”მერსედესი” ორივე ტიტულისთვის იბრძოლებს
13 იანვარი
”მერსედეს მოტორშპორტის” ვიცე პრეზიდენტი ნორბერტ ჰაუგი (ფოტოზე) იმედოვნებს, რომ ახალი მანქანა მის გუნდს ორივე ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს. მის იმედებს კი რეალური საფუძველი აქვს - სამქიმიანებმა სხვა ტოპ გუნდებზე ადრე დაიწყეს ახალ მანქანაზე მუშაობა.
”მომავალ სეზონში, ჩვენ რეგულარულად გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და ორივე ჩათვლაში, ჩვენი მიზანი ჩემპიონობა იქნება. ახალი მანქანა შარშანდელზე გაცილებით უკეთესი იქნება. მიხაელ შუმახერიც ძველებურად კონკურენტუნარიანია, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ გასულ სეზონში, სტარტის შემდეგ, ყველაზე მეტი ადგილით წინ წაწევას ახერხებდა. თუ ჩვენ ისეთ მანქანას მოვამზადებთ, რომლიტაც გამარჯვების მოპოვება იქნება შესაძლებელი, დარწმუნებული ვარ, რომ ის კვლავ მოწინავეთა შორის იქნება და გამარჯვებებისთვის იბრძოლებს”, - ამბობს ჰაუგი.
გარდა ამისა, ის აღიარებს, რომ გუნდების უმეტესობას ხარჯების მნიშვნელოვნად შეკვეცა მოუწევს და დასძენს, რომ ”მერსედესის” გუნდი მთლიანად კომერციული უფლებების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით და სპონსორების მიერ გუნდის ბიუჯეტში შეტანილი სახსრებით არსებობს და გერმანული ავტოკომპანიისგან არანაირ ფულად დახმარებას არ ღებულობს:
”ადრე თუ გვიან, ბიუჯეტების შემცირება მოგვიწევს. ვფიქრობ, მალე ყველა გუნდის ბიუჯეტი ჩვენი, ”მაკლარენის” და ”რენოს” დონეზე ჩამოვა. დღეს ზოგი გუნდი დამატებით ხარჯებს არ ერიდება, მაგრამ მალე ეს შეუძლებელი იქნება. ჩვენი გუნდი ახლაც მხოლოდ კომერციული უფლებების გაყიდვიდან და სპონსორებისგან მიღებული თანხებით ფინანსდება და მომავალში ყველა გუნდი ასე იქნება”.
ჰაუგი ძრავების საკითხსაც შეეხო. კერძოდ, იმ ფაქტს, რომ ზოგ გუნდს, ძრავების მონაცემების გათანაბრების პრეტენზია გააჩნია. მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა ყველამ იცის, რომ ამ მხრივ, ყველაზე მეტად ”რედ ბულ რეისინგი” აქტიურობს, რომელსაც აშკარად არ აკმაყოფილებს ”რენოს” ძრავის მახასიათებლები და პირველ რიგში, სიმძლავრე.
No comments:
Post a Comment