ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, February 5, 2011

„მაკლარენი“ რადიატორების U-ფორმის ჰაერის ამღებებს განმარტავს

McLaren explains U-shaped sidepods

5 თებერვალი

შეიძლება ითქვას, რომ ფორმულა 1-ის ახალი სეზონი უკვე დაწყებულია. გუნდების უმეტესობამ, თავიანთი ახალი მანქანები უკვე წარმოადგინა და მათი ტესტირებაც მოასწრო. მათ შორის ყველაზე მეტი აჟიოტაჟი კი, „მაკლარენის“ პრეზენტაციას მოჰყვა, რომლის დროსაც, ყველაზე რადიკალური და აგრესიული აეროდინამიკის მქონე ავტომობილი ვიხილეთ. საყოველთაო განხილვის საგანი კი უცნაური ფორმის მქონე, რადიატორების U-ფორმის ჰაერის ამღებები გახდა.

ჯერ ვერავინ იტყვის, რამდენად მომგებიანია ამ ფორმის კონსტრუქცია. თუმცა ეჭვიც არ უნდა შევიტანოთ იმაში, რომ ძლიერმა გუნდებმა უკვე დაიწყეს ანალოგიური ელემენტის მასშტაბური მოდელების შექმნა, რათა ისინი აეროდინამიკურ მილში შეამოწმონ და დარწმუნდნენ მის ეფექტურობაში. მაგრამ ფაქტია, რომ სეზონის დასაწყისში, მსგავსი ელემენტი მხოლოდ „მაკლარენის“ ბოლიდებზე იქნება. უბრალოდ, ანალოგიური დეტალების დასამზადებლად, დიდი დრო და არსებული მანქანების კონსტრუქციების მნიშვნელოვანი შეცვლა იქნება საჭირო...

„მაკლარენის“ ტექნიკური დირექტორი პადი ლოუ კი თავისი გუნდის სიახლეს შემდეგნაირად განმარტავს: იმის გამო, რომ აიკრძალა ორმაგი დიფუზორის გამოყენება, მანქანის უკანა ნაწილს, გზასთან ჩაჭიდება შეუმცირდა. ამ დანაკარგის ანაზღაურებას კი რადიკალური ზომების მიღება დასჭირდა. საჭირო გახდა უკანა ფრთის დაბლა ზონაში, ჰაერის მოწესრიგებული ნაკადის მიწოდება. ამ ნაკადის შექმნას კი სწორედ რადიატორის კორპუსსა და კოკპიტს შორის შექმნილი ერთგვარი არხი უზრუნველყოფს. ჰაერის აქ წარმოქმნილი ნაკადის მოწესრიგებას ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ მანქანის ბაზა დაგრძელებულია (ეს იმის შედეგია, რომ საჭირო გახდა ბაზაში სისტემა კერს-ის მოთავსება).

სხვათა შორის, ორმაგი დიფუზორის აკრძალვის შემდეგ, თითქმის ყველა გუნდმა, მანქანის უკანა ნაწილი, სადაც უკანა საკიდარის ბერკეტები მდებარეობს, ძლიერ მოაშიშვლა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ მანქანის ამ ნაწილში, ჰაერის რაც შეიძლება ძლიერმა ნაკადმა იმოძრაოს.

„მაკლარენის“ საინჟინრო შტაბის შეფი ტიმ გოსი კი ამბობს, რომ მანქანის უკანა ნაწილის აეროდინამიკის დახვეწის გარდა, გუნდის მიზანს „პირელის“ საბურავებთან შეგუება წარმოადგენს. მისი თქმით, ახალი საბურავი თავის ხარისხს მაქსიმუმ 10 წრის განმავლობაში ინარჩუნებს. ინჟინრების მიზანი კი ისაა, რომ შექმნან ისეთი საკიდარი, რომელიც საბურავის ხარისხის, რაც შეიძლება, დიდი ხნით შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

ამასთან, გოსი გასძენს, რომ უკვე დადგენილია მანქანის ის ადგილები, რომელთა სეზონის მსვლელობისას მოდიფიცირებაც, მანქანას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. თუმცა, ყველაზე მთავარი ამოცანა ისაა, რომ სეზონის დასაწყისში, მანქანა მაქსიმალურად გამძლე და საიმედო იყოს...

Friday, February 4, 2011

„მაკლარენ MP4-26“ - ყველაზე რადიკალური სარბოლი ჭურვი

McLaren MP4-26 launch

4 თებერვალი

როგორც იქნა, თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი „მაკლარენმაც“ გვიჩვენა და ისე ჩანს, ეს ყველაზე რადიკალური ბოლიდია მათ შორის, რომლებიც ახალ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ორიგინალური მანქანისთვის, გუნდის ხელმძღვანელობამ ასევე ორიგინალური პრეზენტაცია მოაწყო, მისთვის კი ბერლინის ცენტრი, პოტსდამის მოედანი შეარჩია.

მარცხნიდან: ჰამილტონი, უიტმარში და ბატონი

..............................

შეიძლება უცნაურად ჩანს ის, რომ ბრიტანულმა გუნდმა თავისი მანქანის პრეზენტაციისთვის ბერლინი შეარჩია, მაგრამ ეს მისი სპონსორის, სატელეკომუნიკაციო გიგანტ „ვოდაფონის“ მოთხოვნით მოხდა. თავად არდგენის ცერემონია კი ისეთივე ორიგინალური გამოვიდა, როგორიც მანქანაა: „მაკლარენის“ მექანიკსებმა მოედანზე მანქანის შასის პლასტიკური ბუტაფორია მიიტანეს, რომელზეც თანდათან ამაგრებდნენ იმ დეტალებს, რომლებიც პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს მიჰქონდათ. ბოლო ორი დეტალი კი მისთვის გუნდის პილოტებმა - ლუის ჰამილტონმა და ჯენსონ ბატონმა მიიტანეს.

ახალი მანქანა რამდენიმე საინტერესო კონცეპტუალური გადაწყვეტით გამოირჩევა. მათ შორისაა არც ისე მაღლა აწეული, გრძელი და ბრტყელი ცხვირი, ძრავის სეგმენტირებული ჰაერის ამღები, რთული ფორმის წინა ანტი ფრთები და ყველაზე მთავარი - L-ის (ზოგი მას U-ს ადარებს) ფორმის მქონე რადიატორების ჰაერის ამღებები.

სხვათა შორის, „რედ ბულ რეისინგის“ ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ, ვინც ერთ დროს საჩემპიონო მანქანებს „უილიამსისა“ და „მაკლარენისთვის“ ქმნიდა, თავისი ახალი ქმნილების პრეზენტაციზე გამოთქვა აზრი, რომ ინგლისური გუნდი რამდენიმე რადიკალურ სიახლეს ამზადებდა და პრეზენტაცია დაგვიანებით სწორედ ამის გამო გადადო.გამოცდილ ინჟინერს ალღომ არც ამჯერად უღალატა. სხვა სათქმელია, რისი მომტანია ის რადიკალიზმი, რომლითაც „მაკლარენის“ ახალი მანქანა გამოირჩევა.

„გაფრთხილებთ, ადრე მსგავსი არაფერი გინახავთ და რასაც ნახავთ, ის ყველაფერი არაა, რაც ჩვენ ახალი სეზონისთვის მოვამზადეთ“, - ხუმრობანარევი ტონით განუცხადა დამსწრე საზოგადოებას „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა. რა თქმა უნდა, ის არ გულისხმობდა იმ ბუტაფორიას, რაც მისი გუნდის მექანიკოსებმა მოედანზე აააწყეს. გუნდის საინჟინრო შტაბის დირექტორმა ტიმ გოსმა განაცხადა, რომ დაფარულ სიახლეებს „მაკლარენი“ პირველად ხერესის ტესტებზე გასინჯავს და ზოგიერთი მათგანი ვიზუალურად ხილვადიც იქნება. ერთ-ერთი ასეთი სიახლე კი უცნაური კონსტრუქციის გამოსაბოლქვი სისტემა იქნება.

ფაქტია, რომ პირველ წინასასეზონო ტესტებზე, „მაკლარენის“ პილოტებმა საშუალედო მანქანით ივარჯიშეს. თუმცა, როგორც ორივე აღნიშნავს, ძველ მანქანაზე ახლიდან გადანერგილი ზოგიერთი სიახლე შესანიშნავად მუშაობს. ორივე პილოტი იმედოვნებს, რომ ახალი ბოლიდი მათ ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.

„ვფიქრობ, ეს ის მანქანაა, რომელიც ერთ-ერთ ჩვენგანს ტიტულს მოაპოვებინებს, ორივეს კი კონსტრუქტორთა პირველობაზე გამარჯვების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ბატონმა, ვინც ამბობს, რომ ახალი მანქანა მასზეა მორგებული. ყოველ შემთხვევაში, ის კოკპიტში თავს კომფორტულად გრძნობს. მან ისიც გიხსენა, რომ წინა სეზონის წინ, „მაკლარენში“ ბოლო მომენტში გადავიდა, რის გამოც, ძველი მანქანა მისთვის მოუხერხებელი იყო. ამჯერად კი ამ მხრივ, პრობლემა არ ექნება.

Tuesday, February 1, 2011

ტორო როსო SRT6” - ისევ მოკრძალებული მიზნები

Toro Rosso Unveil STR6 in Valencia

1 თებერვალი

ხაიმე ალგერსუარი (მარცხნივ) და სებასტიან ბუემი ტორო როსო SRT6-ს პრეზენტაციაზე

..............................

კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც თავისი ახალი ბოლიდის პრეზენტაცია ვალენსიაში ჩაატარა, ”ტორო როსოა”. იტალიურმა გუნდმა, რომელიც ”რედ ბულის” ჯგუფში შედის, მეორედ წარადგინა მის საკუთარი ძალებით შექმნილი სარბოლი ავტომობილი SRT6, რომელსაც ავსტრიული გუნდის მანქანასთან საერთო არაფერი აქვს.

ბევრი გუნდისგან განსხვავებით, ”ტორო როსოს” მანქანას შარშანაც მკვეთრად აწეული ცხვირი ჰქონდა და ბუნებრივია, ახალი მანქანაც ასეთია. და საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ის შარშანდელი მოდელისგან ბევრი არაფრით განსხვავდება. მთავარი სიახლე ამ შემთხვევაში უკანა, რეგულირებადი ანტი ფრთაა. ასევე შეცვლილია მანქანის უკანა ნაწილი მოყვანილობა - იქ ვეღარ ნახავთ ორმაგ დიფუზორს, რომელზეც ახალმა ტექნიკურმა რეგლამენტმა აკრძალვა დააწესა.

ფაენცაში (იტალია) ბაზირებულ გუნდს ამ სეზონშიც მოკრძალებული მიზნები აქვს - მისთვის მთავარი ქულების რეგულარულად მოპოვება და კონსტრუქტორთა პირველობაზე მერვე ადგილის დაკავებაა. არადა, ისევე როგორც შარშან, ახალ სეზონშიც მანქანა ”ფერარის” ძრავით, ტრანსმისიით და კერს-ით იქნება აღჭურვილი.

ისევე როგორც შარშან, ”ტორო როსოს” ბოლიდების მართვა შვეიცარელ სებასტიან ბუემის და ესპანელ ხაიმე ალგერსუარის მიანდვეს, თავისუფალ პრაქტიკებზე კი ასპარეზობის საშუალება ავსტრალიელ დანიელ რიკარდოს მიეცემა.

ამგვარად, დარჩა ოთხი გუნდი, რომლებსაც ჯერ ჩვენთვის ახალი მანქანა არ უჩვენებიათ. ესენია ”მაკლარენი”, ”ფორს ინდია”, ”ვირჯინი” და ”ისპანია რეისინგი”. ამათგან ყველაზე ცუდ დღეში ესპანური საჯინიბოა, რომელსაც ახალი ბოლიდი მზად მხოლოდ სეზონის დასაწყისში, ბაჰრეინის ტესტებისთვის ექნება.
”უილიამსმა” ახალი FW33 ფოტოებით გაგვაცნო
Williams FW33 Presented with Interim Livery
1 თებერვალი
უკვე სამი წელია, ”უილიამსი” უარს ამბობს ახალი სარბოლი მანქანის საგანგებო პრეზენტაციაზე და მის წარსადგენად, მხოლოდ ფოტოების გამოქვეყნებას სჯერდება, რის შემდეგაც, მანქანა სატესტოდ ტრასაზე გამოჰყავს. ამჯერადაც ასე მოხდა - FW33-ის ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა, შემდეგ კი, გუნდის ფერებში გამოწყობილი მანქანა, ტრასაზე ბრაზილიელმა რუბენს ბარიკელომ გაიყვანა.
ახალ მანქანაზე ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ლოგოა დატანილი, მათ შორის, ახალი სპონსორის - ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანიისაც, რომელიც გუნდის ახალ პილოტს, ვენესუელელ პასტორ მალდონადოს აფინნსებს. ამასთან, ინგლისურ რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკება ჯერაც არ დაუსრულებია.
შეიძლება ითქვას, რომ FW33 სხვა გუნდების მანქანებთან შედარებით, უფრო აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა, რაც ბარიკელოს ძალიან მოსწონს. მის აგრესიულობას უპირველესად ზევით აწეული ცხვირი განაპირობებს, რომლის ზედა სიბრტყეც რადიატორების ზედა სიბრტყეში გადადის. ამასთან ეს სიბრტყე უკანა მხარეს დაქანებულია და ძირამდეც კი დადის. რა თქმა უნდა, შეცვლილია უკანა ანტი ფრთის კონფიგურაცია - ახალი რეგლამენტი რბოლის დროს მის რეგულირების საშუალებას იძლევა...
უნდა ითქვას, რომ ამ მანქანის აეროდინამიკურ მილში ტესტირება ორი თვის წინ დაიწყო, მის მექანიკური კვანძებზე კი გუნდის ინჟინრები უკვე ერთი წელია, მუშაობენ. გასული სეზონის მსვლელობისას დადგინდა მანქანის კვანძების შეთანწყობის სქემა, ახალი გადაცემათა კოლოფების სტენდზე ტესტირება კი გუნდმა სექტემბერში დაიწყო. დაკიდევ, უკანა საკიდარი იმ პრინციპით მუშაობს, როგორითაც ”რედ ბულის” შესაბამისი კვანძი. მისი სქემა საწევარების გამოყენებას ითვალისწინებს და არა მბიძგველებისა. ასეთი მექანიზმის გამოყენება პირველმა ”რედ ბულის” ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ გარისკა, რამას მას უკეთესი აეროდინამიკური ფორმების შემუშავების საშუალება მისცა.
დაკიდევ, ”უილიამსმა” ახალი სისტემა კერს-ი შეიმუშავა, რომელიც ენერგიას მქნევარაში კი არა, აკუმულატორში აგროვებს. ამასთან, სისტემა საწვავის ავზის ქვეშ განლაგდა, რაც გუნდის ტექნიკურ დირექტორ სემ მაიკლის აზრით, ყველაზე ოპტიმალური ადგილია. კერს-ისვე გამო, მანქანა დაგრძელებულიცაა, თუმცა მაიკლი თვლის, რომ თუ ამ სისტემის გამოყენების შემდეგაც, მანქანის წონა ლიმიტში ეტევა, მაშინ წრეზე საშუალოდ 0.3 წამის მოგება შეიძლება...
”მერსედეს W02” - უკეთესის იმედი
Mercedes W02 Unveiled in Valencia
1 თებერვალი
მიხაელ შუმახერი და ნიკო როსბერგი მერსედეს W02-ის პრეზენტაციაზე
..............................

ტესტების დაწყების დღეს - 1 თებერვალს, ახალი მანქანების პეზენტაცია კიდევ ოთხმა გუნდმა ჩაატარა, რომელთაგან მედიის წინაშე ბოლოს ”მერსედეს გრანპრი” წარსდგა.
გასული სეზონის ჩაგდების შემდეგ, გუნდის შეფმა როს ბრაუნმა შარშანდელი მანქანის სრულყოფაზე მუშაობა ადრევე შეწყვიტა და გუნდის საინჟინრო შტაბი მთლიანად ახალი მანქანის შემუშავებაზე გადართო. და ბუნებრივია, სამქიმიანები შესაბამის შედეგს ელიან.
როგორც ჩანს, ”რედ ბულის” შარშანდელმა მიღწევამ, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდის ინჟინრები დაარწმუნა იმაში, რომ წარმატების მთავარი საიდუმლო, მანქანის მაღლა აწეული ცხვირია. ყოველ შემთხვევაში, წარმოდგენილ მანქანებს შორის, ჯერ დაწეული ცხვირი არცერთს არ ჰქონია.
რა ტქმა უნდა, ამ მხრივ, გამონაკლისი არც ”მერსედესის” ბოლიდია, რომელიც შარშანდელი მანქანისგან ძლიერ განსხვავდება. პირველ რიგში, მას აგრესიული გარეგნობა გამოარჩევს. თვალში საცემია ძრავის ჰაერის ამღების ფორმის ცვლილება. თუ შარშანდელ მანქანაზე ის გაყოფილი იყო, ამჯერად უფრო ტრადიციული ფორმა მისცეს. მის უკანა ნაწილში გადაიწია ვიდეოკამერების სამაგრმა.
ისევე როგორც ”რედ ბულის” ახალ მანქანაზე, ”მერსედესმაც” თავის ბოლიდს ერთი, ცენტრალური გამოსაბოლქვი გაუკეთა, რასაც ხშირად ჩასაბერ დიფუზორსაც უწოდებენ ხოლმე. სეიცვალა რადიატორების კორპუსების ფორმაც. რა თქმა უნდა, ახალია უკანა ანტი ფრთა, რომელიც რეგულირებადია. ავტომობილი სისტემა კერს-ითაა აღჭურვილი, რაც გარეგნულად მხოლოდ იმითაა შესამჩნევი, რომ გაზრდილია ძრავის მფარავი კორპუსი.
დაკიდევ, გუნდის პილოტებმა, მიხაელ შუმახერმა და ნიკო როსბერგმა ნომრები გაცვალეს - ახალი სეზონში, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი 7 ნომრით იასპარეზებს. უბრალოდ, შუმი ყოველთვის სმბობდა, რომ ლუწნიშნა რიცხვები მისთვის იღბლიანი არაა. თანაც, ნომერი 7, მისი ტიტულების რაოდენობასაც ემთხვევა...
რედ ბულ რეისინგი” ტიტულის დასაცავად მზადაა
Red Bull Racing Unveils RB7
1 თებერვალი”რედ ბულ რეისინგი” მეხუთე გუნდია, რომელმაც თავისი ახალი სარბოლი მანქანა RB7 მედიას წარუდგინა და ეს ვალენსიას რიკარდო ტორმოს სახელობის ავტოდრომზე, სამუშაო ვითარებაში გააკეთა, რის შემდეგაც, საჭეს პირველი მსოფლიოს ახალი ჩემპიონი, სებასტიან ფეტელი მიუჯდა.
ისევე როგორც სხვა გუნდების მანქანებს, ახალ RB7-საც მეტწილად ის ცვლილებები შეეხო, რომლებიც ახალი ტექნიკური რეგლამენტითაა ნაკარნახევი. გარეგნულად ეს შეცვლილ უკანა ანტი ფრთას, ოდნავ კეხიან ცხვირს და მანქანის უკანა ნაწილს დაეტყო, სადაც რადიატორების კორპუსები ძრავის კორპუსთან მაქსიმალურადაა დაახლოებული და ამგვარად, მეტი სივრცეა დატოვებული ჰაერის ნაკადის სამოძრაოდ. ამ გადაწყვეტით, გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ ორმაგი დიფუზორის გაუქმებით გამოწვეული დანაკარგების კომპენსირება სცადა.
გარდა ამისა, გამოსაბოლქვი მილები დაფარულია და ნამწვი ჰაერის გამოდევნა ცენტრალური მსხვილი სადინარით ხდება, რაც ავტომობილის უკანა ნაწილში ჰაერის მოწესრიგებული ჭავლის შექმნას და ამგვარად, უკან მომავალი მანქანისთვის წინააღმდეგობის გაზრდას უწყობს ხელს.
ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას, გუნდის შეფმა ქრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ RB7 რეკორდულად მოკლე დროში, სულ რაღაც 10 კვირაშია შემუშავებული. ეს კი, მისივე თქმით, გუნდის იჟინრების დამსახურებაა, რომლებსაც საშობაო არდადეგებიდან ადრე დაბრუნება მოუხდათ, რათა მანქანა პირველივე ტესტებისთვის მოემზადებინათ.
იმ ფაქტს, რომ RB7 ტესტების დაწყებისთანავე გამოვიდა ტრასაზე, ნიუი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი თქმით, ეს იმისთვის იყო სასურველი, რომ ახალ საბურავებთან შეგუება გაადვილებულიყო და საჭიროების შემთხვევაში, მანქანის კონსტრუქციაში ცვლილებების შესატანად, მეტი დრო ჰქონოდა.
მარცხნიდან: ქრისტიან ჰორნერი, სებასტიან ფეტელი, ედრიან ნიუი და მარკ უებერი
..............................

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ”რედ ბულ რეისინგის” პილოტებმა, გერმანელმა სებასტიან ფეტელმა და ავსტრალიელმა მარკ უებერმა 19-დან 9 რბოლა მოიგეს და 15 პოულ პოზიცია დაიკავეს. რა თქმა უნდა, ამ მიღწევების განმეორება ძნელი იქნება, თუმცა ჰორნერი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლას შეძლებს.
ფეტელმა კი განაცხადა, რომ თუ ადრე ის და მისი გუნდი ნადირობდნენ სხვებზე (ჩემპიონებზე), ახლა თავად მასზე ინადირებენ და ახალი სეზონის კამპანიას მისთვის ეს ფაქტორიც გაართულებს. მთავარი კი მისი აზრით მოტივაციაა, რომლის ნაკლებობასაც გუნდის არცერთი წევრი არ განიცდის.
პრეზენტაციაზე ცოტა ნერვიულობა ეტყობოდა ნიუის, რომელმაც უკვე მესამე გუნდისთვის (უილიამსი, მაკლარენი და რედ ბული) შექმნა საჩემპიონო მანქანები. მას განსაკუთრებით ის ფაქტი აღელვებს, რომ ”მაკლარენი” თავის ახალ მანქანას ყველაზე გვიან წარმოადგენს და შესაძლოა, მეტოქეებს მოულოდნელი სიურპრიზები შესთავაზოს, რომელთა კოპირებისთვისაც სხვა გუნდებს სეზონის დაწყებამდე დრო აღარ დარჩებათ.

Monday, January 31, 2011

”ტოიოტას” აეროდინამიკურ მილს ”უილიამსი” და ”ფერარი” იყენებდნენ
Ferrari, Williams Used Toyota Wind Tunnel
31 იანვარი
წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ”ტოიოტამ” თავისი ფ1-ის გუნდი გააუქმა, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი კიოლნური ბაზა, კერძოდ კი აეროდინამიკური მილი, მაინც მუშაობს. თავიანთი ახალი მანქანების შესამუშავებლად, ეს მილი ორმა გუნდმა გამოიყენა. ეს ორი გუნდი კი ”ფერარი” და ”უილიამსია”. უფრო მეტიც, კულუარებში მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ამ ორის მიბაძვას კიდევ ექვსი გუნდი აპირებს. თუმცა, მათი ვინაობა ჯერ არ გამჟღავნებულა.
ტოიოტას” კიოლნის ბაზას ორი აეროდინამიკური მილი აქვს. მათგან ერთს ”ფერარი” იყენებდა, მეორეს კი - ”უილიამსი”. ორივე გუნდს საკუთარი მილებიც გააჩნია, თუმცა ისინი აღიარებენ, რომ იაპონური კომპანიის ბაზა გაცილებით თანამედროვეცაა და ეფექტურიც.
თუმცა, მათს ქმედებას გამართლება აქვს: ფორმულა 1-ში ხარჯების შემცირებას ცდილობენ, რაც პერსონალის შემცირების და სამუშაოების მოკლე ვადაში შესრულების ხარჯზე უნდა მოხდეს. ამიტომ, გუნდებს ურჩევნიათ, მანქანის აეროდინამიკის სრულყოფის სამუშაოები სხვას შეუკვეთონ. ამგვარად გამოთავისუფლებულ სახსრებს ისინი სხვა საქმისთვის მოიხმარენ.
სხვათა შორის, ”ტოიოტას” კიოლნური ბაზა სხვა სამუშაოებსაც ასრულებს. კერძოდ, მის მიერ 2009 წლის სეზონისთვის შემუშავებული ბოლიდი, რომელსაც რბოლებში მონაწილეობა არ მიუღია (არადა, ბევრი სპეციალისტი აღიარებს, რომ ის ძალიან პერსპექტიული იყო და შეიძლებოდა ისეთივე წარმატებული ყოფილიყო, როგორც ყოფილი ჰონდას ბოლიდი გამოდგა), საბურავების მწარმოებელ იტალიურ კომპანია ”პირელის” გადაეცა, რომელმაც თავის რეზინს სწორედ ამ ბოლიდზე სცდიდა, სანამ გუნდებს ტესტირება ეკრძალებოდათ.
დაკიდევ, ამ ბოლიდის (TF110, ფოტოზე) სპეციფიკაციების შეძენა ”ისპანია რეისინგს” სურდა, რომელიც ამის თაობაზე ”ტოიოტასთან” მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაგრამ იაპონურმა კომპანიამ ესპანური საჯინიბო არაგადახდისუნარიანად მიიჩნია და მოლაპარაკებაც აღარ გააგრძელა.

ტოდტი ”რედ ბულის” შეფს აქებს

Jean Todt Admires Red Bull Owner for Being Sports Fanatic

31 იანვარი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტი ჟან ტოდტი აღტაცებას არ მალავს ”რედ ბულ რეისინგის” მფლობელ დიტრიხ მატეშიცის მიმართ და მას ავტოსპორტის ფანატიკოსად მოიხსენიებს. ტოდტი დიდ მიღწევად აფასებს იმ ფაქტს, რომ ”რედ ბულ რეისნიგმა”, ფორმულა 1-ში დებიუტიდან 7 წელიწადში მოახერხა ორივე ტიტულის მოპოვება.

ახლახანს ტოდტი ვენაში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც გაზეთ ”ზალცბურგერ ნახრიხტენს” ინტევიუ მისცა. საუბრისას მან განაცხადა, რომ ავტოსპორტში ბევრი არაა ისეთი ენთუზიასტი, როგორიც მატეშიცია. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ენერგეტიკული სასმელების კომპანია ”რედ ბული” ავტოსპორტის ორგანულ ნაწილად იქცა - მოტორსპორტის თითქმის ყველა დიდ სერიაში მონაწილეობს.

”მე მას დიდ პატივს ვცემ. ის სპორტის და განსაკუთრებით, მოტორ სპორტის ფანატიკოსია. როცა ის ფ1-ში გამოჩნდა, ბევრი ვერც წარმოიდგენდა, თუ ამდენს მიაღწევდა. მაგრამ მან ყველას დაუმტკიცა, რომ როცა საქმეს ენთუზიაზმით აკეთებ, ყველაფერს მიაღწევ. მას არც ენთუზიაზმი აკლია, არც მონდომება და ენერგია”, - ამბობს ტოდტი.

მატეშიცი თავად არაა ჩართული ”რედ ბულ რეისინგის” მართვის საქმეში. ეს მისია მან იმ დროისთვის ფ1-ის ყველაზე ახალგაზრდა მენეჯერ ქრისტიან ჰორნერს ჩააბარა, მრჩევლად კი გვერდში ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლი, ავსტრიელი ჰელმუტ მარკო დაიყენა. სწორედ მათი დამსახურებაა ის ფაქტი, რომ გუნდი ჩემპიონად ჩამოყალიბდა. რა თქმა უნდა, მატეშიცის დამსახურებაა, რომ ის პროფესიონალებს ბოლომდე ენდობოდა, მაშინაც კი, როდესაც ისინი შეცდომებს უშვებდნენ (რისგანაც არავინაა დაზღვეული).

საბოლოოდ, გუნდმა თითქმის შეუძლებელი შეძლო - საუკეთესოთა შორის საუკეთესოები, ”ფერარი” და ”მაკლარენი” დაამარცხა, ეს კი ჩემპიონობაზე არანაკლებ საპატიო მიღწევაა.

რა ტქმა უნდა, კორესპონდენტმა ტოდტს ახალი ჩემპიონატის პროგნოზირება სთხოვა, მაგრამ FIA-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით, ეს შეუძლებელია. ეს გასაგებიცაა - ჩემპიონატში 5 ჩემპიონი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც კონკურენტუნარიანი მანქანებით იასპარეზებენ. ესეც რომ არა, სეზონი 20 რბოლას მოიცავს.

”ფ1-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი სეზონი გველის, წესები მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, ახალია საბურავები, პირველად ჩავალთ ინდოეთში. რა ტქმა უნდა, ძალიან საინტერესო სეზონი გველის, მაგრამ რაც შეეხება ფავორიტებს, მათ შესახებ ჯერჯერობით ლაპარაკი ნაადრევად მიმაჩნია”, - განაცხადა ტოდტმა.

”ლოტუს რენოს” ახალი მანქანა - R31

Lotus Renault Unveils New R31

31 იანვარი

პოლონელი რობერტ კუბიცა და რუსი ვიტალი პეტროვი R31-ის პრეზენტაციაზე

..............................

”ლოტუს რენომ” თავისი ახალი მანქანის ფერთა გამის პრეზენტაცია ორი კვირის წინ, ბირმინგემში ჩაატარა, ვალენსიაში კი ახალი ბოლიდი - R31 წარადგინა, რომლითაც იქვე დაიწყებს ახალი სეზონისთვის მზადებას. ”ზაუბერის” მსგავსად, ინგლისურ-ფრანგული გუნდის მთავარი მიზანიც, კონსტრუქტორთა პირველობაზე, რაც შეიძლება უკეთესი ადგილის დაკავება იქნება.

რამდენადაც, ”მერსედესმა” თავისი ახალი მანქანის მხოლოდ ფოტო გამოაქვეყნა, ”ლოტუს რენო” მხოლოდ მეოთხე გუნდია, რომელმაც საზოგადოებას თავისი სიახლე უჩვენა. ისევე როგორც ”ფერარის”, ”ზაუბერის” და ”ტიმ ლოტუსის” მანქანებს, R31-საც მაღლა აწეული ცხვირი და აგრესიული გარეგნობა აქვს და ის ძველი ”ლოტუსისთვის” ტრადიციულ - შავ და ოქროსფერშია გამოწყობილი.

ავტომობილს უკან ახალი საკიდარი აქვს, დაახლოებით ისეთი, როგორიც ”ფერარის”. სხვათა შორის, ამ ტიპის საკიდარი პირველად შარშან ”რე ბულ რეისინგმა” გამოიყენა. გამოსაბოლქვი სისტემის მოლები დაფარულია, რაც შემხვედრ ჰაერს ნაკლებად აშფოთებს.

პრეზენტაციაზე გუნდმა ასევე წარადგინა თავისი ხუთი სარეზერვო პილოტი, რომელთა შორისაც არიან ბრუნო სენა და ფრანგი რომენ გროჟანი არიან. ყველა მათგანი იმედოვნებს, რომ მალე გუნდის საპრიზო პილოტად დაწინაურდებიან. სანამ ოცნება აუსრულდებათ, ამ სეზონში, თავისუფალ პრაქტიკებზე მორიგეობით მიუჯდებიან R31-ის საჭეს.

გუნდის შეფი ერიკ ბუიე ამბობს, რომ ახალ მანქანას ნაწილების 92 პროცენტი სრულიად ახალი აქვს. უფრო მეტიც, ”ლოტუს რენომ” ახალი მანქანის შემუშავების პროცესი დახვეწა, რისი წყალობითაც, ეს პროცესი ყველა ასპექტში, 15 პროცენტით უფრო ეფექტური გახდა. ეს კი იმის იმედს აძლევს, რომ მისი გუნდი ტრასაზეც და პადოკშიც კონკურენტუნარიანი იქნება.

”ზაუბერის” C30 ტესტებისთვის მზადაა

Sauber F1 Team Launches C30 Car

31 იანვარი

იაპონელი კამუი კობაიაში (მარცხნივ) და მექსიკელი სერხიო პერესი C30-ის პრეზენტაციაზე

..............................

”ტიმ ლოტუსისგან” და ”ფერარისგან” განსხვავებით, ”ზაუბერმა” თავისი ახალი სარბოლი მანქანა - C30, ვალენსიას რიკარდო ტორმის სახელობის ავტოდრომზე წარმოადგინა. პრეზენტაციაზე ითქვა, გომ გუნდის მთავარი მიზანი შარშანდელთან შედარებით წინსვლა და სტაბილურობაა, რაც მას ქულებისთვის რეგულარულად ბრძოლის საშუალებას მისცემს.

სხვა გუნდების მსგავსად, რომლებმაც უკვე ჩაატარეს ახალი ბოლიდების პრეზენტაცია, ”ზაუბერის” მანქანასაც მკვეთრად მაღლა აწეული ცხვირი აქვს. თუმცა, შვეიცარული გუნდის ბოლიდს გასულ სეზონშიც ასეთი ცხვირი ჰქონდა. თუმცა, ამ ორ მანქანას შორის განსხვავებაც ბევრია. მაგალითად, ახალზე უკანა ფრთა ერთ საყრდენზე დგას, რადიატორების კორპუსებს კი აეროდინამიკურად უფრო დახვეწილი ფორმა აქვს. ახალ მანქანაზე ასევე ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორი გამოიყენეს. რაც მთავარია, გუნდი პირველივე ეტაპიდან გამოიყენებს სისტემა კერს-ს, რომელიც მან ”ფერარისგან” შეიძინა.

”ჩვენი მიზანი, რბოლების მუდმივად ქულებით დასრულებაა, რათა კონსტრუქტორთა პირველობაზე, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. გასული სეზონი, ჩვენი კომპანიის ისტორიაში 41-ე იყო და შემიძლია ვთქვა, ერთ-ერთი ყველაზე რთული”, - ამბობს ”ზაუბერის” დამაარსებელი და მფლობელი, პეტერ ზაუბერი.

მაგრამ გამოცდილი მენეჯერი დარწმუნებულია, რომ ახალ სეზონში, მისი გუნდი უკეთესი მიზნებისთვის ბრძოლას შეძლებს: ”ადრე ჩვენს წინაშე, მანქანის გამძლეობის პრობლემა ასე მწვავედ არ მდგარა, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში, ამ პრობლემას გავუმკლავდით. გარდა ამისა, გუნდში სტრუქტურული ცვლილებებიც ჩავატარეთ, რაც მთავარია, ტექნიკურ დირექტორად ისეთი ძლიერი სპეციალისტი მოვიყვანეთ, როგორიც ჯეიმს კეია”.

თავის მხრივ, კეიმ განაცხადა, რომ C30-ის პროექტირებისას, მისი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ძველი მანქანის ყველაზე პრობლემური ელემენტები დაეხვეწათ. და ახალი მანქანის კონცეპტუალური დამუშავება სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებით მოხდა.

”ტიმ ლოტუსს” ამბიციური გეგმები აქვს

Team Lotus Unveils New T128 Car

31 იანვარი

”ტიმ ლოტუსი” მეორე გუნდია, რომელმაც საზოგადოებას თავისი ახალი სარბოლი მანქანა - T128 გააცნო, ოღონდ ეს ვალენსიაში კი არ გააკეთა, როგორც მისმა ბევრმა მეტოქემ მოგვიანებით, არამედ ინტერნეტით. მალაიზიურ-ინგლისურმა გუნდმა თავისი ახალი მანქანის ფოტოები გამოაქვეყნა და ინტერნეტით პრესკონფერენციაც გამართა.

ისევე როგორც ახალ ”ფერარის”, T128-საც მკვეთრად ზევით აწეული ცხვირი აქვს, რაც აეროდინამიკური მოთხოვნებითაა განპირობებული. ავტომობილი ”რენოს” V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ”რედ ბულ რეისინგის” წარმოების გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდა.

”ვფიქრობ, გარეგნობით, ეს მანქანა მოწინავეებს მოგაგონებთ. ჩვენი მიზანიც შესაბამისია - ამ სეზონში, ძველ გუნდებთან თანაბარ პაექრობას ვგეგმავთ და ვფიქრობ, ეს შეუძლებელი სულაც არაა. ეს უფრო თანამედროვე მანქანაა და მისი მეშვეობით, პელოტონის შუაგულში უნდა გადავინაცვლოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ჩვენი მომავალი ბოლიდების ბაზისი იქნება”, - პრეზენტაციაზე განაცხადა ”ტიმ ლოტუსის” ტექნიკურმა დირექტორმა მაიკ გასკოინმა.

სხვათა შორის, ადრე ინტერნეტით გამოითქვა ვარაუდი, რომ ახალ მანქანას ”ტიმ ლოტუსი” თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე აბრევიატურას შეურჩევდა და სახელად TL11-ს დაარქმევდა. მაგრამ ეს ინფორმაცია პრეზენტაციაზე გუნდის პატრონმა და შეფმა ტონი ფერნანდესმა უარყო.

”რატომ შევცვალოთ სახელი? ჩვენ ხომ ძველ ისტორიას ვაგრძელებთ, ჩვენ ძველი დიდების მატარებელი გუნდის ახალი დინასტია ვართ. T128-ის დებიუტი, ჩვენი გუნდის მიერ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ამასთან, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ”რენოს” და ”რედ ბულ ტექნოლოჯის” იმ დახმარებისთვის, რაც მათ ამ მანქანის შეუშავებისას გაგვიწიეს. მათი სახით, მართლა ფასდაუდებელი პარტნიორები შევიძინეთ”, - განაცხადა ფერნანდესმა.

პრეზენტაციაზევე დადასტურდა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდი ახალ სეზონს კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემის (კერს-ი) გარეშე დაიწყებს. გუნდის მთავარი აეროდინამისტის, მერიენ ჰინსონის თქმით, გუნდმა კერს-ზე შეგნებულად თქვა უარი, რადგან პრიორიტეტულად მანქანის აეროდინამიკის დახვეწა ჩაითვალა.

სხვათა შორის, კერს-ის გარეშე სეზონს ”ვირჯინი” და ”ისპანია რეისინგიც” დაიწყებენ, თუმცა ”ტიმ ლოტუსისგან” განსხვავებით, ისინი ამ სისტემის გამოყენებას არც აპირებენ, მალაიზიურ-ინგლისურმა გუნდმა კი შესაძლოა, კერს-ის გამოყენება მოგვიანებით გადაწყვიტოს.

”თუ ჩავთვლით, რომ კერს-ის დახმარებით, მერვედან მეექვსე ადგილზე ასვლას შევძლებთ, მაშინ მას აუცილებლად გამოვიყენებთ. თუმცა, ამ ეტაპზე, უმჯობესად მივიჩნიეთ, რომ სეზონი მის გარეშე დავიწყოთ. მერე კი ვინ იცის, რას გადავწყვეტთ. ერთი რამ აშკარაა, კერს-ის დასაყენებლად, გამოცდილი ხალხი დაგვჭირდება”, - ამბობს გუნდის მმართველი კიტ სონტი.

Sunday, January 30, 2011

ახალი „მერსედესის“ პირველი ფოტო

30 იანვარი

გერმანულმა „ბილდ ამ ცონტაგმა“ გაავრცელა „მერსედეს GP-ს“ ახალი ბოლიდის, W02-ის ფოტო, რომლის გამოვეყნების უფლებაც გამოცემამ გერმანული გუნდისგან მიიღო. ფოტო იმის საშუალებას არ იძლევა, რომ ახალი სარბოლი ბოლიდის დეტალების განხილვა შესაძლებელი იყოს. ფოტოზე მხოლოდ ის ნაწილებია დანომრილი, რომლებმაც ყველაზე მეტი ცვლილება განიცადა.

რა თქმა უნდა, ესაა „პირელის“ საბურავები და მკვეთრად ზევით აწეული ცხვირი, ასევე რეგულირებადი უკანა ანტი ფრთა და კერს-ის სისტემა. ეს უკანასკნელი გარედან შეუძლებელია, ჩანდეს, თუმცა სიმბოლურად ეს სიახლე ფოტოზე რადიატორზეა დატანილი. შეიცვალა ძრავის ჰაერის ამღებიც, რომელსაც კვლავ ჩვეულებრივი ფორმა აქვს.

„ჩვენი მიზანია, რომ პირველივე რბოლებიდან, კონკურენტუნარიანობის მიღწევა და ლიდერთა შორის ყოფნაა. შარშან, ტექნიკური რეგლამენტის გამო, ჩვენი ინჟინრების მიერ შემოთავაზებული რამდენიმე საინტერესო იდეის გამოყენებისგან თავის შეკავება მოგვიხდა, მაგრამ ისინი ახალ მანქანაზე დავნერგეთ. სისტემა კერს-ი ძალიან კომპაქტური და მსუბუქი გამოგვივიდა და საერთოდ, მთლიანობაში მანქანა წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ამბობს „მერსედეს GP-ს“ შეფი როს ბრაუნი და დასძენს, რომ ახალი მანქანა პირველ ტესტებს ვალენსიასა და ხერესში გაივლის, რა დროსაც ინჟინრები „პირელის“ საბურავების მახასიათებლებს გაეცნობიან და შემდეგი ტესტებისთვის, მანქანას მოდერნიზაცია სწორედ მათ საფუძველზე ჩაუტარდება.

Friday, January 28, 2011

ლუკა ტიტულს მოითხოვს

Ferrari President Demands F1 Title with F150

28 იანვარი

ახალი სარბოლი ბოლიდის, F150-ის პრეზენტაციაზე, ”ფერარის” პეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ განაცხადა, რომ ახალ სეზონში, მისი გუნდის ერთადერთი მიზანი ტიტულის მოპოვება იქნება. უკვე რამდენიმე სეზონია, იტალიური გუნდი ახლოსაც ვერ მიდის კონსტრუქტორთა ტიტულთან, მაგრამ ლუკა დარწმუნებულია, რომ ახალი მანქანით, ”ყალყზე შემდგარი კვიცები” დიდების მწვერვალს კვლავ დაუბრუნდებიან.

”ამ სეზონში ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და ამისათვის, დიდი გარჯა გვმართებს. სეზონის წინ, გუნდი გადავახალისეთ, მანქანაში რამდენიმე ახალი ტექნოლოდია დავნერგეთ და ახლა მეტოქეების პირველ ნაბიჯებს ველით”, - მარანელოში, მედიის წინაშე მანქანის წარდგენისას განაცხადა დი მონტეძემოლომ.

”ფერარიმ” თავის ახალ მანქანას F150 იტალიის გაერთიანების 150 წლის იუბილეს აღსანიშნავად უწოდა. აქამდე უკანასკნელად, საიუბილეო ღარიღთან დაკავშირებული სახელი, ”ფერარიმ” თავის მანქანას ორი წლის წინ უწოდა. მაშინ, ფ1-ში თავისი გუნდის მონაწილეობის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კვიცებმა მანქანას F60 უწოდეს, მაგრამ ის სეზონი კრახით დაასრულეს - მხოლოდ ერთი რბოლის მოგება შეძლეს. და დი მონტეძემოლო იმედოვნებს, რომ ის ისტორია აღარ განმეორდება.

”ამ მანქანას ერთადერთი მიზნით ვქმნიდით. ეს მიზანი ყველამ იცით და მას აღარ დავასახელებ. ისღა დაგვრჩენია, მას მივაღწიოთ. გასულ სეზონში ბევრი სირთულის გადალახვამ მოგვიწია, თუმცა ბევრი სასიამოვნო მომენტიც გვქონდა. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს სასიამოვნო დავიტოვოთ და უარყოფითისგან გავთავისუფლდეთ. გუნდი განახლდა და მოტივირებულია, ეს კი მთავარია, როცა მიზანი წინსვლაა”, - განაცხადა გუნდის შეფმა სტეფანო დომენიკალიმ.

აღსანიშნავია, რომ ”ფერარი” საკუთარი აეროდინამიკური მილის გარდა, მანქანის სრულყოფისთვის, ”ტოიოტას” ყოფილი გუნდის გერმანულ აეროდინამიკურ კომპლექსს იყენებს. თუმცა მარანელოელთა საჯინიბოს ტექნიკურმა დირექტორმა ალდო კოსტამ განაცხადა, რომ მალე მის ინჟინრებს ”ტოიოტას” მილი აღარ დასჭირდებათ და მანქანის მოდიფიცირებას მხოლოდ საკუთარ კომპლექსში გააგრძელებენ.

”ფერარი” პირველია

Ferrari Launches the New F150

28 იანვარი

ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდთაგან, ”ფერარი” პირველია, რომელმაც თავისი ახალი ბოლიდის, F-150-ის პრეზენტაცია ჩაატარა. მარანელოელები იმედოვნებენ, რომ ეს მანქანა, რომელსაც სახელი იტალიის გაერთიანების 150 წლის იუბილეს საპატივცემულოდ უწოდეს, მათ ჩემპიონის ტიტულის დაბრუნების საშუალებას მისცემს.

F-150-ის წარდგენა მარანელოში, ”კვიცების” შტაბ-ბინაში ჩატარდა, მას კი საბურველი გუნდის პილოტებმა - ესპანელმა ფერნანდო ალონსომ და ბრაზილიელმა ფელიპე მასამ ჩამოხსნეს. გარეგნულად, ახალი მანქანა შარშანდელისგან მაღლა აწეული, განიერი ცხვირით და რადიატორების გამოყვანილი კორპუსით განსხვავდება.

მანქანის შიგნით კი ბევრი სიახლეა გამოყენებული. გუნდის ტექნიკური დირექტორი ალდო კოსტა ამბობს, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ შემოღებული ახალი ტექნიკური რეგლამენტის გამო, ახალი მანქანა მისი წინამორბედისგან ძირეულად განსხვავდება. ”ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს ახალი მანქანა შარშანდელის გაუმჯობესებული ვერსიაა, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით, ისინი ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდებიან”, - ამბობს კოსტა.

კოსტას თქმით, ახალი მანქანა სუფთა ფურცლიდან შეიქმნა, რისი მიზეზიც ისაა, რომ ახალი სეზონიდან აიკრძალა როგორც აეროდინამიკური ჰაერსადინარი, ასევე ორმაგი დიფუზორი. სამაგიეროდ, კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტმის გამოყენება კვლავ დასაშვები გახდა. ახალი სეზონიდან, ასევე რეგულირებადი უკანა ფრთის გამოყენებაც ნებადართულია. ყოველივემ კი მანქანის საბაზო პარამეტრების შეცვლა მოითხოვა.

”თავიდანვე დავგეგმეთ, რომ ამ მანქანის ევოლუცია ორ ეტაპად განვახორციელოთ. პირველი სეზონის დაწყებამდე უნდა მოესწროს. ამ დროს, მანქანის აეროდინამიკა მექანიკური ელემენტები, შასი, გადაცემათა კოლოფი, საკიდარი და მზიდი სტრუქტურა დაიხვეწება. ჩამოთვლილი კომპონენტები პირველ ეტაპებზე ხელუხლებლად დარჩება. სეზონის მსვლელობისას კი მოდიფიკაცია ცალკეულ კვანძებს და დეტალებს ჩაუტარდება, დაიხვეწება აეროდინამიკა”, - ყვება კოსტა.

F-150-ის მთავარი ინჟინრის, ნიკოლას ტომბასისის განცხადებით, მანქანის ქვეშ ჰაერის მოწესრიგებული და მძლავრი ნაკადის მისამართად, არამარტო მისი ცხვირი, არამედ საკიდარის კვანძის დეტალები და პილოტის ჩასაჯდომი კოკპიტი მაღლა ასწიეს. რა თქმა უნდა, ამით სიმძიმის ცენტრი ოდნავ მაღლა აიწევდა, მაგრამ ტომბასისი ირწმუნება, რომ აეროდინამიკური ეფექტი ამ ნაკლს აანაზღაურებს.

რა თქმა უნდა, პრეზენტაციას ”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლოც დაესწრო, რომელმაც მის გუნდში გატარებული შესანიშნავი პირველი სეზონისთვის, ალონსოს მადლობა გადაუხადა. მანვე მასას ”ჩვენი პატარა ბავშვი” უწოდა და ყველა დაარწმუნა, რომ ახალ სეზონში, მისი სახით სულ სხვა, ტიტულისთვის მებრძოლ მრბოლს ვიხილავთ.

ახალი ბოლიდი ფიორანოს ტრეკზე პირველს ალონსოს უნდა გაეყვანა, მაგრამ სქელი ნისლის გამო, საჩვენებელი გამოსვლა გაუქმდა.

Thursday, January 27, 2011

შუმახერი დარწმუნებულია, რომ მერვე ტიტულის მოპოვება შეუძლია

Schumacher Confident He Can Win Eight Title

27 იანვარი

ფორმულა 1-ში მისი დაბრუნება წარუმატებელი გამოდგამ თუმცა ამის მიუხედავად, მიხაელ შუმახერი დარწმუნებულია, რომ მომდევნო ორ სეზონში, ”მერსედეს GP” მას უკეთესი შედეგები ექნება. უფრო მეტიც, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ მერვე ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია, თუმცა აღიარებს, რომ ეს უფრო ძნელი იქნება, ვიდრე დაბრუნებისას ეგონა.

”დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემიძია. ჩვენ სამწლიანი პროექტი გვაქვს. აშკარაა, ახლა იმ დონეზე ვერ ვართ, როგორზე ყოფნას ვისურვებდით. დაბრუნება ძალიან ძნელი გამოდგა, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ შანსი გვაქვს”, - ჟურნალ F1 რეისინგთან” უნტერვიუსას ამბობს შუმი და დასძენს, რომ ფ1-ის ისტორიაში ძალიან იშვიათია შემთხვევები, როცა ვინმეს დაბრუნებისთანავე ჰქონია წარმატება.

გერმანელი პილოტი ამბობს, რომ ახალ სეზონში მას ჩემპიონობისთვის ბრძოლის მცირე შანსი ექნება, თუმცა საფუძველს მოამზადებს იმისათვის, რომ 2012 წელს ისევ დაეუფლოს სანუკვარ ტიტულს. ის დარწმუნებულია, რომ ”მერსედესთან” თავისი კონტრაქტის ბოლო სეზონში, ისეთ შედეგებს აჩვენებს, როგორებსაც მისგან ელიან.

”დარწმუნებული ვარ, ამ სეზონში გამარჯვებებისთვის ბრძოლას შევძლებთ და არაა გამორიცხული, რომ უფრო მეტის შანსიც გაგვიჩნდეს. მე ამის იმედი მაქვს. მე ჩემი მისია მაქვს და მინდა, მიზანს მივაღწიო. პაექრობა მწყურია და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებ, რათა მიზანს მივაღწიო. და თუ მას ამ სეზონში მივაღწევ, ერთი სეზონი კიდევ მრჩება”, - ამბობს შუმი.