ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, January 12, 2011

რაიკონენი ”სიტროენში” დარჩა

Raikkonen confirmed for WRC return

12 იანვარი

კიმი რაიკონენი თავის კარიერას ისევ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე და ისევ ”სიტროენის” საქარხნო მხარდაჭერით გააგრძელებს. ოღონდ, ის ამჯერად ახლახანს ჩამოყალიბებული გუნდის, ICE1 რეისინგის ”სიტროენ DS3-ით” იასპარეზებს. მომავალ ჩემპიონატში ასევე იასპარეზებს მსოფლიოს 2003 წლის ჩემპიონი, ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი, ვინც საკუთარ გუნდ ”პეტერ სოლბერგ WRC ტიმ-ის” ”სიტროენ DS3-ით” საჭეს მიუჯდება.

ახალი ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რომელიც შვედეთში 10 თებერვალს დაიწყება, სულ ოთხი ”სიტროენ DS3” გამოვა, რომლებსაც ფრანგული კომპანიის მექანიკოსები მოემსახურებიან. რაიკონენისა და სილბერგის გარდა, ახალი მანქანით ასპარეზობის საშუალება ”სიტროენის” საქარხნო გუნდის პილოტებს - ფრანგ სებასტიან ლოებსა და მის თანამემამულე სებასტიან ოჟიესაც ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ შვედური რალის ორგანიზატრებმა რაიკონენის განაცხადი, ვადის ამოწურვამდე 3 წუთით ადრე მიიღეს. სოლბერგს კი საერთოდაც დაუგვიანდა, თუმცა ”სიტროენის” მხარდაჭერის წყალობით, რბოლაზე მანაც შეძლო დარეგისტრირება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მომენტამდე, ამ ორ პილოტზე არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომელთა შესაბამისადაც, ისინი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას აღარ აპირებდნენ. რაიკონენის შემთხვევაში, ამის მიზეზად, მისი მამის გარდაცვალება ცხადდებოდა, თუმცა მეორე ვერსიით, კიმი ”ფორდის” საქარხნო გუნდში გადასვლას აპირებდა. რაც შეეხება სოლბერგს, იყო ვარაუდი იმისა, რომ ის ახალ სეზონს, ტურიზმის კლასის მსოფლიო ჩემპიონატზე (WTCC) გაატარებდა.

”სიტროენში” სოლბერგის და რაიკონენის დარჩენა იმის მაუწყებელია, რომ ფრანგულ გუნდში ადგილი აღარ რჩება ჰოლანდიელი მრბოლის, პეტერ ფან მერკშტაინ-უმცროსისთვის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მამამისის გუნდის, ”ფან მერკშტაინ მოტორსპორტის” მანქანით ასპარეზობას აპირებს. თავიდან იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ის ”სიტროენ DS3-ით” იასპარეზებდა, თუმცა სოლბერგისა და რაიკონენის დათანხმებით, ფრანგულ კომპანიას ჰოლანდიელისთვის მანქანა აღარ რჩება, რადგან ამ სეზონში, ”სიტროენი” მხოლოდ ოთხი DS3-ის გამოყვანას აპირებს.

გასული სეზონი სოლბერგმა მესამე ადგილზე დაასრულა. მან რვაჯერ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. რაც შეეხება რაიკონენს, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი დებიუტი არცთუ წარმატებული გამოდგა. ხშირ ავარიებზე რომ არაფერი ვთქვათ, ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონის საუკეთესო შედეგი, თურქეთის რალიზე დაკავებული მეხუთე ადგილია. ისე კი, კარიერაში პირველი სპეცმონაკვეთი მან გერმანიის რალის დროს მოიგო.

Sunday, January 9, 2011

რედ ბული” პირველი ტესტებისთვის მზად იქნება

New Red Bull on target for first test

9 იანვარი

”რედ ბულ რეისინგის” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სეზონისწინა პირველივე ტესტებზე, რომლებსაც ვალენსია უმასპინძლებს, ახალი ბოლიდის გამოყვასნას შეძლებს. წინა ორი სეზონისგან განსხვავებით, ავსტრიული გუნდი ამჯერად დროულად ასწრებს მანქანის მომზადებას, რასავ ვერ ვიტყვით მის კონკურენტ ”მაკლარენზე”, რომელმაც ახლახანს გამოაცხადა, რომ პირველ ტესტებზე შუალედური მანქანით გამოვა.

”ჩვენ გრაფიკს მივყვებით და პირველი ეტსტებისთვის მანქანა მზად უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იქნება დროში ჩატევა, მაგრამ ჩვენი მიზანი სწორედ ესაა. ჩვენი გეგმების შესახებ ოფიციალურ განცხადებას მალე გამოვაქვეყნებთ”, - ამბობს გუნდის შეფი ქრისტიან ჰორნერი.

წინა წლებში, ”რედ ბული” ახალი მანქანის ტესტებისთვის მომზადებას იმის გამო აგვიანებდა, რომ საჭირო იყო მანქანის აეროდინამიკის დახვეწა, რასაც აეროდინამიკურ მილში დამატებითი ტესტები სჭირდებოდა. შარშანაც გუნდმა პირველი ტესტები იმის გამო გააცდინა, რომ მისმა ტექნიკურმა ინჟინერმა ედრიან ნიუიმ მანქანის სრულყოფისთვის დამატებითი დრო მოითხოვა.

მაგრამ ახალი სეზონის წინ, იმავე ნიუიმ უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა, რომ გუნდმა ”პირელის” საბურავებით რაც შეიძლება მეტი წრის გავლა შეძლოს. ამ სეზონის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა სწორედ ესაა - ”პირელიმ” გასული სეზონის დასრულების შემდეგ ”ბრიჯსტოუნი” შეცვალა და როგორ მიიღებს მანქანების საკიდარი იტალიურ საბურავებს, ამას სეზონის განმავლობაში დიდი მნიშვნელობა ექნება.

”რედ ბულ რეისინგის” მრჩეველი, წარსულში თავადაც ფორმულა 1-ის პილოტი, ავსტრიელი ჰელმუტ მარკო ამბობს, რომ ახალი მანქანის ოფიციალური პრეზენტაცია არ იგეგმება და რომ ის პირველად სწორედ ვალენსიური ტესტების დროს გამოჩნდება.

”ტესტებს ყოველგვარი ფორმალური პრეზენტაციის გარეშე დავიწყებთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ RB7 პირველივე ტესტებიდან ტრასაზე გვყავდეს. რა თქმა უნდა, მოსწრება ძალიან ძნელი იქნება, თუმცა აქამდე გრაფიკს მივყვებით და ვიმედოვნებ, რომ მას არც ჩამოვრჩებით”, - ამბობს მარკო.

ცნობისათვის, პირველ ტესტებს, რომლებიც 1-3 თებერვალს, ვალენსიაში ჩატარდება, ”მაკლარენის” გარდა ”ფორს ინდია”, ”ვირჯინი” და ”ისპანია რეისინგიც” გამოტოვებენ.

Friday, January 7, 2011

”მაკლარენი” ტესტებს შუალედური მანქანით დაიწყებს

McLaren plans interim car for first test

7 იანვარი

”მაკლარენმა” თავისი ახალი სარბოლი ბოლიდის (MP4-26) პრეზენტაცია 4 თებერვალს, ბერლინში დანიშნა. მანამდე კი, პირველ წინასასეზონო ტესტებზე, რომლებიც 1-3 თებერვალს, ვალენსიაში ჩატარდება, ”მაკლარენის” პილოტები შარშანდელი მანქანის ბაზაზე მომზადებული შუალედური მანქანით ივარჯიშებენ.

”ავტოსპორტისთვის” ცნობილი გახდა ისიც, რომ ახალი მანქანა ვერცხლისფერში არ იქნება გამოწყობილი. რამდენადაც ”მერსედეს ბენცი” აღარაა ინგლისური გუნდის თანამფლობელი, ”მაკლარენი” თავისი მანქანის შეღებვისას, ვერცხლისფერს აღარ გამოიყენებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფერისა იქნება ახალი ბოლიდი. სავარაუდოდ, გუნდი მის პირვანდელ, ფორთოხლისფერს დაიბრუნებს.

რაც შეეხება შუალედურ მანქანას, ის შარშანდელი MP4-25-ის ბაზაზე კი მომზადდა, თუმცა მისი აეროდინამიკური აღჭურვა სრულიად ახალი იქნება. ახალი მანქანის დაგვიანებით გამოყვანის წყალობით, ”მაკლარენს” MP4-26-ისთვის აეროდინამიკურ მილში დამატებითი ტესტების ჩატარების საშუალება ექნება. აეროდინამიკას გამოცდა პირველ ტესტებზეც ჩაუტარდება. ამავე დღეებში, გუნდი ”პირელის” საბურავებსაც მოირგებს.

”მანქანა კარგად გამოიყურება. ჯერჯერობით, მასზე ამაზე მეტის თქმა არ შეგვიძლია, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დაგ მაკკირნანმა და მისი აეროდინამიკოსების ჯგუფმა თავდაუზოგავად იმუშავეს და MP4-26-ისთვის აეროდინამიკური პლატფორმა მოამზადეს, რომელსაც ეტყობა, რომ კარგი უნდა იყოს”, - ამბობს გუნდის შარშანდელი მანქანის მთავარი ინჟინერი ტიმ გოსი.

”მაკლარენის” გარდა, ვალენსიას ტესტებზე, შარშანდელი მანქანით ”ფორს ინდია” და ”ისპანია რეისინგიც” აპირებენ ვარჯიშს. სხვათა შორის, ”რედ ბულ რეისინგმაც” შარშანდელი სეზონის წინ, მანქანის გამოცდა გვიან დაიწყო, თუმცა ამჯერად გუნდი პირველივე ტესტებზე ახალ ბოლიდს გამოიყვანს.

Thursday, January 6, 2011

როსბერგს პირველი გამარჯვება სჭირდება

Rosberg Wants to Become Grand Prix Winner in 2011

6 იანვარი

ნიკო როსბერგი აცხადებს, რომ ახალ სეზონს ერთი მიზნით დაიწყებს - მოიპოვოს თავის კარიერაში პირველი გამარჯვება. როსბერგისთვის კვარცხლბეკი უცხო ხილი არაა - იქ რამდენჯერმე იდგა. გასულ სეზონში ეს სამჯერ შესძლო, მაგრამ უმაღლეს საფეხურზე ჯერ ერთხელაც არ ასულა. ამიტომ, ამჟამად მისი უპირველესი ამოცანა ამ ფსიქოლოგიური ბარიერის დაძლევაა, რის შემდეგაც, ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე ფიქრიც შეიძლება.

ამჯერად, მას გამარჯვებისთვის ბრძოლის კარგი შესაძლებლობაც ექნება - გასული სეზონისგან განსხვავებით, ”მერსედესს” კარგი მანქანა უნდა ჰქონდეს, რომელიც მასაც და მის ლეგენდარულ თანაგუნდელ მიხაელ შუმახერსაც, ლიდერებთან თანასწორად ბრძოლის საშუალებას მისცემს.

რა იძლევა იმის თქმის საბაბს, რომ სამქიმიანები წელს ლიდერთა შორის იქნებიან? ამას ორი მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, გერმანულმა გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება მის კონკურენტებზე ადრე დაიწყო. ამ გარემოებას კი, როგორც წესი, როს ბრაუნი კარგად იყენებს ხოლმე. მეორეც, რაც ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, ”მერსედესის” გუნდი უფრო ორგანიზებულია, ვიდრე თუნდაც შარშან. ეს კი მას სტრატეგიულ მიზნებზე უკეთ მობილიზების საშუალებას მისცემს.

”ჩვენთვის ახალ სეზონში ადვილი არაფერი იქნება. ნახტომისებრი წინსვლა ძალიან ძნელია და ეს რომც შევძლოთ, საკმარისი მაინც არ იქნება, რადგან სხვებს ჩვენზე უკეთესი სასტარტო პოზიცია აქვთ. რა თქმა უნდა, მოწინავეთა რიგებში დაბრუნება ძალიან ძნელია, თუმცა შეუძლებელიც არაფერია. ვნახოთ, სეზონის დასაწყისი ბევრ კითხვაზე გაგვცემს პასუხს”, - ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას ამბობს როსბერგი.

სხვათა შორის, როს ბრაუნი ამბობს, რომ როსბერგისთვის პირველი გამარჯვების მოპოვება ერთგვარ ფსიქოლოგიურ ბარიერად იქცა, რომლის გადალახვის შემდეგაც, მისი კარიერა მკვეთრ აღმავლობას დაიწყებს (ასე იყო მიკა ჰაკინენის შემთხვევაშიც). სხვათა შორის, ნიკოს გასულ სეზონში ერთი სერიოზული მიღწევა ჰქონდა - ის მიხაელ შუმახერის ერთადერთი თანაგუნდელია, რომელსაც სეზონის განმავლობაში, უკეთესი შედეგები ჰქონდა, ვიდრე მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს. რა ტქმა უნდა, ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა, თუმცა ისტორიაში ის მიზეზები კი არა, ფაქტები რჩება.

”ნიკო ძალიან გაწონასწორებული მრბოლია და ტრასაზე სისულელეებს არ აკეთებს. ამასთან, როცა საქმე გასწრებაზე მიდგება, ამ საქმესაც შესანიშნავად ართმევს თავს. შესაძლოა, ამჟამად მაყურებლის თვალში ეს ნაკლებად ჩანს, მაგრამ ნახავთ, პირველი გამარჯვების შემდეგ, ყველაფერი შეიცვლება”, - ამბობს ბრაუნი.

Tuesday, January 4, 2011

”ფერარი” მასას პრობლემებს გვაცნობს

Ferrari Identifies Massa's Problems

4 იანვარი

სტეფანო დომენიკალი და ფელიპე მასა

..............................

ფელიპე მასამ გასული სეზონი აშკარად ჩააგდო და ყველას ეგონა, რომ ”ფერარი” მის დატოვებას აღარ ისურვებდა. მითუმეტეს, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ იტალიური გუნდი პოლონელი რობერტ კუბიცას გადაბირებას ცდილობდა. მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, მარანელოელებმა ბრაზილიელ პილოტს კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაუგრძელეს და ახლა ირწმუნებიან, რომ მომავალ სეზონში, ისევ მებრძოლ მასას ვიხილავთ.

ბევრი თვლის, რომ ”ფერარიმ” და მასამ კონტრაქტი მხოლოდ იმის გამო გააგრძელეს, რომ ბრაზილიელი მეორე პილოტის როლს დათანხმდა. მაგრამ სკუდერიას შეფი სტეფანო დომენიკალი ირწმუნება, რომ ასე არაა და რომ მასას ჩემპიონობისთვის ბრძოლის ისეთივე საშუალება ექნება, როგორიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს.

ამასთან, იტალიურ გამოცემა ”ლა რეპუბლიკასთან” საუბრისას, გუნდის შეფმა ასევე ილაპარაკა იმ გარემოებაზე, რამაც მასას გასულ სეზონში თავის გამოჩენაში შეუშალა ხელი:

”ნაწილობრივ, მისი პრობლემები ტემპერამენტის ბრალი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, არის სხვა პრობლემებიც, რომლებიც მის გამოსვლაზე უარყოფითად მოქმედებს. საერთოდ, რბოლის წინ, ნებისმიერი პილოტი შესაბამის განწყობაზე თუ არაა, კარგი შედეგის ჩვენება გაუჭირდება. მთავარი ფსიქოლოგიურად განწყობაა. როცა პრობლემა გექმნება, მისი ფსიქოლოგიურად გადატანა უნდა შეგეძლოს. თუ არა, მაშინ უფრო დიდი პრობლემები წარმოიქმნება. ვფიქრობ, ფელიპეს შემთხვევაშიც, მსგავსი რამ ხდებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ამას დაძლევს. ის ამ საკითხზე მუშაობს და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მე მჯერა, მომავალ სეზონში შესანიშნავ მასას ვიხილავთ”.

ამასთან, დომენიკალი იმასაც ამბობს, რომ წითელი მანქანით მოასპარეზე პილოტებს, ზედიზედ სამი სეზონის ჩაგდების უფლება არ აქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტის გაგრძელების მიუხედავად, მასას გუნდში ადგილის შესანარჩუნებლად, დიდი ბრძოლა მოუწევს.

რაიკონენმა შეიძლება კარიერა დაასრულოს

Raikkonen May Quit Racing After Father's Death

4 იანვარი

არაა გამორიცხული, რომ კიმი რაიკონენმა თავის სამომავლო გეგმები შეცვალოს, ამის მიზეზი კი მისი მამის მოულოდნელი გარდაცვალებაა. მატი რაიკონენი შობის დღესასწაულამდე ორი დღით ადრე გარდაიცვალა, რამაც მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონზე ძლიერ იმოქმედა. ფინურ გაზეთ ”ილტალეჰტის” ინფორმაციით, ამჟამად 31 წლის პილოტი სერიოზულად განიხილავს 2011 წლის სეზონის გამოტოვების საკითხს.

ამავე გაზეთის ცნობით, კიმის თავის 56 წლის მამასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მატი რაიკონენმა, ვინც პროფესიით გზის მშენებელი იყო, დიდი როლი ითამაშა შვილის კარიერის ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებით კი ის კიმის კარიერის დასაწყისში ეხმარებოდა.

”მატი რაიკონენის გარდაცვალების შემდეგ, კიმის გეგმები რადიკალურად შეიცვალა. ვიმედოვნებ, ის რალიში დარჩება, რადგან მეორე სეზონში წარმატების გაცილებით მეტი შანსი გვექნება. პირველ სეზონში მან ბევრი რამ ისწავლა და მეორე სეზონისთვის დიდი გამოცდილება დააგროვა, რაც ძალიან გამოადგება”, - ამბობს რაიკონენის ფინელი ნავიგატორი კაი ლინდსტრომი.

მამის დაკარგვამდე, კიმის ”სიტროენიდან” ”ფორდში” გადასვლა სურდა. შეგახსენებთ, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი დებიუტი ”სიტროენ ჯუნიორ ტიმში” შედგა, მისი სპონსორი კი ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ”რედ ბული” იყო. თავის ბოლო ინტერვიუში მას ნათქვამი აქვს, რომ პირველ სეზონში ის უკეთეს მრბოლად ჩამოაყალიბა და რომ ამ სეზონშიც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა სურს. სამომავლოდ კი ის არც ფ1-ში დაბრუნებას გამორიცხავდა.

Friday, December 31, 2010

”ფერარის” ახალმა ბოლიდმა ქრეშ ტესტი გაიარა

Ferrari 2011 Chassis Passes FIA Crash Tests

31 დეკემბერი

”ფერარი” ერთ-ერთი პირველი გუნდია, რომელმაც თავისი ახალი შასის მონოკოკის ქრეშ ტესტი წარმატებით გაიარა, რის შემდეგაც, ბოლიდის სრულყოფის გაგრძელების საშუალება მიეცა. ქრეშ ტესტის გავლა იმას ნიშნავს, რომ მონოკოკი უსაფრთხოების ნორმებს შეესაბამება და მისი გადაკეთება საჭირო აღარ იქნება.

ამ ტესტის წარმატებით გავლას დიდი მნიშვნელობა იმიტომაც აქვს, რომ იტალიურმა გუნდმა მნიშვნელოვნად შეცვალა შასის კონსტრუქცია და მასში ახალი, იტალიური პრესის ინფორმაციით, უფრო ”ექსტრემალური” კომპოზიციური მასალები გამოიყენა. მოკლედ, მარანელოელებს ყველა წინაპირობა აქვთ იმისათვის, რომ ახალი სეზონი თავიდანვე მოწინავეთა რანგში დაიწყონ.

”გუნდის ქრეშ ტესტის შეფმა დავიდე ტერლეტიმ, ტესტის შემდგომ, მონოკოკზე წარმოქმნილი ბზარი აღმოაჩინა. მისმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამ ბზარს, მონოკოკის სიმტკიცის გაუარესება არ შეუძლია, რადგან ის მეორეხარისხოვანი დეტალის ზედაპირზე წარმოიქმნა”, - ნათქვამია ახალი ამბების სააგენტო ჯიემემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც წესი, ქრეშ ტესტებს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) დელეგატები ესწრებიან და ისინი ადასტურებენ მონოკოკის ვარგისიანობას. ”ფერარის” შასის ქრეშ ტესტები ბოლატეში, მილანის მახლობლად ჩატარდა. მართალია, ახალ მანქანას დაჯახებაზე გამოცდები კიდევ ჩაუტარდება, თუმცა ამჯერად, ისინი საბაზო შასის აღარ შეეხება.

”ფერარი” თავისი ახალი ბოლიდის ოფიციალურ პრეზენტაციას წინასასეზონო ტესტების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაატარებს. ტესტები კი სტარტს ვალენსიაში, 1 თებერვალს აიღებს.

Wednesday, December 29, 2010

რედ ბული” შეიძლება ”ფოლკსვაგენის” ძრავებზე გადავიდეს

Red Bull Hint at Future VW Engine F1 Deal

29 დეკემბერი

”რედ ბულ რეისინგი” ”რენოს” ძრავების გამოყენებას მანამ გააგრძელებს, სანამ ფორმულა ერთში ძრავების ახალი რეგლამენტი ამოქმედდება. 2013 წლიდან კი, როცა რეგლამენტი ისევ დაუშვებს ტურბოძრავების გამოყენებას, ავსტრიული გუნდი ფრანგულ კომპანიასთან კონტრაქტს ალბათ აღარ გააგრძელებს.

ამის მიზეზი კი შეიძლება ის გარემოება გახდეს, რომ ფ1-ით დაინტერესებას გერმანული კომპანია ”ფოლკსვაგენი” იჩენს. და თუ ევროპის უდიდესი ავტომწარმოებელი დიდი პრიზების ცირკში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, მის ძრავებს პირველ რიგში, ”რედ ბულ რეისინგი” მიიღებს.

ორ კომპანიას შორის, ავტო სპორტში ისედაც მჭიდრო ურთიერთობაა. კერძოდ, ენერგტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ”ფოლკსვაგენის” საქარხნო გუნდის სპონსორია დაკარის რალი მარათონზე, რომელზეც ორი წელია, ისინი პირველობას არავის უთმობენ. თანაც, ახლახანს ”რედ ბულის” დამაარსებელმა და მფლობელმა დიტრიხ მატეშიცმა განაცხადა, რომ მალე მისი კომპანია ”საინტერესო” პარტნიორობას ელის. ვისგან და როდის იქნება ეს ”მალე” არ დაუკონკრეტებია.

”ფორმულა 1-ში მალე საინტერესო პარტნიორობას დავიწყებთ. თუ არა, მაშინ არც ისაა გამორიცხული, რომ საკუთარ ძრავებს დავამზადებთ. ვფიქრობ, ეს აბსურდულ იდეად არ მოგეჩვენებათ”, - ამბობს მატეშიცი.

რა თქმა უნდა, საკუთარი ძრავის შექმნა და წარმოება ბევრ სირთულესთან იქნება დაკავშირებული. გუნდში უნდა ჩამოყალიბდეს ცალკე ძრავების დეპარტამენტი, სადაც გამოცდილი სპეციალისტების მიწვევა იქნება საჭირო. ყველაფერს კი იმდენად დიდი კაპიტალდაბანდება დასჭირდება, რომ სავარაუდოდ, ”რედ ბული” ამას მოერიდება და ძრავების ”ფოლკსვაგენისგან” მიღებას ამჯობინებს.

”ახლა მთავარია, რომ ყველა შემოთავაზება ღიად დავტოვოთ. ამ საქმეში მისტერ მატეშიცს დიდი გამოცდილება აქვს. ის კი ამბობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია”, - ამბობს ”რედ ბულ რეისინგის” შეფი ქრისტიან ჰორნერი. ამ სიტყვებში კი ყველაზე მთავარი ისაა, რომ ავსტრიული კომპანია ერთჯერად ტრიუმფს არ სჯერდება და ფ1-ში დიდი ხნით დარჩენას აპირებს.

მონტოია ფ1-ში დაბრუნებას აღარ აპირებს

Montoya Doesn't Consider F1 Return

29 დეკემბერი

ამას წინათ, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კოლუმბიელი მრბოლი ხუან პაბლო მონტოია ფორმულა ერთში დაბრუნებას აპირებს. მაგრამ მალევე თავად მონტოიამ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მართალია, ბევრი მეგობარი დაბრუნებას ურჩევს, მაგრამ ამას არასდროს იზამს.

”ბევრი მირჩევს, რომ ფორმულა 1-ში უნდა დავბრუნდე. მაგრამ მე ტავს კარგად ვგრძნობ და ეს არაფერში მჭირდება. ვფიქრობ, იმის ილუზია არ უნდა მქონდეს, რომ ჩემთვის ახლა ეს შესაძლებელია”, - ამბობს ”უილიამსის” და ”მაკლარენის” ყოფილი პილოტი, ვისაც ფ1-ში სულ 7 რბოლა აქვს მოგებული.

მონტოია ფ1-დან 2006 წელს წავიდა ისე, რომ სეზონი არც დაუმთავრებია. მან გამოაცხადა, რომ კარიერას ნასქარ-ის სერიაში გააგრძელებდა. როგორც ახალბედამ, ამერიკის ყველაზე პოპულარული სერიის მეორე და მესამე სერიებში რბოლებით დაიწყო, შარშან კი სპრინტის სერიაში გადავიდა და მაშინვე ტიტულის მოპოვების შანსი ჰქონდა.

გასული სეზონი მისთვის არც ისე წარმატებული გამოდგა, მაგრამ კოლუმბიელი ამბობს, რომ ნასქარ-ში გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე მოსაბეზრებელ ფორმულა 1-ში. ამერიკაში ის ჩიპ განასის გუნდში ასპარეზობს, ადამიანისა, რომელმაც ჩემპ ქარ-ის და ინდიქარ-ის მწვერვალები დააპყრობინა.

”ამჟამად მეც კმაყოფილი ვარ, ჩემი სპონსორიც და ჩიპ განასიც. მეტი არც არაფერი მინდა. აბუ დაბის რბოლას ვუყურე და როგორც ჩანს, ფ1-ში არაფერი შეცვლილა - ერთი მანქანა მეორეზე წამით სწრაფია, მაგრამ მისი გასწრება მაინც არ შეუძლია. ამბობენ, გასწრების პრობლემას ტრასის კონფიგურაცია განაპირობებს, მაგრამ რაც მახსოვს, ამაზე ლაპარაკობენ და ალბათ სულ ასე იქნება”, - ამბობს მონტოია.

კოლუმბიელმა ფ1-ის ჩემპიონის მიმართ ქება არ დაიშურა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ სებასტიან ფეტელმა ბევრი შეცდომა დაუშვა: ”ის ძალიან ნიჭიერია, თუმცა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩემპიონი არ გამხდარიყო. მან და მისმა გუნდმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს, რამაც საქმე გაურთულა, მაგრამ ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, უსწრაფესმა მრბოლმა და მანქანამ გაიმარჯვეს”.

Tuesday, December 28, 2010

ჰამილტონმა ტიტულისთვის პირადი პრობლემების გამო ვერ იბრძოლა

Hamilton Blames Personal Problems for 2011 Title Failure

28 დეკემბერი

ლუის და ენტონი ჰამილტონები

..............................

ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ გასული სეზონის განმავლობაში, მას მუდმივად პირად პრობლემებთან გამკლავება უწევდა, რამაც ტიტულისთვის ბრძოლაში ხელი შეუშალა. მანვე დასძინა, რომ პრობლემები მარტო თავის შეყვარებულს, პოპ მომღერალ ნიკოლ შერცინგერს არ ეხება.

მართალია, ბიბისისთან საუბრისას, სხვა პრობლემები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ყველამ იცის, რომ მას საკუთარ მამასთან გაურთულდა ურთიერთობა. იმდენად, რომ სეზონის დაწყებამდე, მასთან სამენეჯერო ურიერთობა გაწყვიტა და თავისი საქმეები მთლიანად ”მაკლარენს” მიანდო. არადა, მამამისი, ენტონი ჰამილტონი ის კაცია, ვინც ავტოსპორტის უმაღლესი საფეხურებისკენ გზის გაკაფვაში მუდამ გვერდით ედგა და მის გარეშე, ადრე ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს.

”პირად ცხოვრებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა ჩემი ცხოვრება ისეთი მშვიდი არაა, როგორიც ადრე იყო. ახლა ჩემს ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც ჩემზე დიდ გავლენას ახდენს. ისე მარტივად არაა საქმე, როგორც შეიძლება გარედან ჩანს - მივალ ტრასაზე და ვირბოლებ. რა თქმა უნდა, ჩემზეც, როგორც სხვებზე, გარემო პირობები მოქმედებს, ის ხალხი, ვინც ჩემს გარშემო ტრიალებს - ოჯახი, მეგობრები. ამ ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამას მიჩვეული ვარ და როცა ამ ჯავს ერთი რგოლი მოაკლდება, ყველაფერი შეიძლება აირიოს. ყოველ შემთხვევაში, საქმეს ისე ვეღარ აკეთებ, როგორც ადრე. ემოციური ფონი ყოველტვის დიდ გავლენას ახდენს ჩემზე და მტავარია, რომ ყველა რგოლი ისევ თავის ადგილზე დაბრუნდეს”, - ყვება მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი.

საცოლესთან და მამასთან ურთიერთობის გართულების გარდა, ჰამილტონს სხვა პრობლემებიც ჰქონდა. მაგალითად, სეზონის დასაწყისში, ავსტრალიის დიდი პრიზის დღეებში, მან მელბურნის ქუჩებში მანქანით რვიანები ხაზა, რის გამოც, პოლიციამ დააჯარიმა და შემდეგ, ავსტრალიელების წინაშე ბოდიშის მოხდაც მოუწია. ყოველივემ, ავსტრალიაში ჰამილტონის იმიჯი შელახა.

ახლა კი ჰამილტონს ერთი მთავარი მიზანი აქვს - როგორმე ყურადღების რბოლებზე კონცენტრირება უნდა შეძლოს, რათა სხვა რამეებმა მის კარიერაზე უარყოფითად არ იმოქმედოს. ის ამბობს, რომ მაგალითად სხვა სპორტსმენის კარიერა გამოადგება. ეს სხვა სპორტსმენი გოლფის სუპერვარსკვლავი ტაიგერ ვუდსია, რომელის ცხოვრებაშიც, გასულ სეზონში უამრავი არასასურველი რამ მოხდა, თუმცა ამას მის შედეგებზე არანაირად არ უმოქმედია.

Monday, December 27, 2010

საახალწლო მისალოცი ჩემპიონისგან

Red Bull Christmas Card Mocks Ferrari

27 დეკემბერი

შობის ყოველ დღესასწაულზე, ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა გამგებელი ბერნი ეკლსტოუნი მკაცრად იცავს ტრადიციას და საშობაო შარჟ-მისალოც ბარათებს აქვეყნებს. წელს კი მას მიმბაძველი გამოუჩნდა ფორმულა 1-ის ახალი ჩემპიონის, ”რედ ბულ რეისინგის” სახით.

საშობაო მისალოცი ბარათი ავსტრიულმა გუნდმაც გამოაქვეყნა და საყოველთაო აღიარებით, ბერნის ბარათი აშკარად დაჩრდილა. თანაც, მასზე აშკარად გაწკეპლილია კონკურენტი გუნდის, კერძოდ კი ”ფერარის” გუნდური მითითებები, რომელთა შედეგადაც, გერმანიის დიდ პრიზზე, ბრაზილიელ ფელიპე მასას, თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოსთვის ლიდერობის დათმობამ მოუწია.

ბარათის წინა პლანზე ჩანს ახალი ჩემპიონის, გერმანელი სებასტიან ფეტელის ბოლიდი, მას კი უკან ”ფერარი” და ირემშებმულ მარხილზე ამხედრებული სანტა კლაუსი მიჰყვებიან. ამ დროს, ფეტელი ღებულობს რადიო შეტყობინებას - ”სანტა შენზე სწრაფია. გთხოვთ, დაგვიდასტურო, რომ ამ მესიჯის არსი გაიგე”.

სანტა ფერნანდოთი რომ შევცვალოთ, სიტყვასიტყვით მივიღებთ იმ შეტყობინებას, რომელიც მასამ გერმანიაში რბოლისას მიიღო. ბრაზილიელს დიდი ხანი არ დასჭირვებია იმისათვის, რომ მითითება ”სწორად გაეგო” და გზა თანაგუნდელისთვის დაეთმო, რომელმაც ამ გამარჯვებით, ლამის მესამე ტიტულიც მოიპოვა.

მართალია, მომავალი სეზონიდან, გუნდურ მითითებებზე აკრძალვა უქმდება, მაგრამ ფაქტია, რომ გერმანული რბოლის ინციდენტი, რომელიც იტალიურ გუნდს 100 000 დოლარის ჯარიმად დაუჯდა, ”რედ ბულის” ხელმძღვანელობას მწარედ ახსოვს.

რაც შეეხება ეკლსტოუნის საშობაო შარჟ-ბარათს, მის ცენტრშიც ”რედ ბულ რეისინგი”, უფრო კი მისი ბოქსია მოქცეული, რომლის წინაც, გუნდის შეფი ქრისტიან ჰორნერი კენჭს ყრის. ბარათს კი შემდეგი მინაწერი აქვს: ”ჟეტონი ყოველთვის იმ გვერდზე არ ეცემა, რომელსაც ვისურვებდით”.

პრინციპში, აქაც გუნდის მიერ ორ პილოტს შორის გაკეთებული არჩევანია გაშარჟებული. სეზონის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა გუნდი აშკარად ფეტელის მხარეს იჭერდა. არადა, ოფიციალურ განცხადებებში, მისი ხელმძღვანელობა ყოველთვის აცხადებდა, რომ მისთვის ფავორიტიზმი მიუღებელია...

Sunday, December 26, 2010

ნიუი პროგნოზებისგან თავს იკავებს

Newey: 2011 form impossible to predict

26 დეკემბერი

”რედ ბულ რეისინგის” ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი ამბობს, რომ ჯერ ნაადრევია ლაპარაკი იმაზე, თუ რამდენად შეძლებს მისი გუნდი მომავალ სეზონშიც დომინირებას.

მილტონ კეინსში (ინგლისი) ბაზირებულმა ავსტრიულმა გუნდმა გასულ სეზონში ორივე ტიტული მოიპოვა. ნიუის ხელმძღვანელობით შემუშავებული ავტომობილი RB6 საუკეთესო იყო კონსტრუქტორთა პირველობაზე, პირად კლასიფიკაციაში კი ჩემპიონი გერმანელი სებასტიან ფეტელი გახდა.

მიუხედავად ამისა, ნიუი ამბობს, რომ მის გუნდს გარანტირებული არაფერი აქვს, რადგან ფორმულა ერთში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და ერთი მცდარი ნაბიჯი საკმარისია იმისათვის, რომ ლიდერმა პელოტონის შუაში ამოყოს თავი. ამიტომ, ის პროგნოზებისგან თავს იკავებს.

”ამ ეტაპზე, რაიმეს წინსწარმეტყველება შეუძლებელია. ავტოსპორტში ერთი ჭეშმარიტება არსებობს - აქ ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს. შეიძლება სეზონებს შორის სხვებმა უკეთ იმუშაონ, უკეთეს ტექნიკურ გადაწყვეტებს მიაგნონ და მაშინ ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ მუდმივად ძიების პროცესში ვართ და წინასწარ ძნელია იმის თქმა, თუ რა შედეგს გამოიღებს ჩვენი შრომა”, - ამბობს ნიუი და დასძენს, რომ თუნდაც მისმა გუნდმა წინა ორ სეზონში საუკეთესო მანქანა მოამზადა, ეს მაინც არ ნიშნავს, რიმ მომავალ სეზონშიც ასე იქნება.

”პირადად ჩემთვის, ის ფაქტი არაფერს ნიშნავს, რომ წინა ორ სეზონში საუკეთესო მანქანა შევქმენით. თუმცა, ამაში ერთი კარგი რამ არის - ჩვენ მანქანის კონსტრუირების დასაწყისშივე, ამ პროცესის სწორი მიმართულებით წაყვანის გამოცდილება შევიძინეთ და ეს ბევრს ნიშნავს. თუ ამჯერადაც იმავე კურსით ვივლით, შესაძლებელია, რომ კვლავ საუკეთესო მანქანა შევქმნათ. იმის თქმაც მინდა, რომ როცა რეგლამენტი სტაბილურია, სულ უფრო მეტი უჩვეულო გადაწყვეტილების მიღება გვიწევს და მანქანის სრულყოფის პროცესიც რთულდება. რა შედეგი გვექნება ჩვენ და სხვა ძლიერ გუნდებს, ამას სეზონის დასაწყისში დავინახავთ”.

ნიუი დასძენს, რომ გასული სეზონის დაწყებამდე, წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენად კარგი მანქანა გამოუვიდა. ამის მიზეზი კი რეგლამენტში შეტანილი არაერთი ცვლილება იყო, რომლებმაც საქმე მეტისმეტად გაართულა. სეზონის წინა ტესტების დროს კი მანქანის სრულყოფის პროგრამა გაგრძელდა და მას ყურადღება არ მიუქცევია იმისთვის, თუ რა სიახლეებს ამზადებდნენ კონკურენტი გუნდები.

ნიუი ამბობს, რომ სეზონის განმავლობაში, ძალიან დაღალა იმან, რომ კონკურენტები ”რედ ბულის” ბოლიდის კონსტრუქციაში არალეგალურ ელემენტებს ეძებდნენ. თუმცა, საბოლოოდ RB6-მა ყველანაირ შემოწმებას გაუძლო, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ”რედ ბულ რეისინგს” ფორმულა ერთის საუკეთესო ტვინი ემსახურება...

Saturday, December 25, 2010

ბელგიის დიდი პრიზი ისევ საფრთხის ქვეშაა

25 დეკემბერი

ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარი თითქმის ყოველწლიურად ახალი ეტაპებით ივსება. მალე მასში ინდოეთის, აშშ-ის და რუსეთის დიდი პრიზები გამოჩნდება. და არაა გამორიცხული, რომ ამის გამო, ზოგიერთმა ძველმა რბოლამ, კალენდარში ადგილი დაკარგოს. მათ შორის კი ყველაზე არამყარი მდგომარეობა ბელგიურ დიდ პრიზს აქვს, რომელსაც ფორმულა ერთის მენეჯმენტთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება.

ბელგიის დიდი პრიზის ორგანიზატორები ყოველწლიურად ზარალს განიცდიან. გასულ სეზონში მათ 4.5 მილიონი ევრო იზარალეს. არის ვარაუდი, რომ ჩემპიონატში ბელგიელი ჟერომ დ’ამბროზიოს გამოჩენა, ბელგიური რბოლისადმი ადგილობრივი მაყურებლის ინტერესს გაზრდის. თუმცა, ამაში ეჭვი ეპარება სპას რბოლის შეფ ანდრე მაესს.

”რა თქმა უნდა, ფ1-ში მისი მოსვლა დადებითი სიახლეა. მაგრამ საეჭვოა, ამან ბილეთების გაყიდვას შეუწყოს ხელი. თავის დროზე, ”ლოტუსში” მყოფი ფილიპ ადამსის სანახავად ბევრი მაყურებელი არ მოდიოდა. მაყურებლის რიცხვი არც მაშინ გაზრდილა, როცა 2004 წელს, თავისუფალ პრაქტიკებზე, ”მინარდის” ბოლიდით ტრასაზე ბას ლაინდერსი გამოდიოდა.

ვფიქრობ, დ’ამბროზიოს ჩვენს რბოლაზე ბილეთების გაყიდვის გაზრდა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ სეზონის დასაწყისიდანვე კარგი შედეგები ექნება. ამჟამად ის ეროვნული დონის ვარსკვლავიც კი არაა - დარწმუნებული ვარ, ბელგიელ ტელემაყურებელთა უმეტესობას, მის შესახებ ერთხელაც არ სმენია”, - ამბობს მაესი.

წამგებიანი ბიზნესი იმას ნიშნავს, რომ ბელგიური რბოლა გულზე არ ეხატება ფ1-ის კომერციულ უფლებათა გამგებელ ბერნი ეკლსტოუნს, ვისაც ურჩევნია, ამ ადგილზე სხვა ისეთი ქვეყნის ეტაპი გამოჩნდეს, რომელიც რბოლის ჩატარების უფლებაში გაცილებით მეტ თანხას გადაიხდის.

სხვათა შორის, მომავალი სეზონის შემდეგ, კონტრაქტები ჩინეთის, თურქეთისა და იაპონიის დიდ პრიზებსაც უმთავრდბათ. ამათგან ყველაზე მყარი პოზიცია იაპონელებს უკავიათ, რომელთა რბოლასაც ყოვლთვის უამრავი მაყურებელი ესწრება. სამაგიეროდ, წაგებაზე მუშაობენ თურქეთისა და ჩინეთის დიდი პრიზების ორგანიზატორები.

Thursday, December 23, 2010

შვეიცარული სარბოლი ელექტროპროტოტიპი

Green GT Unveils Prototype Electric Racer

21 დეკემბერი

408 ცხენის ძალა პიკური სიმძლავრე და 290 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე - ასეთი ტექნიკური მონაცემები აშკარად სარბოლ ავტომობილს უნდა ეკუთვნოდეს და ასეცაა. ოღონდ, ავტომობილი, რომლის შესახებაც ვლაპარაკობთ, მბიძგველ ძალას შიდაწვის ძრავისგან კი არა, ელექტროძრავისგან ღებულობს.

შვეიცარული ჯგუფი ”გრინ GT” არის ავტორი სარბოლი ავტომობილისა, რომლის შესახებაც გიყვებით. ეს არის ლე მანის პროტოტიპის სტილში შესრულებული ბოლიდი, რომლის პრეზენტაციასაც, ლოზანაში მდებარე შვეიცარიის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტში თვით საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი დაესწრო.

სარბოლი ელექტრომობილის პრეზენტაციას ჟან ტოდტი დაესწრო
..............................
”გრინ GT-ს” სარბოლი ელექტრომობილი ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ავტომობილის უკანაა დამონტაჟებული. სხვათა შორის, მათი სიმძლავრე, წინა მოდელის ძრავებისასთან შედარებით, 50 პროცენტითაა გაზრდილი. ბორბლებს შორის მაბრუნი მომენტის ოპტიმალურ განაწილებას სპეციალური ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს, რისი წყალობითაც, ავტომობილი მოსახვევებს უფრო უკეთ და მაღალი სიჩქარით გადის.

გაუმჯობესებულია ენრგიის შენხვის ბლოკიც. ასეთი სარბოლ ავტომობილს ორი აქვს და ისინი ლითიუმ-იონური ელემენტებისგან შედგება. აკუმულატორები სპეციალურ ყუთებშია მოთავსებული, რომლებიც ისეთი კომპოზიტისგან დამზადდა, რომელიც აეროკოსმოსურ მრეწველობაში გამოიყენება. ეს ყუთები ცეცხლგამძლეცაა და დარტყმისადმი მედეგიც. აკუმულატორების ოპტიმალური მუშაობისთვის, ისინი გრილდება, რისთვისაც გაგრილების თხევადი სისტემაა გამოყენებული.ამასთან, სითხე დენგაუმტარია.

რა თქმა უნდა, ”გრინ GT-ს” სარბოლი ელექტრომობილი ლე მანის რბოლაში მონაწილე შიდაწვისძრავიან მონსტრებს მეტოქეობას ვერ გაუწევს, თუმცა აშკარაა, რომ ადრე თუ გვიან, რბოლებში ელექტრომობილების მონაწილეობაც ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა გახდება, როგორიც თუნდაც ის ფაქტია, რომ უკვე დიდი ხანია, ლე მანის რბოლას დზელისძრავიანი ავტომობილებით იგებენ.

ოღონდ, სანამ ელექტრული სარბოლი პროტოტიპი რბოლებში მონაწილეობას მიიღებს, მას სერიოზული ტესტები აქვს გასავლელი, რომლებზეც თავისი რეალური შესაძლებლობების და გამძლეობის გამოვლენა მოუწევს.

დამცავი საქარე მინები ფ1-ის ბოლიდებისთვის

FIA to Introduce Protective Windshields on F1 Cars

21 დეკემბერი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) პილოტების უსაფრთხოებაზე ზრუნვას აგრძელებს და ამ მიზნით, მანქანებზე გამჭვირვალე დამცავი საქარე შუშების დაყენებას სავალდებულოს გახდის. ასეთმა, დარტყმისადმი მედეგმა შუშამ, პილოტის თავი მძიმე ტრავმებისგან უნდა დაიცვას.

იტალიურმა ჟურნალმა ”აუტოსპრინტმა”, ”ფერარის” ფოტოშოპში დამუშავებული სურათიც კი გამოაქვეყნა, რომელზეც კარგად ჩანს, თუ როგორი გარეგნობა ექნება ახალი რეგლამენტის შესაბამისად მომზადებულ ბოლიდებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის იგეგმება ამ სიახლის დანერგვა. სამაგიეროდ, გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რომ ახალი სტრუქტურა არანაირად არ შეამცირებს პილოტის მხედველობის არეს, რადგან ის მთლიანად გამჭვირვალე იქნება. სამაგიეროდ, მან უნდა გაუძლოს სხვა მანქანისგან მოგლეჯილი ბორბლის, ან მთლიანად მანქანის (რომელიც მინიმუმ 640 კილოგრამს იწონის) დაჯახებას. სამაგიეროდ, საქარე შუშა რადიკალურად შეცვლის ავტომობილის აეროდინამიკას. ამიტომ, გუნდებს ბევრი მუშაობა მოუწევთ იმისათვის, რომ ახალი სტრუქტურა მაქსიმალურად მოერგოს მათი მანქანების კონსტრუქციას.

FIA-მ უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის დაწესებაზე ფიქრი მას შემდგ დაიწყო, რაც უნგრეთის 2009 წლის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მომხდარმა ინციდნტმა ”ფერარის” ბრაზილიელ ფელიპე მასას მძიმე ტრავმა გამოიწვია. მაშინ მასას, თავისი თანამემამულე რუბენს ბარიკელოს მანქანიდან მოგლეჯილი ზამბარა თავში მოხვდა. მასა სასწაულებრივად გადარჩა. სამაგიეროდ, ორი დღით ადრე, ინგლისის ბრენდს ჰეჩზე, ფორმულა 2-ის რბოლისას, თავში საბურავის მოხვედრამ იმსხვერპლა მსოფლიოს 1964 წლის ჩემპიონის, ინგლისელი ჯონ სარტიზის შვილი ჰენრი სარტიზი.

მას შემდგ, რაც თავის ქალის მძიმე ტრავმა მოირჩინა, მასამ განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ პილოტის თავი მეტად იქნება დაცული: ”მე არ ვამბობ, რომ კოკპიტი მთლიანად უნდა დავხუროთ, მაგრამ ალბათ არსებობს საშუალებები, რომლებიც რბოლისას ჩვენი თავები მეტად დაცული იქნება.

ბოლო ინციდენტი, რომელიც შეიძლებოდა პილოტის თავის მძიმე ტრავმით დასრულებულიყო, გასული სეზონის ბოლო რბოლისას, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს შეემთხვა. ამ ინციდენტის დროს, იტალიელი ვიტანტონიო ლიუცის ”ფორს ინდია” შუმის ”მერსედესს” ზემოდან დაეცა და ცოტა დააკლდა, გერმანელი პილოტის თავსაც მისწვდომოდა...