ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, January 25, 2011

ფორმულა 1-ის ტელემაყურებელტა რიცხვი გაიზარდა

F1 TV audience increased in 2010

25 იანვარი

ფორმულა 1-ის შარშანდელი დაძაბული ჩემპიონატი ტელემაყურებელთა რაოდენობის ზრდაზეც აისახა - კომპანია ”ფორმულა ვან მენეჯმენტმა” (FOM), რომელიც დიდი ცირკის კომერციულ უფლებებს განაგებს, გამოაცხადა, რომ სეზონის განმავლობაში, ტელემაყურებელთა რაოდენობა 527 მილიონამდე გაიზარდა.

საერთო ჯამში, ტელერეპორტაჟებს 187 ქვეყანაში უყურეს და მათ მთელი სეზონის განმავლობაში, სატელევიზიო ეთერში 16 000 საათი დაეთმო. საინტერესოა ისიც, რომ მსოფლიოს 11 უდიდესი ბაზრის მქონე ქვეყნიდან, ცხრაში ფ1-ის რბოლებს რეკორდულად დიდი რაოდენობით მაყურებელი ჰყავდა.

ფორმულა 1-ის მიმომხილველები თვლიან, რომ ტელემაყურებელთა რაოდენობის ზრდა, ფ1-ის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო სეზონმა განაპირობა. ტიტულისთვის ბრძოლაში სამი გუნდის რამდენიმე პილოტი მონაწილეობდა და ტიტულის ბედი მხოლოდ ბოლო რბოლის ბოლო წუთებზე გადაწყდა. ამასთან, კალენდარში კორეული დიდი პრიზის დამატებამ, აზიაში ამ სპორტის პოპულარობის ზრდაც განაპირობა.

FOM-ის შეფი და ფ1-ის კომერციულ უფლებათა ფაქტობრივი ბატონ-პატრონი ბერნი ეკლსტოუნი დარწმუნებულია, რომ ახალი სეზონი კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება. და შესაბამისად, ტელემაყურებელთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება. ამას ბევრი მიზეზი აქვს და პირველ რიგში ის, რომ კალენდარს ახალი ეტაპი - ინდოეთის დიდი პრიზი ემატება. ეს კი მოსახლეობის რაოდნბით, მსოფლიოში მეორე უდიდესი ქვეყანაა.

დაკიდევ, ახალი სეზონიდან, ფ1-ის რეპორტაჟები, პირველად გადაიცემა მაღალი გარჩევადობის (HD - ჰაი დეფინიშნ) ციფრული ტექნოლოგიით.

პროსტს შუმახერის არ სჯერა

Prost Says Schumacher's Return to Top Form Is Impossible

25 იანვარი

მიხაელ შუმახერის წარუმატებლობის შესახებ, სხვადასხვა მიზეზი სახელდება. ”მერსედესის” შეფი როს ბრაუნი ამბობს, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემოპიონს კომპიუტერულ სიმულატორზე ვარჯიშმა აწყინა, თუმცა თავად შუმი თავის უღიმღამო გამოსვლას ”ბრიჯსტოუნის” საბურავებს აბრალებს. სხვა, ასევე კომპეტენტურ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ გერმანული გუნდის მანქანა ჯენსონ ბატონის სტილის შესაბამისად იყო შემუშავებული.

არიან ისეთებიც, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ შუმახერს ხელს ასაკი უშლის. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ალენ პროსტი კი დარწმუნებულია, რომ გერმანელი უწინდებურად ბრძოლისუნარიანი და სწრაფი ვეღარ იქნება. ის ირწმუნება, შუმი არარეალისტად გამოიყურება, როცა იქადნის, რომ ფ1-ში თავის მეორე კარიერას ახალი ტიტულით დააგვირგვინებს.

”რა ტქმა უნდა, დაბრუნების გადაწყვეტილება მისი პირადი საქმე იყო და მე ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მაგრამ მიმაჩნია, რომ მის ასაკში შეუძლებელია იმ მწვერვალებზე დაბრუნება, რომლებსაც ადრე იპყრობდა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ის ჩემს ამ მოსაზრებას გააქარწყლებს”, - შვეიცარულ გაზეთ ”ლა მატენ დიმანშთან” საუბრისას განაცხადა პროსტმა.

ფ1-ში დაბრუნებულმა შუმახერმა ”მერსედესთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და განაცხადა, რომ ფორმულა 1-ში მისი დაბრუნების ერთადერთი მიზანი, მერვე ტიტულის მოპოვებაა. მაგრამ შარშან მან კვარცხლბეკზე ასვლა ერთხელაც ვერ მოახერხა. ახლა კი იმედოვნებს, რომ რბოლებში სამეულში მოსახვედრად და ხანდახან, გამარჯვებებისთვისაც იბრძოლებს, ტიტულის ჯერი კი მესამე სეზონში დადგება.

რა თქმა უნდა, პროსტს არავინ ეკითხება, აპირებს თუ არა დიდი პრიზების ცირკში დაბრუნებას - ეს არარეალურია. მაგრამ თავად ფრანგი ამბობს, რომ დიდი სურვილი აქვს, თანამედროვე ფ1-ის ბოლიდი მართოს. ამასთან, შუმახერისგან სრულიად განსხვავებული მოტივი აქვს: ”მაინტერესებს, რამდენად განვითარდა ტექნოლოგიები და რის საშუალებებს იძლევიან ისინი. ეს საკითხი ყოველთვის მაინტერესებდა”.

ლოები და რაიკონენი ლე მანზე ერთად გამოვლენ

Loeb and Raikkonen tipped for Le Mans

25 იანვარი

რალიში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ სებასტიან ლოებს და ფორმულა 1-ის ექს ჩემპიონ კიმი რაიკონენს ლე მანის 24-საათიან რბოლაში ერთად ასპარეზობის სურვილი გამოთქვეს. არაა გამორიცხული, რომ ლეგენდარულ რბოლაზე მათ ”პეჟოს” პროტოტიპ 90X-ით, ერთ ეკიპაჟში იასპარეზონ.

ორივე პილოტი, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე წელსაც ”სიტროენის” მანქანით იასპარეზებს. ეს უკანასკნელი კი ”პეჟო-სიტროენის” ჯგუფში შედის. ამგვარად, ლე მანზე მათი ”პეჟოს” ბოლიდით გამოსვლა კორპორატიულ ინტერესებსაც შეესაბამება. ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციით, ყველაფერი ფინანსებზე იქნება დამოკიდებული. და არაა გამორიცხული, რომ ეს საკითხი ისევ ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ”რედ ბულის” დახმარებით გადაწყდეს - როგორც ცნობილია, ”რედ ბული” რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ”სიტროენის” იმ გუნდის სპონსორია, რომლებშიც ლოები და რაიკონენი ასპარეზობენ.

ლე მანის სერიის რბოლებისთვის, ამ სეზონში ”პეჟო” ახალი ბოლიდით - 90X-ით იასპარეზებს, რომლითაც ძალიან სწრაფი, თუმცაღა არასაიმედო 908 HDi FAP შეიცვლება. ცნობისათვის, ლე მანის შარშანდელ რბოლაში ”პეჟოს” პროტოტიპები ყველაზე სწრაფები იყვნენ, თუმცა ოთხი ეკიპაჟიდან, ფინიშს ვერცერთმა ვერ მიაღწია.

სხვათა შორის, ლე მანის რბოლაზე ლოები მესამედ გამოვა, რაიკონენს კი სარტეს ლეგენდარულ ტრეკზე არასდროს უასპარეზია. 36 წლის ფრანგმა 2006 წელს აბსოლუტურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა (პესკაროლო-ჯადით).

ლე მანის 24-საათიანი რბოლის ორგანიზატორებმა განაცხადების მიღება უკვე დაასრულეს. ახლა მათ განაცხადის შემტან პილოტებს შორის არჩევა მოუწევთ და მონაწილეთა ვინაობას 9 თებერვალს გამოაცხადებენ.

Sunday, January 23, 2011

”ლოტუს რენო” მოწინავე სამეულს უმიზნებს

Lotus Renault Aims for Top 3 Finish in 2011

23 იანვარი

ახალი სეზონის წინ, ყველა იმაზე მსჯელობს, შეძლებს თუ არა ”რედ ბული” შარშან მოპოვებული ტიტულების მოპოვებას, ”მაკლარენი” და ”ფერარი” მისთვის ჩემპიონის წოდების ჩამორთმევას. ან მიხაელ შუმახერი და მასთან ერთად ”მერსედეს-ბენცი”, შარშანდელი კრახის დავიწყებას და ისევ გამარჯვებისთვის ბრძოლას.

თითქმის აღარავის ახსოვს, რომ არსებობს გუნდი, რომელსაც შარშან სოლიდური პროგრესი ჰქონდა და რომელსაც, სახელის შეცვლის მიუხედავად, დიდი ამბიციები გააჩნია. ეს გუნდი ”ლოტუს რენოა”, რომელიც შარშან ”რენოს” სახელით ასპარეზობდა და რომელსაც ისეთი სწრაფი და ამბიციური პილოტი ჰყავს, როგორიც პოლონელი რობერტ კუბიცაა. ენსტოუნელების ამ ამბიციებს კი ვარაუდების დონეზე, ვინმე კი არ გამოხატავს, არამედ გუნდის მმართველი პატრიკ ლუისი.

გუნდის შეფმა ერიკ ბიუემ ამას წინათ, ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა, რომ ”ლოტუს რენო” ახალ სეზონში გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე შარშან იყო და შეგვპირდა, რომ ჩემპიონატის დასაწტისშივე, ისინი ყველას გააკვირვებენ. ოპტიმიზმს აფრქვევს გუნდის ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონიც. მათი ოპტიმიზმი კი ახალი მანქანის (R31) აგრესიულ დიზაინსა და მონაცემებს ეყრდნობა.

”სეზონის დასაწყისი ყოველთვის მოლოდინითაა აღსავსე. ყველა ელის გაწეული სამუშაოს შედეგს. ჩვენ ოპტიმისტურ განწყობაზე ვართ, რადგან ვიცით, რა გავაკეთეთ იმისათვის, რომ მანქანა კარგი გამოსულიყო. რა ტქმა უნდა, არის იმის ალბათობაც, რომ ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც ვგეგმავდით. ვინც ჩვენს სპორტს კარგად იცნობს, ალბათ ეცოდინება, რომ სიტყვებს - აგრესიული დიზაინი, ბევრი გუნდი ხშირად იყენებს. და მეც მჯერა, რომჩვენს მიერ გაწეული სამუშაო საუკეთესო შედეგებს მოგვიტანს”, - ამბობს ელისონი.

:ლოტუს რენომ” თავისი ბოლიდის ფერების პრეზენტაცია (ფოტოზე) ბირმინგემში, ჟურნალ ”ავტოსპორტის” შოუზე მოაწყო. ბოლიდ R31-ის ოფიციალური დებიუტი კი ვალენსიაში, წინასასეზონო ტესტების დაწყების წინ ჩატარდება.

Friday, January 21, 2011

”პორშეს” ლე მანი ფორმულა 1-ს ურჩევნია

Porsche Closer to Le Mans than F1

21 იანვარი

დეტროიტის შოუზე წარმოდგენილი სარბოლი ”918 RSR-ით”, ”პორშემ” ყველას მიანიშნა, რომ მისთვის ფ1-ზე პრიორიტეტული ლე მანის რბოლაა
..............................

გერმანულმა საავტომობილო გიგანტმა ”ფოლკსვაგენმა” აღიარა, რომ მზადაა, გადახედოს ტავის დამოკიდებულებას ფორმულა ერთის მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი პროზების ცირკში მისი გამოჩენა რეალობასთან ახლოსაა. ამასთან, ლაპარაკია იმაზე, რომ არჩევანი ორ მარკას - ”აუდისა” და ”პორშეს” შორის გაკეთდება.

სულ ცოტა ხნის წინ, ვოლფსბურგელებმა ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობისგან თავის შეკავება ამჯობინეს. თუმცა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ ძრავების რეგლამენტი შეცვალა, ”ფოლკსვაგენის” ხელმძღვანელობამაც ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგში დააბრუნა.

ძრავების ახალი რეგლამენტი ძალაში 2013 წლის სეზონიდან შევა. მის შესაბამისად, გუნდები 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავების გამოყენებას დაწყებენ. ახალი რეგლამენტი კი ხელსაყრელი იმ კომპანიებისთვის იქნება, რომლებსაც ფორმულა 1-ის ელიტაში შეღწევის სურვილი აქვთ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ყველა კომპანიას ძრავის სუფთა ფურცლიდან შექმნა მოუწევს.

სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ”ფოლკსვაგენმა” ძველი გადაწყვეტილების შეცვლაზე ფიქრი დაიწყო. მისმა სპორტულმა მრჩეველმა, წარსულში თავადაც ფ1-ის პილოტმა, გერმანელმა ჰანს-იოახიმ შტუკმა განაცხადა, რომ ”ძრავების ახალი რეგლამენტის შემოღებით, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფისთვის ფ1-ში შესვლის საფუძველი შეიქმნა”.

ზემოთ დასახელებული ორი კომპანიიდან, ”აუდის” კანდიდატურა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ძნელი წარმოსადგენია, ინგოლშტაფტელებმა ლე მანის რბოლებზე უარი განაცხადონ, რადგან იქ ისინი გამოკვეთილი ფავორიტები არიან. თუმცა, ”პორშეც” აცხადებს, რომ მისთვისაც უფრო შესაფერისი სპორტული პროტოტიპების კლასში ასპარეზობაა.

”რა თქმა უნდა, ფორმულა 1-ს თავისი ხიბლი აქვს, თუმცა ეს საკითხი სხვა კუთხით განხილვასაც საჭიროებს. ეს ძალიან ძვირადღირებული სპორტია და მასში წარმატებაც გაცილებით ძნელი მისაღწევია”, - შვეიცარულ საავტომობილო გაზეთ ”აუტომობილ რევიუსთან” საუბრისას განაცხადა ”პორშეს” მთავარმა აღმასრულებელმა მათიას მიულერმა.

უკვე დიდი ხანია, ფ1-ში მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ აუცილებელია ხარჯების შემცურება, რათა ჩემპიონატში მონაწილეობით, ავტომწარმოებლები დაინტერესდნენ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებიდან, დიდი პრიზების ცირკი სამმა მწარმოებელმა (ჰონდამ, ტოიოტამ და ბეემვემ) დატოვა, ”რენომ” კი გუნდის შენახვაზე უარი თქვა და ძრავების მიმწოდებლად დარჩა.

”რედ ბულმა” ახალი ბოლიდის პრეზენტაცია დანიშნა

Red Bull to Launch RB7 on February 1st

21 იანვარი

ფორმულა 1-ის ახალმა ჩემპიონმა, ”რედ ბულ რეისინგმა” გამოაცხადა, რომ ახალი ბოლიდის RB7-ის პრეზენტაციას პირველ ოფიციალურ ტესტემაბდე რამდენიმე საათით ადრე, 1 თებერვალს ჩაატარებს. ამგვარად, ეს მერვე გუნდია, რომელმაც ახალი ბოლიდის საზოგადოებისთვის სამუშაო ვითარებაში წარდგენა გადაწყვიტა.

ახალ მანქანას საბურველს მსოფლიო ჩემპიონი სებასტიან ფეტელი და მისი თანაგუნდელი მარკ უებერი ჩამოხსნიან. მათ გარდა, ჟურნალისტებს გუნდის შეფი ქრისტიან ჰორნერი და ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი შეხვდებიან, რომელმაც წინა ორი სეზონისგან განსხვავებით, მანქანა პირველივე ტესტებისთვის მოამზადა.

”შარშანდელი სეზონისგან ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ამჯერად ჩვენ მსოფლიო ჩემპიონების რანგში ვართ. სხვა მხრივ, პრეზენტაცია სამუშაო ვითარებაში ჩაივლის, ეს ჩვეულებრივი სატესტო დღე იქნება. უბრალოდ, დამსწრეებს ახალი მანქანის პირველად ნახვის საშუალება მიეცემათ”, - ნათქვამია გუნდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმაზე, თუ ვინ მიუჯდება პირველი ახალი ბოლიდის საჭეს.

”რედ ბულ რეისინგის” გარდა, ტესტების დაწყებისთანავე, ახალ ბოლიდებს ტრასაზე ”ფერარი”, ”მერსედესი”, ”ზაუბერი”, ”ლოტუს-რენო”, ”ტორო როსო”, ”უილიამსი” და ”ლოტუსიც” გამოიყვანენ. რაც შეეხება დანარჩენ გუნდებს, ”ისპანია რეისინგის” გარდა, ახალი მანქანის ტესტირებას ისინი ტესტების მეორე სესიიდან (რომელსაც ხერესი უმასპინძლებს) შეუდგებიან. ისე კი, ”მაკლარენი”, ”ფორს ინდია”, ”ვირჯინი” და ”ისპანია”, ვალენსიაში შუალედური სპეციფიკაციის მანქანებით ივარჯიშებენ.

Tuesday, January 18, 2011

”პირელის” საბურავებს მეტი პიტ სტოპი დასჭირდება

Pirelli F1 Tires to Require Multiple Pit Stops in 2011

18 იანვარი

იმისათვის, რომ ფორმულა ერთის რბოლები უფრო საინტერესო გახდეს, იტალიური კომპანია ”პირელი” ისეთ საბურავებს დაამზადებს, რომლებიც შედარებით მალე გაცვდება და ამიტომ, რბოლებისას მეტ პიტ სტოპს მოითხოვს. იტალიურ ჟურნალ ”ავტოსპრინტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საშუალოდ რბოლაზე, ახალი საბურავები 3-ჯერ გამოცვლას მოითხოვს.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ფორმულა 1-ის ტენდერს მოიგებდა (რომლის მიხედვითაც, ის ფ1-ის გუნდებს რეზინით 3 სეზონის განმავლობაში მოამარაგებს), ”პირელი” იქადნიდა, რომ უფრო აგრესიულ საბურავებს შეიმუშავებდა, რაც რბოლებს უფრო საინტერესოს გახდის. როგორც ჩანს, მიზანი მიღწეულია, რადგან პირველივე ტესტების შემდეგ, საბურავების გამომცდელი პილოტები აღტაცებულები დარჩნენ რეზინის თვისებებით.

უნდა ითქვას, რომ ახალი საბურავების შემუშავების პროცესში, ”პირელი” გუნდებთან ინტენსიურ კონსულტაციებს გადიოდა და მათს მოსაზრებებს მაქსიმალურად ითვალისწინებდა. ამით თავად გუნდებიც იყვნენ დაინტერესებულნი, რადგან მიღებული ინფორმაცია, მათ ახალი მანქანების საკიდარის შემუშავებისას სჭირდებათ.

”ავტოსპრინტის” მონაცემებით, მყარმა საბურავებმა დაახლოებით 30 წრეს უნდა გაუძლოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაზე სწრაფი ათი მანქანა სტარტზე იმ საბურავებით გავა, რომლებსაც კვალიფიკაციის დასკვნით ნაწილში გამოიყენებენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რბოლისას მათ მინიმუმ ორჯერ მაინც მოუწევთ შესვლა.

”პირელიმ” უკვე საწვიმარი საბურავების ტესტირებაც დაიწყო, რისთვისაც აბუ დაბის იას მარინა ცირკვიტს იყენებს. ტესტეს 2009 წლის სპეციფიკაციის ”ტოიოტას” ბოლიდით, რომელიც ”პირელის” სატესტო მანქანაა, ესპანელი პედრო დე ლა რპსა ატარებს.

Sunday, January 16, 2011

ალ-ატიამ პირველად მოიგო დაკარი

Al-Attiyah claims first Dakar win

16 იანვარი

ყატარელი ნასერ ალ-ატიას ტრიუმფით დასრულდა ლეგენდარულ რალი მარათონ დაკარის წლევანდელი რბოლა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო, მე-13 ეტაპი ესპანელი კარლოს საინსის გამარჯვებით დასრულდა, ალ-ატიას მაინც არ გასჭირვებია წინა ეტაპებზე მოპოვებული სოლიდური უპირატესობის შენარჩუნება და კარიერაში პირველად გახდა დაკარის გამარჯვებული.

ალ-ატიამ ლიდერობა ხელთ რბოლის მერვე ეტაპზე იგდო, როცა დაკარის შარშანდელ ჩემპიონ საინსს ტექნიკური პრობლემები შეექმნა - ჩილეს უდაბნოს ქვიშის დიუნებმა მისი მანქანის საკიდარი დააზიანა. ესპანელმა ჩამორჩენის აღმოფხვრა სცადა, მაგრამ ჯერ მე-10, შემდეგ კი მე-11 ეტაპზე, ისევ საკიდარმა და მანქანის სხვა კომპონენტებმაც უმტყუნა, რამაც მესამე ადგილამდე ჩამოაქვეითა.

ბოლო ეტაპი, რომლის ფინიშიც ბუენოს აირესში იყო განლაგებული, საინსმა მოიგო, თუმცა საბოლოო პოზიციის გასაუმჯობესებლად, ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. 13 ეტაპის ჯამში, ალ-ატიამ თითქმის 50 წუთით აჯობა მეორე ადგილზე გასულ სამხრეთ აფრიკელ ჯინიელ დე ვილიერსს, ვისაც დაკარის რბოლა ორი წლის წინ აქვს მოგებული. სხვათა შორის, სამივე მრბოლი სამხრეთ ამერიკის გზებზე სარბოლად მოდიფიცირებული ”ფოლკსვაგენ ტუარეგით” ასპარეზობდა.

”ჩვენ ეს შევძელით, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. ჩემთვის, ჩემი ხალხისთვის და ქვეყნისთვის, ამ მიღწევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიერიდან, ყატარის შესახებ, მეტი ადამიანი შეიტყობს მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ჩემს გუნდს ზედიზედ მესამე გამარჯვება მე მოვაპოვებინე. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტია”, - განაცხადა 40 წლის ალ-ატიამ, ვინც შარშანდელ დაკარზე მეორე ადგილი დაიკავა და დაძაბულ პაექრობაში, სწორედ საინსტან დამარცხდა.

”ფოლკსვაგენის” შემდეგ, მეორე ყველაზე წარმატებული გუნდი ”ბეემვეს” ჰყავდა, რომლის ფრანგმა სტეფან პეტერანსელმაც მეოთხე ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა თავისი პოლონელი თანაგუნდელი კრჟიშტოფ ჰოლოვჩიკი.

მოტოციკლების კლასში საუკეთესო ესპანელი მარკ კომა გახდა, რომელმაც 15 წუთით აჯობა ფრანგ სირილ დეპრეს. ორივენი ავსტრიული KTM-ით ასპარეზობდნენ. სატვირთო ავტომობილებს შორის, კვლავ არ ჰყავდა ბადალი კამაზ-ის რუს ვლადიმირ ჩაგინს, კვადროციკლებში კი გამარჯვება ”იამაჰათი” მოასპარეზე არგენტინელმა ალეხანდრო პატრონელიმ მოიპოვა.

დაკარი 2011-ის საბოლოო კლასიფიკაცია (ავტომობილები)

1. ნასერ ალ-ატია (ყატარი, ფოლკსვაგენი) 21 სთ 16 წთ 16 წმ

2. ჯინიელ დე ვილიერსი (სამხ. აფრიკა, ფოლკსვაგენი) +49 წთ 41 წმ

3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფოლკსვაგენი) +1 სთ 20 წთ 38 წმ

4. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, ბეემვე) +1:43:48

5. კრჟიშტოფ ჰოლოვჩიკი (პოლონეთი, ბეემვე) +4:11:21

6. მარკ მილერი (აშშ, ფოლკსვაგენი) +4:54:42

7. რიკარდუ ლეალ დუს სანტუში (პორტუგალია, ბეემვე) +6:50:07

8. კრისტიან ლავიეილი (საფრანგეთი, ნისანი) +7:57:18

9. გილერმე სპინელი (ბრაზილია, მიცუბიში) +8:23:37

10. მათიას კალე (გერმანია, SMG ბაგი) +15:11:56

Thursday, January 13, 2011

”მერსედესი” ორივე ტიტულისთვის იბრძოლებს

13 იანვარი

”მერსედეს მოტორშპორტის” ვიცე პრეზიდენტი ნორბერტ ჰაუგი (ფოტოზე) იმედოვნებს, რომ ახალი მანქანა მის გუნდს ორივე ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს. მის იმედებს კი რეალური საფუძველი აქვს - სამქიმიანებმა სხვა ტოპ გუნდებზე ადრე დაიწყეს ახალ მანქანაზე მუშაობა.

”მომავალ სეზონში, ჩვენ რეგულარულად გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და ორივე ჩათვლაში, ჩვენი მიზანი ჩემპიონობა იქნება. ახალი მანქანა შარშანდელზე გაცილებით უკეთესი იქნება. მიხაელ შუმახერიც ძველებურად კონკურენტუნარიანია, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ გასულ სეზონში, სტარტის შემდეგ, ყველაზე მეტი ადგილით წინ წაწევას ახერხებდა. თუ ჩვენ ისეთ მანქანას მოვამზადებთ, რომლიტაც გამარჯვების მოპოვება იქნება შესაძლებელი, დარწმუნებული ვარ, რომ ის კვლავ მოწინავეთა შორის იქნება და გამარჯვებებისთვის იბრძოლებს”, - ამბობს ჰაუგი.

გარდა ამისა, ის აღიარებს, რომ გუნდების უმეტესობას ხარჯების მნიშვნელოვნად შეკვეცა მოუწევს და დასძენს, რომ ”მერსედესის” გუნდი მთლიანად კომერციული უფლებების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით და სპონსორების მიერ გუნდის ბიუჯეტში შეტანილი სახსრებით არსებობს და გერმანული ავტოკომპანიისგან არანაირ ფულად დახმარებას არ ღებულობს:

”ადრე თუ გვიან, ბიუჯეტების შემცირება მოგვიწევს. ვფიქრობ, მალე ყველა გუნდის ბიუჯეტი ჩვენი, ”მაკლარენის” და ”რენოს” დონეზე ჩამოვა. დღეს ზოგი გუნდი დამატებით ხარჯებს არ ერიდება, მაგრამ მალე ეს შეუძლებელი იქნება. ჩვენი გუნდი ახლაც მხოლოდ კომერციული უფლებების გაყიდვიდან და სპონსორებისგან მიღებული თანხებით ფინანსდება და მომავალში ყველა გუნდი ასე იქნება”.

ჰაუგი ძრავების საკითხსაც შეეხო. კერძოდ, იმ ფაქტს, რომ ზოგ გუნდს, ძრავების მონაცემების გათანაბრების პრეტენზია გააჩნია. მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა ყველამ იცის, რომ ამ მხრივ, ყველაზე მეტად ”რედ ბულ რეისინგი” აქტიურობს, რომელსაც აშკარად არ აკმაყოფილებს ”რენოს” ძრავის მახასიათებლები და პირველ რიგში, სიმძლავრე.

”ფორმულა 1 ავტომწარმოებლების შეჯიბრია, ამაში დიდი სახსრები იხარჯება, არაერთ ტექნოლოგიურ სიახლეს ვიყენებთ, რათა უპირატესობას მივაღწიოთ და თუ ვიღაცას ეს არ მოსწონს, ეს არაფერს ნიშნავს. თუ ვინმე უკმეყოფილოა, გრანპრი2-ში გადასვლას ვურჩევ”, - ამბობს ჰაუგი.

Wednesday, January 12, 2011

რაიკონენი ”სიტროენში” დარჩა

Raikkonen confirmed for WRC return

12 იანვარი

კიმი რაიკონენი თავის კარიერას ისევ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე და ისევ ”სიტროენის” საქარხნო მხარდაჭერით გააგრძელებს. ოღონდ, ის ამჯერად ახლახანს ჩამოყალიბებული გუნდის, ICE1 რეისინგის ”სიტროენ DS3-ით” იასპარეზებს. მომავალ ჩემპიონატში ასევე იასპარეზებს მსოფლიოს 2003 წლის ჩემპიონი, ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი, ვინც საკუთარ გუნდ ”პეტერ სოლბერგ WRC ტიმ-ის” ”სიტროენ DS3-ით” საჭეს მიუჯდება.

ახალი ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რომელიც შვედეთში 10 თებერვალს დაიწყება, სულ ოთხი ”სიტროენ DS3” გამოვა, რომლებსაც ფრანგული კომპანიის მექანიკოსები მოემსახურებიან. რაიკონენისა და სილბერგის გარდა, ახალი მანქანით ასპარეზობის საშუალება ”სიტროენის” საქარხნო გუნდის პილოტებს - ფრანგ სებასტიან ლოებსა და მის თანამემამულე სებასტიან ოჟიესაც ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ შვედური რალის ორგანიზატრებმა რაიკონენის განაცხადი, ვადის ამოწურვამდე 3 წუთით ადრე მიიღეს. სოლბერგს კი საერთოდაც დაუგვიანდა, თუმცა ”სიტროენის” მხარდაჭერის წყალობით, რბოლაზე მანაც შეძლო დარეგისტრირება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მომენტამდე, ამ ორ პილოტზე არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომელთა შესაბამისადაც, ისინი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას აღარ აპირებდნენ. რაიკონენის შემთხვევაში, ამის მიზეზად, მისი მამის გარდაცვალება ცხადდებოდა, თუმცა მეორე ვერსიით, კიმი ”ფორდის” საქარხნო გუნდში გადასვლას აპირებდა. რაც შეეხება სოლბერგს, იყო ვარაუდი იმისა, რომ ის ახალ სეზონს, ტურიზმის კლასის მსოფლიო ჩემპიონატზე (WTCC) გაატარებდა.

”სიტროენში” სოლბერგის და რაიკონენის დარჩენა იმის მაუწყებელია, რომ ფრანგულ გუნდში ადგილი აღარ რჩება ჰოლანდიელი მრბოლის, პეტერ ფან მერკშტაინ-უმცროსისთვის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მამამისის გუნდის, ”ფან მერკშტაინ მოტორსპორტის” მანქანით ასპარეზობას აპირებს. თავიდან იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ის ”სიტროენ DS3-ით” იასპარეზებდა, თუმცა სოლბერგისა და რაიკონენის დათანხმებით, ფრანგულ კომპანიას ჰოლანდიელისთვის მანქანა აღარ რჩება, რადგან ამ სეზონში, ”სიტროენი” მხოლოდ ოთხი DS3-ის გამოყვანას აპირებს.

გასული სეზონი სოლბერგმა მესამე ადგილზე დაასრულა. მან რვაჯერ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. რაც შეეხება რაიკონენს, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი დებიუტი არცთუ წარმატებული გამოდგა. ხშირ ავარიებზე რომ არაფერი ვთქვათ, ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონის საუკეთესო შედეგი, თურქეთის რალიზე დაკავებული მეხუთე ადგილია. ისე კი, კარიერაში პირველი სპეცმონაკვეთი მან გერმანიის რალის დროს მოიგო.

Sunday, January 9, 2011

რედ ბული” პირველი ტესტებისთვის მზად იქნება

New Red Bull on target for first test

9 იანვარი

”რედ ბულ რეისინგის” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სეზონისწინა პირველივე ტესტებზე, რომლებსაც ვალენსია უმასპინძლებს, ახალი ბოლიდის გამოყვასნას შეძლებს. წინა ორი სეზონისგან განსხვავებით, ავსტრიული გუნდი ამჯერად დროულად ასწრებს მანქანის მომზადებას, რასავ ვერ ვიტყვით მის კონკურენტ ”მაკლარენზე”, რომელმაც ახლახანს გამოაცხადა, რომ პირველ ტესტებზე შუალედური მანქანით გამოვა.

”ჩვენ გრაფიკს მივყვებით და პირველი ეტსტებისთვის მანქანა მზად უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იქნება დროში ჩატევა, მაგრამ ჩვენი მიზანი სწორედ ესაა. ჩვენი გეგმების შესახებ ოფიციალურ განცხადებას მალე გამოვაქვეყნებთ”, - ამბობს გუნდის შეფი ქრისტიან ჰორნერი.

წინა წლებში, ”რედ ბული” ახალი მანქანის ტესტებისთვის მომზადებას იმის გამო აგვიანებდა, რომ საჭირო იყო მანქანის აეროდინამიკის დახვეწა, რასაც აეროდინამიკურ მილში დამატებითი ტესტები სჭირდებოდა. შარშანაც გუნდმა პირველი ტესტები იმის გამო გააცდინა, რომ მისმა ტექნიკურმა ინჟინერმა ედრიან ნიუიმ მანქანის სრულყოფისთვის დამატებითი დრო მოითხოვა.

მაგრამ ახალი სეზონის წინ, იმავე ნიუიმ უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა, რომ გუნდმა ”პირელის” საბურავებით რაც შეიძლება მეტი წრის გავლა შეძლოს. ამ სეზონის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა სწორედ ესაა - ”პირელიმ” გასული სეზონის დასრულების შემდეგ ”ბრიჯსტოუნი” შეცვალა და როგორ მიიღებს მანქანების საკიდარი იტალიურ საბურავებს, ამას სეზონის განმავლობაში დიდი მნიშვნელობა ექნება.

”რედ ბულ რეისინგის” მრჩეველი, წარსულში თავადაც ფორმულა 1-ის პილოტი, ავსტრიელი ჰელმუტ მარკო ამბობს, რომ ახალი მანქანის ოფიციალური პრეზენტაცია არ იგეგმება და რომ ის პირველად სწორედ ვალენსიური ტესტების დროს გამოჩნდება.

”ტესტებს ყოველგვარი ფორმალური პრეზენტაციის გარეშე დავიწყებთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ RB7 პირველივე ტესტებიდან ტრასაზე გვყავდეს. რა თქმა უნდა, მოსწრება ძალიან ძნელი იქნება, თუმცა აქამდე გრაფიკს მივყვებით და ვიმედოვნებ, რომ მას არც ჩამოვრჩებით”, - ამბობს მარკო.

ცნობისათვის, პირველ ტესტებს, რომლებიც 1-3 თებერვალს, ვალენსიაში ჩატარდება, ”მაკლარენის” გარდა ”ფორს ინდია”, ”ვირჯინი” და ”ისპანია რეისინგიც” გამოტოვებენ.

Friday, January 7, 2011

”მაკლარენი” ტესტებს შუალედური მანქანით დაიწყებს

McLaren plans interim car for first test

7 იანვარი

”მაკლარენმა” თავისი ახალი სარბოლი ბოლიდის (MP4-26) პრეზენტაცია 4 თებერვალს, ბერლინში დანიშნა. მანამდე კი, პირველ წინასასეზონო ტესტებზე, რომლებიც 1-3 თებერვალს, ვალენსიაში ჩატარდება, ”მაკლარენის” პილოტები შარშანდელი მანქანის ბაზაზე მომზადებული შუალედური მანქანით ივარჯიშებენ.

”ავტოსპორტისთვის” ცნობილი გახდა ისიც, რომ ახალი მანქანა ვერცხლისფერში არ იქნება გამოწყობილი. რამდენადაც ”მერსედეს ბენცი” აღარაა ინგლისური გუნდის თანამფლობელი, ”მაკლარენი” თავისი მანქანის შეღებვისას, ვერცხლისფერს აღარ გამოიყენებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფერისა იქნება ახალი ბოლიდი. სავარაუდოდ, გუნდი მის პირვანდელ, ფორთოხლისფერს დაიბრუნებს.

რაც შეეხება შუალედურ მანქანას, ის შარშანდელი MP4-25-ის ბაზაზე კი მომზადდა, თუმცა მისი აეროდინამიკური აღჭურვა სრულიად ახალი იქნება. ახალი მანქანის დაგვიანებით გამოყვანის წყალობით, ”მაკლარენს” MP4-26-ისთვის აეროდინამიკურ მილში დამატებითი ტესტების ჩატარების საშუალება ექნება. აეროდინამიკას გამოცდა პირველ ტესტებზეც ჩაუტარდება. ამავე დღეებში, გუნდი ”პირელის” საბურავებსაც მოირგებს.

”მანქანა კარგად გამოიყურება. ჯერჯერობით, მასზე ამაზე მეტის თქმა არ შეგვიძლია, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დაგ მაკკირნანმა და მისი აეროდინამიკოსების ჯგუფმა თავდაუზოგავად იმუშავეს და MP4-26-ისთვის აეროდინამიკური პლატფორმა მოამზადეს, რომელსაც ეტყობა, რომ კარგი უნდა იყოს”, - ამბობს გუნდის შარშანდელი მანქანის მთავარი ინჟინერი ტიმ გოსი.

”მაკლარენის” გარდა, ვალენსიას ტესტებზე, შარშანდელი მანქანით ”ფორს ინდია” და ”ისპანია რეისინგიც” აპირებენ ვარჯიშს. სხვათა შორის, ”რედ ბულ რეისინგმაც” შარშანდელი სეზონის წინ, მანქანის გამოცდა გვიან დაიწყო, თუმცა ამჯერად გუნდი პირველივე ტესტებზე ახალ ბოლიდს გამოიყვანს.

Thursday, January 6, 2011

როსბერგს პირველი გამარჯვება სჭირდება

Rosberg Wants to Become Grand Prix Winner in 2011

6 იანვარი

ნიკო როსბერგი აცხადებს, რომ ახალ სეზონს ერთი მიზნით დაიწყებს - მოიპოვოს თავის კარიერაში პირველი გამარჯვება. როსბერგისთვის კვარცხლბეკი უცხო ხილი არაა - იქ რამდენჯერმე იდგა. გასულ სეზონში ეს სამჯერ შესძლო, მაგრამ უმაღლეს საფეხურზე ჯერ ერთხელაც არ ასულა. ამიტომ, ამჟამად მისი უპირველესი ამოცანა ამ ფსიქოლოგიური ბარიერის დაძლევაა, რის შემდეგაც, ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე ფიქრიც შეიძლება.

ამჯერად, მას გამარჯვებისთვის ბრძოლის კარგი შესაძლებლობაც ექნება - გასული სეზონისგან განსხვავებით, ”მერსედესს” კარგი მანქანა უნდა ჰქონდეს, რომელიც მასაც და მის ლეგენდარულ თანაგუნდელ მიხაელ შუმახერსაც, ლიდერებთან თანასწორად ბრძოლის საშუალებას მისცემს.

რა იძლევა იმის თქმის საბაბს, რომ სამქიმიანები წელს ლიდერთა შორის იქნებიან? ამას ორი მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, გერმანულმა გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება მის კონკურენტებზე ადრე დაიწყო. ამ გარემოებას კი, როგორც წესი, როს ბრაუნი კარგად იყენებს ხოლმე. მეორეც, რაც ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, ”მერსედესის” გუნდი უფრო ორგანიზებულია, ვიდრე თუნდაც შარშან. ეს კი მას სტრატეგიულ მიზნებზე უკეთ მობილიზების საშუალებას მისცემს.

”ჩვენთვის ახალ სეზონში ადვილი არაფერი იქნება. ნახტომისებრი წინსვლა ძალიან ძნელია და ეს რომც შევძლოთ, საკმარისი მაინც არ იქნება, რადგან სხვებს ჩვენზე უკეთესი სასტარტო პოზიცია აქვთ. რა თქმა უნდა, მოწინავეთა რიგებში დაბრუნება ძალიან ძნელია, თუმცა შეუძლებელიც არაფერია. ვნახოთ, სეზონის დასაწყისი ბევრ კითხვაზე გაგვცემს პასუხს”, - ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას ამბობს როსბერგი.

სხვათა შორის, როს ბრაუნი ამბობს, რომ როსბერგისთვის პირველი გამარჯვების მოპოვება ერთგვარ ფსიქოლოგიურ ბარიერად იქცა, რომლის გადალახვის შემდეგაც, მისი კარიერა მკვეთრ აღმავლობას დაიწყებს (ასე იყო მიკა ჰაკინენის შემთხვევაშიც). სხვათა შორის, ნიკოს გასულ სეზონში ერთი სერიოზული მიღწევა ჰქონდა - ის მიხაელ შუმახერის ერთადერთი თანაგუნდელია, რომელსაც სეზონის განმავლობაში, უკეთესი შედეგები ჰქონდა, ვიდრე მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს. რა ტქმა უნდა, ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა, თუმცა ისტორიაში ის მიზეზები კი არა, ფაქტები რჩება.

”ნიკო ძალიან გაწონასწორებული მრბოლია და ტრასაზე სისულელეებს არ აკეთებს. ამასთან, როცა საქმე გასწრებაზე მიდგება, ამ საქმესაც შესანიშნავად ართმევს თავს. შესაძლოა, ამჟამად მაყურებლის თვალში ეს ნაკლებად ჩანს, მაგრამ ნახავთ, პირველი გამარჯვების შემდეგ, ყველაფერი შეიცვლება”, - ამბობს ბრაუნი.

Tuesday, January 4, 2011

”ფერარი” მასას პრობლემებს გვაცნობს

Ferrari Identifies Massa's Problems

4 იანვარი

სტეფანო დომენიკალი და ფელიპე მასა

..............................

ფელიპე მასამ გასული სეზონი აშკარად ჩააგდო და ყველას ეგონა, რომ ”ფერარი” მის დატოვებას აღარ ისურვებდა. მითუმეტეს, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ იტალიური გუნდი პოლონელი რობერტ კუბიცას გადაბირებას ცდილობდა. მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, მარანელოელებმა ბრაზილიელ პილოტს კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაუგრძელეს და ახლა ირწმუნებიან, რომ მომავალ სეზონში, ისევ მებრძოლ მასას ვიხილავთ.

ბევრი თვლის, რომ ”ფერარიმ” და მასამ კონტრაქტი მხოლოდ იმის გამო გააგრძელეს, რომ ბრაზილიელი მეორე პილოტის როლს დათანხმდა. მაგრამ სკუდერიას შეფი სტეფანო დომენიკალი ირწმუნება, რომ ასე არაა და რომ მასას ჩემპიონობისთვის ბრძოლის ისეთივე საშუალება ექნება, როგორიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს.

ამასთან, იტალიურ გამოცემა ”ლა რეპუბლიკასთან” საუბრისას, გუნდის შეფმა ასევე ილაპარაკა იმ გარემოებაზე, რამაც მასას გასულ სეზონში თავის გამოჩენაში შეუშალა ხელი:

”ნაწილობრივ, მისი პრობლემები ტემპერამენტის ბრალი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, არის სხვა პრობლემებიც, რომლებიც მის გამოსვლაზე უარყოფითად მოქმედებს. საერთოდ, რბოლის წინ, ნებისმიერი პილოტი შესაბამის განწყობაზე თუ არაა, კარგი შედეგის ჩვენება გაუჭირდება. მთავარი ფსიქოლოგიურად განწყობაა. როცა პრობლემა გექმნება, მისი ფსიქოლოგიურად გადატანა უნდა შეგეძლოს. თუ არა, მაშინ უფრო დიდი პრობლემები წარმოიქმნება. ვფიქრობ, ფელიპეს შემთხვევაშიც, მსგავსი რამ ხდებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ამას დაძლევს. ის ამ საკითხზე მუშაობს და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მე მჯერა, მომავალ სეზონში შესანიშნავ მასას ვიხილავთ”.

ამასთან, დომენიკალი იმასაც ამბობს, რომ წითელი მანქანით მოასპარეზე პილოტებს, ზედიზედ სამი სეზონის ჩაგდების უფლება არ აქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტის გაგრძელების მიუხედავად, მასას გუნდში ადგილის შესანარჩუნებლად, დიდი ბრძოლა მოუწევს.

რაიკონენმა შეიძლება კარიერა დაასრულოს

Raikkonen May Quit Racing After Father's Death

4 იანვარი

არაა გამორიცხული, რომ კიმი რაიკონენმა თავის სამომავლო გეგმები შეცვალოს, ამის მიზეზი კი მისი მამის მოულოდნელი გარდაცვალებაა. მატი რაიკონენი შობის დღესასწაულამდე ორი დღით ადრე გარდაიცვალა, რამაც მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონზე ძლიერ იმოქმედა. ფინურ გაზეთ ”ილტალეჰტის” ინფორმაციით, ამჟამად 31 წლის პილოტი სერიოზულად განიხილავს 2011 წლის სეზონის გამოტოვების საკითხს.

ამავე გაზეთის ცნობით, კიმის თავის 56 წლის მამასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მატი რაიკონენმა, ვინც პროფესიით გზის მშენებელი იყო, დიდი როლი ითამაშა შვილის კარიერის ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებით კი ის კიმის კარიერის დასაწყისში ეხმარებოდა.

”მატი რაიკონენის გარდაცვალების შემდეგ, კიმის გეგმები რადიკალურად შეიცვალა. ვიმედოვნებ, ის რალიში დარჩება, რადგან მეორე სეზონში წარმატების გაცილებით მეტი შანსი გვექნება. პირველ სეზონში მან ბევრი რამ ისწავლა და მეორე სეზონისთვის დიდი გამოცდილება დააგროვა, რაც ძალიან გამოადგება”, - ამბობს რაიკონენის ფინელი ნავიგატორი კაი ლინდსტრომი.

მამის დაკარგვამდე, კიმის ”სიტროენიდან” ”ფორდში” გადასვლა სურდა. შეგახსენებთ, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი დებიუტი ”სიტროენ ჯუნიორ ტიმში” შედგა, მისი სპონსორი კი ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ”რედ ბული” იყო. თავის ბოლო ინტერვიუში მას ნათქვამი აქვს, რომ პირველ სეზონში ის უკეთეს მრბოლად ჩამოაყალიბა და რომ ამ სეზონშიც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა სურს. სამომავლოდ კი ის არც ფ1-ში დაბრუნებას გამორიცხავდა.