სენსაცია სახელად ჰულკენბერგი
Hulkenberg puts Williams on pole in Brazil
6 ნოემბერი
მიმდინარე სეზონში ”რედ ბულის” პილოტებს კვალიფიკაციაზე ”მაკლარენის” და ”ფერარის” პილოტებიც კი ვერ სჯობნიან, მაგრამ ბრაზილიაში თავზე ყველას ფორმულა 1-ის დებიუტანტი, ”უილიამსის” გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი გადაახტა, ვისაც ინგლისურ გუნდში მომავალი სეზონისთვის ადგილი გარანტირებულიც კი არ აქვს.
რა თქმა უნდა, ეს დიდი სენსაციაა, რომელსაც თავად პილოტიც, რა თქმა უნდა, არ ელოდა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს სენსაცია შესაძლებელი წვიმიანმა ამინდმა გახადა. ჰულკენბერგი აქამდე კვალიფიკაციის მესამე ეტაპზეც იშვიათად გადიოდა, დღეს კი ჩემპიონობისთვის მებრძოლი ყველა პილოტი დაჩრდილა და თავის კარიერაში პირველად დაეუფლა პოულ პოზიციას.
დაჩრდილაო, რომ ვამბობთ, რა თქმა უნდა, იმასაც ვგულისხმობთ, რომ უახლოესი მდევარი, ”რედ ბულის” გერმანელი სებასტიან ფეტელი, ვისაც ამ სეზონში, 9 პოული აქვს მოგებული და ”უილიამსის” პილოტი რომ არა, მეათედაც შეძლებდა რბოლის მოწინავე პოზიციიდან დაწყების უფლების მოპოვებას, წამზე მეტით ჩამოიტოვა.
ავსტრალიელი მარკ უებერი მესამე ადგილს დასჯერდა, მის გვერდით კი სტარტზე ლუის ჰამილტონი დადგება, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ჩემპიონატის ლიდერი ფერნანდო ალონსო. მხოლოდ მე-11 ადგილს დასჯერდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი, რომელმაც ”რენოს” რუსი ახალბედას, ვიტალი პეტროვის ჯობნაც კი ვერ შეძლო და როგორც ჩანს, ბრაზილიაშივე ტიტულის შენარჩუნების თეორიულ შანსსაც დაკარგავს.
ჰულკენბერგმა თავის ტიტულოვან გუნდს, 2005 წლის შემდეგ, პირველი პოული მოუპოვა. მანამდე, ”უილიამსის” ბოლიდით ბოლო პოული გერმანელ ნიკ ჰაიდფელდს (ნურბურგრინგზე) ჰქონდა მოპოვებული. ”კოსუორტის” ძრავით კი ბოლო პოული ბრაზილიაშივე, 2004 წელს, კოლუმბიელმა ხუან პაბლო მონტოიამ მოიპოვა.
”ეს განსაცვიფრებელია. ახლაც არ მჯერა, რომ ეს შევძელი. როგორც ჩანს, სწორად მოვიქეცით, როდესაც ბოლო ცდაზე სლიკებით გამოვედით. რა თქმა უნდა, ეს ბიჭები ჩემპიონობისთვის იბრძვიან და არ მინდა, მათ ხელი შევუშალო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს საქმეს არ გავაკეთებ. მეექვსე ადგილისთვის, ჩვენ არანაკლებ დაძაბული ბრძოლა გვაქვს ”ფორს ინდიასთან”. იმედია, დღეს მოპოვებულ უპირატესობას ხვალინდელ რბოლაში გამოვიყენებ და შინ ბლომდ ქულებს გავიყოლებთ”, - განაცხადა ჰულკენბერგმა.
”თავიდან ვიფიქრე, რომ წამის მეათედით წავაგე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ მეათედის გარდა, კიდევ წამი მქონდა წაგებული. მოკლედ, ნიკომ დღეს ყველას გვაჯობა”, - განაცხადა ფეტელმა.
”ძალიან, ძალიან ძნელი იყო დღეს შეცდომის არდაშვება. რაც შემეძლო, გავისარჯე და როგორც ჩანს, ამაზე მეტის მიღწევა ამჯერად შეუძლებელი იყო. თუმცა, ჩემი სასტარტო პოზიციით კმაყოფილი ვარ. ნიკოს კი ვულოცავ. მან ყველა დანრჩენს ერთი თავით გვაჯობა”, - განაცხადა უებერმა.
ბრაზილიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:14.470
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:15.519
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:15.637
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:15.747
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:15.989
6. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:16.203
7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:16.552
8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:16.925
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:17.101
10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:17.656
- - - - - - - - - -
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:19.288
12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:19.385
13. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:19.486
14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:19.581
15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:19.847
16. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:19.899
17. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:20.357
- - - - - - - - - -
18. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:20.830
19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:22.130
20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:22.250
21. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:22.378
22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:22.810
23. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 1:23.083
No comments:
Post a Comment