ფორმულა 1-ში ტურბო ძრავები ბრუნდება
FIA Confirms Turbo Engines for 2013
10 დეკემბერი

მონაკოში ჩატარდა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ავტოსპორტის მსოფლიო საბჭოს სხდომა, რომელზეც ფორმულა 1-ის ტექნიკურ რეგლამენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. მთავარი ცვლილება კი ძრავებს ეხება და ის ძალაში 2013 წლის სეზონიდან ამოქმედდება.
ახალი რეგლამენტით, ფ1-ში სავალდებულო გახდება ოთხცილინდრიანი, 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავების გამოყენება. ტურბოდამჭირხნებში დასაშვები მაქსიმალური წნევა 500 ბარი იქნება, ძრავის ბრუნთა მაქსიმალური რიცხვი კი - 12 000. წინასწარი ვარაუდთ, ამ ძრავების დახმარებით, საწვავის ხარჯი დაახლოებით 35 პროცენტით შემცირდება.
ავტომობილები ასევე საწვავის ხარჯის კონტროლისა და კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემებითაც აღიჭურვება. რაც მთავარია, ძრავების სიმძლავრე პრაქტიკულად არ შემცირდება (ახლანდელ ძრავებთან შედარებით). სამაგიეროდ, (სავარაუდოდ) შეიცვლება გუნდებს შორის ამჟამად დამყარებული ძალთა ბალანსი და ჩამორჩენილ ”რენოს” ”მერსედესისა” და ”ფერარის” დაწევის საშუალება მიეცემა.
2013 წლის სეზონში, ყოველი პილოტის განკარგულებაში მხოლოდ ხუთი ძრავი იქნება, თუმცა შემდეგში მათი რიცხვი ოთხამდე შემცირდება. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფებს, მომავალი სეზონიდან, მათი შეცვლა ზედიზედ ხუთი რბოლის განმავლობაში აკრძალულია. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, პილოტი სტარტზე ხუთი ადგილით დაჯარიმდება.
იცვლება შასისთან დაკავშირებული რეგლამენტიც. ახალი განსაზღვრება მიეცა ეგრეთ წოდებულ საბაზო სიბრტყეს (ავტომობილის ძირს). ასევე უფრო მკაცრი ნორმები წესდება უსაფრთხოების ელემენტებზე. დასაშვები გახდა ისეთი პანელების გამოყენება, რომელთა დანიშნულებაც პილოტების ფეხების დაცვაა.
No comments:
Post a Comment