ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, March 11, 2011

ყველაზე მოკლე ბოლიდი „მერსედესისაა“

Mercedes W02 - Shortest F1 Car in 2011

11 მარტი

მართალია, „მერსედესის ფორმულა 1-ის გუნდის წევრები აღიარებენ, რომ მათი მანქანა W02 დასახვეწია, ტესტებზე გამოვლინდა, რომ სწორ მონაკვეთებზე, ყველაზე მაღალ სიჩქარეს სწორედ ის ავითარებს. ახლახანს კი გერმანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამქიმიანების მანქანა, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მანქანებს შორის, ყველაზე მოკლეა.

გერმანულ პრესაში W02-ს უკვე „მინი მერსედესიც“ კი უწოდეს. როგორც აღმოჩნდა, როს ბრაუნის ინჟინრების მიერ შექმნილი ბოლიდის 5 სანტიმეტრით მოკლეა „ფერარი 150 იტალიაზე“, 7 სანტიმეტრით მოკლეა „რედ ბულის“ RB7-ზე და 27 სანტიმეტრით მოკლეა „მაკლარენის“ MP4-26-ზე.

სანამ გერმანელი ჟურნალისტები მანქანებს ზომავდნენ, გერმანულმა კომპანიამ „მინი მერსედესისთვის“ ახალი აეროდინამიკური პაკეტი მოამზადა. ამასთან, შეიცვალა გამოსაბოლქვი სისტემა, რომელიც „რედ ბულ რეისინგის“ ანალოგიური სისტემის მსგავსად გააკეთეს. შეიცვალა რადიატორების კორპუსები, ასევე წინა და უკანა ანტი ფრთები.

როს ბრაუნი იმედოვნებს, რომ ეს სიახლეები მანქანას წრეზე ერთი წამით ააჩქარებენ. მისი იმედი უკვე გაამართლა მიხაელ შუმახერმა, რომელიც ტესტების მეორე დღეს ყველაზე სწრაფი იყო. ამის მიუხედავად, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი თვლის, რომ მის გუნდს ლიდერებამდე ჯერაც ბევრი უკლია:

„ჩვენ ვიცით, რომ „რედ ბული“ ძალიან ძლიერია. ჩვენი ორიენტირი სწორედ მათი მანქანაა. ჩვენ მათგან ჯერ შორს ვართ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ იმასაც ვერ ვიფიქრებდი, რომ მანქანას ასე გავაუმჯობესებდით. წინ გრძელი სეზონი გველის და ახლა მტავარი კითხვა ისაა, თუ რომელი გუნდი იქნება „რედ ბულის“ შემდეგ. ვიმედოვნებ, რომ სეზონის მსვლელობისას, ეს ჩვენი გუნდი იქნება“.

ახალი მანქანა „ისპანია რეისინგმაც“ გამოიყვანა

HRT F111 Unveiled in Barcelona

11 მარტი

„ისპანია რეისინგი“ ბოლო გუნდია, რომელმაც თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი - F111, ტრასაზე გამოიყვანა. ეს ბარსელონაში, კატალუნია მონტმელოზე, სატესტო სესიის დროს მოხდა. ესპანურმა გუნდმა, ამასთან დაკავშირებით, მედია მიიწვია და ფოტო სესია ჩაატარა.

ახალი მანქანის პრეზენტაციამდე, გუნდმა გამოაცხადა, რომ მეორე მანქანას იტალიელ ვიტანტონიო ლიუცის ჩააბარებს. რაც შეეხება პირველ პილოტს, ის ინდოელი ნარაინ კართიკეიანია.

აღსანიშნავია, რომ სეზონისწინა ტესტების ბოლო სესიის პირველი ორი დღე უკვე გავლილია. ასე რომ, „ისპანიას“ სულ ორი დღე დარჩა იმისათვის, რომ ახალი მანქანა გამოსცადოს. ამ ორი დღის განმავლობაში, მანქანის ტესტირების საშუალება ორივე პილოტს თანაბრად ექნება.

უნდა ითქვას, რომ გუნდმა ახალი მანქანის ფოტოები თავის ვებგვერდზე რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა, თუმცა მაშინ ბოლიდი დაუკომპლექტებელი იყო და აეროდინამიკური სრული პაკეტი და ზოგიერთი კონსტრუქციული კომპონენტი აკლდა.

ახალი მანქანა „რედ ბულ რეისინიგის“ (ასევე უილიამსის და ჰონდას) ყოფილი ინჟინრის, ჯეფ უილისის ხელმძღვანელობით შეიქმნა და ის შარშანდელი მანქანის ევოლუციური ვარიანტია. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რამდენად ვარგისია ახალი მანქანა. ეს ტესტირების დროს გამოჩნდება.

„ისპანიას“ ახალი სპონსორიც გამოუჩნდა. ესაა ინდური კორპორაცია „ტატა“, რომელიც კართიკეიანს მფარველობს. ინდურ ფულს, მანქანის შეფერილობაში, ამ ქვეყნის ფერი - ფორთოხლისფერის დამატება მოჰყვა. ისე კი, შარშანდელი ნაცრისფრისგან განსხვავებით, F111 თეთრია. მანქანის გაფორმებაზე, ჰოლივუდელმა დიზაინერმა დენიელ საიმონმა იზრუნა.

კუბიცას მეოთხე ოპერაციას გაუკეთებენ

Kubica Will Undergo 4th Surgery This Weekend

11 მარტი

მართალია, ექიმები გაოცებულნი არიან იმით, თუ რაოდენ სწრაფად მიმდინარეობს რალის რბოლაში ძლიერად დაშავებული პოლონელი რობერტ კუბიცას გამოჯანმრთელების პროცესი, თუმცა მათ მაინც გადაწყვიტეს, რომ „ლოტუს რენოს“ პილოტს მეოთხე ოპერაცია გაულეთონ.

„ლოტუს რენოს“ ექიმმა რიკარდო ჩეკარელიმ ახლახანს განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, გაუკეთებენ თუ არა მისი გუნდის პილოტს კიდევ ერთ ოპერაციას. მაგრამ, როგორც ჩანს, ამის აუცილებლობა არსებობს, თუმცა იტალიელმა ექიმებმა ისიც განაცხადეს, რომ მორიგი ქირურგიული ჩარევა, მრბოლის ჯანმრთელობის გაუარესების გამო არ დაინიშნა. იტალიელმა პროფესორმა ლუიჯი ჩელიმ განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანს, დაზიანებული იდაყვის ქმედუნარიანობის საბოლოო აღდგენაა.

კუბიცას უკვე სამი ოპერაცია გაუკეთესი, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი იყო. ამ ოპერაციამ, პოლონელი პილოტი მარჯვენა მკლავის ამპუტაციისგან გადაარჩინა. მეორე და მესამე ოპერაციისას, მისი მკლავის ზვლების კორექცია მოხდა. ახლა კი ჯერი იდაყვზე მიდგა. სხვათა შორის, მეორე და მესამე ოპერაციები, 8-8 საათს გრძელდებოდა.

შეძლებს თუ არა კუბიცა სრულად გამოჯანმრთელებას, ამ კითხვაზე ექიმებს ჯერ პასუხი არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ პირველ რიგში საჭიროა, რომ მისი ხელის ყველა ნაწილმა სრული ქმედუნარიანობა აღიდგინოს. ჩეკარელი ამბობს, რომ ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, თუ რა დრო დასჭირდება მრბოლის გამოჯანმრთელებას. ყველაფერი, ისევდაისევ, კუბიცას ორგანიზმზე იქნება დამოკიდებული.

Thursday, March 10, 2011

ბრანდლმა ახალ „მაკლარენს“ უმართავი ნაგავი უწოდა

McLaren's 2011 F1 car described as 'a mess' by Martin Brundle

10 მარტი

უკვე აშკარაა, რომ სეზონის დასაწყისში, მოწინავეთა შორის ვერ ვიხილავთ „მაკლარენის“ მანქანებს. MP4-26-ის არაკონკურენტუნარიანობის შესახებ, თავად ინგლისური გუნდის პილოტებიც ღიად საუბრობენ, ახლახანს კი, ეს მანქანა ბიბისის ფორმულა 1-ის რეპორტაჟების წამყვანებმა - ყოფილმა პილოტებმა, დევიდ კულტჰარდმა და მარტინ ბრანდლმა, ასევე ფორმულა 1-ის გუნდის (ჯორდანის) ყოფილმა მფლობელმა ედი ჯორდანმა გააკრიტიკეს.

„მე ეს მანქანა ტრასაზე ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ ის ნაგავია. ის სრულიად უმართავია, ვერ ამუხრუჭებს და ვერ უხვევს. ლუისმა მას ვერაფერი მოუხერხა. როგორც ჩანს, ახალ მანქანას ფუნდამენტური პრობლემები აქვს“, - „ტელეგრაფთან“ საუბრისას განაცხადა ბრანდლმა, ვინც ოდესღაც თავადაც „მაკლარენის“ პილოტი იყო.

„მაკლარენმა“ თავისი ახალი ბოლიდის პრეზენტაცია, თავის კონკურენტებზე გვიან წარმოადგინა და ტესტების პირველი სერიაც გამოტოვა. მანქანა რადიკალური აეროდინამიკით გამოირჩევა. მისი ყველა კვანძი ძალიან მჭიდროდაა განლაგებული, რაც ჰაერის ნაკადისადმი შემხვედრი წინააღმდეგობის შემცირების საშუალებას იძლევა. ძარის უკეთესი გარსშემოდენილობისათვის, რადიატორების კორპუსებს L-ის ფორმა მისცეს. მაგრამ პირველივე ტესტებმა აჩვენა, რომ MP4-26-ს სისწრაფე აკლია და მას მუდმივად აქვს ტექნიკური პრობლემები.

ედი ჯორდანმა განაცხადა, რომ მისი აზრით, „მაკლარენი“ მანქანის კონსტრუირებისას, ყოველთვის რადკალურ მიდგომას ირჩევს, რაც არასწორად მიაჩნია. ამასთან, ირლანდიელი გაოცებულია იმით, რომ ახალი მანქანების შექმნას თითქმის ყოველთვის, სხვადასხვა ინჟინრები ხელმძღვანელობენ.

„სადაა ევოლუციური პროცესი? სხვა გუნდებში ასეთ რამეს ვერ შეხვდებით. ედრიან ნიუი ასეთ რამეებს არ დაუშვებდა. კონსტრუირებისას, სხვა არცერთი ტოპ გუნდი რადიკალურ მიდგომებს არ იყენებს. ამ მანქანით ორივე მრბლი უკმაყოფილოა. ვფიქრობ, სეზონის დასაწყისში, მათ ურჩევნიათ, სრულიად ახალი მანქანის შექმნაზე დაიწყონ ზრუნვა“, - ამბობს ჯორდანი და დასძენს, რომ ადრე, როცა სეზონის მსვლელობისას, ტესტები აკრძალული არ იყო, რადიკალური მეთოდები ამართლებდა, რადგან მანქანის დახვეწის გაცილებით მეტი საშუალება არსებობდა. მაშინ „მაკლარენი“ და „ფერარი“ სწორედ ამის გამო იყვნენ დაუმარცხებლები. მაგრამ დღეს, როცა ტესტები მხოლოდ სეზონებს შორის ტარდება და ისიც შეზღუდულად, რადიკალიზმი მიუღებელია.

„ფოლკსვაგენი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

Citroen: Volkswagen threat no worry

10 მარტი

ევროპის უდიდესი საავტომობილო კომპანია „ფოლკსვაგენი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს. ჯერჯერობით, ვოლფსბურგელებს ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ჩემპიონატში მომავალი სეზონიდან ჩაებმებიან. ამასთან, რალის პროგრამის ბიუჯეტი 100 მილიონი ევრო იქნება.

ამ ინფორმაციის წყარო იტყობინება, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის პროგრამას, „ფოლკსვაგენი“ პორტუგალიის რალის დღეებში გააკეთებს. მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ეტაპს პორტუგალია 24-27 მარტს უმასპინძლებს.

ამგვარად, რალის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა სამიდან ოთხამდე გაიზრდება. ცნობისასთვის, მიმდინარე ჩემპიონატში სულ სამი მწარმოებლის გუნდები ასპარეზობენ. ესენია „სიტროენი“, „ფორდი“ და „მინი“. ამათგან ბოლო წლებში, თითქმის უალტერნატივო ლიდერია „სიტროენი“, რომელმაც ბოლო რვა სეზონში, კონსტრუქტორთა პირველობა ექვსჯერ მოიგო. რაც შეეხება პირად პირველობას, აქ შვიდი სეზონია, ბადალი არ ჰყავს ფრანგ სებასტიან ლოებს.

„როცა მათ (ფოლკსვაგენმა) დაკარის რალი რეიდში მონაწილეობა დაიწყეს, მაშინაც ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჰქონდათ, მაგრამ მათ „მიცუბიში“ უგებდა, რომელიც ფულს თითქმის არ ხარჯავდა. ალბათ ეს მუშაობის გერმანული სტილია და ის მე საერთოდ არ მაღელვებს“, - ამბობს „სიტროენის“ ავტო სპორტული პროგრამის შეფი ოლივიე კესნელი.

ჯერჯერობით, ავტოსპორტში „ფოლკსვაგენის“ ძირითადი მიმართულება დაკარია, სადაც გერმანული კომპანიის მანქანებს (ფოტოზე) უკვე ოთხი სეზონია, ვერავინ უგებს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ფოლკსვაგენამდე“ დაკარი ზედზედ ცხრაჯერ „მიცუბიშის“ მანქანებმა მოიგეს.

დაბოლოს, არაა გამორიცხული, რომ მალე მსოფლიო ჩემპიონატში კიდევ რამდენიმე კომპანია - „ჯენერალ მოტორსი“, „სააბი“, „ტოიოტა“ და „ჰიუნდაი“ ჩაერთოს.

Wednesday, March 9, 2011

ალგერსუარი წარმატებული სეზონის მოლოდინშია

Alguersuari Tips Toro Rosso for 2011 Success

9 მარტი

ახალი გუნდების უმეტესობას, ახალ სეზონში უახლოეს სამიზნედ „სკუდერია ტორო როსო“ ჰყავს ამორჩეული, მაგრამ ტესტების შემდეგ ბევრი ფიქრობს, რომ ფაენცელები ახალ სეზონში კერკეტი კაკლები იქნებიან.

ამას სხვა გუნდების პილოტებიც ადასტურებენ. მაგალითად, ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ „ტორო როსო“ ყოველ რბოლაში ქულებისთვის იბრძოლებს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის აზრით, სეზონებს შორის ყველაზე შესამჩნევი პროგრესი სწორედ „ტორო როსოს“ და ყოფილ „რენოს“, ახლანდელ „ლოტუს რენოს“ აქვთ.

„რედ ბულის“ იტალიური გუნდის ესპანელი პილოტი ხაიმე ალგერსუარიც აღიარებს, რომ ტესტების დროს, მანქანა კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა:

„ვფიქრობ, ამ სეზონში გაცილებით უკეთესად გამოვალთ. ახალი მანქანა ძალიან მომწონს“, - ამბობს ალგერსუარი, ვინც გასული სეზონი მე-19 ადგილზე დაასრულა. ის ფიქრობს, რომ ახალ სეზონში მისი გუნდი კონსტრუქტორთა პირველობაზე კონკურენციას „ლოტუს რენოს“ გაუწევს.

„რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ იმაზე, რომ „რედ ბულის“, „ფერარის“, ან „,აკლარენის“ კონკურენტები ვიქნებით. მაგრამ ჩვენ „ფორს ინდიას“ და „ზაუბერის“ დამარცხება შეგვიძლია. თუ ჩემპიონატს ამ გუნდებზე წინ დავასრულებთ, ძალიან კმაყოფილი დავრჩები“, - დასძენს ალგერსუარი.

ესპანელი პილოტი თვლის, რომ ეს სეზონი, მის კარიერაში გადამწყვეტი იქნება. „ტორო როსოში“ ტესტ პილოტის პოზიციაზე ამბიციური ავსტრალიელი დანიელ რიკარდო მიიწვიეს, რომელმაც შესაძლოა, ამ სეზონის ბოლოს, ალგერსუარი, ან მისი შვეიცარელი თანგუნდელი სებასტიან ბუემი შეცვალოს. ამიტომ, ორივე საპრიზო პილოტი ყველაფერს იღონებს გუნდში ადგილის შესანარჩუნებლად.

Monday, March 7, 2011

„მაკლარენმა“ შეიძლება ფ1-ში საკუთარი ძრავი აწარმოოს

McLaren Could Develop Own Engine in F1

7 მარტი

ფორმულა 1-ში 2013 წლიდან რეგლამენტით ტურბოძრავების ერა დაბრუნდება. მოდალოდნელია, რომ ამ დროისთვის, რამდენიმე გუნდი საკუთარი ძრავების წარმოებას დაიწყებს და შესაძლოა, მათ შორის „მაკლარენიც“ იყოს.

პირველმა ამის შესაძლებლობა „რედ ბულ რეისინგმა“ არ გამორიცხა. ახლა კი „მაკლარენის“ ჯერიც დადგა, რომელმაც თავის საგზაო სუპერ ავტომობილ MP4-12C-სთვის, 3.8-ლიტრიანი წყვლიტურბოიანი V8 ძრავი თავად შექმნა, რითაც დაამტკიცა, რომ ძრავების წარმოების ტექნოლოგიას ფლობს.

2009 წლის სეზონის ბოლოს, „მაკლარენი“ „მერსედსს“ დაშორდა, რომელიც მას ძრავებით ამარაგებს. თუმცა, დაშორება მათს პარტნიორობას შეეხო და არა ძრავების კონტრაქტს, რომელიც 2015 წლამდეა ძალაში. თუმცა ეს კონტრაქტი მაშინვე დასრულდება, როდებრიტანული კომპანია გადაწყვეტს, რომ საკუთარი გუნდისთვის ძრავები თვითონვე აწარმოოს.

„ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ, რადგან ამბიციური გუნდი ვართ. ფორმულა ერთი მესამე ყველაზე პოპულარული სპორტული ტურნირია და კომპანიებისთვის საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობანი გამოავლინონ“, - გამოცემა „მოტორ სპორტთან“ საუბრისას ამბობს „მაკლარენის“ გუნდის შეფი მარტინ უიტმარში.

თუმცა, თავადვე დასძენს, რომ უზარმაზარი თანხების დახარჯვა იმისათვის, რომ შეიქმნას ძრავი, რომელიც მხოლოდ ფ1-სთვის იქნება განკუთვნილი, გაუმართლებელი ფუფუნებაა. და ამიტომ, ამ ეტაპზე, ძრავების წარმოების შესაძლებლობა არც განიხილება.

უიტმარში ასევე ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რომლის გამოც, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ და ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციამ ძრავების ახალი რეგლამენტი დაამტკიცეს, სპორტში მეტი ავტომწარმოებლის მოზიდვის პერსპექტივაა. და ეს ცვლილება არ განხორციელდა იმისათვის, რომ ზოგიერთმა გუნდმა თავისი ძრავები თვითონვე დაამზადოს. და თუ ჩემპიონატში ახალი ავტო კომპანიები არ გამოჩნდა, მაშინ რეგლამენტის ცვლილებას აზრი დაეკარგება.

ლოებმა მექსიკის რალი ზედიზედ მეხუთედ მოიგო

Loeb wins fifth consecutive Rally of Mexico

7 მარტი

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, ფრანგი სებასტიან ლოების (ფოტოზე ასპარეზობისას) გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპი - მექსიკის რალი. ეს ფრანგი პილოტის ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა მექსიკის რბოლაში და ამაში ის თავის თანამემამულესა და სეხნიას, სებასტიან ოჟიეს უნდა უმადლოდეს, ვინც რბოლის მესამე დღე ლიდერის რანგში კი დაიწყო, თუმცა პირველივე სპეცმონაკვეთზე ავარია მოუვიდა და რბოლას გამოეთიშა.

მეორე ადგილი დაიკავა ფინელმა მიკო ჰირვონენმა, ვინც ჩემპიონატი შვედეთის რალიზე მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო და მექსიკის შემდეგაც შენარჩუნა ლიდერობა. ლოებს ის წუთნახევრით ჩამორჩა, თავად კი თითქმის წუთით აჯობა მესამეზე გასულ თანაგუნდელსა და თანამემამულეს, იარი-მატი ლატვალას.

ამ გამარჯვებით, ლოებმა კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მას 37 ქულა აქვს, 9 ქულით ნაკლები, ვიდრე ლიდერ ჰირვონენს და 6-ით ნაკლები, ვიდრე მესამეზე მყოფ ლატვალას.

„ძალიან რთული რბოლა იყო, ოჟიესთან ძალიან დაძაბული პაექრობა მქონდა. მთელი გზა თითქმის უშეცდომოდ გავიარე. ახალი მანქანაც ძალიან მომწონს, ის ძალიან სწრაფია და კარგად იმართება“, - განაცხადა ფრანგმა, ვონც პირველი გამარჯვება მოიპოვა „სიტროენის“ უახლესი სარბოლი DS3-ით.

პირველი დღის შემდეგ, ლიდერი ოჟიე იყო, ვინც ამის გამო, მეორე დღეს, სპეცმონაკვეთებზე პირველი გადიოდა. ამის გამო, ლოებმა მცირე უპირატესობა მიიღო და დღის ბოლოს, თანაგუნდელს თითქმის ნახევარი წუთით გაასწრო. თუმცა, შემდეგ გადაცემათა კოლოფი გაჭირვეულდა. მის რემონტს დრო დასჭირდა და ლოებმა ერთ-ერთი სპეცმონაკვეთის სტარტზე დააგვიანა. ამის გამო, ის 50 წამით დააჯარიმეს. ასე რომ, მეორე დღის შემდეგაც, ლიდერობა ოჟიემ შეინარჩუნა.

თუმცა, მე-20 სპეცმონაკვეთის მე-13 კილომეტრზე ზედმეტი მოუვიდა და მანქანის წინა მარცხენა საკიდარი დააზიანა. ლოები დაწინაურდა და ზედმეტი გარჯის გარეშეც იოლად შეინარჩუნა ლიდერობა.

მექსიკის რალის შედეგები

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:53:17.000

2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 01:38.400

3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 02:23.900

4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 07:38.400

5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) 08:43.500

6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 11:10.000

7. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 13:35.000

8. იუჰო ჰაენინენი (ფინეთი, შკოდა) 14:48.700

9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 48:17.200

10. ოტ ტანაკი (ესტონეთი, ფორდი) 53.42.800

პილოტთა კლასიფიკაცია

1. ჰირვონენი - 46 ქულა; 2. ლოები - 37; 3. ლატვალა - 31; 4. ოსტბერგი - 28; 5. პეტერ სოლბერგი - 23; 6. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) - 15; 7. ჰენინგ სოლბერგი - 8; 8. პერ-გუნარ ანდრსონი (შვედთი, ფორდი) - 6; 9. პროკოპი - 6; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) - 4

კონსტრუქტორთა პირველობა

1. ფორდ აბუ დაბი - 73 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ WRT - 47; 3. M-შპორტ შტობარტ WRT - 36; 4. პეტერ სოლბერგ WRT - 12; 5. აის 1 რეისინგი - 8; 6. ტიმ აბუ დაბი - 6; 7. მიუნჩი’ს ფორდ WRT - 6; 8. მონსტერ WRT - 6; 9. ფერმ პაუატულზ WRT - 4

Friday, March 4, 2011

„სასაცილოდ სწრაფი“ „ტორო როსო

NewToro Rosso 'Ridiculously Fast'

4 მარტი

„ტორო როსოს“ ახალი მანქანის სისწრაფეს უკვე ლიდერებიც აღიარებენ. მსოფლიოს სამმა ჩემპიონმა კი აღიარა, რომ იტალიურმა გუნდმა შეიძლება სენსაცია შემოგვთავაზოს. უფრო მეტიც, ლუის ჰამილტონი STR6-ს „სასაცილოდ სწრაფს“ უწოდებს.

„ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ახალ სეზონში, ყველაზე საინტერესო „ტორო როსოს“ მანქანებზე დაკვირვება იქნება“, - ამბობს მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი და მას ეთანხმება თანაგუნდელი, მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი ჯენსონ ბატონი, ვინც იმ ფაქტს უსვამს ხაზს, რომ „ტორო როსოს“ მანქანები ძალიან გამძლეა.

იტალიური საჯინიბოსთვის ქებას არ იშურებს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო, ვისი თქმითაც, გასული სეზონის შემდეგ, „ტორო როსომ“ მნიშვნელოვნად წინ წაიწია. რაც მთავარია, ახალი მანქანით კმაყოფილები არიან ის პილოტებიც, ვისაც STR6-ს მართვა მოუწევთ. კერძოდ, ესპანელი ხაიმე ალგერსუარი თვლის, რომ ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებამ, მისი გუნდი ყველაზე მეტად ახეირა და ის ყოველ ეტაპზე ქულებისთვის ბრძოლას აპირებს.

„ტორო როსოს“ ახალ ავტომობილს აქვს ეგრეთ წოდებული ორმაგი ძირი, რომლის კონსტრუქციასაც, „უილიამსის“ ტექნიკურმა დირექტორმა სემ მაიკლმა ახალი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიგნება უწოდა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი „ტორო როსომ“ 13 ქულით დაასრულა და კონსტრუქტორთა პირველობაზე მეცხრე ადგილი დაიკავა. ისევე როგორც შარშან, ახალ სეზონშიც, იტალიური გუნდის მანქანებით ალგერსუარი და შვეიცარელი სებასტიან ბუემი იასპარეზებენ.

Thursday, March 3, 2011

„მერსედესს“ საპანიკო არაფერი აქვს

Mercedes not panicking over form

3 მარტი

აშკარაა, რომ სეზონის დასაწყისში, „მერსედესის“ გუნდს ლიდერთა შორის ყოფნა გაუჭირდება - სეზონისწინა ტესტების დროს, სამქიმიანების მანქანა მოწინავეებს თითქმის ორი წამით ჩამორჩებოდა. თუმცა გუნდის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ სეზონის დაწყებამდე, მანქანის კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანით, სიტუაცია გამოსწორდება.

გუნდის მთავარი აღმასრულებელი ნიკ ფრაი თვლის, რომ ჯერჯერობით, მისი გუნდის შანსების ჩამოწერა ნაადრევია: „რა თქმა უნდა, ამ მანქანისგან გაცილებით მეტს ველოდით. ჩვენ ორი ძირითადი პრობლემა გვაქვს. ჯერ ერთი, გაგრილების ეფექტურობას ვერ ვაღწევთ და აეროდინამიკაც დასახვეწია. ყველაფერი ეს, წრეზე ბევრი დროის დაკარგვის ფასად გვიჯდება.

მეორეც, ჩვენ სატესტო პროგრამა თავიდანვე ორ ნაწილად დავყავით. პირველი ტესტებისთვის საბაზისო მანქანა მოვამზადეთ, ტესტებზე მიღებული მონაცემების გამოყენებით კი მანქანის დახვეწის პროგრამა შევიმუშავეთ. ეს პროგრამა დაგვეხმარება იმაში, რომ სეზონის დასაწყისისთვის, ტრასაზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მანქანით გამოვიდეთ.

ასე რომ, წინასწარ ვიცოდით, ტესტებზე სწრაფები არ ვიქნებოდით. ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. ამიტომ, საპანიკო არაფერი გვაქვს. ჩვენ წინასწარ შემუშავებულ გეგმას მივყვებით, მას ზედმიწევნით ვასრულებთ და ვფიქრობ, ავსტრალიაში იმ პოზიციაზე ვიქნებით, რომელზე ყოფნასაც ვიმედოვნებდით“.

ფრაის თქმით, ბარსელონას ტესტებისთვის, გუნდი მანქანაზე შეცვლილ გამოსაბოლქვ სისტემას და წინა ფრთას, ასევე რადიატორების შეცვლილი ფორმის კორპუსებს დააყენებს. ყველაფერი კი საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ მიხაელ შუმახერმა და ნიკო როსბერგმა თავიდანვე მოწინავეთა შორის იასპარეზონ.

გერმანულ გუნდს სხვა პრობლემებიც აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანამ ახალი გამოსაბოლქვით, სავალდებულო ქრეშ ტესტი ვერ გაიარა. თუმცა, „მერსედეს-ბენც მოტორშპორტის“ შეფი ნორბერტ ჰაუგი ამბობს, რომ მის გუნდს ამ ტესტების გავლა არ გაუჭირდება. „ამ თემაზე კომენტირებას არ ვაპირებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი ჩვენთვის გადაულახავი პრობლემაა“.

უებერი ფ1-ის კარიერას „რედ ბულში“ დაასრულებს

Webber: I'll finish career at Red Bull

3 მარტი

ავსტრალიელი მარკ უებერი ამბობს, რომ ის „რედ ბულ რეისინგიდან“ არსად წასვლას არ აპირებს და ფიქრობს, რომ ფ1-ის პილოტის კარიერას სწორედ ამ გუნდში დაასრულებს. გასული სეზონის განმავლობაში, არაერთხელ გაიჟღერა ვარაუდმა იმის შესახებ, რომ ავსტრალიელმა შესაძლოა, კარიერის დასრულება გადაწყვიტოს.

მაგრამ ახალი სეზონის წინ, უებერი ამბობს, რომ არ ჰქონია მიზეზი, რომლის გამოც ფორმულა 1-დან წასვლაზე იფიქრებდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის „რედ ბულ რეისინგში“ რჩება. ჟურნალ „ფ1 რეისინგთან“ საუბრისას, კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ფ1-ში მისი მომავალი მხოლოდ „რედ ბულს“ უკავშირდება, უებერი პასუხობს:

„მინდა, ასე იყოს. ისევე როგორც სხვა მრბოლებს, მეც მინდა, რომ კარიერა ძლიერ გუნდში გავაგრძელო. „რედ ბულში“ ყოფნა ნებისმიერისთვის ბედის საჩუქარია. მე აქ ჩემს საქმეს სიამოვნებით ვაკეთებ. რა თქმა უნდა, დაძაბული სეზონის დროს, ხშირად ნერვებიც გეშლება. მაგრამ პიტლეინში არავინაა ისეთი, ვისაც ხანდახან ნერვები არ ღალატობს. ვინც ამას უარყოფს, ესე იგი, იტყუება. მაგრამ სწორედ ესაა ის საქმე, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს და რომელსაც ტრასაზე გამოვყავართ“.

უებერი ამბობს, რომ გასულ სეზონში მომხდარი რამდენიმე ინციდენტის მიუხედავად, ამ გუნდში თავისი ყოფნით კმაყოფილია, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ თუ შანსი მიეცა, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება „ფერარიშიც“ გადავიდეს:

„რა თქმა უნდა, გასულ სეზონში, გუნდთან გარკვეული გართულებები შემექმნა, მაგრამ ვინ იტყოდა უარს, გუნდში ორი ისეთი პილოტიუ ჰყოლოდა, როგორებიც ჩვენ ვართ? მე და სებასტიანმა ბევრს მივაღწიეთ და იმედ მაქვს, რომ ჩემს კარიერას კვლავ ამ გუნდში გავაგრძელებ. მათ იციან, რომ შეუძლიათ მენდონ და რომ მე ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები. რაც შეეხება ამ წითელ მანქანებს, ისინი ყველას განსაკუთრებული რომანტიულობით იზიდავენ“...

ბერნი ბაჰრეინის რბოლის სეზონის ბოლოს გადატანას აპირებს

Ecclestone eyes November Bahrain date

3 მარტი

ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა ბატონ-პატრონი ბერნი ეკლსტოუნი მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში ბაჰრეინის დიდი პრიზის დაბრუნებას აპირებს და იმედოვნებს, რომ მას ბოლოსწინა ადგილზე, აბუ დაბის და ბრაზილიის ეტაპებს შორის ჩასვამს. მან აღიარა, რომ აგვისტოში, გაუსაძლისი სიცხის გამო, ბაჰრეინული რბოლის ჩატარება შეუძლებელი იქნება. და იმედოვნებს, რომ მისი ბოლოსწინა ეტაპად ჩასმას, სეზონის დაწყებამდე მოახერხებს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ბაჰრეინში სიტუაცია დასტაბილურდება და ჩვენ იქ რბოლის ჩატარებას შევძლებთ, სეზონის ბოლო, ამისათვის საუკეთესო ვარიანტი იქნება. მოკლედ, თუ ბაჰრეინში კვლავ მშვიდობა დაისადგურებს, ჩვენ იქ დავბრუნდებით“, - ბიბისისთან საუბრისას განაცხადა ეკლსტოუნმა.

8 მარტს, პარიზში საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ავტოსპორტის საბჭო შეიკრიბება და ერთ-ერთ საკითხად, სწორედ ბაჰრეინული რბოლის ბედს განიხილავს. ეკლსტოუნი იმედოვნებს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება. კითხვაზე, რამდენად რეალურია ბაჰრეინის რბოლის კალენდარში დაბრუნება, მან უპასუხა: „სრულიად რეალურია - ტელევიზორით ხომ ბაჰრეინში არეულობების შესახებ, აღარაფერს ამბობენ“.

მოკლედ, თუ ბერნის იმედები გამართლდა, მაშინ ბაჰრეინის დიდი პრიზი 20 ნოემბერს ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 4 დეკემბერს დაინიშნება სეზონის ბოლო ეტაპი - ბრაზილიის დიდი პრიზი. ბერნი ფიქრობს, რომ სიტუაციის ამგვარად შეცვლას, ბრაზილიის რბოლის ორგანიზატორები არ შეეწინააღმდეგებიან.

გარდა ამისა, ბერნის ძალიან მოსწონს რბოლებისას ხელოვნური წვიმის იდეა. ამასთან, ის თვლის, რომ წყლის გამშხეფ მოწყობილობებს კომპიუტერი უნდა მართავდეს და არა ადამიანი. „ჩვენი სპორტი გართობის ინდუსტრიის ნაწილია და მისი მტავარი მიზანი, მაყურებლისთვის, რაც შეიძლება, საინტერესო სანახაობის შეთავაზებაა“, - ამბობს ბერნი.

Wednesday, March 2, 2011

„მაკლარენის“ პილოტების პრობლემებს აღიარებენ

McLaren duo admit to car concerns

2 მარტი

„მაკლარენმა“ რომ ახალი სეზონისთვის სათანადოდ მომზადება ვერ შეძლო, ამას უკვე მისი ორივე პილოტი აღიარებს. ლუის ჰამილტონიც და ჯენსონ ბატონიც MP4-26-ის მთავარ პრობლემად იმ გარემოებას მიიჩნევენ, რომ მას გზასთან ჩაჭიდება არ ჰყოფნის. თუმცა, ისინი იმედოვნებენ, რომ სეზონის დაწყებამდე, ამ გუნდი ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებს.

„მაკლარენმა“ ტესტები სხვა ტოპ გუნდებზე გვიან დაიწყო და გარდა იმისა, რომ მანქანას გზასთან ჩაჭიდულობა აკლია, ის არასაკმარისად გამძლეცაა - ტესტების დროს, პილოტებს ტექნიკური პრობლემების გამო გაჩერება ხშირად უწევდათ. ამიტომ, სხვებზე ნაკლები მანძილი დაფარეს.

ჰამილტონი დასძენს, რომ ახალი მანქანა არც ისე ცუდია, როგორიც 2009 წლის მანქანა, რომელიც სეზონის დასაწყისში ვერანაირ კონკურენციას ვერ უძლებდა. თუმცა აღიარებს, რომ MP4-26 კონკურენტუნარიანი არაა.

„2009 წლის მანქანა საშინელება იყო, რადგან მოსახვევებში ხშირად ერთი ბორბალი იჭედებოდა, რის გამოც, მოსახვევებს სამი ბორბლით გავდიოდი. და საერთოდაც, გზასთან ჩაჭიდულობაც აკლდა. ახალ მანქანაზე იგივეს ვერ ვიტყვი - ბორბლები არ იჭედება, მაგრამ ჩაჭიდულობის დეფიციტი მაინც არსებობს. სამაგიეროდ, ის გაცილებით უკეთ სამართავია, ვიდრე შარშანდელი მანქანა. იმედია, ყველა პრობლემას პირველი რბოლის სტარტამდე მოვაგვარებთ“, - ამბობს ჰამილტონი.

თანაგუნდელს ეთანხმება ბატონიც, ვინც იგივე პრობლემებს ასახელებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ სეზონის დაწყებამდე, ყველაფერი რიგზე იქნება: „მანქანაში პირველად რომ ჩავჯექი, პირველი შთაბეჭდილება იყო - ჩვენ ყველას უკან მოვიტოვებთ. მაგრამ არა. ახალი საბურავები სულ სხვანაირად მუშაობს, მანქანასაც ჩაჭიდულობა აკლია. მაგრამ შეშფოთების საბაბი მაინც არ მაქვს, რადგან ვიცი, რომ სეზონის დაწყებამდე, ყველაფერი გამოსწორდება“, - ამბობს ბატონი და დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ყველა პროლემას შემდეგ ტესტებზე მოაგვარებს, რომლებსაც ისევ ბარსელონა უმასპინძლებს.

„ჯერჯერობით, გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. რამდენჯერმე, ტესტებისას ბოქსებში ის ნაწილები არ აღმოგვაჩნდა, რომლებიც გვჭირდებოდა. ამიტომ, ბევრი მანძილის გავლას ვერ ვახერხებდით. რა თქმა უნდა, ეს მანქანის მომზადებაში ხელის შემშლელი გარემოებაა. მაგრამ ტესტები ჯერაც არ დასრულებულა. იმედია, ბარსელონაში უფრო მეტი მანძილის გავლას მოვახერხებთ, ვიდრე აქამდე. იმის გამო, რომ სატესტო კილომეტრები დაგვაკლდა, ჯერაც არ ვიცით, რამდენად კარგად ვართ მომზადებული. ამაზე კი სწორედ ბარსელონში ვარჯიშის შემდეგ, უკეთესი წარმოდგენა გვექნება“, - დასძენს ბატონი.

Tuesday, March 1, 2011

ალონსო: ახალი საბურავები ტოპ გუნდებს საქმეს გაურთულებს

Alonso: 2011 tyres will hurt top teams

1 მარტი

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო მიიჩნევს, რომ „პირელის“ რბილი საბურავების ნაკლები გამძლეობა, ტოპ გუნდების პილოტების შედეგებზე უარყოფითად იმოქმედებს. და რა თქმა უნდა, მას ასეთი სიტუაცია არ მოსწონს, რადგან ის თვლის, რომ სტარტზე წინა ადგილებზე მყოფ პილოტებს რეზინის უფრო ხშირად შეცვლა მოუწევთ, ვიდრე იმ პილოტებს, რომლებიც კვალიფიკაციის მესამე ეტაპზე ვერ იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ „ბრიჯსტოუნის“ საბურავები ხშირად მთელ რბოლასაც კი უძლებდა, რაც გუნდების ტაქტიკურ შესაძლებლობებს ზღუდავდა. სწორედ გუნდების მოთხოვნა იყო ის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც, „პირელიმ“ გაზრდილი ცვეთის საბურავები მოამზადა, რომელიც გზის საფართან უკეთეს ჩაჭიდებას კი უზრუნველყოფს, მაგრამ ძალიან მალე ცვდება.

„ტესტებზე გამოჩნდა, რომ საბურავები მნიშვნელოვან დეგრადაციას განიცდის, რაც იმას ნიშნავს, რომ რბოლებისას ბევრი პიტსტოპი მოგვიწევს. განსაკუთრებით ძლიერ გუნდებს გაუჭირდებათ, რადგან მათს პილოტებს კვალიფიკაციის ბოლო ეტაპზე რბილი საბურავებით ასპარეზობა და შესაბამისად, რბოლის ამავე საბურავებით დაწყება მოუწევთ. წარმოიდგინეთ, ფეხბურთში, ძლიერი გუნდის კარში ყოველ ნახევარ საათში პენალტი რომ ინიშნებოდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში, ყველა ძლიერი გუნდი მაინც თანაბარ პოზიციაში იქნება“, - ამბობს ალონსო.

ალონსოსგან განსხვავებით, „პირელის“ საბურავებით კმაყოფილია მისი თანაგუნდელი ფელიპე მასა. ჩემპიონატის მონაწილეთა აზრიც ამ თემაზე გაყოფილია. კრიტიკის მიუხედავად, „პირელი“ აცხადებს, რომ საბურავების ცვეთამედეგობის გაუმჯობესებას მაინც არ აპირებს, რადგან ახლანდელი საბურავებით, უფრო სანახაობრივ რბოლებს ცნახავთ, საბურავების გაუმჯობესება კი რბოლებს მოსაწყენს გახდის.

გასული სეზონის ვიცე ჩემპიონი თავს არიდებს პროგნოზებს. რა თქმა უნდა, ჯერ არც „ფერარის“ ახალი ბოლიდის შეფასებას ცდილობს. თუმცა, დარწმუნებულია, რომ ახალ სეზონში პელოტონის რიგები არნახულად შემჭიდროვდება.

„ვინ როგორაა მომზადებული, ეს მელბურნში გამოჩნდება. შემიძლია ვთქვა, რომ მანქანით კმაყოფილი ვარ, რადგან მან გამძლეობა გამოავლინა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ჩვენ იმ გუნდებს შორის ვიქნებით, რომლებიც ტიტულისთვის იბრძოლებენ. ასეთებად კი „რედ ბული“, „მაკლარენი“, „მერსედესი“ და „რენო“ მიმაჩნია. თქვენ წარმოიდგინეთ, „ტორო როსოსაც“ შესამჩნევი პროგრესი ეტყობა. ასე რომ, საინტერესო სეზონი გველის“, - დასძენს „ფერარის“ ესპანელი მრბოლი.
„ინფინიტი“ „რედ ბულის“ სპონსორი გახდა

Infiniti to Sponsor Red Bull F1

1 მარტი

ფრანგული და იაპინური საავტომობილო კომპანიების, „რენოსა“ და „ნისანის“ ალიანსი მოტორ სპორტზეც გავრცელდა - ფორმულა ერთის ახალ სეზონში, ჩემპიონ „რედ ბულ რეისინგს“ სპონსორობას „ნისანის“ ლუქსის კლასის ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი „ინფინიტი“ გაუწევს.

რამდენიმე დღის წინ, ყველა ელოდა, რომ ძრავებით „რედ ბულის“ მომმარაგებელ კომპანიად „ინფინიტი“ გამოცხადდებოდა, მაგრამ იაპონური კომპანია მხოლოდ სპონსორობას დასჯერდა. მისი ლოგოებს ბოლიდების ცხვირზე და უკანა ფრთებზე, ასევე რადიატორების წინ, კოკპიტის იმ ადგილას დაიტანენ, სადაც პილოტია მოთავსებული. გარდა ამისა, იგივე ლოგოთი პილოტების და მექანიკოსების კომბინეზონებსაც გააფორმებენ. ყველაფერი კი „ინფინიტის“ ერთ სეზონში 11 მილიონი დოლარი დაუჯდება. „რენოს“ წარწერებსა და ლოგოს მანქანის იმ ადგილზე ვიხილავთ, სადაც ძრავი მდბარეობს. გარდა ამისა, ასევე შლემების შუშის ზედა ნაწილშიც დარჩება.

ფ1-ის ჩემპიონ გუნდსა და მის ახალ პარტნიორს შორის კონტრაქტი ორწლიანია და ამ ეტაპზე, მხოლოდ სპონსორული ურთიერთობით შემოიფარგლება. თუმცა, „ინფინიტი“ არ გამორიცხავს, რომ მომავალში შეიძლება ის ტექნიკურ თანსმშრომლობაშიც გადაიზაროდს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, იაპონური კომპანია „რენოსთან“ ერთად იმუშავებს და არაა გამორიცხული, რომ „რედ ბულმა“ ძრავები სწორედ „ინფინიტის“ სახელით მიიღოს. თუმცა, ამ ეტაპზე, „ინფინიტიმ“ გამოაცხადა, რომ ძრავების თავისი სახელით შეცვლას არ აპირებს.

„რედ ბულ რეისინგის“ შეფი ქრისტიან ჰორნერი იმედოვნებს, რომ მისი გუნდის და „ინფინიტის“ პარტნიორობა მას შემდეგაც გაგრძელდება, რაც ძალაში ახალი ტექნიკური რეგლამენტი შევა (2013 წელს). არაა გამორიცხული, რომ ახალი რეგლამენტისთვის ძრავის მომზადებაში, ფრანგულ და იაპონურ კომპანიებთან ერთად, მონაწილეობა „რედ ბულ რეისინგმაც“ მიიღოს. ამ შემთხვევაში, მასთან „ფოლკსვაგენის“ პარტნიორობის ვარიანტი გამოირიცხება.

ჰორნერი აღიარებს, რომ ინფინიტის გამოცდილება ეფექტურ სისტემა კერს-ის შესამუშავებლად სჭირდება. თუმცა, „ინფინიტის“ უფროსი ვიცე პრეზიდენტი ენდი პალმერი ამბობს, რომ მისი კომპანია „რედ ბულს“ ბოლიდების შექმნსა და დახვეწაში დაეხმარება. თავად „ინფინიტისთვის“ კი ამ კონტრაქტს დიდი მნიშვნელობა იმ მხრივ აქვს, რომ ტოპ გუნდთან თანამშრომლობა ამ ბრენდს უფრო ცნობადს გახდის, რაც „ინფინიტის“ კონკურენტუნარიანობაზე დადებითად იმოქმედებს.