ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, November 14, 2010

სებასტიან ფეტელი ჩემპიონია !

Sobbing Vettel is F1's youngest champion

14 ნოემბერი

ესეც პირველი ტიტული (დანარჩენებიც იქნება)...
..............................

დასრულდა ფორმულა 1-ის მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი. დიდი პრიზების ცირკს ახალი ჩემპიონი ჰყავს და მისი სახელი სებასტიან ფეტელია! გერმანელმა პილოტმა ბრწყინვალედ ჩაატარა ჩემპიონატის დასკვნითი რბოლა, აბუ დაბის დიდი პრიზი და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. გამარჯვების პარალელურად, მას გაუმართლა კიდეც - ფერნანდო ალონსომ რბოლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა, რის გამოც, ფეტელთან 15-ქულიანი უპირატესობა, რაც ბოლო ეტაპის წინ ჰქონდა, ქარს გაატანა. ყველაფერი კი იმის ბრალი იყო, რომ თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში, მან ვერაფრით გაასწრო რუს ვიტალი პეტროვს, რომელმაც თავის კარიერაში საუკეთესო რბოლა ჩაატარა.

ფეტელი თავისი კარიერის ყველაზე გამორჩეულ გამარჯვებას ზეიმობს
..............................

მაშ ასე, ფორმულა 1-ს 32-ე ჩემპიონი შეეძინა და უნდა ითქვას, რომ ფეტელმა ეს ტიტული სრულებით დაიმსახურა. სეზონის 19 რბოლიდან მან 5 მოიგო და 10 პოულ პოზიციიდან დაიწყო. და ფორმულა 1-ის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა (23 წლის და 135 დღისაა) ჩემპიონი გახდა.

სეზონი ბოლო ეტაპამდე ისე მივიდა, ფეტელი ერთპიროვნული ლიდერი არ ყოფილა. თუმცა, ყოველთვის ფავორიტთა შორის მოიხსენიებდნენ. აბუ დაბიმდე ერთი კვირით ადრე, მან ბრაზილიის დიდი პრიზი მოიგო, თუმცა მაინც ჩემპიონობის ნაკლებ შანსს ინარჩუნებდა, ვიდრე მისი თანაგუნდელი მარკ უებერი. ამის გამო, აბუ დაბიში გამგზავრებამდე, ”რედ ბულ რეისინგის” ხელმძღვანელობა მას დაელაპარაკა, რათა გადამწყვეტ მომენტში, ანუ იმ შემთხვევაში, თუ უებერს დასჭირდებოდა, გუნდის ინტერესები გაეთვალისწინებინა. მაგრამ მას არავის ინტერესების გათვალისწინება არ დასჭირდა!

შუმახერის და ლიუცის ავარია
..............................

”წარმოუდგენელია. მე ჩემპიონთა სიაში ამ ბიჭების - სენას და შუმახერის გვერდით ვარ. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა”, - პრესკონფერენციაზე სიტყვებს ეძებდა აცრემლებული ჩემპიონი.

სხვათა შორის, მის მიერ ნახსენები გრანდებიდან ერთი - მიხაელ შუმახერი ძლივს გადაურჩა განსაცდელს. პირველივე წრეზე ის თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგს დაეჯახა და დატრიალდა. უკნიდან კი მის ”მერსედესს” იტალიელი ვიტანტონიო ლიუცის ”ფორს ინდია” შეეჯახა. ლიუცის მანქანა შუმახერისაზე ავარდა და ცოტა დააკლდა, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის თავზე დაცემულიყო. საბედნიეროდ, გერმანელი პილოტი უმნიშვნელო ტრავმასაც კი გადაურჩა.

პელოტონი რამდენიმე წრე უსაფრთხოების მანქანამ ატარა, შემდეგ კი უებერის შეცდომის ჯერი დადგა - ერთ-ერთი მოსახვევიდან ის მეტისმეტად ფართედ გამოვიდა და მისი მანქანის მარჯვენა უკანა ბორბალი კედელს შეასკდა. მანქანა არ დაზიანებულა, თუმცა ავსტრალიელს მალე რეზინის შესაცვლელად, ბოქსში შესვლა დასჭირდა. ორი წრის შემდეგ, მისი გზა ალონსომაც გაიარა.

ადრეული პიტ სტოპის გამო, ორივე პილოტი პელოტონის შუაგულში აღმოჩნდა. ალონსო მალე კუდზე დააჯდა პეტროვს, რომელმაც მისი გატარება არ ინება და ასე განსაჯეთ, ფინიშამდე თავისი ძრავის გამონაბოლქვი ასუნთქა ჩემპიონატის ლიდერს. ალონსოს კი კვალში უებერი ედგა. ესპანელი, ვისაც სტარტამდე გზა მეფე ხუან კარლოსმა დაულოცა, ამაოდ ცდილობდა პეტროვის გასწრებას.

ნარბოლევს მან განაცხადა, რომ თავიდან, მისი ორიენტირი უებერი იყო და მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ ის უკან ჰყოლოდა. უებერს თავისი პრობლემები ჰქონდა - მან რბოლამდე აღიარა, რომ აბუ დაბის ტრასა მის სტილს ნაკლებად შეეფერება და ამით მიანიშნა, რომ ჩემპიონობის ნაკლები შანსი ჰქონდა. მოკლედ, ალონსო საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა, უებერმა კი ფინიშს მერვემ მიაღწია.

”მის გასწრებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიცი, ამისთვის ყველაფერს აკეთებ და ეცადე, რომ გაასწრო”, - რბოლის დროს ალონსოს ამ სიტყვებით ”ფერარის” შეფმა სტეფანო დომენიკალიმ მიმართა. შემდეგ ლამის მუდარის ხმით, ესპანელს გუნდის სარბოლო ინჟინერმა ანდრეა სტელამაც მიმართა: ”ეცადე, შენი ნიჭი ბოლომდე გამოიყენო. ჩვენ ხომ ვიცით, რამდენად ნიჭიერი ხარ. ჰოდა, გამოიყენე ეს ნიჭი”. მაგრამ არაფეტმა გაჭრა...

”ეს სპორტია, ეს ავტო რბოლაა. ხან მოიგებ, ხან წააგებ. რბოლის შემდეგ ყოველთვის უფრო ადვილია აღმოაჩინო, თუ რომელი იქნებოდა უკეთესი სტრატეგია. პეტროვი ძალიან აგრესიული იყო. სხვა დროს კიდევ ვცდი”, - განაცხადა გაოგნებულმა ალონსომ, ვინც პეტროვზე შეტევების დროს, არც სიფრთხილეს ივიწყებდა, რადგან მცირე შეცდომასაც კი შეეძლო ყველაფრის წყალში ჩაყრა, ასე კი მას რაღაცის შანსი მაინც რჩებოდა.

პრესკონფერენციაზე ფეტელს ხუმრობით ჰკითხეს, ხომ არ აპირებს მომავალ სეზონში პეტროვის სპონსორობას, რათა მან ”რენოში” ადგილი შეინარჩუნოს, რაზეც ახალმა ჩემპიონმა იმედი გამოთქვა, რომ რუსი პილოტი მერმისსაც პელოტონში იქნება.

შეანიშნავად იასპარეზეს ”მაკლარენის” პილოტებმა. ჰამილტონმა სტარტზევე შეუტია ფეტელს და მართალია, ვერ გაასწრო, მაგრამ კარგა ხანს, შორს არ გაუშვია. ჯენსონ ბატონმა კი მწვანე შუქნიშანზე შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და პირველ მოსახვევამდე გაუარა ალონსოს. გვიანი პიტსტოპის წყალობით კი ერთხანს რბოლის სათავეშიც მოექცა. თუმცა, საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

იას მარინა. ტრასის სიგრძე 5.554 კმ, 55 წრე, დისტანცია 305.355 კმ

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:39:36.837

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:10.162

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:11.047

4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:30.747

5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 00:39.026

6. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 00:43.520

7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:43.797

8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:44.243

9. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 00:50.201

10. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:50.868

11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 00:51.551

12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 00:57.686

13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 00:58.325

14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 00:59.558

15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 01:03.178

16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 01:04.763

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1 წრე

18. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 2 წრე

19. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 2 წრე

20. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 2 წრე

21გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 4 წრე

გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 12 წრე

გ. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 54 წრე

გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 54 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:41.274, 47-ე წრე

პილოტების საბოლოო კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 256 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 252; 3. მარკ უებერი - 242; 4. ლუის ჰამილტონი - 240; 5. ჯენსონ ბატონი - 214; 6. ფელიპე მასა - 144; 7. ნიკო როსბერგი - 142; 8. რობერტ კუბიცა - 136; 9. მიხაელ შუმახერი - 72; 10. რუბენს ბარიკელო - 47; 11. ადრიან სუტილი - 47; 12. კამუი კობაიაში - 32; 13. ვიტალი პეტროვი - 27; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 22; 15. ვიტანტონიო ლიუცი - 21; 16. სებასტიან ბუემი - 8; 17. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) - 6; 18. ნიკ ჰაიდფელდი - 6; 19. ხაიმე ალგერსუარი - 5; 20. ჰეიკი კოვალაინენი - 0; 21. იარნო ტრული - 0; 22. კარუნ ჩანდჰოკი (ინდთი, ისპანია) - 0; 23. ბრუნო სენა - 0; 24. ლუკას დი გრასი - 0; 25. ტიმო გლოკი - 0; 26. სკაონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) -0; 27. კრისტიან კლინი -

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 498 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 454; 3. ფერარი - 396; 4. მერსედესი - 214; 5. რენო - 163; 6. უილიამს-კოსუორტი - 69; 7. ფორს ინდი-მერსედესი - 68; 8. ზაუბერ-ფერარი - 44; 9. ტორო როსო-ფერარი - 13; 10. ლოტუს-კოსუორტი - 0; 11. ისპანია-კოსუორტი - 0; 12. ვირჯინ--კოსუორტი - 0

No comments:

Post a Comment