ტოდტი ”რედ ბულის” შეფს აქებს
Jean Todt Admires Red Bull Owner for Being Sports Fanatic
31 იანვარი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტი ჟან ტოდტი აღტაცებას არ მალავს ”რედ ბულ რეისინგის” მფლობელ დიტრიხ მატეშიცის მიმართ და მას ავტოსპორტის ფანატიკოსად მოიხსენიებს. ტოდტი დიდ მიღწევად აფასებს იმ ფაქტს, რომ ”რედ ბულ რეისნიგმა”, ფორმულა 1-ში დებიუტიდან 7 წელიწადში მოახერხა ორივე ტიტულის მოპოვება.
ახლახანს ტოდტი ვენაში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც გაზეთ ”ზალცბურგერ ნახრიხტენს” ინტევიუ მისცა. საუბრისას მან განაცხადა, რომ ავტოსპორტში ბევრი არაა ისეთი ენთუზიასტი, როგორიც მატეშიცია. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ენერგეტიკული სასმელების კომპანია ”რედ ბული” ავტოსპორტის ორგანულ ნაწილად იქცა - მოტორსპორტის თითქმის ყველა დიდ სერიაში მონაწილეობს.
”მე მას დიდ პატივს ვცემ. ის სპორტის და განსაკუთრებით, მოტორ სპორტის ფანატიკოსია. როცა ის ფ1-ში გამოჩნდა, ბევრი ვერც წარმოიდგენდა, თუ ამდენს მიაღწევდა. მაგრამ მან ყველას დაუმტკიცა, რომ როცა საქმეს ენთუზიაზმით აკეთებ, ყველაფერს მიაღწევ. მას არც ენთუზიაზმი აკლია, არც მონდომება და ენერგია”, - ამბობს ტოდტი.
მატეშიცი თავად არაა ჩართული ”რედ ბულ რეისინგის” მართვის საქმეში. ეს მისია მან იმ დროისთვის ფ1-ის ყველაზე ახალგაზრდა მენეჯერ ქრისტიან ჰორნერს ჩააბარა, მრჩევლად კი გვერდში ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლი, ავსტრიელი ჰელმუტ მარკო დაიყენა. სწორედ მათი დამსახურებაა ის ფაქტი, რომ გუნდი ჩემპიონად ჩამოყალიბდა. რა თქმა უნდა, მატეშიცის დამსახურებაა, რომ ის პროფესიონალებს ბოლომდე ენდობოდა, მაშინაც კი, როდესაც ისინი შეცდომებს უშვებდნენ (რისგანაც არავინაა დაზღვეული).
საბოლოოდ, გუნდმა თითქმის შეუძლებელი შეძლო - საუკეთესოთა შორის საუკეთესოები, ”ფერარი” და ”მაკლარენი” დაამარცხა, ეს კი ჩემპიონობაზე არანაკლებ საპატიო მიღწევაა.
რა ტქმა უნდა, კორესპონდენტმა ტოდტს ახალი ჩემპიონატის პროგნოზირება სთხოვა, მაგრამ FIA-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით, ეს შეუძლებელია. ეს გასაგებიცაა - ჩემპიონატში 5 ჩემპიონი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც კონკურენტუნარიანი მანქანებით იასპარეზებენ. ესეც რომ არა, სეზონი 20 რბოლას მოიცავს.
No comments:
Post a Comment