ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, December 23, 2010

”ფერარის” პრეზიდენტს ალონსო-ფეტელის წყვილი ხიბლავს

Ferrari President Fancies Alonso-Vettel Lineup

21 დეკემბერი

ალბათ გახსოვთ, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, სებასტიან ფეტელმა განცხადა, რომ ოდესმე ”ფერარიში” გადასვლას ისურვებდა. რა თქმა უნდა, მისი ნათქვამი არ გამოპარვია იტალიური საჯინიბოს პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოს, რომელმაც თქვა, რომ დიდი სიამოვნებით გაუფორმებდა კონტრაქტს ახალ ჩემპიონს.

”სებასტიანი ძალიან სწრაფი, ინტელიგენტი და ახალგაზრდა პილოტია, ვისაც დიდი მომავალი აქვს. და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ის წითელი ბოლიდის საჭეს მიუჯდება”, - კიოლნურ ტაბლოიდ ”ექსპრესთან” საუბრისას ამბობს 63 წლის დი მონტეძემოლო.

ფეტელს ”რედ ბულ რეისინგთან” კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა ავსტრიულ გუნდს, მისი კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების უფლება აქვს. სხვათა შორის, მსოფლიოს ახალ ჩემპიონს კონტრაქტი რომ დაუმთავრდება, ზუსტად მაშინ, ბრაზილიელი ფელიპე მასასა და ”ფერარის” ხელშეკრულებაც ამოიწურება. ასე რომ, გამორიცხული არაა, რომ მალე ფეტელისა და ფერნანდო ალონსოს ”ფერარისეული” დუეტი ვიხილოთ.

უნდა ითქვას, რომ ფეტელის ”ფერარიში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით, თავისი აზრი გამოთქვა ”რედ ბულ რეისინგის” კონსულტანტმა, წარსულში ფ1-ის ავსტრიელმა პილოტმა ჰელმუტ მარკომ, ვისი თქმითაც: ”სებს ოდესმე ”ფერარიში” გადასვლის სურვილი აქვს, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვეცდებით, რომ ამ სურვილის ასრულება მაქსიმალურად გავურთულოთ”.

იმავე გამოცემის ინფორმაციით, ფეტელი ”რედ ბულ რეისინგის” ერთადერთი წევრი არაა, რომლის გადაბირებაც ”ფერარის” სურს. მარანელოელების შეფს, ავსტრიული გუნდის მთავარი ტვინის, ედრიან ნიუისთვის ზღაპრული თანხა შეუთავაზებია, თუმცა პასუხად უარი მიუღია...

Wednesday, December 22, 2010

რომაელები ფორმულა 1-ის წინააღმდეგ

Rome Residents Oppose F1 Grand Prix

21 დეკემბერი

რომის დიდი პრიზის ჩატარებას მარტო იტალიის ჩრდილოეთის რეგიონები როდი ეწინააღმდეგებიან. როგორც ირკვევა, ეს იდეა არც თავად რომაელებს მოსწონთ. უფრო კონკრეტულად კი, ქალაქის იმ უბნის (ევროს დასახლება) მაცხოვრებლებს, სადაც ტრასის გაყვანა იგეგმება.

იტალიის დემოკრატიულმა პარტიამ (პარტიტო დემოკრატიკო) ჩაატარა გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ ევროს დასახლების დიდ უმრავლესობას, მათს უბანში სარბოლი მანქანების ხმაურის პერსპექტივა არ ხიბლავს. სულ 2138 ადამიანი გამოიკითხა, რომელთაგან 1750 თვლის, რომ რბოლა ქალაქს უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის, ვიდრე მოგებას მოუტანს. უფრო მეტიც, გამოკითხულთა 93 პროცენტი დარწმუნებულია, რომ რბოლის დღეებში, ქალაქში საცობების რაოდენობა გაიზრდება, გაუარესდება ჰაერი და ქალაქში გამონაბოლქვის სუნი დადგება.

მაგრამ რომის დიდი პრიზის პრომოუტერი მაურიციო ფლამინი ამბობს, რომ გამოკითხვის შედეგები ევროს დასახლების ყველა მაცხოვრებლის აზრს არ გამოხატავს, რადგან მასში მინიმალური მაცხოვრებელი გამოიკითხა. ამასთან, მისივე აზრით, რბოლის ჩატარების მოწინააღმდეგეთა არგუმენტების უმეტესობა უსაფუძვლოა.

სხვათა შორის, უფრო ადრე, ”ფერარის” ფორმულა 1-ის გუნდის შეფმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, რომ რომში ფორმულა 1-ის ეტაპის ჩატარებას მარანელოელები მხარს არ დაუჭერენ. მისი არგუმენტი უფრო ზოგადია - დომენიკალის თქმით, ყველა ქვეყანას მხოლოდ ერთი ეტაპის ჩატარების უფლება უნდა ჰქონდეს.

რომაულ დიდ პრიზს ძლიერი წინააღმდეგობა ჩრდილოეთის ლიგის (ლეგა ნორდ) მხრიდანაც შეხვდა. ამ გართიანბის აზრით, რომს ქალაქ მონცასთვის, იტალიის დიდი პრიზის მოპარვა სურს.

რომის ხელისუფლებასა და ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა მმართველ ბერნი ეკლსტოუნს შორის არსებობს წინასწარი შეთანხმება, რომელიც 2012 ან 2013 წელს რომში რბოლის ჩატარებას ითვალისწინებს. თუმცა, საბოლოო ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა. დაკიდევ, ხელშეკრულება რომც გაფორმდეს, რომაული რბოლის კალენდარში მოხვედრა მაინც ერთჯერადი იქნება.

Tuesday, December 21, 2010

ელექტრონული ფორმულა რბოლებისთვის ემზადება

U.N. Climate Change Conference announces electric racing series

21 დეკემბერი

მექსიკის ქალაქ კანკუნში გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო, გამოცხადდა, რომ ყალიბდება საერთაშორისო სარბოლო სერია ფორმულეკ EF01, რომელშიც მრბოლები სხვადასხვა მწარმოებლების მიერ შექმნილ ერთადგილიან შასიზე აგებული მანქანბით იასპარეზებენ.
ახალი ჩემპიონატი პირველად 2013 წელს უნდა ჩატარდეს. მის ორგანიზატორთა ჩანფიქრით, ახალი ელექტრონული სერიის მანქანები, თავისი ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლებით, ფორმულეკ 3-ის ბოლიდების დონეზე უნდა იყოს, რომლებიც 2.0-ლიტრიანი ატმოსფერული შიდაწვის ძრავების ძალას იყენებს.

ახალი ბოლიდი, რომელიც ელექტროძრავითაა აღჭურვილი, ფრანგულმა კომპანია ”სეგულა მატრა ტექნოლოჯიზმა” მოამზადა, რომელსაც ამისათვის ორწელიწადნახევარი დასჭირდა. ავტომობილი ”სიმენსის” წარმოების ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ”ჰიულენდის” მიერ სპეციალურად შექმნილ ორსაფეხურიან ტრანსმისიასთანაა შეწყვილებული.

სარბოლი ავტომობილის მონოკოკი და ძარა ფორმულა 1-ის გუნდ ”მერსედეს GP-ს” სპეციალისტებმა შეიმუშავეს, რისთვისაც მათ თავიანთი ბრეკლის ბაზის აეროდინამიკური მილი გამოიყენეს. მილში ჩასაბერად, მათ 1:5-ზე მასშტაბის მოდელი შექმნეს, როგორც ფოერმულა 1-ის ბოლიდის შემუშავებისას ხდება ხოლმე.

პროექტში მონაწილეობა საბურავების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია ”მიშლენმაც” მიიღო, რომელიც თავისი რადიკალური სიახლეებითაა ცნობილი. ამჯერად ”ბიბენდუმმა” (მიშლენს ხშირად მისი ლოგოს სახელითაც მოიხსენიებენ) ისეთი საბურავები შეიმუშავა, რომლებიც ენერგიის დაზოგვას უწყობს ხელს.

სარბოლი ელექტრომობილისთვის აკუმულატორები სამხრეთ აფრიკულმა კომპანია SAFT-მა მოამზადა. მისი ზომიდან გამომდინარე, აკუმულატორის ტევადობა დიდი არაა - ის საკმარისია მხოლოდ იმისათვის, რომ ძრავები ენერგიით 20-25 წუთის განმავლობაში უზრუნველყოს. ამასთან, მათ დასამუხტად 60-90 წუთია საჭირო. რა თქმა უნდა, ასეთი მცირე ტევადობის გამო, ამ მანქანით ხაგრძლივი რბოლების ჩატარება შეუძლებელი იქნება. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ აკუმულატორის ბლოკის სწრაფად შეცვლის სისტემა შემუშავდეს, რომელიც გუნდბს აკუმულატორის ბლოკის რბოლის დროს, პიტ-სტოპზე სწრაფად შეცვლის საშუალებას მისცემს.

”სეგულა მატრა ტექნოლოჯიზის” მიერ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით შექმნილი ბოლიდი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3 წამში ასწრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ია. ავტომობილმა უკვე რამდენიმე ტესტ-სესია ჩაატარა. ჯერ ის გამოსაცდელად ავტოდრომ მანი კურზე გაიყვანეს, სადაც საჭეს ჯიულ ბიანკი მართავდა, შემდეგ კი ტესტები ლე მანის ”ბუგატის” ტრეკზე ჩატარდა და ამ დროს საჭესთან ალექსანდრ პრემა იჯდა.

ჯერჯერობით, ახალი სერიის რეგლამენტი და წესები არ გამოქვეყნებულა, თუმცა მისი ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათ ათეტაპიანი ჩემპიონატის ჩატარება სურთ. ამასთან, ჩემპიონტში ხუთივე კონტინენტის ტრასებს გამოიყენებენ.

როსბერგი უკეთესი სეზონის მოლოდინშია

Rosberg confident of stronger 2011

21 დეკემბერი

ნიკო როსბერგი დარწმუნებულია, რომ ”მერსედეს GP-ს” მოწინავეთა შორის დაბრუნების უნარი შესწევს და მისი დახმარებით, ახალ სეზონში, რბოლებში გამარჯვებებისთვის ბრძოლის საშუალება მიეცემა. გერმანული გუნდი, რომელიც ინგლისის ბრეკლიშია ბაზირებული, გასული სეზონის დასაწყისში ლიდერთა შორის მოიაზრებოდა, თუმცა მეტად სუსტი სეზონი ჩაატარა.

”მერსედესმა” სულ რამდნჯერმე მოახერხა კვარცხლბეკზე ასვლა (სამივეჯერ როსბერგმა მესამე ადგილი დაიკავა), მის მიერ უხეიროდ მომზადებულმა მანქანამ კი სეზონი ჩაუფლავა დიდი პრიზების ცირკში დაბრუნებულ მიხაელ შუმახერს, რომელიც პირწმინდად დაჩრდლა მისმა ახალგაზრდა თანსმემამულემ.

ბევრის აზრით, წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ გუნდმა გვიან დაიწყო ახალი მანქანის მზადება, რადგან უფრო ადრე, ჩემპიონობისთვის იბრძოდა (ბრაუნის სახელით). მაგრამ როსბერგის აზრით, საქმეს საორგანიზაციო ცვლილებებიც უშველის და მანქანის შემუშავებისას რესურსების ნაკლებობა არაფერ შუაშია.

”გასულ სეზონში საუკეთესო გუნდი არ ვყოფილვართ, თუმცა მჯერა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკური პერსონალი გვყავს, რაც მომავალი სეზონისადმი ოპტიმიზმით აღმავსებს. როს ბრაუნი ძალიან გამოცდილი ხელმძღვანელია, თუმცა დროგამოშვებით, სწავლა მასაც უწევს და ვფიქრობ, გასულმა სეზონმა ბევრი რამ ასწავლა, ახლა მან იცის, რა სისუსტე გამოავლინა ჩვენმა გუნდმა და როგორ უნდა გაძლიერდეს, რომ პირველობისთვის ვიბრძოლოთ. მას ჯერ გუნდის ფორმირება არ დაუსრულებია და როცა ეს მოხდება, ყველა ჩვენგანის შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნება გამოყენებული”, - ამბობს როსბერგი.

მართალია, მას სჯერა, რომ მერსედესი” ახალ სეზონში უფრო ძლიერი გუნდი იქნება, თუმცა არ შეუძლია იმის თქმა, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს: ”მთელი ამ დროის განმავლობაში, როსი გუნდის რეორგანიზაციითაა დაკავებული. ჩემთვის ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუ რამდენად ეფექტური და სწრაფი შედეგის მომტანი იქნება ეს ცვლილებები. და მაინც, ახალ სეზონს მოუთმენლად ველი, რადგან ვიცი, რომ ამჯერად გაცილებით უკეთესი მანქანით ასპარეზობის საშუალება გვექნება. მჯერა ჩვენი გუნდის, ბრეკლიში მომუშავე ადამიანების და იმის, რომ როცა მოწინავეთა რიგებს დავუბრუნდებით, იქ დიდხანს დავრჩებით”.

Monday, December 20, 2010

მონტეძემოლო: სპორტს არ სჭირდება სახელი ფორმულა 1

Sport Doesn't Need F1 Name – Ferrari

20 დეკემბერი

ბოლო ათი დღის განმავლობაში, ფორმულა 1-ის პერსონათაგან ყველაზე აქტიური და მისი გამონათქვამებიდან გამომდინარე, ყველაზე აქტუალური პიროვნება, ”ფერარის” შეფი ლუკა დი მონტეძემოლოა, რომელმაც ამჯერად გერმანულ გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტთან” საუბრით მიიქცია მსოფლიო მედიის ყურადღება.

ამ ინტერვიუს დროს, მან განვრცო ამას წინათ მის მიერვე ნათქვამი იმის შესახებ, რომ თუ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს, რეკლამის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალში მეტი წილი არ ექნებათ, ”ფერარი” ალტერნატიული ჩემპიონატის ჩამოყალიბებას ეცდება.

მსგავსი მუქარით, ”ფერარიმ” და სხვა გუნდებმა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მაშინდელ პრეზიდენტ მაქს მოსლის დათმობაზე წასვლა 2009 წელს აიძულეს. მაშინაც, ფული განდგომის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო. თუმცა, თანხმობის ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემოსავლების გადანაწილებაზე ლაპარაკი შეწყდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ეს თემა კიდევ ერთხელ, ახალ სიმწვავით წამოიჭრება და სავარაუდოდ, ის უფრო მწვავედ დადგება.

დი მონტეძემოლო ამბობს, რომ ჩემპიონატის მონაწილე გუნდები შემოსავლის მინიმალურ ნაწილს ღებულობენ. და ეს მაშინ, როცა ისინი დიდი პრიზების შოუს მთავარი შემოქმედები არიან და მათ გარეშე საქმე ჩაფლავდება. ამიტომ, ის სამართლიანად მიიჩნევს სპორტის ამ სახეობის მართვის ახალი პრინციპის ჩამოყალიბებას, რომელშიც მთავარ როლს გუნდები შეასრულებენ.

სხვათა შორის, ლუკა თვლის, რომ სერიის მართვის საუკეთესო მოდელი ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციაა (NBA), რომელშიც მართვის სადავეები გუნდების ხელშია და საქმეს მათ მიერ არჩეული მენეჯერი (კომისიონერი) უძღვება. უფრო მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ სპორტს სრულებით არ სჭირდება სახელი ”ფორმულა ერთი”. მისი აზრით, თანხმობის ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მისი ფინანსური პირობები, ახლანდელისგან სრულიად განსხვავებული იქნება.

”ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ მოვიქცეთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. გვჭირდება სახელი ფორმულა ერთი? ვფიქრობ, ჩემპიონატის სხვა სახელით ჩატარებაც შეგვიძლია. რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ფ1-ის ახლანდელ მფლობელებთან ურთიერთობა გავაგრძელოთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური პირობები უკეთესი იქნება. თუ არა, მაშინ გუნდებმა ახალი კომპანია უნდა ჩამოაყალიბონ, რომელსაც სათავეში ბერნის ჩავუყენებთ. მარკეტინგის ახალ მეთოდებზე უნდა ვიფიქროთ და კარგი იქნება, თუ NBA-ს მოდელს გამოვიყენებთ”, - ამბობს დი მონტეძემოლო, ვინც ბერნი ეკლსტოუნს უპირატესობას იმის გამო ანიჭებს, რომ ის რბოლებითაა გატაცებული და სისხლხორცეულადაა დაინტერესებული ფ1-ის განვითარებით და მარტო ფული არ ამოძრავებს.

Friday, December 17, 2010

”ფერარი” ისევ ფორმულა 1-დან გასვლით იმუქრება

Ferrari Issues Breakaway Threat to the FIA

17 დეკემბერი

ამ დღეებში ყველა ელოდა, რომ იტალიის პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ნდობის ვოტუმს ვერ მიიღებდა და მისი სავარძლისთვის ახალი ბრძოლა დაიწყებოდა. ამ ბრძოლაში კი ”ფერარის” პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოს (ფოტოზე) ჩაბმა სრულიად რეალური იყო. მითუმეტეს, ორი კვირით ადრე, მან გამოაცხადა, რომ 16 დეკემბერს მნიშვნელოვან განცხადებას გამოაქვეყნებდა. ამ განცხადებასთან ერთად, პრესა პრემიერის პოსტისთვის ბრძოლაში მის ჩაბმას ელოდა...

მაგრამ ბერლუსკონის ნდობა გამოუცხადეს, დი მონტეძემოლოს კი შეპირებული პრესკონფერენცია უნდა ჩაეტარებინა. არადა, ორი დღით ადრე, იტალიურ მედიას სპეციალურად გამართულ ვახშამზე შეხვდა და თითქოს, რაც უნდა ეთქვა, ყველაფერი თქვა.

მაგრამ მალე გაირკვა, რომ ყველაფერი არ უთქვამს და მორიგ პრესკონფერენციაზე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) კრიტიკას მიჰყო ხელი. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ტექნიკური რეგლამენტის ხშირი ცვლილებით, ფედერაცია ფორმულა 1-ის გაძვირებას უწყობს ხელს. არადა, არაერთხელ გამოუცხადებია, რომ მის მიზანს, სპორტის ამ სახეობის გაიაფება წარმოადგენს.

”ფერარის” შეფი მართალია - ძრავებზე შემოღებული ახალი რეგლამენტი, გუნდებს და მათს პარტნიორებს, რომლებიც ძრავებს აწარმოებენ, უზარმაზარი ინვესტიციების გაღებას აიძულებენ, რადგან ახალი ძრავის შექმნას, ერთი და ორი ათეული მილიონი დოლარიც არ ეყოფა.

მეორეც, ძრავების გაძვირება აუცილებლად პრობლემებს შეუქმნის ახალ გუნდებს (და არამხოლოდ მათ), რომლებისთვისაც დამატებითი მილიონების შოვნა დიდ სირთულეს წარმოადგენს. ჰოდა, არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთმა მათგანმა, დიდი პრიზების ცირკი ფინანსური პრობლემების გამო დატოვოს.

აქ დი მონტეძემოლო ისაევ იმ საკითხს წამოჭრის, რომელზეც უკვე რამდენიმე წელია, ლაპარაკობს, თუმცა ამაოდ: ის კვლავ აცხადებს, რომ ძლიერი გუნდებისთვის მესამე მანქანის გამოყვანის უფლების მინიჭება, ბევრ პრობლემას გადაჭრის.

და, ყველაზე მთავარი, რაც ”ფერარის” ძრავების ახალ რეგლამენტში არ მოსწონს, არის აგრეგატის ცილინდრების რაოდენობა და ლიტრაჟი - ასეთ მცირელიტრაჟიან და ოთხცილინდრიან ძრავებს მარანელოელები არ აწარმოებენ. ამიტომ, მათთვის ამ არქიტექტურის მქონე ძრავების შექმნა უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენს, ვიდრე მრავალცილინდრიან ძრავებზე მუშაობა.

დი მონტეძემოლო სარეკლამო და სატელევიზიო ჩვენებიდან მიღებული შემოსავლების განაწილებითაა კმაყოფილი და აქ ისევ სამი მანქანის თემას წამოჭრის. ის თვლის, რომ ასე მოგებული ის გუნდები დარჩებიან, რომლებიც ფ1-ში ამინდს ქმნიან. დანარჩენები კი საჭირონი არ არიან...

დი მონტეძემოლო არ მალავს, რომ მას კალათბურთის ეროვნული ასოციაციის მოდელი მოსწონს, რომლის მიხედვითაც, პროფესიულ ლიგას თავად გუნდები განკარგავენ. ”ჩემთვის უმჯობესია, რომ კომერციულ საქმეებს ბერნი უძღვება. ის გამოცდილი და საქმის კარგად მცოდნეა. მაგრამ თუ საჭირო გახდა, სხვა პრომოუტერსაც მოვძებნით, ვინც ამ საქმეს არანაკლებ კარგად გააკეთებს. რაც უნდა იყოს, ეს ბიზნესი არც ისე რთულია”, - ამბობს ლუკა.

Wednesday, December 15, 2010

”ფერარი” ისევ სამი მანქანის გამოყვანას მოითხოვს

Ferrari still pushing for three-car teams

15 დეკემბერი

”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო (ფოტოზე) აცხადებს, რომ ის კვლავაც გააგრძელებს ბრძოლას იმისათვის, რომ ფორმულა 1-ის მსოფლო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს, სამ-სამი მანქანის გამოყვანის უფლება მიეცეს და შერბილდეს ტესტებზე მოქმედი შეზღუდვები.

იტალიურ პრესასთან საუბრისას, დი მონტეძემოლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ ეთანხმება წესს, რომელიც გუნდებს მესამე მანქანის გამოყვანის უფლებას უკრძალავს და დასძინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა სიის გაზრდას, ძლიერი და პოპულარული საჯინიბოებისთვის ორზე მეტი მანქანით ასპარეზობის უფლების მიცემა სჯობდა. ასე რბოლები უფრო დაძაბულიც იქნებოდა და საინტერესო საცქერიც.

”პატარა გუნდები? არაერთხელ მითქვამს და ისევ ამ აზრზე ვდგავარ, რომ უკეთესი იქნებოდა, ძლიერი გუნდებისთვის მესამე მანქანის გამოყვანის უფლება მიგვეცა. ეს ახალი გუნდბის დაშვებაზე გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ზოგი მათგანი ხომ გრანპრი2-ის რბოლებშიც მაჩანჩალა იქნებოდა”, - ამბობს დი მონტეძემოლო.

გარდა ამისა, იტალიური საჯინიბოს შეფი თვლის, რომ სეზონის მსვლელობისას ტესტების აკრძალვა, საქმისადმი არაჯანაღი მიდგომაა და სასწრაფოდ შეცვლას მოითხოვს: ”ამ აბსურდული შეზღუდვის გაუქმება აუცილებელია. ფორმულა 1 სპორტის ერთადერთი სახეობაა, სადაც სპორტსმენებს ვარჯიშის შანსი არ აქვთ. ეს იგივეა, რომ ”მილანის”, ”რეალის” ან ”ინტერის” ფეხბურთელები, წვიმაში გლუვძირიანი ბუცებით ავარჯიშო, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრების წინ კი გახურების საშუალება არ მისცე”, - ამბობს ლუკა.

მას არც ახალი ტრასების კონფიგურაცია მოსწონს, რადგან იქ გასწრება ძალიან გართულებულია. ის სრულად იზიარებს FIA-ს პრეზიდენტ ჟან ტოდტის მოსაზრებას, ვისაც მიაჩნია, რომ ახალი ტრასების მშენებლობისას, პრიორიტეტი გასწრების შესაძლებლობა უნდა იყოს. სამაგიეროდ, მოსწონს გუნდურ მითითებებზე აკრძალვის გაუქმება და ამბობს, რომ ამ ნაბიჯით, FIA-მ სწორი გეზი აიღო.

Friday, December 10, 2010

ფორმულა 1-ში ტურბო ძრავები ბრუნდება

FIA Confirms Turbo Engines for 2013

10 დეკემბერი

მონაკოში ჩატარდა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ავტოსპორტის მსოფლიო საბჭოს სხდომა, რომელზეც ფორმულა 1-ის ტექნიკურ რეგლამენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. მთავარი ცვლილება კი ძრავებს ეხება და ის ძალაში 2013 წლის სეზონიდან ამოქმედდება.

ახალი რეგლამენტით, ფ1-ში სავალდებულო გახდება ოთხცილინდრიანი, 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავების გამოყენება. ტურბოდამჭირხნებში დასაშვები მაქსიმალური წნევა 500 ბარი იქნება, ძრავის ბრუნთა მაქსიმალური რიცხვი კი - 12 000. წინასწარი ვარაუდთ, ამ ძრავების დახმარებით, საწვავის ხარჯი დაახლოებით 35 პროცენტით შემცირდება.

ავტომობილები ასევე საწვავის ხარჯის კონტროლისა და კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემებითაც აღიჭურვება. რაც მთავარია, ძრავების სიმძლავრე პრაქტიკულად არ შემცირდება (ახლანდელ ძრავებთან შედარებით). სამაგიეროდ, (სავარაუდოდ) შეიცვლება გუნდებს შორის ამჟამად დამყარებული ძალთა ბალანსი და ჩამორჩენილ ”რენოს” ”მერსედესისა” და ”ფერარის” დაწევის საშუალება მიეცემა.

2013 წლის სეზონში, ყოველი პილოტის განკარგულებაში მხოლოდ ხუთი ძრავი იქნება, თუმცა შემდეგში მათი რიცხვი ოთხამდე შემცირდება. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფებს, მომავალი სეზონიდან, მათი შეცვლა ზედიზედ ხუთი რბოლის განმავლობაში აკრძალულია. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, პილოტი სტარტზე ხუთი ადგილით დაჯარიმდება.

იცვლება შასისთან დაკავშირებული რეგლამენტიც. ახალი განსაზღვრება მიეცა ეგრეთ წოდებულ საბაზო სიბრტყეს (ავტომობილის ძირს). ასევე უფრო მკაცრი ნორმები წესდება უსაფრთხოების ელემენტებზე. დასაშვები გახდა ისეთი პანელების გამოყენება, რომელთა დანიშნულებაც პილოტების ფეხების დაცვაა.

რიგი ცვლილებები შევიდა იმ პუნქტებში, რომლებშიც რბოლებიც რბოლების ორგანიზატორების და მსაჯების შესასრულებელია. რეგლამენტით დასაშვები გახდა ეგრეთ წოდებული საშუალედო საბურავების გამოყენება. დაკიდევ, ამირიდან აღარ იკრძალება გუნდური მითითებები.

Wednesday, December 8, 2010

ნამდვილი ”ლოტუსი” დაბრუნდა

Lotus Returns to F1

8 დეკემბერი

როგორც მოსალოდნელი იყო, მომავალ სეზონში ”რენო” თავისი გუნდით აღარ იასპარეზებს. მის გუნდს სახელად ”ლოტუს რენო GP” დაერქვა და ის შავ-ყვითელ ფერებში გამოეწყობა. ამგვარად, ფორმულა ერთში მეორე გუნდი გამოჩნდა, რომელსაც სახელად ”ლოტუსი” ჰქვია. თანაც, ორივე მალაიზიურ კომპანიებს ეკუთვნის და ორივე შავად გაფორმდება.

”რენომ” თავისი საჯინიბოს აქციები შვეიცარულ საინვესტიციო კომპანია ”ჯენიი კეპიტალს” მიჰყიდა. პარალელურად, გუნდის თანამეპატრონე გახდა მალაიზიურ საავტომობილო ჯგუფ პროტონში შემავალი ინგლისური კომპანია ”ლოტუსი”, რომელიც ლეგენდარული კოლინ ჩეპმენის მიერაა ჩამოყალიბებული, იმ ჩეპმენისა, რომელმაც ”ლოტუსის” ფორმულა 1-ის ლეგენდას დაუდო სათავე.

რაც შეეხება მეორე ”ლოტუსს” (მისი სრული სახელია ტიმ ლოტუს), ის მალაიზიურ ავიაკომპანია ”ეარ აზიას” კუთვნილებაა. ამ გუნდსაც მომავალი სეზონიდან ძრავებით ”რენო” მოამარაგებს. რაც შეეხება შავ-ყვითელ ფერებს, ესეც ძველი ”ლოტუსის” საფირმო ფერებია.

როგორც ჩანს, ახალი სეზონის დასაწყისში, ჩემპიონატში ორი ”ლოტუსი” მიიღებს მონაწილეობას. ”ტიმ ლოტუსს”, რომელმაც გასული სეზონი ”ლოტუს რეისინგის” სახელით დაიწყო, სახელთან დაკავშირებით, ”ლოტუს გრუპი” სასამართლოში უჩივის. საქმეს ლონდონის უმაღლესი სასამართლო განიხილავს, თუმცა მოსმენები რომ დაიწყება, ჩემპიონტი კარგა ხნის დაწყებული იქნბა.

სხვათა შორის, ორივე ”ლოტუსს” საფუძვლიანი პრეტენზია გააჩნია. ”ტიმ ლოტუსის” პატრონმა, მალაიზიელმა ბიზნესმენმა ტონი ფერნანდესმა, ამ სახელის გამოყენების უფლება თავის დროზე, დევიდ ჰანტისგან - მსოფლიოს 1976 წლის ჩემპიონ ჯეიმს ჰანტის ძმისგან გამოისყიდა. სწორედ ის იყო ფ1-ის ლეგენდარული საჯინიბოს სახელის კომერციულ უფლებათა პატრონი.

”ლოტუს რენო” კი საავტომობილო კომპანია ”ლოტუს ქარზის” ხელშია. ბედის ირონიაა, რომ ორივე ”ლოტუსი” ერთ დროს მისი დამაარსებლის, კოლინ ჩეპმენის საკუთრება იყო, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ, კომპანია ნაწილებად დაიშალა. ამის შემდეგ, ფ1-ის ”ლოტუსს” ჰანტი დაეუფლა, სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია კი მალაიზიურმა ავტო კომპანია ”პროტონმა” შეისყიდა.

ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ”ლოტუს რენო GP” ფორმულა ერთში 2017 წლამდე დარჩება და ამ პერიოდში, მისი ტექნოლოგიური პარტნიორი ფრანგული კომპანია იქნება, რომელიც ძრავების მიწოდების გარდა, საჯინიბოს ტექნოლოგიურ უზრუნველყოფასაც კისრულობს.

Monday, December 6, 2010

რედ ბულ RB7” ვალენსიურ ტესტებამდე მზად იქნება

Red Bull to Launch RB7 Before Valencia Test

6 დეკემბერი

ფორმულა 1-ის ახალი ჩემპიონის, ”რედ ბულ რეისინგის” ახალი სარბოლი ბოლიდი - RB7, სეზონისწინა ტესტებამდე მზად იქნება. ამის თაობაზე, გერმანულ გამოცემა ”ჰამბურგერ აბენდბლატთან” საუბრისას განაცხადა მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა, გერმანელმა სებასტიან ფეტელმა. თუმცა, ეს გუნდის ოფიციალური განცხადება არაა. ”როგორც ჩანს, ჩვენი მანქანა დროულად იქნება მზად და ჩვენ ვალენსიაში პირველივე ტესტებზე გამოვალთ”, - ამბობს ჩემპიონი.

უნდა ითქვას, რომ რამდენადაც ”რედ ბული” ორივე ტიტულისთვის იბრძოდა, მის ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის ახალი მანქანისთვის არ ეცალა. გუნდმა მიზანს მიაღწია - ორივე ტიტულს დაეუფლა, მაგრამ მომავალი სეზონის მანქანის მზადება გვიან დაიწყო. ამის გამო, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ვალენსიური ტესტებისთვის მისი მომზადება ვერ მოესწრება.

დაახლოებით ასევე იყო 2009 წლის სეზონის შემდეგაც, როცა ”რედ ბული” ასევე პირველობისთვის იბრძოდა და ამის გამო, შემდეგი სეზონის მანქანისთვის არ ეცალა. ამასთან, ნიუის უბრალო დეტალებზე კირკიტიც სჩვევია, რამაც საქმე გააჭიანურა. ყოველივეს გამო, გუნდს წლევანდელი სეზონისთვის მანქანის მომზადება დაუგვიანდა და ხერესული ტესტები გამოტოვა. თუმცა ნიუის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან საჩემპიონო ბოლიდის შექმნა მაინც შეძლო.

ჯერჯერობით, ოფიციალურად მხოლოდ ორ გუნდს აქვს გამოცხადებული თავისი ახალი მანქანის პრეზენტაციის თარიღი. ესენია ”ტორო როსო” და ”ზაუბერი”. პირველის STR6 მზად ვალენსიური ტესტების წინ, თებერვლის დასაწყისში იქნება, მეორეს (C30) პრეზენტაცია კი ასევე ვალენსიაში, 31 იანვარს გაიმართება.

უებერმა სეზონი ტრავმირებული მხრით დაასრულა

Webber Raced with Broken Shoulder in Last 4 Races

6 დეკემბერი

ავსტრალიელი მარკ უებერისთვის გასული სეზონი საუკეთესო იყო კარიერაში. მას ჩემპიონობის რეალური შანსი ჰქონდა და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ეტაპით ადრე, სოლიდური უპირატესობით ლიდერობდა, თავის თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს კი ერთი გამარჯვების ტოლფასი ქულებით უსწრებდა. თუმცა საბოლოოდ ტიტულს სწორედ ფეტელი დაეუფლა. ოზი პილოტი კი მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

სეზონის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ კი ირკვევა მიზეზი, რომლის გამოც, უებერმა სეზონის ბოლო ნაწილი ჩააგდო. ეს მიზეზი კი მისი ველოსპორტით გატაცებაა. ფორმულა 1-ის მოყვარულებს ალბათ ახსოვთ, რომ 2009 წლის სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, უებერი მთის ველოსიპედით ასპარეზობისას (მის მიერვე ორგანიზებულ რბოლაში) დაეცა და ფეხი მოიტეხა. მაშინ იყო იმის შანსი, რომ ამის გამო, სეზონის დასაწყისი გამოეტოვებინა კიდეც. მაგრამ უებერმა სტარტზე დადგომა შეძლო და ბრწყინვალედ იასპარეზა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სეზონის პირველი ნაწილის განმავლობაში, ის ძლიერ ტკივილებს ძლივს, გამაყუჩებლებით უმკლავდებოდა...

გავიდა ცოტა ხანი და ისტორია განმეორდა. გასული სეზონის მიწურულს, სინგაპურში რბოლის შემდეგ, სადაც მესამე ადგილს დასჯერდა, უებერი შინ გაემგზავრა და ისევ სამთო ბაიკს მოაჯდა, მაგრამ ისევ დაეცა და ამჯერად მხარი დაუზიანდა. ამჯერად ექიმების დიაგნოზი იყო ”მოთხილამურეების მოტეხილობა”. როგორც ირკვევა, ეს სერიოზული ტრავმა არაა, თუმცა მხრის სახსრების მუშაობას ართულებს.

მოკლედ, უებერმა ამის თაობაზე გუნდში არაფერი თქვა, რა თქმა უნდა, მომხდარი ”რედ ბულ რეისინგის” შეფ ქრისტიან ჰორნერსაც დაუმალა. მისი ტრავმის შესახებ მხოლოდ მისმა პირადმა მწვრთნელმა როჯერ კლირლიმ და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ექიმმა გარი ჰარტშტაინმა იცოდა. ტკივილების გასაყუჩებლად, კორეისა და იაპონიის რბოლების წინ, უებერს კორტიზონის ინექციებიც კი დასჭირდა.

მოკლედ, ველოსიპედებით გატაცება ძაიან ძვირი დაუჯდა...

Sunday, December 5, 2010

ალონსო ”ფერარიში” ათი წლით დარჩება

Alonso Plans 10-Year Career with Ferrari

5 დეკემბერი

მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში, მსოფლიოს ჩემპიონის მესამე ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და ეს გუნდური მცდარი სტრატეგიის ბრალი იყო, ესპანელი ფერნანდო ალონსო თავისი გამოსვლით მაინც კმაყოფილია და ამბობს, რომ შემდგომ ათ სეზონს იტალიურ გუნდში გაატარებს.

29 წლის პილოტი ამბობს, რომ ”ფერარის” შემდეგ არსად გადასვლას არ აპირებს და კარიერას ამ გუნდშივე დაასრულებს. ამის შესახებ, მან ესპანურ რადიო ”ონდა სეროსთან” საუბრისას განაცხადა. პირველ რიგში, ის იმ ფაქტითაა კმაყოფილი, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ მიეცა ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი.

”შესანიშნავი სეზონი მქონდა. საერთო ჯამში, უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს. არ ვიცი, მომავალ სეზონშიც იმავე პერსონალთან მომიწევს თუ არა მუშაობა, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ჩვენ კარგად შეკრული გუნდი ვართ და მანქანაც კონკურენტული გვქონდა”, - ამბობს ესპანელი, ვინც ჯერ არ იცის, რა გადაადგილებებია მოსალოდნელი ”ფერარიში”.

ალონსო იტალიურ გუნდში 2009 წლის სეზონის ბოლოს გადავიდა და მასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამასთან, ”ფერარის” უფლება აქვს, რომ ორი წლის შემდეგ, მასთან კონტრაქტი კიდევ სამი წლით გაახანგრძლოვოს. ამგვარად, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ”კვიცებთან” მინიმუმ 5 სეზონს დაჰყოფს და თუ ყველაფერი კარგად იქნა, იქ უფრო მეტი ხნითაც დარჩება.

სხვათა შორის, ალონსო დღესაც ნანობს, რომ ერთი სეზონი ”მაკლარენში” გაატარა. უფრო მეტიც, დასძენს, რომ 2007 წელს ჩემპიონიც რომ გამხდარიყო, იქ მაინც არ დარჩებოდა. რა თქმა უნდა, ახლა ამბობს, რომ ამ გუნდში აღარასდროს დაბრუნდება. მას ჰკითხეს, ლუის ჰამილტონის ჩემპიონობას სებასტიან ფეტელის ტრიუმფი თუ ერჩივნა, რაზეც სწრაფად უპასუხა - ”სი” (კი).

Friday, December 3, 2010

ალონსო სეზონის საუკეთესო პილოტად დასახელდა

Fernando Alonso Voted Off Best F1 Driver of 2010

3 დეკემბერი

სებასტიან ფეტელი მსოფლიო ჩემპიონი კი გახდა, მაგრამ ჟურნალ ”ავტოსპორტის” მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, სეზონის საუკეთესო პილოტად ფერნანდო ალონსო დაასახელა. გამოკითხვაში მხოლოდ ფორმულა 1-ში მონაწილე 12 გუნდის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, რომლებსაც 10-10 საუკეთესო პილოტი უნდა დაესახელებინათ.

კონკურსის წესი მარტივია - ყოველ ანკეტაში, პილოტი ქულებს დაკავებული ადგილის შესაბამისად ღებულობს, ქულათა სისტემა კი ფორმულა ერთის სისტმის იდენტურია (ანუ 25-18-15-12-10-8-6-4-2-1).

მიუხედავად იმისა, რომ ალონსომ და ”ფერარიმ” სეზონის პირველი ნახევარი აშკარად ჩააგდეს, მეორე ნახევარში პირიქით, მათი ტანდემი თითქმის საუკეთესო იყო, რამაც მათ ტიტულისთვის ბრძოლის შანსი მისცა. და რომ არა ბოლო რბოლაში არჩეული მცდარი სარბოლო სტრატეგია, ესპანელი პილოტი მესამედ გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი.

ბევრი თვლის, რომ ალონსომ თავის კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა და ჩემპიონობასაც იმსახურებდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ”ფერარიში”, რომლის ტექმიკური პერსონალის მონდომებამაც ალონსოზე დიდი გავლენა მოახდინა.

”ძალიან მიხარია, რომ გუნდების ხელმძღვანელთა უმეტესობამ, სეზონის საუკეთესო მრბოლად მიმიჩნია. რა თქმა უნდა მერჩივნა, ეს აღიარება მსოფლიო ჩემპიონის რანგში მიმეღო. თუმცა, ბოლო ეტაპზე გაწბილების მიუხედავად, მაინც შემიძლია ვთქვა და გამოკითხვის შედეგებიც ამას მოწმობს, რომ შესანიშნავი სეზონი ჩავატარე. გუნდთან ერთად, მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, ბოლომდე ვიბრძოლე და დანებებაზე ერთხელაც არ მიფიქრია. არადა იყო მომენტი, როცა ყველა ფიქრობდა, რომ ჩვენთვის სეზონი წარუმატებელი იქნებოდა. ალბათ, მომავალ სეზონში უკეთ გავირჯებით, თუმცა გასულ სეზონს ყოველთვის გავიხსენებ, როგორც გასაოცარს”, - ამბობს ალონსო.

გამოკითხვის შედეგებით, მეორე ადგილი ფეტელმა დაიკავა, რომელსაც ლუის ჰამილტონი და მარკ უებერი მოჰყვებიან. ”ავტოსპორტის” გამოკითხვის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. ფერნანდო ალონსო - 229 ქულა; 2. სებასტაინ ფეტელი - 220; 3. ლუის ჰამილტონი - 196; 4. მარკ უებერი - 146; 5. რობერტ კუბიცა - 129; 6. ჯენსონ ბეტონი - 86; 7. ნიკო როსბერგი - 68; 8-9. ნიკო ჰულკენბერგი - 17; 8-9. ფელიპე მასა - 17; 10. რუბენს ბარიკელო - 11

Thursday, December 2, 2010

ფეტელი სტატისტიკითაც საუკეთესოა

Statistics Show Vettel Best Driver of 2010

2 დეკემბერი

სებასტიან ფეტელი მსოფლიო ჩემპიონ ისე გახდა, სეზონის განმავლობაში, ლიდერი ერთხელაც არ ყოფილა. ცხრილს სათავეში ერთადერთხელ - ბოლო რბოლის შემდეგ მოექცა და ტიტულსაც დაეუფლა. თან, ბევრი ამბობს, რომ ფერნანდო ალონსოს და ”ფერარის” ტაქტიკური შეცდომა რომ არა, ჩემპიონი ესპანელი გახდებოდა.

მაგრამ გერმანულმა ჟურნალმა ”აუტო მოტორ უნდ შპორტმა” კარგად შეისწავლა ტოპ პილოტების სტატისტიკური მონაცემები, რომლებმაც აჩვენა, რომ ფეტელი პრაქტიკულად ყველა ასპექტში სჯობდა თავის მეტოქეებს. სტატისტიკა კი თითქმის ყოველთვის, ზუსტად ასახავს, თუ როგორ ჩაატარა მრბოლმა სეზონი.

და რატომ გაუჭირდა ფეტელს ჩემპიონობა? საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა გერმანელმა მეტისმეტად ბევრი შეცდომაც დაუშვა, რაც მას ლამის მარცხის ფასად დაუჯდა. ისე კი, ერთადერთი მაჩვენებელი, რომელშიც მას ალონსომ რეალური კონკურენცია გაუწია, გამარჯვებათა რაოდენობაა - ორივე პილოტმა 5-5 რბოლა მოიგო.

სხვა მაჩვენებლების მხრივ, ფეტელს ბადალი არ ჰყავდა. მაგალითად, 19 ეტაპიდან, მან 10-ის პოულ პოზიცია მოიგო. შედარებისთვის, მხოლოდ ხუთი საკვალიფიკაციო რბოლის მოგება შეძლო მისმა ავსტრალიელმა თანაგუნდელმა მარკ უებერმა. რბოლებში კი ფეტელის საშუალო სეზონური პოზიცია 1.95 ადგილია. შედარებისთვის, უებერი მსგავსი მაჩვენებელი 2.79-ია, ალონსოსი კი - 5.79.

პილოტის სისწრაფის კიდევ ერთი მაჩვენებელია რბოლისას გავლილი უსწრაფესი წრეები. ამ მხრივ, ფეტელის საშუალო მაჩვენებელი 0.051 წამით სჯობნის უებერისას. სხვათა შორის, ოზი პილოტიც დანარჩენებზე ბევრ ასპექტში უკეთესია, თუმცა ”რედ ბულ რეისინგის” წყვილს ასეთი სოლიდური უპირატესობის მიუხედავად, მაინც დიდი ბრძოლის გადატანა დასჭირდა იმისათვის, რომ მათგან რომელიმე ჩემპიონი გამხდარიყო და ამის მიზეზი ისევდაისევ, ხშირი შეცდომებია. ამასთან, სეზონის დასაწყისში, მათი ბოლიდიც საკმაოდ არასაიმედო იყო.

კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური მაჩვენებელი: სეზონის განმავლობაში, ფეტელი პელოტონს სათავეში 2000 კილომეტრის მანძილზე ედგა. უებერის შესაბამისი მაჩვენებელი 1500 კილომეტრზე ნაკლებია. შემდეგ მოდიან ლუის ჰამილტონი, ალონსო და ჯენსონ ბატონი.

ალონსოს ხელი ”ფერარის” გამძლეობამაც შეუწყო. იტალიური გუნდის მანქანებმა სეზონის განმავლობაში, ყველაზე მეტი წრის გავლა შეძლეს. ამასთან, ალონსოს რბოლისას 5 უსწრაფესი წრე ჰქონდა, ზუსტად იმდენი, რამდენიც ჰამილტონს. მხოლოდ სამი უსწრაფესი წრის გავლა მოახერხა ფეტელმა.

Wednesday, December 1, 2010

”უილიამსის” მეორე პილოტი მალდონადო გახდა

Pastor Maldonado Lands 2011 F1 Seat with Williams

1 დეკემბერი

”უილიამსმა” გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში, მისი მეორე პილოტი ვენესუელელი პასტორ მალდონადო იქნება. სარბოლ სერია გრანპრი2-ის ჩემპიონი პარტნიორობას ბრაზილიელ ვეტერან რუბენს ბარიკელოს გაუწევს. ამგვარად, 1984 წლის შემდეგ, 25 წლის მალდონადო პირველი ვენესუელელი პილოტი გახდება, ვინც ფ1-ის მანქანის საჭეს მიუჯდება. მის თანამემამულეთაგან დიდი პრიზების ცირკში ბოლოს ჯონი სეკოტომ იასპარეზა.

კონტრაქტი მხოლოდ ერთ სეზონზე გაფორმდა და მალდონადო მას ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანიას უნდა უმადლოდეს, რომელიც ზოგიერთი ავტორიტეტული გამოცემის ვარაუდით, ინგლისურ გუნდს ამისათვის 15 მილიონ ევროს გადაუხდის.

”პასტორმა ჩემი ყურადღება პირველად სამი წლის წინ მიიქცია, როდესაც მონაკოს რბოლაში იასპარეზა. მას შემდეგ, მან არაერთხელ გამოავლინა თავისი ნიჭი. ამ სეზონში კი გრანპრი2-ში ექვსი რბოლა მოიგო და ჩემპიონი გახდა, რაც შემთხვევით ვერ მოხდებოდა. აბუ დაბიში მან ჩვენთან ერთად მიიღო ტესტებში მონაწილეობა და მაშინ გადავწყვიტეთ, რომ მისი ნიჭი წინასასეზონო ტესტებზეც გაგვევითარებინა”, - ამბობს გუნდის დამაარსებელი და თანამფლობელი ფრენკ უილიამსი.

”ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, რომ დბიუტი ისეთ გუნდში მექნება, როგორიც ”უილიამსია”. ამით, ჩემთვის ისედაც შესანიშნავი სეზონი დაგვირგვინდა. აბუ დაბიში გუნდთან ერთად ტესტებში უკვე მივიღე მონაწილეობა, თუმცა მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც ახალი სეზონისთვის მზადებას დავიწყებ. რა თქმა უნდა, თავს არ დავზოგავ, რომ შემდეგი სეზონისთვის საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ვიყო. დარწმუნებული ვარ, გუნდიც მისთვის შესაფერის დონეზე მოემზადება. თითქმის 30 წელია, ჩემი ქვეყნიდან ფორმულა 1-ში არავის უასპარეზია და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მისი სახელით ასპარზობის საშუალება მომეცემა. ყველაფერს ვეცდები, კარგი შედეგებით დავაფასო ვენესუელას ის მხარდაჭერა, რომლის წყალობიტაც ფ1-ში გამოსვლის საშუალება მომეცა”, - ამბობს მალდონადო, ვინც ”უილიამსში” გერმანელ ნიკო ჰულკენბერგს შეცვლის.