ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, September 8, 2009

”ბრიჯსტოუნი” მონცაზე სიურპრიზებს მოელის

Bridgestone expects Monza surprises (Autosport)

8 სექტემბერი

ფორმულა ერთში საბურავების ერთადერთი მიმწოდებელი, იაპონური კომპანია ”ბრიჯსტოუნი” ვარაუდობს, რომ ისევე როგორც სპა ფრანკორშანზე, მონცაზეც გადამწყვეტი ფაქტორი ორი განსხვავებული შემადგენლობის საბურავების ოპტიმალურად გამოყენება იქნება.

ბელგიაში რამდენიმე გუნდს გაუჭირდა მანქანების ისე მომართვა, რომ მათ ”მედიუმ” და ”სოფტ” საბურავებით ერთნაირად კარგად ემუშავათ. აღნიშნულ ამოცანას ყველაზე უკეთ ”ფერარი” და ”ფორს ინდია” გაუმკლავდნენ, რომლებმაც კიმი რაიკონენსა და ჯანკარლო ფიზიკელას მანქანები ოპტიმალურად დაურეგულირეს.

”ბრიჯსტოუნის” მოტორსპორტის განყოფილების დირექტორი ჰიროჰიდე ჰამაშიმა ამბობს, რომ მისი კომპანია იტალიაშიც გუნდებს ზუსტად იგივე შემადგენლობის საბურავებით მოამარაგებს, რაც საინტერესო რბოლის წინაპირობა უნდა გახდეს.

”როგორც სპაში ვნახეთ, მედიუმ და სოფტ საბურავების კომბინციას საინტერესო შედეგები მოაქვს. მედიუმ კამპაუნდი ყველაზე რბილია იმ საბურავებს შორის, რომლებიც მაღალი ტემპერატურისას რბოლისთვისაა განკუთვნილი. სოფტი კი ყველაზე მყარია იმ საბურავებს შორის, რომლებსაც ჰაერის დაბალი ტემპერატურისას ვიყენებთ. ამ ტიპის საბურავები შემადგენლობით განსხვავებულია, მაგრამ მათი მახასიათებლები ზოგიერთი პარამეტრით ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. სპაზე გამოჩნდა, რომ ეს საბურავები ყველა მანქანას ერთნირად არ მიესადაგება. მნიშვნელობა აქვს პილოტის მართვის სტილს და იმას, თუ როგორაა მომართული მანქანა. ჰოდა, მონცაზეც შესაძლოა რბოლა იმავე სცენარით წარიმართოს, როგორც სპაზე. ისიც უნდა ითქვა, რომ მონცას ტრასა უფრო რთულია და აქ საბურავებს დიდი მნიშვნელობა აქვს”, - ამბობს ჰამაშიმა.

სპაზე პილოტებს ძალიან გაუჭირდათ საბურავების შესაბამისად სარბოლი სტრატეგიის შემუშავება. ზოგიერთისთვის თუ სოფტი კვალიფიკაციაზე კარგად მუშაობდა, რბოლაზე უფრო მოსახერხებელი მედიუმი ხდბოდა და პირიქით. მოკლედ, ბელგიაში ბევრი რამ საბურავების ლატარეამ განსაზღვრა. იაპონური კომპანიის ხელმძღვანელობა კი მონცაზეც დაახლოებით იმავე სცენარს გვპირდება...

Monday, September 7, 2009

ფორს ინდიამლიუცი აიყვანა

Force India confirms Liuzzi

7 სექტემბერი

როგორც მოსალოდენლი იყო, ”ფერარიში” გადასული ჯანკარლო ფიზიკელას ადგილზე, ”ფორს ინდიამ” ასევე იტალიელი, ვიტანტონიო ლიუცი აიყვანა, ვინც აქამდე ინდური გუნდის სათადარიგო პილოტის მოვალეობას ასრულებდა.

”მოხარული ვარ, რომ ტონიოს რბოლებში დაბრუნების საშუალებას ვაძლევ. ვიცი, ის ამაზე უკვე ორი სეზონია ოცნებობს. ჩვენი გუნდი ახლა უკვე კონკურენტუნარიანია და ჩვენ შესაბამისი უნარისა და გამოცდილების პილოტი გვჭირდებოდა. ახლა ჯერი ტონიოზეა. მან უნდა დაუმტკიცოს გუნდსაც და სხვებსაც, რომ კარგი მანქანით შესაბამისი შედეგის თავი აქვს. და მე მჯერა, რომ ის ამ შანსს გამოიყენებს”, - ამბობს გუნდის შეფი და მეპატრონე ვიჯეი მალია.

28 წლის ლიუციმ ფორმულა 1-ის რბოლაში ბოლოს ორი წლის წინ იასპარეზა, ინდური გუნდის ბოლიდის საჭეს კი უკანასკნელად ნოემბრის ტესტებისას მიუჯდა. თუმცა, ამის მიუხედავად, იტალიელი პილოტი ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ ”ფორს ინდიას” სირცხვილს არ აჭმევს:

”ერთი სული მაქვს, როდის გამოვალ ტრასაზე. მოლოდინი ორმაგად ძლიერია იმის გამო, რომ დაბრუნება საშინაო რბოლაზე, მონცაზე მიწევს. ძალიან ვაფასებ ვიჯეის გადაწყვეტილებას. დღეს ჩვენს გუნდს კონკურენტუნარიანი მანქანა ჰყავს, რომლითაც კარგი შედეგის მიღწევა შეიძლება და ვიმედოვნებ, მის შესაძლებლობებს სრულად გამოვიყენებ და გუნდის შემდგომ პროგრესში მონაწილეობას მივიღებ. ახლა ძალიან მოტივირებული, კარგ განწყობაზე ვარ და მჯერა, რომ გუნდს არაერთ ქულას შევმატებ. მართალია, ეს შანსი ფელიპე მასას სამწუხარო ინციდენტის შედეგად მივიღე, მაგრამ მის გამოყენებაზე უარს ვერ ვიტყვი და ვეცდები, ყველას ვაჩვენო, რისი თავი მაქვს”.

ლიუცის ფ1-ში სულ სამი სეზონი აქვს გატარებული - ”რედ ბულთან” და ”სკუდრია ტორო როსოსთან” ერთად, მან ამ სამ სეზონში მხოლოდ ხუთი ქულის აღება შესძლო. ჩატარებულ 39 რბოლაში კი მისი საუკეთესო შედეგი ჩინეთის 2007 წლის დიდ პრიზზე დაკავებული მე-6 ადგილია.

”მერსედესი” ”ბრაუნის” წილის შეძენას აპირებს

Mercedes set to buy into Brawn GP (AUTOSPORT)

7 სექტემბერი

”მერსედეს-ბენცი” მოლაპარაკებას აწარმოებს ”ბრაუნ GP-თან”. ჟურნალ ”ავტოსპორტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. თუ გარიგება შედგა, გერმანული კომპანია, რომელიც დღეს ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის - ”მაკლარენის” თანამფლობელია, ორი გუნდის თანამეპატრონე გახდება.

”ბრაუნის” ფინანსურ მდგომრეობას კარგა ხანს მიმომხილველები კრიტიკულს უწოდებდნენ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, მისმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მალე რამდენიმე სასპონსორო კონტრაქტი დაიდება, რაც ინგლისურ გუნდს მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში ფინანსურად უზრუნველყოფს. და თუ გერმანულ კომპანიასთანაც გაფორმდა კონტრაქტი, ეს ”ბრაუნის” კეთილდღეობის გარანტია იქნება.

ამ სეზონში ”მერსედეს-ბენცი” ძრავებს სამ გუნდს - თავის პარტნიორ ”მაკლარენს”, ”ბრაუნ GP-ს” და ”ფორს ინდიას” აწვდის, მომავალი სეზონიდან კი ამ გუნდებს ალბათ ”რედ ბული” დაემატება. მართალია, შტუტგარტელები სხვა გუნდებთან ურთიერთობებს აღრმავებენ, მაგრამ იმავდროულად ირწმუნებიან, რომ ეს ”მაკლარენთან” პარტნიორობის დაკნინების ხარჯზე არ მოხდება.

თავისი პარტნიორის გააქტიურება არც ”მაკლარენში” აღელვებთ. ”ჩვენ და ”მერსედეს-ბენცს” ხაგრძლივი კონტრაქტი გვაკავშირებს. მათთან უკვე 15 წელია ვთანამშრომლობთ და ეს ურთიერთობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. იმავდროულად, გაგებით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორის გეგმებს, მიაწოდოს თავისი ძრავები სხვა გუნდებს. უფრო მეტიც, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ სწორედ ”მერსედეს-ბენცის” ძრავებმა უზრუნველყო ”ბრაუნ GP-ს” გადარჩენა”, - ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ”მაკლარენის” წარმომადგენელმა.

”ბრაუნ GP-ს” გარდა, გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობა წარმატებული გამოდგა ”ფორს ინდიასთვისაც”, რომელმაც მართალია, სეზონი უხეიროდ დაიწყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მანქანის დახვეწა შეძლო და ბელგიაში პოულსა და რბოლაში მეორე ადგილსაც კი მიაღწია.

რაც შეეხება ”რედ ბულთან” ”სამქიმიანობის” ურთიერთობას, გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული კომპანია თანახმაა, უარი თქვას იმ 5 მილიონ ევროზე, რომლებიც ძრავებში ეკუთვნის, სანაცვლოდ კი ”რედ ბული” მის ლოგოს თავისი მანქანების ცხვირზე დაიტანს...

აღსანიშნავია, რომ შტუტგარტული კომპანიისგან ძრავების მიღება ”უილიამსსაც” სურს, მაგრამ ”მერსედეს-ბენცი” აცხადებს, რომ მხოლოდ ოთხ გუნდთან აპირებს თანამშრომლობას. და თუ რაღაც მიზეზის გამო, ”რედ ბულთან” კონტრაქტი არ გაფორმდა, მაშინ სამქიმიანი ვარსკვლავის ემბლემას ფრენკ უილიამსის ბოლიდებზე ვიხილავთ.

Sunday, September 6, 2009

ბარიკელოს მონცაზე კარგი გამოსვლის იმედი აქვს

Rubens Barrichello

6 სექტემბერი

რუბენს ბარიკელოს მიაჩნია, რომ იტალიის დიდ პრიზზე, ”ბრაუნი” მეტოქე ”რედ ბულზე” უკეთ იასპარეზებს. ამის იმედს კი მას ის გარემოება აძლევს, რომ მონცას ავტოდრომის მსგავი პარამეტრების მქონე სპა ფრანკორშანზე, ავსტრიული საჯინიბოს პილოტები - მარკ უებერი და სებასტიან ფეტელი სისწრაფით არ გამოირჩეოდნენ.

არადა, ყველა ელოდა, რომ სპაზე ”რედ ბულის” პილოტებს კონკურენციას ვერავინ გაუწევდა. მაგრამ უებერმა ეს რბოლა უქულოდ დაასრულა, ფეტელმა კი გაჭირვებით შეძლო კვარცხლბეკის მესამე საფეხურის დაკავება. რუბინიოს ოპტიმიზმს კი ის გარემოებაც აძლიერებს, რომ მისი აზრით, ”ბრაუნის” BGP 001 მონცას ზორბა ბორდიურებს უკეთ აიტანს, ვიდრე ”რედ ბულის” RB5.

”ადრე ასეთი უხეში ბორდიურები მხოლოდ ორ ტრასაზე - მონცასა და ჰოკენჰაიმზე იყო. ამ სეზონში კი მხოლოდ მონცაზე იქნება. ჩვენი მანქანები კარგად ეგუება მათზე გავლას, რაც რბოლის დროს აუცილებლად გამოგვადგება. თეორიულად, ჩვენ არ უნდა გაგვიჭირდეს ”რედ ბულების” ჯობნა. მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ბელგიაში ლამის ”ფორს ინდიამ” მოიგო. ასე რომ, სიურპრიზები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა მოსალოდნელი. საერთოდ, ეს სეზონი სიურპრიზებითაა აღსავსე”, - ამბობს ბარიკელო, ვისაც ჩემპიონატში მეორე ადგილი უკავია და ლიდერი, ბრიტნელი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი 16 ქულას უგებს.

ბოლო ხუთი რბოლაა, ბარიკელო ბატონზე უკეთ ასპარეზობს და მართალია, მასზე ხუთით ნაკლები გამარჯვება აქვს მოპოვებული, მაინც იმედს არ კარგავს და დარწმუნებულია,რომ უზარმაზარი გამოცდილება, ტიტულისთვის ბრძოლაში დაეხმარება.

”კარგია, რომ ტიტულისთვის ბრძოლა იძაბება. პრესინგი პილოტის თავში იბადება და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, შესძლებს თუ არა მასთან გამკლავებას. მსგავსი რამ გოლფშიც ხდება ხოლმე. მაგალითად, მეტოქესთან ქულა-ქულაში მიდიხარ. ამ დროს ნერვიულობას იწყებ. მაგრამ ეს რომ ვარჯიშზე ხდებოდეს, არ ინერვიულებ. ჰოდა, შეჯიბრის დროსაც უნდა წარმოიდგინო, რომ ვარჯიშზე ხარ და ყველაფერი კარგად გამოვა. მეც ვცდილობ, ასე მოვიქცე. ვფიქრობ, ბელგიაში ცუდად არ მიასპარეზია - უამრავი პრობლემის მიუხედავად, ორი ქულა მაინც ავიღე. სიჩქარის მიხედვით, სპაზე კვარცხლბეკზე ასვლა შემეძლო, ჩემს თანაგუნდელს კი რვიანში რბოლის დასრულება ნებისმიერ შემთხვევაში გაუჭირდებოდა. ზეწოლა ყოველთვის არსებობს, ის სპორტის ნაწილია, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ - მე ხომ დიდი ხანია, რაც ფორმულა 1-ში გამოვდივარ”, - ამბობს ბარიკელო.

ბრაზილიელი დასძენს, რომ ჩემპიონობის ასეთი კარგი შანსი ”ფერარიში” ყოფნისას არასდროს ჰქონია, რადგან იქ მეორე ნომრად იყო გამწესებული და მიხაელ შუმახერის ინტერესების დასაცავად უწევდა ასპარეზობა.

”შემიძლია ვთქვა, რომ ”ბრაუნში” ჩემპიონობის გაცილებით მეტი შანსი მაქვს. გუნდს არ აქვს იმის ფუფუნების საშუალება, რომ მხოლოდ ერთ პილოტს დაუჭიროს მხარი,რადგან ”რედ ბული” ჩვენგან ახლოსაა. ასე რომ, ორივეს თანაბრად გვემსახურებიან, რაც მე ძალიან მომწონს”, - დასძენს რუბინიო.

რბოლის შემდგ დაკარგული გამარჯვება

Rally of Australia

6 სექტემბერი

ჰირვონენმა ზედზედ მეოთხე გამარჯვებამოიპოვა
ჰირვონენი ასპარეზობისას

სებასტიან ლოებს და მის შტურმან დანიელ ელენას გამარჯვება არ შეარჩინეს

..........................................................................................

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ფრანგი სებასტიან ლოების გამარჯვებით დასრულდა ინციდენტებით მდიდარი რალი ავსტრალია. მაგრამ რბოლის ფინიშიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რალის ტექნიკურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ ”სიტროენის” მანქანებს რეგლამენტით დაუშვებელი ელემენტები ჰქონდა, რის გამოც, ფრანგული გუნდის სამ ეკიპაჟს, ჯარიმის სახით, შაბოლოო შედეგებზე თითო წუთი დაემატა.

რალის ფრანგმა ლეგენდამ 12.5 წამით აჯობა ჰირვონენს, მაგრამ დაჯარიმების შემდეგ, მეორე ადგილზე გადაინცვლა. ამგვარად, ჰირვონენმა ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა და ლოებთან უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა.

ავსტრალიური რალი გრუნტიან გზებზე პირველად ჩატარდა და ის გამარჯვებისთვის სამმხრივი ბრძოლით აღინიშნა. ახალი სამხრეთ უელსის გზებზე, ლოების და ჰირვონენის გარდა, პირველობისთვის ფრანგის ესპანელი თანაგუნდელი დანიელ სორდოც იბრძოდა, ვინც ორი დღის ჯამში, სულ რაღაც 0.1 წამით სჯობდა ორივე მეტოქეს, საბოლოოდ კი მესამე ადგილს დასჯერდა. ეს ადგილი მან ჯარიმის მიუხედავად შეინარჩუნა, რადგან ერთწუთიან ჯარიმას ვერც მისი ფრანგი თანაგუნდელი სებასტიან ოჟიე გადაურჩა. თუმცა, ოჟიე რომც არ დაჯარიმებულიყო, სორდო მაინც მესამე იქნებოდა, რადგან მეტოქეს წუთზე მეტით აჯობა.

მართალია, ”სიტროენში” თვლიან, რომ წესი არ დაურღვევიათ, ისინი ავსტრალიური რბოლის საბოლოო შედეგების გაპროტესტებას მაინც არ აპირებენ.

ლოებმა ჩემპიონატის პირველი ხუთი ეტაპი მოიგო, მაგრამ მას შემდეგ, გამარჯვების გემო დაავიწყდა. ამით კი ჰირვონენმა ისარგებლა, ვისთვისაც ეს უკვე ზედიზედ მეოთზე გამარჯვებაა. ხუთქულიანი უპირატესობა კი იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ ორ ეტაპზე (ესპანეთი და ბრიტანეთი) ფინელს მეორე ადგილებიც ჰყოფნის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.

რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა ფრანგმა სებასტიან ოჟიემ, ვინც პირველი დღის ორი სპეცმონაკვეთი მოიგო, მაგრამ მეორე დღეს, გზა აერია და ბევრი დრო დაკარგა. პირველი დღის შემდეგ, რბოლას ფინელი იარი-მატი ლატვალა ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ საბურავი ორჯერ დაუზიანდა და საბოლოოდ, მეხუთე შედეგს დასჯერდა, ოჟიეს დაჯარიმების შემდეგ კი მეოთხეზე გადაინაცვლა.

ლოებმა რბოლის ბოლო ათიდან ოთხი სპეცმონაკვეთი მოიგო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა, ამაში კი მას ”სიტროენის” გააზრებული ტაქტიკა დაეხმარა - ფრანგი მეორე დღის ბოლოსწინა სპეცმონაკვეთის შემდეგაც ლიდერი იყო, მაგრამ ბოლო დოპზე სიჩქარეს უკლო, რითაც სორდოს დაწინაურების საშუალება მისცა. რალის წესებით, სპეცმონკვეთებს წინა დღის ლიდერი ხსნის, ეს კი გრუნტიან გზებზე ასპარეზობისას მეტოქეებს უპირატესობას ანიჭებს. პირველ ეკიპაჟს ახალი გზის გაკვალვა უწევს, რაც საქმეს მნიშვნელოვნად ართულებს.

მეორე დღე ლიდერის ამ არასასურველ პოზიციაზე სორდომ დაასრულა, რომელმაც იქვე განაცხადა, ეს ლიდერობა ხვალ ბევრ პრობლემას შემიქმნისო. ასეც მოხდა - მესამე დღის პირველივე დოპზე ის მესამემდე ჩამოქვეითდა და მართალია, შემდეგ სპეცმონაკვეთზე ჰირვონენს გაასწრო, საბოლოოდ, სუომელს წუთზე მეტით ჩამორჩა.

ავსტრალიის რალის შედეგები

1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი,ფორდი) 2:53:06.500

2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) +00:47.500

3. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 01:04.600

4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 01:35.800

5. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 02:04.500

6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 05:26.300

7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 07:17.800

8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 07:39.400

9. ჰეიდენ პადონი (ახალი ზელანდია, მიცუბიში) 15:36.100

10. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი,მიცუბიში) 15:44.700

პირადი კლასიფიკაცია

1. მიკო ჰირვონენი - 78; 2. სებასტიან ლოები - 73; 3. დანიელ სორდო - 50; 4. იარი-მატი ლატვალა - 36; 5. ჰენინგ სოლბერგი - 29; 6. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) – 25; 7. მეტიუ უილსონი - 23; 8. სებასტიან ოჟიე - 20; 9. ფედერიკო ვილაგრა - 15; 10. კონრად რაუტენბახი (ზიმბაბვე,სიტროენი) – 8...

კონსტრუქტორთა პირველობა

1. სიტროენ ტოტალ WRT – 133; 2. BP-ფორდ აბუ-დაბი WRT – 120; 3. შტობარტ VK M-სპორტ ფორდ WRT – 69; 4. სიტროენ ჯუნიორ ტიმ – 37; 5. მუნჩი'ს ფორდ WRT – 21

Saturday, September 5, 2009

”რენო” ”უილიამსისგან” FOTA-ში დაბრუნებას მოითხოვს

Renault-Williams (Motorsport.com)

5 სექტემბერი

”რენო” თანხმაა, თავისი ძრავები ”უილიამსს” მიაწოდოს, მაგრამ ინგლისური გუნდისგან მოითხოვს, რომ ის ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციას (FOTA) დაუბრუნდეს.

იმის გამო, რომ ”უილიამსი” არაა დარწმუნებული, რომ ”ტოიოტა” ფორმულა 1-ში გამოსვლას გააგრძელებს, ძრავების ალტერნატიული მიმწოდებლის ძიება დაიწყო და მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან, მათ შორის, ”რენოსთანც” აწარმოებს. ფრანგულ გუნდს ძრავების მიწოდების შესაძლებლობა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისმა წლევანდელმა კლიენტმა ”რედ ბულმა” სამერმისოდ ”მერსედეს-ბენცის” ძრავებზე გადასვლა არჩია.

”ძრავის საკითხი ჯერაც გადაუწყვეტელი გვაქვს. ამ მხრივ, ინტენსიურ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მწარმოებელთან ვაწარმოებთ, მაგრამ იმავდროულად ვიცით, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ”, - ამბობს ”უილიამსის” მთავარი აღმასრულებელი ედამ პერი.

მაგრამ გერმანული გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტი” იტყობინება, რომ ”რენოს” შეფმა ფლავიო ბრიატორემ ”უილიამსის” შეფ სერ ფრენკ უილიამსს (სურათზე) პირობა წაუყენა - ძრავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგაწვდით, თუ FOTA-ში დაბრუნდებითო.

ინგლისურ გუნდს FOTA-ს წევრობა წელს შეუწყვიტეს, რისი მიზეზიც ის გარემოება გახდა, რომ ”უილიამსმა” საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FiA) მოთხოვნა შეასრულა და მომავალი სეზონის ჩემპიონატში მონაწილეობის განაცხადზე ხელი ყოველგვარი პირობის გარეშე მოაწერა. ამ დროს კი, FOTA-ს გუნდები ფედერაციას, მათი პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზებით ემუქრებოდნენ.

ისე, უნდა ითქვას, რომ ასოციაციის წევრობის შეჩერებას ფრენკ უილიამსი არც დაუმწუხრებია - თუ სკოლიდან გაგდებენ, იქ დაბრუნებას აღარ ეცდებიო, - ამბობდა ის ივნისში და ისე ეტყობა, არც ახლა დარდობს იმაზე, რომ მისი საჯინიბო FOTA-ს წევრი არაა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასოციაციის ვებ გვერდზე ”უილიამსის” ემბლემა ჯერაც ფიგურირებს.

სხვათა შორის, იმავე მიზეზით, FOTA-ს წევრობა ”ფორს ინდიასაც” შეჩერებული აქვს, თუმცა ინდურ გუნდს უკვე გაუწიეს რეკომენდაცია და ალბათ, იქ მალე დააბრუნებენ. ასოციაციაში განაცხადი უკვე ახალმა გუნდმა - ამერიკულმა USF1-მაც შეიტანა.

იმავე ”აუტო მოტორ უნდ შპორტის” ცნობით, მართალია, ამერიკულ გუნდს ძალიან სერიოზული მხარდამჭერი გამოუჩნდა ”იუთუბის” თანამფლობელ ჩად ჰარლის სახით, მაგრამ შარლოტში არსებულ ბაზაში ჯერჯერობით მხოლოდ კომპიუტერები დგას და იქ არც მომავალი სეზონისთვის მზადება იგრძნობა...

Friday, September 4, 2009

FIA-მ ”რენო” გამოიძახა

FIA- Renault

4 სექტემბერი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ მოტორსპორტის მსოფლიო საბჭოს სხდომა მოიწვია, რომელზეც ”რენოს” ფორმულა 1-ის გუნდის მიერ საერთაშორისო სპორტული კოდექსის შესაძლო დარღვევა უნდა განიხილონ.

21 სექტემბერს ფრანგული გუნდის წარმომადგენლებს მსოფლიო საბჭოს წინაშე ჩვენებების მიცემა მოუწევთ, სინგაპურის შარშანდელი რბოლის დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც, ”რენოს” ბრაზილიელ პილოტ ნელსონ პიკე უმცროსს ავარია მოუვიდა, ამ ინციდენტის გამო კი ტრასაზე პეისკარი გამოვიდა და პიკეს თანაგუნდელმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ სოლიდური უპირატესობა მიიღო, რაც რბოლის ბოლოს გამარჯვებად აქცია.

FIA-ს მოხელეებს ეჭვი აქვთ, რომ პიკეს ავარია გუნდის შეფის, ფლავიო ბრიატორეს მიერ იყო დაგეგმილი, რათა ალონსოს სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვების შანსი გასჩენოდა. ეს ეჭვი ადრეც არსებობდა, მაგრამ ფედერაციას საჭირო მტკიცებულება არ გააჩნდა, ბელგიური ეტაპის შემდეგ კი ეს მტკიცებულება მიიღო და ახლა, გამოძიებას აწარმოებს.

სპაზე რბოლის შემდეგ, ფედერაციის თანამშრომლებმა ალონსო და გუნდის ხელმძღვანელობა დაკითხეს. ამასთან ”რენომ” მათ სინგაპურის შარშანდელი რბოლის დროს, პილოტებთან რადიოკავშირის ჩანაწერებიც გადასცა...

როსის ”ფერარიში” გადასვლის შანსი ჰქონდა

Valentino Rossi

4 სექტემბერი

წრიული მოტორბოლების იტალიელმა სუპერვარსკვლავმა, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ვალენტინო როსიმ განაცხადა, რომ მას მონცაზე ”ფერარის” ბოლიდით ასპარეზობის რეალური შანსი ჰქონდა. ის ამბობს, რომ ლუკა ბადოერის შეცვლა შეეძლო, მაგრამ იმის გამო, რომ ტესტები აკრძალულია, მას კი კისრის კუნთები სათანადოდ არ აქვს განვითარებული, ამ ავანტურისგან თავის შეკავება ამჯობინა. თანაც, ის მოტო GP-ს მორიგი ტიტულისთვის იბრძვის და ყურადღების გაფანტვა არ ისურვა.

”დომენიკალის (ფერარის შეფს) ვესაუბრე, რის დროსაც, ორი პრობლემა გამოვყავით. ჯერ ერთი, არ ვიცი გაუძლებს თუ არა სერიოზულ დატვირთვებს ჩემი კისრის კუნთები. არაა გამორიცხული, რომ რბოლის დასრულებაც კი ვერ შევძლო. მართალია, სხვა ტრასებთან შედარებით, მონცაზე ნაკლები დატვირთვაა, მაგრამ მიუჩვეველი თუნდაც სპორტსმენისთვის, მისი გაძლება მაინც ძალიან ძნელი იქნება. მეორეც, მოტო GP-ს ტიტულისთვის ვიბრძვი და ფორმულა 1-ის რბოლაში გამოსვლა ყურადღებას გამიფანტავდა”.

”ფორმულა 1-ის რბოლებში, სერიოზული მომზადბის გარეშე ასპარეზობას აზრი არ აქვს. უფრო მეტიც, ეს ძალიან საშიშია არამარტო გამოუცდელი პილოტისთვის, არამედ დანარჩენებისთვისაც. მართალია, თავისუფალ ტესტებზე გარკვეული გამოცდილების მიღება შესაძლებელია, მაგრამ ასე მანქანის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოყენება პრაქტიკულად გამორიცხულია. ამის გარეშე კი რბოლაში მონაწილეობას აზრი არ აქვს”, - ამბობს როსი.

ბარიკელოს ძრავი არ დაზიანებულა

Rubens Barichello

4 სექტემბერი

როგორც ირკვევა, ბელგიის დიდი პრიზის დროს, რუბენს ბარიკელოს ”ბრაუნზე” ძრავი არ დაზიანებულა. შეგახსენებთ, რომ რბოლოს ბოლო ოთხ წრეზე, ბრაზილიელის მანქანა ბოლავდა. ისე ჩანდა, რომ ამ ბოლს დაზიანებული ძრავი უშვებდა. რუბინიომ ტემპი ოდნავ დააგდო და ფინიშამდე შეინარჩუნა მეშვიდე პოზიცია, რითაც ორ ქულას დაეუფლა. პიტ ლეინზე შესვლისას კი მანქანას ცეცხლი გაუჩნდა...

რბოლის შემდგომ, გუნდმა ინციდენტი გამოიკვლია და დაადგინა, რომ ”მერსედეს-ბენცის” ძრავი დაზიანებული არაა. ახლა ეჭვმა გადაცემათა კოლოფზე გადაინაცვლა, მაგრამ მისი შემოწმება იტალიის დიდ პრიზამდე ვერ მოხერხდება - რეგლამენტის შესაბამისად, ძრავები და გადაცემათა კოლოფები დალუქულია.

”გუნდმა მაცნობა, რომ ძრავი წესრიგშია. ვფიქრობ, არც გადაცემათა კოლოფი უნდა დაზიანებულიყო. მაგრამ ამაზე დარწმუნებით ლაპარაკს მხოლოდ მონცაზე, თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ შევძლებთ”, - ამბობს ბარიკელო, ვინც სპა ფრანკორშანზე რბოლის შემდეზეგ, ჩემპიონატის ლიდერსა და თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს 16 ქულით ჩამორჩება.

”ტოიოტა” ფორმულა 1-ის დატოვებას არ აპირებს

Toyota F1 (AUTOSPORT)

4 სექტემბერი

”ტოიოტა F1-ის” ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ იაპონური კომპანია მსოფლიო ჩემპიონატიდან გასვლას არ აპირებს, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია, რომ გუნდს დაფინანსება მნიშვნელოვნად შეუმცირდება. კიოლნში (გერმანია) ბაზირებული საჯინიბო დამტკიცებულ ბიუჯეტს ტოკიოდან საკმაოდ გვიან - 15 ნოემბერს მიიღებს, ამ დაგვიანებამ კი დასაბამი დაუდო ჭორებს იმის თაობაზე, რომ ფ1-ის კიდევ ერთი საქარხნო გუნდი დატოვებს.

ინგლისურმა ჟურნალმა ”ავტოსაპორტმა” იაპონური კომპანიის წყაროებისგან მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ”ტოიოტა” თავის გუნდს დაფინანსებას 40 პროცენტით შეუმცირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ”ტოიოტა F1-ის” ბიუჯეტი დაახლოებით მესამედით შემცირდბა.

იმ ფაქტის გამო, რომ მოთხოვნილი ბიუჯეტი სეზონის დასრულებამდე არ დაუმტკიცდება, ”ტოიოტა F1” თავის პილოტებთან კონტრაქტების გაგრძელებას ვერ ახერხებს და მათ გარკვეულ პასუხსაც ვერაფერზე აძლევს. სამაგიეროდ, ახლავე ცნობილია, რომ იმ პერსონალს, რომელსაც გუნდის დატოვება მოუწევს, ”ტოიოტა” სხვა პროექტში დაასაქმებს. ამ პროექტთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ლე მანის ლეგენდარული 24-საათიანი რბოლაა, რომელზეც იაპონური კომპანიის სარბოლი მანქანები ალბათ ორი წლის შემდეგ გამოჩნდებიან.

”ტოკიოდან მივიღეთ შეტყობინება, რომ ”ტოიოტა” ფ1-ში რჩება, მაგრამ ბიუჯეტის დიდი შემცირება გარდაუვალია”, - ამბობს ”ავტოსპორტის” იაპონელი ინფორმტორი.

ამ სეზონის დასაწყისში, ”ტოიოტა” თავისი გუნდისგან გამარჯვების მოპოვებას მოითხოვდა. ეს გუნდს ფ1-ში დარჩენის გარანტიას აძლევდა. მიზანი ჯერჯერობით მიუღწეველია, მაგრამ სპორტში ”ტოიოტას” დარჩენა პირველ გამარჯვებაზე დამოკიდებული აღარაა, რადგან იაპონურმა კომპანიამ თანხმობის ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ამით, ფ1-ში მინიმუმ სამი წლით დარჩენის ვალდებულება აიღო.

”ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ფ1-ის საერთო დონის ამაღლებაა. სპაზე დავამტკიცეთ, რომ ძალიან კონკურენტუნარიანი ავტომობილი გვაქვს. ეს განსაკუთრებით საშუალო და სწრაფ ტრასებზე იგრძნობა. დარჩენილი რბოლებიდან ჩვენს მანქანას ყველაზე მეტად სუზუკა შეეფერება, რომელსაც დაახლოებით ისეთი პარამეტრები აქვს, როგორიც სპას. სინგაპურისთვის კი მანქანისთვის მნიშვნლოვან სიახლეებს ვამზადებთ. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მომდევნო ეტაპებზე კიდევ უფრო უკეთესი შედეგები გვექნება”, - ამბობს ”ტოიოტა F1-ის” პრეზიდენტი ჯონ ჰაუეტი, ვინც არ მალავს, რომ მისი გუნდი განსაკუთრებული მონდომებით იაპონიის დიდი პრიზისთვის ემზადება და იქ გამარჯვებასაც კი აპირებს.

Thursday, September 3, 2009

”ლოტუსი” შეიძლება ფორმულა 1-ში დაბრუნდეს

Lotus F1 (AUTOSPORT)

3 სექტემბერი

ლოტუსის ამ რენოსძრავიანი ბოლიდით (ლოტუს რენო 97T) აირტონ სენამ კარიერაში პირველი გამარჯვება 1985 წელს, პორტუგალიაში მოიპოვა

.................................................................................

კონსორციუმი, რომელსაც მხარს მალაიზიის მთავრობა უჭერს, ფორმულა 1-ში ”ლოტუსის” დაბრუნებას ცდილობს, რისთვისაც, ჩემპიონატში ”ბეემვე ზაუბერის” ადგილის დაკავებას ეშურება. უფრო მეტიც, პროექტის მალაიზიელი მხარდამჭერები მზად არიან, ბავარიული კომპანიისგან ფ1-ის საჯინიბო გამოისყიდონ. მაგრამ თუ ”ბეემვესთან” შეთანხმება ვერ შედგა, მალაიზიელები სრულიად ახალ გუნდს ჩამოაყალიბებენ, რომლის სახელადაც ”ლოტუსი” შეურჩევიათ.

პროექტის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი მალაიზიის სახელმწიფო ნავთობკომპანია ”პეტრონასია”, რომელიც წლების განმავლობაში, ჯერ ”ზაუბერის” სპონსორი იყო, შემდეგ კი ”ბეემვე ზაუბერის” სპონსორი გახდა. პარალელურად, ”ლოტუსი” უკვე ათ წელზე მეტია, რაც მალაიზიურ ავტოკომპანია ”პროტონს” ეკუთვნის, რომელსაც ასევე ქვეყნის მთავრობა აკონტროლებს.

ფორმულა 1-ში ”ლოტუსის” შესაძლო დაბრუნების თემა განსაკუთრებით აქტუალური ამ დღეებში, მას შემდეგ გახდა, რაც ”ლოტუსის” მთავარი აღმასრულებლის პოსტზე, ”ფერარის” ყოფილი ბრენდ მენეჯერი, დენი ბაჰარი დაინიშნა, ვისაც ანალოგიურ თანამდბობაზე ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ ”რედ ბულშიც” უმუშავია. თუმცა, ინგლისური ჟურნალი ”ავტოსპორტი” მიიჩნევს, რომ ბაჰარის დანიშვნა მალაიზიელთა მცდელობას უბრალოდ დაემთხვა და მას ”ლოტუსის” ფ1-ში დაბრუნებასთან ჯერ საერთო არაფერი აქვს.

”ლოტუსის” ამბიციები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოვლინდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ინგლისური სარბოლი გუნდი ”ლაიტსპიდი” ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას აპირებდა, სახელად კი სწორედ ”ლოტუსი” ჰქონდა შერჩეული. იმ პროექტში კი ისეთი ავტორიტეტი მონაწილეობდა, როგორიც ”ტოიოტას”, ”რენოს” და ”ჯორდანის” ყოფილი ტექნიკური დირექტორი და ”ფორს ინდიას” ტექნოლოგიების ყოფილი მთავარი მოხელე მაიკ გასკოინია.

მალაიზიის სპორტის მინისტრი დათუკ აჰმად შაბერი ჩიკი ადასტურებს, რომ მისი ქვეყნის მთავრობა ფორმულა 1-ში ”ლოტუსის” დაბრუნებით დაინტერესებულია. მანვე არ უარყო მოარული ხმები, რომელთა მიხედვითაც, სინგაპურის დიდი პრიზის შემდეგ, მალაიზიის პრემიერ მინისტრი დათუკ სერი ნაჯიბ რაზაკი რბოლის შემდეგ, ”ლოტუსის” სამომავლო გეგმების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

”ცოტაც მოვიცადოთ და პრემიერ მინისტრი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. ვინ იცის, სინგაპურის დიდი პრიზის შემდეგ რა მოხდება”, - ამბობს სპორტის მინისტრი, რითაც ის ”ლოტუსის” თაყვანისმცემლებს დიდ იმედებს აძლევს.

სხვათა შორის, სინგაპურის ეტაპის შემდეგ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია იმ 13 გუნდის სიის გამოქვეყნებას აპირებს, რომლებიც მერმის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. ეს ორი განცხადება საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. გარდა ამისა, თუ მალაიზიელებს ”ლოტუსის” დაბრუნება მერმისვე სურთ (სხვა ვარიანტი ჯერჯერობით გამორიცხულია), ეს იმას ნიშნავს, რომ აწყობილი საქმე უნდა გააგრძელონ, ასეთი კი, ფორმულა ერთის ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა შორის, მხოლოდ ”ბეემვე ზაუბერს” აქვს, რომელსაც ჰინვილში (შვეიცარია) ულტრათანამედროვე ბაზა ეკუთვნის...

ფიზიკელა ”ფერარიში”!!!

Giancarlo Fisichella

3 სექტემბერი

ფიზიკო სანატრელი ბოლიდის საჭეს უკვე მიუჯდა
ფიზიკელა მარანელოელთა კვიცს ეცნობა

რა სწრაფად იცვლება ყველაფერი - სულ რამდენიმე საათის წინ, ”ფორს ინდიას” შეფი ვიჯეი მალია სასტიკი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ მისი იტალიელი პილოტი, ბელგიური დიდი პრიზის გმირი ჯანკარლო ფიზიკელა ”ფერარიში” გაეშვა. მაგრამ რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალმა ”ავტოსპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფიზიკელა ინდურ გუნდთან არსებული კონტრაქტისგან თავისუფალია და მონცაზე ის მარანელოელთა ბოლიდით იასპარეზებს.

მას შემდგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფელიპე მასა ამ სეზონში ვერ შეძლებს დაბრუნებას, ”ფერარიმ” ლუკა ბადოერის შეცვლა გადაწყვიტა. იმ შემთხვევაში, თუ ექიმები მასას ამ სეზონშივე დაბრუნეზებას დასაშვებად მიიჩნევდნენ, მაშინ მარანელოელებს ბადოერის ატანა მოუწევდათ - ფ1-ის წესებით, ერთ სეზონში, გუნდს ერთ ადგილზე პილოტების მხოლოდ ორჯერ შეცვლის უფლება აქვს. ამიტომ, თუ მონცასთვის ბადოერს სხვა პილოტით ჩაანაცვლებდა, მაშინ გუნდს მასას დაბრუნების უფლება აღარ ექნებოდა. მაგრამ ახლა ”სკუდერიას” ხელ-ფეხი აქვს გახსნილი და ბადოერს იმ პილოტით ცვლის, რომელმაც სპაზე კიმი რაიკონენს ლამის ცხვირწინ ააცალა გამარჯვება.

ინდური გუნდი აცხადებს, რომ ”ფერარი” მაშინვე დაუკავშირდა, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ მასა ამ სეზონში ვერ დაბრუნდება.

”ჯანკარლომ და მისმა მენეჯერებმა მომმართეს და ”ფერარის” შეთავაზება გადმომცეს. ნებისმიერი იტალიელი მრბოლისთვის, ”ფერარის” საჭესთან ჯდომა ოცნებაა და რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ჯანკარლოა. ამის წინააღმდეგ წასვლა არავის შეუძლია. ეს უსამართლობა იქნება. ამ გადასვლით, ჯანკარლოს ”ფერარისთან” ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმების შანსი უჩნდება და ამაში მისთვის ხელის შეშლა უსამართლობა იქნებოდა. ჯანკარლოს ჩვენი გუნდის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის და მინდა, წარმატებები ვუსურვო”, - განაცხადა მალიამ.

ამ სეზონის წინ, ”ფორს ინდიამ” ”ფერარისთან” ძრავების კონტრაქტი დაარღვია და ”მერსედეს-ბენცის” ძრავების გამოყენებაზე გადავიდა. კონტრაქტის დარღვევისთვის, ინდურ გუნდს სოლიდური კომპენსაცია ჰქონდა გადასახდელი, რომელსაც ალბათ, იტალიური გუნდი მხოლოდ იმის გამო აპატიებს, რომ მალიამ ფიზიკელას წასვლის ნება დართო. მაგრამ ინდოელი ბიზნესმენი ამბობს, რომ ფული აქ არაფერ შუაშია:

”მინდა განვაცხადო, რომ ”ფერარისთან” არავითარი ფინანსური გარიგება არ გაგვიფორმებია. ჯანკარლოს გაშვების თაობაზე გადაწყვეტილება კეთილი ნებით მივიღე, რაც სპორტისთვისაც უმჯობესია. ძლიერი პილოტი ”ფერარის” საჭესთან და თანაც, მონცას რბოლაზე, დადებითი მოვლენაა ფორმულა 1-თვის. განვლილი სეზონნახევრის განმავლობაში ჯანკარლომ უზარმაზარი სამუშაო გასწია ჩვენი განვითარებისთვის და ბელგიური რბოლა ამ სამუშაოს გვირგვინი იყო. ად მოკლე პერიოდში, ის ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი გახდა. მინდა, მას მადლობა გადავუხადო და ყოველივე კარგი ვუსურვო. ჩვენი გუნდი კი ერთი მთლიანი ორგანიზმია და მისი ერთი, თუნდაც უმნიშვნელოვანესი ნაწილის წასვლით, ბევრი არაფერი შეიცვლება. ჩვენ იტალიაშიც ისეთივე კონკურენტუნარიანები ვიქნებით, როგორც ბელგიაში ვიყავით. ეს მიღწევა კი მნიშვნელოვნად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ აეროდინამიკურ მილში ჩატარებული გამოკვლევების შემდგ, მანქანამ სერიოზული ცვლილება განიცადა. სიახლეებს შემდგომი რბოლებისთვისაც ვგეგმავთ და ვიმედოვნებ, სეზონის ბოლო რბოლებსაც აღმაფრენით ჩავატარებთ”, - ამბობს მალია.

ინდურ გუნდს ჯერ არ გამოუცხადებია, თუ ვის დასვამს ფიზიკელას ადგილზე. მოსალოდნელია, რომ იტალიელი პილოტის მონოპოსტს იტალიელი ვიტანტონიო ლიუცი დაიკავებს.

”ფერარიმ” შეიძლება ბადოერი დაიტოვოს

Ferrari

3 სექტემბერი

”ფერარის” ჯერ ვერ გადაუწყვეტია, ტრავმირებული ფელიპე მასას ადგილზე ლუკა ბადოერი (სურათზე) დაიტოვოს, თუ მის ნაცვლად სხვა გამოცდილი პილოტი მიიწვიოს. ინგლისური ”მირორის” ინფორმაციით, იტალიურმა გუნდმა შესაბამისი გადაწყვეტილება შეიძლება კვირას მიიღოს.

ბელგიური ეტაპის შემდეგ, კულუარებში დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ იტალიურ ეტაპზე ბადოერს იტალიელი ჯანკარლო ფიზიკელა შეცვლიდა, ვინც ძლიერ მოწადინებული იყო მისთვის საოცნებო გუნდში გადასვლაზე. მაგრამ ”ფორს ინდიას” შეფმა ვიჯეი მალიამ იმ პილოტის გაშვება არ ისურვა, რომელმაც სპა ფრანკორშანზე ბრწყინვალედ იასპარეზა. მალიას იმედი აქვს, რომ ფიზიკო მონცაზეც კარგად იასპარეზებს და მის გუნდს მოწინავეთა შორის დაამკვიდრებს.

როცა გაირკვა, რო ინდური საჯინიბო ფიზიკელას გაშვებას არ აპირებს, ”გაძეტა დელო სპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მარანელოელები პოლონელი რობერტ კუბიცათი დაინტერესდნენ. ოღონდ, იმავე გაზეთის ვერსიით, ”ბეემვეს” პილოტს იმის გარანტია მოუთხოვია, რომ ამ სეზონის შემდეგაც, ”ფერარი” მასთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებდა. მაგრამ ”სკუდერია” ამაზე წამსვლელი არ იყო - იტალიური გუნდი მალე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, ესპანელ ფერნანდო ალონსოსთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადებს და ბუნებრივია, კუბიცას მოთხოვნაზე დათანხმება არ შეეძლო.

თუ უახლოეს მომავალში რაიმე გამოსავალი არ მოიძებნა, მაშინ მონცას რბოლაზე მარანელოელთა მეორე კვიცით ისევ მაჩანჩალა ბადოერი იასპარეზებს, რომელიც მართალია ირწმუნება, იტალიის ეტაპზე ქულებისთვის ვიბრძოლებო, მაგრამ ეჭვიც არავის ეპარება იმაში, რომ საშინა ორბოლაშიც პელოტონის კუდს ვერ გასცდება.

Wednesday, September 2, 2009

”ფორს ინდია” კერს-ს ალბათ აღარ გამოიყენებს

Force India unlikely to run KERS (Autosport)

2 სექტემბერი

ფიზიკელა სპა ფრანკორშანზე კერს-ის გარეშეც ძალიან სწრაფი იყო
...............................................................................................................................

”ფორს ინდიას” თითქმის გადაწყვეტილი აქვს, რომ მიმდინარე სეზონში არ გამოიყენებს კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემას (კერს-ს), რომლის მანქანაზე დაყენებასაც ჯერ კიდევ გერმანიის დიდი პრიზის წინ იმედოვნებდა.

ინდურ გუნდს ”მაკლარენ-მერსედესთან” აქვს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, ინგლისური საჯინიბოს მიერ შემუშავებული ზოგიერთი ტექნოლოგიის გამოყენების უფლება ეძლევა. ასეთ ტექნოლოგიათა შორის კერს-იცაა, რომლის წყალობითაც, ”მაკლარენმა” უნგრეთის დიდი პრიზის მოგება შეძლო, სულ ახლახანს კი, ანალოგიური სისტემით, ”ფერარიმაც” სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მაგრამ იმავე ბელგიაში, ახალი აეროდინამიკური პაკეტის წყალობით, ”ფორს ინდიას” ჯანკარლო ფიზიკელამ შესანიშნავად იასპარეზა და დაამტკიცა, რომ მის გუნდს გამარჯვებისთვის ბრძოლაც კი შეუძლია. იმავდროულად, როგორც ”ფორს ინდიას” მმართველი აღმასრულებელი საიმონ რობერტსი ამბობს, ”მაკლარენ-მერსედესის” კონსტრუქციის კერს-ის გამოყენება მის გუნდს საკმაოდ ძვირი დაუჯდება, რის გამოც, ამ სისტემის გამოყენებისგან თავს იკავებს.

”ჩვენ კერს-ის გამოყენებას ვგეგმავდით და ამისათვის, მანქანის შესაბამისი მოდიფიკაციაც დავგეგმეთ. ბელგიამდე ჩვენ თითქმის დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამ სისტემას გამოვიყენებდით, მაგრამ ეს სისტემა ჩვენნაირი გუნდისთვის ძალიან ძვირი ღირს, რის გამოც, საკითხს ღიად ვტოვებთ. პლატფორმა, რომელსაც ვალენსიას შემდეგ ვიყენებთ, კერს-ის გამოყენების საშუალებას არ გვაძლევს. ამ პლატფორმამ გაამართლა და ამიტომ, ჯერჯერობით, მის გამოყენებას გავაგრძელებთ. კერს-ისთვის უფრო ხელსაყრელი ის შასია, რომელსაც სილვერსტოუნამდე ვიყენებდით. მაგრამ ახლა ის აქტუალური აღარ არის”, - ამბობს რობერტსი.

რობერტსს სჯერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამმა რბოლამ კერს-იანი მანქანების კონკურენტუნარიანობა დაამტკიცა (ამ სამიდან ორი სწორედ კერს-იანმა მანქანებმა მოიგეს), ფორმულა ერთის გუნდების ასოციაცია არ გადახედავს ადრე მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ისინი მერმის ამ სისტემას არ გამოიყენებენ.

ამასთან, რობერტსი ამბობს, რომ კერს-ი ყველა ტრასაზე უპირატესობას არ იძლევა და მოგება ამ სისტემის გარეშეც შეიძლება. ”მისი წყალობით, რაიკონენმა ფიზიკელას გასწრება შესძლო, მაგრამ მისი შორს ჩამოტოვება არ გამოუვიდა. რა თქმა უნდა, კერს-ი უპირატესობას იძლევა. ეს უპირატესობა ზოგ ტრასაზე შესამჩნევია, ზოგზე - ნაკლებად. ის კვალიფიკაციაზეც ძალიან ეფექტურია. თუმცა, ბელგიაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ პირველობისთვის ბრძოლა ამ სისტემის გარეშეც შეიძლება”, - დასძენს რობერტსი.

Tuesday, September 1, 2009

ალონსო ”ფერარიში” ნაადრევ გადასვლას გამორიცხავს

Fernando Alonso

1 სექტემბერი

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო გამორიცხავს ”ფერარიში” ამ სეზონის ბოლომდე გადასვლას. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელი ფელიპე მასა ჩემპიონატს წელს აღარ დაუბრუნდეზება, პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, მასას შემცვლელ ლუკა ბადორეის ნაცვლად, მარანელოელებს ალონსო მიეწვიათ, რომელიც მერმის მაინც ფერარის” პილოტი გახდება (ამაზე უკვე ყველა ღიად ლაპარაკობს, მაგრამ თავად ალონსო და იტალიური გუნდი ჯერ არაფერს ადასტურებენ და იტალიის დიდ პრიზს ელიან, სადაც ”ფერარი” მნიშვნელოვან პრესკონფერენციას ჩაატარებს).

ესპანურ რადიოსადგურ ”სადენა სერ-ის” კითხვაზე, აპირებს თუ არა ”ფერარიში” ბადოერის შეცვლას, ალონსომ მოკლედ უპასუხა - არა და ამას წყალი არ გაუვაო. მაგრამ გაზეთმა ”ასმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბელგიური ეტაპის დროს, სპა ფრანკორშანის პადოკში, ”რენოს” შეფი ფლავიო ბრიატორე ”ფერარის” შეფ სტეფანო დომენიკალის შეხვდა და მასთან სწორედ ალონსოს საკითხი განიხილა.

მიმომხილველები თვლიან, რომ ბრიატორეს ალონსოს გაშვება არ აწყობს, რადგან ამ შემთხვევაში, ”რენოს” სპონსორებთან ურთიერთობა გაურთულდება. მაგრამ იტალიელი მენეჯერი თავის მიდგომას შეიცვლის, თუ ”ბეემვე ზაუბერი” კონტრაქტისგან თავის პოლონელ ვარსკვლავ რობერტ კუბიცას გაათავისუფლებს. როგორც ჩანს, ბრიატორეს სწორედ კუბიცა ესახება ალონსოს შემცვლელად და არა ფინელი კიმი რაიკონენი, რომლის ადგილსაც ესპანელი ”ფერარიში” დაიკავებს.

ეს კი ირიბად ნიშნავს, რომ აისმენი მერმის ”მაკლარენს” დაუბრუნდება, საიდანაც სამი წლის წინ იტალიურ გუნდში გადავიდა. თავის მხრივ, ეს იმას მოასწავებს, რომ ”უილიამსი” გერმანელ ნიკო როსბერგს შეინარჩუნებს, რომელსაც გული ”მაკლარენისკენ” მიუწევს.

რაც შეეხება ალონსოს, იმავე ”სადენა სერ-თან” საუბრისას განაცხადა, რომ არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. მან ეს მალეც განმარტა - ეს შეიძლება იყოს რამდენიმე დღე, ან რამდენიმე თვე.

ვინღა დაიჯერებს ამას...