ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, July 11, 2010

უშიშარი უებერი ისევ ჩემპიონობისთვის იბრძვის

Webber gets his revenge with British GP win

11 ივლისი

როგორც ჩანს, ვალენსიაში მომხადრმა ავარიამ ავსტრალიელ მარკ უებერს ცეცხლი შეუნთო და საბრძოლო ჟინი გაუძლიერა. ყოველ შემთხვევაში, იმ ავარიიდან ორი კვირის შემდეგ ასე გამოჩნდა - ოზმა პილოტმა შესანიშნავად ჩაატარა ბრიტანული დიდი პრიზი და მისი ფინიშის შემდეგ, კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა.

მოკლედ, უებერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღევანდელ ფორმულაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. მან სტარტზევე შეძლო გერმანელ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელის ჩამოტოვება და ლიდერობა ფინიშამდე ხელიდან აღარც გაუშვია. არადა, პირველ სამ წრეზე, ლუის ჰამილტონისგან გაშმაგებული შეტევების მოგერიება მოუხდა.

როგორც ხშირად ხდება, ბევრი რამ სტარტზევე გადაწყდა. შემდეგ კი ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ ვინ როგორ შეძლებდა სტარტზე მიღწეულის შენარჩუნებას. უებერმა და ჰამილტონმა ბოლომდე შეინარჩუნეს პირველი ორი ადგილი. სამაგიეროდ, პოლონელ რობერტ კუბიცას არ გაუმართლა და პირველად ამ სეზონში, რბოლა უქულოდ, ფინიშამდე თითქმის 20 წრით ადრე, ტექნიკური პრობლემის გამო დაასრულა.

უხეირო სტარტი აიღო პოულის მფლობელმა ფეტელმა, რომელსაც უებერმა ხომ გაასწრო და ლამის ჰამილტონიც წინ გაუშვა. მართალია, მან ბრიტანელის შეტევა მოიგერია, მაგრამ ამ დროს მარჯვენა უკანა საბურავი დაუზიანდა და ტრასის მიღმა გავარდა, რის გამოც, პელოტონის ნახევარმა გაასწრო, შემდეგ კი ბოქსებს მიაშურა და იქიდან დაბრუნებული, ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. ფეტელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რბოლის მეორე ნახევარში გასწრების რამდენიმე შესანიშნავი მანეცრი ჩაატარა და საბოლოოდ, ფინიშის ხაზი მეშვიდემ გადაკვეთა. არადა, ბოლო წრეებზე ის ვერაფრით ახერხებდა თანამემამულე ადრიან სუტილის გასწრებას და რომ არა ამის შეცდომა, ალბათ მერვე ადგილს დასჯერდებოდა.

უხეირო სტარტი აიღო ფერნანდო ალონსომაც, ვისაც პირველ მოსახვევამდე სამმა პილოტმა გაასწრო. შემდეგ ესპანელს შეჯახება მოუვიდა ბრაზილიელ თანაგუნდელ ფელიპე მასასთან, რითაც მხოლოდ ეს უკანასკნელი დაზარალდა - გამსკდარი უკანა მარჯვენა საბურავით, მან ბოქსებს მიაშურა. თუმცა, საბოლოოდ, ფინიშის ხაზი მათ მაინც ერთმანეთის მიყოლებით გადაკვეთეს და ამის მიზეზი ისევ ალონსოს ზედმეტი აგრესია გახდა.

საქმე ისაა, რომ შუა რბოლისას, მან წესის დარღვევით გაასწრო კუბიცას - მანევრის შესრულებისას, სიჩქარე ვერ მოზომა და მოსახვევის მოჭრა მოუხდა. ამით კი აშკარად იხეირა - პოლონელს გაასწრო. წესის მიხედვით, მოსახვევის მოჭრით გასწრება დაუშვებელია და გამსწრები ვალდებულია, რომ გასწრებულს გზა დაუთმოს, მაგრამ ალონსო ასე არ მოიქცა. სამაგიეროდ, მომხდარი ზუსტად შეაფასეს სტიუარდებმა, რომლებმაც ესპანელი პიტლეინზე საჯარიმო გავლით დასაჯეს. არადა, ალონსოს ცოტაც რომ დაეცადა, კუბიცა თავად დაუთმობდა გზას - ის მალევე გაჩერდა.

ამ ინციდენტიდა ცოტა ხანში, ტრასაზე ესპანელი პედრო დე ლა როსას ”ზაუბერის” უკანა ფრთის ნამსხვრევები დაიყარა (მას უკნიდან ვიტანტონიო ლიუცის ”ფორს ინდია” დაეჯახა), რის გამოც, ტრასაზე პეისკარი გამოვიდა. სტიუარდების მითითებით კი, ალონსოს თავისი სასჯელი მას შემდეგ უნდა მოეხადა, რაც რბოლა ჩვეულ რეჟიმში განახლდებოდა.

მოკლედ, უებერმა შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა და ფინიშის შემდეგ, რადიოთი თავის გუნდს შემდეგი სიტყვებით მიესალმა: ”ფანტასტიურია. ცუდი არაა ნომერ მეორე პილოტისთვის”. გუნდის შეფმა ქრისტიან ჰორნერმა კი უპასუხა: ”შესანიშნავია მარკ, ახლა შეგიძლია, გაიღიმო”.

საქმე ისაა, რომ კვალიფიკაციის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ავსტრალიელს დანა პირს არ უხსნიდა. ეს კი იმის გამო, რომ ფეტელის მანქანაზე გუნდმა აეროდინამიკურად დახვეწილი ახალი წინა ფრთა სწორედ მისი მანქანიდან დაუყენა. ანალოგიური ფრთა ფეტელის ბოლიდსაც ეყენა, მაგრამ გერმანელს ის კვალიფიკაციის წინა ვარჯიშზე დაუზიანდა. მომხდარი კი აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ ”რედ ბულ რეისინგი” თავის პირველ პილოტად ფეტელს მიიჩნევს და საჩემპიონო ბრძოლაშიც პირველ რიგში მას დაეხმარება. ეს კი არანაირად არ აწყობს თავისი კარიერის პიკზე მყოფ უებერს, ვისაც ჩემპიონობისთვის ამაზე უკეთესი შანსი ალბათ აღარასდროს ექნება.

”გუშინ ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. დარწმუნებული ვარ, მომხდარზე საუბარი აუცილებლად გვექნება. დღეს კი ჩემთვის ყველაფერი იდეალურად მოხდა. რბოლის წინა აღლუმისას, სხვა გუნდების პილოტები მეხუმრებოდნენ, ჩემს წინა ფრთას გათხოვებო, მაგრამ მე ვპასუხობდი, რომ იმით გამოვიდოდი, რაც იღბალმა მარგუნა. ისე კი, რომ მცოდნოდა, აქ ასეთი რამ მოხდებოდა, კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს ვიტყოდი. ვნახოთ, რა მოხდება, როცა გუნდთან ამ ამბავზე დავილაპარაკებთ”, - განაცხადა უებერმა, ვინს პილოტების კლასიფიკაციაში მესამეზე გადაინაცვლა და თანაგუნდელს 7 ქულას უგებს.

დაბოლოს, როგორც ამ სეზონში ხშირად ხდება ხოლმე, რბოლას, მისი გამარჯვებულის გარდა, კიდევ რამდენიმე გმირი ჰყავდა. პირველ რიგში, ესაა ვეტერანი ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო, რომელმაც მეხუთემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი და დაგვანახა, რომ ”უილიამსი” აშკარად დაადგა პროგრესის გზას. კვლავ ქებას იმსახურებს იაპონელი კამუი კობაიაში, ვინც ამჯერად ერთი საფეხურით წინ, მეექვსეზე წაიწია. და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონი ჯენსონ ბატონი, რომელმაც სტარტი მე-13 პოზიციიდან აიღო და ფნიშთან მეოთხე მივიდა. ჰო, ნიკო როსბერგმა რა დააშავა, რომელმაც კვლავ აშკარად დაჩრდილა თავისი ლეგენდარული თანაგუნდელი და თანამემამულე მიხაელ შუმახერი და კვარცხლბეკის მესამე საფეხური დაიკავა...


ბრიტანეთის დიდი პრიზი

სილვერსტოუნი. წრის სიგრძე 5.891 კმ, 52 წრე, დისტანცია 306.747 კმ

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:24:38.200

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:01.360

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:21.307

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:21.986

5. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 00:31.456

6. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 00:32.171

7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:36.734

8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 00:40.932

9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:41.599

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 00:42.012

11. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 00:42.459

12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 00:47.627

13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 00:59.374

14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 01:02.385

15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 01:07.489

16. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1 წრე

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1 წრე

18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2 წრე

19. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 2 წრე

20. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 2 წრე

გ. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 8 წრე

გ. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 23 წრე

გ. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 33 წრე

გ. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 43 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო - 1:30.874, 52-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 145 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი - 133; 3. მარკ უებერი - 128; 4. სებასტიან ფეტელი - 121; 5. ფერნანდო ალონსო - 98; 6. ნიკო როსბერგი - 90; 7. რობერტ კუბიცა - 83; 8. ფელიპე მასა - 67; 9. მიხაელ შუმახერი - 36; 10. ადრიან სუტილი - 35; 11. რუბენს ბარიკელო - 29; 12. კამუი კობაიაში - 15; 13. ვიტანტონიო ლიუცი - 12; 14. სებასტიან ბუემი - 7; 15. ვიტალი პეტროვი - 6; 16. ხაიმე ალგერსუარი - 3; 17. ნიკო ჰულკენბერგი - 2

კონსტრუქტორთა თასი

1. მაკლარენ-მერსედესი - 278 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 249; 3. ფერარი - 165; 4. მერსედესი - 126; 5. რენო - 89; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 47; 7. უილიამს-კოსუორტი - 31; 8. ზაუბერ-ფერარი - 15; 9. ტორო როსო-ფერარი - 10

Saturday, July 10, 2010

ლოებმა ლიდერობა გაზარდა

Loeb extends lead

10 ივლისი

”სიტროენის” ფრანგმა პილოტმა, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა სებასტიან ლოებმა (სურათზე ასპარეზობისას), ბულგარეთის რალის მეორე დღესაც საუკეთესოდ იასპარეზა და პირცელ დღეს მოპოვებული ლიდერობა განიმტკიცა. არადა, მაყურებლების ზედმეტი ტემპერამენტის გამო, მათივე უსაფრთხოების მომიზეზებით, რბოლის ორგანიზატორებმა ერთი სპეცმონაკვეთის გაუქმება გადაწყვიტეს.

პირველივე სპეცმონაკვეთი, ისევე როგორც წინა დღის ოთხი, ლოებმა მოიგო, რაც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ მისი უპირატესობა უახლოეს მდევართან, მისსავე ესპანელ თანაგუნდელ დანიელ სორდოსთან, 40.5 წამამდე გაზრდილიყო. თანაც, რამდენადაც რბოლა ასფალტიან გზაზე ტარდება, ლოების, როგორც ლიდერის, ტრასაზე პირველ ნომრად გასვლა, მის მეტოქეებს არავითარ უპირატესობას არ მისცემს. ეს კი ნიშნავს, რომ რბოლის მესამე, 354-კილომეტრიან დღეს, ფრანგი პილოტუ აშკარა ფავორიტის რანგში დაიწყებს.

საერთოდ, ლოები ასფალტის სპეცისლისტია, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატებზე, მას ბოლო 15 საასფალტო რბოლა აქვს მოგებული. მეორე დღესაც, მან იოლად მოიგო პირველივე სპეცმონაკვეთი, რის შემდეგაც სიფრთხილეს მოუხმო.

”რბოლა ძალიან კარგად დავიწყე. პირველივე სპეცმონაკვეთი უშეცდომოდ გავიარე, თუმცა შემდეგ უფრო ფრთხილი გავხდი, რამაც რიტმიდან ამომაგდო. მერე კი რბილ რეზინზე გადავედი, რამაც საქმე კიდევ უფრო გამირთულა”, - განაცხადა ლოებმა.

მეექვსე სპეცმონაკვეთი, 18-კილომეტრიანი ”პეშტერა”, სორდომ მოიგო, ვინც ლოებს მხოლოდ 3.5 წამით აჯობა. მაგრამ მის წინსვლას ხელი უწესივრო მაყურებელმა შეუშალა, რომლებმაც მეშვიდე სპეცის ფინიშის არე ისე გადაავსეს, იქ მანქანის გავლა შეუძლებელი იყო. როგორც FIA-ს დელეგაციამ მოგვიანებით განაცხადა, მაყურებლის მხრიდან ასეთი ინტერესი მათ ჯერ არ უნახავთ. სწორედ მათი რეკომენდაციით გაუქმდა ეს სპეცი.

შემდეგი სამი მონაკვეთი კი კერძო ”სიტროენით” მოასპარეზე ნორვეგიელმა პეტერ სოლბერგმა მოიგო, რომელმაც დღის ბოლოს სორდოსთან ჩამორჩენს 5 წამამდე შეამცირა. მოგვიანებით კი თავისი გამოცოცხლება იმით ახსნა, რომ მერვე ეტაპის წინ, მისმა მექანიკოსებმა მანქანას უწესივრობა აღმოუჩინეს, რისი აღმოფხვრის შემდეგაც, მსოფლიოს 2003 წლის ჩემპიონს ბრძოლის საშუალება მიეცა.

წინა დღის ბოლო სპეცზე მომხდარი ინციდენტის მოიხედავად, რბოლა გააგრძელა ფორმულა 1-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ფინელმა კიმი რაიკონენმა. მეორე დრე მან 26-ე პოზიციაზე დაიწყო და მე-14-ზე დაასრულა და ლიდერს 13 წუთზე მეტით ჩამორჩება.

ბულგარეთის რალის ორი დღის შედეგები

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 2:12:49.300

2. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 00:40.500

3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:45.200

4. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 02:05.700

5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 02:50.400

6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 03:33.100

7. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, ფორსი) 04:35.800

8. ფრიგის ტურანი (უნგრეტი, პეჟო) 05:39.200

9. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 07:34.700

10. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 10:04.600

ფეტელი ისევ პოულ პოზიციაზეა

Vettel on pole for British Grand Prix

10 ივლისი

მარცხნიდან: ალონსო, ფეტელი და უებერი

..............................

”რედ ბულ რეისინგის” გერმანელი სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა ბრიტანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, რომლის სტარტზეც, მას გვერდს ავსტრალიელი თანაგუნდელი, მარკ უებერი დაუმშვენებს. ამგვარად, ეს ფეტელისთვის მიმდინარე სეზონში მოპოვებული მეხუთე პოულია (ათ კვალიფიკაციაში), რომელთაგან მხოლოდ ერთი მიიყვანა გამარჯვებამდე და ეს ერთი წინა ეტაპი - ევროპის დიდი პრიზი იყო.

სხვათა შორის, ფეტელმა ბრიტანული ეტაპის კვალიფიკაცია შარშანაც მოიგო და ის პოული რბოლაში გამარჯვებადაც აქცია. თუმცა, ამჯერად მას გაცილებით ძლიერი კონკურენტები ეყოლება არამარტო ბრიტანელი ლუის ჰამილტონის, არამედ ესპანელი ფერნანდო ალონსოს სახითაც, ვინც მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ”ფერარის” აშკარა პროგრესი აქვს.

ეს-ესაა, ფეტელი პოულს დაეუფლა

..............................

”ვიმედოვნებ, რომ შარშანდელი მიღწევის გამეორებას შევძლებ. ეს ჩემთვის საშინაო რბოლა არაა, თუმცა თავს მაინც შინ ვგრძნობ, რადგან ჩემი გუნდის შტაბ-ბინა და ფაბრიკა აქვე ახლოს მდებარეობს. მანქანა აშკარად კარგად მუშაობს და ჩვენ გამარჯვების დიდი შანსი გვაქვს”, - რბოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა 23 წლის ფეტელმა, ვინც ზედიზედ მეორე პოული მოიგო და ამით ნამდვილად არ ასიამოვნა უებერს, ვინც ესღა ამოღერღა - ვფიქრობ, ჩვენი შედეგით გუნდი კმაყოფილიაო.

ხელმოცარული დარჩა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ბრიტანელი ჯენსონ ბატონი, ვინც მეორე საკვალიფიკაციო ბარიერის გავლაც ვერ შეძლო და საბოლოოდ, მე-14 სასტარტო ადგილს დასჯერდა. ათი წელია, რაც ბატონი ფორმულა 1-ში გამოდის და ბრიტანული რბოლის შემდეგ, კვარცხლბეკზე ერთხელაც არ ასულა.

სხვათა შორის, პირველი ორი თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ, ”მაკლარენმა” მანქანიდან თავისი მთავარი სიახლე - ”ჩასაბერი დიფუზორი” მოხსნა და ის იმ კონფიგურაციით დატოვა, როგორიც ვალენსიას რბოლისას ჰქონდა. ამან მესამე პრაქტიკაზე საქმეს კი უშველა, მაგრამ კვალიფიკაციაზე ყველაფერი აირია. ყოველ შემთხვევაში, ბატონი ჩიოდა, მანქანა ძალიან ძნელი სამართავი იყოო.

რაც შეეხება ალონსოს, ის ყველაზე მეტად კმაყოფილი იმ ფაქტმა დატოვა, რომ ჰამილტონს აჯობა. ჟურნალისტებს კი განუცხადა, რომ მისი ეს შედეგი მანქანის აშკარა პროგრესის შედეგია.

დაბოლოს, ისევ ხელი მოეცარა მიხაელ შუმახერს, რომელმაც კვალიფიკაციის მესამე, ძირითად სეგმენტში ბოლო, მეათე ადგილი დაიკავა. რაც მთავარია, მას კვლავ აჯობა ახალგაზრდა თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა, რომელიც მეხუთე შედეგს დასჯერდა.

სამაგიეროდ, კვლავ კარგი შედგი აქვს ”ზაუბერს”, რომლის ესპანელმა პილოტმა პედრო დე ლა როსამ მეცხრე დრო აჩვენა. შეგახსენებთ, რომ ვალენსიაში ბრწყინვალედ იასპარეზა ”ზაუბერის” იაპონელმა პილოტმა კამუი კობაიაშიმ, რომელიც ამჯერად მხოლოდ მე-12 დროს დასჯერდა.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაციის შედეგები

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:29.615

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:29.758

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:30.426

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:30.556

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:30.625

6. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:31.040

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:31.172

8. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:31.175

9. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:31.274

10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:31.430

- - - - - - - - - -

11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:31.399

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:31.421

13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:31.635

14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:31.699

15. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:31.708

16. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:31.796

17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:32.012

- - - - - - - - - -

18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:32.430

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:34.405

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:34.775

21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:34.864

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:35.212

23. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:36.576

24. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:36.968

Friday, July 9, 2010

ბულგარეთის რალის ლოები ლიდერობს

Loeb dominates in Bulgaria, Raikkonen crashes

9 ივლისი

ბულგარეთში სტარტი აიღო რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპმა - ბულგარეთის რალიმ, რომლის პირველი დღის ოთხივე სპეცმონაკვეთი ფრანგმა სებასტიან ლოებმა მოიგო და სოლიდური უპირატესობით დაწინაურდა. მიმდინარე სეზონში, ეს პირველი ეტაპია, რომლის მარშრუტიც მთლიანად ასფალტიან გზებზე გადის, ეს კი, გრუნტიან გზებზე რბოლებისგან განსხვავებით, სპეცმონაკვეთების გამხსნელ ეკიპაჟებს არანაირ სირთულეს არ უქმნის.

”სიტროენის” მრბოლმა, ვინც ჩემპიონატს ლიდერობს, განსაკუთრებით კარგად პირველივე, უგრძეს სპეცმონაკვეთზე იასპარეზა, რომელიც ტბა ბატაკის შემოგარენში, როდოპის მთიანეთში ჩატარდა. აქედან მოყოლებული, მისი უპირატესობა მხოლოდ იზრდბეოდა და დღის მიწურულს, თითქმის ნახევარ წამს მიაღწია.

”ძალიან, ძალიან კარგი სტარტი ავიღე. მანქანა შესანიშნავად მუშაობს, გზაც ცუდი არ იყო. ამჯერად ასპარეზობა ასფალტზე გვიწევს და მნიშვნელობა არ აქვს, ტრასაზე პირველი გახვალ, თუ მეათე. თანაც გზა ძალიან განიერია და ამიტომ, მასზე სწრაფად მოძრაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს”, - განაცხადა ლოებმა (სურათზე, ასპარეზობისას), ვისაც მსოფლო ჩემპიონის ტიტული ექვსჯერ აქვს მოპოვებული.

სამწუხაროდ, კვლავ ხელი მოეცარა ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონს, ფინელ კიმი რაიკონენს, ვინც თავის ”სიტროენზე” კონტროლი მეოთხე, ბელმეკენის ტბის სპეცმონაკვეთზე დაკარგა. მანქანა ამოყირავდა, თუმცა რაიკონენი ტრავმას გადაურჩა. უფრო მეტიც, გადაყირავების შემდეგ, კვლავ ბორბლებზე დამდგარი მანქანით ასპარეზობა ნელი სვლით გააჩერა და ფინიშსაც უწია.

”სპეცმონაკვეთის შუა ნაწილში, კიმი გზას გასცდა და მისი მანქანა ამოყირავდა და სახურავზე გაცურდა, შემდეგ ხეს დაეჯახა. დარტყმის შემდეგ კი ისევ ბორბლებზე დადგა. როგორც მექანიკოსებმა მითხრეს, მანქანა ხვალისთვის მწყობრში იქნება”, - განაცხადა რაიკონენის გუნდ ”სიტროენ ჯუნიორის” შეფმა ბენუა ნოჟიემ.

სხვათა შორის, სამი სპეცმონაკვეთის შემდეგ, რაიკონენს მეოთხე საუკეთესო შედეგი ჰქონდა და დიდი იყო იმის შანსი, რომ ფინელი პილოტი თავის რალის კარიერაში რბოლას საუკეთესო შედეგით დაასრულებდა, მაგრამ ახლა ეს უკვე შეუძლებელია. არადა, ნოჟიე ამბობს, რომ კიმიმ რბილი საბურავებით ასპარეზობა არჩია, რაც მცდარი არჩევანი გამოდგა. და ამის მიუხედავად, ავარიამდე მაინც შესანიშნავად ასპარეზობდა.

ბულგარეთის რალის პირველი დღის შედეგები

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 1:05:26.700

2. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) +00:28.100

3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:38.000

4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 01:10.900

5. ჯარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 01:21.200

6. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 01:31.300

7. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, ფორსი) 02:26.300

8. ფრიგის ტურანი (უნგრეტი, პეჟო) 02:49.100

9. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 03:45.600

10. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 04:43.400

შუმახერი მომავალ სეზონზე ფიქრობს

Motor racing-Schumacher turns focus to 2011

9 ივლისი

მსოფლიოს შვუდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი (სურათზე, ბრიტანეთის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკაზე ასპარეზობისას) აცხადებს, რომ ამ სეზონში ის ვერანაირად ვერ შეძლებს მერვე ტიტულისთვის ბრძოლას და ამიტომ, მთელ თავის ყურადღებას, მომავალი სეზონისთვის სათანადოდ მომზადებას დაუთმობს. 41 წლის გერმანელი პილოტების კლასიფიკაციაში მეცხრე ადგილზეა და ჩემპიონატის ლიდერ ლუის ჰამილტონს 93 ქულით ჩამორჩება.

”ახლა ჩემი საზრუნავი ჩემპიონობისთვის ბრძოლა ნამდვილად არაა. ჩემი აზრით, ეს არარეალურია. ახლა მთავარი ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი სიახლე ავითვისო და მომავალი სეზონისთვის მზადება ახლავე დავიწყო. ახლა ჩემი მოტივაციის მთავარი წყარო სწორედ მომავალი სეზონია. ჩემი კარიერის განმავლობაში, ყველანაირ სიტუაციაში ვყოფილვარ და დღევანდელი კრიზისი ჩემზე სულაც არ მოქმედებს. ახლაც ისევე ბოლომდე ვიხარჯები, როგორც ყოველთვის და ჩემი გამოსვლებით არც უკმაყოფილო ვარ”, - განაცხადა შუმახერმა, ვისაც თავისი კარიერის განმავლობაში, 91 რბოლა აქვს მოგებული.

ევროპის დიდი პრიზის რბოლა, რომელსაც ორი კვირის წინ, ესპანეთის ქალაქმა ვალენსიამ უმასპინძლა, შუმახერმა მე-15 აგილზე დაასრულა. ეს კი მის კარიერაში ყველაზე უარესი შედეგია. თუმცა, გერმანელი პილოტი მაინც ინარჩუნებს ოპტიმიზმს და აცხადებს, რომ ”მერსედესის” რალური პროგრესი შესაძლოა, სილვერსტოუნიდან დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში, რაც აქამდე იყო, იმაზე უარესი მოსალოდნელი აღარააო.

უებერისთვის ავარია ვითომც არ ყოფილა

Flying start for Webber's British weekend

9 ივლისი

მარკ უებერი ასპარეზობისას
..............................

შესაძლოა, ბევრმა ჩათვალა, რომ ვალენსიაში, ევროპის დიდი პრიზის რბოლისას განცდილი უმძიმესი ავარიის შემდეგ, ავსტრალიელ მარკ უებერს ბრიტანეთში გამარჯვებისთვის ბრძოლაში ხელს იმ ავარიის მწარე მოგონებები შეუშლიდა. თუმცა, მსგავს ფრენებს ის მიჩვეულია - პირველად საჰაერო მარყუჟები 1999 წლის ლე მანის რბოლის ვარჯიშსა და მერე რბოლაზეც მოხაზა. მაშინაც განსაცდელს ტრავმის გარეშე გადაურჩა.

ახლა კი, ბრიტანეთის დიდი პრიზის პირველი ორი თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ, საუკეთესო შედეგი სწორედ უებერს აქვს. პირველ პრაქტიკაზე კი უსწრაფესი მისი თანაგუნდელი, გერმანელი სებასტიან ფეტელი იყო, რომელმაც ბრიტანული ეტაპი შარშან პოულიდან მოიგო და ვალენსიაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა.

სხვათა შორის, მეორე პრაქტიკის ბოლო 15 წუთი უებერმა ბოქსებში გაატარა - მის ბოლიდზე ერლექტრონიკა გაჭირვეულდა, თუმცა ნარბოლევს ”რედ ბულ რეისინგის” შეფმა ქრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ მანქანა წესრიგშია და სერიოზული პრობლემა არ აქვს.

”რედ ბულის” ორივე პილოტს სილვერსტოუნზე კარგი სიჩქარე აქვს და ”ფერარის” ესპანელმა ფერნანდო ალონსომაც მეორე პრაქტიკაზე მეორე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ”მაკლარენი” კი უჩვეულოდ გამოიყურებოდა. მართალია, გუნდს ბრიტანული ეტაპისთვის რამდენიმე სიახლე აქვს მომზადებული, მაგრამ ეს მხოლოდ ლუის ჰამილტონის მიერ პირველ პრაქტიკაზე დაფიქსირებულ მეორე შედეგში აისახა. სამაგიეროდ, მეორე პრაქტიკაზე ის მხოლოდ მერვე იყო, მისი თანაგუნდელი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი კი მე-13 შედეგს დასჯერდა.

არადა, თავისუფალი პრაქტიკრბის სანახავად, განახლებულ სილვერსტოუნზე მისული არნახულად ბევრი (85 000) მაყურებელი თავისი თანამემამულეებისგან გაცილებით მეტს ელოდა. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ პრაქტიკაა და მთავარია, კვალიფიკაციასა და რბოლაში რა მოხდება. სხვათა შორის, ”მაკლარენმა” სწორედ საშინაო რბოლის პრაქტიკებზე გამოსცადა პირველად ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორი, რომელიც ”რედ ბულ რეისინგის” ინოვაციაა.

ბრიტანეთის დიდ პრიზს გამოტოვებს ”ისპანია რეისინგის” ბრაზილიელი პილოტი ბრუნო სენა, რომელმაც დროებით ადგილი გუნდის იაპონელ ტესტ და სარეზერვო პილოტ საკონ იამამოტოს დაუთმო.

პირველი თავისუფალი პრაქტიკის შედეგები

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:32.280

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:32.614

3. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:32.725

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:32.747

5. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:32.968

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:33.318

7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:33.377

8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:33.519

9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:33.955

10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:34.016

11. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:34.132

12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:34.365

13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:34.490

14. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:34.580

15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:34.710

16. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:34.901

17. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:35.037

18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:35.318

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:36.747

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვრჯინი) 1:37.330

21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:37.518

22. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:38.735

23. ფაირუზ ფაუზი (მალაიზია, ლოტუსი) 1:39.510

24. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:39.673

მეორე თავისუფალი პრაქტიკის შედეგები

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:31.234

2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:31.626

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:31.875

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:32.099

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:32.166

6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:32.660

7. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:32.745

8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:32.757

9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:32.787

10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:32.967

11. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:33.019

12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:33.164

13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:33.200

14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:33.402

15. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:33.728

16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:33.836

17. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:34.051

18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:34.643

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:35.465

20. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:36.237

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვრჯინი) 1:36.553

22. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:37.019

23. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:38.303

24. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:42.901

Thursday, July 8, 2010

უილიამსმა გუნდი ადამ პარს ჩააბარა

Williams steps down as team chairman

8 ივლისი

სერ ფრენკ უილიამსმა (სრათზე) თავისი გუნდის ყოველდღიური საქმიანობის ხელმძღვანელის თანამდებობა ”უილიამს გრან პრი ენჯინეარინგის” აწ უკვე ყოფილ მთავარ ოპერატიულ ხელმძღვანელ ადამ პარს ჩააბარა. თუმცა, კვლავაც შეინარჩუნა გუნდის ბოსის თანამდებობა. 68 წლის უილიამსმა განაცხადა, რომ ჯერ არც ფიქრობს ფორმულა 1-დან წასვლაზე.

”შემიძლია განვაცხადო, რომ ფორმულა 1-დან წასვლაზე წამითაც არ მიფიქრია. მე ეს სპორტი მიყვარს და მასში მთელი არსებით ვარ ჩართული. ამ საქმით ყოველდღიურად ვარ დაკავებული და წარმოდგენაც არ მაქვს, როდის წავალ აქედან”, - განაცხადა სერ ფრენკმა და დასძინა, რომ მის გუნდს შემდეგ ორ სეზონშიც ძრავებით ინგლისური კომპანია ”კოსუოტრი” მოამარაგებს.

პარი ”უილიამსში” 2006 წელს გადავიდა და თავის გარშემო ქმედითუნარიანი გუნდი შემოიკრიბა, რომელსაც ოდესღაც ძლევამოსილი საჯინიბო თანდათან გამოჰყავს კრიზისიდან.

”მე კომპანიის ხელმძღვანელობა ჩამაბარეს და ამით დიდი პასუხისმგებლობაც დამეკისრა, რადგან ეს დიდი გუნდია, რომელიც ფრენკმა 1969 წელს ჩამოაყალიბა და რომელსაც თავისი სახელი 1977 წელს მისცა. ფრენკი კი ისევ გუნდის შეფად რჩება და ის კვლავაც იქნება გუნდის სახელი, სახე და მისი შთაგონების წყარო”, - განაცხადა პარმა.

პარალელურად, უცვლელი დარჩა გუნდის აქციონერთა და ხელმძღვანელთა სტრუქტურა. ”უილიამსის” თანამფლობელი პატრიკ ჰედი კვლავაც საინჟინრო შტაბის დირექტორი იქნება, სემ მაიკლი კი ისევ ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს.

სხვათა შორის, პარის დანიშვნის შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, უილიამსმა განაცხადა, რომ სწორედ პარი მიაჩნია იმ პიროვნებად, რომელსაც ოდესღაც, როდესაც გუნდს თავად დატოვებს, ხელმძღვანელის პოსტს ჩააბარებს.

კუბიცა ”რენოში” ორი წლით დარჩა

Kubica to stay at Renault through 2012

8 ივლისი

ერიკ ბუიემ (მარჯვნივ) კუბიცა (მარცხნივ) ”რენოში” ორი წლით დაიტოვა

........................................

რობერტ კუბიცამ ”რენოსთან” კონტრაქტი 2012 წლის სეზონის ბოლომდე გააგრძელა. პოლონელმა პილოტმა ფრანგულ საჯინიბოში ამ სეზონის წინ, ”ბეემვე ზაუბერიდან” გადაინაცვლა და მასთან ერთად, სერიოზული პროგრესი აქვს. ”რენო” დღეს უკვე ძალიან ახლოსაა ტოპ გუნდებისგან და არაა გამორიცხული, რომ დიდი პრიზების ცირკის ელიტას ამ სეზონის დასრულებამდე დაუბრუნდეს.

სხვათა შორის, დიდხანს ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კუბიცას ”ფერარი” ეპატიჟებოდა, თუმცა შემდეგ იტალიურმა საჯინიბომ ბრაზილიელი ფელიპე მასას დატოვება ამჯობინა. შემდეგ გაჩნდა ხმები იმის შესახებ, რომ პოლონელის გადაყვანით ”რედ ბულ რეისინგია” დაინტერესებული, თუმცა ავსტრიულმა გუნდმა თავის ავსტრალიელ პილოტ მარკ უებერს გაუგრძელა კონტრაქტი, რის შემდეგაც, ერთადერთ კონკურენტუნარიან გუნდად, რომელსაც ვაკანსია გააჩნდა, ”რენო” დარჩა. იყო ლაპარაკი ”მერსედესზეც”, მაგრამ ეს ვერსიაც აუსრულებელი დარჩა...

”ეს ძალიან ადვილი გადაწყვეტილება იყო ჩემთვის, რადგან ამ გუნდში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იმ გუნდში, იმ ხალხთან ვმუშაობდე, რომლებსაც ჩემი კარგად ესმით, რომლებსაც ერთი მიზანი ამოძრავებთ. ჩვენ ერთად უკვე ბევრს მივაღწიეთ და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტის მიღწევაც შეგვიძლია. ეს ჩვენი მიზანია და აქ დარჩენა ჩემთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება”, - ამბობს კუბიცა.

პოლონელი პილოტის დატოვებით კმაყოფილი დარჩა ”რენოს” გუნდის შეფი ერიკ ბუიეც, ვისაც იმედი აქვს, რომ მასთან ერთად, ”რენო” მალე ტიტულის მაძიებელთა რიგებს დაუბრუნდება.

”ძალიან გახარებულები ვართ იმით, რომ რობერტი ჩვენთან დარჩება. მინდა, მადლობა გადავუხადო მას იმისთვის, რომ ჩვენი გუნდისადმი ნდობა გამოავლინა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მასზე რანაირ ჭორს არ გაიგებდით, ეს ყველაფერი კი მის შესაძლებლობებზე მეტყველებს. ჩვენი მიზანია, რომ უახლოეს ორ სეზონში ისევ ტიტულის მაძიებლებად ვიქცეთ. ამისთვის კი რობერტის კალიბრის პილოტი გვჭირდება - სწრაფი, ტოტალურად მობილიზებული და ისეთი, რომელიც შეცდომებს პრაქტიკულად არ უშვებს. იმედი მაქვს, რომ მასთან ერთად, წარმატებებს მივაღწევთ”, - განაცხადა ბუიემ.

ცნობისათვის, ”რენოს” ჯერაც არ აურჩევია, თუ ვის ჩააბარებს მეორე მონოპოსტს, რომლითაც ამჟამად რუსი ახალბედა ვიტალი პეტროვი ასპარეზობს.

სილვერსტოუნის ერთი წრე მარკ უებერთან ერთად

British GP preview

8 ივლისი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონს ეკვატორის გავლის დრო დაუდგა, რომელიც ბრიტანეთის დიდ პრიზზე გადის. ეტაპის წინ კი ტრადიციულად, ტრასაზე მეგზურობას „რედ ბულ რეისინგის“ სიმულატორის დახმარებით, მისი ავსტრალიელი მრბოლი მარკ უებერი გაგვიწევს, რომელმაც ვალენსიაში განცდილი ავარია უკვე მოინელა და საბრძოლველადაც მზადაა.

„ჩვენი გუნდისთვის, ბრიტანული ეტაპი საშინაოა, ჩვენი ბაზა აქვე ახლოს მდებარეობს და შორს არც მე ვცხოვრობ. აქაური ტრიბუნები ყოველთვის ემოციური მაყურებლით ივსება და საერთოდ, აქაური ატმოსფეროც განსაკუთრებულია. ტრასის სიგრძე 5.9 კილომეტრია, გასავლელია 52 წრე, სულ 307 კილომეტრი. ტრასას ექვსი ჩქაროსნული მონაკვეთი, სამი ნელი მოსახვევი და გასწრებისთვის სამი იდეალური ადგილია. აქ მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აღწევს. მაშ ასე, სიმულატორის დახმარებით, ვიწყებთ სილვერსტოუნის წრის გავლას:

პირველი მოსახვევი ძალიან სწრაფია და ფორმულა 1-ის მანქანით მას, შეიძლება ითქვას, რომ ფრენით გავდივართ. ეს მოსახვევი მრბოლებს ძალიან მოგვწონს, მაყურებელს კი რბოლის პირველ წამებში მანქანების გარჩევის საშუალება აქვთ. შემდეგ წარმოუდგენლად ჩქაროსნული მოსახვევები, მაგოტსი და მეკეტსია გასავლელი. ჩემპიონატის კალენდარში შემავალ ტრასებს შორის, ასეთი ჩქაროსნული პირველი სექტორი ალბათ ახვაგან არსადაა.

ამ მოსახვევებს მოსდევს ჰანგარ სტრაიტის სწორი მონაკვეთი, შემდეგ კი სახელგანთქმულ მოსახვევ სტოუს ვუახოვდებით. ის ძალიან სწრაფია და იქ ხშირად საინტერესო პაექრობები იმართება ხოლმე. ხშირია გასწრებებიც. სტოუს შემდეგ ინტენსიურად აჩქარება გვიწევს და ვუახლოვდებით მოსახვევ ქლაბს. აქ ტრასა დახრილია და არცთუ ხარისხიანი საფარით გამოირჩევა, რაც საქმეს ძალიან ართულებს.

შემდეგ გავდივართ ვიწრო მარცხენა მოსახვევს, სადაც მაყურებელს მანქანების კარგად გარჩევის საშუალება აქვს. შემდეგ ინტენსიურად აჩქარება და მანქანების სიჩქარე კვლავ მაქსიმუმს უახლოვდება. აქედან, ტრასის ახალ სექტორზე გავდივართ, სადაც მანქანას დიდი გადატვირთვების გაძლება უწევს - სიჩქარე აქაც ძალიან მაღალია.

მაგრამ შემდეგ ნელი და ძალიან ვიწრო მარჯვენა მოსახვევის გავლა გვიწევს, რასას ძალიან ჩქაროსნული ტეხილი მოსდევს და შემდეგ ისევ ძალიან ინტენსიურად ვამუხრუჭებთ, რადგან სტადონის მონაკვეთს ვუახლოვდებით. აქ კი პირველად ძალიან ნელ მარცხენა მოსახვევს გავდივართ.

წრეს ასრულებს გრძელი მარჯვენა მოსახვევი ლუფილდი. მისი გავლისას ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ ის არასდროს დასრულდება. დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გამოხვალთ ამ მოსახვევიდან. ბოლო მოსახვევი კი ვუდქოტია, რომელშიც აჩქარებას ვიწყებთ, სრული გაზით გავდივართ და მალევე ფინიშის ხაზსაც გადავკვეთთ...“

Tuesday, July 6, 2010

პეტერ ზაუბერმა კობაიაში შეაფასა

6 ივლისი

პეტერ ზაუბერი და კამუი კობაიაში

..............................

ევროპის დიდი პრიზის ერთ-ერთი გამორჩეული გმირი ”ზაუბერის” იაპონელი კამუი კობაიაში გახდა. მან მთელი რბოლა სტაბილურად ჩაატარა, ისარგებლა იმით, რომ მარკ უებერის ავარიის შემდეგ, მეტოქეების უმეტესობამ ბოქსებს მიაშურა და ასე მოპოვებული მესამე პოზიცია თითქმის ბოლომდე შეინარჩუნა. შემდეგ, ბოქსებში რეგლამენტირებულმა შესვლამ მაინც მოუწია და რამდენიმე ადგილი დაკარგა, თუმცა ფინიშამდე ორი პილოტის ჩამოტოვება მაინც მოასწრო და რბოლა მეშვიდემ დაასრულა.

სილვერსტოუნის რბოლის (ბრიტანული დიდი პრიზი) წინ, გუნდის შეფმა და დამაარსებელმა, შვეიცარელმა პეტერ ზაუბერმა ქება არ დაიშურა თავისი გუნდის ახალგამომცხვარი ვარსკვლავისადმი, ვისაც ფორტუნის საჩუქარი რომ არა, ახლა მამამისის რესტორანში, სუშის მომზადება არ ასცდებოდა.

”ვალენსიური შედეგი ჩვენთვის და განსაკუთრებით მისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. მან დაამტკიცა, რომ სწრაფიცაა და სტაბილურიც და რაც მთავარია, ჟინიანი მებრძოლია. ვალენსიამდე მას თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია და მეც ბევრი კითხვა მქონდა მის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. მაგრამ ვალენსიაში ყველა კითხვას პასუხი გაეცა.

მართალია, ასეთ რბოლას მხოლოდ კარგი მანქანით თუ ჩაატარებ, თუმცა, ამასაც გამოყენება უნდა. ახლა ჩვენი მიზანია, რომ კვალიფიკაციაშიც წინ წავიწიოთ, კამუის კი გამოცდილება სჭირდება. ახლა მთავარი ისაა, რომ კობაიაში სწრაფი პილოტია და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია.

საერთოდ კი, შემიძლია ვთქვა, რომ ვალენსიას რბოლა, ჩვენი გუნდისთვის სეზონის ახალი დასაწყისი გახდა. ამ რბოლის შემდეგ, სპონსორებთან მოლაპარაკება გაცილებით გაგვიადვილდება. აქამდე ხომ 8 ეტაპი სრულ გაურკვევლობაში ჩავატარეთ...” - ამბობს პეტერ ზაუბერი.

Thursday, July 1, 2010

უებერის ავარიის მიზეზების ახალი ვერსია

F-duct a factor in Webber's crash? – report

1 ივლისი

ვალენსიაში, ევროპის დიდი პრიზის რბოლისას, ”რედ ბულ რეისინგის” ავსტრალიელი მარკ უებერის და ფინელი ჰეიკი კოვალაინენის ავარიის მიზეზად ოფიციალურადაა გამოცხადებული ის ფაქტი, რომ პილოტებმა ტრასის სხვადასხვა მომენტში დაიწყეს დამუხრუჭება, რამაც მათი უეცარი დაახლოება და ძლიერი შეჯახება გამოიწვია. მაგრამ რბოლის შემდგომ დღეებში, პრესაში სხვა მოსაზრებებიც გაჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთი გვარწმუნებს, რომ ავარია ”რედ ბულის” მანქანის კონსტრუქციის სრულიად ახალმა ნაწილმა - აეროდინამიკურმა ჰაერსადინარმა გამოიწვია.

”რედ ბულის” საჯინიბომ ეს ჰაერსადინარი პირველად თურქული ეტაპის თავისუფალ პრაქტიკებზე გამოიყენა, თუმცა კვალიფიკაციასა და რბოლაზე მანქანებმა მის გარეშე იასპარეზეს. ენსტოუნის ბაზაზე ჩატარებული მოდერნიზაციის შემდეგ, ეს ელემენტი ვალენსიაში ჩაიტანეს და ის რბოლაშიც გამოიყენეს.

ისევე როგორც ”მაკლარენის” მანქანებზე, ”რედ ბულის” შემთხვევაშიც, ჰაერსადინარს პილოტი თავისი სხეულის ნაწილით კეტავს. სხვანაირად, მას საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია დაიწუნებდა. მაგრამ თუ ლუის ჰამილტონი და ჯენსონ ბატონი სადინარს მუხლით ხურავენ, ”რედ ბულის” პილოტებს იგივე ოპერაციისთვის მარცხენა ხელის თითების გამოყენება უწევთ. ეს კი დიდი ნაკლია, რადგან ხელი ავტომობილის მართვაში მთავარ როლს ასრულებს. მარცხენა ფეხი კი, რომლითაც სადინარი ”მაკლარენის” მანქანებზე იხურება, სწორი მონაკვეთების გავლისას უქმედაა.

”რედ ბულ რეისინგის” შეფი ქრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ სადინარის დახურვის მომენტში, პილოტს მარცხენა ხელით საჭის რგოლი ნაწილობრივ მაინც უჭირავს. თუმცა, როგორც ჩანს, ექსტრემალურ სიტუაციაში ეს საკმარისი არ ყოფილა. ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ ავარიის წინ, სწორზე მოძრაობისას, უებერმა მარცხენა ხელის თითები მართლა მოაცილა საჭეს, შეჯახებამდე წამით ადრე კი მათ თავის ადგილზე აბრუნებს. ეს ნიშნვს, რომ სადინარი გაიხსნა და უკანა ფრთაც ჩვეულებრივად დაიტვირთა. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სტარტის ჩავარდნის გამო, ოზ პილოტს აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა. შეჯახებამდე მან თავისი მანქანა ჯერ მარცხნივ მიმართა, საითაც მოულოდნელად ”ლოტუსმაც” წაინაცვლა. შემდეგ კი უებერმა საჭე მარჯვნივ აიღო. მაგრამ ამ მომენტში, კოვალაინენმა დამუხრუჭება დაიწყო...

ასეთ სიტუაციაში, იტალიურ ჟურნალ ”ავტოსპრინტის” ვერსიით, ადვილი დასაშვებია, რომ უებერმა კონცენტრაცია დაკარგა და მარცხენა ხელით არასწორი მანიპულაცია შეასრულა - ჰაერსადინარი გადაკეტა და უკანა ფრთა განტვირთა, რამაც მანქანის შენელება შეაფერხა...

”დელტაუინგის” ინდიქარის კონცეპცია

DeltaWing IndyCar Concept

1 ივლისი

”დელტაუინგი” ინდიანაეპოლისური კომპანიაა და სარბოლი ტექნიკის დამზადებასა და სრულყოფაზეა სპეციალიზებული. აქამდე ამ კომპანიის შესახებ ალბათ ავტოსპორტის მხოლოდ ამერიკელმა ფანებმა თუ იცოდნენ, მაგრამ მალე შესაძლოა ის ინდიქარის გუნდებისთვის ბოლიდების ერთპიროვნული მიმწოდებელი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ”დელტაუინგის” ხელმძღვანელობას ამის დიდი სურვილი აქვს, რაც იმაში გამოიხატა, რომ კომპანიამ ჩიკაგოს ავტო შოუზე ინდიქარის მომავლის კონცეპტუალური მოდელი წარადგინა.
ანალოგიური კონცეპტუალური მოდელები კიდევ სამმა კომპანიამ - ამერიკულმა ”სუიფტმა”, იტალიურმა ”დალარამ” და ბრიტანულმა ”ლოლამაც” შეიმუშავეს, თუმცა ”დელტაუინგის” ავტომობილი სხვებთან შედარებით რევოლუციური იყო. თავად განსაჯეთ, გარდა იმისა, რომ უჩვეულო ფორმებით გამოირჩევა, ავტომობილს უნიკალური მახასიათებლებიც აქვს. კერძოდ, როგორც კონცეპციის ავტორები ირწმუნებიან, მათი ბოლოდი, მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელებზე ორჯერ ნაკლები სიმძლავრის ძრავი ექნება, ოვალურ ტრეკებზე მაინც საშუალო 350 კმ/სთ სიჩქარით ივლის. და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ორჯერ ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს.

”დღეს თქვენ ხედავთ, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის სარბოლი ავტომობილები. ამ რადიკალურ პროტოტიპს ღიაბორბლიანი მანქანების რბოლების თვისობრივად ახალ დონეზე აყვანა შეუძლია, როგორც ინჟინრული, ასევე სანახაობრივი თვალსაზრისითაც”, - ამბობს ”დელტაუინგის” მთავარი აღმასრულებელი დენ პარტელი და დასძენს, რომ თანამედროვე ავოინდუსტრიის ტრენდი, რომელიც მწარმოებლების ეკოლოგიისადმი ზრუნვით გამოიხატება, ავტოსპორტშიც, კერძოდ კი ინდიქარშიც უნდა აისახოს. ამიტომ, მისმა კომპანიამ, როდესაც კონცეპტუალურ სარბოლ ავტომობილზე მუშაობდა, ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენა.

კონცეპტუალური ავტომობილი ჩვეულებრივზე მსუბუქია და შემხვედრი ჰაერისადმი შემცირებული წინააღმდეგობის კოეფიციენტი აქვს. სხვათა შორის, სპეციალურად ამ კონცეპციისთვის, საბურავების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია ”ფაირსტოუნმა” საბურავები (სერია ფაირჰოკი) მოამზადა. ამ საბურავებს ”დელტაუინგის” სარბოლი მანქანის შესაფერისი მახასიათებლები აქვს.

კონცეპტუალურ ავტომობილს დიზაინის არაერთი საინტერესო ელემენტი აქვს:

1. მაგალითად ავიღოთ მისი წინა ”ღერძი”, რომელიც უჩვეულოდ ვიწროა. სამაგიეროდ, შემხვედრ ჰაერს მცირე წინააღმდეგობას უწევს, მსუბუქია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თითქმის დახურული ბორბლებითაც ნაკლებად აშფოთებს ჰაერის შემხვედრ ნაკადს.

2. დიზაინის მეორე თავისებურება ისაა, რომ ავტომობილს წაწვეტებული და მეტად გარსშემოდენილი, ერთგვარი დელტასებრი ფორმა აქვს. ეს კი აეროდინამიკურ დატვირთვას ზრდის და მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხვირი მეტისმეტად ვიწროა, საერთო ჯამში, მის ქვეშ წარმოქმნილი გრაუნდ ეფექტის წყალობით, მანქანას შესაშური მდგრადობა ექნება. ეს კი წრის გავლის საშუალო სიჩქარეს გაზრდის. თანაც, არც უკან მომავალი მანქანისთვის შეიქმნება აეროდინამიკური წინააღმდეგობა, რაც რბოლის დროს გასწრებათა რიცხვს გაზრდის და რბოლის სანახაობრივ მხარეს გააუმჯობესებს.

3. როგორც წესი, ინდიქარის ბოლიდებს ტრეკზე რბოლისას ძალიან თხელი უკანა ფრთები აქვთ, ეს კი იმისათვის, რომ სწორზე წინააღმდეგობა არ გაიზარდოს. ოვალებზე რბოლისას, ამ მანქანებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფრთის ტორსული სტაბილიზატორებია, რომლებიც მდგრადობას უზრუნველყოფენ.

”დელტაუინგის” მანქანას უკანა ფრთა საერთოდ არ აქვს, მის მოვალეობას კი მისი უკანა ნაწილის ერთგვარი ”კაბა” ასრულებს. სტაბილიზატორი კი ერთი დარჩა და ისიც უზარმაზარი - თვითმფრინავის ტიპისა და ის დახრილი ვირაჟების გავლისას, ავტომობილის უკეთეს მდგრადობას უზრუნველყოფს.

”დელტაუინგი” ირწმუნება, რომ მისი პროექტით შექმნილი მანქანა, რომლის პროტოტიპიც მალე დამზადდება, ინდქარის ახლანდელ მანქანებზე ორჯერ მსუბუქიც უნდა იყოს და მას დაახლოებით ორჯერ ნაკლები აეროდინამიკური წინააღმდეგობაც ექნება. ამგვარად, ის გაცილებით ნაკლებ სიმძლავრეს მოითხოვს იმისათვის, რომ ბოლიდის საშუალო სიჩქარე 350 კმ/სთ იყოს. ამასთან, თითქმის განახევრდება საწვავის მოხმარება.

დენ პარტელი ამბობს, რომ მისი კომპანიის კონცეპციის მიერ შექმნილი პროტოტიპი მზად აგვისტოში უნდა იყოს, შემდგ კი, ინდიქარის სერიის ორგანიზატორ ინდი რეისინგ ლიგთან ერთად, მისი ტესტირება და სრულყოფის პროცესი დაიწყება. და თუ ტესტირების პროცესი წარმატებული იქნა, დიდი შანსია იმისა, რომ 2012 წლიდან, ინდიქარის სერიის რბოლებში სწორედ ასეთი მანქანებით იასპარეზონ.

”დელტაუინგის” კონცეპტუალური სარბოლი ავტომობილი ამერიკელ ინჟინერ ბენ ბოულბის ეკუთვნის, რომელმაც მისი შემუშავება სუფთა ფურცლიდან შარშან დაიწყო ჩიპ განასის საჯინიბოს ოფისში. მისი პროექტის მიხედვით, პირველი პროტოტიპი 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბოძრავით აღიჭურვება. ჯერჯერობით უცნობია ამ აგრეგატის სიმძლავრე. სამაგიეროდ, კომპიუტერული მოდელირებს წყალობით დადგინდა, რომ ავტომობილს 300 ცხენის ძალაც ეყოფა იმისათვის, რომ მისმა საშუალო სიჩქარემ ტრეკზე 350 კმ/სთ-ს მიაღწიოს. ამასთან, არნახულად დიდი იქნება მისი სამუშაო რესურსიც - დაახლოებით 6 400 კილომეტრი, რაც ინდიქარის თანამედროვე ძრავების შესაბამის მაჩვენებელზე დაახლოებით ორჯერ მეტია.

პარტელის თქმით, ასეთი, სრულად დაკომპლექტებული ავტომობილის ღირებულება დაახლოებით 600 000 დოლარი იქნება, რაც მისი კომპანიის კონცეპციის კიდევ ერთი დიდი პლიუსია.