ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, February 13, 2011

ჰივონენმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

Hirvonen holds off Ostberg to win in Sweden

13 თებერვალი

მიკო ჰირვონენი და მისი თანა-პილოტი იარმო ლეჰტინენი გამარჯვებას ზეიმობენ

..............................

ფინელი მიკო ჰირვონენის გამარჯვებით დაიწყო რალის მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის პირველ ეტაპსაც შვედეთის თოვლიანმა გზებმა უმასპინძლა. ჰირვონენთან ერთად, ახალი სეზონი ტრიუმფით დაიწყო „ფორდმა“ რომლის „ფიესტათი“ მოასპარეზე სამმა ეკიპაჟმაც კვარცხლბეკის სამივე საფეხური დაიკავა. ჰირვონენმა დაძაბულ პაექრობაში აჯობა ნორვეგიელ მადს ოსტბერგს, რომელიც გამარჯვებულს სულ რაღაც 6.5 წამით ჩამორჩა.

„ბოლო სპეცმონაკვეთის წინ ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა. სეზონი შესანიშნავად დავიწყეთ - ახალი მანქანით, პირველსავე ეტაპზე შევძელით გამარჯვება. ეს მანქანა მართლა ძალიან სწრაფია და ოპტიმიზმის რეალურ საფუძველს მაძლევს“, - განაცხადა ჰირვონენმა, რომელმაც კარლსტადის რბოლა ზედიზედ მეორედ მოიგო. ფინელი პილოტისთვის, ეს მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული მე-13 გამარჯვებაა.

რაც შეეხება ოსტბერგს, ის კვარცხლბეკზე პირველად ავიდა, მესამე ადგილი კი ჰირვონენის თანამემამულემ და თანაგუნდელმა, იარი-მატი ლატვალამ დაიკავა. მხოლოდ ამის შემდეგ არიან „სიტროენის“ ეკიპაჟები, რომელთა შორისაც ყველაზე სწრაფი ფრანგი სებასტიან ოჟიე გამოდგა. ამან პირველივე სუპერ სპეცმონაკვეთი მოიგო, თუმცა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. თუმცა, სუპერ სპეცმონაკვეთის მოგებისთვის, სამი ქულა მაინც მოიპოვა.

სხვათა შორის, ბოლოსწინა სპეცმონაკვეთზე, ოჟიე თოვლის გროვას შეეჯახა, რამაც მისი მანქანის საჰაერო ფილტრი თოვლით გაჭედა. ამან ოჟიეს დრო დააკარგვინა, რის გამოც, მან მეხუთეზე გადაინაცვლა. თუმცა ფორტუნამ „თავისი“ მეოთხე ადგილი მაინც დააბრუნებინა. საქმე ისაა, რომ პარასკევს, სპეცმონაკვეთებს შორის მოძრაობისას, სიჩქარის გადაჭარბების გამო, პოლიციამ ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი დააჯარიმა. მაგრამ მართვის ლიცენზია მხოლოდ ორი დღის შემდეგ შეუჩერეს. ამიტომ, ბოლო სპეცმონაკვეთზე საჭეს მისი თანა-პილოტი (ნავიგატორი) კრის პატერსონი მიუჯდა, რომელმაც მეოთხე ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო. ნაფინიშევს პატერსონმა აღიარა, რომ სარბოლი ავტომობილის საჭეს რბოლაში პირველად მიუჯდა და გასაკვირი არაა, რომ ბევრი დრო დაკარგა.

რბოლა მხოლოდ მეექვსე ადგილზე დაასრულა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა, რომელმაც სუპერ სპეცმონაკვეთზე მეორე შედეგი აჩვენა და ამით ორი ბონუს ქულა დაიმსახურა, თუმცა ამის შემდეგ, რამდენჯერმე ბორბალი დაუზიანა, რამაც ბევრი დრო დააკარგვინა. მერვე ადგილს დასჯერდა ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპი 3-6 მარტს, მექსიკაში ჩატარდება.

შვედეთის რალის შედეგები

1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდ აბუ დაბი WRT) 3:23:56.600

2. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, M-სპორტ ფორდი) +00:06.500

3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდ აბუ დაბი) 00:34.000

4. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენ ტოტალ WRT) 00:47.700

5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენ სოლბერგ ტიმ) 01:31.200

6. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენ ტოტალ WRT) 02:30.300

7. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, ფორდ ანდერსონი) 06:22.000

8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენ აის1 რეისინგ) 07:02.300

9. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, M-სპორტ ფორდი) 10:11.500

10. ხალიდ ალ ყასიმი (ემირატები, ფორდ ტიმ აბუ დაბი) 10:31.100

პილოტთა კლასიფიკაცია

1. მიკო ჰირვონენი - 25 ქულა; 2. მადს ოსტბერგი - 18; 3. იარი-მატი ლატვალა - 16; 4. სებასტიან ოჟიე - 15; 5. პეტერ სოლბერგი - 10; 6. სებასტიან ლოები - 10; 7. პერ-გუნარ ანდერსონი - 6; 8. კიმი რაიკონენი - 4; 9. მეტიუ უილსონი - 2; 10. ხალიდ ალ ყასიმი - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. ფორდ აბუ დაბი WRT - 40 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ WRT - 22; 3. M-სპორტ შტობარტ ფორდ WRT - 18; 4. აის1 რეისინგი - 8; 5. ფორდ ტიმ აბუ დაბი - 6; 6. ფერმ პაუერტულზ WRT - 4; 7. მონსტერ WRT - 2

Friday, February 11, 2011

„ფერარის“ ახალი მანქანის სახელი შეაცვლევინეს

Ferrari Changes 2011 Car Name Into F150th Italia

10 თებერვალი

„ფერარის“ ახალი სარბოლი მანქანის პეზენტაციის შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ „ფორდი“ მისთვის სახელის შეცვლას მოითხოვდა. და ამერიკულმა კომპანიამ რეაქცია არ დააყოვნა - იტალიურ გუნდს სასამართლოთი დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მისი ყველაზე წარმატებული ბრენდის - F-150-ის გამოყენებაზე უარს არ იტყოდა.

საქმე ისაა, რომ ამ ინიციალით, ცისფერი ოვალი ამერიკაში ყველაზე პოპულარულ ავტომობილს - პიკაპ F-150-ს აწარმოებს. მარანელოელებს კი, თავიანთი ბოლიდისთვის ამ სახელის დარქმევით, იტალიის გაერთიანების 150 წლის იუბილეს აღნიშვნა სურდათ. მართალია, „ფერარის“ ყოველივეს თაობაზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გამოუქვეყნებია, მაგრამ კომპანიიდან გამოსული ინფორმაცია გვატყობინებს, რომ მანქანისთვის სახელის შეცვლა უკვე გადაწყვეტილია.

სანამ ეს მოხდებოდეს, გუნდმა ხერესის ვარჯიშებზე უკვე გამოიყვანა სახელშეცვლილი ბოლიდი, რომელიც უკვე „ფერარი F150th იტალიად“ მოიხსენიება. უფრო მეტიც, ვალენსიას ბოლო ტესტის ერთ-ერთ რეპორტაჟშივე, წითელი ბოლიდი სწორედ ამ სახელით მოიხსენიებოდა.

სხვათა შორის, „ფორდი“ თავისი სარჩელით, რომელიც დეტროიტის ფედერალურ სასამართლოში უკვე შეტანილია, ასევე მოითხოვს, რომ იტალიურმა კომპანიამ სახელი შეუცვალოს მანქანისადმი მიძღვნილ ინტერნეტ საიტს, რომლის მისამართიცაა ferrari150.com. უნდა ითქვას, რომ ეს საიტი უკვე ინტერნეტის 149 ქვეყნის მომხმარებლებს მოუნახულებიათ და ამ ფაქტის აღნიშვნისას, „ფერარიმ“ თავისი ბოლიდი „ფერარი F150th იტალიად“ მოიხსენია. საიტზე უკვე შეცვლილია ის რეპორტაჟიც, რომელშიც მარანელოელები ახალი სარბლი მანქანის პრეზენტაციას აღწერენ.

ყოველივეს მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია, დაკმაყოფილდა თუ არა ყოველივეთი ამერიკული კომპანია, რომელიც ერთ დროს, ფორმულა 1-ში თავადაც მონაწილეობდა.

კუბიცას პირველი ინტერვიუ ავარიის შემდეგ

Kubica Gives First Interview After Crash

11 თებერვალი

რობერტ კუბიცას მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება და ინტენსიური თერაპიის პალატის დატოვების შემდეგ, მან პირველი ინტერვიუც მისცა. პოლონელ პილოტთან გასაუბრების პატივი, „გაძეტა დელო სპორტის“ ჟურნალისტ პინო ალიევის ერგო. ინტერვიუს დროს, კუბიცამ იმედი გამოთქვა, რომ ფორმულა 1-ს წლევანდელი სეზონის დასრულებამდე დაუბრუნდება და თუნდაც ერთ რბოლაში მაინც მიიღებს მონაწილეობას.

„მომხდარის შესახებ, არაფერი მახსოვს. მაგრამ ასეთი შემთხვევები ადამიანს უფრო აწრთობს. მინდა, მომხდარის გამო, დედაჩემს მოვუბოდიშო. ახლა ყველაფერი გაცილებით უკეთაა - თითებს და მკლავს ვამოძრავებ. მაგრამ ეს ჯერაც არაფერს ნიშნავს. როცა რეაბილიტაციის კურსს დავასრულებ, მერე შევძლებ იმის თქმას, თუ რა იქნება მომავალში. როგორც პილოტი, დაბრუნების შემდეგ უფრო ძლიერი ვიქნები. ძალიან მინდა, ამ სეზონშივე დავბრუნდე“, - ამბობს პოლონელი პილოტი.

გუშინ კუბიცას მეორე, ოთხსაათიანი ოპერაცია გაუკეთეს, რისი მიზანიც, იდაყვის და ფეხის სტაბილიზაცია იყო. უფრო მეტიც, როგორც ამბობენ, მას კიდევ ორი ოპერაციის გადატანა მოუწევს, რომელთა მიზანიც, ავარიის შედეგების გამოსწორება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს, „ლოტუს რენოს“ პილოტი მშვიდადაა და ოპტიმისტურადაა განწყობილი. არადა, პირველი ოპერაციის შემდეგ ის შიშობდა, რომ პარალიზებული იყო და ვერასდროს დაუბრუნდებოდა ნორმალურ ცხოვრებას.

„მარჯვენა მკლავი ახლა უკეთ მაქვს, ვიდრე შვიდი წლის წინ, სიმთვრალეში მომხდარი ავარიის შემდეგ. მისი სრული ქმედუნარიანობის აღსადგენად, ბევრი მუშაობა მომიწევს, მაგრამ ამის შიში არ მაქვს. ფ1-სთვის, უფრო მეტსაც შევძლებ. რამდენად გამომივა დაბრუნება, ამას მოგვიანებით ვნახავთ. ძალიან მესიამოვნა, როცა ჩემს სანახავად მოსული ბრიატორე დავინახე. ის განსაკუთრებული პიროვნებაა. შემდეგ ალონსო, ლოპესი, პეტროვი, ალეზი და ლიუცი მოვიდნენ. ძალიან გამიხარდა. ტრასაზე ამ ხალხის რეალურ სახეს ალბათ ვერასდროს დავინახავდი“, - ყვება ყველასადმი მადლიერი კუბიცა, რომელსაც ხერესის ავტოდრომის პადოკიდან, მხარდაჭერა ფ1-ის სხვა პილოტებმაც გამოუცხადეს.

Tuesday, February 8, 2011

„ფორს ინდია“ მეხუთე ადგილს უმიზნებს

Force India targets fifth with new car

8 თებერვალი

კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც თავისი ახალი მანქანა ხერესის ტესტების წინ გამოამზეურა, „ფორს ინდიაა“, რომელიც იმედოვნებს, რომ ახალ სეზონში, მის პილოტებს ხშირად ვიხილავთ კვარცხლბეკზე, გუნდი კი ჩემპიონატს მეხუთე ადგილზე დაასრულებს.

VJM04 - ასე ჰქვია ინდური გუნდის ახალ მანქანას, რომლის პრეზენტაციაც ინტერნეტით, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. პრეზენტაციის დროს, „ფორს ინდიას“ მთავარმა აღმასრულებელმა ოტმარ შაფნაუერმა განაცხადა, რომ მის გუნდს, ახალ სეზონში ამბიციური მიზნები ექნება.

„გასულ სეზონში, ჩვენ მეშვიდე ადგილი დავიკავეთ, სეზონის მსვლელობისას კი ხშირად ვიყავით მეექვსეზე. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შედეგების გაუმჯობესებას და გამონაკლისი არც ახალი სეზონი იქნება, რომლის უფრო მაღალ საფეხურზე დასრულების იმედიც გვაქვს. უფრო კონკრეტულად კი, ჩვენი მიზანი მეხუთე ადგილია და მას რომ მივაღწიოთ, დასაწყისიდანვე უნდა შევუდგეთ ქულების დაგროვებას. ამისათვის კი მუდმივი განვითარებაა საჭირო. და თუ ყველაფერი კარგად იქნა, კვარცხლბეკზე ჩვენი პილოტების ასვლასაც არ გამოვრიცხავთ“, - ამბობს შაფნაუერი.

მეხუთე ადგილი მიღწევად მიზნად მიაჩნია გუნდის გერმანელ პილოტ ადრიან სუტილს, რომელიც ინდურ გუნდში მეხუთე სეზონს გაატარებს. ის დარწმუნებულია, რომ სეზონის დასაწყისში, ქულებისთვის ბრძოლას შეძლებს და ამბობს, რომ მთავარია, გუნდმა განვითარება გააგრძელოს და ტემპი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს.

ახალი სეზონისთვის უკეთე მოსამზადებლად, „ფორს ინდიამ“ აეროდინამიკოსების პერსონალი გაზარდა. თუმცა, ორი გამოცდილი სპეციალისტიც (ჯეიმს კეი და მარკ სმიტი) დაკარგა, რომლებიც სხვა გუნდებმა გადაიბირეს.

ახალ სეზონში, სუტილს თანაგუნდელად ბრიტანელი პოლ დი რესტა ეყოლება, ვისთვისაც ეს სადებიუტო სეზონი იქნება. მაგრამ რამდენადაც, დი რესტა ევროპულ ფორმულა 3-სა გერმანულ ტურიზმის კლასში (DTM) უკვე იყო ჩემპიონი, მისგან მაინც ყველა კარგ შედეგებს ელის...

VJM04-ს არ აქვს სხვებივით მკვეთრად მაღლა აწეული ცხვირი, თუმცა ზოგიერთი თავისებურებით მაინც გამოირჩევა. ყველაზე მეტად, ეს უსაფრთხოების რკალს ეხება, რომელმაც ვერტიკალური სიბრტყის ფორმა მიიღო და ძრავის ჰაერის ამღებს შუაზე ჰყოფს. ეს ელემენტი ცენტრალური სტაბილიზატორის მოვალეობას ასრულებს და გუნდის ტექნიკურ დირექტორ ენდი გრინის თქმით, ჰაერის მოწესრიგებული ნაკადის შექმნას უწყობს ხელს. გრინი დასძენს, რომ „ფორს ინდიამ“ კიდევ არაერთი სიახლე დანერგა, რომლებსაც მანქანის კორპუსი ფარავს.

დაკიდევ: ახალი მანქანა ისევ „მერსედესის“ ძრავითაა აღჭურვილი, რომელთანაც „მაკლარენის“ წარმოების 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია შეწყვილებული. ამასთან, ინდური გუნდი სამქიმიანებისავე წარმოების სისტემა კერს-ს გამოიყენებს.

„ისპანიაც“ მზადაა, მაგრამ ხერესში არ იქნება

HRT reveals first image of new car

8 თებერვალი

გასული სეზონის გამოკვეთილმა აუტსაიდერმა „ისპანია რეისინგმა“ თავისი ახალი სარბოლი მანქანის, F111-ის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ახალ სეზონში, მისი მთავარი მიზანი, პროგრესისთვის რეალური საფუძვლის შექმნა იქნება. ფოტოზე, ახალი მანქანა გუნდისთვის ახალი გაფორმებით წარსდგა, რომლითაც მისი პილოტები ახალ სეზონში იასპარეზებენ.

„ისპანია რეისინგის“ შეფმა კოლინ კოლესმა განაცხადა, რომ ამ სეზონშიც მისი მიზანი, აუტსაიდერთა რიგებიდან თავის დაღწევა იქნება. ამისათვის, ტექნიკურმა დირექტორმა ჯეფ უილისმა და მთავარმა დიზაინერმა პოლ უაითმა თავი არ დაზოგეს და ისინი ირწმუნებიან, რომ განვითარების პოტენციალის მქონე ავტომობილი შექმნეს.

ახალი მანქანის გასაფორმებლად, კოლესმა გუნდში მანქანების გაფორმების ექსპერტი დანიელ საიმონი მიიწვია, რომელმაც „ისპანია რეისინგის“ ახალი კორპორატიული სახე შექმნა. ავტომობილის ძჲრითადი ფერი თეთრია, რომელზეც ორგანულადაა შერწყმული საფინიშო დროშის კუბიკები. ამგვარად, ავტომობილი ტრასაზე უფრო ცნობადი გახდება. მთავარია, მან ტელეოპერატორების ყურადღება კარგი შედეგებით მიიქციოს ხოლმე.

„F111 ჩვენი გუნდის მიერ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვფიქრობ, წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ფორმულა 1-ში ჩვენი მეორე სეზონის წინ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, რისი დასტურიც ეს მანქანაა. ამგვარად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ფ1-ში გამოსვლების გაგრძელებას ვაპირებთ“, - განაცხადა კოლესმა.

„ისპანია რეისინგის“ პრეზიდენტმა ხოსე რამონ კარაბანტემ განაცხადა, რომ ეს მანქანა მხოლოდ საბაზისო ვარიანტია, რომელიც სეზონის განმავლობაში დაიხვეწება და გუნდს პელოტონის ბოლოდან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს. თუმცა, ისიც აღიარა, რომ ეს ადვილი არ იქნება.

სხვათა შორის, ავტომობილს ჯერ სავალდებულო ქრეშ ტესტი არ გაუვლია, რის გარეშეც, ტესტებზე არ დაიშვება. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ „ისპანია რეისინგი“ ხერესის ტესტებზე ახალი მანქანის გამოყვანას ვერ შეძლებს.

დაკიდევ, გუნდს ჯერჯერობით ერთადერთი სპონსორი ჰყავს ინდურ საავტომობილო მწარმოებელ „ტატა მოტორსის“ სახით. თანაც, ის ინდოელ პილოტ ნარაინ კართიკეიანს უჭერს მხარს, რისთვისაც ესპანურ გუნდს ბიუჯეტს 8 მილიონი დოლარით შეუვსებს. რაც შეეხება დანარჩენ სპონსორებს, გუნდს ჯერ სხვა არავინ ჰყავს, სპონსორებისთვის განკუთვნილ ადგილზე კი საიმონმა მოხდენილად მიაწერა: აქ შეიძლება იყოთ თქვენ...

Monday, February 7, 2011

„ვირჯინ MVR-02“ - დაბალი ცხვირით და ქულების იმედით

Marussia Virgin Reveals New MVR-02 Car

7 თებერვალი

ინგისურმა გუნდმა „ვირჯინმა“, რომელსაც ახალი სეზონიდან პარტნიორობას რუსული კომპანია „მარუსია მოტორსი“ უწევს, თავისი ახალი სარბოლი მანქანის, MVR-02-ის პრეზენტაცია ლონდონში, ბიბისის სატელევიზიო ცენტრში მოაწყო. პრეზენტაციამდე, გუნდმა ვალენსიაში საშუალედო მანქანით ივარჯიშა.

მანქანის აბრევიატურაში ასო M-ის გამოჩენა იმის ნიანია, რომ გუნდის მმართველობაში რუსული კომპანიის წარმომადგენლები შევიდნენ. ამიერიდან საჯინიბო ოფიციალურად „ვირჯინ-მარუსიად“ მოიხსენიება. ახალი თანამფლობელის მოსვლამ კი, სახელის ცვლილებასთან ერთად, მანქანის შეფერილობის შეცვლაც მოიტანა.

რამდენად დადებითად აისახება ყოველივე მისი პილოტების - გამოცდილ გერმანელ ტიმო გლოკისა და ბელგიელ ახალწვეულ ჟერომ დ’ამბროზიოს შედეგებზე, ეს ძნელი სათქმელია. სიტყვიერად კი მის ახალ შეფს, რუს შოუმენსა და ბიზნესმენ ნიკოალი ფომენკოს იმედი აქვს, რომ მისი საჯინიბო ახალ სეზონში, საშუალო გუნდებთან ბრძოლას შეძლებს.

ამის იმედს იძლევა მანქანის შემქმნელი, ცნობილი კონსტრუქტორი ნიკ უირტი, რომელმაც „ვირჯინის“ პირველი ბოლიდის მსგავსად, მეორე მანქანაც მთლიანად კომპიუტერით დააპროექტა. რა შეუძლია ახალ მანქანას, ამას ზერელედ ხერესის ტესტებისას შევიტყობთ, უფრო კარგად კი მის შესასძლებლობებზე წარმოდგება ჩემპიონატის პირველი ეტაპის - ბაჰრეინის დიდი პრიზის შემდეგ შეგვექმნება.

კუბიცას მდგომარეობა „სტაბილური, თუმცა სერიოზულია“

Kubica's condition is 'stable but serious'

7 თებერვალი

იტალიაში, რალი ანდორას ტურის პირველივე სპეცმონაკვეთზე ავარიაში მოყოლილ პოლონელ რობერტ კუბიცას კვირასვე, ოპერაცია გაუკეთდა, რის შემდეგაც, ექიმებმა ის ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს, რათა გამოჯანმრთელების პროცესმა გართულების გარეშე დაიწყოს.

ჩრდილო-დასავლეთ იტალიის ქალაქ პიეტრა ლიგურეს ჰოსპიტალ სანტა კორონაში ოპერაცია 7 საათს გრძელდებოდა. ექიმების მიზანს, მარჯვენა ხელის ქმედითუნარიანობის შენარჩუნება წარმოადგენს. ისინი პილოტის მდგომარეობას აფასებენ, როგორც „სტაბილურს, თუმცა სერიოზულს“.

პროფესორი მარიო იგორ როსელო, ვინც კუბიცას ხელზე ოპერაციას ხემძღვანელობდა, ამბობს, რომ კმაყოფილია ტრავმირებულის ხელის მდგომარეობით და ოპერაციის შედეგით, თუმცა დასძენს, რომ ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, რამდენად სრულად აღუდგება კუბიცას ხელის ქმედითუნარიანობა.

„ძალიან ძნელი, თუმცა აუცილებელი ოპერაცია ჩავატარეთ. რობერტ კუბიცას მარჯვენა მკლავზე ორი ღრმა ჭრილობა აქვს. სერიოზულადაა დაზიანებული ძვლები და მყესები. ოპერაციის დროს ყველაფერი ვიღონეთ, რომ მისი მკლავის ქმედითუნარიანობა სრულად აღგვედგინა. ოპერაციაში მონაწილეობა შვიდმა ექიმმა მიიღო, რომლებიც ორ ჯგუფად გავიყავით და საერთო ჯამში, ოპერაციას შვიდი საათი მოვუნდით“, - ყვება პროფესორი და დასძენს, რომ ოპერატორთა პირველ, საგანგებო ჯგუფში, სავონას სან პაოლოს ჰოსპიტალის ქირურგები შევიდნენ, რომლებსაც ტრავმირებული ადგილების პირველადი დამუშავება დაევალათ. ოპერაციის მეორე ნაწილი კი ჰოსპიტალ სანტა კორონას ორთოპედიული დეპარტამენტის სპეციალისტებმა ჩაატარეს.

პროფესორი როსელო ამბობს, რომ რაც მთავარია, ოპერაციის შემდეგ, კუბიცას ხელი თბილი იყო და ის გამაღიზიანებელ ფაქტორებზე რეაგირებდა. ეს კი ნიშნავს, რომ სისხლძარღვთა მუშაობა აღსდგა, ნერვული დაბოლოებები კი თავიანთ ფუნქციას ასრულებენ.

მაგრამ ექიმები ვარაუდობენ, რომ დაზიანებული ხელის რეაბილიტაციას ხანგრძლივი პროცედურები დასჭირდება და შესაძლოა, პოლონელ პილოტს მთელი სეზონის გამოტოვება მოუხდეს. პროფესორი როსელო ამბობს, რომ მინიმუმ ერთი კვირა იქნება საჭირო იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს კუბიცას ხელის შემდგომ ბედზე ლაპარაკი. თუმცა მთავარი ისაა, რომ ოპერაციამ ამ ეტაპზე, მისი ამპუტირების საჭიროება გამორიცხა.

P.S. სანტა კორონას ჰოსპიტალის ტრავმული ცენტრის დირექტორის, დოქტორ ჯორჯო ბარაბინოს თქმით, კუბიცა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კიდევ ერთ დღე-ღამეს გაატარებს, შემდეგ კი განმეორებითი ოპერაცია დასჭირდება. ბარაბინო დასძენს, რომ დაშავებულს ბევრი სისხლი აქვს დაკარგული, თუმცა, სისხლის მიმოქცევა სრულად აღდგა და ფილტვებიც ავტონომიურად მუშაობს. არადა, ჰოსპიტალში მიყვანის მომენტიდან, სტაბილიზაციის პირველი ფაზა ხანგრძლივი და რთული იყო.

Sunday, February 6, 2011

კუბიცა ჰოსპიტალში მოხვდა

Robert Kubica Taken to Hospital After Serious Rally Crash

6 თებერვალი

სეზონის დაწყებამდე თვეზე ცოტა მეტი დარჩა, „ლოტუს რენოს“ კი უკვე სერიოზული პრობლემა შეექმნა - იტალიის ჩრდილო-დასავლეთში, რალი ანდორას (ეს ქალაქი-სახელმწიფო ანდორა არაა) ტურზე ასპარეზობისას, სერიოზული ინციდენტი შეემთხვა ფრანგულ-ინგლისური გუნდის პოლონელ პილოტ რობერტ კუბიცას, რომელიც ვერტმფრენით ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ჰოსპიტლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია გვატყობინებს, რომ პოლონელ პილოტს მარჯვენა მკლავის მრავალჯერადი მოტეხილობა აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ახალი სეზონის დასაწყისის რამდენიმე ეტაპის გამოტოვება მოუწევს.

კუბიცა სუპერ 2000-ის ეტაპზე მონაწილეობდა. რბოლის პირველივე სპეცმონაკვეთზე, იტალიის სოფელ ტესტიკოს მახლობლად, სტარტიდან მხოლოდ 4.5 კილომეტრი ჰქონდა გავლილი, რომ მან თავის „შკოდა ფაბიაზე“ მართვა დაკარგა და გზისპირა მეტალის ზღუდეს შეეჯახა. ავარიამ იმდენად სერიოზულად დააზიანა მანქანა, რომ იქიდან პილოტის გამოყვანა მხოლოდ ერთი საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი. და ესეც მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ევაკუაციაში სპეციალური სამაშველო სამსახური ჩაება.

მარჯვენა მკლავის გარდა, კუბიცას მარჯვენა ფეხიც დაზიანებული აქვს, თუმცა მთავარი ისაა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უფრო მეტიც, მას არც ევაკუაციამდე და არც სამედიცინო გამოკვლევისას, გონება არ დაუკარგავს. ინციდენტს სერიოზული დაზიანების გარეშე გადაურჩა კუბიცასა ნავიგატორი იაკუბ გერერი. ერთი შეხედვით, პოლონელს ტრავმა მარცხენა მხარეს უნდა მიეღო, მაგრამ მანქანა ზღუდეს იმგვარად დაეჯახა, რომ მისი ძირი, პილოტის მარჯვენა ფეხის მხრიდან დაზიანდა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ კუბიცას მარჯვენა ხელი და ფეხი აქვს დაზიანებული.

მოგვიანებით, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები ამბობენ, რომ მათი მთავარი ამოცანა, ამ ეტაპზე, ხელის სისხლით ნორმალურად მომარაგების შენარჩუნებაა. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე, ხელის ამპუტაციის საჭიროება გამოირიცხა, თუმცა ექიმები ჯერ ვერ ამბობენ, რამდენად სრულფასოვნად გამოიყენებს ამ ხელს მომავალში პოლონელი პილოტი.

ახლა „ლოტუს რენოს“ გადასაწყვეტი აქვს, თუ ვინ უნდა დასვას პირველ რბოლებზე კუბიცას მონოპოსტზე. თუ პოლონელს სწრაფ გამოჯანმრთელებას უწინასწარმეტყველებენ, მაშინ სავარაუდოდ, მის ადგილს დროებით ბრუნო სენა დაიკავებს. მაგრამ თუ ტრავმის მოშუშების პერიოდი გაიჭიმა, მაშინ გუნდი ალბათ უფრო გამოცდილი პილოტის მიწვევას ამჯოინებს.

Saturday, February 5, 2011

„მაკლარენის“ პილოტებს ახალი მანქანა ოპტიმისტურად განაწყობს

Hamilton eyes title with new McLaren

5 თებერვალი

ჰამილტონი (მარცხნივ) და ბატონი ახალი მანქანით კმაყოფილები არიან

..............................

„მაკლარენის“ ახალმა ბოლიდმა აღფრთოვანებული დატოვა მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი, ბრიტანელი ლუის ჰამილტონი, ვინც იმედოვნებს, რომ MP4-26 მეორე ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.

ახალი მანქანა რამდენიმე რადიკალური აეროდინამიკური გადაწყვეტით გამოირჩევა და მას კერს-ის (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) სრულიად ახალი სისტემა აქვს. თუმცა, ჯერ ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად კონკურენტუნარი იქნება ტრასაზე. თუმცა, ჰამილტონი იმედოვნებს, რომ ამ მანქანით უფრო მეტს მიაღწევს, ვიდრე შარშან.

„იმედი მაქვს, ეს მანქანა რეალურადაც ისეთივე კარგი იქნება, როგორც ვიზუალურად ჩანს. ახალი სეზონის წინ კარგად დავისვენე და ისევა კარგად ვარ მომზხადებული, როგორც ფ1-ში ჩემი სადებიუტო სეზონის წინ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი ჩვენს ინჟინრებთან და დიზაინერებთან ინტენსიური საუბრები მქონდა, რამაც თავდაჯერებულობა შემმატა. მჯერა, რომ ამ მანქანით, კვლავ ჩემპიონობისთვის ბრძოლას შევძლებთ“, - ამბობს ჰამილტონი და დასძენს, რომ ამ სეზონში მისი ერთადერთი მიზანი სწორედ ჩემპიონობა იქნება:

„ეს ფორმულა 1-ში ჩემი მეხუთე სეზონი იქნება. ახლა ჩემი მიზანი ისაა, რომ ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო და ისევე როგორც შარშან, ჩემპიონობისთვის ბოლო რბოლამდე ვიბრძოლო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელი იქნება. ჩემი და ჯენსონის გარდა, ტრასაზე კიდევ სამი ჩემპიონი იქნება. ახლა იმაზე ლაპარაკი შეუძლებელია, თუ ვინ გახდება ჩემპიონი. მჯერა, რომ არაერთი საინტერესო, ძალიან დაძაბული ბრძოლა გველის. დარწმუნებული ვარ, შარშანდელივით, ჩემპიონის ვინაობას ბოლო რბოლა გამოავლენს და იმედია, ეს „მაკლარენის“ პილოტი იქნება“.

ოპტიმისტურადაა განწყობილი ჰამილტონის თანაგუნდელი და თანამემამულე ჯენსონ ბატნიც, ვინც ჩემპიონი 2009 წელს გახდა და იმავე სეზონის შემდეგ, „ბრაუნიდან“ „მაკლარენში“ გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის სრულიად უცხო გარემოში მოხვდა, თანაც ისეთი მანქანის პილოტირება უწევდა, რომელიც მასზე გაცილებით დაბალი ჰამილტონისთვის იყო შექმნილი, მან ტიტულის შესანარჩუნებლად მაინც იბრძოლა და ერთხანს ჩემპიონატის ლიდერიც კი იყო. ახლა კი, როცა მანქანა მისი და მისი თანაგუნდელის პარამეტრების შესაბამისად მომზადდა, ბატონს უფრო მეტის იმედი აქვს:

„მიკვირს, როცა ვაცნობიერებ, რომ ამ გუნდში მხოლოდ ერთი სეზონი მაქვს გატარებული, რადგან მას კარგად შევეწყე და აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც ამ მანქანის საჭეს პირველად მივუჯდები. სიმულატორზე მუშაობისას შემექმნა შთაბეჭდილება, რომ „პირელის“ ახალი საბურავები, ჩემს სარბოლო სტილს შეეფერება. ასე რომ, მათი დახმარებით, გარკვეული უპირატესობის მოპოვებას ვიმედოვნებ. ახალი მანქანის პრეზენტაციით კი, ჩვენთვის ახალი სეზონი უკვე დაიწყო. ახლა მთავარია, რომ პირველმა ტესტებმა ჩვენი ოპტიმიზმი გაამყაროს“.

„მაკლარენი“ რადიატორების U-ფორმის ჰაერის ამღებებს განმარტავს

McLaren explains U-shaped sidepods

5 თებერვალი

შეიძლება ითქვას, რომ ფორმულა 1-ის ახალი სეზონი უკვე დაწყებულია. გუნდების უმეტესობამ, თავიანთი ახალი მანქანები უკვე წარმოადგინა და მათი ტესტირებაც მოასწრო. მათ შორის ყველაზე მეტი აჟიოტაჟი კი, „მაკლარენის“ პრეზენტაციას მოჰყვა, რომლის დროსაც, ყველაზე რადიკალური და აგრესიული აეროდინამიკის მქონე ავტომობილი ვიხილეთ. საყოველთაო განხილვის საგანი კი უცნაური ფორმის მქონე, რადიატორების U-ფორმის ჰაერის ამღებები გახდა.

ჯერ ვერავინ იტყვის, რამდენად მომგებიანია ამ ფორმის კონსტრუქცია. თუმცა ეჭვიც არ უნდა შევიტანოთ იმაში, რომ ძლიერმა გუნდებმა უკვე დაიწყეს ანალოგიური ელემენტის მასშტაბური მოდელების შექმნა, რათა ისინი აეროდინამიკურ მილში შეამოწმონ და დარწმუნდნენ მის ეფექტურობაში. მაგრამ ფაქტია, რომ სეზონის დასაწყისში, მსგავსი ელემენტი მხოლოდ „მაკლარენის“ ბოლიდებზე იქნება. უბრალოდ, ანალოგიური დეტალების დასამზადებლად, დიდი დრო და არსებული მანქანების კონსტრუქციების მნიშვნელოვანი შეცვლა იქნება საჭირო...

„მაკლარენის“ ტექნიკური დირექტორი პადი ლოუ კი თავისი გუნდის სიახლეს შემდეგნაირად განმარტავს: იმის გამო, რომ აიკრძალა ორმაგი დიფუზორის გამოყენება, მანქანის უკანა ნაწილს, გზასთან ჩაჭიდება შეუმცირდა. ამ დანაკარგის ანაზღაურებას კი რადიკალური ზომების მიღება დასჭირდა. საჭირო გახდა უკანა ფრთის დაბლა ზონაში, ჰაერის მოწესრიგებული ნაკადის მიწოდება. ამ ნაკადის შექმნას კი სწორედ რადიატორის კორპუსსა და კოკპიტს შორის შექმნილი ერთგვარი არხი უზრუნველყოფს. ჰაერის აქ წარმოქმნილი ნაკადის მოწესრიგებას ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ მანქანის ბაზა დაგრძელებულია (ეს იმის შედეგია, რომ საჭირო გახდა ბაზაში სისტემა კერს-ის მოთავსება).

სხვათა შორის, ორმაგი დიფუზორის აკრძალვის შემდეგ, თითქმის ყველა გუნდმა, მანქანის უკანა ნაწილი, სადაც უკანა საკიდარის ბერკეტები მდებარეობს, ძლიერ მოაშიშვლა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ მანქანის ამ ნაწილში, ჰაერის რაც შეიძლება ძლიერმა ნაკადმა იმოძრაოს.

„მაკლარენის“ საინჟინრო შტაბის შეფი ტიმ გოსი კი ამბობს, რომ მანქანის უკანა ნაწილის აეროდინამიკის დახვეწის გარდა, გუნდის მიზანს „პირელის“ საბურავებთან შეგუება წარმოადგენს. მისი თქმით, ახალი საბურავი თავის ხარისხს მაქსიმუმ 10 წრის განმავლობაში ინარჩუნებს. ინჟინრების მიზანი კი ისაა, რომ შექმნან ისეთი საკიდარი, რომელიც საბურავის ხარისხის, რაც შეიძლება, დიდი ხნით შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

ამასთან, გოსი გასძენს, რომ უკვე დადგენილია მანქანის ის ადგილები, რომელთა სეზონის მსვლელობისას მოდიფიცირებაც, მანქანას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. თუმცა, ყველაზე მთავარი ამოცანა ისაა, რომ სეზონის დასაწყისში, მანქანა მაქსიმალურად გამძლე და საიმედო იყოს...

Friday, February 4, 2011

„მაკლარენ MP4-26“ - ყველაზე რადიკალური სარბოლი ჭურვი

McLaren MP4-26 launch

4 თებერვალი

როგორც იქნა, თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი „მაკლარენმაც“ გვიჩვენა და ისე ჩანს, ეს ყველაზე რადიკალური ბოლიდია მათ შორის, რომლებიც ახალ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ორიგინალური მანქანისთვის, გუნდის ხელმძღვანელობამ ასევე ორიგინალური პრეზენტაცია მოაწყო, მისთვის კი ბერლინის ცენტრი, პოტსდამის მოედანი შეარჩია.

მარცხნიდან: ჰამილტონი, უიტმარში და ბატონი

..............................

შეიძლება უცნაურად ჩანს ის, რომ ბრიტანულმა გუნდმა თავისი მანქანის პრეზენტაციისთვის ბერლინი შეარჩია, მაგრამ ეს მისი სპონსორის, სატელეკომუნიკაციო გიგანტ „ვოდაფონის“ მოთხოვნით მოხდა. თავად არდგენის ცერემონია კი ისეთივე ორიგინალური გამოვიდა, როგორიც მანქანაა: „მაკლარენის“ მექანიკსებმა მოედანზე მანქანის შასის პლასტიკური ბუტაფორია მიიტანეს, რომელზეც თანდათან ამაგრებდნენ იმ დეტალებს, რომლებიც პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს მიჰქონდათ. ბოლო ორი დეტალი კი მისთვის გუნდის პილოტებმა - ლუის ჰამილტონმა და ჯენსონ ბატონმა მიიტანეს.

ახალი მანქანა რამდენიმე საინტერესო კონცეპტუალური გადაწყვეტით გამოირჩევა. მათ შორისაა არც ისე მაღლა აწეული, გრძელი და ბრტყელი ცხვირი, ძრავის სეგმენტირებული ჰაერის ამღები, რთული ფორმის წინა ანტი ფრთები და ყველაზე მთავარი - L-ის (ზოგი მას U-ს ადარებს) ფორმის მქონე რადიატორების ჰაერის ამღებები.

სხვათა შორის, „რედ ბულ რეისინგის“ ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ, ვინც ერთ დროს საჩემპიონო მანქანებს „უილიამსისა“ და „მაკლარენისთვის“ ქმნიდა, თავისი ახალი ქმნილების პრეზენტაციზე გამოთქვა აზრი, რომ ინგლისური გუნდი რამდენიმე რადიკალურ სიახლეს ამზადებდა და პრეზენტაცია დაგვიანებით სწორედ ამის გამო გადადო.გამოცდილ ინჟინერს ალღომ არც ამჯერად უღალატა. სხვა სათქმელია, რისი მომტანია ის რადიკალიზმი, რომლითაც „მაკლარენის“ ახალი მანქანა გამოირჩევა.

„გაფრთხილებთ, ადრე მსგავსი არაფერი გინახავთ და რასაც ნახავთ, ის ყველაფერი არაა, რაც ჩვენ ახალი სეზონისთვის მოვამზადეთ“, - ხუმრობანარევი ტონით განუცხადა დამსწრე საზოგადოებას „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა. რა თქმა უნდა, ის არ გულისხმობდა იმ ბუტაფორიას, რაც მისი გუნდის მექანიკოსებმა მოედანზე აააწყეს. გუნდის საინჟინრო შტაბის დირექტორმა ტიმ გოსმა განაცხადა, რომ დაფარულ სიახლეებს „მაკლარენი“ პირველად ხერესის ტესტებზე გასინჯავს და ზოგიერთი მათგანი ვიზუალურად ხილვადიც იქნება. ერთ-ერთი ასეთი სიახლე კი უცნაური კონსტრუქციის გამოსაბოლქვი სისტემა იქნება.

ფაქტია, რომ პირველ წინასასეზონო ტესტებზე, „მაკლარენის“ პილოტებმა საშუალედო მანქანით ივარჯიშეს. თუმცა, როგორც ორივე აღნიშნავს, ძველ მანქანაზე ახლიდან გადანერგილი ზოგიერთი სიახლე შესანიშნავად მუშაობს. ორივე პილოტი იმედოვნებს, რომ ახალი ბოლიდი მათ ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.

„ვფიქრობ, ეს ის მანქანაა, რომელიც ერთ-ერთ ჩვენგანს ტიტულს მოაპოვებინებს, ორივეს კი კონსტრუქტორთა პირველობაზე გამარჯვების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ბატონმა, ვინც ამბობს, რომ ახალი მანქანა მასზეა მორგებული. ყოველ შემთხვევაში, ის კოკპიტში თავს კომფორტულად გრძნობს. მან ისიც გიხსენა, რომ წინა სეზონის წინ, „მაკლარენში“ ბოლო მომენტში გადავიდა, რის გამოც, ძველი მანქანა მისთვის მოუხერხებელი იყო. ამჯერად კი ამ მხრივ, პრობლემა არ ექნება.

Tuesday, February 1, 2011

ტორო როსო SRT6” - ისევ მოკრძალებული მიზნები

Toro Rosso Unveil STR6 in Valencia

1 თებერვალი

ხაიმე ალგერსუარი (მარცხნივ) და სებასტიან ბუემი ტორო როსო SRT6-ს პრეზენტაციაზე

..............................

კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც თავისი ახალი ბოლიდის პრეზენტაცია ვალენსიაში ჩაატარა, ”ტორო როსოა”. იტალიურმა გუნდმა, რომელიც ”რედ ბულის” ჯგუფში შედის, მეორედ წარადგინა მის საკუთარი ძალებით შექმნილი სარბოლი ავტომობილი SRT6, რომელსაც ავსტრიული გუნდის მანქანასთან საერთო არაფერი აქვს.

ბევრი გუნდისგან განსხვავებით, ”ტორო როსოს” მანქანას შარშანაც მკვეთრად აწეული ცხვირი ჰქონდა და ბუნებრივია, ახალი მანქანაც ასეთია. და საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ის შარშანდელი მოდელისგან ბევრი არაფრით განსხვავდება. მთავარი სიახლე ამ შემთხვევაში უკანა, რეგულირებადი ანტი ფრთაა. ასევე შეცვლილია მანქანის უკანა ნაწილი მოყვანილობა - იქ ვეღარ ნახავთ ორმაგ დიფუზორს, რომელზეც ახალმა ტექნიკურმა რეგლამენტმა აკრძალვა დააწესა.

ფაენცაში (იტალია) ბაზირებულ გუნდს ამ სეზონშიც მოკრძალებული მიზნები აქვს - მისთვის მთავარი ქულების რეგულარულად მოპოვება და კონსტრუქტორთა პირველობაზე მერვე ადგილის დაკავებაა. არადა, ისევე როგორც შარშან, ახალ სეზონშიც მანქანა ”ფერარის” ძრავით, ტრანსმისიით და კერს-ით იქნება აღჭურვილი.

ისევე როგორც შარშან, ”ტორო როსოს” ბოლიდების მართვა შვეიცარელ სებასტიან ბუემის და ესპანელ ხაიმე ალგერსუარის მიანდვეს, თავისუფალ პრაქტიკებზე კი ასპარეზობის საშუალება ავსტრალიელ დანიელ რიკარდოს მიეცემა.

ამგვარად, დარჩა ოთხი გუნდი, რომლებსაც ჯერ ჩვენთვის ახალი მანქანა არ უჩვენებიათ. ესენია ”მაკლარენი”, ”ფორს ინდია”, ”ვირჯინი” და ”ისპანია რეისინგი”. ამათგან ყველაზე ცუდ დღეში ესპანური საჯინიბოა, რომელსაც ახალი ბოლიდი მზად მხოლოდ სეზონის დასაწყისში, ბაჰრეინის ტესტებისთვის ექნება.
”უილიამსმა” ახალი FW33 ფოტოებით გაგვაცნო
Williams FW33 Presented with Interim Livery
1 თებერვალი
უკვე სამი წელია, ”უილიამსი” უარს ამბობს ახალი სარბოლი მანქანის საგანგებო პრეზენტაციაზე და მის წარსადგენად, მხოლოდ ფოტოების გამოქვეყნებას სჯერდება, რის შემდეგაც, მანქანა სატესტოდ ტრასაზე გამოჰყავს. ამჯერადაც ასე მოხდა - FW33-ის ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა, შემდეგ კი, გუნდის ფერებში გამოწყობილი მანქანა, ტრასაზე ბრაზილიელმა რუბენს ბარიკელომ გაიყვანა.
ახალ მანქანაზე ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ლოგოა დატანილი, მათ შორის, ახალი სპონსორის - ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანიისაც, რომელიც გუნდის ახალ პილოტს, ვენესუელელ პასტორ მალდონადოს აფინნსებს. ამასთან, ინგლისურ რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკება ჯერაც არ დაუსრულებია.
შეიძლება ითქვას, რომ FW33 სხვა გუნდების მანქანებთან შედარებით, უფრო აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა, რაც ბარიკელოს ძალიან მოსწონს. მის აგრესიულობას უპირველესად ზევით აწეული ცხვირი განაპირობებს, რომლის ზედა სიბრტყეც რადიატორების ზედა სიბრტყეში გადადის. ამასთან ეს სიბრტყე უკანა მხარეს დაქანებულია და ძირამდეც კი დადის. რა თქმა უნდა, შეცვლილია უკანა ანტი ფრთის კონფიგურაცია - ახალი რეგლამენტი რბოლის დროს მის რეგულირების საშუალებას იძლევა...
უნდა ითქვას, რომ ამ მანქანის აეროდინამიკურ მილში ტესტირება ორი თვის წინ დაიწყო, მის მექანიკური კვანძებზე კი გუნდის ინჟინრები უკვე ერთი წელია, მუშაობენ. გასული სეზონის მსვლელობისას დადგინდა მანქანის კვანძების შეთანწყობის სქემა, ახალი გადაცემათა კოლოფების სტენდზე ტესტირება კი გუნდმა სექტემბერში დაიწყო. დაკიდევ, უკანა საკიდარი იმ პრინციპით მუშაობს, როგორითაც ”რედ ბულის” შესაბამისი კვანძი. მისი სქემა საწევარების გამოყენებას ითვალისწინებს და არა მბიძგველებისა. ასეთი მექანიზმის გამოყენება პირველმა ”რედ ბულის” ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ გარისკა, რამას მას უკეთესი აეროდინამიკური ფორმების შემუშავების საშუალება მისცა.
დაკიდევ, ”უილიამსმა” ახალი სისტემა კერს-ი შეიმუშავა, რომელიც ენერგიას მქნევარაში კი არა, აკუმულატორში აგროვებს. ამასთან, სისტემა საწვავის ავზის ქვეშ განლაგდა, რაც გუნდის ტექნიკურ დირექტორ სემ მაიკლის აზრით, ყველაზე ოპტიმალური ადგილია. კერს-ისვე გამო, მანქანა დაგრძელებულიცაა, თუმცა მაიკლი თვლის, რომ თუ ამ სისტემის გამოყენების შემდეგაც, მანქანის წონა ლიმიტში ეტევა, მაშინ წრეზე საშუალოდ 0.3 წამის მოგება შეიძლება...
”მერსედეს W02” - უკეთესის იმედი
Mercedes W02 Unveiled in Valencia
1 თებერვალი
მიხაელ შუმახერი და ნიკო როსბერგი მერსედეს W02-ის პრეზენტაციაზე
..............................

ტესტების დაწყების დღეს - 1 თებერვალს, ახალი მანქანების პეზენტაცია კიდევ ოთხმა გუნდმა ჩაატარა, რომელთაგან მედიის წინაშე ბოლოს ”მერსედეს გრანპრი” წარსდგა.
გასული სეზონის ჩაგდების შემდეგ, გუნდის შეფმა როს ბრაუნმა შარშანდელი მანქანის სრულყოფაზე მუშაობა ადრევე შეწყვიტა და გუნდის საინჟინრო შტაბი მთლიანად ახალი მანქანის შემუშავებაზე გადართო. და ბუნებრივია, სამქიმიანები შესაბამის შედეგს ელიან.
როგორც ჩანს, ”რედ ბულის” შარშანდელმა მიღწევამ, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდის ინჟინრები დაარწმუნა იმაში, რომ წარმატების მთავარი საიდუმლო, მანქანის მაღლა აწეული ცხვირია. ყოველ შემთხვევაში, წარმოდგენილ მანქანებს შორის, ჯერ დაწეული ცხვირი არცერთს არ ჰქონია.
რა ტქმა უნდა, ამ მხრივ, გამონაკლისი არც ”მერსედესის” ბოლიდია, რომელიც შარშანდელი მანქანისგან ძლიერ განსხვავდება. პირველ რიგში, მას აგრესიული გარეგნობა გამოარჩევს. თვალში საცემია ძრავის ჰაერის ამღების ფორმის ცვლილება. თუ შარშანდელ მანქანაზე ის გაყოფილი იყო, ამჯერად უფრო ტრადიციული ფორმა მისცეს. მის უკანა ნაწილში გადაიწია ვიდეოკამერების სამაგრმა.
ისევე როგორც ”რედ ბულის” ახალ მანქანაზე, ”მერსედესმაც” თავის ბოლიდს ერთი, ცენტრალური გამოსაბოლქვი გაუკეთა, რასაც ხშირად ჩასაბერ დიფუზორსაც უწოდებენ ხოლმე. სეიცვალა რადიატორების კორპუსების ფორმაც. რა თქმა უნდა, ახალია უკანა ანტი ფრთა, რომელიც რეგულირებადია. ავტომობილი სისტემა კერს-ითაა აღჭურვილი, რაც გარეგნულად მხოლოდ იმითაა შესამჩნევი, რომ გაზრდილია ძრავის მფარავი კორპუსი.
დაკიდევ, გუნდის პილოტებმა, მიხაელ შუმახერმა და ნიკო როსბერგმა ნომრები გაცვალეს - ახალი სეზონში, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი 7 ნომრით იასპარეზებს. უბრალოდ, შუმი ყოველთვის სმბობდა, რომ ლუწნიშნა რიცხვები მისთვის იღბლიანი არაა. თანაც, ნომერი 7, მისი ტიტულების რაოდენობასაც ემთხვევა...
რედ ბულ რეისინგი” ტიტულის დასაცავად მზადაა
Red Bull Racing Unveils RB7
1 თებერვალი”რედ ბულ რეისინგი” მეხუთე გუნდია, რომელმაც თავისი ახალი სარბოლი მანქანა RB7 მედიას წარუდგინა და ეს ვალენსიას რიკარდო ტორმოს სახელობის ავტოდრომზე, სამუშაო ვითარებაში გააკეთა, რის შემდეგაც, საჭეს პირველი მსოფლიოს ახალი ჩემპიონი, სებასტიან ფეტელი მიუჯდა.
ისევე როგორც სხვა გუნდების მანქანებს, ახალ RB7-საც მეტწილად ის ცვლილებები შეეხო, რომლებიც ახალი ტექნიკური რეგლამენტითაა ნაკარნახევი. გარეგნულად ეს შეცვლილ უკანა ანტი ფრთას, ოდნავ კეხიან ცხვირს და მანქანის უკანა ნაწილს დაეტყო, სადაც რადიატორების კორპუსები ძრავის კორპუსთან მაქსიმალურადაა დაახლოებული და ამგვარად, მეტი სივრცეა დატოვებული ჰაერის ნაკადის სამოძრაოდ. ამ გადაწყვეტით, გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ ორმაგი დიფუზორის გაუქმებით გამოწვეული დანაკარგების კომპენსირება სცადა.
გარდა ამისა, გამოსაბოლქვი მილები დაფარულია და ნამწვი ჰაერის გამოდევნა ცენტრალური მსხვილი სადინარით ხდება, რაც ავტომობილის უკანა ნაწილში ჰაერის მოწესრიგებული ჭავლის შექმნას და ამგვარად, უკან მომავალი მანქანისთვის წინააღმდეგობის გაზრდას უწყობს ხელს.
ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას, გუნდის შეფმა ქრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ RB7 რეკორდულად მოკლე დროში, სულ რაღაც 10 კვირაშია შემუშავებული. ეს კი, მისივე თქმით, გუნდის იჟინრების დამსახურებაა, რომლებსაც საშობაო არდადეგებიდან ადრე დაბრუნება მოუხდათ, რათა მანქანა პირველივე ტესტებისთვის მოემზადებინათ.
იმ ფაქტს, რომ RB7 ტესტების დაწყებისთანავე გამოვიდა ტრასაზე, ნიუი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი თქმით, ეს იმისთვის იყო სასურველი, რომ ახალ საბურავებთან შეგუება გაადვილებულიყო და საჭიროების შემთხვევაში, მანქანის კონსტრუქციაში ცვლილებების შესატანად, მეტი დრო ჰქონოდა.
მარცხნიდან: ქრისტიან ჰორნერი, სებასტიან ფეტელი, ედრიან ნიუი და მარკ უებერი
..............................

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ”რედ ბულ რეისინგის” პილოტებმა, გერმანელმა სებასტიან ფეტელმა და ავსტრალიელმა მარკ უებერმა 19-დან 9 რბოლა მოიგეს და 15 პოულ პოზიცია დაიკავეს. რა თქმა უნდა, ამ მიღწევების განმეორება ძნელი იქნება, თუმცა ჰორნერი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლას შეძლებს.
ფეტელმა კი განაცხადა, რომ თუ ადრე ის და მისი გუნდი ნადირობდნენ სხვებზე (ჩემპიონებზე), ახლა თავად მასზე ინადირებენ და ახალი სეზონის კამპანიას მისთვის ეს ფაქტორიც გაართულებს. მთავარი კი მისი აზრით მოტივაციაა, რომლის ნაკლებობასაც გუნდის არცერთი წევრი არ განიცდის.
პრეზენტაციაზე ცოტა ნერვიულობა ეტყობოდა ნიუის, რომელმაც უკვე მესამე გუნდისთვის (უილიამსი, მაკლარენი და რედ ბული) შექმნა საჩემპიონო მანქანები. მას განსაკუთრებით ის ფაქტი აღელვებს, რომ ”მაკლარენი” თავის ახალ მანქანას ყველაზე გვიან წარმოადგენს და შესაძლოა, მეტოქეებს მოულოდნელი სიურპრიზები შესთავაზოს, რომელთა კოპირებისთვისაც სხვა გუნდებს სეზონის დაწყებამდე დრო აღარ დარჩებათ.