ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, March 21, 2010

მსუბუქი მანქანა უებერისთვის

'Lighter' Red Bull awaits Webber for Melbourne

21 მარტი

მარკ უებერი ავსტრალიის დიდ პრიზზე შემსუბუქებული ბოლიდით იასპარეზებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თავად განუცხადა. ავსტრალიელის თქმით, ბაჰრეინული რბოლის შემდეგ (რომელზეც მან მერვე ადგილი დაიკავა), მისმა ინჟინრებმა მანქანის შემსუბუქების რესურსი გამოძებნეს.

”ჩემს მექანიკოსებთან საუბარი მქონდა და მათ მითხრეს, რომ ავსტრალიაში განახლებული მანქანა მეყოლება. ის იმაზე უფრო მსუბუქია და იმედია, მისი საშუალებით, უკეთესი შედეგები მექნება”, - ამბობს უებერი, ვინც ბაჰრეინის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც, რბოლა უკანა რიგებიდან დაიწყო და საბოლოოდ, მხოლოდ ოთხ ქულას დასჯერდა.

ავსტრალიელი პილოტი მიესალმება იმ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, მომავალი სეზონიდან, კვალიფიკაციაზე 107-პროცენტიანი წესი ამოქმედდება. ეს კი ნიშნავს, რომ ის პილოტები, რომლებიც პოულის მფლობელის მიერ ნაჩვენები დროის 107 პროცენტში ვერ ჩაეტევიან, მათ რბოლაზე გამოსვლის უფლება არ მიეცემათ.

”ჩემი აზრით, ეს კარგი წესია, რომელიც გუნდებს განვითარების დამატებით სტიმულს მისცემს და რაც მთავარია, რბოლაში მეტისმეტად ნელ მანქანებს არ დაუშვებს, რომლებიც სწრაფებისთვის ხელის შეშლის მეტს ვერაფერს აკეთებენ”, - ამბობს უებერი.

ცნობისათვის, გაჰრეინში რომ ეს წესი ძალაში ყოფილიყო, რბოლაზე ”ისპანიას” არცერთი წევრი არ დაიშვებოდა, რომლებმაც პოულის მომგებ ფეტელთან 8 წამზე მეტი წააგეს.

როსბერგი მელბურნში ”მერსედესის” კვარცხლბეკს ელის

Rosberg expects one Mercedes on Melbourne podium

21 მარტი

გერმანელი ნიკო როსბერგი თვლის, რომ მელბურნის ტრასა ”მერსედესის” მანქანებს მეტად შეეფერება, ვიდრე ბაჰრეინისა, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ გუნდის ორივე პილოტს ერთდროულად კვარცხლბეკზე ასვლა მაინც გაუჭირდება.

ბაჰრეინში 24 წლის როსბერგი ტავის გამოცდილ პარტნიორ მიხაელ შუმახერზე სწრაფი იყო და რბოლა მეხუთე ადგილზე დაასრულა. რაც მთავარია, მან შუმახერს აჯობა, რამაც ძლიერ გაახარა. თუმცა, ისიც იცის, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონისთვის, ეს დაბრუნების შემდეგ პირველი რბოლა იყო და რომ ის რბოლიდან რბოლამდე სულ უფრო სწრაფი გახდება.

”მელბურნის ტრასა ჩვენს მანქანას უკეთ შეესაბამება, ვიდრე ბაჰრეინისა. ავსტრალიაში ჩვენ კვარცხლბეკისთვის ვიბრძოლებთ. არ მგონია, კვარცხლბეკზე ასვლა ორივემ შეძლოს, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენში ერთ-ერთი იქ აუცილებლად იქნება”, - ამბობს როსბერგი და დასძენს:

”ძალიან მიხარია, რომ ბაჰრეინის რბოლა მიხაელზე წინ დავასრულე. ჩვენი დუელი თანდათან უფრო გაძნელდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის მთავარია, რომ შენს თანაგუნდელს ვაჯობო, რადგან ის ზუსტად ისეთივე მანქანით ასპარეზობს, როგორითაც მე. ამიტო, შეფასების უპირველესი კრიტერიუმი სწორედ თანაგუნდელთან შედარებაა”.

ჰამილტონი: ”რედ ბული” არანორმალურად სწრაფია

Red Bull are ridiculously fast, says Hamilton (Reuters)

21 მარტი

არაა გამორიცხული, რომ რამდენიმე დღეში, მარკ უებერი გახდეს პირველი ავსტრალიელი მრბოლი, ვინც ავსტრალიის დიდ პრიზს მოიგებს. ყოველ შემთხვევაში, ”მაკლარენის” ლუის ჰამილტონი აცხადებს, რომ უებერი და მისი გერმანელი თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი უსწრაფესი ავტომობილებით ასპარეზობენ.

”დღეისათვის, ჩემპიონატში მონაწილეთაგან ყველაზე სწრაფი მანქანა ”რედ ბულს” აქვს. ისინი არანორმალურად სწრაფები არიან. ეს ნამდვილი სიგიჟეა. მათ შარშანდელ მანქანას, ჩვენსასთან შედარებით, გზასთან ორჯერ უკეთესი ჩაჭიდება ჰქონდა. სეზონის მიწურულსაც, მათი მანქანის აეროდინამიკა ჩვენსაზე გაცილებით უკეთესი იყო. თუმცა ჩვენ მაინც შევძელით რბოლების მოგება”, - ამბობს მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი.

მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპის, ბაჰრეინის დიდი პრიზის კვალიფიკაცია ფეტელმა დამაჯერებლად მოიგო. მან წამზე მეტით აჯობა ჰამილტონს და რბოლაშიც, სანამ მისი მანქანის ძრავს სანთელი დაუზიანდებოდა, სოლიდური უპირატესობით იგებდა. საბოლოოდ, პრობლემის გამო, ფეტელის მანქანა შენელდა და მან რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა, ჰამილტონმა კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლა შესძლო. რაც შეეხება უებერს, მან კვალიფიკაციის დასკვნით მომენტში შეცდომა დაუშვა, რის გამოც, რბოლა მერვე ადგილზე დაასრულა. მაგრამ ჰამილტონი თვლის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მელბურნში აშკარა ფავორიტი ისევ ”რედ ბული” იქნება.

”მათ ორივეს” უსწრაფესი მანქანები აქვთ. მათ შეუძლიათ, რომ საბოლოო ჯამში, ყველა დანარჩენები ძალიან შორს ჩამოგვიტოვონ. ბაჰრეინში ალონსოც ძალიან სწრაფი იყო. ”ფერარი” ”რედ ბულტან ყველაზე ახლოსაა, მაგრამ ეს ცოტა პირველ რბოლაში დაახლოებით ნახევარი წამი იყო. რაც შეგვეხება ჩვენ, მიმაჩნია, რომ დაახლოებით, ”მერსედესის” დონეზე ვართ. შესაძლოა, ბაჰრეინში ჩვენ უკეთ ვიმუშავეთ და მათ ამიტომ ვჯობდით, მაგრამ ჩვენს შორის განსხვავება ძალიან მცირეა. ახლა დრო გვიჩვენებს, ჩვენ უფრო სწრაფად დავეწევით ლიდერებს, თუ ისინი. სხვა მხრივ კი, ”რედ ბული” უსწრაფესი კია, მაგრამ ჩვენ მათი დამარცხება მანქანის საიმედოობის ხარჯზე შეგვიძლია”, - დასძენს ჰამილტონი.

ბრიტანელი პილოტი დარწმუნებულია, რომ ბაჰრეინისგან განსხვავებით, მელბურნში უფრო საინტერესო რბოლას ვნახავთ.

დენისის აზრით, ფეტელს სხვა პრობლემა ჰქონდა

Ron Dennis

21 მარტი

”მაკლარენის” შეფი რონ დენისი დარწმუნებულია, რომ ბაჰრეინის რბოლის დროს, სებასტიან ფეტელს სიჩქარე ძრავის გაუმართაობის გამო არ დაუგდია. მას მისჩნია, რომ ”რედ ბულის” სარბოლ ავტომობილ RB6-ს მცირე მოცულობის საწვავის ავზი აქვს, ”რენოს” ძრავი კი არც ისე ეკონომიურია, როგორც ადრე მიაჩნდათ. ასე რომ, დენისის აზრით, შუა რბოლაში გერმანელ პილოტს საწვავის ხარჯის პრობლემა ჰქონდა და შანსი იმისა, რომ ის ფინიშს ვერ მიაღწევდა, საკმაოდ დიდი იყო.

ამის გამო, იმისათვის, რომ საწვავის ხარჯი შეემცირებინათ, გუნდის ინჟინრებმა ძრავი მუშაობის ეკონომიურ რეჟიმზე გადაიყვანეს, რამაც მანქანის სიჩქარეზე უარყოფითად იმოქმედა. ყოველივეს შედეგი კი ის იყო, რომ ამის შემდეგ, ფეტელს უახლოესი მდევრები წრეზე 3 და მეტ წამსაც კი უგებდნენ.

დენისი კარგად იცნობს ”რედ ბულ რეისინგის” მთავარ ინჟინერსა და ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის, რომელმაც მის გუნდში რამდენიმე სეზონი გაატარა და ”მაკლარენს” და მის ფინელ პილოტ მიკა ჰაკინენს ორი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

”ჩემი აზრით, ”რედ ბულის” პრობლემა მანქანის შექმნისას, მისი კონსტრუქციის შემუშავების დროს დაშვებულ შეცდომებშია. მანქანას ან მეტისმეტად პატარა ავზი აქვს, ან მისი ძრავი მოსალოდნელზე მეტად ხარჯიანია”, - კიოლნურ გაზეთ ”ექსპრესთან” საუბრისას განაცხადა დენისმა.

სხვათა შორის, სეზონის დაწყებამდე ყველა ლაპარაკობდა იმაზე, რომ ”რენოს” (სწორედ მის ძრავებს იყენებს რედ ბული) ყველაზე ეკონომიური ძრავები აქვს. არაა გამორიცხული, რომ ამ ვარაუდს საფუძველი არ ჰქონდა. თუმცა, უფრო სარწმუნოდ ჩანს ის ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, ფეტელის სარბოლმა ინჟინერმა გიომ როკელენმა შეცდომა დაუშვა, როდესაც რბოლისთვის საჭირო საწვავის რაოდენობა გათვალა.

ამ ვარაუდის სასარგებლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ რბოლის მიწურულს, ფეტელმა სიჩქარე გაზარდა. შესაძლოა, ეს იმის გამო მოხდა, რომ საწვავის დეფიციტის პრობლემა იმ მომენტისთვის ამოიწურა და ინჟინრებმა ფეტელის მანქანის მუშაობის რეჟიმი ისევ შეცვალეს. სწორედ ამის გამო იყო, რომ მას ნიკო როსბერგი ვეღარ დაეწია.

Saturday, March 20, 2010

”ფერარის” ბორბლების ეშმაკური დისკოები

20 მარტი

ფორმულა 1-ის ახალი სეზონის წინ, აეროდინამიკური ეშმაკობა მარტო ”მაკლარენის” ინჟინრებმა როდი მოიგონეს. მათზე არანაკლები გამომგონებლობა ”ფერარის” ინჟინრებმაც გამოავლინეს, რომლებმაც თავიანთი ბოლოდისთვის ისეთი რამ მოიგონეს, რომელსაც მეტოქეები ამ სეზონის ბოლომდე ვერ გადაიღებენ.

საქმე მანქანის ბორბლებს ეხება, რომლებზეც ამ სეზონიდან, აეროდინამიკური ხუფების გამოყენება დაუშვებელია. თითქოს, გასაუმჯობესებელი აღარაფერი იყო, მაგრამ მარანელოში სხვაგვარად გადაწყვიტეს და თანაც, თავიანთ მიგნებაზე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციისგან (FIA) ოფიციალური ნებართვაც მიიღეს.

ბორბლის დისკოების გარე ნაწილში იტალიელებმა ორი დამატებითი რგოლი ჩაამატეს, რომლებიც ფაქტობრივად, აეროდინამიკური ელემენტების როლს ასრულებენ. ეს კვანძი მოსახსნელია და იმავე მასალისგან დამზადებული, რომლისგანაც თვითონ ბორბლის დისკო. ამგვარად, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნას ის სრულად შეესაბამება.

რამდენადაც, დისკოები FIA-ში სპეციალურ ჰომოლოგაციის პროცესს გადიან, სეზონის მსვლელობისას, მათი კონსტრუქციის შეცვლა დაუშვებელია. ეს კი ნიშნავს, რომ მეტოქეები მსგავსი მიგნების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენებას ვერ შეძლებენ. რამდენად ეფექტურია ასეთი ბორბლები, ამაზე ზედაპირულად საუბარი შეუძლებელია. თუმცა იმის დანამდვილებით თქმა კი შეიძლება, რომ რახან მარანელოში მისი გამოყენება გადაწყვიტეს, ესე იგი, ასეთ ბორბლებს თუნდაც მცირე უპირატესობის მოტანა შეუძლია.

მართალია, FIA მუდმივად ცდილობს სარბოლი ავტომობილების კონსტრუქციის გამარტივებას და ამგვარად, გუნდების ბიუჯეტების შემცირებას, მაგრამ ფორმულა 1-ის ინჟინრებს მაინც ყოფნით გამჭრიახობა იმისათვის, რომ არცთუ იშვიათად, ახალი მიგნებებით გაგვაკვირვონ და რაც მთავარია, თავიანთ პილოტებს სტარტზე გასვლამდე, თუნდაც მცირე უპირატესობის მოპოვებაში შეაშველონ ხელი.

”რენოს” ძრავის მოდერნიზების უფლება მისცეს

Renault allowed to make engine changes

20 მარტი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) გადაწყვეტილებით, ”რენოს” ძრავის მოდერნიზების უფლება მიეცა. ოღონდ, ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ ელემენტებს, რომლებიც ძრავის წარმოების გაიაფებას და საიმედოობის გაუმჯობესებას გამოიწვევს. ამასთან, ფრანგულ კომპანიას უარი უთხრეს იმ ცვლილებებზე, რომლებსაც შეიძლებოდა ძრავის გაძლიერება გამოეწვია.

ფრანგულმა კომპანიამ ფედერაციას ძრავის მოდერნიზების თხოვნით ჯერ კიდევ გასული სეზონის მიწურულს მიმართა, მაგრამ მაშინ გადაწყდა, რომ შეთანხმებისთვის გუნდებს უნდა მიეღწიათ. თან, მთავარი მოთხოვნა ის იყო, რომ სხვა კომპანიებს თავიანთი ძლიერი ძრავები შეესუსტებინათ და არა პირიქით.

მაშინ შეთანხმება ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც ”რენომ” სხვა ხერხს მიმართა და თავისი მოთხოვნა სხვაგვარად ჩამოაყალიბა. კერძოდ, მოდერნიზების მიზნად ძრავის საიმედოობის გაუმჯობესება და გაიაფება დასახელდა, რამაც მაშინვე გაჭრა. რა თქმა უნდა, ეჭვიც არავის ეპარება იმაში, რომ ფრანგული კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მისმა ძრავმა საჭირო ცხენის ძალები მიიღოს.

სხვათა შორის, ”რენომ” ფედერაციას წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ძრავს რა ტიპის მოდერნიზაციას ჩაუტარებს. ამასთან, კომისიამ ზოგიერთი პუნქტი დაიწუნა, რომლებსაც, ექსპერტების აზრით, ძრავის გაძლიერება შეუძლია.

მას შემდეგ, რაც ძრავს მოდერნიზაცია ჩაუტარდება, მას გამოსაცდელად FIA-ს კომისიას გადაეცემა, რომელიც ტესტირებას ჩაუტარებს. დადგენილი პროცედურის გავლის შემდეგ კი, ”რენოს” და ”რედ ბულს” ახალი ძრავის გამოყენების უფლება მიეცემათ.

დიფუზორების ზომები შეიზღუდება

FIA closes rear diffuser loophole

20 მარტი

მაკლარენის უკანა დიფუზორი

ბაჰრეინის დიდი პრიზის შემდეგ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ტექნიკური (FIA) კომისიის ექსპერტები ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და მათთან ერთად, სარბოლი მანქანების უკანა ნაწილების აეროდინამიკის კონსტრუქციის თავისებურებანი განიხილეს. თათბირზე დადგინდა, რომ ეგრეთ წოდებული გარე სტარტერისთვის (ადგილი, საიდანაც, საჭიროების შემთხვევაში, ძრავის გარედან, სპეციალური მოწყობილობით ამუშავება ხდება), ზოგიერთი მანქანის დიფუზორში საჭიროზე დიდი ზომის ხვრელია დატოვებული, რაც შესაძლოა, დიფუზორის ეფექტურობას აუმჯობესებს.

ბრიტანულ ჟურნალ ”ავტოსპორტის” ცნობით, გუნდებს დაევალათ, რომ მათ გადახედონ აღნიშნული კვანძის კონსტრუქციას. მართალია, სეზონის პირველი ეტაპის შედეგების გადახედვა აღარ მოხდება, მაგრამ რამდენიმე გუნდს (მაკლარენს, მერსედესს, რენოს და ფორს ინდიას) ავსტრალიის დიდ პრიზზე შეცვლილი დიფუზორების გამოყენება მოუწევთ.

ტექნიკურ რეგლამენტში გარე სტარტერთან დაკავშირებული ერთადერთი შეზღუდვაა, რომელშიც მითითებულია, რომ შესაძლებელია სტარტერთან ”მინიმალური საშუალებით” დაკავშირება. ეს მინიმალური საშუალება კი ლილვია, რომელიც გარე სტარტერს უკავშირდება. დროთა განმავლობაში, ღრიჭო, რომლითაც გარე ლილვით სტარტერს უკავშირდებიან, გაიზარდა. ასევე გაიზარდა იმ სეგმენტის ფართობი, რომელშიც ეს ღრიჭო მდებარეობს. შესაბამისად, ეს სეგმენტი დიფუზორის ნაწილი გახდა. პირველმა ეს სეგმენტი დიფუზორის ნაწილად შარშან ”ბრაუნმა” აქცია, რომელმაც ამით სოლიდური ხეირი მიიღო.

ამჟამად ზოგიერთი გუნდის მანქანაზე აღნიშნული სეგმენტი იმდენად დიდია, რომ ის სრულფასოვანი აეროდინამიკური ელემენტის როლს ასრულებს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს უკანა ბორბლების გზის საფართან ჩაჭიდებას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ინტენსიური დამუხრუჭების დროსაა, როდესაც, მანქანის უკანა ნაწილი მსუბუქდება აეროდინამიკაც არც ისე ეფექტური ხდება.

ბაჰრეინული რბოლის შემდეგ, FIA-მ რეგლამენტის დაზუსტებული ვარიანტი გამოაქვეყნა, რომლითაც, გარე სტარტერისთვის გამოყოფილი ღრიჭოს ზომები მკაცრადაა შეზღუდული. ასევე განსაზღვრულია მისი ზუსტი მდებარეობის ადგილიც.

ამგვარად, ავსტრალიური ეტაპის წინ, მანქანის კონსტრუქციის შეცვლა ოთხ გუნდს - ”მაკლარენს”, ”მერსედესს”, ”რენოს” და ”ფორს ინდიას” მოუწევს.

2011 წლის სეზონისთვის FIA ახალ გუნდებს იწვევს

FIA invites would-be new teams to apply for 2011

20 მარტი

იმ გუნდბისთვის, რომლებსაც 2011 წლის სეზონიდან ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში ჩაბმა სურთ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) განაცხადების შეტანის ბოლო ვადად 15 აპრილი დაასახელა. პარალელურად, თითოეულ განმცხადებელ გუნდს, საადმინისტრაციო გადასახადის სახით, 1000 ევროს გადახდაც მოუწევს.

როგორც ცნობილია, ახალი წესებით, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის სულ 13 გუნდი დაიშვება. ამ სეზონში მონაწილეობის განაცხადი 13 გუნდს ჰქონდა შეტანილი, მაგრამ ამერიკულმა USF1-მა ჩემპიონატისთვის მომზადება ვერ შეძლო და მისი ადგილი ვაკანტურად გამოცხადდა. მართალია, ამ ვაკანსიის შევსება სერბულ ”სტეფან GP-ს” შეეძლო, მაგრამ FIA თავისივე რეგლამენტი არ დაარღვია და სერბულ გუნდს პროცედურის სრულად დაცვა მოსთხოვა. არადა, ”სტეფან GP-მ” გასული სეზონის ბოლოს, ”ტოიოტასგან” მთელი ეკიპირება, მათ შორის, პრაქტიკულად დასრულებული ახალი ბოლიდი გამოისყიდა და იაპონური კომპანიისგან ტექნოლოგიური მხარდაჭერის პირობაც მიიღო და ამ სეზონისთვისაც მზად იყო.

გარდა იმისა, რომ დარჩენილი ვაკანსიის შევსება სურს, FIA ასევე გეგმავს ოფიციალური სარეზერვო გუნდების დასახელებას. ეს იმ შემთხვევისთვის კეთდება, თუ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის დაშვებული გუნდებიდან ერთი, ან უფრო მეტი, მომავალ სეზონში ასპარეზობას ვერ შეძლებს, ან ჩემპიონატს მისი მსვლელობისას გამოაკლდება.

იმ გუნდებს, რომლების განაცხადებსაც FIA ოფიციალურად მიიღებს, შემდგომი პროცედურების გავლა და მორიგი გადასახადის გადახდა მოუწევთ. პირველ რიგში, ფედერაციის კომოსია შეისწავლის, თუ ფინანსურად რამდენად მდგრადია განაცხადის შემტანი საჯინიბო, რამდენად გამართული სტრუქტურა და რამდენად შეესაბამება მისი ტექნიკური შესაძლებლობები ფორმულა 1-ის მოთხოვნებს. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ექნება განმცხადებელი გუნდების გამოცდილებას.

Thursday, March 18, 2010

”ფერარი” F10-ის მოდერნიზაციას შეუდგა

17 მარტი

იტალიურ ჟურნალ ”ავტოსპრინტის” ინფორმაციით, ”ფერარი” ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე შეუდგა თავისი მანქანის, F10-ის მოდრნიზებას. ჯერ კიდევ გასული სეზონის მიწურულს, იტალიურმა გუნდმა ”ტოიოტადან” გამოთვლითი ჰიდროდინამიკის ცნობილი სპეციალისტი ჯუზეპე აზოლინი გადაიბირა, რომელსაც უკანა დიფუზორის ახალი კონსტრუქციის შემუშავება დაევალა.

”ავტოსპრინტის” ვარაუდით, აზოლინი იმ სქემაზე მუშაობს, რომელიც მან ჯერ კიდევ იაპონურ გუნდში ყოფნისას შეიმუშავა. ეს სქემა ”ტოიოტას” შექმნილი ჰქონდა და ის გუნდთან და მის მთელ ეკიპირებასთან ერთად, სერბულ საჯინიბო ”სტეფან GP-ს” მიჰყიდა.

დიფუზორის გარდა, სკუდერიაში ძრავის გაგრილების სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესებაზეც მუშაობენ. აღნიშნული სისტემის არასათანადო ეფექტურობის გამო, გუნდს ბაჰრეინის რბოლის წინ, ორივე მანქანაზე ძრავის შეცვლა მოუწია. მაგრამ როგორც ჩანს, პრობლემები ამით არ ამოწურულა, რადგან რბოლის მეორე ნახევარში, იმის გამო, რომ მისი მანქანის ძრავმა გადახურებისადმი მიდრეკილება გამოავლინა, ბრაზილიელ ფელიპე მასას ძრავის მუშაობის რეჟიმების ცვლა უწევდა.

საბოლოოდ, ყველაფერი მარანელოელებისათვის იდეალურად დასრულდა - გუნდმა სეზონი დუბლით დაიწყო, მაგრამ აღნიშნულ პრობლემას სასწრაფოდ გამოსწორება სჭირდება, რადგან შემდგომი რბოლების უმეტესობა ცხელჰავიან ქვეყნებში ტარდბა.

”ძრავის გაგრილების სისტემის ეფექტურობა მანქანის აეროდინამიკაზეა დამოკიდებული. ამიტომ, მის აეროდინამიკაში გარკვეული კორექტივები სასწრაფოდაა შესატანი, რათა მსგავსი პრობლემური სიტუაციები შემდგომ რბოლებშიც არ შეგვექმნას”, - ამბობს ”ფერარის” შეფი სტეფანო დომენიკალი.

Wednesday, March 17, 2010

რედ ბულის” ბიუჯეტი იზრდება

Red Bull's £79m funding helps F1 team to chequered flag

17 მარტი

ბრიტანულმა გაზეთმა ”ლონდონ ივნინგ სტანდარდმა” ფორმულა 1-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, ეკონომიკური მდგომარეობა შეისწავლა და მიღებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. გაზეთის მონაცემებით, ავსტრიულმა კომპანია ”რედ ბულმა” თავის საჯინიბოს 2008 წლის სეზონში 79 მილიონი გირვანქა სტერლინგი ჩაურიცხა.

იმავე სეზონში, ”რედ ბულ რეისინგის” შემოსავლები 26.1%-ით გაიზარდა და ნაწილობრივ ეს ჩემპიონატის ორგანიზატორთა მიერ, საპრიზო თანხის სახით გადახდილი 24 მილიონი გირვანქა სტერლინგის ხარჯზეც მოხდა.

ფ1-ის გუნდის წარმატებები ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანიის (რედ ბულის) გაყიდვებზეც აისახა. შარშან მისი გაყიდვების ფულადმა მოცულობამ 3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს მიაღწია. ამგვარად, სასპონსორო ინვესტიციამ ავსტრიულ კომპანიას დადებითი შედეგი მოუტანა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არაა, რომ ”რედ ბული” ფორმულა 1-ის გუნდისთვის თანხებს არ იშურებს - აქ გაღებული თანხა მას წარმოების მოცულობის გაზრდაში ეხმარება.

პარალელურად, ”რედ ბულ რეისინგის” ხარჯებიც იზრდება. მაგალითად, შარშან გუნდის ხარჯებმა მისთვის სარეკორდო თანხას - 123.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიაღწია. აქედან, მანქანის შექმნასა და მოდერნიზებას, ასევე მასთან დაკავშირებულ კვლევებს 48.2 მილიონი მოხმარდა. 40 თანამშრომლით, 594-მდე გაიზარდა გუნდის. თანამშრომლების ხელფასის ფონდმა გასულ სეზონში 37.6 გირვანქა სტერლინგს მიაღწია.

”ლოტუსი” ”ზაუბერთან” და ”ტორო როსოსთან” ბრძოლას აპირებს

Lotus aim for Sauber, Toro Rosso and points (Reuters)

17 მარტი

ფორმულა 1-ის ახალი სეზონის კარგად დაიწყო დიდი პრიზების ცირკში დაბრუნბული ”ლოტუსისთვის”, რომლის ორივე პილოტმაც - ფინელმა ჰეიკი კოვალაინენმა (მე-15 ადგილი) და იტალიელმა ირნო ტრულიმ (მე-17 ადგილი) რბოლის დასრულება შეძლეს.

რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა ძალიან გაახალისა ინგლისურ-მალაიზიური საჯინიბო და მისი ტექნიკური დირექტორი მაიკ გასკოინი, რომელიც პირველი წარმატებით შეგულიანებული აცხადებს, რომ მისი გუნდის შემდეგი მიზანი ”ზაუბერთან” და ”ტორო როსოსთან” ქულებისთვის ბრძოლაა.

”შესანიშნავი სტარტი ავიღეთ. პირველი დიდი ნაბიჯი გადავდგით. ახლა შემდეგი ნაბიჯების ჯერია. ამიერიდან, ჩვენი მიზანი არამხოლოდ ახალბედებს შორის საუკეთესოს სახელის მოხვეჭა, არამედ ”ტორო როსოსთან” და ”ზაუბერთან” ქულებისთვის ბრძოლაა. ახლა ჩვენს წინ მხოლოდ ისინი არიან. პირველ რიგში, მათ უნდა დავეწიოთ და მერე უფრო მეტზეც ვიზრუნებთ”, - ამბობს გასკოინი.

ის დასძენს, რომ ბაჰრეინის რბოლამ მისი გუნდის მანქანების ერთი კარგი თვისება - გამძლეობა უკვე გამოავლინა. მართალია, კვალიფიკაციაზე ”ტორო როსოსა” და ”ზაუბერის” პილოტებთან, ”ლოტუსის” პილოტებმა 2 წამზე მეტი წააგეს, მაგრამ გასკოინს სჯერა, რომ სეზონის მეორე ნაწილში, ამ ჩამორჩენისგან არაფერი დარჩება და მისი პილოტები ქულებისთვის ბრძოლასაც შესძლებენ.

ცნობისათვის, ”ვირჯინის” და ”ისპანიას” ვერცერთმა პილოტმა ფინიშს ვერ მიაღწია. რბოლა ვერც ”ზაუბერის” პილოტებმა დაასრულეს, რომლებსაც ამაში ხელი მანქანის ჰიდრავლიკურ სისტემაში წარმოქმნილმა პრობლემებმა შეუშალა. უფრო მეტიც, კოვალაინენმა ფინიშთან ”ტორო როსოს” შვეიცარელ სებასტიან ბუემისაც კი მიასწრო.

გასკოინი ამბობს, რომ ”ლოტუსის” მანქანა ჯერ მეტისმეტად მძიმეა და რომ გუნდი მის პირველ სერიოზულ მოდერნიზებას ესპანეთის დიდი პრიზისთვის გეგმავს. მისგან განსხვავებით, ოდნავ მოკრძალებული გეგმები აქვს ”ლოტუსის” მალაიზიელ შეფ ტონი ფერნანდესს, ვინც ამბობს, რომ ჯერ მთავარი მაქსიმალურად მეტი რბოლის ფინიშთან მიღწევაა, წინსვლა კარგი იქნება, თუმცა არა მთავარი.

”მაიკსაც ვეუბნები და ყველა აქციონერსაც, რომ მთავარი ის კი არაა, რომ საქმე იმაზე სწრაფად ვაკეთოთ, ვიდრე შეგვიძლია. არამედ ის, რომ სტაბილური სტრუქტურა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც ამ სეზონში, ბევრ რამეს ისწავლის და დაგროვილ გამოცდილებას შემდგომ სეზონებში გამოიყენებს”, - ამბობს ფერნანდესი, ვისაც აზიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია ”ეარეიჟა” ეკუთვნის.

”ჩვენ აქ დიდი ხნით ვართ და არსად გვეჩქარება. მორყეული სახლის აშენებას არ ვაპირებთ, რომელიც ორ სეზონში დაგვენგრევა”, - დასძენს ფერნანდესი.

ფორმულა 1-ის ტელეაუდიტორია გაიზარდა

17 მარტი

ფორმულა 1-ის ახალი სეზონის დაწყებამ ტელემაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგან სამწლიანი პაუზის შემდეგ, დიდი პრიზების ცირკს კვლავ დაუბრუნდა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი. ესეც რომ არა, ის ფაქტი, რომ ჩემპიონატს ერთბაშად ოთხი ფავორიტი გუნდი ჰყავს, დიდ ინტერესს იწვევს.

რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ინტერესით, სეზონის დაწყებას გერმანელი ტელე მაყურებელი შეხვდა, რომელთა რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, გაორმაგდა. ფ1-ის ბრიტანელი სპეციალისტი ჯო სავარი წერს, რომ ტელეკომპანია RTL-ის არხით, ბაჰრეინის დიდ პრიზს 10.5 მილიონმა ადამიანმა უყურა. მაყურებელთა პიკურმა რაოდენობამ კი 11.5 მილიონი შეადგინა. შედარებისთვის, შარშან, სეზონის ბოლო რბოლას, რომელიც აბუ დაბიში ჩატარდა, გერმანულ არხზე მხოლოდ 5.4 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.

ფორმულა 1-ის ახალ სეზონს არანაკლები ინტერესით შეხვდნენ ესპანეთშიც - იმავე სავარის მონაცემებით, ესპანურ ტელეარხ ”ლა სექსტას” საშუალებით, ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლა დაახლოებით 5-მა მილიონმა ადამიანმა ნახა., მაყურებელთა პიკურმა რაოდენობამ კი 7 მილიონს მიაღწია.

კარლოს საინსი: ჩემი ჩემი მომავალი ”ფოლკსვაგენზეა” დამოკიდებული

17 მარტი

კარლოს საინსი მსოფლიო რალის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. ის ორჯერ (1990 და 1992 - ორივე ”ტოიოტასთან” ერთად) იყო მსოფლიო ჩემპიონი, ოთხჯერ ვიცე ჩემპიონი გახდა, წელს კი დაკარის რალი მოიგო. გარდა ამისა, ის ერთადერთი არასკანდინავიელი მრბოლია, ვინც ვისაც ფინეთის 1000 ტბის რალი აქვს მოგებული, შვედეთის რალიზე კი ოთხჯერ მეორე ადგილი დაიკავა (არასკანდინავიელებს არც შვედეთის რალი მოუგიათ). საინსმა 1997 წელს ჩემპიონთა რალი მოიგო, 1990 წელს კი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ჩემპიონი გახდა.

რალის მსოფლიო ჩემპიონატებზე მან ყველაზე მეტ (196) რბოლაში მიიღო მონაწილეობა, ყველაზე მეტი ქულა დააგროვა (1242) და ყველაზე მეტჯერ (97) ავიდა კვარცხლბეკზე. მას რალის მსოფლიო ჩემპიონტებზე სულ 26 რბოლა აქვს მოგებული. პირველი გამარჯვება 1990 წელს, აკროპოლისის რალიზე მოიპოვა, ბოლო კი - 2004 წელს, არგენტინის რალიზე.

კომპანია ”რედ ბულის” (დაკარის რალიზე ”რედ ბული” ”ფოლკსვაგენის” გუნდის, მათ შორის, საინსის ტიტულოვანი სპონსორი იყო) დახმარებით, რალის ესპანელი ლეგენდისთვის კითხვების დასმის საშუალება მოგვეცა:

დაკარის 2010 წლის რბოლის მოგების შემდეგ, გაქვთ, თუ არა იმის მოტივაცია, რომ2011 წლის დაკარის რბოლაშიც მიიღოთ მონაწილეობა?

დღეისათვის არ ვიცი, აპირების თუ არა ჩვენი გუნდი (ფოლკსვაგენი) 2011 წელს ასპარეზობას. აჟამად ASO-ს (ამორი სპორტ ორგანისატიონ - სამოყვარული სპორტის ორგანიზაცია - დაკარისა და ტურ დე ფრანსის ორგანიზატორი) გადაწყვეტილებას ველოდებით. გასარკვევია, სად ჩატარდება რბოლა და მერე გუნდი გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას. მე კი გუნდს ველოდები და აჩქარებას არ ვაპირებ. და თუ გადავწყვეტ, რომ დაკარზე კვლავაც გამოვიდე, ასე მხოლოდ იმის გამო მოვიქცევი, რომ მოტივაცია მაქვს.

რალის სხვა კლასის რბოლებში გამოსვლას ხომ არ გეგმავთ?

ესეც დაკარის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. როცა ამის დრო მოვა, გუნდი გადაწყვეტს, როგორ მოვიქცეთ.

თუ რალი არა, სხვა ტიპის რბოლებში ხომ არ ისურვებდით გამოსვლას?

ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილებისთვის მზად არ ვარ. არც ვიცი, საერთოდ ვაპირებ თუ არა რბოლებში მონაწილეობას. და ესეც მხოლოდ დაკარის ორგანიზატორებზეა დამოკიდებული.

რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა უფრო ძნელია, თუ დაკარზე?

ვფიქრობ, ისინი განსხვავდბეიან. საერთოდ, მათი შედარება ძნელია, თუმცა იმის დანამდვილებით თქმა შემიძლია, რომ ორივეს თავისებური სირთულეები აქვს.

საჰარას უდაბნოში რბოლა უფრო ძნელია, თუ სამხრეთ ამერიკაში?

მინდა ვთქვა, რომ ორივე ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ატაკამას უდაბნოში რბოლა სამხრეთამერიკულ დაკარს ძლიერ ართულებს. შეადარეთ რბოლიდან გამოთიშული ეკიპაჟების პროცენტული რაოდენობა და დარწმუნდებით, რომ მათ შორის განსხვავება თითქმის არაა. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ორივე მხარეში რბოლა სირთულით თითქმის ერთნაირია.

რალის მრბოლებიდან ვინაა თქვენი კერპი?

როცა ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან მომწონდა სტიგ ბლომქვისტი (შვედი მრბოლი 1984 წელს რალის მსოფლიო ჩემპიონი გახდა). მე მქონდა მასთან შეხვედრის და მასთან ერთად ასპარეზობის პატივი და ეს შესანიშნავი მომენტი იყო.

გაქვთ განსაკუთრებული მიზნები, რომლებისთვისაც ჯერ არ მიგიღწევიათ და რომელთა მიღწევასაც ისურვებდით?

რეალურად არაფერი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია, როდესაც ცხოვრებაში რაღაც მიზნები გაქვს. მე რაც შემეხება, არ ვიცი, რას მოვიმოქმედებ შემდეგში.

დაკარზე გამარჯვების შემდეგ, საკუთარ თავს რა კითხვას დაუსვამდით?

ვფიქრობ, ის კითხვები უკვე დამისვით, რასაც საკუთარ თავს ვკითხავდი. ძალიან ვწუხვარ, ზოგიერთ მათგანზე გარკვეული პასუხი ვერ გაგეცით, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდბეული, რადგან ამ ეტაპზე, მხოლოდ ”ფოლკსვაგენის” გადაწყვეტილების მოლოდინში ვარ.

Tuesday, March 16, 2010

ბაჰრეინში ”ფერარიმ” ორივე მანქანას ძრავი შეუცვალა

Ferrari also changes Alonso's engine

16 მარტი

ახალი სეზონის დასაწყისში მოპოვებული ორმაგი გამარჯვების მიუხედავად, ბაჰრეინის დიდ პრიზს ”ფერარისთვის” უხინჯოდა მაინც არ ჩაუვლია. საქმე ისაა, რომ რბოლის დაწყებამდე, იტალიურ საჯინიბოს ორივე მანაქანზე ძრავის შეცვლამ მოუწია.

როგორც ცნობილია, ჩემპიონატის მსვლელობისას, გუნდებს თითო მანქანაზე მხოლოდ 8 ძრავის გამოყენების უფლება აქვს. მარანელოელებმა კი ამ ლიმიტის ამოწურვა უკვე დაიწყეს. თუმცა, მათს პრეს რელიზში წერია, რომ შეცვლილ ძრავებს შემდეგი რბოლების თავისუფალი პრაქტიკების დროს გამოიყენებენ, რითაც სხვა ძრავების რესურსს გაუფრთხილდეიან.

ფელიპე მასას ბოლიდზე ძრავის გამოცვლა კვალიფიკაციის შემდეგ გადაწყდა, რადგან ტელემეტრიამ აგრეგატის ზოგიერთი პარამეტრის დარღვევა დააფიქსირა. გუნდმა ამ ძრავით რბოლაზე გასვლა არ გარისკა და კვირას, როგორც კი ბოქსები გაიხსნა, მაშინვე ბრაზილიელის ბოლიდზე ძრავის შეცვლას შეუდგა. შემდეგ კი გადაწყდა, რომ ძრავი ფერნანდო ალონსოს მანქანაზეც შეცვლილიყო.

”სიფრთხილე ზედმეტი არასდროსაა. განსაკუთრებით კი სეზონის პირველი რბოლის წინ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ძრავი ორივე ბოლიდზე შეგვეცვალა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მოთელვის დროს, ტელემეტრიამ ძრავის მუშაობაში, ზოგიერთი პარამეტრის გადახრა დააფიქსირა”, - ნათქვამია ”ფერარის” მიერ გამოქვეყნებულ რელიზში.

Sunday, March 14, 2010

ფეტელმა წააგო, მაგრამ ყველა მოხიბლული დატოვა

Vettel loses out but wins more admirers

14 მარტი

რბოლის დასაწყისში ფეტელმა ყველა მდევარი კარგა შორს ჩამოიტოვა, მაგრამ...

........................................................................................

სებასტიან ფეტელმა ბაჰრეინის დიდი პრიზი შესანიშნავად დაიწყო და კარგა ხანს, რბოლას დამაჯერებლად ლიდერობდა, მაგრამ 33-ე წრეზე მისი მანქანის ძრავზე სანთელი გამოვიდა მწყობრიდან, რამაც გერმანელს სიჩქარე დააკარგვინა. მართალია, დარჩენილ წრეებზე ის მეტოქეებთან შედარებით, დაბალ ტემპში მოძრაობდა, მაგრამ მეოთხე ადგილის დაკავება მაინც შეძლო და ბევრის ქებაც დაიმსახურა.

”ძალიან საწყენია. რბოლას სრულად ვაკონტროლებდი. სტრატეგიაც სწორად გვქონდა დაგეგმილი. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ტრასის ყველა წერტილს ისე გავდიოდი, რომ საბურავებს და მუხრუჭებს გავფრთხილებოდი. მერე კი ვიგრძენი, რომ რაღაც მექანიკური დაზიანდა. იღბლად, რბოლის გაგრძელება შევძელი და ფინიშთან მეოთხე მივედი. არადა, მოგება შემეძლო”, - ნარბოლევს სწუხდა ფეტელი.

თავიდან გუნდს ეჭვი ჰქონდა, რომ გერმანელი პილოტის ბოლიდის სიმძლავრის დაკარგვა გამოსაბოლქვი სისტემის დაზიანებამ გამოიწვია, მაგრამ უფრო დაკვირვებით ჩატარებულმა გასინჯვამ გამოავლინა, რომ პრობლემის მიზეზი სანთლის დაზიანება გახდა.

”სებასტიანმა შესანიშნავად იასპარეზა. ავტო რბოლებში ასეთი რამ ხდება ხოლმე. მთავარი, რაც მის გამოსვლაში მომეწონა, ის იყო, თუ როგორ აკონტროლებდა რბოლას სტარტიდან იმ საბედისწერო მომენტამდე. ბოლო წრეებზე კი, მიუხედავად იმისა, რომ მის მანქანას სიმძლავრე აშკარად აკლდა, თავგამოდებით იბრძოლა, რომ პოზიცია შეენარჩუნებინა. და მან ეს შეძლო. წინ გრძელი სეზონია. ამჯერად არ გაგვიმართლა, მაგრამ ჩემპიონატი ამით არ მთავრდება, 18 რბოლა გასავლელი გვაქვს”, - განაცხადა ”რედ ბულ რეისინგის” შეფმა ქრისტიან ჰორნერმა.

ფეტელისთვის ქება არც ფორმულა 1-ის გუნდის ყოფილმა მფლობელმა, ირლანდიელმა ედი ჯორდანმა დაიშურა, ვის გუნდშიც, 19 წლის წინ, დიდი პრიზების ცირკში მიხაელ შუმახერის დებიუტი შედგა: ”ვფიქრობ, ფეტელი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ჩემი აზრით, ის მეოთხე ადგილზე გაცილებით მეტს იმსახურებდა”.