ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, July 25, 2009

მასას ოპერაცია გაუკეთეს

Hungarian GP

25 ივლისი

”ფერარიმ” თავისი პილოტის, ბრაზილიელი ფელიპე მასას მდგომარეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კვალიფიკაციის დროს დაშავებულ პილოტს ბუდაპეშტის ჰოსპიტალ AEK-ში წარმატებული ოპერაცია გაუკეთდა, რის შემდეგაც, ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. იქ ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე დღით გაჩერდება. იმავე ცნობაში ნათქვამია, რომ მასას ჯანმრთელობის შესახებ მომდევნო ინფორმაციას გუნდი ხვალ გაავრცელებს.

პარალელურად, ბრიტანულმა ჟურნალმა ”აუტოსპორტმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასას ტრავმის მიზეზი ბარიკელოს მანქანის საკიდარიდან მომწყდარი ზამბარის მუშტისხელა ნაგლეჯი გახდა, რომელიც 800 გრამს იწონის. ეს დეტალი ამჟამად საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ტექნიკური კომისიის ხელშია, რომელიც ინციდნტის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს.

”მანქანის უკანა ნაწილში პეობლემა გვქონდა. მიზეზი ჯერ არ ვიცით, მომხდარი შესასწავლი გვაქვს, მაგრამ სანამ საკიდარის იმ დეტალს მივიღებთ, რაიმეს თქმა არ შეგვიძლია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენს მანქანას პრობლემა შეექმნა. აქამდე მას ჩვენი პილოტებისთვის ერთხელაც არ უღალატია. ჩვენ თვითონაც ძალიან გვაინტერესებს, რამ გამოიწვია ამ დეტალის გატეხვა. კვალიფიკაციის წინ, ჯენსონის მანქანას ახალი ნაწილი დავუყენეთ, მაგრამ რუბენსის მანქანა არ შეგვიცვლია. მოკლედ, ახლა ყველაფერს ყურადღებას ვაქცევთ, გვინდა ვიცოდეთ, რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს ინციდენტი”, - ამბობს ”ბრაუნის” შეფი როს ბრაუნი.

ეს ინციდენტი, ავტოსპორტის მოყვარულებს უთუოდ გაახსენებდა იმ ფატალურ შემთხვევას, რომელმაც 1994 წლის 1 მაისს, იტალიის ქალაქ იმოლას ავტოდრომზე, ლეგენდარული აირტონ სენას დაღუპვა გამოიწვია. სენასაც თავში საკიდარის (ოღონდ, თავისივე მანქანის) დეტალი მოხვდა, რამაც მისი ჩაფხუტის ტყვიაგაუმტარი შუშა გახვრიტა და ბრაზილიელს თავის ქალა შეუნგრია. საბედნიეროდ, გუშინდელი შემთხვევა ფატალური არ გამოდგა. მასამ ტვინის შერყევა მიიღო და მას თავის ქალის ძვალი მარცხენა წარბის არეში ისე გაუტყდა, რომ ტვინის ქსოვილი არ დაზიანებია.

სხვათა შორის, ერთი კვირის წინ, ფორმულა 2-ის ბრიტანული ეტაპი ტრაგიკულად დასრულდა - ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონის, ინგლისელი ჯონ სარტიზის შვილი ჰენრი, სხვა პილოტის მანქანისგან მოგლეჯილი საბურავის თავში მოხვედრამ ტრასაზევე მოკლა.

რაც შეეხება ბარიკელოს, მან ტრასის მედცენტრშიც მოინახულა თანამემამულე და ჰოსპიტალშიც მიაკითხა. იქ იმიტომ მივედი, რომ ვიფიქრე, შეიძლება, მისი ოჯახის წევრები აქ არ არიან და ვნახავ-მეთქიო, ჟურნალისტებს მიუგო რუბინიომ.

”მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ და ასეთ დროს, როდესაც თვალს გაახელ, გინდა, რომ გვერდით ვინმე გყავდეს, ვისაც კარგად იცნობ. მინდოდა იქ იმ შემთხვევისთვის ვყოფილიყავი, თუ მისი ოჯახის წევრები იქ არ იქნებოდნენ”, - განაცხადა ბრაზილიელმა, ვინც 1994 წლის იმ ავბედითი რბოლის (სან მარინოს დიდი პრიზი, რომელმაც სენას გარდა, ავსტრიელი როლანდ რატცენბერგერის სიცოცხლეც შეიწირა) თავისუფალ პრაქტიკაზე, თავადაც უმძიმეს ავარიაში მოყვა და ჰოსპიტალში მყოფი, სენამ მოინახულა.

ბარიკელოს თქმით, ამ ერთ კვირაში მომხდარი ორი მძიმე შემთხვევა, რომელთაგან პირველმა ჰენრი სარტიზი მოკლა, მეორემ კი მასა დააშავა, იმის ნიშანია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. ”იმოლა მესიჯი იყო, რის შემდეგაც მანქანების კონსტრუქცია შეიცვალა. სამწუხაროდ, მაშინ ჩვენ კარგი ბიჭები დავკარგეთ. მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ეს დამთხვევა არაა. პილოტები ამაზე ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე. გუშინაც ჰენრის შემთხვევა განვიხილეთ. ყველა იმას ამბობდა, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს”, - დასძენს ბარიკელო, ვისაც ლუის ჰამილტონიც ეთანხმება.

”ყველაფერი რაღაცის გამო ხდება. მოკლე დროში ასეთი სერიოზული ორი ინციდენტი მოხდა და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რათა მსგავსი რამეები აღარ განმეორდეს”, - ამბობს მსოფლიო ჩემპიონი.

მასა რბოლაზე ვერ გამოვა

Hungarian GP

25 ივლისი




ფერარისპრესცენტრის ხელმძღვანელმა ლუკა კოლაჯანიმ გამოაცხადა, რომ ხვალ რბოლაში მინაწილეობას ვერ მიიღებს ”ფერარის” ბრაზილიელი პილოტი ფელიპე მასა, რომელსაც კვალიფიკაციის დროს მძიმე ავარია მოუვიდა.

პარალელურად, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია გვაუწყებს, რომ მასას მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, მისი ჯანმრთელობის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

სამაგიეროდ, ”გაძეტა დელო სპორტმა” თავის საიტზე უკვე გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც მასას მანქანაზე ნამსხვრევის მოხვედრის მომენტი და მასას დაზიანებული მარცხენა წარბი და დამტვრეული შლემია გამოსახული. ერთ ფოტოზე კი ის მომენტია, როდესაც მასას ევაკუირება ხდება. პილოტი დაშავებულ წარბზე ხელს იკიდებს, ესე იგი, ის გონებაზეა...

”ფერარის” მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ავარიისას მასამ ტვინის შერყევა მიიღო და მარცხენა წარბის არეში თავის ქალის ძვალი აქვს დაზიანებული, რის გამოც, მასზე ოპერახიას გაუკეთებენ, ოპერაციის შემდეგ კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანენ.

ალონსო პოულზე დაბრუნდა

Hungarian GP

25 ივლისი

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ესპანელი ფერნანდო ალონსოს გამარჯვებით დასრულდა უნგრეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, რომელიც ბრაზილიელი ფელიპე მასას ავარიის გამო, ნახევარი საათის დაგვიანებით დასრულდა. მის ბოლო წამებზე, მწყობრიდან გამოვიდა ოფიციალური ქრონომეტრაჟი, რამაც მცირე გაუგებრობა გამოიწვია.

საქმე ისაა, რომ სანამ საინფორმაციო ეკრანები ჩაქვრებოდა, საუკეთესო შედეგი ალონსოს ჰქონდა, მაგრამ ტრასაზე კიდევ რამდენიმე პილოტი იყო დარჩენილი. თუმცა, კომპიუტერის გაუმართაობის გამო, მათი დროების დაფიქსირება ვეღარ მოხერხდა. ბერნი ეკლსტოუნთან პილოტების ხანმოკლე თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ კვალიფიკაციის გამარჯვებულად ალონსო გამოცხადდებოდა.

”ჩვენ დახურულ პარკში ველოდით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ მსაჯები. საბოლოოდ, მე პოულზე აღმოვჩნდი. ამ შემთხვევას თუ არ გავითვალისწინებთ, მაინც იმის თქმა შემიძლია, რომ გუნდის მიერ შემუშავებული სიახლეები ეფექტურია და წინსვლის საშუალებას იძლევა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არაა და საჭიროა მანქანის დასახვეწად, სეზონის ბოლომდე ამ ტემპში მუშაობა. და მაინც, ახლა უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ საჭირო მიმართულებით ვვითარდებით. ხვალ საინტერესო რბოლა გველის. რა თქმა უნდა, მოგებას შევეცდები, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება. უმჯობესია რეალისტებად დავრჩეთ და ვიტყვი, რომ ჩვენი მიზანი ქულების მაქსიმალურად შესაძლებელი რაოდენობის აღებაა”, - განაცხადა ალონსომ და დასძინა, რომ მისი წარმატება გარკვეულწილად, იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ ავზში მცირე რაოდენობით საწვავი ესხა.

მეორე და მესამე უსწრაფესი შედეგები ”რედ ბულის” პილოტებმა, სებასტიან ფეტელმა და მარკ უებერმა აჩვენეს. მხოლოდ მერვე შედეგი ჰქონდა ჩემპიონატის ლიდერ ჯენსონ ბატონს, ვისი ასეთი დროც, შესაძლოა, სავსე ავზის შედეგი იყოს. ეს კი იმას მოასწავებს, რომ ”ბრაუნის” პილოტი ტაქტიკურ ბრძოლას აპირებს.

მეოთხე პოზიციაზეა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუის ჰამილტონი, ვინც პარასკევიდან მოყოლებული, ერთ-ერთი უსწრაფესია და როგორც ”რედ ბულის” პილოტები ფიქრობენ, სისტემა კერს-ის წყალობით, სტარტზევე დაწინაურების რეალური შანსი ექნება.

კვალიფიკაციის შედეგები

პილოტი, ქვეყანა, გუნდი დრო დრო დრო

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:21.313 1:20.826 1:21.569

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:21.178 1:20.604 1:21.607

3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო) 1:20.964 1:20.358 1:21.741

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი)1:20.842 1:20.465 1:21.839

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:20.793 1:20.862 1:21.890

6. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი,მაკლარენ-მერსედესი) 1:21.659 1:20.807 1:22.095

7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:21.500 1:20.647 1:22.468

8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ-მერსედესი) 1:21.471 1:20.707 1:22.511

9. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:21.407 1:20.570 1:22.835

10. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:21.420 1:20.823 დროის გარეშე

11. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო-ფერარი) 1:21.571 1:21.002

12. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:21.416 1:21.082

13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ-მერსედესი) 1:21.558 1:21.222

14. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:21.584 1:21.242

15. ნელსინიუ პიკე (ბრაზილია, რენო) 1:21.278 1:21.389

16. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:21.738

17. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:21.807

18. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:21.868

19. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:21.901

20. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი,ტორო როსო-ფერარი) 1:22.359

ფელიპე მასას ავარია

Hungarian GP

25 ივლისი



ამ ეტაპზე უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ მასა განსაცდელს გადაურჩა. მეორე საკვალიფიკაციო სექციის მიწურულს, მის მანქანას რუბენს ბარიკელოსბრაუნიდანმოწყვეტილი ნამსხვრევი მოხვდა, რომელიც მასას თავში მოხვდა. ავარიის ადგილზე დარჩენილი საბურავების სწორი ზოლი იმაზე მეტყველებდა, რომ მასა ამ დროს ინტენსიურად ამუხრუჭებდა (გონდაკარგული, ინსტიქტურად ამუხრუჭებდა და გაზსაც აწვებოდა). უმართავი მანქანა ძველი საბურავებისგან შექმნილ დამცავ ზღუდეს შეასკდა. ბრაზილიელი პილოტი სასწრაფოდ ადგილობრივ მედცენტრში გადაიყვანეს, საიდან გამოსული ცნობითაც, მას სერიოზული ტრავმა არ უნდა ჰქონდეს.

მედცენტრში მასა ბარიკელომ მოინახულა, რომელმაც სკაი სპორტს განუცხადა, რომ ფელიპეს გონება არ დაუკარგავს. მან ასევე თქვა, რომ ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე, მის ბრაუნსუკანა საკიდარი დაუზიანდა და როგორც ჩანს, სწორედ მისმა ნამსხვრევმა გამოიწვია მასას ავარია. ის ძალიან აღგზნებულია. წარბზე ჭრილობა აქვს, მაგრამ ხელ-ფეხს ამოძრავებს და მთავარი ესაა. ახლა მისთვის მთავარი მოსვენებაა, რის შემდეგაც დაწვრილებითი გამოკვლევა ჩაუტარდება. მთავარია, რომ გონება არ დაუკარგავს”, - განაცხადა რუბინიომ.

კვალიფიკაცია კი ფერნანდო ალონსომ მოიგო, მომდევნო ადგილებზე ფეტელი, უებერი, ჰამილტონი, როსბერგი, კოვალაინენი, რაიკონენი, ბატონი და ნაკაძიმა გავიდნენ. გასაგები მიზეზის გამო, მასამ კვალიფიკაციის მესამე სექციაში მონაწილეობა ვერ მიიღო და მეათეზე დარჩა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ხვალ სტარტზე დადგომას.

ავტოდრომის მედცენტრში ბრაზილიელი პილოტი ფერარისპრესცენტრის ხელმძღვანელმა ლუკა კოლაიანიმ მოინახულა, რომელმაც ჟურნალისტებს აუწყა, რომ ბრაზილიელი პილოტი გონებაზეა და ლაპარაკობს კიდეც. ამასთან, დაწვრილებითი გამოკვლევების ჩასატარებლად, ის ვერტმფრენით ბუდაპეშტის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

Friday, July 24, 2009

უნგრეთის დიდი პრიზი

Hungarian GP

24 ივლისი

უნგრეთის დიდი პრიზი ფორმულა 1-ის პირველი და ჯერჯერობით, ერთადერთი რბოლაა, რომელსაც ყოფილი სოციალისტური ბანაკის (თუ ჩინეთს არ ჩავთვლით) წევრმა ქვეყანამ უმასპინძლა. შეიძლება ითქვას, რომ ფორმულა ერთის უნგრული ეტაპი პერესტროიკის და რკინის ფარდის ღვევის დასაწყისის ერთ-ერთი პირველი მერცხალი გახდა - მისი მეშვეობით, კაცობრიობის ”ბედნიერი ნაწილის” მოქალაქეებმა, ტიპურ კაპიტალისტურ ხილს (მანამდე ფ1 სოცქვეყნებში ლამის აკრძალული იყო) გემო პირველად გაუსინჯეს.

უნდა ითქვას, რომ 80-იან წლებში, ბერნი ეკლსტოუნი ძალიან მოწადინებული იყო, რომ ერთი ეტაპი საბჭოთა კავშირისთვის მიეცა. ამასთან დაკაშირებით, ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებიც კი გამართა, მაგრამ ბიუროკრატიის შეუვალ კედელს გადააწყდა, რამაც განზრახვაზე ხელი ააღებინა. სამაგიეროდ, ხელში უნგრეთი შერჩა, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა სასურველი ეტაპის მიღებას.

როგორც კი მოსკოვიდან უარი მიიღო, ბერნი მაშინვე ბუდაპეშტში გაემგზავრა, ავტოსპორტის იქაურ მესვეურებს სასწრაფოდ მოელაპარაკა და საქმეც უსწრაფესად გაჩარხა. უნგრელებმა კი ისეთი მონდომება გამოიჩინეს, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი ავტოდრომი 8 თვეში ააგეს, 1986 წელს კი პირველად უმასპინძლეს უნგრეთის დიდ პრიზს.

უნდა ითქვას, რომ ჰუნგარორინგი ერთ-ერთი ყველაზე ნელია იმ ტრასებს შორის, რომლებზეც ფ1-ის ეტაპები ტარდება. თანაც, ქარს მეზობელი გორაკებიდან ტრასაზე ხშირად მტვერი გადააქვს, რაც პილოტებს დამატებით სიძნელეებს უქმნის. რაც ყველაზე მთავარია, ჰუნგარორინგზე გასწრება ძალიან ძნელია. ეს კი რბოლების სანახაობრივ მხარეზე უარყოფითად აისახება.

გარდა იმისა, რომ ნელი ტრასაა (მასზე ნელი რბოლები მხოლოდ მონაკოს ქუჩებში ტარდება), ჰუნგარორინგი იმითაც გამოირჩევა, რომ მანქანების მისი კონფიგურაციის შესაბამისად დარეგულირება ძალიან ძნელია. მაგალითად, კვალიფიკაციისთვის მომართული მანქანა რბოლისთვის თავიდანაა გადასაწყობი.

ტრასის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ სტარტზე სოლიდურ უპირატესობას კენტ ადგილებზე მდგარი მანქანები ღებულობენ. ამის გამო, მაგალითად, კვალიფიკაციაში მეორე ადგილის დაკავებას შეიძლება მეხუთეც კი სჯობდეს. მიზეზი კი ისევ ის მტვერია, რომელსაც ქარი ტრასის ირგვლივ არსებული გორაკებიდან ერეკება. ამ მტვერს პრაქტიკებისა და კვალიფიკაციის დროს, მანქანები ტრაექტორიიდან კი ხვეტენ, მაგრამ გზის სხვა ნაწილი მტვრიანადვე რჩება და ამას ტრასის გაწმენდა ნაკლებად შველის.

უნგრული ეტაპის კიდევ ერთი პრობლემა საშინელი სიცხეა. რბოლის დროს, ასფალტი ხშირად 50 გრადუსამდე ხურდება, რაც საბურავებზე უარყოფითად მოქმედებს, ეს კი უარყოფით გავლენას მანქანის ბალანსზე ახდენს. რა თქმა უნდა, სიცხე პილოტებსაც თანგავს. ისინი უნგრეთში რბოლას ხშირად საუნაში ყოფნას ადრიან.

გასწრების ერთადერთი შანსი პირველ მოსახვევშია და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინ მიმავალი მეტოქე ტრასის ბოლო მოსახვევში შეცდება. ამის გამო, სტარტ/ფინიშის სწორზე ის მაქსიმალურ სიჩქარეს ვერ განავითარებს, ამით სარგებლობას კი უკან მომყოლი მეტოქე აუცილებლად ეცდება. ისე, წვიმას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, მაგრამ ბუდაპეშტში ცა იშვიათად ხსნის პირს.

ჰუნგარორინგზე პირველი რბოლა ბრაზილიელმა ნელსონ პიკემ (უილიამს-ჰონდა) მოიგო, რომელმაც თანამემამულე და მაშინ ჯერაც უტიტულო აირტონ სენას (ლოტუს-რენო) დაძაბულ პაექრობაში აჯობა. გამარჯვებული მომდევნო სეზონშიც მათმა ჯახმა გაარკვია და ამჯერადაც ფინიშთან პირველი პიკე მიიჭრა.

1990 წელს მოულოდნელი გამარჯვება ბელგიელმა ტიერი ბუტსენმა (უილიამს-რენო) მოიპოვა. საშუალო დონის პილოტისთვის ეს კარიერაში ერთადერთი გამარჯვებაა. თანაც ის პოულიდან მოიგო და სტარტიდან ფინიშამდე, სენას გააფთრებულ შეტევებს გაუძლო.

მომდევნო წელს, სენამ (მაკლარენ-ჰონდა) უნგრულ ეტაპზე სტარტიდან ფინიშამდე, ლიდერობა არავის დაუთმო და მესამე ტიტულის დასაუფლებლად დიდი ნაბიჯით წინ წაიწია. ის რბოლა იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ მასზე უსწრაფესი წრე ბელგიელ ბერტრან გაშოს (ჯორდან-ფორდი) ჰქონდა, ვინც ფინიშზე მეცხრე მივიდა. ამ რბოლიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ლონდონელი ტაქსის მძღოლის ცემის გამო, გაშომ თავი ციხეში ამოყო, ”ჯორდანში” კი ის მიხაელ შუმახერმა შეცვალა.

1993 წელს, უნგრეთში, თავისი კარიერის პირველი გამარჯვება ბრიტანელმა დეიმონ ჰილმა (უილიამს-რენო) მოიპოვა, ვინც თანაგუნდელ ალენ პროსტის და სენას ტექნიკური პრობლემებით ისარგებლა. პირველ გამარჯვებას ჰილმა ზედიზედ კიდევ ორი - ბელგიასა და იტალიაში მოაყოლა და ფ1-ის ისტორიაში გახდა პირველი პილოტი, ვინც პირველი ტრიუმფი ჰეთ-თრიკით დააგვირგვინა.

ოთხი წლის შემდეგ, უნგრეთში კვლავ ჰილმა ისახელა თავი. ოღონდ, ამჯერად გამარჯვების გარეშე. საქმე ისაა, რომ ამ დროს ის უკვე აუტსაიდერი ”ეროუზ-იამაჰას” პილოტი იყო და ”ბრიჯსტოუნის” საბურავებით გამოდიოდა (იაპონური კომპანია ფ1-ის დებიუტანტი იყო). ჰილი თითქმის მთელ რბოლას ლიდერობდა, მაგრამ ბოლოსწინა წრეზე მისი მანქანის ტრანსმისიამ სული დალია და სენსაციაც არ შედგა.

2003 წელს უნგრეთის დიდი პრიზი ესპანელმა ფერნანდო ალონსომ (რენო) მოიგო და ამით, ფ1-ის ისტორიაში, რბოლის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. ამ დროს ის 22 წლის და ერთი თვის იყო. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ალონსომ ფინიშთან ერთი წრით მიასწრო იმ დროს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს (ფერარი).

2006 წლის უნგრული ეტაპი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ის წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა. გამარჯვება კი - კარიერაში პირველი, ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა (ჰონდა) მოიპოვა.

”მაკლარენები” ყველაზე სწრაფები არიან

Hungarian GP

24 ივლისი

ჯერჯერობით, ჰამილტონი ისევ ყველაზე სწრაფია

ჯერჯერობით, უნგრეთის დიდ პრიზზე ყველაზე სწრაფები ”მაკლარენის” პილოტები - ლუის ჰამილტონი და ჰეიკი კოვალაინენი არიან, რომლებმაც პარასკევის თავისუფალ პრაქტიკებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს.

თუ პირველ სესიაზე საუკეთესო ფინელი პილოტი იყო, ვისაც კარიერაში პირველი და ჯერჯერობით, ერთადერთი გამარჯვება შარშან სწორედ ჰუნგარორინგზე აქვს მოპოვებული, მეორეზე მას ჰამილტონმა აჯობა. მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ პარასკევს ნაჩვენები შედეგები ხშირად ბევრი არაფრის მთქმელია და გუნდების და მათი პილოტების რეალური შესაძლებლობები კვალიფიკაციაზე ვლინდება ხოლმე.

ამ სეზონში ”მაკლარენის” პილოტები კვარცხლბეკზე ერთხელაც არ ასულან და ისინი იმედოვნებენ, რომ უნგრული ეტაპის წინ, მანქანის აეროდინამიკაში შეტანილი ცვლილებები, მათ მოწინავეთა სამეულში დაბრუნების საშუალებას მისცემს.

უნგრეთის ეტაპს მოუთმენლად ელოდნენ ”ბრაუნში”, რომლის ბრიტანელმა პილოტმა, ჩემპიონატის გამოკვეთილმა ლიდერმა ჯენსონ ბატონმა წინა ორი ეტაპი წარუმატებლად ჩაატარა. მაგრამ ჯერჯრობით, ის კვლავ ჩრდილში იმყოფება. ყოველ შემთხვევაში, თავისუფალ პრაქტიკებზე მან მე-10 და მე-13 შედეგები აჩვენა.

”როგორც ჩანს, ბუდაპეშტში ამ დღეებში სიცხეები იქნება და ეს ჩვენთვის კარგი უნდა იყოს - საბურავების სასურველ კონდიციამდე გახურება აღარ გაგვიჭირდება. თანაც, მანქანას რამდენიმე ახალი დეტალი ექნება და ვიმედოვნებ, რომ წინსვლას შევძლებთ”, - ამბობს ბატონი.

ორივე სესიაზე მოწინავე სამეულში შესვლა შეძლო გერმანელმა ნიკო როსბერგმა, ვინც პირველ სესიაზე მეორე იყო, მეორეზე კი მესამე შედეგს დასჯერდა. ასევე სტაბილური იყო ავსტრალიელი მარკ უებერი, ვინც ორივე შემთხვევაში მეოთხე შედეგს დასჯერდა.

ყურადღების ცენტრში მოექცა ესპანელი ახალბედა ხაიმე ალგერსუარი, ვინც კვირას ფორმულა 1-ის ისტორიაში რბოლის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ოფიციალურად გახდება.

ბევრი ფიქრობს, რომ რბოლის დროს, ალგერსუარი ტრასაზე ყველაზე სახიფათო პილოტი იქნება, რადგან მას ფ1-ში ასპარეზობის არანაირი გამოცდილება არ აქვს. მაგრამ ესპანელი ამ ნაკლის თანდათან გამოსწორებას ცდილობს - პირველ სესიაზე თავიდან საკმაოდ ნელი იყო, მაგრამ სიჩქარე თანდათან გაზარდა და სესიის ბოლოს, შვეიცარიელ სებასტიან ბუემის 0.7 წამით ჩამორჩა. მეორე სესიის ბოლოსაც, მათ შორის სხვაობა თითქმის ამდენივე იყო.

პირველი თავისუფალი პრაქტიკის შედეგები

პილოტი, ქვეყანა და გუნდი დრო

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:22.079

2. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი,მაკლარენ-მერსედესი) 1:22.126

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:22.154

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო) 1:22.369

5. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:22.426

6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:22.550

7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ-მერსედესი) 1:22.641

8. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:22.663

9. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:22.690

10. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:22.751

11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:22.763

12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:22.793

13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ-მერსედესი) 1:22.806

14. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:22.870

15. ნელსინიუ პიკე (ბრაზილია, რენო) 1:22.927

16. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:22.978

17. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:23.029

18. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:23.156

19. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო-ფერარი) 1:23.176

20. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი,ტორო როსო-ფერარი) 1:23.942

ბარიკელო: მე მომწონს ეს საქმე

Rubens Barrichello

24 ივლისი

ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო დღევანდელ ფომულა 1-ში ყველაზე ხნიერი და გამოცდილი პილოტია. ბუნებრივია, ახლოვდება დრო, როდესაც ის დიდი პრიზების ცირკს დატოვებს, მაგრამ როდესაც მას ამის შესახებ ეკითხებიან, ყოველთვის უარყოფით პასუხს აგებებს ხოლმე. თუმცა ბუდაპეშტში, ხუთშაბათის პრესკონფერენციაზე, რუბინიომ თავისი წასვლის შანსები ნულიდან ხუთ პროცენტამდე ”გაზარდა”.

”ჯერ კიდევ ძალიან ადრეა მომავალ სეზონზე ლაპარაკი. მე ძალიან მომწონს ეს სპორტი, რომელშიც უკვე 17 სეზონი გავატარე. ჩემი სურვილების 95 პროცენტი სპორტში დარჩენას ემხრობა. ჯერაც საკმაოდ სწრაფი ვარ და ასეთ დროს წასვლა გაუმართლებლად მიმაჩნია”, - ამბობს 37 წლის ბარიკელო და დასძენს:

”მაგრამ დარჩენილი ხუთი პროცენტი მეკითხება - რაში გჭირდება ეს? მსგავსი აზრები ხანდახან გამიელვებს ხოლმე მაგრამ საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ხუთი პროცენტია და მეტი არაფერი”.

1950 წლიდან მოყოლებული, რაც ფორმულა 1 არსებობს, ბარიკელოს ყველაზე მეტ რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული. უნგრეთის დიდი პრიზი, რომელსაც ამ უქმეებზე ბუდაპეშტის ჰუნგარორინგი უმასპინძლებს, ებრაული წარმოშობის ბრაზილიელი პილოტის კარიერაში 278-ე სტარტი (ფ1-ის ცნობილ სტატისტიკოს ჟაკ დეშენოს მონაცემებით) იქნება.

წინა 277 რბოლიდან, მას 9 მოგებული აქვს, 66-ჯერ კვარცხლბეკზე ავიდა, 13-ჯერ რბოლა პოულიდან დაიწყო, 17-ჯერ რბოლის უსწრაფესი წრე გაიარა, სულ კი 574 ქულა დააგროვა.

ფ1-ში მისი პირველი რბოლა სამხრეთ აფრიკის 1993 წლის დიდი პრიზი იყო, პირველი გამარჯვება 2000 წელს, გერმანიის დიდ პრიზზე იზეიმა, ბოლოს კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური 2004 წლის ჩინეთის დიდ პრიზზე ეკავა. შარშან კი 11 ქულით, ჩემპიონატი მე-14 ადგილზე დაასრულა. მიმდინარე ჩემპიონატში რუბინიოს ანგარიშზე 44 ქულაა, რითაც მას მეოთხე ადგილი უკავია.

ჯერჯერობით ყველაზე სწრაფი კოვალაინენია

Hungarian GP

24 ივლისი

უნგრეთის დიდი პრიზის პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე, ყველაზე სწრაფი ”მაკლარენის” ფინელი პილოტი ჰეიკი კოვალაინენი (სურათზე) იყო, ვისაც კარიერაში ერთადერთი გამარჯვება შარშან სწორედ ჰუნგარორინგზე აქვს მოპოვებული.

ზომიერი სიცხის (სესიის დროს, ჰაერის ტემპერატურა 26, ასფალტისა კი - 39 გრადუსი იყო ცელსიუსით) პირობებში, ”მაკლარენის” ორივე პილოტმა კარგი შედეგები აჩვენა, რაც იმის თქმის საბაბს იძლევა, რომ მანქანისთვის ჩატარებული მოდერნიზაცია (აეროდინამიკური) წარმატებულია. გუნდი იმედოვნებს, რომ უნგრეთში კვარცხლბეკს დაუბრუნდება. თუმცა, გამარჯვებაზე ჯერ მხოლოდ გადაკვრით თუ საუბრობენ.

კოვალაინენმა საუკეთესო შედეგი სესიის მიწურულს დააფიქსირა. მანამდე კი ყველაზე სწრაფი ”უილიამსის” გერმანელი პილოტი ნიკო როსბერგი იყო. სხვათა შორის, არაა გამორიცხული, რომ მომდევნო სეზონში, ”მაკლარენში” ფინელის მონოპოსტი სწორედ როსბერგმა დაიკავოს. თუმცა ამაზე ჯერ ლაპარაკი მაინც ნაადრევია, რადგან ”მაკლარენი” მოლაპარაკებას ამ ეტაპზე ორივე პილოტთან აწარმოებს.

მესამე შედეგი კი მსოფლიოს ჩემპიონ ლუის ჰამილტონს ჰქონდა. ”ამ ორი წლის განმავლობაში, მე და ჰეიკი კვარცხლბეკზე არაერთხელ ავსულვართ, მაგრამ თუ ამას ამ უქმეებზეც შევძლებთ, ეს გამარჯვების ტოლფასი იქნება”, - ამბობს.

ჯერჯერობით, ჩრდილში იმყოფება სებასტიან ფეტელი, ვინც სესიის ბოლოს საბურავების გადახურებას უჩიოდა. არადა, მისმა თანაგუნდელმა მარკ უებერმა, ვინც ”რედ ბულთან” კონტრაქტი გუშინ გააგრძელა, მეოთხე შედეგი დააფიქსირა. აქვე უნდა ითქვას, რომ პირველ სესიაზე პილოტების უმეტესობა უფრო ხისტ საბურავებს იყენებდა. ამიტომ, მეორე სესიაზე შედეგების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა მოსალოდნელი.

პირველი თავისუფალი პრაქტიკის შედეგები

პილოტი,ქვეყანა და გუნდი დრო

1. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი,მაკლარენ-მერსედესი) 1:22.278

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:22.337

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:22.554

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო) 1:22.615

5. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:22.619

6. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:22.705

7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:22.796

8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:22.855

9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:23.001

10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ-მერსედესი) 1:23.130

11. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:23.146

12. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:23.154

13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ-მერსედესი) 1:23.209

14. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:23.234

15. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:23.283

16. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:23.484

17. ნელსინიუ პიკე (ბრაზილია, რენო) 1:23.678

18. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:23.845

19. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო-ფერარი) 1:23.998

20. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი,ტორო როსო-ფერარი) 1:24.228