ალ-ატიამ პირველად მოიგო დაკარი
Al-Attiyah claims first Dakar win
16 იანვარი
ყატარელი ნასერ ალ-ატიას ტრიუმფით დასრულდა ლეგენდარულ რალი მარათონ დაკარის წლევანდელი რბოლა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო, მე-13 ეტაპი ესპანელი კარლოს საინსის გამარჯვებით დასრულდა, ალ-ატიას მაინც არ გასჭირვებია წინა ეტაპებზე მოპოვებული სოლიდური უპირატესობის შენარჩუნება და კარიერაში პირველად გახდა დაკარის გამარჯვებული.
ალ-ატიამ ლიდერობა ხელთ რბოლის მერვე ეტაპზე იგდო, როცა დაკარის შარშანდელ ჩემპიონ საინსს ტექნიკური პრობლემები შეექმნა - ჩილეს უდაბნოს ქვიშის დიუნებმა მისი მანქანის საკიდარი დააზიანა. ესპანელმა ჩამორჩენის აღმოფხვრა სცადა, მაგრამ ჯერ მე-10, შემდეგ კი მე-11 ეტაპზე, ისევ საკიდარმა და მანქანის სხვა კომპონენტებმაც უმტყუნა, რამაც მესამე ადგილამდე ჩამოაქვეითა.
ბოლო ეტაპი, რომლის ფინიშიც ბუენოს აირესში იყო განლაგებული, საინსმა მოიგო, თუმცა საბოლოო პოზიციის გასაუმჯობესებლად, ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. 13 ეტაპის ჯამში, ალ-ატიამ თითქმის 50 წუთით აჯობა მეორე ადგილზე გასულ სამხრეთ აფრიკელ ჯინიელ დე ვილიერსს, ვისაც დაკარის რბოლა ორი წლის წინ აქვს მოგებული. სხვათა შორის, სამივე მრბოლი სამხრეთ ამერიკის გზებზე სარბოლად მოდიფიცირებული ”ფოლკსვაგენ ტუარეგით” ასპარეზობდა.
”ჩვენ ეს შევძელით, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. ჩემთვის, ჩემი ხალხისთვის და ქვეყნისთვის, ამ მიღწევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიერიდან, ყატარის შესახებ, მეტი ადამიანი შეიტყობს მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ჩემს გუნდს ზედიზედ მესამე გამარჯვება მე მოვაპოვებინე. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტია”, - განაცხადა 40 წლის ალ-ატიამ, ვინც შარშანდელ დაკარზე მეორე ადგილი დაიკავა და დაძაბულ პაექრობაში, სწორედ საინსტან დამარცხდა.
”ფოლკსვაგენის” შემდეგ, მეორე ყველაზე წარმატებული გუნდი ”ბეემვეს” ჰყავდა, რომლის ფრანგმა სტეფან პეტერანსელმაც მეოთხე ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა თავისი პოლონელი თანაგუნდელი კრჟიშტოფ ჰოლოვჩიკი.
მოტოციკლების კლასში საუკეთესო ესპანელი მარკ კომა გახდა, რომელმაც 15 წუთით აჯობა ფრანგ სირილ დეპრეს. ორივენი ავსტრიული KTM-ით ასპარეზობდნენ. სატვირთო ავტომობილებს შორის, კვლავ არ ჰყავდა ბადალი კამაზ-ის რუს ვლადიმირ ჩაგინს, კვადროციკლებში კი გამარჯვება ”იამაჰათი” მოასპარეზე არგენტინელმა ალეხანდრო პატრონელიმ მოიპოვა.
დაკარი 2011-ის საბოლოო კლასიფიკაცია (ავტომობილები)
1. ნასერ ალ-ატია (ყატარი, ფოლკსვაგენი) 21 სთ 16 წთ 16 წმ
2. ჯინიელ დე ვილიერსი (სამხ. აფრიკა, ფოლკსვაგენი) +49 წთ 41 წმ
3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფოლკსვაგენი) +1 სთ 20 წთ 38 წმ
4. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, ბეემვე) +1:43:48
5. კრჟიშტოფ ჰოლოვჩიკი (პოლონეთი, ბეემვე) +4:11:21
6. მარკ მილერი (აშშ, ფოლკსვაგენი) +4:54:42
7. რიკარდუ ლეალ დუს სანტუში (პორტუგალია, ბეემვე) +6:50:07
8. კრისტიან ლავიეილი (საფრანგეთი, ნისანი) +7:57:18
9. გილერმე სპინელი (ბრაზილია, მიცუბიში) +8:23:37
No comments:
Post a Comment