როსბერგს პირველი გამარჯვება სჭირდება
Rosberg Wants to Become Grand Prix Winner in 2011
6 იანვარი
ნიკო როსბერგი აცხადებს, რომ ახალ სეზონს ერთი მიზნით დაიწყებს - მოიპოვოს თავის კარიერაში პირველი გამარჯვება. როსბერგისთვის კვარცხლბეკი უცხო ხილი არაა - იქ რამდენჯერმე იდგა. გასულ სეზონში ეს სამჯერ შესძლო, მაგრამ უმაღლეს საფეხურზე ჯერ ერთხელაც არ ასულა. ამიტომ, ამჟამად მისი უპირველესი ამოცანა ამ ფსიქოლოგიური ბარიერის დაძლევაა, რის შემდეგაც, ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე ფიქრიც შეიძლება.
ამჯერად, მას გამარჯვებისთვის ბრძოლის კარგი შესაძლებლობაც ექნება - გასული სეზონისგან განსხვავებით, ”მერსედესს” კარგი მანქანა უნდა ჰქონდეს, რომელიც მასაც და მის ლეგენდარულ თანაგუნდელ მიხაელ შუმახერსაც, ლიდერებთან თანასწორად ბრძოლის საშუალებას მისცემს.
რა იძლევა იმის თქმის საბაბს, რომ სამქიმიანები წელს ლიდერთა შორის იქნებიან? ამას ორი მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, გერმანულმა გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება მის კონკურენტებზე ადრე დაიწყო. ამ გარემოებას კი, როგორც წესი, როს ბრაუნი კარგად იყენებს ხოლმე. მეორეც, რაც ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, ”მერსედესის” გუნდი უფრო ორგანიზებულია, ვიდრე თუნდაც შარშან. ეს კი მას სტრატეგიულ მიზნებზე უკეთ მობილიზების საშუალებას მისცემს.
”ჩვენთვის ახალ სეზონში ადვილი არაფერი იქნება. ნახტომისებრი წინსვლა ძალიან ძნელია და ეს რომც შევძლოთ, საკმარისი მაინც არ იქნება, რადგან სხვებს ჩვენზე უკეთესი სასტარტო პოზიცია აქვთ. რა თქმა უნდა, მოწინავეთა რიგებში დაბრუნება ძალიან ძნელია, თუმცა შეუძლებელიც არაფერია. ვნახოთ, სეზონის დასაწყისი ბევრ კითხვაზე გაგვცემს პასუხს”, - ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას ამბობს როსბერგი.
სხვათა შორის, როს ბრაუნი ამბობს, რომ როსბერგისთვის პირველი გამარჯვების მოპოვება ერთგვარ ფსიქოლოგიურ ბარიერად იქცა, რომლის გადალახვის შემდეგაც, მისი კარიერა მკვეთრ აღმავლობას დაიწყებს (ასე იყო მიკა ჰაკინენის შემთხვევაშიც). სხვათა შორის, ნიკოს გასულ სეზონში ერთი სერიოზული მიღწევა ჰქონდა - ის მიხაელ შუმახერის ერთადერთი თანაგუნდელია, რომელსაც სეზონის განმავლობაში, უკეთესი შედეგები ჰქონდა, ვიდრე მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს. რა ტქმა უნდა, ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა, თუმცა ისტორიაში ის მიზეზები კი არა, ფაქტები რჩება.
No comments:
Post a Comment