ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, August 28, 2009

ბელგიის დიდი პრიზი

Belgian GP

28 აგვისტო

ბელგია. სპა ფრანკორშანი. წრის სიგრძე 7.004 კმ, 44 წრე. დისტანცია 308.052 კმ

ო რუჟს ჯენსონ ბატონი გადის
...............................................................

სპა ფრანკორშანი (Spa Francorchamps) მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი და საინტერესო, პილოტირებისადმი ძალიან მომთხოვნი, სწრაფი ტრასაა. განსაკუთრებით გამოირჩევა მოსახვევების კასკად ”ო რუჟით” (წითელი წყალი), რომელიც სტარტ/ფინიშის ძველი სწორის ბოლოდან იწყება, აღმართში გადადის და ძალიან გახსნილი, უსწრაფესი მოსახვევით მთავრდება.

ამ მოსახვევში, რომელსაც პილოტები 300 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადიან, ორი, ერთმანეთზე მეტად სისხლის გამყინავი ავარია მოუვიდა ჟაკ ვილნევს, რომელმაც მეორე ავარიის შემდეგ განაცხადა, ასეთი სიამოვნება იშვიათად განმიცდიაო.

სპა გამოირჩევა იმით, რომ მასზე ბევრი გასასწრები ადგილია. ის პილოტებისადმი ძალიან მომთხოვნია და ამიტომ, იქ შეცდომებსაც ხშირად უშვებენ, რაც გასწრებათა რაოდენობას ზრდის. ხშირად საქმეში ამინდიც ერთვება, რომელიც ხშირად თავდაყირა აყენებს ყოველგვარ პროგნოზს. ამ ტრასაზე მანქანის იდეალურად მომართვა-დარეგულირება ძალიან ძნელია. სამაგიეროდ, მასზე პილოტირება თითქმის ყველა პილოტს უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს.

ეს ის ტრასაა, სადაც ფ1-ში მიხაელ შუმახერის დებიუტი შედგა. იქვე მას კარიერაში პირველი გამარჯვება აქვს მოპოვებული. სამაგიეროდ, ამვავე ტრასაზე მას მიკა ჰაკინენმა წარმოუდგენელი მანევრით გაასწრო და ის მანევრი ფორმულა 1-ის ისტორიის გამორჩეულ მოვლენად დარჩა.

ეს 2000 წელს მოხდა. შუა რბოლაში, ლიდერი შუმი იყო, ჰაკენენს კი მეორე ადგილი ეკავა, თუმცა პიტ სტოპის შემდეგ, წინ მიმავალ გერმანელს სწრაფად ეწეოდა. ფინელმა პილოტმა შეტევისთვის საუკეთესო ადგილად მოსახვევი ლეს კომბსი შეარჩია, რომლის წინაც შუმახერმა მისი რამდენიმე გააფთრებული შეტევა მოიგერია. მიკა დაწინაურებას ვერ ახერხებდა.

თუმცა, მალე მას დამხმარე გამოუჩნდა ბრაზილიელი რიკარდო ძონტას სახით. მორიგ წრეზე, ო რუჟი ჯერ ძონტამ გაიარა, შემდეგ შუმახერმა და შემდეგ მიკამ. ამავე თანმიმდევრობით ისინი მოსახვევ კემელსაც გასცდნენ, ლეს კომბსის წინ კი ბრაზილიელმა ჩათვალა, რომ შუმი გასწრებას ისედაც შეძლებდა და შუა გზიდან არ გადაუხვევია. შუმახერმა თავისი ”ფერარი” მარცხნივ მიმართა და თითქმის გაასწრო კიდეც ძონტას, რომ ამ დროს, ბრაზილიელს მარჯვნიდან გვერდში ჰაკინენი ამოუდგა. ლეს კომბსში გზა ოდნავ მარცხნივ უხვევს და უცებ სწორდება. ამიტომ მოსახვევის წინ, ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაში ფინელი პილოტი აღმოჩნდა, რომელმაც სასწაულებრივად დაიმორჩილა თავისი ”მაკლარენი” და კაცი იფიქრებდა, სიჩქარე არც დაუგდიაო, ისე გაიარა მოსახვევი, სადაც სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აღწევს.

ასეთი სამმაგი გასწრებით ლიდერის შეცვლას ძალიან იშვიათად ნახავთ...

სპა ფრანკორშანი სარბოლო ტრასად პირველად 1921 წელს გამოიყენეს, ოღონდ სამი წელი მასზე მხოლოდ მოტორბოლები ტარდებოდა. 1924 წელს კი მასზე პირველი ავტორბოლა (სპას 24 საათი) ჩატარდა. 1925 წელს სპაზე ბელგიის პირველი დიდი პრიზი ჩატარდა, რომელიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, იტალიელი ალბერტო ასკარის მამამ, ანტონიო ასკარიმ მოიგო. სამწუხაროდ, ამ გამარჯვებიდან შემდეგ რბოლაში, საფრანგეთის დიდ პრიზზე, ანტონიო დაიღუპა. მისმა შვილმა ბელგიური დიდი პრიზი ორჯერ - 1952 და 1953წლებში მოიგო.

1931 წელს, სპაზე ჩატარებული 24-საათიანი რბოლა ქართველმა თავადმა დიმიტრი ჯორჯაძემ (სურათზე, რომელიც 1955 წელს, ლონგ აილენდში, ერთ-ერთ კერძო წვეულებაზეა გადაღებული, ჯორჯაძე თავის მეუღლე სილვია ეშლისთან ერთად, აქლემს აჭმევს), ”მერსედს-ბენც SSK-თი” მოიგო. რბოლისას მას პარტნიორობას იტალიელი გოფრედო ზეენდერი უწევდა.

1950 წელს, ბელგიის დიდი პრიზი, როგორც ფორმულა 1-ის პირველი ჩემპიონატის რბოლა, ლეგენდარულმა არგენტინელმა ხუან მანუელ ფანხიომ მოიგო.

1969 წელს სპა ფ1-ის ჩემპიონტიდან იმის გამო ამოიღეს, რომ პილოტებმა (მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ჯეკი სტიუარტის თაოსნობით) ის მეტისმეტად სახიფათოდ მიიჩნიეს. სტიუარტმა, ვინც სამი წლით ადრე, სპაზე რბოლისას, სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა, ტრასის მეპატრონეთაგან მისი მოდერნიზაცია მოითხოვა, მაგრამ მათ მოთხოვნა ვერ შეასრულეს და რბოლამაც ბრიუსელის მახლობლად, ნიველ-ბოლერში გადაინაცვლა. 1972 წელს, ნიველში რბოლა ბრაზილიელმა ემერსონ ფიტიპალდიმ მოიგო, ვინც იმ სეზონში პირველ ტიტულსაც დაეუფლა. მომდევნო სეზონში ბელგიურ რბოლას ცოლდერმა უმასპინძლა, მერე ისევ ნიველს დაუბრუნდა და ამჯერადაც ფიტიმ მოიგო, რომელმაც მოგვიანებით, მეორე ტიტულიც მოიპოვა. თუმცა ეს ტრასა იმდენად უინტერესო იყო, რომ ფ1 იქ აღარც დაბრუნებულა.

1975 წლიდან ბელგიურ რბოლას ცოლდერი მასპინძლობდა, მაგრამ 1982 წელს იქ ჟილ ვილნევი დაიღუპა, რის გამოც, ბელგიის დიდი პრიზის ორგანიზატორებმა სპა გაიხსენეს. ძველი ტრასა გარემონტდა, 14-დან 7 კილომეტრამდე დამოკლდა და ფ1-ის რბოლაც დაიბრუნა. მართალია, 1984 წელს ბელგიური ეტაპი ისევ ცოლდერმა მიიღო, მაგრამ ამის შემდეგ, ფ1-ის ქარავანი ამ ტრასას აღარ მიბრუნებია.

1985 წლიდან მოყოლებული, ბელგიის დიდ პრიზს მხოლოდ სპა მასპინძლობს. 2003 წელს ბელგიური ეტაპი იმ უბრალო მიზეზის გამო არ ჩატარდა, რომ ბელგიაში თამბაქოს ნაწარმის რეკლამა დანარჩენ ევროპაზე რამდენიმე თვით ადრე აიკრძალა, სამი წლის შემდეგ კი ტრასა ბერნი ეკლსტოუნის რისხვა დაატყდა (მის მიერ მოთხოვნილი რეკონსტრუქცია ვერ მოესწრო) და რბოლა ამჯერადაც ამოიღეს კალენდრიდან.

მაგრამ სპა კვლავ დაბრუნდა. იმიტომ, რომ ის ფორმულა 1-ის ისეთივე მარგალიტია, როგორიც მონაკოს ქუჩის ტრასა, მონცა და სილვერსტოუნი...

ამჯერად ყველაზე სწრაფი ჰამილტონია

Belgian GP

28 აგვისტო

ბელგიური დიდი პრიზის პარასკევის მეორე თავისუფალი პრაქტიკა მზიან ამინდში ჩატარდა, თუმცა ამან სტაბილური შედეგები მაინც ვერ განაპირობა - ჩემპიონატის ლიდერებმა - ჯენსონ ბატონმა და რუბენს ბარიკელომ მხოლოდ ორი პილოტი ჩამოიტოვეს, რომელთაგან ერთი აუტსაიდერი ლუკა ბადოერია, მეორე კი მათსავით ხელმოცარული ნიკო როსბერგი.

სამაგიეროდ, ორივე პრაქტიკაზე სტაბილური შედეგებით გამოიჩინა თავი ხაიმე ალგერსუარიმ, ვინც ამჯერად მეცხრე შედეგს დასჯერდა. მასზე უკეთესი დრო (მეხუთე) კიდევ ერთმა დებიუტანტმა - ფრანგმა რომენ გროჟანმა აჩვენა, წინა პრაქტიკის უსწრაფესი იარნო ტრული კი ამჯერად მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

ჰამილტონს 0.016 წამით ჩამორჩა ტიმო გლოკი. თავის მხრივ, გერმანელმა 0.068 წამით ჩამოიტოვა კიმი რაიკონენი, ვინც სესიაზე თავისი საუკეთესო შედეგი პრაქტიკის ბოლო წამებზე დააფიქსირა.

საერთო ჯამში, თავისუფალი პრაქტიკების შედეგების მიხედვით, ძნელი სათქმელია, რა პერსპექტივები ექნებათ პილოტებს კვალიფიკაციასა და რბოლაზე. მითუმეტეს, რომ დიდი შანსია იმისა, რომ საქმეში ისევ წვიმა ჩაერიოს. ამ შემთხვევაში კი, ორივე რბოლის შედეგების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება და ვინ იცის, იქნებ ბოლო 5 ეტაპის ტრენდიც გაგრძელდეს, რომლის მიხედვითაც, ყოველ რბოლას ახალი გამარჯვებული ჰყავს.

ერთი რამის წინასწარ განჭვრეტა კი ახლავე შეიძლება - ბოლო ადგილს ბადოერს ვერავინ შეეცილება.

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

პილოტი, ქვეყანა, გუნდი დრო

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:47.201

2. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:47.217

3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:47.285

4. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:47.329

5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:47.333

6. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია) 1:47.506

7. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:47.559

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:47.578

9. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო-ფერარი) 1:47.579

10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:47.602

11. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო-ფერარი) 1:47.702

12. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:47.743

13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:47.790

14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:47.862

15. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:47.961
16.
ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:48.017

17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP-მერსედესი) 1:48.125

18. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP-მერსედესი) 1:48.130

19. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:48.360
20.
ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) 1:49.211

ფეტელი ტრასაზეც არ გამოსულა

Belgian GP

28 აგვისტო

ხაიმე ალგერსუარი (სურათზე) მეხუთეზე, ლუკა ბადოერი მეათეზე, სებასტიან ფეტელი და ლუის ჰამილტონი კი ბოლო ადგილებზე - თავი სიზმარში ხომ არ გგონიათ? ბელგიის დიდი პრიზის პირველი თავისუფალი პრაქტიკის შედეგები ასე უცნაურად მხოლოდ იმიტომ გამოიყურება, რომ ის წვიმაში ჩატარდა, ფეტელი ტრასაზე არც გამოსულა, ჰამილტონმა კი სწრაფი წრის გავლა ვერ მოახერხა.

ფეტელს ახლა სერიოზული პრობლემა აქვს ძრავის მხრივ. საქმე ისაა, რომ მას დარჩენილ 6 რბოლაში მხოლოდ ორი ახალი ძრავის გამოყენების უფლება დარჩა. ლიმიტზე ყოველი გადაჭარბება კი მას სტარტზე ათი ადგილით უკან დაწევად დაუჯდება. ჰოდა, გერმანელი არჩევს, რომ ძრავების რესურსი თავისუფალ პრაქტიკებზე უქმეობით დაზოგოს.

ჰამილტონი ტრასაზე ოთხჯერ გამოვიდა, მაგრამ სწრაფ წრეზე წასვლა ოთხივეჯერ გადაიფიქრა.

საუკეთესო შედეგი კი იარნო ტრულიმ დააფიქსირა, ვისაც 0.608 წამით ჩამორჩა ჩემპონატის ლიდერი ჯენსონ ბატონი. ბატონმა გუშინ განაცხადა, რომ თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ ექნებოდა პასუხი კითხვაზე, შეძლებს თუ არა ლიდერობის შენერჩუნაბას. ბატონი იმას გულისხმობს, რომ თავისუფალ პრაქტიკებზე უნდა გამოჩნდეს, შეძლო თუ არა მისმა გუნდმა იმ პრობლემის აღმოფხვრა, რომლის გამოც, წინა ოთხ ეტაპზე ბრიტანელი პილოტი, ”რედ ბულელ” მეტოქეებთან შედარებით, უმწეოდ გამოიყურებოდა. ძნელი სათქმელია, ესოდენ ქაოსური რბოლის შემდეგ, მას ეს პასუხი აქვს თუ არა. ფაქტი კი ისაა, რომ ცხრილში არაფრის მომცემი მეორე ადგილი უკავია.

ალგერსუარი ტრულის თითქმის ორი წამით კი ჩამორჩა, მაგრამ მეხუთე ადგილს მაინც გამორჩა. წვიმის წყალობით, მის გარდა, მისმა თანგუნდელმა სებასტიან ბუემიმ და ლუკა ბადოერმაც იხეირეს. ბუემიმ ესპანელს თითქმის ნახევარი წამით აჯობა და სესია მეოთხე შედეგით დაასრულა. არადა, რამდენჯერმე შეცდა და მანქანის დამტვრევამდე ცოტა დააკლდა. ერთი-ორჯერ ბადოერიც დატრიალდა, ვინც ტრულის 5.393 წამით კი ამორჩა, მაგრამ მაინც მეათე შედეგი აჩვენა.

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

პილოტი, ქვეყანა, გუნდი დრო

1. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:49.675

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP-მერსედესი) 1:50.283

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:50.368

4. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო-ფერარი) 1:51.045

5. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო-ფერარი) 1:51.529

6. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP-მერსედესი) 1:52.321

7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:52.930

8. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:53.383

9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:53.650

10. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) 1:55.068

11. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია) 2:03.972

12. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 2:04.505

13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 2:05.513

14. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 2:05.614

15. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 2:05.705

16. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი) 2:05.839

17. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 2:06.181

18. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 2:06.331

19. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) დროის გარეშე

20. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი) დროის გარეშე

Thursday, August 27, 2009

”ბრაუნმა” სპონსორი იშოვნა

Brawn finds backing

27 აგვისტო

მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერმა ”ბრაუნ GP-მ”, როგორც იქნა, ფინანსურ მხარდამჭერებს მიაგნო, რომლებთანაც სამწლიანი კონტრაქტები გააფორმა. პარალელურად, გუნდმა პირველად დაადასტურა, რომ მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის ჰოლდინგ ”ვირჯინთან” პარტნიორულ ურთიერთობას ამ სეზონის დასრულებისთანავე შეწყვეტს.

გუნდს ფორმულა 1-დან წასულმა ”ჰონდამ” საკმარისი ფინანსური რესურსი დაუტოვა იმისათვის, რომ ”ბრაუნმა” ეს სეზონიც დაასრულოს და მომავალი სეზონისთვისაც მოემზადოს. მაგრამ შემდეგ, რესურსი იწურებოდა. ამიტომ, სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, გუნდის შეფი როს ბრაუნი სულ იმის მცდელობაში იყო, რომ როგორმე ძლიერი მხარდამჭერი მოეძებნა.

სეზონის დასაწყისშივე, ასეთად თითქოს, ”ვირჯინი” გამოჩნდა, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ბრენსონს გუნდის ხელში ჩაგდბა სურდა. ჰოდა, როცა მიხვდა, რომ არაფერი გამოსდიოდა, მოკლევადიანი სპონსორობით შემოიფარგლა. პარალელურად, ”მეინორის” ხელმძღვანელობას მოელაპარაკა და როგორც ამბობენ, ამ ინგლისური გუნდის თანამფლობელი გახდა. შეგახსენებთ, რომ ”მეინორი” ფ1-ის იმ სამ ახალ გუნდთაგანია, რომლებიც ჩემპიონატში მერმის ჩაერთვებიან. სავარაუდოდ, ბრენსონი ”მეინორს” სახელს შეუცვლის და ”ვირჯინს” დაარქმევს.

”ბრაუნ GP-ს” მთავარმა აღმასრულებელმა ნიკ ფრაიმ განაცხადა, რომ გუნდს მოლაპარაკება ბევრ კომპანიასთან აქვს, რომელთა უმეტესობაც მომავალ სეზონში, მისი სპონსორი გახდება. თუმცა, დასძენს, რომ ”ბრაუნი” თავისი პარტნიორების ვინაობას მაშინ გამოაცხადებს, როდესაც საზოგადოებას მომავალი სეზონის მანქანას წარუდგენს.

ინტერნეტში გავრცელებული ხმების მიხედვით, მომავალ სეზონში ”ბრაუნის” მანქანებზე ავიაკომპანია ”ემირატსის”, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ ”მონსტერის”, ასევე ტოტალიზატორების და სათამაშო კომპლექსების ჯგუფ ”ბვინის” და მექსიკურ სატელეკომუნიკაციო გიგანტ ”ტელმექსის” რეკლამები გაჩნდება.

”ამ სეზონისთვის, მომავალი სეზონისთვის, იმის შემდეგი და შემდეგის შემდეგი სეზონისთვის, ფინანსურად სრულიად გარანტირებულნი ვართ. ვიღიმი, როდესაც ხალხი ფულზე საუბრობს, რადგან ჩვენ ფული ამ სეზონისთვის თავიდანვე გვქონდა. ამის გარანტია რომ არ გვქონოდა, არც მე და არც როსი საქმეს ხელს არ მოვკიდებდით. ჩვენ რამდენიმე კონტრაქტი უკვე გავაფორმეთ და მათ შესახებ მაშინ გამცნობთ, როდესაც მომავალი სეზონის მანქანის პრეზენტაციას ჩავატარებთ”, - ამბობს ფრაი.

”ბრაუნმა” მომავალ სპონსორებთან მოლაპარაკებები მას შემდეგ გაააქტიურა, რაც ფ1-ის გუნდებსა და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას შორის თანხმობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც ფორმულა 1 ორ კონკურენტ ჩემპიონატად გახლეჩას გადაურჩა.

”კომპანიებს, რომლებიც ჩვენთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, სურდათ სცოდნოდათ, რა ბედი ელოდა ჩვენს სპორტს. ხელშეკრულება გაფორმდა და თუ პიტლაინზე გაივლით, მიხვდებით, რომ იქ დაძაბულობა საერთოდ აღარ იგრძნობა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ყველამ ვიცით - მომავლისთვის კომერციული ბაზისი გარანტირებულია. ჩვენ კი უკვე შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი მომდვნო სამი სეზონისთვის უზრუნველყოფილია. ვიმედოვნებ, რომ ალტერნატიულ ჩემპიონატზე ლაპარაკი აღარ მოგვიწევს”, - ამბობს ”ბრაუნის” შეფი როს ბრაუნი.

ალონსო, კუბიცა, როსბერგი და ჰაიდფელდი პილოტების ბაზარზე

silly season

27 აგვისტო

თანხმობის ახალი ხელშეკრულება ხელმოწერილია, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებსა და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) შორის კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდა, გუნდებმა უკვე დაიწყეს სამერმისო ჩემპიონატისთვის მანქანების მომზადება და რაღა თქმა უნდა, მათ უმეტესობას, შემადგენლობის საკითხიც გადასაწყვეტი აქვს.

პილოტების გუნდიდან გუნდში გადასვლის ”გიჟური სეზონი” (სილი სიზონი) დიდი ხნის დაწყებულია, ჭორები, მათ შორის, ბევრი საფუძვლიანი და ბევრიც უსაფუძვლო, დიდი სისწრაფით ვრცელდება, მაგრამ აშკარაა, რომ გადასვლების სეზონს ერთი მოლოდინი აყოვნებს და როგორც ამბობენ, ამ მოლოდინის დასრულების შემდეგ, ბევრი ახალი კონტრაქტი მოკლე ხანში დაიდება.

მოლოდინი კი იმისაა, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო (სურათზე) ”ფერარიში” უნდა გადავიდეს. ამ თემაზე ესპანურ რადიო ”ონდა სეროსთან” ”ფერარის” ბრაზილიელი პილოტის, ფელიპე მასას მამამ, ლუის ანტონიო მასამაც გამოთქვა თავისი მოსაზრება.

”მიხაელ შუმახერის სახით, ფელიპეს შესანიშნავი თანაგუნდელი ჰყავდა. კიმისთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. ის ძლიერი პილოტია და ფელიპეს მოტივაციას უძლიერებს. თუ მერმის ფელიპე და ფერნანდო ერთად იქნებიან, მათ საინტერესო მეტოქეობა ექნებათ. მათი პაექრობა კი არამარტო ფანებისთვის იქნება საინტერესო, არამედ თვითონ ფელიპესთვის და ფერნანდოსთვისაც”, - ამბობს უფროსი მასა.

ვალენსიაში დასმულ კითხვაზე, რომელ გუნდში იქნება მომავალ სეზონში, ალონსომ დამაინტრიგებელი პასუხი გასცა: ”ვინ იცის, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, რომელ გუნდს უკეთესი მომავალი აქვს. ბოლოსდაბოლოს, ლამის ყოველ კვირას გაიგებ, რომ ერთი გუნდი ჩემპიონატს ტოვებს, მეორე კი მის ადგილს იკავებს”.

მეორე კითხვაზე, თავის მომავალზე როდის აპირებს განცხადების გაკეთებას, ესპანელმა შემდეგი უპასუხა: ”ჯერაც სხვადასხვა ვარიანტზე ვფიქრობ. ჯერ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ კითხვაზე ერთ კვირაში პასუხი არ მექნება”. ამ პასუხით, ალონსო ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ”რენოდან” წასვლას ფიქრობს. და თუ ასეა, ფრანგული გუნდის ერთადერთი რეალური ალტერნატივა ”ფერარია”, რადგან ”მაკლარენში” ის არ დაბრუნდება, ”რედ ბული” დაკომპლექტებულია, ”ბრაუნი” კი მერმის ალბათ ისეთი ძლიერი აღარ იქნება, როგორიც ამ სეზონის დასაწყისში იყო.

ალონსოს წასვლა, გარკვეულწილად, ”რენოსაც” შეიძლება აწყობდეს. რატომ? იმიტომ, რომ კონტრაქტის დარღვევის გამო, ესპანელს სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს, რომელსაც, რა თქმა უნდა, მარანელოელები გადაიხდიან. ამ თანხას კი ”რენო” თავისი ბიუჯეტის შესავსებად გამოიყენებს - ამ კრიზისის დროს, მილიონები ზედმეტი არ იქნება.

ალონსოს სანაცვლოდ კი, ფლავიო ბრიატორეს არანაკლებ ნიჭიერი მრბოლის - პოლონელი რობერტ კუბიცას გადაბირების რეალური შანსი აქვს. მას შემდეგ, რაც ”ბეემვემ” ჩემპიონატიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა, კუბიცას მომავალი ბუნდოვანი გახდა. რა თქმა უნდა, პოლონელი პილოტი ახლა სწორედ იმაზე ზრუნავს, რომ უკეთეს გუნდში გადაბარგდეს. მაგრამ ბელგიაში მან ჟურნალისტებს მოკლედ განუცხადა, ამაზე ლაპარაკი ნაადრევიაო.

იგივე დღეშია მისი გერმანელი თანაგუნდელი ნიკ ჰაიდფელდიც, რომელიც თურმე ჯერაც ჩემპიონობაზე ოცნებობს, თუმცა შესაფერის გუნდში აშკარად არ იმყოფება და ვინ იცის, ვინ შეიფარებს. ბელგიაში მან გადაკვრით ისევ ალონსოს იტალიურ გუნდში გადასვლა ახსენა - არ მეგულება ვინმე, ვისაც არ სჯერა, რომ ალონსო ”ფერარიში” გადადის, მაგრამ მე ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული მაინც არ ვარო.

დაბოლოს, ნიკო როსბერგის შესახებაც ვთქვათ ორი სიტყვა. ისიც ჯერ ბევრს არაფერს ამბობს და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება, მის ნაცვლად კი ”უილიამსის” თანამფლობელმა და საინჟინრო შტაბის შეფმა პატრიკ ჰედმა განაცხადა, რომ ნიკო მალე ალბათ ”მაკლარენში” გადაბარგდება: ”ნიკოს გუნდში სიამოვნებით დავიტოვებდით, მაგრამ როგორც ჩანს, მას სხვა გეგმები აქვს და ალბათ, მერმის ”მაკლარენში” გადავა”.

არაა გამორიცხული, რომ ”უილიამსში” როსბერგის ადგილი ფინელმა ჰეიკი კოვალაინენმა დაიკავოს, ვინც ორი წელია, ”მაკლარენში” მსოფლიო ჩემპიონის, ბრიტანელი ლუის ჰამილტონის პარტნიორია.

სხვათა შორის, ვალენსიური რბოლის წინ, ”მაკლარენის” შეფმა მარტინ უიტმარშმა ჰეიკის განუცხადა, რომ თუ გუნდში ადგილის შენარჩუნება სურს, უკეთესი შედეგები უნდა აჩვენოს. ევროპულ დიდ პრიზზე ფინელმა საკმაოდ კარგად იასპარეზა და ალბათ, მომდევნო ეტაპებზეც ასე იქნება მაგრამ როგორც ჩანს, მაინც წასვლა მოუწევს...

Wednesday, August 26, 2009

რედ ბული” ძრავის შეცვლას აპირებს

Red Bull set to make engine decision (AUTOSPORT)

26 აგვისტო

”რედ ბულ რეისინგი” აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში გადაწყვეტს, მომავალ სეზონში რომელი კომპანიის ძრავით იასპარეზოს. ავსტრიული საჯინიბო უკმაყოფილოა ”რენოს” არასაიმედო ძრავებით - მარტო სებასტიან ფეტელს ფრანგული კომპანიის ძრავმა ამ სეზონში ოთხჯერ უმტყუნა, მათგან ორჯერ გასულ უქმეებზე, ვალენსიაში (სურათზე).

ინგლისური ჟურნალი ”ავტოსპორტი” ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში იუწყებოდა, რომ ”რედ ბული” ძრავების ”მერსედეს-ბენცისგან” შესყიდვას აპირებს. მას შემდეგ კი, რაც ფ1-ის წესები შეიცვალა და ძრავების მწარმოებლებს თავიანთი აგრეგატებით ოთხი გუნდის მომარაგების უფლება მიეცათ, ”რედ ბული” უფრო გააქტიურდა. და, როგორც ჩანს, მალე სწორედ ”სამქიმიანებთან” გააფორმებს ხელშეკრულებას.

”რედ ბულის” საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას აუცილებლად მოახდწნს ის ფაქტი, რომ ფეტელს ევროპის დიდ პრიზზე ძრავი ორჯერ დაუზიანდა და მან ამ აგრეგატის შეცვლის სეზონური ლიმიტი უკვე ამოწურა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან, ძრავის ყოველ შეცვლაზე, მას სასტარტო რიგში ათი ადგილით უკან დაწევა მოუწევს.

”რედ ბულის” მოტორსპორტის მრჩეველმა, წარსულში თავადაც ფ1-ის პილოტმა, ავსტრიელმა ჰელმუტ მარკომ დაადასტურა, რომ ამჟამად გუნდი იმ ეტაპზეა, როცა სასწრაფოდ უნდა გააკეთოს არჩევანი, რათა მომავალი სეზონის ავტომობილის (RB6) შექმნა არ დაუგვიანდეს.

”ძრავის საკითხი რამდენიმე დღეში უნდა გადავწყვიტოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი მანქანის შექმნის პროცესი გაჭიანურდება, რაც არასასურველია. RB6-ის შემუშავების ზოგად სტრატეგიაში მხოლოდ ძრავის საკითხიღა გვაქვს დასადგენი. გუნდი სრულადაა დაკომპლექტებული. პილოტებთან კონტრაქტები გავაგრძელეთ, პერსონალის ბირთვიც ჩვენთან რჩება”, - ამბობს მარკო და დასძენს:

”არსებობს სოლიდური არგუმენტები იმისა, რომ ”რენოსთან” თანამშრომლობა გავაგრძელოთ, მაგრამ ასევე არსებობს არგუმენტები იმისა, რომ ”მერსედესის” ძრავებზე გადავიდეთ. რა თქმა უნდა, სახეზეა ფაქტები, რომელთა იგნორირება არ შეიძლება - მარტო ფეტელს ძრავი უკვე ოთხჯერ დაუზიანდა, ”მერსედესის” ექვს პილოტს კი - არცერთხელ. და ამ ფაქტს ვერსად გაექცევი”.

მარკო ამბობს, რომ მომდევნო რბოლებზე, რომლებიც ბელგიაში (სპა), იტალიაში (მონცა), იაპონიასა (სუზუკა) და ბრაზილიაში (სან პაულუ) ჩატარდება, მისი გუნდს კონკურენტუნარიანი მანქანები ეყოლება. რაც შეეხება აბუ დაბის უახლეს ტრასას, ის ყველასთვის ახალია და მასზე წინდაწინ რაიმეს პროგნოზირება შეუძლებელია. ვალენსიასა და ბუდაპეშტში ჩასვლამდეც კი ვიცოდით, რომ იქ მოგება გაგვიჭირდებოდაო - დასძენს მარკო და გამორიცხავს ”რედ ბულის” მიერ ამ სეზონში კერს-ის გამოყენებას, რადგან ეს დიდ და გაუმართლებელ რისკად მიაჩნია.

ფორმულა 1 შეიძლება ”ტოიოტამაც” დატოვოს

Toyota's F1 future in doubt

26 აგვისტო

არაა გამორიცხული, რომ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატს მომავალ სეზონში კიდევ ერთი ავტომწარმოებელი - ”ტოიოტა” გამოაკლდეს. ეს თემა იაპონური კომპანიის ფორმულა 1-ის გუნდის შეფმა ჯონ ჰაუეტმა წამოჭრა, რომელმაც ვალენსიაში განაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვის გუნდის ბიუჯეტი ჯერაც დაუმტკიცებელია.

ჰაუეტის თქმით, გუნდმა კომპანიის ხელმძღვანელობას ბიუჯეტის მოთხოვნა უკვე გაუგზავნა, მაგრამ ტოკიოდან კიოლნში (სადაც იაპონური კომპანიის გუნდია ბაზირებული) პასუხი ჯერ არ მოსულა. არადა, უკვე დასაწყებია მუშაობა მომავალი სეზონის მანქანაზე.

”ვფიქრობ, ბიუჯეტის მკვეთრ შემცირებას მოგვთხოვენ. ჩვენ ის უკვე შედგენილი გვაქვს და ტოკიოშიც გავგზავნეთ, მაგრამ იქ ჯერაც ფიქრობენ. ჩემი აზრით, ფინანსური წლის პირველი ნახევრის შედეგებს ელიან”, - ამბობს ჰაუეტი, რომელმაც თავისი გუნდის სახელით, ფორმულა ერთის გუნდებსა და საერთაშორისო საავტომობილი ფედერაციას შორის ცოტა ხნის წინ გაფორმებულ თანხმმობის ახალ ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელ. ამ დოკუმენტის მიხედვით, ”ტოიოტამ” ფორმალურად დაადასტურა, რომ ჩემპიონატში 2012 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალოს.

პირველი ეჭვი იმისა, რომ ”ტოიოტამ” შეიძლება ჩემპიონატი დატოვოს, გუნდის იტალიელმა პილოტმა იარნო ტრულიმ გამოთქვა:

”ამ ეკონომიკური კრიზისის დროს, გამორიცხული არაფერია. ჩემპიონატი უკვე ”ჰონდამ” და ”ბეემვემ” დატოვეს და ვფიქრობ, მათ მიმდევრებიც მალე გამოუჩნდებიან. მოკლედ, ყველაფერია მოსალოდნელი. სიტუაცია ძალიან მალე იცვლება და რა მოხდება ხვალ, ამის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია”, - ფილოსოფოსობს ტრული, ვინც მომავალი სეზონისთვის იაპონურ გუნდთან კონტრაქტი აღარ გააფორმა და როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი ხელფასის მოსალოდნელი შემცირება სულაც არ ყოფილა.

მეორე ეჭვს ის გარემოება ბადებს, რომ ”ტოიოტას” ძრავებზე უარს ამბობს ”უილიამსი”, რომლისგანაც ასეთი ნაბიჯი საკმაოდ მოულოდნელია. გუნდის ხელმძღვანელობა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზს არ ასახელებს, თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ გამოცდილი სერ ფრენკ უილიამსი თავს იზღვევს, რათა მოულოდნელად არასასიამოვნო ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდეს. არადა, მის გუნდსა და ”ტოიოტას” შორის კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს მთავრდება და იაპონურ კომპანიას თავისუფლად შეუძლია ამ კონტრაქტის შესრულების მოთხოვნა. ამას კი არ აკეთებს...

Tuesday, August 25, 2009

რედ ბული” კერს-ს არც ბელგიაში გამოიყენებს

Red Bull

25 აგვისტო

”რედ ბულს” მიმდინარე სეზონში კერს-ი (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) არ გამოუყენებია, თუმცა ამის მიუხედავად, სისტემის სრულყოფაზე მუშაობაც არ შეუწყვეტია.

ვალენსიაში ”წითელმა ხარებმა” გამოაცხადეს, რომ ამ სისტემის ბელგიურ ეტაპზე გამოყენების შესაძლებლობას სწავლობდნენ და იმედოვნებდნენ, რომ მისი მეშვეობით, მანქანის კონკურენტუნარიანობას გაზრდიდნენ. მაგრამ გუნდის შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ეს დიდ რისკთანაა დაკავშირებული, რის გამოც, ”რედ ბული” ბელგიაში კერს-ის გამოყენებისგან თავს შეიკავებს. და იქვე დასძინა, რომ შესაძლოა, ეს სისტემა იტალიის დიდი პრიზისთვის მანქანაზე მაინც დააყენონ.

”სპა სილვერსტოუნის მსგავსი ტრასაა, ჩვენ კი იქ ძალიან კარგად გამოვედით. ამიტომ, ამ ეტაპზე კერს-ის პირველად გამოყენება გაუმართლებელი ექსპერიმენტი იქნება, რის უფლებასაც ჩვენ საკუთარ თავს ვერ მივცემთ. სპას შემდეგ კი მონცაზე ვიფიქრებთ და შესაძლოა, კერს-ი იქ მაინც გამოვიყენოთ. ეს სისტემა ”რედ ბულის” და ”რენოს” ინჟინრების მიერ ერთობლივად, სეზონის დაწყებამდეა შემუშავებული. ვნახოთ, შესაძლოა, ამ სეზონში ის მართლაც გამოვიყენოეთ”, - ამბობს ჰორნერი.

იგივეს ფიქრობს ”ბრაუნის” შეფი როს ბრაუნი, ვისი აზრითაც, კერს-მა შეიძლება გაამართლოს და შეიძლება არა. ამიტომ, ამ ეტაპზე მანქანაზე მისი დაყენება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული.

”ეს შეიძლება ფანტასტიკური გადაწყვეტილება იყოს, ან პირიქით. ერთი ან მეორე. ერთი რამ ფაქტია - ”მაკლარენმა” ამ სისტემის მეშვეობით დიდ პროგრესს მიაღწია. იმ პირობებში, როცა ტესტები აკრძალულია, მე შუა სეზონში კერს-ის გამოყენებას ვერ გავრისკავ. ”რედ ბულს” ამ სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული გამოცდილება აქვს, რადგან მას ”რენოსთან” ერთად ქმნიდა, ამ გუნდმა კი კერს-ით რამდენიმე რბოლაზე იასპარეზა. ასე რომ, მათი სისტემა უფრო გამოცდილი და დახვეწილია”, - ამბობს ბრაუნი, ვინც დასძენს, რომ ”მერსედეს-ბენცისგან” მათი კერს-ის გამოყენების შეთავაზება მიიღო, თუმცა მასზე უარი განაცხადა:

”ამ ეტაპზე, ჩვენთვის მისი გამოყენება წამგებიანი იქნება. ახლა რომ მანქანაზე კერს-ის დაყენება გადავწყვიტოთ, მთელი შასი გადასაკეთებელი გახდება, ეს კი სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის. გადაცემათა კოლოფიც კი გადასაკეთებელი გახდება. სხვა პრობლმებიც წარმოიქმნება. ესეც რომ არა, ჩვენ საკმაოდ მცირე რაოდენობით ბალასტს ვიყენებთ და თუ კერს-ს დავაყენებთ, ბალასტის მოხსნის შემთხვევაშიც, მანქანა დამძიმდება. მარტო ეს ფაქტორიც საკმარისია იმისათვის, რომ კერს-ზე უარი ვთქვათ”.

ჰამილტონი ბელგიაში გამარჯვებას გამორიცხავს

Lewis Hamilton

25 აგვისტო

ლუის ჰამილტონი ვარაუდობს, რომ მისი მანქანა ბელგიურ რბოლაზეც ისეთივე კონკურენტუნარიანი ვერ იქნება, როგორიც ბუდაპეშტსა და ვალენსიაში იყო. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა უნგრული დიდი პრიზი მოიგო (ეს სეზონში მისი ერთადერთი გამარჯვებაა), ევროპულ დიდ პრიზზე კი მეორე ადგილს დასჯერდა, არადა სტარტი პოულიდან (პირველად ამ სეზონში) აიღო.

აშკარაა ”მაკლარენის” პროგრესიც, თუმცა ჩემპიონი ელის, რომ მისი მანქანა სწრაფ ტრასებზე (როგორებიცაა სპა და მონცა) ნაკლებად კონკურენტუნარიანი იქნება.

”არ მგონია, რომ ბელგიაშიც ისეთივე სწრაფები ვიქნებით, როგორც უნგრეთსა და ვალენსიაში. სპა იმ ტიპის ტრასაა, სადაც გზასთან მაქსიმალური ჩაჭიდებაა საჭირო, რათა მისი სწრაფი მოსახვევები კარგად გაიარო. ჩემი აზრით, ბელგიაში ყველაზე სწრაფები ”ბრაუნი”, ”რედ ბული” და ალბათ, ”ფერარი” იქნებიან. ეს ძალიან სწრაფი ტრასაა და ”ფერარის” მანქანები მასზე ყოველთვის სწრაფები არიან. ჩემი აზრით, კიმის კარგი შანსები ექნება. საუკეთესო აეროდინამიკით ”რედ ბული” გამოირჩევა და მათაც ბელგიაში კარგი შანსები ექნებათ. თუმცა, რბოლა მაინც დაძაბული უნდა იყოს. რაც შეგვეხება ჩვენ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ კერს-ის გარეშეც კონკურენტულები ვიქნებით. და თუ ასე იქნა, მაშინ ეს სისტემა უფრო მეტ უპირატესობას მოგვანიჭებს”, - ამბობს ჰამილტონი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჰამილტონი აღიარებს, რომ წინა ორმა რბოლამ მას თავდაჯერებულობა შემატა, რასაც სეზონის დარჩენილ ეტაპებზე დიდი მნიშვნელობა ექნება.

”აქამდე ჩვენ ათეულში მოსახვედრად ვიბრძოდით ხოლმე, ახლა კი, მანქანის რამდენიმე მოდერნიზაციის შემდეგ, მხოლოდ გამარჯვება, ან კვარცხლბეკი გვაინტერესებს. ახლა გაცილებით ძლიერები ვართ, ვიდრე თუნდაც თვენახევრის წინ, მაგრამ სისწრაფე მაინც გვაკლია. კერს-ი ბევრ რამეში გვეხმარება, მაგრამ ლიდერებამდე მაინც ორი-სამი მეათედი წამი გვიკლია. იმედი მაქვს, რომ მომდევნო ეტაპამდე მანქანას კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, სპაზე საინტერესო რბოლა გველის”, - დასძენს ჩემპიონი და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ვალენსიური რბოლისას, მეორე პიტსტოპზე მომხდარ ლაფსუსს მის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან ბარიკელო მის გასწრებას მაინც შეძლებდა.

”გაწბილებული ნამდვილად არ ვარ. ამ სეზონში კვარცხლბეკზე მეორე ადგილი პირველად დავიკავე. საწუწუნო არაფერი მაქვს. პირიქით, შედეგით კმაყოფილი დავრჩი. მე და გუნდი ერთად ვიგებთ და ვაგებთ კიდეც. არის რბოლები, როდესაც ჩემი მიზეზით ვერ ვიგებ, ზოგჯერ მანქანა ზიანდება, ზოგჯერ კი პიტსტოპზე მოსდით შეცდომა. რა თქმა უნდა, საკმაოდ სწრაფები ვიყავით, მაგრამ რუბენსი კიდევ უფრო სწრაფი იყო. ეს გამარჯვებულის სისწრაფე იყო და ამ შეცდომის გარეშეც, მისი დამარცხება შეუძლებლად ჩანდა. დღეისათვის ჩვენი მანქანა მათსას ვერ შეედრება”.

Sunday, August 23, 2009

მასას მადლობა ბარიკელოს

Massa thanks Barrichello

23 აგვისტო

ვალენსიური ტრიუმფი (ეს ბრაზილიელი პილოტების მიერ ფორმულა 1-ში მოპოვებული მე-100 გამარჯვებაა) რუბენს ბარიკელომ თავის თანამემამულე ფელიპე მასას მიუძღვნა, ვინც უნგრული ეტაპის კვალიფიკაციაზე მომხდარი ავარიის დროს მიღებულ ტრავმას სან პაულუში იშუშებს.

მასას მხარდაჭერისთვის, ბარიკელომ თავის ჩაფხუტის კეფაზე დიზაინერებს მასას ჩაფხუტი და წარწერა - ფელიპე, მალე ტრასაზე მენახე, დაატანინა. ნარბოლევს კი კამერას თავისი ჩაფხუტის სწორედ ეს ნაწილი მიუშვირა და თავისი გამარჯვება ეთერით ფელიპეს მიუძღვნა.

რა თქმა უნდა, მასა ყოველივეს ტელეეკრანზე უცქერდა და თავის მეგობარს სასწრაფოდ მისალოცად დაურეკა. ”პირველ ცდაზე ვერ დავურეკე - ის თავისი თანაგუნდელებისგან ღებულობდა მილოცვებს. მაგრამ მოგვიანბთ, მასთან საუბრის საშუალება მომეცა და გამარჯვება მივულოცე. რა თქმა უნდა, მადლობაც გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მისგან მთელ ამ ძნელ პერიოდში არ მომკლებია. განსაკუთრებით მაშინ ავღელდი, როცა მის ჩაფხუტზე ჩემი გასამხნევებელი წარწერა დავინახე”, - ბრაზილიურ ტელეკომპანია ”გლობოსთან” წერილობითი საუბრისას განაცხადა მასამ, ვინც რბოლის შეფასებაც არ დაიზარა.

”ფერარის” პილოტის თქმით, ის ბარიკელოსგან გამარჯვებას ელოდა და რბოლას თითებგადაჯვარედინებულმა უყურა. ”ბოლოს ფ1-ის რბოლა ეკრანზე 2003 წელს, ვნახე. ეს იაპონიის დიდი პრიზი იყო. მაშინ ”ფერარის” ტესტ პილოტი ვიყავი და სეზონის ბოლო რბოლაზე გუნდს აღარ გავყევი. ვალენსიაში კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ბარიკელო მოიგებდა. ძალაინ მინდოდა, რომ ვალენსიაში ბრაზილიელთა დომინაცია გაგრძელებულიყო - არ დაგავიწყდეთ, რომ შარშან იქ მე მოვიგე, თანაც პოულიდან და რბოლის უსწრაფესი წრეც ჩემი იყო. დღეს რუბენსმა შესანიშნავად იმუშავა. მუდმივად ყურადღებას ვაქცევდი წრეზე მის დროებს და დარწმუნებული ვარ, იმ შემთხვევაშიც მოიგებდა, ჰამილტონს პიტ სტოპზე პრობლემა რომ არ შექმნოდა”.

მასამ ასევე განაცხადა, რომ ხვალ აშშ-ში გაემგზავრება, სადაც კარტ-ის სერიის ყოფილ მთავარ ექიმს, დოქტორ სტივ ოლვის გაესინჯება. ოლვი ამჟამად მაიამის ცნობილ ”ჯეკსონ მემორიალ ჰოსპიტალის” ნევროლოგიის ინტენსიური თერაპიის განყოფილების დირექტორია. მასთან გასინჯვა კი მასასდ ამერიკაში მოღვაწე ავტრომრბოლებმა ურჩიეს.

ბადოერი ბელგიაშიც გამოვა

Luca Badoer

23 აგვისტო

”ფერარის” შეფ სტეფანო დომენიკალის თქმით, ვალენსიაში განცდილი კრახის მიუხედავად, ლუკა ბადოერი ალბათ ბელგიის დიდ პრიზზეც იასპარეზებს. ბადოერი (სურათზე) სტარტამდეც, ევროპულ დიდ პრიზს მისთვის სატესტო რბოლას უწოდებდა და მთავარ ამოცანად ფინიშამდე მიღწევას ისახავდა.

”ფერარის” გამოცდილმა ტესტ პილოტმა ეს ამოცანა შეასრულა - ფინიშის ხაზი კი გადაკვეთა, მაგრამ ტრასაზე დარჩენილთაგან ბოლომ. წრეზე მისი საუკეთესო შედეგი, თითქმის ორი წამით უარესი იყო რბოლის უსწრაფეს წრეზე, რომელიც გერმანელი ტიმო გლოკის ანგარიშზეა.

დომენიკალის სჯერა, რომ ვალენსიაში კრახის მიუხედავად, ბადოერი, ვისაც 1992 წელს ფორმულა 3000-ის ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული, დროთა განმავლობაში, თავის შედეგებს აუცილებლად გააუმჯობესებს.

”უპირველეს ყოვლისა, მისთვის მთავარი რბოლის დასრულება იყო. ალბათ გესმით, რამდენად ძნელი იყო მისთვის ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება. მართალია, დღეს მისგან ხეირიანი ვერაფერი ვიხილეთ, მაგრამ მას პოტენციალი გააჩნია. აქ კი მას ფსიქოლოგიური ბარიერი ჰქონდა გადასალახი”, - ამბობს დომენიკალი.

გუნდის შეფმა რაც უნდა თქვას, აშკარაა, რომ ევროპის დიდ პრიზზე გამოშვებით, ”ფერარიმ” ბადოერს მადლობა გადაუხადა იმ სამუშაოსთვის, რომელიც იტალიელმა პილოტმა მარანელოელთა საჯინიბოში ტესტ პილოტად მუშაობისას გასწია.

ამგვარად, თითქმის გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რომ მეორე ”ფერარის” საჭეს სპა ფრანკორშანზეც ბადოერი მიუჯდება. რა იქნება შემდეგ, ეს ყველაზე მეტად, ისევდაისევ, ბადოერზეა სამოკიდებული. ძნლი წარმოსადგენია, რომ ბელგიის რთულ და სწრაფ ტრასაზე, მან უკეთესი შედეგი აჩვენოს. მართალია, მარანელოელები საქყეყნოდ გაიძახიან, რომ გუნდში ფელიპე მასას დაბრუნებამდე, მისი მანქანით ბადოერი იასპარეზებს, მაგრამ ვალენსიაშივე დომენიკალიმ არაორაზროვნად განაცხადა, რომ ბელგიის შემდეგ შეიძლება რაღაც შეიცვალოს.

”ჩვენთვის ახლა მთავარი ისაა, რომ გავიგოთ, როდის დაბრუნდება მასა. რა თქმა უნდა, შემდგომი რბოლა ლუკასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისგან მკვეთრ გაუმჯობესებას ველით, მერე კი ვნახოთ. ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ ”ფერარი” ვერასდროს შეეგუება იმას, რომ მისი მანქანა რბოლას ბოლო ადგილზე ასრულებდეს”, - ამბობს დომენიკალი.

გუნდის შეფის ასეთი განცხადება მით უფრო გასაგებია, რომ ახლა ”ფერარი” მესამე ადგილისთვის თავის მთავარ მეტოქეს, ”მაკლარენს” ეპაექრება, რომელმაც მკვეთრად გააუმჯობესა შედეგები და ერთი თვის წინ, სეზონში პირველი გამარჯვებაც იზეიმა. ხოლო რა იქნბა იმ შემთხვევაში, თუ ბადოერი ვერც ბელგიაში ივარგებს (რაც მოსალოდნელიცაა), ამაზე დომენიკალი კონკრეტულს არაფერს ამბობს. შესაძლოა, იტალიის დიდ პრიზზე ბადოერის ნაცვლად საჭეს ”ფერარის” კიდევ ერთი ტესტ პილოტი, ესპანელი მარკ ჟენე ვიხილოთ. ან იქნებ, აქტუალური ისევ მიხაელ შუმახერის დაბრუნება გახდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ადრინდლზე გაცილებით ინტენსიურად ვარჯიშობს და გამორიცხული არაა, რომ იტალიაში მასას მანქანის საჭეს სწორედ ის მიუჯდეს.

იტალიამდ კი ის თავის ჩვეულ მისიას გააგრძელებს და გუნდს, რომელთან ერთადაც ხუთი ტიტული აქვს მოპოვებული და პილოტს, რომელთანაც ახლო მეგობრობა აკავშირებს, რჩევებით დაეხმარება.

შეცდომა პიტსტოპზე

McLaren

23 აგვისტო

ვალენსიური რბოლის შემდეგ, ”მაკლარენის” შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ მეორე პიტ სტოპის დროს, ლუის ჰამილტონის შეყოვნების მიზეზი, ოპერატიული გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეული მომენტალური დაბნეულობა გახდა. გუნდს სურდა, რომ ჰამილტონი ბოქსში ერთი წრის დაგვიანებით შესულიყო, რამაც მექანიკოსთა შორის დაბნეულობა გამოიწვია. და მათ საბურავების მომზადება ვერ მოასწრეს.

განმარტავს უიტმარში:

”აშკარა იყო, რომ რბოლისას არასაკმარისად სწრაფები ვიყავით. რუბენსი ბოქსში ლუისზე გვიან უნდა შესულიყო. ამიტომ, ლუისს რაც შეიძლება შორს უნდა მოეტოვებინა ის, რომ ტრასაზე დაბრუნების შემდეგაც შეენარჩუნებინა ლიდერობა. ჩვენ გვინდოდა, რომ პიტ სტოპი ერთი წრით მაინც დაგვეგვიანებინა. ეს ლუისს მეტ შანსს მისცემდა. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაგვიჭიანურდა, რის გამოც, მექანიკოსებმა საბურავების მომზადება და დროულად გამოტანა ვერ მოასწრეს.

შეყოვნებამ შეიძლება ორი წამი დაგვაკარგვინა, მაგრამ ამ დროს რბოლის შედეგზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ლუისს მეორე გაჩერება 37-ე წრეზე ჰქონდა დაგეგმილი, ჩვენ კი მოვინდომეთ, რომ ის ბოქსში ერთი წრით გვიან მოგვეწვია. ამ შემთხვევაში, იქ პირველი ჰეიკი კოვალაინენი შემოვიდოდა. იმ მომენტში ჰეიკი კიმისთან იბრძოდა, ლუისი კი - ბარიკელოსთან. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯერ ჰეიკი შემოგვეყვანა. ვიფიქრეთ, რომ დაგვიანებული პიტ სტოპით ლუისს ლიდერობის შენარჩუნების შანსი ექნებოდა. მაგრამ ამის შესახებ მას გვიან ვაცნობეთ, ის უკვე ბოქსებში შემოდიოდა. მექანიკოსები კი ამისთვის მზად არ იყვნენ...

ეს ოპერატიული შეცდომაა, რაც უკეთესი შედეგის მიღწევის სურვილმა განაპირობა. მაგრამ ეს შეცოდმა რომც არ მოგვსვლოდა, ეს რბოლის საბოლოო შედეგს მაინც ვერ შეცვლიდა. ჩვენ ორი წამი ამ შეცდომის გამო დავკარგეთ, მაგრამ როცა რუბენსი ტრასაზე დაბრუნდა, ის ლუისს შვიდ წამს უგებდა. უფრო სწრაფი მანქანა რომ გვყოლოდა, სტრატეგიული პრობლემაც არ შეგვექმნებოდა”, - ამბობს უიტმარში.

იგივეს ადასტურებს ჰამილტონიც: ”პიტლაინისკენ გავემართე, თეთრი ზოლიც გადავკვეთე და გუნდში მაშინღა გაარკვიეს, რომ კიდევ ერთი წრის გავლა შემეძლო. მთხოვეს, შემოსვლა ერთი წრით გადამედო, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მე ბოქსში შევედი, ისინი კი იქ ერთი წრით გვიან მელოდნენ”.

ბარიკელომ გამარჯვების გემო გაიხსენა

European GP

23 აგვისტო

მარცხნიდან: ჰამილტონი, ბარიკელო და რაიკონენი
შამპანურის შხაპი გამარჯვებულს

ბრაზილიელი რუბენს ბარიკელოს ტრიუმფით დასრულდა ევროპის დიდი პრიზი, რომელსაც ესპანეთის ქალაქ ვალენსიას საპორტო უბნის ქუჩებმა უმასპინძლა. 37 წლის რუბინიომ ბოლო ხუთ წელიწადში პირველი გამარჯვება მოიპოვა და დაამტკიცა, რომ ჯერაც შეუძლია გამარჯვებისთვის და ტიტულისთვის ბრძოლა.

დღევანდლამდე, ბარიკელოს ბოლო გამარჯვება 2004 წლის სექტემბერში, ჩინეთის დიდ პრიზზე, ”ფერარის” ბოლიდი ჰქონდა მოპოვებული. ვალენსიაში მან ფინიშთან 2.3 წამით მიასწრო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ლუის ჰამილტონს, ვინც რბოლა პოულიდან დაიწყო, თუმცა მეორე პიტსტოპზე შეფერხებამ ლიდერობა დააკარგვინა.

”ვისურვებდი, რომ ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელდეს. მინდა, აქ ორშაბათამდე დავრჩე”, - განაცხადა გამარჯვებულმა, ვინც თავის გუნდ ”ბრაუნ GP-ს” ამ სეზონში მეშვიდე გამარჯვება (11 რბოლაში) მოუპოვა.

ჰამილტონს ზედიზედ მეორე გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მეორე პიტსტოპისას, მის მომსახურე პერსონალს ბოქსიდან გამოსვლა დაუგვიანდა, რის გამოც, ჩემპიონი ტრასაზე მინიმუმ ოთხი წამით გვიან გავიდა. ეს კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ ბარიკელოს ლიდერობა ეგდო ხელთ. თუმცა, რომც არა ”მაკლარენის” მექანიკოსთა დაბდურობა, ბარიკელოს პიტსტოპის შემდეგ დაწინაურების რეალური შანსი ჰქონდა:

ჰამილტონი ბოქსში მასზე სამი წრით ადრე შევიდა. ამ დროს, ის ბრაზილიელს დაახლოებით სამ წამს უგებდა, მაგრამ ბარიკელო ყოველ წრეს საუკეთესო დროით გადიოდა და ისეთი გრაფიკი ჰქონდა, რომ მეორე პიტსტოპის მოვლის შემდეგ, ტრასაზე ლიდერის რანგში უნდა დაბრუნებულიყო. ჰამილტონის შეყოვნებამ კი საქმე გაუადვილა.

შესანიშნავად იასპარეზა ”ფერარის” ფინელმა ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა კიმი რაიკონენმა, ვინც ფინიშის ხაზი მესამემ გადაკვეთა, მეოთხე ადგილს კი ჰამილტონის ფინელი თანგუნდელი ჰეიკი კოვალაინენი დასჯერდა, რომელმაც რბოლა მეორე პოზიციიდან დაიწყო.

ამჯერადაც, თავი ვერაფრით გამოიჩინა ჩემპიონატის ლიდერმა ჯენსონ ბატონმა, ვინც მეშვიდზე გავიდა, თუმცა საერთო ჯამში, ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ლიდერის პოზიცია გაემყარებინა. საქმე ისაა, რომ მისმა უახლოესმა მდევარმა, ავსტრალიელმა მარკ უებერმა რბოლა უქულოდ (მეცხრე ადგილზე) დაასრულა, მისმა გერმანელმა თანაგუნდელმა სებასტიან ფეტელმა კი რბოლა საერთოდაც ვერ დაასრულა - ფინიშამდე 34 წრით ადრე, მის ”რედ ბულს” ”რენოს” ძრავი დაეწვა (ვალენსიაში მეორედ) და ფეტელმაც ასპარეზობა იქვე დაასრულა.

ასე რომ, ახლა ბატონის უახლოესი მდევარი ბარიკელო გახდა, ვინც ლიდერ თანაგუნდელს 18 ქულით ჩამორჩება. უებერი ბარიკელოსგან 2.5 ქულაშია, ფეტელი კი ბრაზილიელთან 7 ქულას აგებს.

”ეს ფანტასტიკურია. ხუთი წელია, არ მომეგო და როგორც ჩანს, ამის უნარი ჯერაც არ დამიკარგავს. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მოგება არც ისე იოლი იყო. სანამ ფინიშს მივაღწევდი, ჩემი კარიერიდან ბევრი რამ გამახსენდა. მინდა, გუნდს მადლობა გადავუხადო - ეს ხომ მხოლოდ ჩემი მიღწევა არაა, ბიჭების გარჯის შედეგად, მანქანამ ჩინებულად იმუშავა და ორივე ტიპის საბურავით ძალიან სტაბილური იყო”, - განაცხადა ბარიკელომ, ვისთვისაც ვალენსიაში მოპოვებული გამარჯვება მეათეა კარიერაში.

ფეტელს პრობლემები ჯერ კიდევ პირველ პიტ სტოპზე შეექმნა. მაშინ მას საწვავი ვერ ჩაუსხეს, რის გამოც, შემდეგ წრეზევე, ბოქსში მეორედ შესვლა მოუხდა. შემდეგ კი ძრავმაც უმტყუნა. გერმანელს ახლა იმედად ისღა დარჩენია, რომ ძრავი არ დაზიანებულა და ბოლი გამოსაბოლქვმა სისტემამ გაუშვა.

ისევე როგორც კვალიფიკაცია, რბოლაც ბოლო ადგილზე დაასრულა იტალიელმა ლუკა ბადოერმა, ვისთვისაც ეს კარიერაში 50-ე დიდი პრიზი იყო. ლუკამ სტარტი კარგად კი აიღო, მაგრამ ჯგუფში ასპარეზობას გადაჩვეულმა, პირველივე მოსახვევში შეცდომა დაუშვა და ამის შემდეგ, თავი არაფრით გამოუჩენია. არაა გამორიცხული, რომ მის ნაცვლად, ბელგიაში ”ფერარის” კიდევ ერთმა ტესტ პილოტმა, ესპანელმა მარკ ჟენემ იასპარეზოს.

ევროპის დიდი პიზი

ვალენსია. დისტანცია 308.883 კმ (5.419 კმ - 57 წრე)

1. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:35:51.289

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:02.358

3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:15.994

4. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 00:20.032

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამსი) 00:20.870

6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 00:27.744

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 00:34.913

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 00:36.667

9. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბული) 00:44.910

10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 00:47.935

11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 00:48.822

12. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია) 01:03.614

13. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 01:04.527

14. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 01:26.519

15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 01:31.774

16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 lap

17. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) 1 lap

18გ. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 3 laps

გ. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 16 laps

გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 34 laps

უსწრაფესი წრე: ტიმო გლოკი - 1:38.683, 55-ე წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

პირადი ჩათვლა

1. ჯენსონ ბატონი - 72 ქულა; 2. რუბენს ბარიკელო - 54; 3. მარკ უებერი - 51.5; 4. სებასტიან ფეტელი - 47; 5. ნიკო როსბერგი - 29.5; 6. ლუის ჰამილტონი - 27; 7. კიმი რაიკონენი - 24; 8. იარნო ტრული - 22.5; 9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) - 22; 10. ტიმო გლოკი - 16; 11. ფერნანდო ალონსო - 16; 12. ჰეიკი კოვალაინენი - 14; 13. ნიკ ჰაიდფელდი - 6; 14. რობერტ კუბიცა - 3; 15. სებასტიან ბუემი - 3; 16. სებასტიან ბურდე (საფრანგეთი, ტორო როსო) – 2; 17. ჯანკარლო ფიზიკელა - 0; 18. ადრიან სუტილი - 0; 19. კაზუკი ნაკაძიმა - 0; 20. ნელსინიუ პიკე (ბრაზილია, რენო) – 0;

21. ხაიმე ალგერსუარი - 0; 22. რომენ გროჟანი - 0; 23. ლუკა ბადოერი - 0 .

კონსტრუქტორთა პირველობა

1. ბრაუნ-მერსედესი - 126 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 98.5; 3. ფერარი - 46; 4. მაკლარენ-მერსედესი - 41; 5. ტოიოტა - 38.5; 6. უილიამს-ტოიოტა - 29.5; 7. რენო - 16; 8. BMW ზაუბერი - 9; 9. ტორო როსო-ფერარი - 5; 10. ფორს ინდია-მერსედესი - 0.

Saturday, August 22, 2009

ვის რამდენი უსხია

European GP

22 აგვისტო

ამ ცხრილის გადახედვის შემდეგ, ბუნებრივად გაჩნდება ვარაუდი, რომ რუბენს ბარიკელოს (სურათზე) პოულის მოპოვების რეალური შანსი ექნებოდა, თუ ის კვალიფიკაციის ბოლო სესიაზე ორი-სამი კილოგრამით ნაკლებ საწვავს ჩაისხამდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ მოწინვე ექვსეულიდან, ის რბოლას ყველაზე მძიმე მანქანით დაიწყებს.

ჰამილტონი ერთ ერთი პირველი შევა ბოქსში. სხვათა შორის, მან კვალიფიკაციის მიწურულს ბოლო წრე ბოლომდე აღარ გაიარა და ბოქსში გადაუხვია, რითაც ერთი წრის საწვავი დაზოგა, ეს კი რბოლისას გამოადგება. ბატონს ისევ ფეტელზე მეტი საწვავი უსხია, მოწინავე ათეულში კი ყველაზე მძიმე მანქანით სტარტზე როსბერგი დადგება. სავარაუდოდ, გერმანელ პილოტს მოკლე მეორე პიტსტოპი ექნება, რამაც რბოლის მიწურულს გარკვეული უპირატესობა უნდა მიანიჭოს.

პილოტი, ქვეყანა, გუნდი მანქანის წონა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 653.0

2. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 655.0

3. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 662.5

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 654.0

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 661.5

6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 661.5

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამსი) 665.0

8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 656.5

9. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბული) 664.5

10. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 657.5

11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 677.0

12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 672.5

13. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 694.7

14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 677.7

15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 688.5

16. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია) 692.5

17. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 702.0

18. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 707.3

19. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 678.5

20. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) 690.5