ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, June 14, 2011

„რედ ბული“ რეგლამენტის განმარტებას ითხოვს

RBR seeks clarification on diffusers
14 ივნისი
„რედ ბულ რეისინგი“ ტექნიკური რეგლამენტის იმ ცვლილების განმარტებას მოითხოვს, რომელიც ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორის გამოყენებას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ბრიტანული დიდი პრიზიდან, ასეთი დიფუზორი, რომელშიც ძირითადი მუშა ტანი, ძრავიდან მაღალი წნევით გამოტყორცნილი ნამწვი აირია, ნაწილობრივ აიკრძალება.

Sunday, June 12, 2011

ჯენსონ ბრწყინვალე

Button steals rain-hit Canadian Grand Prix win
12 ივნისი

ძლიერი წვიმა, ავარიები, გასწრებები და ბოლო წრეზე გარკვეული გამარჯვებული - მოკლედ ასე შეიძლება კანადური დიდი პრიზის დახასიათება, რომელიც ჯენსონ ბატონის ტრიუმფით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ფინიშის შემდეგაც, მისი გამარჯვება ოფიციალურად დადასტურებული არ იყო (მისი მონაწილეობით მომხდარი ინციდენტების გამო), რბოლის მთავარი გმირი სწორედ ის გახდა.აბა რა უნდა ვთქვათ - სტარტიდან ფინიშამდე, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რბოლა ორ საათზე მეტხანს გაჩერებული იყო, ბრიტანელი პილოტი ბოქსში ექვსჯერ შევიდა. მაგრამ ესეც არ გამოდგა საკმარისი იმისათვის, რომ ყურები ჩამოეყარა. მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა, რბოლის ბოლო წრეებზე, ჯერ მარკ უებერს გაუარა, შემდეგ მიხაელ შუმახერს, ბოლომდე სდია სებასტიან ფეტელს და მას შემდეგ, რაც გერმანელმა შეცდომა დაუშვა, პელოტონს სათავეში მოექცა.

Saturday, June 11, 2011

„რედ ბულმა“ ფორმულა ერთში 690 მილიონი დოლარი დახარჯა

Red Bull's investment in F1 tops $690 million
11 ივნისი
ფორმულა ერთში რომ დიდი ფული ტრიალებს, ყველამ იცის, მაგრამ ვინ რამდენს ხარჯავს, ვის რამდენი შემოსავალი აქვს, ამის ზუსტად თქმა შეუძლებელია, რადგან ამ ინფორმაციას ყველა მკაცრად მალავს. თუმცა, ამის მიუხედავად, ინტერნეტ საიტმა „პიტპასმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2005-2009 წლებში, „რედ ბულმა“ ფ1-ში თავის ორ გუნდს 420 მილიონი გირვანქა სტერლინგი (ახლანდელი კურსით, 690 მილიონი დოლარი) მოახმარა.

ალონსოს პოულამდე ცოტა დააკლდა

Vettel grabs pole at Canadian Grand Prix
11 ივნისი
ფეტელი მეექვსე პოულს ზეიმობს

სათაურში სებასტიან ფეტელის ხსენება აღარც ღირს - თუ არა ის, აბა, სხვა ვინ მოიგებს კვალიფიკაციას. კანადა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპს მასპინძლობს და გერმანელმა მსოფლიო ჩემპიონმა, უკვე მეექვსე პოულ პოზიცია მოიპოვა. თუმცა, ამჯერად ამის გაკეთება საკმაოდ გაუჭირდა. უფრო სწორედ, კი არ გაუჭირდა, მეტოქეები ძალიან მიუახლოვდნენ. ოღონდ, ეს მიახლოება გამარჯვებისთვის საკმარისი არაა. ჯერჯერობით მაინც...

Friday, June 10, 2011

სტირლინგ მოსმა კარიერა დაასრულა

Stirling Moss announces retirement at age of 81
10 ივნისი

რაღა დროს მისი სპორტიაო, იტყვიან ისინი, ვინც იცის, რომ ეს ლეგენდარული მრბოლი, ჯერ კიდევ არგენტინელ გრანდს, ხუან მანუელ ფანხიოს უწევდა სერიოზულ კონკურენციას. ახლა ის 81 წლისაა, თუმცა ამის მიუხედავად, რეგულარულად ასპარეზობდა ვეტერანთა რბოლებში.


ბრიტანელმა სერ სტირლინგ მოსმა, ვინც ფ1-ის უტიტულო მრბოლებს შორის, ყველა დროის საუკეთესოდაა მიჩნეული, თავისი გადაწყვეტილება სარტეს ავტოდრომზე, გამოაცხადა, სადაც ლე მანის 24-საათიანი რბოლის დაწყებამდე, ლეგენდების რბოლაში, მის მიერვე აღდგენილი, 1961 წელს დამზადებული „პორშე RS61-ით“ უნდა ეასპარეზა.

ფეტელი ჩემპიონთა კედელს ჩაეხუტა

Vettel hits Montreal's 'Wall of Champions'
10 ივნისი
ფერნანდო ალონსო
კანადური ეტაპის ჯერიც დადგა, ეტაპისა, რომლის შემდეგაც, თუ კიდევ რამე არ შეიცვალა, ჩასაბერი დიფუზორების გამოყენება აიკრძალება. და მერე რა იქნება, არავინ იცის. ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ამ ელემენტის გაუქმებით, „რედ ბულ რეისინგის“ მანქანები წრეზე 0.8 წამს დაკარგავენ. ამით კონკურენცია გამძაფრდება და იქნებ, ჩემპიონატიც უფრო საინტერესო გახდეს.


მოკლედ, სებასტიან ფეტელის ლიდერის პოზიცია საკმაოდ მყარად მოსჩანს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონმა თადარიგი ახლავე უნდა დაიჭიროს იმისათვის, რომ სეზონის დარჩენილ რბოლებში, ეს ლიდერობა შეინარჩუნოს. მეორე მხრივ, მის მთაცარ მეტოქეს - ლუსი ჰამილტონს მონრეალის რბოლა ორჯერ (2007 და 2010 წლებში) აქვს მოგებული...
ბაჰრეინი კალენდრიდან მაინც ამოვარდა
Bahrain gives up on 2011 race
10 ივნისი


ბაჰრეინის დიდი პრიზის ორგანიზატორებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ თავი შეიკავონ ამ სეზონში რბოლის ჩატარებისგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კალენდარში ტავის ძველ ადგილს (30 ოქტომბერს) დაუბრუნდება ინდოეთის დიდი პრიზი, რომელიც წელს პირველად ჩატარდება.
არადა, ბაჰრეინული რბოლის ორგანიზატორების ამ გადაწყვეტილებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ეს რბოლა კალენდარში დააბრუნა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ინდურმა ეტაპმა დეკემბერში გადაინაცვლა. მაგრამ პილოტების და გუნდბის უმეტესობა ამით უკმაყოფილო დარჩა. მათი მთავარი არგუმენტი კი ის იყო, რომ ბაჰრეინში უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველყოფილი ვერ იქნებოდა - ქვეყანაში მიმდინარე არეულობათა აქტივისტები დაიმუქრნენ, რომ რბოლის დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდებოდნენ.
მართალია, FIA-მ ბაჰრეინული ეტაპი აღადგინა, თუმცა მისმა პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა ბოლო სიტყვა მაინც ფორმულა 1-ის პრომოუტერ ბერნი ეკლსტოუნს მიანდო, ამან კი პირდაპირ განაცხადა, რომ ამ სეზონში, რბოლის ჩატარების შანსი არ არსებობს.
ამასთან, ბაჰრეინის საერთაშორისო ავტოდრომის შეფმა ზაიედ ერ ალზაიანიმ განაცხადა, რომ რამდენადაც, კალენდარში ბაჰრეინული ეტაპის დამატებამ გუნდების უკმაყოფილება გამოიწვია, თავის გამოდებას აზრი არ აქვს და უმჯობესი იქნება, თუ რბოლა ამ სეზონში აღარ გაიმართება.
„ჩვენ არ გვინდა, რომ კალენდარში ჩვენი რბოლის დაბრუნებით, პილოტები, გუნდები და მათი მხარდამჭერები გადავღალოთ. ჩვენ გვინდა, რომ ფორმულა 1-ში ჩვენი როლი, როგორც ყოველთვის, პოზიტიური, კონსტრუქციული იყოს. ამიტომ, სპორტის ინტერესების გათვალისწინებით, კალენდარში ჩვენი რბოლის დაბრუნებას არ მოვითხოვთ“, - ნათქვამია ერ ალზაიანის განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს ამ სეზონის შეცვლილი კალენდარი საბოლოო სახეს, თუმცა ადვილი სავარაუდოა, რომ ჩემპიონატს, ბრაზილიის დიდი პრიზი 27 ნოემბერს დაასრულებს.

Wednesday, June 8, 2011

ჩასაბერი დიფუზორების აკრძალვა „რედ ბულს“ ძვირად დაუჯდება
Exhaust Blow Ban To Cost Red Bull Dearly
8 ივნისი



არაა გამორიცხული, რომ კანადის დიდი პრიზის შემდეგ, მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერმა „რედ ბულმა“ თავისი უპირატესობა დაკარგოს და მდევრის როლში თავად მოუწიოს ყოფნამ. საქმე ისაა, რომ კანადური რბოლის შემდეგ, ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორები აიკრძალება, ეს კი სწორედ ის კონსტრუქციული ელემენტია, რომელიც ავსტრიულ გუნდს და მის ლიდერ სებასტიან ფეტელს გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებს.
საერთაშორისო საავტომობილო ფედრაცია (FIA) ასეთი დიფუზორების აკრძალვას ესპანური დიდი პრიზის წინაც აპირებდა, მაგრამ ძრავების მწარმოებელთა და გუნდების თხოვნით, მათ გარკვეული ვადა მისცა. საქმე ისაა, რომ ახალი რეგლამენტის შესასრულებლად, ძრავების პროგრამული უზრუნველყოფა და კონსტრუქციაც კი, გადასაკეთებელია, ამას კი მცირე დროში ვერავინ ასწრებდა...
ფრანგულმა კომპანია „რენომ“ FIA-ს ტექნიკური კომისია დაარწმუნა იმაში, რომ ჩასაბერი დიფუზორი მისი ძრავის გამძლეობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კერძოდ, მონაკოში „რედ ბულის“ მთავარმა ტვინმა ედრიან ნიუიმ განმარტა, რომ იმ დროს, როდესაც პილოტს ფეხი გაზიდან აღებული აქვს, გამოსაბოლქვი სარქველები ღიად რჩება, რაც მათს ეფექტურ გაგრილებას უწყობს ხელს და ამით, ძრავის რესურსი იზრდება. ამგვარად, სარქველების გახსნით, „რენო“ ძრავის გამძლეობას აუმჯობესებს...
მაგრამ გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ და იტალიური „აუტოსპრინტი“ ჩასაბერი დიფუზორის აკრძალვა, „რენოს“ ძრავის პარამეტრებზეც უარყოფითად იმოქმედებს და რომ ეს აგრეგატი სწორედ აეროდინამიკური ეფექტის მისაღწევადაცაა შემუშავებული. ამ მოსაზრებას ამყარებს „მერსედესის“ სპორტული განყოფილების შეფი ნორბერტ ჰაუგი, ვინც აღნიშნულ გამოცემებთან საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი თვისებების მქონ ძრავის ტესტირებისას, მისმა კომპანიამ რამდენიმე აგრეგატი გააფუჭა.
„აუტო მოტორ უნდ შპორტი“ აზუსტებს, რომ ჩასაბერი დიფუზორის აკრძალვა, „რენოსა“ და „ფერარის“ ძრავებით მოასპარეზე გუნდებს ძლიერ დააზარალებს და რომ მათ წრის გავლის დრო, დაახლოებით 0.8 წამით გაუუარესდებათ. თუმცა, FIA-ს პრეზიდენტი ჟან ტოდტი თვლის, რომ ჩასაბერი დიფუზორის გამოყენებით, ზედმეტი საწვავიც იხარჯება.
აქსელერატორის გარეშე, გამოსაბოლქვი სარქველების გახსნის საჭიროებას „ფერარი“ იმით ხსნის, რომ ასე კარტერში წნევის რეგულირებას ახერხებს, რის გარეშეც ძრავი დიდ დატვირთვებს ვერ გაუძლებს. „მერსედესს“ და „კოსვორტს“ კი ამავე საკითხზე სხვა განმარტებები აქვთ.

Tuesday, June 7, 2011

ტოდტი მერმისს მხოლოდ 20 რბოლას გვპირდება
Todt says 2012 will have 20 races
7 ივნისი



საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტი ჟან ტოდტი აცხადებს, რომ მომავალ სეზონში, ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში მხოლოდ 20 რბოლა იქნება. ეს განცხადება მან იმასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, რომ ახლახანს გამოქვეყნებულ კალენდარში, 21 ეტაპია შეტანილი.
„არავითარ შემთხვევაში. კალენდრის წინასწარ ვერსიაში, ჩვენ 21 ეტაპი გვაქვს შეტანილი, თუმცა საბოლოო ვარიანტში მხოლოდ 20 დარჩება. ამაზე მეტი ფიზიკურად შეუძლებელია“, - გამოცემა „დიარიო სპორტთან“ საუბრისას, განაცხადა ტოდტმა.
FIA-ს მოტორსპორტის საბჭოს მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ კალენდარში, თურქული ეტაპის გასწვრივ ვარსკვლავია აღნიშნული. ამაზე განმარტებულია, რომ ეს ეტაპი საბოლოო დასტურს ელოდება. თუმცა, ამის მიუხედავად, ტოდტი ამბობს, რომ ჯერ გარკვეული არაა, გამოქვეყნებული კალენდრიდან რომელი ეტაპი ამოვარდება.
„ჩვენ ჯერ არ ვიცით, ამ ვარიანტიდან რომელ ეტაპს ამოვიღებთ, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ კალენდრის საბოლოო ვარიანტში მხოლოდ 20 ეტაპი შევა“, - დასძენს ტოდტი.

Friday, June 3, 2011

FIA-მ ფორმულა 1-ის ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა
FIA open to delaying new F1 engines
3 ივნისი



საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მსოფლიო მოტორსპორტის საბჭომ, ბარსელონაში გამართულ სხდომაზე, ფორმულა 1-ის ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, თუმცა ისიც აღინიშნა, რომ ამ რეგლამენტის ზოგიერთი პუნქტის ამოქმედება შეიძლება გადაიდოს. ლაპარაკია ძრავებზე.
კერძოდ, ახალი რეგლამენტით, რომელიც ძალაში 2013 წელს შევა, გუნდები იძულებულები იქნებიან, 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავები გამოიყენონ, რომელთა უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემაშიც, მაქსიმალური წნევა 500 ბარამდე იქნება, ბრუნთა რიცხვების მაქსიმუმი კი 12 000-ით შეიზღუდება. გარდა ამისა, ავტომობილები ენერგიის (საწვავის) ხარჯის მაკონტროლებელი სისტემებით და ენერგიის რეკუპერაციის სისტემებით (ერს) აღიჭურვება.
აეროდინამიკაში საფუძვლად, ამ სეზონის რეგლამენტი დარჩა, თუმცა მასში რამდენიმე ცვლილება შევა, რომელთა დანიშნულებაც აეროდინამიკური ელემენტების ეფექტურობის გაუმჯობესება იქნება. ძრავების ახალ რეგლამენტთან ერთად, ამ ცვლილებათა წყალობით, საწვავის მოხმარება დაახლოებით 35 პროცენტით შემცირდება.
შემცირდება ავტომობილის ცხვირის სიმაღლე, რაც უსაფრთხოების გასაუმჯიობესებლად კეთდება - მკვეთრად აწეული ცხვირით, ფრონტალური შეჯახებისას, მინიმუმამდე შემცირდება მანქანის ჰაერში ატყორცნის საშიშროება. ასეთი ცხვირი განსაკუთრებით საშიში მაშინაა, როცა ის წინ მიმავალი მანქანის უკანა საბურავს ეჯახება. ამ დროს, ჰაერში აჭრის ეფექტი გაცილებით ძლიერია.
იცვლება ტრანსმისიებტან დაკავშირებული მუხლიც, რისი მიზანიც, ხარჯების შემცირებაა. განისაზღვრება გადაცემათა კოლოფების რაოდენობა, რომელთა გამოყენების უფლებაც გუნდებს სეზონის განმავლობაში ექნებათ. გარდა ამისა, შეზღუდვა დაწესდება კოლოფსა და დიფერენციალში, კბილანებს შორის გადაცემათა რიცხვების შეზხღუდვა. დაბოლოს, სარბოლი ავტომობილის მინიმალური წონა 660 კილოგრამი იქნება.
ბარსელონაში ჩატარებულ სხდომაზე, FIA-მ გამოაცხადა, რომ ამ რეგლამენტში, ჯერ კიდევ შეაძლებელია ცვლილებათა შეტანა. ივნისის ბოლოს გადაწყდება, კონკრეტულად როდის შევა ახალი რეგლამენტი და მისი ცალკეული პუნქტები ძალაში. არაა გამორიცხული, რომ გუნდების ინიციატივით, ზოგიერთი პუნქტი, კერძოდ კი ის, რომელიც ძრავების ლიტრაჟს ეხება, შესაძლოა ცოტა გვიან ამოქმედდეს.
რალის მსოფლიო ჩემპიონატს მონტე კარლო დაუბრუნეს
Monte Carlo rejoins WRC schedule
3 ივნისი



ოთხი წლის შემდეგ, მონტე კარლოს რალი მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარს დაუბრუნდება - საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამოქვეყნებულ კალენდარში, ქალაქ-სახელმწიფოს, სეზონის გამხსნელის ადგილი დაუბრუნდა. ამასთან, კალენდარი ისევ 13 ეტაპისგან შედგება.
სამაგიეროდ, კალენდრიდან ამოვარდა აბუ დაბი, სადაც რალის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპი პირველად უნდა ჩატარებულიყო. კალენდრის წინასწარ ვერსიაში ის შეტანილი იყო, თუმცა რბოლის ორგანიზატორებმა, მათი ეტაპის დებიუტის, მინიმუმ ერთი წლით გადატანა ითხოვეს და ფედერაციამაც ეს თხოვნა შეუსრულა.
სხვათა შორის, მონტე კარლოს რალი ყველაზე ძველია იმ რბოლებს შორის, რომლებიც კალენდარში ფიგურირებს. რა თქმა უნდა, პრესტიჟულობით, საბერძნეთის აკროპოლისის, საფრანგეთის კორსიკისა და ფინეთის ატასი ტბილს რალიც გამოირჩევა, თუმცა მონტე კარლოს მათ შორის უძველესი და შესაბამისად, ყველაზე პრესტიჟულიცაა. თუმცა, ამის მიუხედავად, ის ბოლო წლებში, მხოლოდ რალის საერთაშორისო გამოწვევის (ინტერნეიშნლ რალი ჩელინჯ) კალენდარში შედიოდა.
კალენდარი წინასწარია და მასში ზოგიერთი დეტალი ჯერაც დასაზუსტებელია. კერძოდ, უჩვეულო დროსაა დანიშნული აკროპოლისის რალი, რომელიც როგორც წესი, ივნისში ტარდება ხოლმე. უფრო მეტიც, კალენდარში იტალიის რალის სავარაუდ თარიღიც არაა მითითებული. თუმცა ცნობილია, რომ ეს რბოლა კუნძულ სარდინიაზე აღარ ჩატარდება. სავარაუდოდ, იტალიელები ისეც სან რემოს რალის ჩაატარებენ.

რალის მსოფლიო ჩემპიონატის 2012 წლის კალენდარი
22 იანვარი - მონტე კარლო
12 თებერვალი - შვედეთი
11 მარტი - მექსიკა
1 აპრილი - პორტუგალია
29 აპრილი - არგენტინა
27 მაისი - საბერძნეთი*
24 ივნისი - ახალი ზელანდია
5 აგვისტო - ფინეთი
26 აგვისტო - გერმანია
16 სექტემბერი - ბრიტანეთი
7 ოქტომბერი - საფრანგეთი
ოქტომბერი - იტალია*
4 ნოემბერი - ესპანეთი
ფ1-ის 2012 წლის კალენდარში 21 ეტაპია
2012 F1 calendar unveiled with 21 GPs
3 ივნისი



საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ფორმულა 1-ის 2012 წლის კალენდარი გამოაქვეყნა, რომელშიც 21 ეტაპია შეტანილი. კალენდარი ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არაა, თუმცა სავარაუდოდ, მასში ბევრი აღარაფერი შეიცვლება.
თუ ახალ კალენდარს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მასში ყველა ის ეტაპია შენარჩუნებული, რომლებიც წელს ტარდება. სიახლე აშშ-ის დიდი პრიზია, რომელსაც ქალაქ ოსტინის (შტატი ტექსასი) უახლეს საავტომობილო ტრასაზე ჩატარდება. თუმცა, ეს ტრასა ჯერ არ არსებობს...
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კალენდარში შეტანილია თურქული ეტაპი. არადა, ახლახანს იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ისტანბულის რბოლს წელს უკანასკნელად ტარდებოდა და მომავალი სეზონიდან, ის კალენდრის მიღმა დარჩება. ამის მიზეზი ის გარემოება უნდა ყოფილიყო, რომ თურქებმა უარი თქვეს ბერნი ეკლსტოუნის მოთხოვნის შესრულებაზე, რაც რბოლის ჩატარების ლიცენზიის გაორმაგებას ითვალისწინებდა.
ახალ კალენდარში ბაჰრეინს ისევ სეზონის გამხსნელის ადგილი მისცეს, დამამთავრებელი კი ბრაზილია იქნება. ადგილი შეუცვალეს კორეულ ეტაპს, რომელმაც მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ამერიკულმა ეტაპმა, კანადის შემდგომ დაიკავა ადგილი. ისევ ოქტომბრის ბოლოს გადაინაცვლა ინდურმა ეტაპმა, რომელმაც ამ სეზონში, თავისი ადგილი, კალენდარში დაბრუნებულ ბაჰრეინს დაუთმო და თავად კი სეზონის დამამთავრებელი გახდა.
ჩემპიონატი ისევ მარტში იღებს სტარტს და ნოემბრის ბოლოს მთავრდება.

ფ1-ის 2012 წლის კალენდარი
11/03 ბაჰრეინი (სახირი)
18/03 ავსტრალია (მელბურნი)
01/04 მალაიზია (სეპანგი)
08/04 ჩინეთი, (შანჰაი)
22/04 კორეა (იონგამი)
06/05 თურქეთი (ისტანბული)*
20/05 ესპანეთი (ბარსელონა)
27/05 მონაკო (მონაკო)
10/06 კანადა (მონრეალი)
17/06 აშშ (ოსტინი, ტექსასი)
01/07 ევროპა (ვალენსია)
15/07 ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)
29/07 გერმანია (ჰოკენჰაიმი)
05/08 უნგრეთი (ბუდაპეშტი)
02/09 ბელგია (სპა-ფრანკორშანი)
09/09 იტალია (მონცა)
30/09 სინგაპური (სინგაპური)
14/10 იაპონია (სუძუკა)
28/10 ინდოეთი (ნიუ დელი)
11/11 აბუ დაბი (იას მარინა)
25/11 ბრაზილია (ინტერლაგოსი)

შენიშვნა: * - დასადასტურებელია
ბაჰრეინი კალენდარში დააბრუნეს
Bahrain GP Reinstated to 2011 F1 Calendar
3 ივნისი



საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) გადაწყვეტილებით, ფორმულა ერთის წლევანდელ კალენდარში დაბრუნდა ბაჰრეინის დიდი პრიზი, რბოლა რომელსაც სეზონი უნდა გაეხსნა, თუმცა ქვეყანაში გამეფებული არეულობის გამო, ის კალენდრიდან ამოიღეს. მაგრამ პოლიტიკური სიტუაციის დამშვიდების შემდეგ, ბაჰრეინული რბოლის კალენდარში დაბრუნების საკითხიც აქტუალური გახდა. და აი პარასკევს, FIA-ს მოტორსპორტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაჰრეინის დიდი პრიზი 30 ოქტომბერს დაინიშნა.
ეს ის თარიღია, რომელიც ფ1-ის დებიუტანტის, ინდოეთის დიდი პრიზისთვის იყო გამოყოფილი, მაგრამ ბაჰრეინის დაბრუნების შემდეგ, ინდური რბოლა სეზონის დამამთავრებელი გახდა და ის 4 ან 11 დეკემბერს ჩატარდება. ამგვარად, ამ სეზონის კალენდარი ისევ 20-ეტაპიანი გახდა, რაც რბოლების რეკორდული რაოდენობაა.
ცნობისათვის, ასე გვიან, ფ1-ის სეზონის ბოლოს 1963 წელს დასრულდა. მართალია, ინდური რბოლის თარიღი ჯერ დამტკიცებული არაა, თუმცა ის ნებისმიერ ვარიანტში დეკემბერში ჩატარდება. ყველაზე მეტად, ამ გადაწყვეტილებამ ინდური დიდი პრიზის ორგანიზატორები გაახარა, რომლებსაც ხელთ სეზონის დამამთავრებელი რბოლა ჩაუვარდათ.
მიმდინარე სეზონის კალენდარში ბაჰრეინის დიდი პრიზის დაბრუნებას ყველაზე მეტად, ფ1-ის კომერციულ უფლებათა პატრონი ბერნი ეკლსტოუნი პროტეჟირებდა. იმის გამო, რომ რბოლის გადადება ქვეყანაში არსებულმა ფორს მაჟორულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ გამოიწვია, მის ორგანიზატორებს ფულის გადახდის ველდებულება არ ჰქონდათ და ბუნებრივია, ბერნის რამდენიმე მილიონის დაკარგვის პერსპექტივა არ ხიბლავდა.
სამაგიეროდ, რამდენიმე გუნდმა აშკარა უკმაყოფილება გამოთქვა სეზონის დეკემბერში დასრულების პერსპექტივის გამო. მათი უკმაყოფილების საფუძველი ისაა, რომ მომავალი სეზონისთვის სრულფასოვნად მომზადებისთვის გაცილებით ცოტა დრო ექნებათ...

Wednesday, June 1, 2011

მსოფლიო რეკორდი ავტომობილით სიგრძეზე ხტომაში
Tanner Foust completes record-setting Team Hot Wheels jump at Indy 500
1 ივნისი



წელს ასი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად ჩატარდა ლეგენდარული რბოლა - ინდიანაპოლისის 500 მილი. ამასთან დაკავშირებით, რბოლის წინ, არაერთი საინტერესო სანახაობა გაიმართა, რომელთაგან ყველაზე შთამბეჭდავი, სათამაშო ავტომობილების მწარმოებელ კომპანია „ჰოტ უილზის“ მიერ ორგანიზებული შოუ გამოდგა, რომლის დროსაც, სატელევიზიო გადაცემა „ტოპ გიარ-ის“ ამერიკული ვერსიის ერთ-ერთმა წამყვანმა ტენერ ფაუსტმა, ავტომობილით სიგრძეზე სარეკორდო ნახტომი შეასრულა.



შოუსთვის, მისმა ორგანიზატორებმა სპეციალური, 27 მეტრი სიმაღლის ნაგებობა (რომელსაც კარის ფორმა აქვს) მოაწყვეს, რომლიდანაც ავტომობილმა სტარტი აიღო. დაშვების შემდეგ, ავტომობილს ჰორიზონტალურ მონაკვეთზე კიდევ რამდენიმე ათეული მეტრი უნდა გაევლო, რის შემდეგაც მცირე ტრამპლინზე აიჭრებოდა და ნახტომს შეასრულებდა. სპეციალური საავტომობილო ბილიკის მოწყობას, რომელიც ინდიანაპოლისის ოვალის შიგნით მოეწყო, ორგანიზატორებმა რამდენიმე კვირა მოანდომეს.
ნახტომისთვის სპეციალურად მომზადდა პიკაპის ტიპის ავტომობილი, რომელიც მძლავრი ძრავით და მსუბუქი ძარით აღჭურვეს. ნახტომი დიდი რბოლის დაწყებამდე რამდნიმე საათით ადრე შესრულდა. ფაუსტის მანქანამ 101.2 მეტრი იფრინა, რაც წინა რეკორდზე 9.45 მეტრით მეტია.
ცნობისათვის, ტენერ ფაუსტი ექსტრემალურ სპორტში „შინაური“ კაცია. ის ამერიკული X-თამაშების სამგზის ჩემპიონი და ფორმულა დრიფტის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია. გარდა ამისა, ის ტრიუკებს ასრულებდა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა „ბორნის ულტიმატუმი“, „სამმაგი ფორსაჟი: ტოკიოს დრიფტი“ და „ჰაზარდელი ჩლუნგები“.
მონაკოში გუნდი ჰამილტონს გაჩერებას სთხოვდა
Lewis Hamilton: 'all the tension just boiled up' at Monaco Grand Prix
1 ივნისი



მონაკოს დიდი პრიზი მდიდარი იყო ინციდნტებით, რომელთა უმეტესობაშიც მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი იყო გარეული. მისი მონაწილეობით, სამი ინციდენტი მოხდა, რომელთა შემდეგაც, სტიუარდებმა ბრიტანელი ორჯერ ორჯერ დასაჯეს.
მეორე ინციდენტის შედეგად, რომელშიც ერთმანეთს ხაიმე ალგერსუარი და ვიტალი პეტროვი შეეჯახნენ, ჰამილტონის „მაკლარენს“ უკანა ფრთა დაუზიანდა. იმდენად სერიოზულად დაუზიანდა, რომ გუნდმა მას გაჩერება შესთავაზა. ჰამილტონმა რბოლის გაგრძელება ამჯობინა და მალე ფორტუნასგან საჩუქარიც მიიღო - რბოლა შეჩერდა. პაუზის დროს კი „მაკლარენის“ პილოტს დაზიანებული ფრთა გაურემონტეს და მან რბოლის დასრულება შეძლო.
„უკნიდან დამეჯახნენ და ფრთა დამიზიანეს. გუნდმა მირჩია, ბოქსში შევსულიყავი და რბოლა შემეწყვიტა, მაგრამ მე უარი ვთქვი. მერე კი მსაჯებმა წითელი ალმები გამოფინეს და რბოლა შეჩერდა. ძალიან გამიმართლა, რომ არ გავჩერდი. ასე რამდენიმე ქულა მაინც ავიღე. ესეც რომ არა, ახლა ლიდერისგან უფრო შორს ვიქნებოდი“, - ამბობს ჰამილტონი, ვისი მანქანის ფრთის რემონტსაც მექანიკოსებმა თითქმის 40 წუთი მოანდმეს და ამით, მეექვსე ადგილის დაკავების საშუალება მისცეს.
„მონაკოში სრულ მზადყოფნაში ჩავედი. უსწრაფესი ვიყავი და ვგრძნობდი, რომ ამ რბოლის მოგება შემეძლო. ვიცი, მონაკოში ყველაზე სწრაფი შემიძლია ვიყო. მაშინაც კი, როდესაც ყველაზე სწრაფი მანქანა არ მყავს. ეგ არაფერი, კიდევ დაახლოებითათი ცდა მაინც მაქვს იმისთვის, რომ ამ ტრასაზე გამარჯვება შევძლო“, - დასძენს ჰამილტონი, ვისაც მონაკოში სამი წლის წინ აქვს გამარჯვება მოპოვებული, სწორედ იმ სეზონში, რომელიც ტიტულის მოგებით დააგვირგვინა.