მონტოია ფ1-ში დაბრუნებას აღარ აპირებს
Montoya Doesn't Consider F1 Return
29 დეკემბერი
ამას წინათ, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კოლუმბიელი მრბოლი ხუან პაბლო მონტოია ფორმულა ერთში დაბრუნებას აპირებს. მაგრამ მალევე თავად მონტოიამ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მართალია, ბევრი მეგობარი დაბრუნებას ურჩევს, მაგრამ ამას არასდროს იზამს.
”ბევრი მირჩევს, რომ ფორმულა 1-ში უნდა დავბრუნდე. მაგრამ მე ტავს კარგად ვგრძნობ და ეს არაფერში მჭირდება. ვფიქრობ, იმის ილუზია არ უნდა მქონდეს, რომ ჩემთვის ახლა ეს შესაძლებელია”, - ამბობს ”უილიამსის” და ”მაკლარენის” ყოფილი პილოტი, ვისაც ფ1-ში სულ 7 რბოლა აქვს მოგებული.
მონტოია ფ1-დან 2006 წელს წავიდა ისე, რომ სეზონი არც დაუმთავრებია. მან გამოაცხადა, რომ კარიერას ნასქარ-ის სერიაში გააგრძელებდა. როგორც ახალბედამ, ამერიკის ყველაზე პოპულარული სერიის მეორე და მესამე სერიებში რბოლებით დაიწყო, შარშან კი სპრინტის სერიაში გადავიდა და მაშინვე ტიტულის მოპოვების შანსი ჰქონდა.
გასული სეზონი მისთვის არც ისე წარმატებული გამოდგა, მაგრამ კოლუმბიელი ამბობს, რომ ნასქარ-ში გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე მოსაბეზრებელ ფორმულა 1-ში. ამერიკაში ის ჩიპ განასის გუნდში ასპარეზობს, ადამიანისა, რომელმაც ჩემპ ქარ-ის და ინდიქარ-ის მწვერვალები დააპყრობინა.
”ამჟამად მეც კმაყოფილი ვარ, ჩემი სპონსორიც და ჩიპ განასიც. მეტი არც არაფერი მინდა. აბუ დაბის რბოლას ვუყურე და როგორც ჩანს, ფ1-ში არაფერი შეცვლილა - ერთი მანქანა მეორეზე წამით სწრაფია, მაგრამ მისი გასწრება მაინც არ შეუძლია. ამბობენ, გასწრების პრობლემას ტრასის კონფიგურაცია განაპირობებს, მაგრამ რაც მახსოვს, ამაზე ლაპარაკობენ და ალბათ სულ ასე იქნება”, - ამბობს მონტოია.
No comments:
Post a Comment