ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, March 23, 2011

ბუემის „ტორო როსო“ ხუთეულში შეჰყავს

Buemi Rates Toro Rosso Inside the Top 5

23 მარტი

ერთ-ერთი იმ გუნდთაგანი, რომლისგანაც ახალ სეზონში სიურპრიზებია მოსალოდნელი, „სკუდერია ტორო როსოა“. უფრო მეტიც, მისი შვეიცარელი პილოტი სებასტიან ბუემი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს სეზონის ბოლოს მოწინავე ხუთეულში შესვლა შეუძლია.

არადა, ისეთი ახალი გუნდები, როგორებიც „ლოტუსი“ და „ვირჯინია“, იქადნიან, რომ ამ სეზონში ისინი სწორედ „ტორო როსოს“ დაეწევიან. რა თქმა უნდა, იტალიური გუნდი მათს სამიზნეში მხოლოდ იმის საფუძველზე მოექცა, რომ გასული სეზონის ბოლოს, კონსტრუქტორთა პირველობაზე, მათ წინ სწორედ „ტორო როსო“ იქნება.

ერთ-ერთი პირველი, ვინც „ტორო როსოს“ პროგრესზე ხმამაღლა ილაპარაკა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსოა. ამის შემდეგ, თავიანთ შანსებზე საუბარი ბუემიმ და მისმა ესპანელმა თანაგუნდელმა ხაიმე ალგერსუარიმაც დაიწყეს. ისინი ამბობენ, რომ კარგი შედეგების მიღწევა, ახალ სეზონში სრულიად რეალურია.

„ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, ჩვენი მანქანა კონკურენტუნარიანი ჩანს. ჩემი აზრით, ის მოწინავე ხუთეულში ყოფნის საშუალებას მოგვცემს. ამის თქმის საბაბს, სეზონის წინა ტესტების მონაცემები გვაძლევს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ რეგლამენტის მნიშვნელოვანი ცვლილების გამო, ტესტების შედეგების მიხედვით, გუნდების შესაძლებლობებზე ლაპარაკი ცოტა ცოტა ნაადრევია. უფრო რეალურ სურათს კი მელბურნში მივიღებთ“, - ამბობს ბუემი.

პირველი პილოტი, რომელიც ავსტრალიის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე SRT6-ის საჭეს მიუჯდება, „ტორო როსოს“ სარეზერვო პილოტი, ავსტრალიელი დანიელ რიკარდოა.

Friday, March 18, 2011

სტირლინგ მოსი: ახალი რეგლამენტი მრბოლებისთვისაა

New Rules Will Favor Driver, Not Car - Sir Stirling Moss

18 მარტი

დღეს იშვიათად თუ ნახავთ ფორმულა 1-ის საქმეებში ჩახედულ ადამიანს, ან მოქმედ მრბოლს, ვისაც ახალი ტექნიკური რეგლამენტი შეიძლება მოსწონდეს. ლამის ყველა ერთხმად ლაპარაკობს იმაზე, რომ დიდი პრიზების ცირკი თანდათან ემსგავსება შოუს და შორდება სპორტულ სულისკვეთებას და რომ, მრბოლის შესაძლებლობები თანდათან მეორეხარისხოვანი ხდება.

მაგრამ არის ერთი ავტორიტეტული ადამიანი, ვისაც ამ საკითხზე სრტულიად განსხვავებული აზრი აქვს და ეს ადამიანი, არც მეტი, არც ნაკლები, თვით სერ სტირლინგ მოსია. ადამიანი, ვინც არასდროს ყოფილა მსოფლიო ჩემპიონი, თუმცა ბევრ ჩემპიონზე მეტი ავტორიტეტით სარგებლობს.

ფერნანდო ალონსო და სებასტიან ფეტელი თვლიან, რომ ახალი რეგლამენტი კიდევ უფრო წინ სწევს რბოლებში მანქანის როლს, პილოტი კი თანდატან დამხმარე საშუალებად გარდაიქმნება. თუმცა მოსი ასე არ ფიქრობს. პირიქით, ის თვლის, რომ ეს რეგლამენტი, რბოლებისას პილოტის შესაძლებლობებს და როლს წინ სწევს, მანქანა კი მხოლოდ საშუალებაა.

„ყველაფერი მრბოლზეა დამოკიდებული. მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, სჭიედება თუ არა კერს-ი და როდის უნდა გამოიყენოს ის. იგივე ითქმის რეგულირებად ფრთაზე და სხვა საშუალებებზეც. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საუკეთესო სეზონს ველი. დიდი ხანია, რბოლები საინტერესო სანახაობად რჩება, მაგრამ ხშირად, მათ დაძაბულობა აკლია“, - ამბობს მოსი და დასძენს:

„შარშანაც ასე იყო. ძალიან საინტერესო სეზონი გამოვიდა, მაგრამ სასიამოვნო საცქერი - არა. მაგრამ ახალ სეზონში, რბოლების სანახაობრიობაც გაუმჯობესდება. იმდენი სიახლე შემოიღეს, რომ პილოტის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ეს ძალიან კარგია. თანაც, ჯერაც არავინ იცის, რბოლისას როგორ იმუშავებს „პირელის“ საბურავები. ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, განსაკუთრებული სეზონის მოლოდინში ვარ“.

მოსმა ასევე ილაპარაკა მიხაელ შუმახერის მეორე კარიერაზე. მისი თქმით, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი შეცდა, როცა სპორტს დაუბრუნდა: „ვფიქრობ, დაბრუნება შეცდომა იყო. მან მოტორსპორტში დიდი საქმე გააკეთა. სხვა თუ არაფერი, „ფერარი“ მწვერვალებს დაუბრუნა. მაგრამ ამჯერად ძალიან გაუჭირდება. ძალიან გაუმართლებს, თუ ერთხელ მაინც შეძლებს კვარცხლბეკზე ასვლას“.

კუბიცა სამ კვირაში გაივლის

Kubica Will Walk On His Own in 3 Weeks

18 მარტი

რობერტ კუბიცას მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება და როგორც იტალიელი ექიმები ამბობენ, მალე ის ფეხზე დადგომას შეძლებს. ეს ინფორმაცია სანტა კორონას ჰოსპიტალმა გაავრცელა, სადაც პოლონელი პილოტი, რალის რბოლისას მიღებულ ტრავმებს იშუშებს და რეაბილიტაციის კურსს გადის.

„ახლა მკრნალობის მორიგი ეტაპი მიმდინარეობს, რომლის დროსაც, მრავალჰერადი მოტეხილობები უნდა მოშუშდეს. ახლა ჩვენი საზრუნავი ისაა, რომ კუბიცა ფეხზე დადგეს. ეს სამ კვირაში უნდა შეძლოს და ამის შემდეგ, მან სიარული თავიდან უნდა ისწავლოს. მისმა ფეხებმა კი წონა უნდა იგრძნონ“, - ნათქვამია ჰოსპიტალის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უკვე თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც იტალიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში რბოლისას, კუბიცას მძიმე ავარია მოუვიდა. მას შემდეგ, 4 ოპერაცია გადაიტანა, რომელთაგან ბოლოს მიზანი ის იყო, რომ დაზიანებული მარჯვენა იდაყვის ფუნქციები აღედგინა. პარალელურად, გრძელდება სარეაბილიტაციო პროცესი, რომლის დროსაც, „ლოტუს რენოს“ პილოტს მხრის, მკლავის და მაჯის ქმედება უნდა აღუდგეს.

„ლოტუს რენოს“ შეფი ერიკ ბუიე ამბობს, რომ კუბიცას გამოჯანმრთელების პროცესი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ექიმები ელოდნენ. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გასტანს აღდგენითი პროცესი. მითუმეტეს შეუძლებელია იმის თქმა, თუ როდის დაუბრუნდება ის დიდი პრიზების ცირკს.

გუნდის ექიმი რიკარდო ჩიკარელი ამბობს, რომ ამ ატეპზე შეუძლებელია კუბიცას გამოჯანმრთელების დროზე ლაპარაკი. ის არ გამორიცხავს, რომ მრბოლს მაჯისა და თითების სრული ქმედუნარიანობა შეიძლება არც აღუდგეს. და მას შემდეგაც, რაც ფეხზე გავლას შეძლებს, პოლონელს სანტა კორონას ჰოსპიტალში დარჩენა მანამ მოუწევს, სანამ აღდგენითი კურსი დასრულდება. ეს კი დიდხანს გაგრძელდება.

„მაკლარენი“ ავსტრალიაში გაოცებას გვიპირებს

McLaren aims to 'surprise' in Australia

18 მარტი

სეზონი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ფორმულა 1-ის პადოკში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც „მაკლარენს“ ახალი სეზონის დასაწყისში ფავორიტთა შორის მოიხსენიებს, თუმცა გულის სიღრმეში ბევრი ფიქრობს, რომ უოკინგელებისგან ბევრი სიურპრიზია მოსალოდნელი. ამის (ოღონდ ხმამაღლა) იმედი აქვს ინგლისური გუნდის შეფ მარტინ უიტმარშსაც.

მან განაცხადა, რომ „მაკლარენის“ ახალი მანქანა MP4-26 მელბურნშიც ისეთი ჭირვეული არ იქნება, როგორიც სეზონისთვის მზადების პროცესში იყო. უფრო მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის ინჟინრებმა, ტესტების დროს მიღებული ინფორმაცია სათანადოდ დაამუშავეს და მანქანაც შესაბამისად მომართეს, რისი შედეგიც ის იქნება, რომ ლუის ჰამილტონი და ჯენსონ ბატონი სეზონის გახსნით რბოლაში, კონკურენტუნარიანები იქნებიან.

„ტესტები იმისთვისაა, რომ მის დროს, მანქანის სრულყოფის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ MP4-26-ს მისი შესაძლებლობების ზღვარზე ვცდიდით. რაც მთავარია, ამ ტესტების დროს, უამრავი საჭირო ინფორმაცია მოვიპოვეთ, რომლებსაც მელბურნის წინ, მანქანის სრულყოფისთვის ვიყენებდით. პარალელურად, დავისახეთ საკმაოდ რთული მიზნები, რომელთა შესრულებასაც მელბურნში ვეცდებით.

ვთვლი, თუ არა, რომ ტესტებზე ნაჩვენები შედეგები სრულად გამოხატავს ჩვენს შესაძლებლობებს? არა. ვთვლი, თუ არა, რომ ავსტრალიაში ფავორიტები ვიქნებით? სამწუხაროდ, არა. მაგრამ მიმაჩნია, თუ არა, რომ ჩვენ შეგვწევს ზოგიერთების გაოცების უნარი? რა თქმა უნდა, კი“, - ამბობს უიტმარში.

ოპტიმიზმი შეეტყო ჰამილტონსაც, ვინც იმედოვნებს, რომ ტესტებისგან განსხვავებით, მელბურნში მანქანა გაცილებით უკეთესი იქნება: „ვერ დავმალავთ იმ ფაქტს, რომ ტესტები იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე ველოდით. სატესტო კილომეტრაჟიც საკმაოდ მოკრძალებული გვაქვს, ვერც სისწრაფით გამოვიჩინეთ თავი. და მაინც, კარგი წინათგრძნობა მაქვს. ჩვენი მანქანა სასიამოვნო სამართავია. საბურავებსაც ალღოს მალე ავუღებთ და გახსნით რბოლაზე წინ წავიწევთ. მელბურნში საბრძოლველად ჩავდივართ. ზოგი გუნდი ძალიან კარგადაა მომზადებული, მთი მანქანები სწრაფებიცაა და გამძლეებიც. მაგრამ ხშირად, პირველი რბოლა ტესტების შემდეგ წარმოქმნილ მოლოდინს არ ამართლებს. ამ რბოლაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება იქნება“.

უფრო მეტიც, ბატონი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ავსტრალიური რბოლა ზედიზედ მესამედ მოიგოს: „ალბერტ პარკის ტრასა ჩემთვის იღბლიანია. იქ ბოლო ორი რბოლა მოგებული მაქვს. ეს რბოლისთვის შესანიშნავი ადგილია. ამ ტრასაზე, რბოლის შედეგის პროგნოზირება შეუძლებელია. ახლა კი ამ ფაქტორს კიდევ უფრო გააძლიერებს ის ფაქტი, რომ ახალი საბურავები სწრაფად ცვდება. ხშირად მეკითხებიან, ზედიზედ მესამედ გამარჯვებას შევძლებ თუ არა. ამ ეტაპზე, ეს ძალიან ძნელად მოჩანს, მაგრამ ვინ იცის? გულწრფელად გეტყვით, რომ ამას არ გამოვრიცხავ“.
ბერნის ეკოლოგიური ძრავები არ მოსწონს

Ecclestone against eco-friendly engines

17 მარტი

ჟან ტოდტი და ბერნი ეკლსტოუნი
==============================

ფორმულა 1-ის პრომოუტერი ბერნი ეკლსტოუნი თვლის, რომ 2013 წლიდან ტურბო ძრავებზე გადასვლა, დიდი პრიზების ცირკს ძლიერ აზარალებს. მისი აზრით, განახლებულ ტურბერაში, რბოლების დასწრებაც მოიკლებს და სპინსორებიც დაკარგავენ სპორტში თავიანთ ინტერესს.

„ტურბინიანი ოთხცილინდრიანი ძრავების სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ჩვენ ეს არაფრად გვჭირდება. და თუ ასეთ ძრავებზე გადასვლა, ვინმესთვის ასე მნიშვნელოვანია, მაშინ აჯობებს, ისინი ძარიანი ავტომობილების სარბოლ სერიებში დანერგონ. მთელი ეს ტურბო კამპანია ელემენტარული პი-არ აქციაა, რასაც ფორმულა 1-ის სამყაროსთან საერთო არაფერი აქვს. ეს ცვლილებელი ჩვენ ძალიან ძვირად დაგვიჯდება. დარწმუნებული ვარ, რბოლებზე დასწრება ძალიან მოიკლებს და ვშიშობ, ტელეაუდიტორიაც არ დავკარგოთ“, - ამბობს ეკლსტოუნი.

ფ1-ის კომერციულ უფლებათა ბატონ-პატრონი აღიარებს, რომ ამ საკითხზე, დიდ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტ ჟან ტოდტთან, ვინც ძრავების ახალი (ტურბო) რეგლამენტის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი და ინიციატორია.

„ის (ტოდტი) არც პრომოუტერია და არც ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებებს ჰყიდის. ამ საკითხში ჩვენ მოწინააღმდეგეები ვართ. არ მესმის, რა საჭირო იყო ტურბო რეგლამენტის მიღება. თუ ამის მიზეზი ეკოლოგიაზე ზრუნვა და ფ1-სთვის მწვანე იმიჯის შექმნის მცდელობაა, ესეც არაა საკმარისი მოტივი. ჩვენ სდავალდებულო გავხადეთ სისტემა კერს-ი, რაც უკვე იმის თქმის საბაბს გვაძლევს, რომ ფორმულა 1 მწვანე სპორტია“, - დასძენს ბერნი.

კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც, ეკლსტოუნს ტურბო ძრავები არ მოსწონს, ასეთი აგრეგატების შედარებით დაბალი ხმაურიანობაა. ბერნი ირწმუნება, რომ რბოლებში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რამ, რაც მაყურებელს იზიდავს, ხმაურიანი ძრავებია, რაც ტურბორეგლამენტის გამო, დაიკარგება:

„მთელს მსოფლიოში უამრავ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანთან მქონია საქმე - პრომოუტერებთან, სპონსორებთან და ჟურნალისტებთან და მათთან ურთიერთობის შემდეგ, ორ რამეს გამოვყოფ, რომლებიც ფორმულა 1-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამათგან ერთია „ფერარი“, მეორე კი ხმაური. ხალხს მოსწონს ძრავების ხმაური. მათი უმეტესობა, ვინც პირველად დაესწრო ფ1-ის რბოლას, კითხვაზე, რა მოეწონა ყველაზე მეტად, უყპყმანოდ გიპასუხებთ - ხმაური. სინგაპურის რბოლაზე რამდენიმე რუსი სტუმარი მივიწვიე და რბოლის შემდეგ ვკითხე, რა მოეწონათ ვყელაზე მეყად. მაშინ ხმაურზე არც მიფიქრია, მაგრამ მოულოდნელად, პასუხად სწორედ ეს სიტყვა გავიგე - ხმაური. ეს ის ფაქტორია, რომელიც სწრაფად აღწევს ადამიანში. არ დამიჯერებთ, მაგრამ ქალებსაც ყველაზე მეტად სწორედ ძრავების ხმაური მოსწონთ“.

Thursday, March 17, 2011

FIA-მ შეიძლება მანქანის ზემოთ აწეული ცხვირი აკრძალოს

FIA Could Ban High Nose Designs in F1

17 მარტი

რა არია ფორმულა 1-ის თანამედროვე მანქანების ყველაზე დამახასიათებელი საერთო ნიშანი? რა თქმა უნდა, ზემოთ აწეული ცხვირი, რომელიც მანქანის ძირში ჰაერის ნაკადის სიჩქარის გაზრდას და ამგვარად, გრაუნდ ეფექტის (მანქანის აეროდინამიკური დატვირთვა იზრდება) შექმნას ემსახურება.

მას შემდეგ, რაც ტექნიკური რეგლამენტით, რეგულირებადი უკანა ფრთის გამოყენება დასაშვები გახდა, გუნდები იძულებულნი გახდნენ, თავიანთი მანქანების აეროდინამიკური კონცეპციები რადიკალურად შეეცვალათ და შედეგად, თითქმის ყველას მანქანებს ახალ სეზონში, მკვეთრად აწეული ცხვირი ექნება.

მაგრამ შესაძლოა, რეგლამენტმა მალე მანქანის ასეთი ცხვირები აკრძალოს და ამის საფუძველი, უსაფრთხოების ფაქტორი გახდება. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკური მრჩეველი ენდი მელორი ფიქრობს, რომ მკვეთრად აწეული ცხვირი უნდა აიკრძალოს.

მისი აზრით, სწორედ მკვეთრად აწეული ცხვირის გამო, ახალ სეზონში შეიძლება გახშირდეს ისეთი ინციდენტები, როგორიც გასულ სეზონში, „რედ ბულ რეისინგის“ ავსტრალიელ მარკ უებერს ვალენსიაში, ევროპის დიდი პრიზის დროს შეემთხვა. ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც უებერი „ლოტუსის“ ფინელი ჰეიკი კოვალაინენის გასწრებას ცდილობდა. მისი მანქანა წინ მიმავალი „ლოტუსის“ უკანა ბორბალს ცხვირით დაეჯახა, რამაც „რედ ბული“ ჰაერში ააფრიალა.

„საკვანძო ასპექტი, უკან მომავალი მანქნის აწეული ცხვირის სიმაღლეა. ამ დროს მნიშცნელობა აქვს მანქანების სიჩქარეს და შეჯახებისას წარმოქმნილ ვერტიკალურ აჩქარებას. არსებობს გარკვეული პარამეტრები, რომლებიც მანქანების შეჯახებისას, ცხვირის ზევით მოძრაობაა არ გამოიწვევს. ამ საკითხის ფიზიკა ნათელია. ახლა მთავარია, ყველაფერი რეგლამენტშიც აისახოს“, - ამბობს მელორი.

მანქანის ცხვირის დაბლა დაწევის გარდა, FIA ამ ტიპის ინციდენტების გამოსარიცხად, სხვა ვარიანტებსაც ეძებს. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი შეიძლება იყოს წინა ფრთის ისეთი კონსტრუქცია, რომელიც წინ მიმავალი მანქანის უკანა ბორბალთან შეჯახებისას, ცხვირს დაბლა დაქაჩავს და ამით, მანქანის ჰაერში ავარდნას ხელს შეუშლის.

Wednesday, March 16, 2011

შუმახერი: მანქანა ბრძოლისთვის მზადაა

Schumacher: Car ready for top places

16 მარტი

მართალია, წინასასეზონო ტესტების დასაწყისში, „მერსედეს ბენცის“ ახალი სარბოლი ბოლიდი საუკეთესო თვისებებით ვერ გამოირჩეოდა, მაგრამ ბოლო ტესტებისთვის მომზადებული სიახლეების პაკეტმა თავისი შედეგი გამოიღო და ამის წყალობით, მიხაელ შუმახერი პილოტთა სიას სათავეში მოექცა. ბუნებრივია, ის კმაყოფილია თავისი თანაგუნდელი ინჟინრების მიერ გაწეული სამუშაოთი და ამბობს, რომ მანქანა მოწინავე ადგილებისთვის საბრძოლველად, სრულ მზადყოფნაშია.

ასე განსაჯეთ, „მერსედეს W02-ის“ სიჩქარემ სხვა გუნდების პილოტებიც კი გააოცა, თუმცა როგორც ჩანს, სამქიმიანებს ჯერ თავიანთი სრული შესაძლებლობები არ გამოუვლენიათ და მელბურნში მეტოქეებისთვის სიურპრიზებს ამზადებენ. და მაინც, შუმახერი პროგნოზებისგან თავს იკავებს და ამბობს მხოლოდ იმას, რომ ახალი მანქანა შარშანდელზე უკეთესია.

„ჩვენ სწორი გეზი ავირჩიეთ. ეს აშკარაა. როგორც ჩანს, ახალ სეზონს კარგად მომზადებულები ვხვდებით, მაგრამ ამ მანქანით გამარჯვებისთვის ბრძოლა შეგვიძლია, თუ არა, ამას პირველ რბოლებში დავინახავთ. თუმცა, ამ მანქანით რომ მოწინავე ადგილებისთვის ბრძოლა შესაძლებელია, ამაში ეჭვიც არ მეპარება. მოკლედ, გუნდმა შესანიშნავად იმუშავა“, - ამბობს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი.

შუმახერი შარშან დაბრუნდა და მაშინვე მისგან ყველა ისევ გამარჯვებებს ელოდა. ეს ალბათ იმის გამოც იყო, რომ ის წინა სეზონის ჩემპიონ გუნდში გადავიდა და იქ ჩემპიონი ჯენსონ ბატონი შეცვალა. მაგრამ გერმანელისთვის სეზონი, მის კარიერაში ყველაზე წარუმატებელი გამოდგა. და ამის მიუხედავად, ის ოპტიმიზმს ინარჩუნებს და ამბობს, რომ წარმატების გემო ჯერაც არ დავიწყნია და რომ დიდი პრიზების ცირკში იმისთვის დაბრუნდა, რომ ეს გემო ისევ გამოსცადოს. და ეს განწყობა, მას ბრძოლის ჟინს მატებს.

„არასდროს მიფიქრია, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდებოდი და მაშინვე ყველაფერი ძველებურად იქნებოდა. მე რეალისტი ვარ. რა თქმა უნდა, რეაკლიმატიზაციისთვის იმაზე მეტი დრო დამჭირდა, ვიდრე ველოდი, მაგრამ ყოველთვის მესმოდა, რომ ძალიან ძნელ საქმეს მოვკიდე ხელი და რომ წარმატების გარანტია არ არსებობს. მაგრამ მე იმ ტიპის ადამიანი ვარ, რომელსაც გამოწვევა საბრძოლველად განაწყობს“, - ამბობს შუმი და დასძენს:

„ჩვენს სპორტში ძალიან კონკურენტული გარემოა და ის მუდმივად იცვლება. ასე რომ, არასოდეს არ უნდა ელოდო, რომ მოვლენები წინასწარ დაგეგმილი სცენარით წარიმართება. მთავარია, ყურადღებით იყო და ბევრი იშრომო. ამ სეზონისთვის მზადებისას, ჩვენ ეს შევძელით და ეს მაფიქრებინებს, რომ „მერსედესი“ მალე ტიტულის მოცილე გუნდი გახდება“.

და მაინც, შუმის აზრით, სეზონს გამოკვეთილი ფავორიტის რანგში მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი დაიწყებს...

Tuesday, March 15, 2011

ალონსო: „მაკლარენი“ უკეთესია, ვიდრე ჩანს

Alonso Warns McLaren Are Better than They Look

15 მარტი

მართალია, „მაკლარენის“ პილოტები აღიარებენ, რომ მათი მანქანა ამ ეტაპზე კონკურენციას ვერ გაუწევს ტოპ გუნდების მანქანებს, მაგრამ ფერნანდო ალონსო დარწმუნებულია, რომ ასე არაა და რომ პირველივე ეტაპიდან, უოკინგელები კვარცხლბეკზე იქნებიან.

ფორმულა 1-ის მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე, ორი კვირაც არაა დარჩენილი და ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს, „მაკლარენმა“ თავისი MP4-26 (ფოტოზე, საჭესთან ლუის ჰამილტონი) სათანადოდ ვერ მოამზადა. ბიისის რეპორტიორმა მარტინ ბრანდლმა, ვინც ერთ დროსაც თავადაც ამ გუნდის წევრი იყო, ამ მანქანას ხარახურაც კი უწოდა. თუმცა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თვლის, რომ ტესტებზე „მაკლარენს“ თავისი შესაძლებლობები არ გამოუვლენია.

„ისინი გაცილებით უკეთესები არიან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სეზონისწინა ტესტები არაფერზე არ მეტყველებს. ისინი ამბობენ, რომ უკეთესს ელოდნენ, მაგრამ ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ მელბურნში საუკეთესოთა შორის იყვნენ, მერე კი დაწინაურებაც შეუძლიათ. მელბურნში გამოჩნდება, ვინ სადაა. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ისინი მეათე ადგილისთვის კი არა, კვარცხლბეკზე ადგილებისთვის იბრძოლებენ“, - ესპანურ „ელ პაის-თან“ საუბრისას განაცხადა ალონსომ.

ახლახანს, ლუის ჰამილტონმა და ჯენსონ ბატონმა დაიჩივლეს, რომ მათ ახალი მანქანის სათანადოდ ტესტირება ვერ მოასწრეს. გუნდმა თავისი ახალი ბოლიდი ტრასაზე სხვებზე გვიან გამოიყვანა და მას შემდეგაც, ტესტების დროს, სხვადასხვა პრობლემის გამო, მისმა პილოტებმა სხვებზე ცოტა წრის გავლა მოახერხეს.

ალონსომ ორიოდე სიტყვა „პირელის“ საბურავებზეც თქვა და აღნიშნა, რომ ეს საბურავები დამუხრუჭებისას და აჩქარებისას უფრო მეტ სიფრთხილეს საჭიროებს, ვიდრე „ბრიჯსტოუნის“ საბურავების შემთხვევაში: „შარშან ჩვენ შეგვეძლო, სწორი მონაკვეთის ბოლოს, მუხრუჭის სატერფულს მთელი ძალით დავწოლოდით, მაგრამ ამ შემთხვევაში, ასე არ ივარგებს, რადგან ბორბლების დაბლოკვის ალბათობა უფრო დიდია. განსაკუთრებით კი ეს უკანა ბორბლებს ეხება. ბორბლის ჩაჭიდება გაუარესებულია. მაგალითად, მოსახვევიდან გამოსვლისას, როცა აჩქარებას ვიწყებთ, აქსელერატორზე დაჭერისას მეტი სიფრთხილეა საჭირო, რომ მანქანა არ მოგვიცურდეს“.

Monday, March 14, 2011

ფეტელმა „რედ ბულთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე გააგრძელა

Vettel Signs Deal with Red Bull Until 2014

14 მარტი

მსოფლიოს ახალმა ჩემპიონებმა - გერმანელმა სებასტიან ფეტელმა და ავსტრიულმა გუნდმა „რედ ბულ რეისინგმა“ კონტრაქტი სამი წლით გააგრძელეს. ეს ნიშნავს, რომ ფეტელი მილტონ კეინსში ბაზირებულ გუნდში 2014 წლამდე დარჩება. ამგვარად, წერტილი დაესვა მითქმა-მოთქმას, რომლის შესაბამისადაც, გერმანელი პილოტი „ფერარიში“ გადასვლას აპირებდა.

უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეტელი და „რედ ბული“ ახლოს იყვნენ კონტრაქტის გაგრძელებასთან. ეს ინფორმაცია „რედ ბულის“ მოტორსპორტის მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ დაადასტურა და დასძინა, რომ ფეტელთან კონტრაქტის გაგრძელება უბრალო ფორმალობაღა იყო.

„ჩვენს შორის სიტყვიერი შეთანხმება იყო კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. ფაქტობრივად, ყველა დეტალი შეთანხმებული გვქონდა და ორივე მხარეს სურდა ამ კონტრაქტის გაგრძელება. ასე რომ, ფურცლებზე ხელის მოწერა უბრალო ფორმალობად რჩებოდა“, - განაცხადა მარკომ, ვინც თავადაც ფ1-ის ყოფილი პილოტია.

„რედ ბულში“ გადასვლამდე, ფეტელი ავსტრიული კომპანიის მეორე გუნდში, „ტორო როსოში“ გამოდიოდა, სადაც 2008 წელს, იტალიის დიდი პრიზი მოიგო. იმავე სეზონის მიწურულს, ის უკვე „რედ ბულ რეისინგში“ გადავიდა და იქიდან მოყოლებული ჩემპიონობისთვის იბრძოდა. მათი კონტრაქტი წლევანდელი სეზონის მიწურულს მთავრდებოდა, თუმცა ავსტრიულ გუნდს კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების უფლება ჰქონდა.

მოსალოდნელი იყო, რომ ფეტელსა და „რედ ბულს“ შორის კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკება ამ სეზონის მსვლელობისას განახლდებოდა. ასევე მოსალოდნელია, რომ „რედ ბული“ თავისთან მეორე პილოტსაც, ავსტრალიელ მარკ უებერსაც დაიტოვებს. თუმცა, გუნდისტვის უფრო პრიორიტეტული გერმანელის შენარჩუნება იყო, ვინც შარშან მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

დაკიდევ, ცოტა ხნით ადრე, „რედ ბულმა“ კონტრაქტი ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუისთანაც გააგრძელა, ადამიანთან, რომელიც გუნდისთვის კონკურენტუნარიან ბოლიდებს ქმნის.

Sunday, March 13, 2011

სოლბერგმა შეიძლება ინდიქარ-ის ლას ვეგასის რბოლაში იასპარეზოს

Solberg Could Run in the IndyCar at Las Vegas

13 მარტი

წლების განმავლობაში, ბევრი ელოდა, რომ რალის შვიდგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები, თავის კარიერას ფორმულა 1-ში გააგრძელებდა. მაგრამ ამ ვარაუდებს წერტილი თვითონ მრბოლმა დაუსვა. სამაგიეროდ, ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღიაბორბლიან სერიაში თავისი შესაძლებლობების მოსინჯვას აპირებს რალის 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი (ფოტოზე).

ოღონდ, მისი დებიუტი ძველ კონტინენტზე არ შედგება. ის ამისათვის ოკეანის გაღმა გაემგზავრება და მონაწილეობას ინდიქარ-ის სეზონის ბოლო ეტაპზე - ლას ვეგასში მიიღებს. ინდიქარის მსოფლიო სერიის ორგანიზატორების ჩანაფიქრით, სეზონის ბოლო რბოლაში სხვა სერიების ვარსკვლავების მონაწილეობა, რბოლებისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.

ამისათვის გადაწყდა, რომ რბოლაში ხუთი პილოტი უაილდ ქარდით მიიწვიონ და აქედან ერთი ბარათი შეიძლება სოლბერგს ერგოს. ამასთან, თუ რბოლას ასეთი ბარათით მიწვეული პილოტი მოიგებს, მაშინ ბონუსის სახით, მას 5 მილიონი დოლარი გადაეცემა.

„ყოველთვის მინდოდა, რაღაც ამის მსგავსი მეცადა. ასეთ რბოლაში მონაწილეობა ძალიან სასამოვნო უნდა იყოს. ადრე ლე მანის სერიის და ფორმულა 1-ის ავტომობილები მიმართია და არ მგონია, ასეთი სწრაფი ავტომობილის მართვა პრობლემა გახდეს“, - ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას განაცხადა სოლბერგმა.

ნორვეგიელის გარდა, ლას ვეგასის რბოლის მონაწილეები კიდევ ერთი სახელოვანი პილოტის - ფორმულა 1-ის 1997 წლის ჩემპიონის, კანადელი ჟაკ ვილნევის მიწვევას აპირებენ, ვისაც თავის დროზე, კარტ-ის სერია (1995 წელს) და ინდი 500 (1995 წელს) აქვს მოგებული.

ლას ვეგასის ინდიქარ-ის რბოლა, რომელისაც ორგანიზატორებმა მსოფლიო ჩემპიონატი უწოდეს, 16 ოქტომბერს, ლას ვეგასის მოტორ სპიდუეიზე ჩატარდება.

Friday, March 11, 2011

ყველაზე მოკლე ბოლიდი „მერსედესისაა“

Mercedes W02 - Shortest F1 Car in 2011

11 მარტი

მართალია, „მერსედესის ფორმულა 1-ის გუნდის წევრები აღიარებენ, რომ მათი მანქანა W02 დასახვეწია, ტესტებზე გამოვლინდა, რომ სწორ მონაკვეთებზე, ყველაზე მაღალ სიჩქარეს სწორედ ის ავითარებს. ახლახანს კი გერმანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამქიმიანების მანქანა, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მანქანებს შორის, ყველაზე მოკლეა.

გერმანულ პრესაში W02-ს უკვე „მინი მერსედესიც“ კი უწოდეს. როგორც აღმოჩნდა, როს ბრაუნის ინჟინრების მიერ შექმნილი ბოლიდის 5 სანტიმეტრით მოკლეა „ფერარი 150 იტალიაზე“, 7 სანტიმეტრით მოკლეა „რედ ბულის“ RB7-ზე და 27 სანტიმეტრით მოკლეა „მაკლარენის“ MP4-26-ზე.

სანამ გერმანელი ჟურნალისტები მანქანებს ზომავდნენ, გერმანულმა კომპანიამ „მინი მერსედესისთვის“ ახალი აეროდინამიკური პაკეტი მოამზადა. ამასთან, შეიცვალა გამოსაბოლქვი სისტემა, რომელიც „რედ ბულ რეისინგის“ ანალოგიური სისტემის მსგავსად გააკეთეს. შეიცვალა რადიატორების კორპუსები, ასევე წინა და უკანა ანტი ფრთები.

როს ბრაუნი იმედოვნებს, რომ ეს სიახლეები მანქანას წრეზე ერთი წამით ააჩქარებენ. მისი იმედი უკვე გაამართლა მიხაელ შუმახერმა, რომელიც ტესტების მეორე დღეს ყველაზე სწრაფი იყო. ამის მიუხედავად, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი თვლის, რომ მის გუნდს ლიდერებამდე ჯერაც ბევრი უკლია:

„ჩვენ ვიცით, რომ „რედ ბული“ ძალიან ძლიერია. ჩვენი ორიენტირი სწორედ მათი მანქანაა. ჩვენ მათგან ჯერ შორს ვართ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ იმასაც ვერ ვიფიქრებდი, რომ მანქანას ასე გავაუმჯობესებდით. წინ გრძელი სეზონი გველის და ახლა მტავარი კითხვა ისაა, თუ რომელი გუნდი იქნება „რედ ბულის“ შემდეგ. ვიმედოვნებ, რომ სეზონის მსვლელობისას, ეს ჩვენი გუნდი იქნება“.

ახალი მანქანა „ისპანია რეისინგმაც“ გამოიყვანა

HRT F111 Unveiled in Barcelona

11 მარტი

„ისპანია რეისინგი“ ბოლო გუნდია, რომელმაც თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი - F111, ტრასაზე გამოიყვანა. ეს ბარსელონაში, კატალუნია მონტმელოზე, სატესტო სესიის დროს მოხდა. ესპანურმა გუნდმა, ამასთან დაკავშირებით, მედია მიიწვია და ფოტო სესია ჩაატარა.

ახალი მანქანის პრეზენტაციამდე, გუნდმა გამოაცხადა, რომ მეორე მანქანას იტალიელ ვიტანტონიო ლიუცის ჩააბარებს. რაც შეეხება პირველ პილოტს, ის ინდოელი ნარაინ კართიკეიანია.

აღსანიშნავია, რომ სეზონისწინა ტესტების ბოლო სესიის პირველი ორი დღე უკვე გავლილია. ასე რომ, „ისპანიას“ სულ ორი დღე დარჩა იმისათვის, რომ ახალი მანქანა გამოსცადოს. ამ ორი დღის განმავლობაში, მანქანის ტესტირების საშუალება ორივე პილოტს თანაბრად ექნება.

უნდა ითქვას, რომ გუნდმა ახალი მანქანის ფოტოები თავის ვებგვერდზე რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა, თუმცა მაშინ ბოლიდი დაუკომპლექტებელი იყო და აეროდინამიკური სრული პაკეტი და ზოგიერთი კონსტრუქციული კომპონენტი აკლდა.

ახალი მანქანა „რედ ბულ რეისინიგის“ (ასევე უილიამსის და ჰონდას) ყოფილი ინჟინრის, ჯეფ უილისის ხელმძღვანელობით შეიქმნა და ის შარშანდელი მანქანის ევოლუციური ვარიანტია. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რამდენად ვარგისია ახალი მანქანა. ეს ტესტირების დროს გამოჩნდება.

„ისპანიას“ ახალი სპონსორიც გამოუჩნდა. ესაა ინდური კორპორაცია „ტატა“, რომელიც კართიკეიანს მფარველობს. ინდურ ფულს, მანქანის შეფერილობაში, ამ ქვეყნის ფერი - ფორთოხლისფერის დამატება მოჰყვა. ისე კი, შარშანდელი ნაცრისფრისგან განსხვავებით, F111 თეთრია. მანქანის გაფორმებაზე, ჰოლივუდელმა დიზაინერმა დენიელ საიმონმა იზრუნა.

კუბიცას მეოთხე ოპერაციას გაუკეთებენ

Kubica Will Undergo 4th Surgery This Weekend

11 მარტი

მართალია, ექიმები გაოცებულნი არიან იმით, თუ რაოდენ სწრაფად მიმდინარეობს რალის რბოლაში ძლიერად დაშავებული პოლონელი რობერტ კუბიცას გამოჯანმრთელების პროცესი, თუმცა მათ მაინც გადაწყვიტეს, რომ „ლოტუს რენოს“ პილოტს მეოთხე ოპერაცია გაულეთონ.

„ლოტუს რენოს“ ექიმმა რიკარდო ჩეკარელიმ ახლახანს განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, გაუკეთებენ თუ არა მისი გუნდის პილოტს კიდევ ერთ ოპერაციას. მაგრამ, როგორც ჩანს, ამის აუცილებლობა არსებობს, თუმცა იტალიელმა ექიმებმა ისიც განაცხადეს, რომ მორიგი ქირურგიული ჩარევა, მრბოლის ჯანმრთელობის გაუარესების გამო არ დაინიშნა. იტალიელმა პროფესორმა ლუიჯი ჩელიმ განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანს, დაზიანებული იდაყვის ქმედუნარიანობის საბოლოო აღდგენაა.

კუბიცას უკვე სამი ოპერაცია გაუკეთესი, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი იყო. ამ ოპერაციამ, პოლონელი პილოტი მარჯვენა მკლავის ამპუტაციისგან გადაარჩინა. მეორე და მესამე ოპერაციისას, მისი მკლავის ზვლების კორექცია მოხდა. ახლა კი ჯერი იდაყვზე მიდგა. სხვათა შორის, მეორე და მესამე ოპერაციები, 8-8 საათს გრძელდებოდა.

შეძლებს თუ არა კუბიცა სრულად გამოჯანმრთელებას, ამ კითხვაზე ექიმებს ჯერ პასუხი არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ პირველ რიგში საჭიროა, რომ მისი ხელის ყველა ნაწილმა სრული ქმედუნარიანობა აღიდგინოს. ჩეკარელი ამბობს, რომ ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, თუ რა დრო დასჭირდება მრბოლის გამოჯანმრთელებას. ყველაფერი, ისევდაისევ, კუბიცას ორგანიზმზე იქნება დამოკიდებული.

Thursday, March 10, 2011

ბრანდლმა ახალ „მაკლარენს“ უმართავი ნაგავი უწოდა

McLaren's 2011 F1 car described as 'a mess' by Martin Brundle

10 მარტი

უკვე აშკარაა, რომ სეზონის დასაწყისში, მოწინავეთა შორის ვერ ვიხილავთ „მაკლარენის“ მანქანებს. MP4-26-ის არაკონკურენტუნარიანობის შესახებ, თავად ინგლისური გუნდის პილოტებიც ღიად საუბრობენ, ახლახანს კი, ეს მანქანა ბიბისის ფორმულა 1-ის რეპორტაჟების წამყვანებმა - ყოფილმა პილოტებმა, დევიდ კულტჰარდმა და მარტინ ბრანდლმა, ასევე ფორმულა 1-ის გუნდის (ჯორდანის) ყოფილმა მფლობელმა ედი ჯორდანმა გააკრიტიკეს.

„მე ეს მანქანა ტრასაზე ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ ის ნაგავია. ის სრულიად უმართავია, ვერ ამუხრუჭებს და ვერ უხვევს. ლუისმა მას ვერაფერი მოუხერხა. როგორც ჩანს, ახალ მანქანას ფუნდამენტური პრობლემები აქვს“, - „ტელეგრაფთან“ საუბრისას განაცხადა ბრანდლმა, ვინც ოდესღაც თავადაც „მაკლარენის“ პილოტი იყო.

„მაკლარენმა“ თავისი ახალი ბოლიდის პრეზენტაცია, თავის კონკურენტებზე გვიან წარმოადგინა და ტესტების პირველი სერიაც გამოტოვა. მანქანა რადიკალური აეროდინამიკით გამოირჩევა. მისი ყველა კვანძი ძალიან მჭიდროდაა განლაგებული, რაც ჰაერის ნაკადისადმი შემხვედრი წინააღმდეგობის შემცირების საშუალებას იძლევა. ძარის უკეთესი გარსშემოდენილობისათვის, რადიატორების კორპუსებს L-ის ფორმა მისცეს. მაგრამ პირველივე ტესტებმა აჩვენა, რომ MP4-26-ს სისწრაფე აკლია და მას მუდმივად აქვს ტექნიკური პრობლემები.

ედი ჯორდანმა განაცხადა, რომ მისი აზრით, „მაკლარენი“ მანქანის კონსტრუირებისას, ყოველთვის რადკალურ მიდგომას ირჩევს, რაც არასწორად მიაჩნია. ამასთან, ირლანდიელი გაოცებულია იმით, რომ ახალი მანქანების შექმნას თითქმის ყოველთვის, სხვადასხვა ინჟინრები ხელმძღვანელობენ.

„სადაა ევოლუციური პროცესი? სხვა გუნდებში ასეთ რამეს ვერ შეხვდებით. ედრიან ნიუი ასეთ რამეებს არ დაუშვებდა. კონსტრუირებისას, სხვა არცერთი ტოპ გუნდი რადიკალურ მიდგომებს არ იყენებს. ამ მანქანით ორივე მრბლი უკმაყოფილოა. ვფიქრობ, სეზონის დასაწყისში, მათ ურჩევნიათ, სრულიად ახალი მანქანის შექმნაზე დაიწყონ ზრუნვა“, - ამბობს ჯორდანი და დასძენს, რომ ადრე, როცა სეზონის მსვლელობისას, ტესტები აკრძალული არ იყო, რადიკალური მეთოდები ამართლებდა, რადგან მანქანის დახვეწის გაცილებით მეტი საშუალება არსებობდა. მაშინ „მაკლარენი“ და „ფერარი“ სწორედ ამის გამო იყვნენ დაუმარცხებლები. მაგრამ დღეს, როცა ტესტები მხოლოდ სეზონებს შორის ტარდება და ისიც შეზღუდულად, რადიკალიზმი მიუღებელია.

„ფოლკსვაგენი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

Citroen: Volkswagen threat no worry

10 მარტი

ევროპის უდიდესი საავტომობილო კომპანია „ფოლკსვაგენი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს. ჯერჯერობით, ვოლფსბურგელებს ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ჩემპიონატში მომავალი სეზონიდან ჩაებმებიან. ამასთან, რალის პროგრამის ბიუჯეტი 100 მილიონი ევრო იქნება.

ამ ინფორმაციის წყარო იტყობინება, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის პროგრამას, „ფოლკსვაგენი“ პორტუგალიის რალის დღეებში გააკეთებს. მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ეტაპს პორტუგალია 24-27 მარტს უმასპინძლებს.

ამგვარად, რალის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა სამიდან ოთხამდე გაიზრდება. ცნობისასთვის, მიმდინარე ჩემპიონატში სულ სამი მწარმოებლის გუნდები ასპარეზობენ. ესენია „სიტროენი“, „ფორდი“ და „მინი“. ამათგან ბოლო წლებში, თითქმის უალტერნატივო ლიდერია „სიტროენი“, რომელმაც ბოლო რვა სეზონში, კონსტრუქტორთა პირველობა ექვსჯერ მოიგო. რაც შეეხება პირად პირველობას, აქ შვიდი სეზონია, ბადალი არ ჰყავს ფრანგ სებასტიან ლოებს.

„როცა მათ (ფოლკსვაგენმა) დაკარის რალი რეიდში მონაწილეობა დაიწყეს, მაშინაც ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჰქონდათ, მაგრამ მათ „მიცუბიში“ უგებდა, რომელიც ფულს თითქმის არ ხარჯავდა. ალბათ ეს მუშაობის გერმანული სტილია და ის მე საერთოდ არ მაღელვებს“, - ამბობს „სიტროენის“ ავტო სპორტული პროგრამის შეფი ოლივიე კესნელი.

ჯერჯერობით, ავტოსპორტში „ფოლკსვაგენის“ ძირითადი მიმართულება დაკარია, სადაც გერმანული კომპანიის მანქანებს (ფოტოზე) უკვე ოთხი სეზონია, ვერავინ უგებს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ფოლკსვაგენამდე“ დაკარი ზედზედ ცხრაჯერ „მიცუბიშის“ მანქანებმა მოიგეს.

დაბოლოს, არაა გამორიცხული, რომ მალე მსოფლიო ჩემპიონატში კიდევ რამდენიმე კომპანია - „ჯენერალ მოტორსი“, „სააბი“, „ტოიოტა“ და „ჰიუნდაი“ ჩაერთოს.