”რედ ბული” პირველი ტესტებისთვის მზად იქნება
New Red Bull on target for first test
9 იანვარი
”რედ ბულ რეისინგის” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სეზონისწინა პირველივე ტესტებზე, რომლებსაც ვალენსია უმასპინძლებს, ახალი ბოლიდის გამოყვასნას შეძლებს. წინა ორი სეზონისგან განსხვავებით, ავსტრიული გუნდი ამჯერად დროულად ასწრებს მანქანის მომზადებას, რასავ ვერ ვიტყვით მის კონკურენტ ”მაკლარენზე”, რომელმაც ახლახანს გამოაცხადა, რომ პირველ ტესტებზე შუალედური მანქანით გამოვა.
”ჩვენ გრაფიკს მივყვებით და პირველი ეტსტებისთვის მანქანა მზად უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იქნება დროში ჩატევა, მაგრამ ჩვენი მიზანი სწორედ ესაა. ჩვენი გეგმების შესახებ ოფიციალურ განცხადებას მალე გამოვაქვეყნებთ”, - ამბობს გუნდის შეფი ქრისტიან ჰორნერი.
წინა წლებში, ”რედ ბული” ახალი მანქანის ტესტებისთვის მომზადებას იმის გამო აგვიანებდა, რომ საჭირო იყო მანქანის აეროდინამიკის დახვეწა, რასაც აეროდინამიკურ მილში დამატებითი ტესტები სჭირდებოდა. შარშანაც გუნდმა პირველი ტესტები იმის გამო გააცდინა, რომ მისმა ტექნიკურმა ინჟინერმა ედრიან ნიუიმ მანქანის სრულყოფისთვის დამატებითი დრო მოითხოვა.
მაგრამ ახალი სეზონის წინ, იმავე ნიუიმ უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა, რომ გუნდმა ”პირელის” საბურავებით რაც შეიძლება მეტი წრის გავლა შეძლოს. ამ სეზონის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა სწორედ ესაა - ”პირელიმ” გასული სეზონის დასრულების შემდეგ ”ბრიჯსტოუნი” შეცვალა და როგორ მიიღებს მანქანების საკიდარი იტალიურ საბურავებს, ამას სეზონის განმავლობაში დიდი მნიშვნელობა ექნება.
”რედ ბულ რეისინგის” მრჩეველი, წარსულში თავადაც ფორმულა 1-ის პილოტი, ავსტრიელი ჰელმუტ მარკო ამბობს, რომ ახალი მანქანის ოფიციალური პრეზენტაცია არ იგეგმება და რომ ის პირველად სწორედ ვალენსიური ტესტების დროს გამოჩნდება.
”ტესტებს ყოველგვარი ფორმალური პრეზენტაციის გარეშე დავიწყებთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ RB7 პირველივე ტესტებიდან ტრასაზე გვყავდეს. რა თქმა უნდა, მოსწრება ძალიან ძნელი იქნება, თუმცა აქამდე გრაფიკს მივყვებით და ვიმედოვნებ, რომ მას არც ჩამოვრჩებით”, - ამბობს მარკო.
No comments:
Post a Comment