”ტიმ ლოტუსს” ამბიციური გეგმები აქვს
Team Lotus Unveils New T128 Car
31 იანვარი
”ტიმ ლოტუსი” მეორე გუნდია, რომელმაც საზოგადოებას თავისი ახალი სარბოლი მანქანა - T128 გააცნო, ოღონდ ეს ვალენსიაში კი არ გააკეთა, როგორც მისმა ბევრმა მეტოქემ მოგვიანებით, არამედ ინტერნეტით. მალაიზიურ-ინგლისურმა გუნდმა თავისი ახალი მანქანის ფოტოები გამოაქვეყნა და ინტერნეტით პრესკონფერენციაც გამართა.
ისევე როგორც ახალ ”ფერარის”, T128-საც მკვეთრად ზევით აწეული ცხვირი აქვს, რაც აეროდინამიკური მოთხოვნებითაა განპირობებული. ავტომობილი ”რენოს” V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ”რედ ბულ რეისინგის” წარმოების გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდა.
”ვფიქრობ, გარეგნობით, ეს მანქანა მოწინავეებს მოგაგონებთ. ჩვენი მიზანიც შესაბამისია - ამ სეზონში, ძველ გუნდებთან თანაბარ პაექრობას ვგეგმავთ და ვფიქრობ, ეს შეუძლებელი სულაც არაა. ეს უფრო თანამედროვე მანქანაა და მისი მეშვეობით, პელოტონის შუაგულში უნდა გადავინაცვლოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ჩვენი მომავალი ბოლიდების ბაზისი იქნება”, - პრეზენტაციაზე განაცხადა ”ტიმ ლოტუსის” ტექნიკურმა დირექტორმა მაიკ გასკოინმა.
სხვათა შორის, ადრე ინტერნეტით გამოითქვა ვარაუდი, რომ ახალ მანქანას ”ტიმ ლოტუსი” თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე აბრევიატურას შეურჩევდა და სახელად TL11-ს დაარქმევდა. მაგრამ ეს ინფორმაცია პრეზენტაციაზე გუნდის პატრონმა და შეფმა ტონი ფერნანდესმა უარყო.
”რატომ შევცვალოთ სახელი? ჩვენ ხომ ძველ ისტორიას ვაგრძელებთ, ჩვენ ძველი დიდების მატარებელი გუნდის ახალი დინასტია ვართ. T128-ის დებიუტი, ჩვენი გუნდის მიერ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ამასთან, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ”რენოს” და ”რედ ბულ ტექნოლოჯის” იმ დახმარებისთვის, რაც მათ ამ მანქანის შეუშავებისას გაგვიწიეს. მათი სახით, მართლა ფასდაუდებელი პარტნიორები შევიძინეთ”, - განაცხადა ფერნანდესმა.
პრეზენტაციაზევე დადასტურდა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდი ახალ სეზონს კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემის (კერს-ი) გარეშე დაიწყებს. გუნდის მთავარი აეროდინამისტის, მერიენ ჰინსონის თქმით, გუნდმა კერს-ზე შეგნებულად თქვა უარი, რადგან პრიორიტეტულად მანქანის აეროდინამიკის დახვეწა ჩაითვალა.
სხვათა შორის, კერს-ის გარეშე სეზონს ”ვირჯინი” და ”ისპანია რეისინგიც” დაიწყებენ, თუმცა ”ტიმ ლოტუსისგან” განსხვავებით, ისინი ამ სისტემის გამოყენებას არც აპირებენ, მალაიზიურ-ინგლისურმა გუნდმა კი შესაძლოა, კერს-ის გამოყენება მოგვიანებით გადაწყვიტოს.
No comments:
Post a Comment