”ტოიოტას” აეროდინამიკურ მილს ”უილიამსი” და ”ფერარი” იყენებდნენ
Ferrari, Williams Used Toyota Wind Tunnel
31 იანვარი
წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ”ტოიოტამ” თავისი ფ1-ის გუნდი გააუქმა, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი კიოლნური ბაზა, კერძოდ კი აეროდინამიკური მილი, მაინც მუშაობს. თავიანთი ახალი მანქანების შესამუშავებლად, ეს მილი ორმა გუნდმა გამოიყენა. ეს ორი გუნდი კი ”ფერარი” და ”უილიამსია”. უფრო მეტიც, კულუარებში მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ამ ორის მიბაძვას კიდევ ექვსი გუნდი აპირებს. თუმცა, მათი ვინაობა ჯერ არ გამჟღავნებულა.
ტოიოტას” კიოლნის ბაზას ორი აეროდინამიკური მილი აქვს. მათგან ერთს ”ფერარი” იყენებდა, მეორეს კი - ”უილიამსი”. ორივე გუნდს საკუთარი მილებიც გააჩნია, თუმცა ისინი აღიარებენ, რომ იაპონური კომპანიის ბაზა გაცილებით თანამედროვეცაა და ეფექტურიც.
თუმცა, მათს ქმედებას გამართლება აქვს: ფორმულა 1-ში ხარჯების შემცირებას ცდილობენ, რაც პერსონალის შემცირების და სამუშაოების მოკლე ვადაში შესრულების ხარჯზე უნდა მოხდეს. ამიტომ, გუნდებს ურჩევნიათ, მანქანის აეროდინამიკის სრულყოფის სამუშაოები სხვას შეუკვეთონ. ამგვარად გამოთავისუფლებულ სახსრებს ისინი სხვა საქმისთვის მოიხმარენ.
სხვათა შორის, ”ტოიოტას” კიოლნური ბაზა სხვა სამუშაოებსაც ასრულებს. კერძოდ, მის მიერ 2009 წლის სეზონისთვის შემუშავებული ბოლიდი, რომელსაც რბოლებში მონაწილეობა არ მიუღია (არადა, ბევრი სპეციალისტი აღიარებს, რომ ის ძალიან პერსპექტიული იყო და შეიძლებოდა ისეთივე წარმატებული ყოფილიყო, როგორც ყოფილი ჰონდას ბოლიდი გამოდგა), საბურავების მწარმოებელ იტალიურ კომპანია ”პირელის” გადაეცა, რომელმაც თავის რეზინს სწორედ ამ ბოლიდზე სცდიდა, სანამ გუნდებს ტესტირება ეკრძალებოდათ.
დაკიდევ, ამ ბოლიდის (TF110, ფოტოზე) სპეციფიკაციების შეძენა ”ისპანია რეისინგს” სურდა, რომელიც ამის თაობაზე ”ტოიოტასთან” მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაგრამ იაპონურმა კომპანიამ ესპანური საჯინიბო არაგადახდისუნარიანად მიიჩნია და მოლაპარაკებაც აღარ გააგრძელა.
No comments:
Post a Comment