ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, November 5, 2010

უებერი: ფეტელი ”რედ ბულის”ფავორიტია

Webber: Vettel is Red Bull's favourite

5 ნოემბერი

ბრაზილიის დიდი პრიზის წინ მოწყობილ პრესკონფერენციაზე, ”რედ ბულ რეისინგის” ავსტრალიელმა პილოტმა მარკ უებერმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ”ემოციურად უფრო მის თანაგუნდელ სებასტიან ფეტელის მხარეზეა”.

ამ სეზონის განმავლობაში, შიდაგუნდური ფავორიტიზმის თემა ”რედ ბულში” რამდენჯერმე წამოიჭრა. განსაკუთრებით აქტუალური კი ის თურქული რბოლის შემდეგ გახდა, რომლის დროსაც, ფეტელი რბოლის ლიდერ უებერს დაეჯახა. სილვერსტოუნის კვალიფიკაციის წინ კი ოზ პილოტს ფეტელისთვის იმ ახალი წინა ფრთის დათმობა მოუხდა, რომელიც ინგლისურ ეტაპამდე გუნდმა შეიმუშავა.

ბრაზილიის რბოლამდე, ჩემპიონატს ”ფერარის” ესპანელი ფერნანდო ალონსო ლიდერობს, რომელსაც უებერი 11 ქულით, ფეტელი კი 25 ქულით ჩამორჩება. მართალია, გერმანელს ჩემპიონობის გაცილებით მცირე შანსები აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ავსტრიული გუნდი მაინც არ აპირებს ბრაზილიაში უებერის ლიდერად გამოყვანას და ორივე პილოტს თანაბარ მხარდაჭერას პირდება.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს, გუნდი ორივე პილოტს თანაბარი მხარდაჭერით უზრუნველყოფს, თუ არა, უებერი პასუხობს: ”ტექნიკურად, ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგადაა. თუმცა იგრძნობა, რომ გუნდი მორალურად უფრო სებასტიანის მხარეზეა. რა თქმა უნდა, ის გუნდის მომავალია და ეს არც მიკვირს. ყველაფერი ძალიან კარგადაა. შესანიშნავი მანქანა მაქვს და ეს იმის საშუალებას მაძლევს, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო. ცხოვრებაშიც ასეა. იმ ადამიანებთან ყოფნას ვარჩევ, ვისთან ყოფნაც სიამოვნებას მანიჭებს. ასეა აქაც. ცხოვრებაა ასეთი და ყოველთვის ასე იქნება”.

ავსტრალიელი დასძენს, რომ შესაძლოა, ”რედ ბულ რეისინგი” დიდ შეცდომას უშვებს, როცა ჯიუტად აგრძელებს მიუმხრობლობის დაცვას. მისი თქმით, ასე შეიძლება ორივე ტიტული დაიკარგოს.

”მე მრბოლი ვარ და ვფიქრობ, რომ რისკი გაცილებით იზრდება, როცა თანაგუნდელი არაფერს გითმობს. თუ ბოლომდე ასე გავაგრძელეთ, შეიძლება ორივე ჩათვლაში ტიტულები სხვას დარჩეს. მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. უკეთესი იქნება, თუ ამ თემაზე მათ ჰკითხავთ, ვინც გუნდს ხელმძღვანელობს”.

კითხვაზე, მასზე წინ ფეტელი რომ ყოფილიყო, თავად როგორ მოიქცეოდა, უებერი პასუხობს, რომ ამაზე არ უფიქრია: ”ამაზე ლაპარაკი ძნელია. ახლა ძნელია იმის თქმა, თუ როგორ მოვიქცეოდი. ამაზე ფიქრია საჭირო, თუმცა ეს არაფერს მომცემს. სხვადასხვა მიზეზის გამო, სები ამ სეზონში ლიდერი არ ყოფილა, მე კი ჩემპიონატის დიდ ნაწილს ვლიდერობდი. მაგრამ ესეც არაფერს ნიშნავს. სულ ორი რბოლა დაგვრჩა და ყველაფერი ბრაზილიასა და აბუ დაბიში გადაწყდება”.

უებერი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ჩემპიონი ვერ გახდეს, ის მაინც კმაყოფილი დარჩება თავისი გამოსვლით: ”სეზონის დასაწყისში ჩემთვის რომ გეთქვათ, ოთხ რბოლას მოვიგებდი, ცხრაჯერ კვარცხლბეკზე ავიდოდი და ჩემპიონობის რეალური შანსი მექნებოდა, ვიფიქრებდი, დამცინიან მეთქი. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს სენსაციური სეზონია. ჯერაც შემიძლია მისი დაგვირგვინება და ვეცდები, ეს შევძლო. თუ არა, რას ვიზამ, აბუ დაბის რბოლის მეორე დილას, მზე ნებისმიერ შემთხვევაში ამოვა”.

დაბოლოს, უებერმა აბსურდული უწოდა გერჰარდ ბერგერის გამონათქვამს - ავსტრიელი მას ბრალს სდებს იმაში, რომ კორეაში მომხდარი ავარიის მომენტში, სპეციალურად არ გააჩერა ნაავარიები მანქანა იმ იმედით, რომ რომელიმე თავისი მეტოქის დამტვრევასაც შეძლებდა.

”მახსოვს, გერჰარდსაც თავის დროზე მოსდიოდა ავარიები... ერთის თქმა შემიძლია, სხვებს გამიზნულად ხიფათს არასდროს შევუქმნი. ისე, საინტერესოა - მანქანაზე კონტროლი დავკარგე და ავარიაც ამის გამო მომივიდა, მაგრამ იმდენად ვაკონტროლებდი მას, რომ სხვას დავჯახებოდი? გენიოსი ვყოფილვარ, ასე არ არის?”

No comments:

Post a Comment