”ფერარის” პრეზიდენტს ალონსო-ფეტელის წყვილი ხიბლავს
Ferrari President Fancies Alonso-Vettel Lineup
21 დეკემბერი
ალბათ გახსოვთ, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, სებასტიან ფეტელმა განცხადა, რომ ოდესმე ”ფერარიში” გადასვლას ისურვებდა. რა თქმა უნდა, მისი ნათქვამი არ გამოპარვია იტალიური საჯინიბოს პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოს, რომელმაც თქვა, რომ დიდი სიამოვნებით გაუფორმებდა კონტრაქტს ახალ ჩემპიონს.
”სებასტიანი ძალიან სწრაფი, ინტელიგენტი და ახალგაზრდა პილოტია, ვისაც დიდი მომავალი აქვს. და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ის წითელი ბოლიდის საჭეს მიუჯდება”, - კიოლნურ ტაბლოიდ ”ექსპრესთან” საუბრისას ამბობს 63 წლის დი მონტეძემოლო.
ფეტელს ”რედ ბულ რეისინგთან” კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა ავსტრიულ გუნდს, მისი კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების უფლება აქვს. სხვათა შორის, მსოფლიოს ახალ ჩემპიონს კონტრაქტი რომ დაუმთავრდება, ზუსტად მაშინ, ბრაზილიელი ფელიპე მასასა და ”ფერარის” ხელშეკრულებაც ამოიწურება. ასე რომ, გამორიცხული არაა, რომ მალე ფეტელისა და ფერნანდო ალონსოს ”ფერარისეული” დუეტი ვიხილოთ.
უნდა ითქვას, რომ ფეტელის ”ფერარიში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით, თავისი აზრი გამოთქვა ”რედ ბულ რეისინგის” კონსულტანტმა, წარსულში ფ1-ის ავსტრიელმა პილოტმა ჰელმუტ მარკომ, ვისი თქმითაც: ”სებს ოდესმე ”ფერარიში” გადასვლის სურვილი აქვს, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვეცდებით, რომ ამ სურვილის ასრულება მაქსიმალურად გავურთულოთ”.
No comments:
Post a Comment