კითხვაზე, რა იქნება, თუ შუმახერი მოლოდინს ვერ გაამართლებს, ცეტშე პასუხობს: ”ამ ჰიპოთეზას დიდ ყურადღებას არც ვაქცევ. როს ბრაუნს არაერთხელ უთქვამს მიხაელის ბრძოლისუნარიანობაზე. როს ბრაუნი მას წლებია, იცნობს. თუ როსი ამბობს, რომ შუმახერს მოგებისთვის ბრძოლა შეუძლია, ესე იგი, ასეა. იმის მიზეზი არ მაქვს, რომ სხვანაირად ვიფიქრო”.

”მაკლარენში” ბატონის დებიუტი 3 თებერვალს შედგება

Button McLaren debut set for February 3

17 იანვარი

მსოფლიოს ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა გამოაცხადა, რომ პირველად თავისი ახალი გუნდის მანქანის საჭეს 3 თებერვალს, ვალენსიაში ტესტების მესამე დღეს მიუჯდება.

წინასასეზონო ტესტები 1 თებერვალს გაიხსნება და ამ დღეს, ”მაკლარენ MP4-25-ს” პირველ ტესტებს ”მაკლარენის” ესპანელი ტესტ პილოტი პედრო დე ლა როსა ჩაატარებს. მეორე დღეს მას ლუის ჰამილტონი შეცვლის, სამში კი ჩემპიონის ჯერიც დადგება.

”ტესტებს 3 თებერვალს დავიწყებ. მოუთმენლად ველი ამ დღეს. პირველ ტესტებზე გამოჩნდება, რომელი გუნდი რამდენად კარგადაა მომზადებული, ვინ იბრძოლებს ტიტულისთვის”, - ჯურნალ ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ბატონმა.

აქამდე გადაწყვეტილი არ იყო ”მაკლარენში” დე ლა როსას დარჩენის საკითხი. თუმცა, რამდენადაც ტესტებს ის იწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის გუნდში რჩება. არადა, ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად აპარაკობდნენ იმაზე, რომ დე ლა როსას”ზაუბერთან” აქვს მოლაპარაკება. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ”მაკლარენმა” მას სხვა გუნდში ასპარეზობის უფლებაც მისცეს...

Thursday, January 14, 2010

ალონსო კარიერას ”ფერარიში” დაასრულებს

Alonso sure Ferrari will be his last team

14 იანვარი

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო აცხადებს, რომ ფორმულა 1-ში თავის კარიერას ”ფერარიში” დაასრულებს. ესპანელი პილოტი მარანელოელთა ბანაკში გასული სეზონის შემდეგ გადაბარგდა და იქ ფინელი კიმი რაიკონენი შეცვალა. იტალიურ გუნდთან მას სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და გამორიცხული არაა, რომ სამი წლის შემდეგ, ის კიდევ რამდენიმე წლით გააგრძელოს.

ჯერჯერობით, ალონსოს თავისი ახალი გუნდის ახალი მანქანის ტესტირების საშუალება არ მისცემია, თუმცა ის გუნდთან ერთად უკვე მუშაობს და ამბობს, რომ ტექნიკურ პერსონალთან უკვე კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და მარანელოში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

”ჩემს სარბოლ ინჟინერთან და ტექნიკურ პერსონალთან უკვე კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. როცა ფაბრიკაში არ ვარ, ჩვენ ერთმანეთს ტელეფონით და ინტერნეტით ვეკონტაქტებით და ინფორმაციას ვცვლით. ამგვარად, მუდმივად საქმის კურსში ვარ, თუ როგორ მიმდინარეობს ჩემი მანქანის მზადება. ასე რომ, ტესტების დაწყებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები. პირველივე დღიდან, გუნდში ისე მიმიღეს, რომ თავს შინ ვგრძნობდი. მარანელოში რომ ჩავედი, იქ სამუშაო განწყობა დამხვდა. ყველა თავის საქმეს მონდომებით აკეთებს. სხვაგან საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება არ მინახავს”, - ამბობს ალონსო.

კითხვაზე, აპირებს თუ არა თავისი კარიერის ”ფერარიში” დასრულებას, ალონსომ უპასუხა: ”ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ნებისმიერი პილოტისთვის, ”ფერარიში” მოხვედრა კარიერის მწვერვალია. ”ფერარიში” ყოფნის შემდეგ, თითქმის წარმოუდგენელია, მოძებნო იმის მოტივაცია, რომ სხვა გუნდში ასპარეზობა ისურვო. ამ გუნდს უნიკალური ისტორია აქვს და ძნელია სხვაგან ისეთი გარემოს პოვნა, როგორიც აქაა. ეს ლეგენდარული გუნდია თავისი ყალყზე შემდგარი კვიცით (ემბლემით). ახლა ძალიან დამშვიდებულად ვგრძნობ თავს, რადგან ჩემს ერთ-ერთ მიზანს უკვე მივაღწიე - ამ გუნდის წევრი ვარ”.

ალონსომ, ვინც თავისი ორი ტიტული 2005 და 2006 წლებში მოიპოვა, როდესაც ”რენოში” ასპარეზობდა, განაცხადა, რომ პირველივე სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა ძალიან ძნელი იქნება და დასძინა, რამდენიმე რბოლა დასჭირდება იმისათვის, რომ გუნდის განუყოფელ ნაწილად იგრძნოს თავი.

”რა თქმა უნდა, პირველი სეზონი ძალიან ძნელი იქნება. მანქანასთან შესაგუებლად, მხოლოდ რვა სატესტო დღე მექნება. ვიცი, რომ სამი-ოთხი რბოლა დამჭირდება იმისათვის, რომ რომ მანქანას ბოლომდე შევეგუო. მაგრამ მეოთხე რბოლიდან, თქვენ ალონსოს და ”ფერარის” საუკეთესო ტანდემის ხილვის საშუალება გექნრბათ”, - პირობას დებს ესპანელი და დასძენს, რომ მისი ერთ-ერთი მიზანი, მიხაელ შუმახერის მიღწევის გამეორებაა, თუმცა ეს თითქმის შეუძლებლად მიაჩნია.

”გამარჯვება ყოველთვის ჩემი მიზანია, თუმცა თანამედროვე ფორმულა 1-ში შვიდი ტიტულის მოპოვება თითქმის შეუძლებელია. დღეს ჩემპიონატში ბევრი თანაბარი შესაძლებლობის გუნდი მონაწილეობს, რომლებს შორის განსხვავებაც წამის ორი-სამი მეათედია. ასე რომ, მიხაელის მიღწევის გამეორება და ზედიზედ ხუთი, ან ოთხი ტიტულის მოგება წარმოუდგენელია”.

ალონსომ თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, შეედარებინა თავსი შესაძლებლობები რაიკონენისასთან: ”წარმოდგენა არ მაქვს, რა მისცა გუნდს კიმიმ. მე კი აქ იმისთვის ვარ, რომ საქმეს პროფესიულად მივუდგე, მთელი ჩემი შესაძლებლობები გამოვიყენო მიზნის მისაღწევად. გუნდში ყოფნა მარტო მანქანის ზღვარზე მართვას არ ნიშნავს. ჩემპიონატი მაშინაც გრძელდება, როდესაც რბოლა დასრულდება და ინჟინრებს მრბოლის მოსაზრებები აინტერესებთ. მანქანას ყოველდღიურად სჭირდება სრულყოფა და მე თავის დაზოგვას არ ვაპირებ, რომ ამ საქმეში მაქსიმალურად ჩართული ვიყო. დიდი მნიშვნელობა აქვს ფანებთან და მედიასთან ურთიერთობასაც. ვფიქრობ, ამ მხრივ გაცილებით უკეთ ვარ მომზადებული, ვიდრე ”რენოსა” და ”მაკლარენში” ყოფნისას. ახლა ჩემგან ყველა მაქსიმუმს მოელის და ვგრძნობ, რომ ამ გამოწვევისთვის მზად ვარ. იაპონიაში, ევროპასა, თუ ინდოეთში, ”ფერარისგან” და მისი პილოტებისგან ყველა გამარჯვებას მოელის და იმედი მაქვს, რომ ამ მოლოდინს გავამართლებთ”.

Wednesday, January 13, 2010

სენა შეიძლება ”ტორო როსოში” გადავიდეს

Bruno Senna

13 იანვარი

ფორმულა 1-ის ახალი სეზონი არ დაწყებულა, თუმცა გამორიცხული არაა, რომ გუნდებს შორის პილოტების გადაადგილება პირველ ეტაპამდე მოხდეს. კერძოდ, ინტერნეტში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ბრაზილიელმა ბრუნო სენამ ”კამპოს მეტადან” ”ტორო როსოში გადაინაცვლოს.

ფორმულა 1-ის დებიუტანტმა ესპანურმა გუნდმა სენასთან კონტრაქტი ჯერ კიდევ ოქტომბერში გააფორმა და იმედოვნებდა, რომ ამით სპონსორების მოზიდვას შეძლებდა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ”კამპოსი” ფინანსურ უკმარისობას განიცდის და გუნდიდან სენას წასვლის მიზეზიც შეიძლება ეს გარემოება გახდეს.

იტალიურ გამოცემა ”კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, სენას და ”ტორო როსოს” შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც, თუ ”კამპოს მეტა” ჩემპიონატზე გამოსვლას ვერ შეძლებს, ბრაზილიელი პილოტი იტალიურ-ავსტრიულ გუნდში გადავა. იტალიური გაზეთის ცნობით, ”ტორო როსო” სწორედ ამიტომ არ ჩქარობსმეორე პილოტის აყვანას.

იმავე გაზეთის ვერსიით, სენას სპონსორებსაც სურს, რომ ის ”ტორო როსოში” გადავიდეს. მაგრამ სენასა და ესპანურ გუნდს შორის კონტრაქტი, ჩემპიონატამდე მის გაწყვეტას არ ითვალისწინებს.

პარალელურად, ”კამპოსთან” მოლაპარაკებას აწარმოებს ფორმულა 2-ის ესპანელი ჩემპიონი ენდი სოუჩეკი, ვინც არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ამ გუნდში სწორედ სენას ადგილი დაიკავოს.

”ფოლკსვაგენი”: ფორმულა 1-ს ცვლილება სჭირდება

Volkswagen: F1 needs to change

13 იანვარი

”ფოლკსვაგენ მოტორშპორტის” დირექტორი კრის ნისენი აცხადებს, რომ ფორმულა 1 ძირეულად უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ მისმა კომპანიამ მსოფლიო ჩემპიონატში ჩართვა გადაწყვიტოს.

გასული წლის ბოლოს, გერმანულმა ავტომწარმოებელმა გამოაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ის საკითხი განიხილება, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მას დიდი პრიზების ცირკში ასპარეზობამ. ეს კი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როდესაც ფორმულა 1-ში ძრავების ახალი წესი ამოქმედდება.

მიმდინარე ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2012 წლის სეზონის ბოლომდე იქნება. შემდეგ კი, ახალი რეგლამენტი ამოქმედდება, რაც გუნდებს თავიანთი ტექნიკის ძირეულ შეცვლას აიძულებს. ეს ის მომენტია, როდესაც ახალი გუნდისთვის, მსოფლიო ჩემპიონატში ჩართვა მეტნაკლებად ხელსაყრელი იქნება, რადგან ყველა გუნდი, მეტნაკლებად, თანაბარ პირობებში აღმოჩნდება.

”ფორმულა 1-ს, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ძნელი პერიოდის გავლა უწევს. მათ ამას უნდა გაუძლონ. მჯერამ რომ FIA-ს პრეზიდენტსა და გუნდებს ეს ხელეწიფებათ. ჩემი აზრით, ავტომწარმოებლების დასაინტერესებლად, სტაბილურობაა საჭირო. საჭიროა, სპორტს განსხვავებული იმიჯი ჰქონდეს. მთავარი კი ისაა, რომ ჩემპიონატში მონაწილეობის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდეს. ეს უკვე არაერთხელ ითქვა და დარწმუნებული ვარ, ხალხი, რომლებსაც ეს საქმე ევალება, ამაზე ზრუნავს”, - ამბობს ნისენი.

ისვე დასძენს, რომ თუ მისი კომპანია ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მაინც გადაწყვეტს, მისი გუნდი ”ფოლკსვაგენის” სახელით მაინც არ იასპარეზებს. ამგვარად, იზრდება შანსი იმისა, რომ მალე დიდი პრიზების ცირკში, ახალი გუნდი ”აუდის”, ”ბენტლის”, ”ბუგატის”, ან ”აუტო უნიონის” სახელით გამოჩნდეს.

”დიდი განსხვავებაა მარკა ”ფოლკსვაგენისა” და ”ფოლკსვაგენის” ჯგუფს შორის. ჩვენს ჯგუფში რამდენიმე ბრენდი შედის. თუ ჩვენ ჩემპიონატში ჩართვას გადავწყვეტთ, უნდა ავარჩიოთ, ამას რომელი ბრენდით გავაკეთებთ. ვფიქრობ, არჩევანი ბრენდ ”ფოლკსვაგენზე” არ შეჩერდება. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სანამ ფორმულა 1-ში გვიხილავთ, დაკარის რამდენიმე რბოლაში გამოსვლას მოვასწრებთ”, - დასძენს ნისენი.

რედ ბული” პირველ ტესტს გამოტოვებს

Red Bull to skip opening pre-season test

13 იანვარი

ინგლისური გამოცემა ”ავტოსპორტი” გვამცნობს, რომ ”რედ ბული” პირველ წინასასეზონო ტესტს გამოტოვებს. პირველი სატესტო სესიები ვალენსიაში 1-3 თებერვალს გაიმართება. ძველ გუნდებს შორის, მილტონ კეინსში ბაზირებული გუნდი ერთადერთია, რომელსაც პირველი ტესტებისთვის მანქანა მზად არ ექნება.

”რედ ბულში” გადაწყვირეს, რომ უმჯობესი იქნება, თუ მეორე ტესტამდე მოიცდიან, რომელიც თებერვლის მეორე კვირაში გაიმართება. იმ დროისთვის მანქანა გამოსაცდელად სრულ მზადყოფნაში იქნება. ამგვარად, მანქანის სრულყოფისთვის გუნდს მხოლოდ 12 სატესტო დღე დარჩება. ცნობისათვის, ჩემპიონატი 14 მარტს, ბაჰრეინში აიღებს სტარტს.

ტესტების დაწყების გადადების მიზეზი ისაა, რომ გუნდს სურს, ახალმა მანქანამ აეროდინამიკურ მილში გამოცდები ბოლომდე გაიაროს. სხვათა შორის,იმავე მიზეზით, გუნდმა გასული სეზონის პირველი სატესტო დღეც გამოტოვა, თუმცა ამის მიუხედავად, ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

”ისევე როგორც შარშან, გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნება, თუ მანქანა აეროდინამიკურ მილში გამოცდებს ბოლომდე გაივლის და აქედან გამომდინარე, პირველ ტესტებს გამოვტოვებთ. სამაგიეროდ, მეორე სატესტო სესიისთვის კარგად მომზადებულები ვიქნებით”, - ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ”რედ ბულის” შეფმა კრისტიან ჰორნერმა.

მისივე თქმით, პირველ და მეორე სატესტო სესიებს შორის არსებული ცხრადღიანი შუალედი გუნდის ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის მანქანის სრულყოფისთვის დამატებით დროს მისცემს, რაც მანქანის კონკურენტუნარიანობას სასიკეთოდ წაადგება.

”ახალი მანქანა შარშანდელის ევოლუციური ვერსიაა, თუმცა ვთვლით, რომ კარგი იქნება, თუ ის აეროდინამიკურ მილში ოპტიმიზაციის სრულ პროცესს ტესტებამდე გაივლის. ახალი წესებით, რბოლის დროს საწვავით გაწყობა არ შეიძლება და გვინდა, გუნდის ინჟინრებმა ამ საკითხზე, რაც შეიძლება მეტი იმუშაონ”, - დასძენს ჰორნერი და დასძენს, რომ აზრი არ აქვს, პირველ ტესტებზე მხოლოდ იმისთვის გამოსვლას, რომ პილოტებმა კარგად შესწავლილი შარშანდელი მანქანით იასპარეზონ.

Tuesday, January 5, 2010

ფეტელი - ყოველთვის შენი გზით უნდა იარო

Sebastian Vettel

3 იანვარი

გასული სეზონი მეტად წარმატებული გამოდგა გერმანელი სებასტიან ფეტელისთვის, რომელმაც ბევრისთვის მოულოდნელად, ჩემპიონობისთვისაც კი იბრძოლა. ბუნებრივია, მომავალ სეზონში მას ყველა ჩემპიონობის პრეტენდენტად განიხილავს.

ახალი წლის წინ, ბრიტანულმა ჟურნალმა ”F1 რეისინგმა” ფეტელთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს:

F1 რეისინგი: რა არის წვიმაში თქვენი ასეთი კარგი გამოსვლების საიდუმლო?

სებასტიან ფეტელი: არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის მომწონდა წვიმაში რბოლა. პატარაობისას, როდესაც კარტინგში გამოვდიოდი, ყოველთვის ვუფრთხილდებოდი საწვიმარ საბურავებს, რადგან ისინი ძალიან ძვირი ღირდა. ჩვეულებრივ, სველ ტრასაზე სლიკებით ვვარჯიშობდი. წვიმის საბურავებს კი მაშინ ვიყენებდი, როდესაც ისინი ყველაზე მეტად მჭირდებოდა. შესაძლოა, პასუხიც ესაა. ისე კი, ჩვენი მანქანა წვიმაში კარგად მუშაობს. და საერთოდ, ”რედ ბული” ფრთებს მასხამს!

F1 რეისინგი: რაზე ფიქრობთ სტარტზე დგომისას, როდესაც წითელი შუქის ჩაქრობას წამი-წამზე ელით?

სებასტიან ფეტელი: ამ დროს, იმისათვის, რომ სტარტი არ ჩავაგდო, ერთდროულად ბევრი ამოცანის გადაჭრა მიწევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია: უყურებ სასტარტო შუქნიშანს, ელი, როდის ჩაქვრება წითელი შუქი, მერე კი რიგი მანიპულაციები იდეალური კოორდინაციით უნდა შეასრულო. ამ დროს, ერთდროულად შეტევაზეც და თავდაცვაზეც გიწევს ზრუნვა. მთავარი კი პირველ მოსახვევში სწორი ტრაექტორიით შესვლაა. რბოლის დროს შეცდომას არაერთხელ ვუშვებთ, მაგრამ სტარტზე ეს დაუშვებელია. ეს უმაღლესი კონცენტრაციის მომენტია.

F1 რეისინგი: რას იზამთ, თუ 300 კმ/სთ სიჩქარეზე ცხვირის დაცემინება გიწევთ?

სებასტიან ფეტელი: საბედნიეროდ, მე ასეთი შემთხვევა არ მქონია. საერთოდ, ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭესთან დამიცემინებია, მაგრამ ეს შედარებით დაბალ სიჩქარეზე მომხდარა. ამ დროს ისეთივე შეგრძნება გეუფლება, როგორც ჩვეულებრივი მანქანის მართვისას - დაცემინება ყურადღებას გიფანტავს. მხოლოდ იმის იმედი შეიძლება გქონდეს, რომ ეს სწორ მონაკვეთზე მოხდება და არა მოსახვევში.

F1 რეისინგი: რა უფრო მოგწონთ - თანაგუნდელთან თანაბარ მდგომარეობაში ყოფნა როგორც შარშან მარკ უებერთან გქონდათ, თუ სიტუაცია, როდესაც გუნდი ერთ პილოტზეა მომართული?

სებასტიან ფეტელი: გუნდი ორივე პილოტზე თანაბრად მომართული უნდა იყოს. ბრძოლა ყოველთვის გვიწევს, თანაგუნდელი კი ნიმერ პირველი მეტოქეა. გასულ სეზონში, მე და მარკს სამართლიანი მეტოქეობა გვქონდა: ერთნაირად მომზადებული ტექნიკით ვასპარეზობდით და გამარჯვების შანსიც ერთნაირი გვქონდა. ასეთი კონკურენცია ძალიან სასარგებლოა გუნდისთვის. იმასაც მნიშვნელობა აქვს, თუ ვინაა თანაგუნდელი. დღევანდელ ფორმულა 1-ში მარკი ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და პირდაპირი ადამიანია. ასე რომ, გამიმართლა.

F1 რეისინგი: ვინაა თქვენი საყვარელი კომიკოსი? პილოტებს შორის ვინაა მთავარი იუმორისტი?

სებასტიან ფეტელი: მონტი პეიტონი მომწონს, თანამედროვეებში კი - ჯიმ კერი. გერმანიაშიც არიან კარგი კომიკოსები, თუმცა საზღვარგარეთ მათ არ იცნობენ - ისე, გერმანელებს ოხუნჯობა ნაკლებად ეხერხებათ, მაგრამ მე ასეთი არ ვარ!

რაც შეეხება პილოტებს, რუბენსი ძალიან მხიარული ბიჭია. ერთხელ მან ბრიფინგზე ბალიში მოიტანა, რომელიც უხამს ხმებს გამოსცემდა. მერე რომელიღაც პილოტს სკამზე დაუდო, დისტანციური პულტი ჩართო და... ყველას ეგონა, რომ ვიღაცამ ხმაურით წაბილწა ჰაერი! მას ანცობა უყვარს.

F1 რეისინგი: თქვენი ასარჩევი რომ იყოს, ფორმულა 1-ის ეპოქები, რომელში გამოსვლას ისურვებდით?

სებასტიან ფეტელი: თანამედროვე მანქანები ძალიან მომწონს. მათი მართვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მაგრამ ფორმულა 1-ში ყველაზე საინტერესო პერიოდად ტურბო ერა მიმაჩნია. მაშინ მანქანებს კი არა, ნამდვილ მონსტრებს მართავდნენ. ასეთ მანქანებს მოთვინიერება სჭირდებოდა. კარგი იქნებოდა, ერთ-ერთი ასეთი მანქანის საჭესთან დაჯდომა.

F1 რეისინგი: კომპიუტერულ თამაშებში საკუთარ თავს თამაშობთ?

სებასტიან ფეტელი: ბავშვობაში ამაზე ვოცნბობდი, მაგრამ უკვე ორი წელია, კომპიუტერი არ მითამაშია. ადრე კი მიხაელს და ”ფერარის” ან ”მაკლარენს” ვირჩევდი.

F1 რეისინგი: პოულიდან ადვილად იგებთ, მაგრამ სხვა პოზიციებიდან - ვერა. რატომ?

სებასტიან ფეტელი: რბოლების მოგების არცთუ ბევრი შესაძლებლობა მქონდა. რა თქმა უნდა, გამარჯვება ყველაზე იოლი მაშინაა, როდესაც რბოლას პოულიდან იწყებ. თუ მოწინავე პოზიციაზე სხვა დგას, ეს ნიშნავს, რომ კვალიფიკაციაზე სიჩქარე გაკლდა. გასულ სეზონში, რბოლების სხვა პოზიციებიდან დაწყების შემთხვევაში გამარჯვების შანსებიც გვქონდა, მაგრამ ყოველთვის ჩვენთვის არახელსაყრელი სიტუაციები გვექმნებოდა. გამარჯვება ფაქტების თანხვედრას მოაქვს. იმედი მაქვს, ამ კანონზომიერებას მალე შევცვლით.

F1 რეისინგი: მიხაელის გამონათქვამებიდან ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?

სებასტიან ფეტელი: იყავი ის, ვინც ხარ და ყოველთვის საკუთარი გზით იარე. ადრე თუ გვიან, ყველა საკუთარ ხელწერას გამოიმუშავებს. ძველი პილოტებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, მაგრამ მათი სტილის კოპირება უაზრობაა. ყოველთვის შენი გზით უნდა იარო.

F1 რეისინგი: ფორმულა 1-ში ვის შეუძლია ყველაზე მეტის დალევა?

სებასტიან ფეტელი: კიმის! მას კონკურენტი არ ჰყავს!

F1 რეისინგი: რა უფრო მოგწონთ: დაძაბულ ბრძოლაში კვარცხლბეკზე ადგილის მოპოვება, როგორც თურქეთსა და ბელგიაში, თუ იოლი გამარჯვება, როგორც ეს იაპონიაში მოხდა?

სებასტიან ფეტელი: იაპონიაში იოლად არ გამიმარჯვია. სიტუაციას კი ვაკონტროლებდი, მაგრამ რბოლა იოლი სულაც არ ყოფილა. თურქეთსა და ბელგიაში კვარცხლბეკზე ასვლა შევძელი, თუმცა უკეთესი იქნებოდა, ორივე რბოლა მომეგო. რა თქმა უნდა, გამარჯვება უფრო მომწონს. ფორმულა 1-ში სწორედ ამისთვის ვარ. მეორე მხრივ, თუ რბოლის შემდეგ ფიქრობ, რომ ყველაფერი გაიღე, მაგრამ ფინიშთან მხოლოდ მეშვიდე მიხვედი, ვერაფერს იზამ, თუმცა სიამოვნება ამასაც მოაქვს.

F1 რეისინგი: რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც 2007-ის იაპონიის დიდ პრიზზე უებერს დაეჯახეთ?

სებასტიან ფეტელი: საშინელი განწყობა მქონდა. ჯერ ერთი, ის ჩემი ერთ-ერთი პირველი რბოლა იყო. მეორეც, ავარია რომ არა, რბოლას ალბათ ორივენი კვარცხლბეკზე დავამთავრებდით. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ის ავარია ჩემი ბრალი იყო.

F1 რეისინგი: საკუთარ სარბოლ მანქანებს სახელებს ყოველთვის არქმევთ?

სებასტიან ფეტელი: ეს ტრადიცია შემთხვევით დაიწყო: ერთხელ გადავწყვიტე, საკუთარი მანქანისთვის სახელი შემერქმია. ბევრი სახელი აღარც მახსოვს. შარშანდელს კი ჯულია ერქვა. სახელი აუცილებლად ლამაზი და ქალისა, იმავდროულად კი ხისტი უნდა იყოს - სარბოლი მანქანები წყნარი მართვისთვის ხომ არ იქმნება, მათ შესაძლებლობათა ზღვარზე ვმართავთ.

F1 რეისინგი: რომელი მანქანა უფრო მოგწონთ - კეიტი, თუ კეიტის საძაგელი დაიკო?

სებასტიან ფეტელი: გასულ სეზონში ოთხი რბოლა მოვიგე - ერთი კეიტით და სამი - კეიტის საძაგელი დაიკოთი. ასე რომ საძაგელი დაიკო უფრო მომწონს.

F1 რეისინგი: ბერნი ეკლსტოუნთან მეგობრობთ?

სებასტიან ფეტელი: ბერნი ძალიან კარგი და მხიარული ადამიანია. ვფიქრობ, გულით ის ისევ ახალგაზრდაა. და თან, ბევრი რამ აქვს მოსაყოლი. ამ ისტორიებს ვერ მოგიყვებით, რადგან ისინი საკმაოდ უხამსებია. გულის სიღრმეში, ის ერთ-ერთი ჩვენგანია, ჩვენსავით ახალგაზრდა. ესეც რომ არა, მისი მადლიერი ვარ იმის გამო, რომ ფორმულა 1-ში მოსვლის პირველივე დღეებიდან, მასთან მშვიდად საუბრის საშუალება მქონდა. ბერნი ჩემთვის დროს ყოველთვის ნახულობს. მე რომ ახალბედა ვიყავი, მისგან შეუფასებელ რჩევებს მაშინაც ვღებულობდი.

F1 რეისინგი: ახალი გუნდების კონკურენტუნარიანობისა თუ გჯერათ?

სებასტიან ფეტელი: ნაკლებად, რადგან გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დებიუტისთანავე წარმატების იმედი არავის უნდა ჰქონდეს. წესები ოდნავ შეიცვალა და ეს მათ შეიძლება დაეხმაროს. თუმცა მე ეჭვი მეპარება, რომ ისინი კონკურენტუნარიანები იქნებიან.

F1 რეისინგი: ფორმულა 1-ის პილოტებიდან ვის ჰყავს ყველაზე ლამაზი გოგონა?

სებასტიან ფეტელი: რა თქმა უნდა, მე! ისე კი, ეს გემოვნების ამბავია. ასე არაა?

Sunday, January 3, 2010

”რენო” 2011 წლიდან ისევ ტიტულისთვის იბრძოლებს

Renault aims to be back on top by 2011

3 იანვარი

”რენოს” ფორმულა1-ის გუნდის შეფი ბობ ბელი (სურათზე) აცხადებს, რომ მისი გუნდისთვის ახალი სეზონი გარდამავალი იქნება, 2011 წლიდან კი ის კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატში ”რენოს” დარჩენა გადაწყვეტილი არ იყო, დეკემბრის შუა რიცხვებში კი გუნდს პარტნიორი გამოუჩნდა, რამაც ფრანგულ ავტომწარმოებელს გუნდის შენარჩუნების საშუალება მისცა. ”რენომ” თავისი გუნდის აქციების დიდი ნაწილი ლუქსემბურგელ ბიზნესმენ ჟერარ ლოპესის საინვესტიციო კომპანია ”ჯენიი კეპიტალს” მიჰყიდა.

გასული სეზონი ”რენოს” გუნდისთვის” მეტად წარუმატებელი გამოდგა. ჯერ ერთი, გუნდმა კონკურენტუნარიანი მანქანის მომზადება ვერ შეძლო. მეორეც, შუა სეზონში მისი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შეარყია წინა სეზონის სინგაპურის დიდი პრიზის დროს მომხდარმა სკანდალმა, რასაც ტიტულოვანი და მეორეხარისხოვანი სპონსორების დაკარგვა და გუნდის ორი ხელმძღვანელის - ფლავიო ბრიატორესა და პეტ სიმონდსის დისკვალიფიკაცია მოჰყვა. უფრო მეტიც, ფრანგული კომპანია სერიოზულად დაფიქრდა სახელგატეხილი გუნდის დაშლაზე. დღეს კი ბელი აცხადებს, რომ მისი გუნდი მრავალწლიან სტრატეგიას შეიმუშავებს, რომლის მიზანიც საჯინიბოს მოწინავეთა შორის დაბრუნებაა.

”ჩვენი მიზანი 2011 წლის სეზონისთვის მომზადებაა. მომავალი სეზონისთვის რეალისტური მიდგომა გვექნება. რომ ვთქვათ, მომავალ სეზონში გამარჯვებებისთვის ვიბრძოლებთო, ეს ტყუილი იქნება. დღევანდელი ფ1 ძალიან კონკურენტული გარემოა, სადაც ნახტომისებრი წინსვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. თუ სეზონს ჩააგდებ, მერე ერთი სეზონი ლიდერების დასაწევადაა საჭირო. მოკლედ, მომავალ სეზონში ჩვენი მიზანი ის იქნება, რომ ლიდერებს დავეწიოთ და სამეულისთვის ვიბრძოლოთ”, - ამბობს ბელი.

მისი თქმით, 2010 წლის მანქანაზე მუშაობა მაშინაც არ შეწყვეტილა, როდესაც გუნდის ბედი ჯერაც გაურკვეველი იყო. დღეს კი, მას შემდეგ, რაც საჯინიბოს საიმედო პარტნიორი გამოუჩნდა, მისი მომავალი რამდენიმე წლით გარანტირებულია და მზადებაც ენთუზიაზმით მიმდინარეობს.

”ახალი პარტნიორის გამოჩენა ჩვენი გუნდისთვის ძალიან სასარგებლო მოვლენაა. ჩვენი თანამშრომლები აღარ დარდობენ თავიანთ ბედზე - მათი სამუშაო გარანტირებულია და ახლა ისინი თავიდან ბოლომდე საქმეზე არიან მობილიზებულნი. ჩვენ მრავალწლიან სტრატეგიას მივყვებით, რომლის მიზანი კვლავ ჩემპიონობისთვის ბრძოლაა. და ეს წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია”, - დასძენს ბელი.

ბუკმეკერების პროგნოზები 2010 წლის სეზონის წინ

F1 2010 season

3 იანვარი

ახალი სეზონის დაწყებამდე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გუნდებს თავიანთი სარბოლი ტექნიკა არავისთვის უჩვენებიათ და საჯაროდაც თავიანთი პრეტენზიების შესახებ განუცხადებიათ, ძნელია იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ იქნება ტიტულის გამორჩეული პრეტენდენტი. მაგრამ ბუკმეკერების საქმე ისეთია, რომ წლის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა ჰქონდეთ გარკვეული პროგნოზი, თუნდაც საკმაოდ სენსაციური. მოთამაშეს კი წლის წლის ნებისმიერ მომენტში უნდა ჰქონდეს ფსონზე შესვლის საშუალება...

თუ შარშანდელ სეზონს გავიხსენებთ, მის დაწყებამდე ვინ წარმოიდგენდა, თუ ჩემპიონატის დომინანტი ”ბრაუნი” და მისი ბრიტანელი პილოტი ჯენსონ ბატონი იქნებოდნენ? უილიამ ჰილის ბუკმეკერები ბატონის შანსს მეტისმეტად დაბალი მაჩვენებლით (1/40) აფასებდნენ, ზუსტად ისე, როგორც ბრაზილიელი ნელსინიუ პიკესას...

მაგრამ ამას ობიექტური მიზეზი ჰქონდა. სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრეც კი არ იყო გადაწყვეტილი, მიიღებდა თუ არა ”ბრაუნი” ჩემპიონატში მონაწილეობას. მაგრამ სეზონი გუნდმა ორმაგი ტრიუმფით დაასრულა...

რა იქნება ახალ სეზონში, ამაზეც წინასწარ ლაპარაკი ძალიან ძნელია. ახალ სეზონში ჯერ არნახული კონკურენციაა მოსალოდნელი - რამდენიმე გუნდს ტიტულებზე საფუძვლიანი პრეტენზია ექნება. თითქმის ყველას, მინიმუმ ერთი სუპერ პილოტი ჰყავს და ბუნებრივია, ისინი თავიანთი პოტენციალის სრულად გამოყენებას ეცდებიან.

მაგრამ ბუკმეკერებს ეს სულაც არ აშინებს და ისინიც თამამად იძლევიან საკუთარ საპროგნოზო მაჩვენებლებს. ისევე როგორც გასული სეზონის წინ, ამჯერადაც უილიამ ჰილის მთავარი ფავორიტი ლუის ჰამილტონია (სურათზე), რომელსაც ფერნანდო ალონსო, სებასტიან ფეტელი და მიხაელ შუმახერი მოჰყვებიან. მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი კი მხოლოდ მეხუთეა - დღესაც კი ბევრია ისეთი, ვინც თვლის, რომ ბრიტანელი პილოტის ჩემპიონობა გარემოებათა მისთვის ხელსაყრელმა დამთხვევამ განაპირობა...

ბუკმეკერების პროგნოზი 2010 წლის სეზონისთვის

ლუის ჰამილტონი 9/4

ფერნანდო ალონსო 7/2

სებასტიან ფეტელი და მიხაელ შუმახერი 11/2

ჯენსონ ბატონი 6/1

ფელიპე მასა 8/1

ნიკო როსბერგი 12/1

მარკ უებერი 16/1

რობერტ კუბიცა 33/1

ნიკ ჰაიდფელდი 40/1

რუბენს ბარიკელო 50/1

კამუი კობაიაში და ნიკო ჰულკენბერგი 66/1

ადრიან სუტილი 80/1

ბრუნო სენა 100/1

ტიმო გლოკი და იარნო ტრული 125/1

ჰეიკი კოვალაინენი 150/1

ვიტანტონიო ლიუცი 200/1

სებასტიან ბუემი და ლუკას დი გრასი 250/1

ხაიმე ალგერსუარი 500/1

შუმახერის მოსალოდნელი რეკორდები

Michael Schumacher

3 იანვარი

შუმახერს დღეს დაბადების დღე აქვს

...............................................

ფორმულა 1-ში თითქმის არ არსებობს რეკორდები, რომლებიც მიხაელ შუმახერს არ აქვს დამხობილი. მარტო ის რად ღირს, რომ მას მსოფლიო ჩემპიონის შვიდი ტიტული აქვს მოპოვებული, რომელთაგან ხუთს ზედიზედ დაეუფლა. მაგრამ როგორც გერმანულ გამოცემა ”ბილდის” ჟურნალისტებმა დაადგინეს, კიდევ დარჩა მიღწევები, რომლებშიც წითელი ბარონი საუკეთესოთა სიის სათავეში არ იმყოფება.

ახლა კი, როდესაც ის დაბრუნდა, სწორედ ამ მიღწევების გაუმჯობესების დრო დადგა. ასეთი სულ სამია და ყველა მათგანს შუმი წელსვე ვერ შესწვდება, მაგრამ ”მერსედესთან” გაფორმებული სამწლიანი კონტრაქტი, მას ამის რეალურ საშუალებას აძლევს:

ყველაზე მეტი სტარტი. ამ ასპექტში ყველაზე წინ დღეისათვის რუბენს ბარიკელოა, რომელსაც 284 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბრაზილიელი წელს ალბათ 300-იან ზღვარს გადალახავს, მაგრამ რეალური შანსია იმისა, რომ ამ სეზონის ბოლოს, ის კარიერას დაასრულებს. თუ ასე მოხდა, შუმახერს მისი შედეგის გაუმჯობესების რეალური შანსი გაუჩნდება.

შუმის ანგარიშზე ამჟამად 248 სტარტია. მასზე წინ კი, რუბინიუს გარდა, იტალიელი რიკარდო პატრეზეცაა (255 სტარტი). ასე რომ, გერმანელი მალე ალბათ პატრეზეს გაასწრებს...

გამარჯვებათა ყველაზე ხანგრძლივი სერია. ამ მაჩვენებლით, ყველა დროის საუკეთესო იტალიელი ალბერტო ასკარია, რომელსაც 1952-53 წლებში, ზედიზედ 9 რბოლა აქვს მოგებული. ამ სერიაში არ შედის აშშ-ის 1953 წლის დიდი პრიზი (ინდიანაპოლისი), რომელზეც ასკარის მონაწილეობა არ მიუღია (მაშინ ევროპელები ინდიანაპოლისის ეტაპზე არ ასპარეზობდნენ). რაც შეეხება შუმახერს, მის კარიერაში გამარჯვებათა ყველაზე ხანგრძლივი სერია 2004 წელს დაფიქსირდა, როცა მან ზედიზედ 7 რბოლა მოიგო.

ძალიან ძნელი წარმოსადგენია, შუმიმ ასკარის რეკორდი გააუმჯობესოს. ამის თქმის საბაბს კი თუნდაც ის ფაქტი იძლევა, რომ დღევანდელ ფორმულაში რამდენიმე თანაბარი ძალის გუნდი ასპარეზობს და ყველა ძლიერ გუნდს მინიმუმ ერთი სუპერ კლასის პილოტი მაინც ჰყავს, რომლებიც შუმახერს იოლად არაფერს დაუთმობენ. მოკლედ, დიდი პრიზების ცირკში არნახული კონკურენციაა...

ყველაზე უარესი პოზიციიდან მოპოვებული გამარჯვება. ეს რეკორდი ბრიტანელ (ჩრდილოირლანდიელ) ჯონ უოტსონს ეკუთვნის, რომელმაც 1983 წელს, აშშ-ის დასავლეთის დიდი პრიზი (ლონგ ბიჩი, კალიფორნია) მოიგო. იმ რბოლაში მან სტარტი 22-ე ადგილიდან აიღო. 2010 წლის სეზონში, ჩემპიონატში 26 პილოტი მიიღებს მონაწილეობას. ასე რომ, შუმახერს თეორიულად უოტსონის რეკორდის გაუმჯობესების შანსიც ექნება - ძლიერი კონკურენციის პირობებში, არსებობს იმის ალბათობა, რომ შუმახერს კვალიფიკაციაზე ხელი მოეცაროს. მერე კი, რბოლაზე, ყველაფერი მის ოსტატობაზე იქნება დამოკიდებული...