რომაელები ფორმულა 1-ის წინააღმდეგ
Rome Residents Oppose F1 Grand Prix
21 დეკემბერი
რომის დიდი პრიზის ჩატარებას მარტო იტალიის ჩრდილოეთის რეგიონები როდი ეწინააღმდეგებიან. როგორც ირკვევა, ეს იდეა არც თავად რომაელებს მოსწონთ. უფრო კონკრეტულად კი, ქალაქის იმ უბნის (ევროს დასახლება) მაცხოვრებლებს, სადაც ტრასის გაყვანა იგეგმება.
იტალიის დემოკრატიულმა პარტიამ (პარტიტო დემოკრატიკო) ჩაატარა გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ ევროს დასახლების დიდ უმრავლესობას, მათს უბანში სარბოლი მანქანების ხმაურის პერსპექტივა არ ხიბლავს. სულ 2138 ადამიანი გამოიკითხა, რომელთაგან 1750 თვლის, რომ რბოლა ქალაქს უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის, ვიდრე მოგებას მოუტანს. უფრო მეტიც, გამოკითხულთა 93 პროცენტი დარწმუნებულია, რომ რბოლის დღეებში, ქალაქში საცობების რაოდენობა გაიზრდება, გაუარესდება ჰაერი და ქალაქში გამონაბოლქვის სუნი დადგება.
მაგრამ რომის დიდი პრიზის პრომოუტერი მაურიციო ფლამინი ამბობს, რომ გამოკითხვის შედეგები ევროს დასახლების ყველა მაცხოვრებლის აზრს არ გამოხატავს, რადგან მასში მინიმალური მაცხოვრებელი გამოიკითხა. ამასთან, მისივე აზრით, რბოლის ჩატარების მოწინააღმდეგეთა არგუმენტების უმეტესობა უსაფუძვლოა.
სხვათა შორის, უფრო ადრე, ”ფერარის” ფორმულა 1-ის გუნდის შეფმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, რომ რომში ფორმულა 1-ის ეტაპის ჩატარებას მარანელოელები მხარს არ დაუჭერენ. მისი არგუმენტი უფრო ზოგადია - დომენიკალის თქმით, ყველა ქვეყანას მხოლოდ ერთი ეტაპის ჩატარების უფლება უნდა ჰქონდეს.
რომაულ დიდ პრიზს ძლიერი წინააღმდეგობა ჩრდილოეთის ლიგის (ლეგა ნორდ) მხრიდანაც შეხვდა. ამ გართიანბის აზრით, რომს ქალაქ მონცასთვის, იტალიის დიდი პრიზის მოპარვა სურს.
No comments:
Post a Comment