ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, March 7, 2010

ლოებმა მექსიკის რალი მოიგო

Loeb clinches Rally Mexico victory

7 მარტი

ფრანგი სებასტიან ლოების გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპი - მექსიკის რალი. მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონისთვის, ეს მექსიკაში მოპოვებული მეოთხე გამარჯვებაა, რითაც მან ჩემპიონატის ლიდერობაც ხელთ იგდო.

ლოები (მარჯვნივ) და მისი მონაკოელი ნავიგატორი დანიელ ელენა გამარჯვებას ზეიმობენ
.............................................................

მანამდელი ლიდერი, ფინელი მიკო ჰირვონენი, ვინც ჩემპიონატი შვედეთში გამარჯვებით დაიწყო, ამჯერად მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. მექსიკური რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა ნორვეგიელმა მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა პეტერ სოლბერგმა, ვინც ლოებს 24.2 წამით ჩამორჩა, თავად კი მხოლოდ 1.1 წამით აჯობა მესამეზე გასულ ფრანგ სებასტიან ოჟიეს.

”ბოლოს და ბოლოს, მოვიგე და ჩემპიონატის ლიდერიც გავხდი. შვედური ეტაპის შემდეგ, აქ გამარჯვებას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია, მაგრამ ზედმეტი ქულები არ მაწყენს. გუშინ ძალიან კარგი შედეგები მქონდა და დღეს თავს ოდნავ მოდუნების საშუალება მივეცი”, - განაცხადა ლოებმა და დასძინა, რომ ბოლო სპეცმონაკვეთებზე სიფრთხილეს იჩენდა, რომ თუნდაც მცირე შეცდომით, მთელი შრომა წყალში არ ჩაეყარა.

ლოები ასპარეზობისას

.........................................

ფრანგისგან განსხვავებით, მთელი რბოლის დროს პრობლემები ჰქონდა ჰირვონენს, ვინც მეოთხე ადგილი მხოლოდ იმის წყალობით დაიკავა, რომ გუნდის მითითებით, მესამე დღეს შედარებით ნელი ტემპით ირბოლა მისმა თანაგუნდელმა და თანამემამულემ იარი-მატი ლატვალამ. ჰირვონენი რბოლის შემდეგ ჩიოდა, რომ მის ”ფორდს” სიჩქარე აკლდა.

სოლბერგმა და ოჟიემ ურთიერთობა ბოლო, სუპერ სპეცმონაკვეთზე გაარკვიეს, რომელზეც ნორვეგიელმა ფრანგს 1.7 წამით აჯობა და საბოლოო კლასიფიკაციაში მას ოდენ 1.1 წამით მოუგო.

მექსიკის რალის საბოლოო შედეგები

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:42:41.7

2. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) +00:00:24.2

3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 00:00:25.3

4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 00:01:47.5

5. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 00:02:15.1

6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 00:02:48.0

7. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 00:10:13.4

8. ქსავიერ პონსი (ესპანეთი, ფორდი) 00:18:44.4

9. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 00:19:02.0

10. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მიცუბიში) 00:21:32.5

პირადი კლასიფიკაცია ორი ეტაპის შემდეგ

1. სებასტიან ლოები - 43 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი - 37; 3. იარი-მატი ლატვალა - 25; 4. სებასტიან ოჟიე - 25; 5. პეტერ სოლბერგი - 20; 6. ჰენინგ სოლბერგი - 16; 7. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) – 12; 8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) – 6; 9. ფედერიკო ვილაგრა - 6; 10. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სუბარუ) - 4; 11. ქსავიერ პონსი - 4; 12. მარტინ პროკოპი - 2; 13. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, შკოდა) - 1; 14. არმინდო არაუჟო - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. BP-ფორდ აბუ დაბი WRT - 67 წულა; 2. სიტროენ ტოტალ WRT - 61; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 32; 4. შტობარტ VK M-სპორტ WRT - 28; 5. მუნჩი'ს ფორდ WRT - 8

გუნდები 2010 წლის სეზონის წინ

Team by team prospects for 2010 F1 season

6 მარტი

მაკლარენი

ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი)

ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი)

”მაკლარენი” მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს შორის ერთადერთია, რომელსაც ორი ჩემპიონი პილოტი ჰყავს. ასეთი რამ ფ1-ს 1989 წლის შემდეგ არ ახსოვს. მაშინ ”მაკლარენშივე” აირტონ სენა და ალენ პროსტი ასპარეზობდნენ. რა თქმა უნდა, ორივე ტიტულისთვის იბრძოლებს და ერთმანეთს ქულებს წაართმევენ, რამაც შესაძლოა, ტიტულისკენ გზა მეტოქე გუნდების პილოტებს გაუხსნას. იმავდროულად, გუნდს კონსტრუქტორთა პირველობაზე გამარჯვების რეალური შანსი აქვს, ამას კი მან ბოლოს 1998 წელს მიაღწია.

მერსედეს GP

მიხაელ შუმახერი (გერმანია)

ნიკო როებერგი (გერმანია)

კონსტრუქტორთა ჩემპიონ გუნდში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის მოსვლა დიდი მოვლენაა. წითელ ბარონს კარიერაში 91 გამარჯვება აქვს მოპოვებული და ეჭვი არაა, ამ რიცხვის დამრგვალებას სამქიმიანებთან ერთად ეცდება. როსბერგს, ვინც მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონ კეკე როსბერგის შვილია, ჯერ რბოლაც არ მოუგია, თუმცა სეზონის წინა ტესტებზე ერთ-ერთი უსწრაფესი იყო. შუმახერი, გუნდის შეფი როს ბრაუნი და ”მერსედესის” უსაზღვრო რესურსები იმის გარანტიაა, რომ ეს გუნდიც ტიტულის მაძიებელთა შორისაა.

რედ ბული

სებასტიან ფეტელი (გერმანია)

მარკ უებერი (ავსტრალია)

”რედ ბული” ერთადერთი ტოპ გუნდია, რომელსაც პილოტები არ შეუცვლია. ავსტრიულმა გუნდმა გასული სეზონის ბოლო სამი რბოლა მოიგო და ახლაც ფავორიტთა შორისაა. ამას კი ის ფაქტორიც შეუწყობს ხელს, რომ მის სამსახურში ფ1-ის საუკეთესო ინჟინერი ედრიან ნიუი დგას. ფეტელი ამ ეტაპზე საუკეთესო გერმანელი პილოტია, უებერმა კი შარშან რბოლები ფეხმტკივანმა მოიგო, ახალ სეზონს კი ტრავმული პრობლემების გარეშე იწყებს...

ფერარი

ფელიპე მასა (ბრაზილია)

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი)

სკუდერიას ფავორიტი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ალონსოა, რომელმაც გუნდში კიმი რაიკონენი შეცვალა. მას ”ფერარის” და შუმახერის ტანდემი ორჯერ (2005 და 2006 წლებში) ჰყავს დამარცხებული და ახლა, იტალიურ გუნდში იმისთვის მოიწვიეს, რომ მესამე ტიტულს მათთან ერთად დაეუფლოს. სხვა თუ არაფერი, ალონსომ ტესტების დროს განაცხადა, ასეთი კარგი მანქანა ჯერ არ მყოლიაო. რაც შეეხება მასას, ის უნგრეთის შარშანდელი კვალიფიკაციის დროს მიღებულ უმძიმეს ტრავმებსაც გადაურჩა და ახლა მზადაა, ყველას დაუმტკიცოს, რომ ძველებურად სწრაფია. რა თქმა უნდა, ალონსოს იოლად ის არაფერს დაუთმობს. რაც შეეხება მანქანას, ტესტებზე ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

უილიამსი

რუბენს ბარიკელო (ბრაზილია)

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია)

2004 წლის შემდეგ, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი გუნდის პილოტებს ერთი რბოლაც არ მოუგიათ. ”უილიამსს” არც ამ ჩემპიონატში აქვს უკეთესი შანსები, თუმცა უზარმაზარი გამოცდილებისა და მონდომების წყალობით, პელოტონის შუიდან წინ წაწევას ეცდება. ამაში მას ფ1-ის ყველაზე გამოცდილი პილოტი ბარიკელო დაეხმარება, რომელმაც შარშან დაამტკიცა, რომ ჯერ არ დაბერებულა. რაც შეეხება ჰულკენბერგს, ის ამომავალი ვარსკვლავია და ბევრი მას მომავალ ჩემპიონადაც მოიხსენიებს. საინტერესოა, რამდენად შეესაბამება ”კოსუორტის” ძრავის შესაძლებლობები ”უილიამსის” და მისი პილოტების ამბიციებს.

რენო

რობერტ კუბიცა (პოლონეთი)

ვიტალი პეტროვი (რუსეთი)

არცთუ დიდი ხნის წინ, ”რენო” მოწინავე გუნდი იყო. მაგრამ ახლა პელოტონის შუაშია და დიდი მონდომებით ცდილობს კვლავ წინ წაწევას. ამ მცდელობისას, გუნდში კუბიცას ყოფნა მეტად სასარგებლოა. რისი მაქნისია ფ1-ის პირველი რუსი პილოტი პეტროვი, ამას მალე გავიგებთ. თუმცა მისგან ქულებს ფრანგული გუნდი იშვიათად უნდა ელოდოს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ”რენოს” პირობითი დისკვალიფიკაციაც აქვს.

ფორს ინდია

ადრიან სუტლი (გერმანია)

ვიტანტონიო ლიუცი (იტალია)

ინდური გუნდი შარშანდელი სეზონის აღმოჩენაა. ერთი პოული, სამი კვარცხლბეკი და ერთიც რბოლის უსწრაფესი წრე, ”ფორს ინდიას” სოლიდურ პოტენციალზე მეტყველებს. თანაც, მის აქტივში ”მერსედესის” ძრავია, გუნდს კი ტექნიკური თანამშრომლობა აქვს ”მაკლარენთან”. ლიუციმ და სუტილმა შარშან დაამტკიცეს, რომ სწრაფები არიან. ტესტებზე კი მანქანა კარგად გამოიყურებოდა. ასე რომ, ახალი სიურპრიზი არ გამოვრიცხოთ...

ტორო როსო

სებასტიან ბუემი (შვეიცარია)

ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი)

მიუხედავად იმისა, რომ შარშან იტალიური გუნდი ”ნათესავი” ”რედ ბულის” ტექნიკით ასპარეზობდა, მაინც ძალიან გაუჭირდა. ახლა ”ტორო როსომ” თავად შექმნა მანქანა, რომელსაც ისევ ”ფერარის” ძრავი აქვს. ბუემისა და ალგერსუარის სახით, მას ორი ამბიციური პილოტი ჰყავს. ამასთან, მისი მანქანა ტესტებზე კარგად გამოიყურებოდა. იქნებ, სიურპრიზების მხრივ, ახლა სწორედ ”ტორო როსოს” ჯერია?

ლოტუსი

იარნო ტრული (იტალია)

ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი)

ორი გამოცდილი პილოტი ახალბედა გუნდში, რომელსაც მხოლოდ სახელი აქვს ლეგენდარული კოლინ ჩემპმენის გუნდისა. ახლა ის მალაიზიელთა ხელშია და ფულიც არ მოაკლდება. მიზანი კი მოკრძალებულია - ”ლოტუსს” ახალბედებს შორის საუკეთესოს სახელის მოხვეჭა სურს. არადა, ბარსელონას ტესტების დროს, ”ლოტუსის” პილოტები ჰამილტონის აბსოლუტურად საუკეთესო დროს ხუთი წამით ჩამორჩებოდნენ. გუნდს ტექნიკურ დირექტორ მაიკ გასკოინის იმედიც უნდა ჰქონდეს, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება და ცოდნა აქვს.

ისპანია

კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი)

ბრუნო სენა (ბრაზილია)

ის ფაქტიც კი, რომ ესპანური გუნდი ბაჰრეინში გამოვა, მისთვის დიდი მიღწევაა, რადგან ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრეც კი, მისი ბედი ჯერაც გაურკვეველი იყო. ბრუნო სენამ კი განაცხადა, ჩვენ ტესტებს ბაჰრეინიდან ვიწყებთო. ასე რომ, გამოკვეთილი აუტსაიდერი ალბათ ”ისპანია” იქნება. თუმცა, ვინ იცის, სეზონის მსვლელობისას ის როგორ განვითარდება...

BMW ზაუბერი

პედრო დე ლა როსა (ესპანეთი)

კამუი კობაიაში (იაპონია)

შვეიცარული გუნდის მანქანა ჯერ კიდევ მანამ შეიქმნა, სანამ ”ბეემვე” ფ1-დან წასვლას გადაწყვეტდა. ესეც რომ არა, ტესტებზე ბოლიდი საკმაოდ კონკურენტუნარიანი ჩანდა. ასე რომ, სიურპრიზებს მისგანაც ნუ გამოვრიცხავთ. რაც შეეხებათ პილოტებს, დე ლა როსა ძალიან გამოცდილია, თუმცა ბოლო წლებში, რბოლებში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონდა. კობაიაშის კი, თუ მანქანა ამის საშუალებას მისცემს, ბევრის გაოცება ხელეწიფება.

ვირჯინი

ტიმო გლოკი (გერმანია)

ლუკას დი გრასი (ბრაზილია)

ინგლისურ გუნდს დღევანდელ ფ1-ში ყველაზე მცირე ბიუჯეტი აქვს. მისი მანქანა კი ყოველგვარი აეროდინამიკური ტესტების გარეშე, მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობით შეიქმნა. ”ლოტუსივით”, ”ვირჯინიც” ტოპ გუნდებს ხუთი წამით ჩამორჩებოდა. ამასთან, ტესტების დროს ხშირად ზიანდებოდა ჰიდრავლიკა. მაგრამ მანქანის მთავარი შემოქმედი ნიკ უირტი აცხადებს, რომ ლამის ყოველი ეტაპისთვის, ის კონსტრუქციაში სიახლეებს შეიტანს. ასე რომ, ”ვირჯინის” სწრაფი განვითარება ნუ გაგაკვირვებთ. თუმცა, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა მაინც მხოლოდ ახალბედებს შორის საუკეთესოს სახელის მოხვეჭა იქნება.

მექსიკის რალის ლიდერი ლოები გახდა

Loeb takes commanding lead in Mexico (Reuters)

7 მარტი

ასპარეზობის ორი დღის შემდეგ, რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპის, მექსიკის რალის კლასიფიკაციას სათავეში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები (სურათზე) მოექცა.

”სიტროენის” პილოტმა მეორე დღე მესამე ადგილზე, ლიდერთან 27-წამიანი ჩამორჩენით დაიწყო, თუმცა ერთის გარდა, ყველა სპეცმონაკვეთზე (რვაზე) საუკეთესო შედეგები ჰქონდა და დღის ბოლოს, გარდა იმისა, რომ კლასიფიკაციის სათავეში იყო, უახლოეს მდევარს, ნორვეგიელ პეტერ სოლბერგს, ვინც რბოლას პირველი დღის შემდეგ ლიდერობდა, თითქმის წუთს უგებდა.

”შესანიშნავი დღე იყო. შეცდომები არ დამიშვია. არადა, სულ რისკის ზღვარზე ვიარე, რაღა უპირატესობა გამეზარდა. ახლა 50-ზე მეტი უპირატესობა მაქვს და ეს საკმაოდ ბევრია, მაგრამ მთავარია, მესამე დღესაც უშეცდომოდ ვირბოლო. ჩემი გეგმა ესაა”, - განაცხადა ლოებმა.

მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ სოლბერგს, რამდენადაც ლიდერი იყო, რბოლის მეორე დღეს ტრასაზე პირველს უწევდა გასვლა და ასე, გზის მწმენდავის როლს ასრულებდა, რაც ბევრ პრობლემას უქმნიდა. სამაგიეროდ, ბოლო დღეს, სპეცმონაკვეთებზე პირველი ლოები გავა და სოლიდური უპირატესობა მას ლიდერის პოზიციის შენარჩუნებაში დაეხმარება

”ყველაფრის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ჩემთვის დღემ კარგად ჩაიარა. მართალია, ლოებმა ბევრი დრო მომიგო ჯერ რბოლა არ დასრულებულა და ვეცდები, დანაკარგი ხვალ ავინაზღაურო”, - განაცხადა სოლბერგმა, ვინც ”სიტროენით”, ოღონდ კერძო გუნდში ასპარეზობს.

მას მხოლოდ 2.7 წამით ჩამორჩება ”სიტროენ ჟუნიორის” ფრანგი პილოტი სებასტიან ოჟიე, ვინც პირველი დღის შემდეგ მეორე ადგილზე იყო. ნარბოლევს მან განაცხადა, რომ ბოლო სპეცმონაკვეთზე ტემპი ოდნავ დააგდო, რათა დღე ნორვეგიელის უკან დაესრულებინა და მესამე დღეს, უკეთეს გზაზე ასპარეზობის საშუალება მისცემოდა.

რაც შეეხება კიმი რაიკონენს, ვინც ასპარეზობას პირველივე დღეს გამოეთიშა, მან განაცხადა, რომ ჯერაც მოსწავლის როლშია, თუმცა მაინც იმედი ჰქონდა, რომ მექსიკაში კარგი შედეგი ექნებოდა.

მექსიკის რალის მეორე დღის შედეგები

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:08:49.600

2. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:55.500

3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 00:58.200

4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 01:43.900

5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 01:59.900

6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 02:25.200

7. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 09:11.800

8. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 16:28.000

9. ქსავიერ პონსი (ესპანეთი, ფორდი) 16:32.800

10. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მიცუბიში) 18:04.700

Saturday, March 6, 2010

ფორმულა 1-ის კალენდარი და ტრასების თავისებურებანი

Formula One calendar and circuit details

6 მარტი

ფორმულა 1-ის 2010 წლის სეზონი 19 ეტაპს მოიცავს. ჩემპიონატის კალენდარში პირველადაა შეტანილი სამხრეთ კორეის ეტაპი, კანადური დიდი პრიზი კი კალენდარს დაუბრუნდა. სეზონის წინ, კიდევ ერთხელ გაგაცნობთ ახალი ჩემპიონატის განრიგს და ტრასების თავისებურებებზეც მოგიყვებით:

14 მარტი - ბაჰრეინის დიდი პრიზი.

ბაჰრეინი, სახირი. ტრასის სიგრძე 6.297 კმ, 49 წრე, რბოლის დისტანცია 308.405 კმ. შარშანდელი გამარჯვებული ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი), ”ბრაუნ GP”. ერთ-ერთი საუკეთესო ტრასა კალენდარში, მაგრამ პილოტებს საქმეს ქარის მიერ ტრასაზე მოტანილი ქვიშა ურთულებს. შარშან ტრასის სიგრძე 5.412 კმ იყო, მაგრამ რესტავრაციის შემდეგ, ის თითქმის კილომეტრით დაგრძელდა. ახალი სეგმენტი მეოთხე მოსახვევის შემდეგ ჩაემატა, რომელიც რამდენიმე მოსახვევს მოიცავს.

28 მარტი - ავსტრალიის დიდი პრიზი.

მელბურნი, ალბერტ პარკი. 5.303 კმ, 58 წრე, 307.574 კმ. ბატონი. რბოლა ადგილობრივი დროით 17:00 საათზე იწყება, რაც რბოლების ევროპელი ტელემაყურებლისთვის გაწეული ხარკია. ეს კი სირთულეს იმ კუთხით ქმნის, რომ ჩამავალი მზე პილოტების მხედველობას აუარესებს.

4 აპრილი - მალაიზიის დიდი პრიზი

კუალა ლუმპური, სეპანგი. 5.543 კმ, 56 წრე, 310.408 კმ. ბატონი. რბოლა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე იწყება (ესეც ევროპელების ხათრით). მალაიზიური დახუთული ჰაერი პრობლემას უქმნის პილოტებსაც და ტექნიკასაც.

18 აპრილი - ჩინეთის დიდი პრიზი

შანჰაი. 5.451 კმ, 56 წრე, 305.066 კმ. სებასტიან ფეტელი (გერმანია), ”რედ ბული”. ტრასა თანამედროვეა, თუმცა მასზე საინტერესო ევროპის ძველი ტრასებია. სამაგიეროდ, აქაური ტრიბუნა 200 000 მაყურებელს იტევს.

9 მაისი - ესპანეთის დიდი პრიზი

ბარსელონა, ცირკვირ დე კატალუნია. 4.655 კმ, 66 წრე, 307.104 კმ. ბატონი. ამ ტრასაზე ჩემპიონატის მონაწილენი ყველაზე მეტ მანძილს გადიან, რადგან მასზე სეზონისწინა ტესტები ტარდება. ესპანეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ორ რბოლას მასპინძლობს.

16 მაისი - მონაკოს დიდი პრიზი

მონტე კარლო. 3.340 კმ, 78 წრე, 260.520 კმ. ბატონი. ლეგენდარული ტრასა, რომელიც ქალაქ-სახელმწიფოს ქუჩებში გადის. გზის სივიწროვის გამო, მასზე გასწრება უკიდურესადაა გართულებული. ეს კი კვალიფიკაციის შედეგებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

30 მაისი - თურქეთის დიდი პრიზი

სტამბული. ისტანბულ პარკი. 5.338 კმ, 58 წრე, 309.396 კმ. ბატონი. კალენდარში სულ სამი ისეთი ტრასაა, რომელზეც პილოტებს რბოლა საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგოდ უწევთ და ერთ-ერთი მათგანი ისტანბულ პარკია (დანარჩენია ბრაზილიის ინტერლაგუში და სინგაპური). ეს ტრასა სტამბულის აზიურ ნაწილში მდებარეობს და ის სწრაფი მოსახვევებით, სპა ფრანკორშანის ტრასას ჰგავს.

13 ივნისი - კანადის დიდი პრიზი

მონრეალი, ჟილ ვილნევის სახელობის ტრასა. 4.361 კმ, 70 წრე, 305.270 კმ. შარშან ეს რბოლა არ ჩატარებულა. ავტოდრომი მდინარე წმინდა ლავრენტის შუაში მდებარე ხელნაკეთ კუნძულ ნოტრ დამზე მდებარეობს. ეს კუნძული 1976 წელს, დიდი საერთაშორისო გამოფენა ”ექსპოსთვის” შეიქმნა და იქაურ ტრეკზე პირველი რბოლა 1978 წელს ჩატარდა.

27 ივნისი - ევროპის დიდი პრიზი

ვალენსია. 5.419 კმ, 57 წრე, 308.883 კმ. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია),”ბრაუნ GP”. პირველად ეს ტრასა ჩემპიონატის კალენდარში 2008 წელს გაჩნდა და მისით ყველა უკმაყოფილო დარჩა. ეს ევროპაში მეორე საქალაქო ტრასაა (კალენდარში არსებულებს შორის).

11 ივლისი - ბრიტანეთის დიდი პრიზი

სილვერსტოუნი. 5.901 კმ, 52 წრე, 306.747 კმ. ფეტელი. ეს ის ტრასაა, რომელმაც 1950 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სეზონის პირველ რბოლას უმასპინძლა. ეს ფ1-ში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ტრასა იყო და ახალი სეზონის წინ, კიდევ უფრო დაგრძელდა. რბოლა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ემთხვევა.

25 ივლისი - გერმანიის დიდი პრიზი

ჰოკენჰაიმი. 4.574 კმ, 67 წრე, 306.458 კმ. მარკ უებერი (ავსტრალია), ”რედ ბული”. ეს ტრასა გერმანულ ნურბურგრინგთან ერთად, წელიწადში ერთხელ მასპინძლობს ფ1-ის ქარავანს.

1 აგვისტო - უნგრეთის დიდი პრიზი

ბუდაპეშტი, ჰუნგარორინგი. 4.381 კმ, 70 წრე, 306.630 კმ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი). ”მაკლარენი”. პირველი რბოლა სოციალისტური ბანაკის რკინის ფარდის იქით. აღმოსავლეთ ევროპაში ის კვლავაც ერთადერთია. ტრასა ნელია და მასზე გასწრება დიდ სირთულეს წარმოადგენს.

29 აგვისტო - ბელგიის დიდი პრიზი

სპა ფრანკორშანი. 7.004 კმ, 44 წრე, 308.052 კმ. კიმი რაიკონენი (ფინეთი), ”ფერარი”. კლასიკური ტრასა, ყველაზე გრძელი ჩემპიონატში და მეორე უსწრაფესი. თუმცაღა, მას ყოველთვის ცოტა მაყურებელი ესწრება და ამიტომ, მის მფლობელებს ფინანსური პრობლემებიც აქვთ. აქაური ამინდის წინასწარმეტყველება ყოველთვის რთულია. განსაკუთრებით ცნობილია მისი მოსახვევი ”ო რუჟი” (წითელი წყალი), რომლის გავლაც პილოტებისგან დიდ ოსტატობას მოითხოვს.

12 სექტემბერი - იტალიის დიდი პრიზი

მონცა. 5.793 კმ, 53 წრე, 306.720 კმ. ბარიკელო. ყველაზე ძველი და უსწრაფესი ტრასა ფ1-ში. ის მილანის ჩრდილო აღმოსავლეთით, პატარა ქალაქ მონცას სამეფო პარკში მდებარეობს. მასზე მანქანების სიჩქარე ხშირად 360 კმ/სთ-ს, საშუალო სიჩქარე კი 240 კმ/სთ-ს აღწევს.

26 სექტემბერი - სინგაპურის დიდი პრიზი

სინგაპური. 5.073 კმ, 61 წრე, 309.316 კმ. ჰამილტონი. ფ1-ში პირველი ღამის რბოლა სინგაპურში ჩატარდა. დიდი პრიზების კალენდარში შემავალი აზიური ეტაპებიდან, ეს პირველი ტრასაა, რომელიც ქალაქის ქუჩებში, სანაპირო ზოლ ”მარინა ბეის” გზაზე გადის.

10 ოქტომბერი - იაპონიის დიდი პრიზი

სუზუკა. 5.807 კმ, 53 წრე, 307.573 კმ. ფეტელი. ეს ტრასა ”ჰონდას” ეკუთვნის და სწრაფი მოსახვევების გამო ის პილოტებს ძალიან მოსწონთ.

24 ოქტომბერი - სამხრეთ კორეის დიდი პრიზი

კორეა ავტო ვოლი. 5.621 კმ, 55 წრე, 309.155 კმ. ეს ტრასა ახლა შენდება. ის სეულიდან სამხრეთ დასავლეთით, სამხრეთ ჩოლას რეგიონში, სანაპიროზე მდებარეობს.

7 ნოემბერი - ბრაზილიის დიდი პრიზი

სან პაულუ. ინტერლაგუში. 4.309 კმ, 71 წრე, 305.909 კმ. უებერი. ბოლო ხუთ სეზონში, ტიტულის ბედი ბრაზილიაში ირკვეოდა. ოღონდ, შარშანდლამდე, ის სეზონის ბოლო ეტაპი იყო. აქაც წვიმები ხშირია. ტრასა კი თავისი სწრაფი სწორი მონაკვეთებით და მოსახვევებით გამოირჩევა.

14 ნოემბერი - აბუ დაბის დიდი პრიზი

აბუ დაბი. იას მარინა. 5.554 კმ, 55 წრე, 305.355 კმ. ფეტელი. ინფრასტრუქტურასთან ერთად, რომელშიც სასტუმროც შედის, ამ ტრასის მშენებლობა 1 მილიარდი დოლარი დაჯდა. აბუ დაბის დიდი პრიზი პირველია ფ1-ის ისტორიაში, რომელსაც სტარტი დღის სინათლეზე მიეცა, ფინიში კი ხელოვნური განათების პირობებში ჰქონდა.

რაიკონენი მექსიკის რალის პირველივე დღეს გამოეთიშა

Solberg leads in Mexico, Raikkonen crashes out

6 მარტი

მექსიკო სიტის გარეუბანში, რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპი - მექსიკის რალი დაიწყო, რომელსაც ფორმულა 1-ის 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი პირველივე დღეს გამოეთიშა. ასპარეზობას კი ”სიტროენით” მოასპარეზე ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი ლიდერობს.

პირველი დღის შემდეგ, პირველი ოთხი პოზიცია ”სიტროენის” ეკიპაჟებს უკავიათ. სოლბერგს 15 წამით ჩამორჩება ფრანგი სებასტიან ოჟიე, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები კი მესამეზეა და ლიდერთან 27 წამს აგებს. მეოთხეა მისი ესპანელი თანაგუნდელი დანიელ სორდო.

რაიკონენი ასპარეზობისას

..................................................

”მაკლარენისა” და ”ფერარის” ყოფილი პილოტი პირველივე სპეცმონაკვეთის გავლისას, ლოდს დაეჯახა, რამაც მის ”სიტროენს” საჭის მექანიზმი დაუზიანა. ამის მიუხედავად, მან საშუალედო ფინიშს მაინც მიაღწია. მაგრამ ამით მისთვის პრობლემები არ დასრულებულა. მეორე სპეცმონაკვეთზე, მის მანქანის საწვავის ტუმბოს მილი მოსძვრა და ფინელმა კიდევ ნახევარი საათი დაკარგა. კიმიმ გზა მაინც გააგრძელა, მაგრამ დღის მიწურულს, კიდევ ერთი ინციდენტი შეემთხვა და ასპარეზობას გამოეთიშა.

სამაგიეროდ, რბოლის მსვლელობით კმაყოფილია ლოები, ვინც რბოლა პირველმა დაიწყო და ამიტომ, გაუკვალავ გზაზე მოუწია ასპარეზობამ. ”ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ. მთავარია, რომ მანქანა საღად შევინარჩუნე. ასეთ გზაზე მოწინავედ გასვლა ბევრი პრობლემის მომტანია და მე ეს პრობლემები თავიდან ავიცილე. მოველოდით, რომ უპირატესობა იმ პილოტებს ექნებოდათ, რომლებიც რბოლას ჩვენზე გვიან დაიწყებდნენ და ასეც მოხდა”, - ამბობს ლოები.

ფრანგის ვარაუდის სისწორეში სოლბერგმა დაგვარწმუნა, რომელიც ტრასაზე მერვე გავიდა და წინა ეკიპაჟების მანქანების მიერ გაწმენდილ გზაზე იასპარეზა. პირველი დღის ცხრიდან 5 სპეცმონაკვეთი სწორედ მან მოიგო, დანარჩენებზე კი უსწრაფესი ოჟიე იყო.

რაიკონენის მსგავსად, პირველი დღე წარუმატებელი გამოდგა ჩემპიონტის ლიდერის, ფინელი მიკო ჰირვონენისთვის, რომელმაც სეზონის პირველი რბოლა - შვედეთის რალი მოიგო. ის ჯერ პირველ სპეცზე ლოდს დაეჯახა, მომდევნოზე კი - ბეტონის კედელს, თუმცა დღე მაინც მეექვსე ადგილზე დაასრულა და ლიდერს წუთნახევრით ჩამორჩება.

მექსიკის რალის პირველი დღის შედეგები

1. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 1:23:39.900

2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 00:15.000

3. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 00:27.500

4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 00:40.800

5. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 01:01.200

6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 01:31.500

7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 01:37.500

8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 02:47.200

9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 04:19.800

10. კენ ბლოკი (აშშ, ფორდი) 04:33.300

”მერსედესი” ბაჰრეინში გამარჯვებას უმიზნებს

Mercedes targets victory in Bahrain

6 მარტი

ბარსელონას ტესტების მესამე დღეს, როსბერგს ტრასის აბსოლუტურად საუკეთესო დრო ჰქონდა, რომელიც მეოთხე დღეს მხოლოდ ლუის ჰამილტონმა გააუმჯობესა

....................................................

”მერსედეს GP-ს” შეფი როს ბრაუნი აცხადებს, რომ მართალია, მისი გუნდი ახალ სეზონს ისეთი მომზადებული ვერ ხვდება, როგორსაც ის ისურვებდა, თუმცა ჩემპონატის პირველივე რბოლაში გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს.

”უპირველესად, ჩვენი მიზანი ბაჰრეინში გამოსვლაა. მერე კი, როდესაც ვნახავთ, ვინ რა დონეზეა, მიზანს უფრო გარკვვით ჩამოვაყალიბებთ. თუმცა, ჩვენი მიზანი ყოველთვის არის და იქნება შემდეგი რბოლის მოგება. შემდეგი რბოლა კი ბაჰრეინში გვაქვს”, - ამბობს ბრაუნი.

ის ასევე დასძენს, რომ მისი გუნდი სეზონს 100 პროცენტით მომზადებული ვერ ხვდება, რადგან სეზონისთვის მზადების პროცესში, უამრავი პრობლემის მოგვარება მოუხდა. თუმცა, ეს მის ოპტიმიზმს მაინც ვერ აკნინებს:

”ჩვენ ისეთი მომზადებულები ვერ ვართ, როგორც ვისურვებდი, მაგრამ ყურების ჩამოყრას არ ვაპირებთ. ძალიან ძნელი ზამთარი გვქონდა. ჩვენი შტატი 700-დან 450-მდე შემცირდა. შტატის ნაკლებობა რამდენიმე კუთხით იგრძნობოდა. თუმცა, მანქანით კმაყოფილი ვარ და ამის მიზეზი მაქვს. ის ძალიან პერსპექტიული ჩანს. ახლა მთავარია, რომ განვითარების ტემპი გავზარდოთ და ველაფერი კარგად იქნება”.

მართალია, გერმანული გუნდის ბრიტანელი მენეჯერი აღიარებს, რომ მისი გუნდი ლიდერებს ცოტათი ჩამორჩება, თუმცა იქვე დასძენს, რომ ეს სრულებითაც არ აშინებს და რა თქმა უნდა, განწყობაც საბრძოლო აქვს:

”არა მგონის, რომ ”ფერარის” და ”მაკლარენს” წამით ჩამოვრჩეთ. მთავარია ის, რისი გაკეთებაც მოვასწარით. როდესაც მანქანა საწვავით სრულად იყო გაწყობილი და მას რბოლის იმიტაციისას ვცდიდით, ის სრულიად კონკურეტუნარიანად გამოიყურებოდა. მთავარია, კონკრეტული ტრასისთვის მანქანა შესაბამისად მოვმართოთ. მიხაელს საკვალიფიკაციო რეჟიმში არ უვარჟიშია. სამაგიეროდ, ნიკოს მსუბუქი ავზებით კარგი დრო ჰქონდა. ბარსელონას ტესტების მესამე დღეს, მან საუკეთესო შედეგი აჩვნა. ამიტომ, არ მიმაჩნია, რომ სხვებს წამით ჩამოვრჩებით”.

”როგორც ვთქვი, უკეთესად მომზადებას ვისურვებდი, მაგრამ მიზანი მოძრავია და ჩვენც მის გადაადგილებას ზუსტად მივყვებით. ასეთია ჩვენი საქმის თავისებურება. ლიდერი გუნდი ყოველთვის მეტოქეთა სამიზნეა. ლიდერი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. დანარჩენები კი ყოველთვის მდევრის როლში არიან. ჩვენ ყველა ფაზა გავიარეთ იმისათვის, რომ ლიდერობამდე მიგვეღწია. ახლაც იგივე ფაზებს გავდივართ და სულაც არ ვდარდობ ამაზე”.

და, რაც მთავარია, ბრაუნი გვპირდება, რომ ბაჰრეინში, მისი გუნდი გაუმჯობესებულ მანქანას გამოიყვანს:

”ბაჰრეინისთვის რამდენიმე სიახლე გვაქვს. მათი გამოყენება ბარსელონაშივე შეგვეძლო, მაგრამ ასე არ მოვიქეცით. ჩვენ მანქანის ზოგიერთი ელემენტის გამოუცდელად სრულყოფა შეგვიძლია და ამ შესაძლებლობას ვიყენებთ. როდესაც სეზონის განმავლობაში, ტესტირების უფლება არ გვაქვს, ბევრ სიახლეს სწორედ გამოუცდელად ვნერგავთ და ეს ჩვენს ინჟინრულ უნარს ავითარებს. რა თქმა უნდა, სიახლეები ბარსელონაშიც გვქონდა, მაგრამ მთავარი სახლეები ბაჰრეინისთვის შემოვინახეთ”.

Friday, March 5, 2010

FIA-მ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა სია გამოაქვეყნა

The full 2010 Formula 1 entry list

5 მარტი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაქვეყნა იმ გუნდების და პილოტების სია, რომლებიც ფორმულა 1-ის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. სიაში სულ 12 საჯინიბო და 24 პილოტია შეყვანილი.

მონაწილეთა შორის ვერ მოხვდა ამერიკული გუნდი US F1, რომლის ხელმძღვანელობაც იმედოვნებს, რომ მას ჩემპიონატზე შემდეგ სეზონში მაინც დაუშვებენ. ბაჰრეინში ვერც სერბული ”სტეფან GP-ს” მანქანებს ვიხილავთ, რომლის შეფ ზორან სტეფანოვიჩსაც იმედი ჰქონდა, რომ მას ამერიკული გუნდის ჩანაცვლების უფლებას მისცემდნენ. მართალია, ”სტეფან GP-ს” წინასასეზონო ტესტებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ჩემპიონატისთვის მაინც მომზადებული იყო.

სიის გამოქვეყნების მომენტში, პილოტებს შორის, ერთადერთი ვაკანსია იყო შეუვსებელი - ”ისპანია რეისინგს” მეორე პილოტის ვინაობა ჯერაც არ ჰქონდა გამოცხადებული. თუმცა, მოგვიანებით, ეს ვაკანსიაც შეივსო და ის ინდოელმა კარუნ ჩანდჰოკმა დაიკავა. ამასთან, ესპანური გუნდი აქამდე ”კამპოს მეტას” სახელით იყო ცნობილი, ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე კი მას ”ისპანია რეისინგი” დაერქვა.

ძველი სახელით იასპარეზებს ”BMW ზაუბერი”, რომელმაც ჩემპიონატის მონაწილეთა შორის ადგილი მას შემდეგ დაიკავა, რაც ფორმულა 1-დან ”ტოიოტა” გავიდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ იაპონური გუნდის ბაზაზე აღმოცენდა ”სტეფან GP”, რომელმაც ”ტოიოტასგან” ბაზის გარდა, პრაქტიკულად მომზადებული სარბოლი ავტომობილი და ტექნიკური დახმარების პირობაც კი მიიღო.

პილოტი (ქვეყანა) გუნდი (ძრავი)

1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი) ვოდაფონ მაკლარენი (მერსედესი)

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი) ვოდაფონ მაკლარენი (მერსედესი)

3. მიხაელ შუმახერი (გერმანია) მერსედეს GP პეტრონასი (მერსედესი)

4. ნიკო როებერგი (გერმანია) მერსედეს GP პეტრონასი (მერსედესი)

5. სებასტიან ფეტელი (გერმანია) რედ ბულ რეისინგი (რენო)

6. მარკ უებერი (ავსტრალია) რედ ბულ რეისინგი (რენო)

7. ფელიპე მასა (ბრაზილია) სკუდერია ფერარი მარლბორო (ფერარი)

8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი) სკუდერია ფერარი მარლბორო (ფერარი)

9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია) AT&T უილიამსი (კოსუორტი)

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია) AT&T უილიამსი (კოსუორტი)

11. რობერტ კუბიცა (პოლონეთი) რენო F1 ტიმ (რენო)

12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი) რენო F1 ტიმ (რენო)

14. ადრიან სუტლი (გერმანია) ფორს ინდია F1 ტიმ (მერსედესი)

15. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია) ფორს ინდია F1 ტიმ (მერსედესი)

16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია) სკუდერია ტორო როსო (ფერარი)

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი) სკუდერია ტორო როსო (ფერარი)

18. იარნო ტრული (იტალია) ლოტუს რეისინგი (კოსუორტი)

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი) ლოტუს რეისინგი (კოსუორტი)

20. კარუნ ჩანდჰოკი ისპანია რეისინგ ტიმ (კოსუორტი)

21. ბრუნო სენა (ბრაზილია) ისპანია რეისინგ ტიმ (კოსუორტი)

22. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი) BMW ზაუბერი (ფერარი)

23. კამუი კობაიაში (იაპონია) BMW ზაუბერი (ფერარი)

24. ტიმო გლოკი (გერმანია) ვირჯინ რეისინგი (კოსუორტი)

25. ლუკას დი გრასი (ბრაზილია) ვირჯინ რეისინგი (კოსუორტი)

Wednesday, March 3, 2010

ბატონის აზრით, ტიტულისთვისს შვიდი გუნდი იბრძოლებს

Button foresees seven-way title tussle in 2010 (Reuters)

3 მარტი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონი, ბრიტანელი ჯენსონ ბატონი (სურათზე) ვარაუდობს, რომ ახალ სეზონში, ჩემპიონის ტიტულისთვის შვიდი გუნდი იბრძოლებს.

”ვფიქრობ, იმ გუნდების რიცხვი, რომლებსაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის უნარი შესწევთ, ოთხზე მეტია. ჩვენ, ”ფერარის”, ”მერსედესს” და ”რედ ბულს” ყველა უდავო ფავორიტად მოგვიხსენიებს. მაგრამ შეცდომა იქნება, თუ ”ზაუბერს”, ”ფორს ინდიას” და ”უილიამსს” ჩამოვწერთ. ესენი ჩვენგან შორს არ არიან და მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, სწრაფად დაწევა შეუძლიათ. ასე რომ წინ ძალიან საინტერესო სეზონი გველის”, - როიტერთან სატელევიზიო საუბრისას განაცხადა ბატონმა.

ბარსელონაში დასრულებულ წინასასეზონო ტესტებზე, ოთხი დღის ჯამში, საუკეთესო დრო ბატონის თანაგუნდელს, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს ჰქონდა, რომელსაც ”რედ ბულის” ავსტრალიელი მარკ უებერი და ”ფერარის” ბრაზილიელი ფელიპე მასა მცირედით ჩამორჩნენ. თან საინტერესოა ისიც, რომ ჰამილტონმა ეს შედეგი სარბოლი სიმულაციის დროს დააფიქსირა.

ჰამილტონი მოუთმენლად ელის იმ მომენტს, როდესაც ტრასაზე სარბოლად მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონთან, გერმანელ მიხაელ შუმახერთან ერთად გამოვა. ”მიხაელი სპორტის ლეგენდაა და ძალიან მიხარია, რომ მასთან ერთად, რბოლებში მონაწილეობის საშუალება მექნება”, - ამბობს ჰამილტონი.

”კამპოს მეტას” ნაცვლად ”ისპანია F1

Campos to race under Hispania name

3 მარტი

ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფორმულა 1-ის ახალბედა, ესპანური გუნდი ”კამპოს მეტა” სახელს იცვლის. ამიერიდან, მისი სრული სახელი ”ისპანია რეისინგ F1” იქნება. ეს გადაწყვეტილება გუნდმა დღეს დილით გამოაქვეყნა, ხვალ კი ოფიციალურ პრეზენტაციას ქალაქ მურსიაში გამართავს.

მოსალოდნელია, რომ ”ისპანია რეისინგი” მურსიაში თავისი პილოტების ვინაობასაც დაასახელებს. მათგან ერთტან - ბრაზილიელ ბრუნო სენასთან, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. მეორე პილოტი კი ალბათ ინდოელი კარუნ ჩანდჰოკი გახდება. რაც შეეხება სათადარიგო პილოტს, ამ ადგილს ალბათ არგენტინელ ხოსე მარია ლოპესს ჩააბარებენ, რომელმაც არშემდგარ US F1-თან კონტრაქტი უკვე გაწყვიტა.

ინგლისურ გამოცემა ”ავტოსპორტის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ესპანური საჯინიბოს დამაარსებელი და ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ადრიან კამპოსი, რომელმაც ახლახან თავისი გუნდის აქციები ესპანელ ხოსე რამონ კარაბანტეს მიჰყიდა, ”ისპანია რეისინგში” დარჩება და მისი აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს.

ჯერჯერობით, ”ისპანია რეისინგი” ქალაქ ალიკანტეს მახლობლად, ქალაქ ალსირაში გააგრძელებს მუშაობას, თუმცა მალე ის მურსიაში გადაბარგდება, სადაც ”კარაბანტეს” ერთ-ერთი კომპანია, ”ისპანია” მდებარეობს. გუნდს კი ისევ კოლინ კოლესი გაუძღვება, რომელიც გუნდის მმართველ დირექტორად ერთი თვის წინ დაინიშნა.

”გუნდის ახალი სახელი ფორმულა 1-ში ჩვენი ახალი ამბიციების გამოვლენაა. ამით დასრულდა ყველა ის წინააღმდეგობა, რაც მას დაარსებიდან მოყოლებული, დღემდე ჰქონია. ბაჰრეინში კი ჩვენი რეალური დებიუტის მომსწრენი გახდებით. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ პადოკში ისეთი ლეგენდარული გუნდების გვერდით დავიკავებთ ადგილს, როგორებიც ”ფერარი”, ”მაკლარენი”, ”უილიამსი” და ”ლოტუსია”. შემდეგი სეზონების განმავლობაში კი ჩვენი რეპუტაციის დამკვიდრებას ვეცდებით”, - ნათქვამია კოლესის (სურათზე) განცხადებაში.