ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, February 8, 2010

რედ ბული” რაიკონენის დაბრუნებას არ გამორიცხავს

Red Bull- Kimi Raikkonen

7 თებერვალი

”რედ ბულ რეისინგის” მრჩეველი ავტოსპორტის საკითხებში, წარსულში ფორმულა 1-ის პილოტი, ავსტრიელი ჰელმუტ მარკო არ გამორიცხავს, რომ 2011 წელს კიმი რაიკონენი შეიძლება ისევ ფორმულა 1-ს დაუბრუნდეს.

ფინელი პილოტი, რომელიც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონი 2007 წელს გახდა, ამ სეზონში რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, ”სიტროენის” მეორე გუნ ”ჯუნიორში” იასპარეზებს, რომლის სპონსორიც ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ”რედ ბულია”. რა თქმა უნდა, ხელფასსაც მას ”რედ ბული” გადაუხდის, რომელთან ურთიერთობაც მას ჯერ კიდევ ”ფერარიში” ყოფნისას ჰქონდა.

დიდი ხანია, ფორმულა 1-ის კულუარებში დადის ხმები იმის შესახებ, რომ 2011 წელს კიმი ”რედ ბულ რეისინგში” ავსტრალიელ მარკ უებერს შეცვლის, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება.

”კიმის ”რედ ბულთან” კონტრაქტი აქვს. ეს კომპანია ერთი დიდი ოჯახია, რომელსაც რამდენიმე ვარიანტი აქვს, ყველაფერი კი, პირველ რიგში, რაიკონენის სურვილზე და რალის რბოლებში მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. და მე არ მიმაჩნია დაუჯერებლად, რომ ის ფორმულა 1-ს დაუბრუნდება”, - ამბობს მარკო.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის შემდეგ, რაიკონენს ”ფერარის” დატოვებამ მოუწია, რისი მიზეზიც ის გარემოება გახდა, რომ იტალიურმა საჯინიბომ მის ადგილზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო მიიწვია. ეს გადაწყვეტილება კი ”სკუდერიამ” ახალი ტიტულოვანი სპონსორის, ესპანურ საბანკო კონგლომერატ ”სანტანდერის” სურვილით მიიღო. ”სანტანდერი” ”მაკლარენის” სპონსორიცაა და მზად იყო, რაიკონენი ინგლისურ გუნდში გადაეყვანა, თუმცა ფინელმა თავის ყოფილ გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და რადგან, ტოპ გუნდებში ვაკანსიები აღარ რჩებოდა, მან ფ1-დან წასვლა ამჯობინა. მითუმეტეს, ამისათვის ის კონტრაქტის გაწყვეტის გამო, ”ფერარისგან” სოლიდურ (მრავალმილიონიან) კომპენსაციას მიიღებს. სხვათა შორის, ის ამ კომპენსაციას ვერ მიიღებდა, თუ ფორმულა 1-ის რომელიმე გუნდში გადავიდოდა. ახლა კი რალის ჩემპიონატზეც გამოვა და ამ კომპენსაციის გარდა, ”რედ ბულისგანაც” მიიღებს ხელფასს.

რაიკონენს რალის ასპარეზზე გამოსვლა დიდი ხანია, სურდა და ”ფერარისგან” წამოსვლა იმის საბაბი გახდა, რომ თავისი ძველი ოცნება განეხორციელებინა.

ფინელის პილოტის დებიუტი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ამ კვირის ბოლოს შედგება, როდესაც ის და მისი ნავიგატორი კაი ლინდსტრიომი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, შვედეთის რალიზე იასპარეზებენ. სხვათა შორის, სადებიუტო რბოლის წინ, რაიკონენმა მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონთან, ფრანგ სებასტიან ლოებთან ერთად ივარჯიშა. ვარჯიშის დროს, ფინელს დიდი ჩემპიონის ნავიგატორის სავარძელი ეკავა.

Saturday, February 6, 2010

დი მონტეძემოლო ფრთხილობს

Di Montezemolo shares team's caution

6 თებერვალი

”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო ზედმეტ ოპტიმიზმს არ ავლენს, როდესაც თავისი გუნდის შანსებზე ლაპარაკობს და ხაზს უსვამს, რომ ვალენსიური ტესტების შედეგებით ძნელია იმის თქმა, თუ რომელ გუნდს რა შანსი ექნება წლევანდელ ჩემპიონატში.

ვალენსიაში ყველაზე სწრაფები ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა იყვნენ, თუმცა ამის მიუხედავად, სამდღიანი ვარჯიშების შემდეგ, ”სკუდერიას” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ჯერჯერობით, შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება ნაადრევია და შესაძლოა, სეზონის დაწყებამდე ბევრი რამ შეიცვალოს. იგივე აზრს დი მონტეძემოლოც იზიარებს.

”ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩვენი მანქანა პირველივე ვარჯიშებზე ყველაზე სწრაფი იყო. მაგრამ სეზონისწინა ტესტები იგივეა, რაც ფეხბურთი აგვისტოში. ჯერჯერობით, პირველი პოზიტიური მომენტი ისაა, რომ F10 სწრაფია. მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. არაერთი პრობლემა გადასაწყვეტი გვაქვს. მთავარია, რეალისტები ვიყოთ. ჩვენ არ ვიცით, რამდენი საწვავი ესხათ ჩვენს მეტოქეებს და რამდენად კონკურენტუნარიანები იქნებიან ისინი პირველ რბოლაში. ალონსოს და მასას შედეგები ჯერ მხოლოდ იმედის სიგნალს გვაძლევს, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ დასკვნების გაკეთებას არ ვიჩქარებთ”, - ”გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას განაცხადა დი მონტეძემოლომ (სურათზე, ალონსოსა და მასას შორის).

მისი აზრით, მომავალ სეზონში, ”ფერარის” მინიმუმ სამი ძლიერი კონკურენტი ეყოლება: ”ვფიქრობ, ჩვენი მთავარი მეტოქეები ”მერსედესი”, ”რედ ბული” და ”მაკლარენი” იქნებიან. ”მერსედესს” საუკეთესო ძრავი აქვს, რომლის ყიდვაც ყველას სურს. ”რედ ბულს” გასული სეზონის ბოლოს დიდი უპირატესობა ჰქონდა, რომელსაც აუცილებლად განავითარებს. ”მაკლარენი” კი ყოველთვის ძლიერია”.

ჰორნერი: ფორმულა 1-მა შეიძლება კიდევ ერთი ავტომწარმოებელი დაკარგოს

F1 risks losing another manufacturer – Horner

6 თებერვალი

”რედ ბულ რეისინგის” შეფი ქრისტიან ჰორნერი თვლის, რომ ფორმულა 1 კიდევ ერთ ავტომწარმოებელს დაკარგავს, თუ ჩემპიონატის ხელმძღვანელობა არ ეცდება ძრავების გაყინვის რეგლამენტის დაცვას, რაც იმას გულისხმობს, რომ 2012 წლამდე ძრავების სრულყოფა იკრძალება.

ამ წესის მიუხედავად, გასული წლის დაწყებამდე, ”მერსედეს ბენცმა” საკუთარი ძრავის სრულყოფა შეძლო, რისი წყალობითაც, გერმანული კომპანიის აგრეგატები, ჩემპიონატში მონაწილეთაგან ყველაზე მძლავრია და შესაბამისად, მისით მოსარგებლე გუნდები, დიდი უპირატესობით სარგებლობენ.

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ”რენოს” ძრავები, რომლებითაც ”რედ ბული” სარგებლობს, სხვა კომპანიების აგრეგატებთან შედარებით, საწვავის ეკონომიური ხარჯვით გამოირჩევა. ეს კი, იმ პირობებში, როცა ახალი სეზონიდან, რბოლისას პილოტებს საწვავის შევსება ეკრძალებათ, სერიოზული უპირატესობაა - ამ ძრავებით მოასპარეზე მანქანები სტარტზე შედარებით ნაკლები საწვავით გასვლას შეძლებენ, რაც სიმძლავრის დეფიციტს ნაწილობრივ (თუ სულ არა) გააბათილებს.

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) ზოგიერთმა გუნდმა შესთავაზა, რომ შედარებით სუსტი ძრავების მწარმოებლებისთვის, აგრეგატების სრულყოფის საშუალება მიეცათ, რათა ისინი ლიდერებს დასწეოდნენ, მაგრამ FIA-მ რატომღაც მათ ძრავების დეფორსირება შესთავაზა, რასაც გუნდების დუმილი მოჰყვა.

ფორმულა 1-დან ”ჰონდას”, ”ტოიოტას” და ”ბეემვეს” წასვლის შემდეგ, დიდი პრიზების ცირკს ძრავების სულ ოთხი მწარმოებელი (ფერარი, მერსედესი, რენო და კოსუორტი) შემორჩა.

”საშინელება იქნება, თუ სეზონის ბოლოს, ძრავების კიდევ ერთ მწარმოებელს დავკარგავთ. ამის მიზეზი კი ის იქნება, რომ ყველას არ აქვს მოწინავეებთან კონკურენციის საშუალება. შასის რეგლამენტი იმდენად მკაცრია, რომ ძრავებს ჩვენს სპორტში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება”, - მიაჩნია ჰორნერს.

ლოებმა რაიკონენი გაასეირნა

Loeb-Raikkonen

6 თებერვალი

ერთ კვირაში რალის მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს სტარტს. მისი მონაწილენი პირველი რბოლისთვის, რომელიც შვედეთში გაიმართება, მონდომებით ემზადებიან. მათ შორისაა ფორმულა 1-ის 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი (სურათზე).

ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, ტრასაზე ის თვით მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა გაასეირნა. ამ გასეირნების დროს კი რაიკონენს დიდი ჩემპიონის ნავიგატორის სავარძელი ეკავა.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტები დაინტერესდნენ ამ უცნაური ვარჯიშით და ლოებს ჰკითხეს, მისი ხომ არ შეშინდა, რაზეც ფრანგმა ხუმრობით უპასუხა: ”რა თქმა უნდა, ის შეშინდა, რადგან მე ძალიან ნელა ვმოძრაობდი”.

რაიკონენი და ლოები ”სიტროენში” თანაგუნდელები არიან და ბუნებრივია, ფრანგი მრბოლის რჩევები და რალის ავტომობილის მართვის გამოცდილება, აისმენს დიდად წაადგება. ვარჯიშის შემდეგ, მათ ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

”როდესაც ისეთი დონის მრბოლს, როგორიც სებასტიან ლოებია, ნავიგატორის სავარძელში უზიხარ, ბევრის სწავლა შეიძლება”, - მიაჩნია რაიკონენის ნავიგატორ კაი ლინდსტრიომს.

Thursday, February 4, 2010

ბატონი პროგნოზებს მომავლისთვის იტოვებს

Button reserves judgement on new McLaren

5 თებერვალი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონი, ბრიტანელი ჯენსონ ბატონი თავისი ახალი გუნდის, ”მაკლარენის” ახალი MP4-25-ის საჭეს პირველად ოთხშაბათს მიუჯდა და ვალენსიას გარეუბან კესტეში მდებარე, რიკარდო ტორმოს სახელობის ავტოდრომზე 82 წრის გავლის შემდეგ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, მისცემს თუ არა ეს მანქანა ტიტულის დასაცავად ბრძოლის საშუალებას.

ბატონმა თავის პირველ ვარჯიშზე მეხუთე დრო აჩვენა და განაცხადა, რომ ეს მისთვის საკმაოდ ძნელი დღე იყო, რადგან მანქანას თავიდანვე ვერ მოერგო და მთელი დღე იმას მოანდომა, რომ კოკპიტში თავი კომფორტულად ეგრძნო.

”კარგი იქნებოდა, ტრასაზე მეტი დრო გამეტარებინა, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა. დიდი ხანი მოვუნდი, სანამ მანქანას მოვირგებდი და მასში თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. კოკპიტი ჩემთვის მეტისმეტად პატარა აღმოჩნდა. თავი ძალიან მაღლა მქონდა და საშინელ დისკომფორტს ვგრძნობდი. ვარჯიშის დროს ბევრი რამ შევცვალეთ და ახლა ყველაფერი რიგზეა, კომფორტიც ვიგრძენი და ტესტების ბოლოს, უფრო თავდაჯერებულიც ვიყავი”, - განაცხადა 30 წლის ბატონმა, ვინც ტესტებისთვის მზადებას შუადღის 1 საათამდე მოუნდა.

გასული სეზონის ტესტების შემდეგ, ბატონი დარწმუნებული იყო, რომ მისი მანქანა (ბრაუნი), რომელსაც მოგვიანებით ”მონსტრიც” კი უწოდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემდა. მართლაც, მან სეზონის პირველი შვიდი რბოლიდან ექვსი მოიგო და ამან ტიტულის მოპოვების საშუალება მისცა. მაგრამ ამჯერად ის ასე თავდაჯერებული ვერ იყო:

”ახლა პროგნოზების გაკეთება ნაადრევია, რადგან ამ ტრასაზე ძნელია იმის მიხვედრა, თუ რამდენად კარგია მანქანა. ამ ტრასას ვერცერთ სხვას ვერ შევადარებ, რადგან მანქანას სრულიად განსხვავებული ბალანსი აქვს”, - დასძენს ბატონი, ვინც დღის უსწრაფეს პილოტს, ”ფერარის” ესპანელ ფერნანდო ალონსოს წრეზე საკმაოდ ბევრით ჩამორჩებოდა, თუმცა ეს გარემოება მას სრულებით არ აშინებს.

”შეგვიძლია ვთქვათ, რომ ”ფერარი” ძალიან სწრაფია, მაგრამ არ ვიცით, რამდენად სწრაფი. თუმცა, აშკარად კონკურენტუნარიანები იქნებიან, რადგან ასეთ დროები სხვა შემთხვევაში არ ექნებოდათ. არც ის ვიცით, რამდენი საწვავი ესხათ ავზებში, როდესაც ამ დროს აჩვენებდნენ. თუმცა, როდესაც ტრასაზე სავსე ავზებით იყვნენ და შედარებით უარესი დრო ჰქონდათ, მაინც კარგად გამოიყურებოდნენ. და მაინც, ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, ვინაა სწრაფი და ვინ - არა. თანაც, პირველ რბოლამდე მანქანები საგრძნობლად შეიცვლება. ასე რომ, პროგნოზები ჯერ ნაადრევია”.

ცნობისათვის, ბატონთან ერთად, ვარჯიშზე მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, გერმანელი მიხაელ შუმახერიც იყო, რომელმაც მესამე საუკეთესო დრო დააფიქსირა. ბატონი მოხარულია, რომ კვლავ დიდი ჩემპიონის წინააღმდეგ ასპარეზობა მოუწევს და რაც მთავარია, ძალიან საინტერესო სეზონის მოლოდინშია.

როსის მოტო GP ურჩევნია

Bigger engines may keep me in MotoGP, says Rossi

5 თებერვალი

მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი წრიულ მოტორბოლებში, იტალიელი ვალენტინო როსი აცხადებს, რომ თუ ტექნიკური რეგლამენტი მოტო GP-ის ჩემპიონატში უფრო მძლავრ ძრავებს დაუშვებს, მაშინ ის 2012 წლის შემდეგაც გააგრძელებს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას. მისი გუნდის, ”იამაჰას” მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, მანვე დასძინა, რომ ეჭვი ეპარება, ოდესმე ფორმულა 1-ში გადავიდეს.

”თეორიულად, მე აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, რადგან 1000 კუბიანი ძრავები 800-იანზე გაცილებით მძლავრი და უკეთესია. მძლავრი ბაიკების მართვა სიამოვნებას მანიჭებს. ვნახოთ, როგორ ტექნიკურ რეგლამენტს შემოიღებენ ასეთი ძრავებისთვის. ვნახოთ, ამ ძრავებით ბაიკები ისეთივე სწრაფები იქნება, როგორც 2006 წელს, თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში, 1000 კუბიან ძრავებზე დაბრუნება მახარებს. არაა გამორიცხული, რომ ამის გამო, მოტო GP-ში უფრო დიდხანსაც დავრჩე”, - ამბობს როსი.

სამაგიეროდ, იტალიელს არ მოსწონს ახალი რეგლამენტი, რომელიც ძალაში ახალი სეზონიდან შევა და რომლის მიხედვითაც, გუნდებს თითო მანქანაზე, ერთ სეზონში 6 ძრავზე მეტის გამოყენება ეკრძალებათ. ეს კი იმის გამო ხდება, რომ შემცირდეს გუნდების ბიუჯეტები.

”ვფიქრობ, ეს ყველა გუნდისთვის ძნელად შესასრულებელი წესი იქნება, რადგან სეზონზე მხოლოდ ექვსი ძრავი ძალიან ცოტაა. ეს რიცხვი 8-მდე ან 10-მდე რომ გაიზარდოს, გაცილებით უკეთესი იქნება”, - დასძენს 30 წლის როსი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ბარსელონაში, ”ფერარის” ფორმულა 1-ის მანქანის საჩვენებელ ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. ეს ”სკუდერიას” მანქანით მისი მე-6 ტესტი იყო.

როსის ”იამაჰასთან” კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება და ბევრი მოელის, რომ ის ამის შემდეგ, მოტორბოლებს რალიზე გაცვლის. თუმცა თავად ზუსტ პასუხს, რა თქმა უნდა არ იძლევა და ამბობს, რომ თავის სამომავლო გეგმებზე უფრო ნათელი წარმოდგენა ამ ახალი სეზონის შუაში ექნება.

”ახლახანს, ბარსელონაში ”ფერარისთან” ერთად ვივარჯიშე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ვისიამოვნე კიდეც და თან, კარგი შედეგებიც მქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ფორმულა 1-ის ჩემპიონატში ვერასდროს მნახავთ. ”იამაჰაში” თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მათ დაველაპარაკები. შემდეგ კი ვნახოთ”, - ამბობს როსი.

Wednesday, February 3, 2010

”ვირჯინ რეისინგი” - პირველი ახალბედებს შორის

Virgin reveals its VR-01 F1 contender

4 თებერვალი

მარცხნიდან: ტიმო გლოკი, ლუკას დი გრასი და პორტუგალიელი ტესტ პილოტი ალვარო პარენტე

................................

ფორმულა 1-ის ახალი გუნდებიდან ”ვირჯინ რეისინგი” პირველია, რომელმაც თავისი პირველი ბოლიდის, VR-01-ის პრეზენტაცია ჩაატარა. ავტომობილს, რომელიც კომპანია ”უირტ რისერჩმა” კომპიუტერით დააპროექტა და აეროდინამიკური სრულყოფაც კომპიუტერული ტექნიკით ჩაუტარა, ვირტუალუ სამყაროში, ინტერნეტით ჩაუტარდა პრეზენტაცია.

პრეზენტაცია დილით უნდა გამართულიყო, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო, გუნდი იძულებული შეიქნა, პრეზენტაციის მასალები საკუთარ ვებ-გვერდზე გამოექვეყნებინა.

”შესანიშნავი მანქანაა! ნიკმა (უირტი, მანქანის მთავარი კონსტრუქტორი) და მისმა თანამშრომლებმა შესანიშნავად იმუშავეს და მათი გარჯის შედეგი ყურადღებას იმსახურებს. ამ პროექტში მონაწილეობა და მანქანის შექმნის პროცესზე დაკვირვება ძალიან საინტერესო იყო. ახლა ტსტების დროა და ძალიან გვაინტერესებს, რამდენად სწრაფი იქნება ეს მანქანა ტრასაზე. დღეს კი ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით”, - განაცხადა გუნდის მეპატრონემ, ბრიტანელმა მილიარდერმა სერ რიჩარდ ბრენსონმა.

”ვირჯინ რეისინგმა” თავისი ფორმულა 1-ის პროექტი დეკემბერში წარადგინა და მაშინვე თავისი პილოტების ვინაობა დაასახელა - მისი მანქანების საჭეს გერმანელი ტიმო გლოკი და ბრაზილიელი ლუკას დი გრასი მიუჯდებიან. გუნდი პირველ ტესტებს სილვერსტოუნზე ჩაატარებს, რის შემდეგაც, ხერესს (სამხრეთ ესპანეთი) მიაშურებს და სხვა გუნდებთან ერთად, წინასასეზონო ტესტებს შეუდგება.

”ჩვენ სერიოზული სარბოლი გუნდი ვართ, რომელსაც სერიოზული ამბიციები გააჩნია. თუმცა სირბილს მანამ არ დავიწყებთ, სანამ სიარულს ვისწავლით. პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის იქნება, რომ მანქანის საიმედოობას, ეფექტურობას და უსაფრთხოებას მივაღწიოთ. რაც მთავარია, ჩვენ ახალბედებს შორის საუკეთესოები უნდა გავხდეთ. შემდეგ კი მანქანის გაუმჯობესების დრო დადგება და ამისთვის ისევ კომპიუტერს გამოვიყენებთ”, - ამბობს უირტი.

Tuesday, February 2, 2010

”სიტროენი” ლოების შვიდ გამარჯვებას უმიზნებს

Citroen targets seven wins for Loeb

3 თებერვალი

”სიტროენის” რალის გუნდის შეფი ოლივიე ქესნელი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი წლევანდელ სეზონსაც დუბლით დაასრულებს - პილოტების ჩემპიონატსა და კონსტრუქტორთა თასს მოიგებს, მისი პირველი პილოტი სებასტიან ლოები კი მეშვიდე ტიტულს დაეუფლება. ამასთან, ის დასძენს, რომ სეზონის 13 რბოლიდან, ლოები შვიდის მოგებას მაინც შეძლებს.

”ამ სეზონისთვის არაფერი შეცვლილა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ტიტულებია. სებასტიანს კი მიზნად შვიდი გამარჯვება დავუსახეთ”, - განაცხადა ქესნელმა.

გასულ სეზონში, ლოებმა სწორედ 7 ეტაპის მოგება შეძლო. არადა, 2008 წელს მან ტიტული 11 გამარჯვებით მოიპოვა. თავად ლოებიც აცხადებს, რომ მისი მიზანი კვლავ უცვლელია და ამ სეზონში მეშვიდე ტიტულისთვის იბრძოლებს.

”რახან ისევ აქ ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებები ჯერაც არ მომბეზრებია. მომწონს, რასაც ვაკეთებ. მინდა, გავიმარჯვო და ამისათვის თავს არ დავზოგავ. შარშან, მიკო ჰირვონენთან ბრძოლამ დიდი სიამოვნება მომიტანა. რა თქმა უნდა, ტიტულის დათმობას არ ვაპირებ, მაგრამ მიკო ძალიან მოტივირებულია და ვფიქრობ, ამჯერად მისი დამარცხება კიდევ უფრო ძნელი იქნება”, - ამბობს ლოები, ვინც გასულ სეზონში ფინელ პილოტს ერთადერთი ქულით აჯობა.

თვის მხრივ, ჰირვონენი აცხადებს, რომ ახალ სეზონში ის ლოებს კიდევ უფრო ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს: ”გასული სეზონის შემდეგ, გამარჯვებაზე კიდევ უფრო მოწყურებული ვარ და ეს საბრძოლველად განმაწყობს. ახლა ადვილია უკან გახედვა და იმაზე ლაპარაკი, თუ რა უნდა გვექნა, რომ ტიტული მოგვეპოვებინა. მაგრამ ეს უკვე წარსულში დარჩა და ვერაფერს შევცლით. სამაგიეროდ, ამ სეზონში უფრო ძლიერები ვიქნებით”.

ქესნელი კი დასძენს, რომ მართალია, ლოებს რბოლების ნახევარზე მეტში გამარჯვებას უგეგმავს, თუმცა არანაკლებ ძლიერ სურს, რომ გუნდის მეორე პილოტმა, ესპანელმა დანიელ სორდომ, თავის კარიერაში, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვოს.

ჰამილტონი მანქანით კმაყოფილია

Hamilton says new McLaren a big improvement on 2009

3 თებერვალი

ვალენსიაში ჩატარებული პირველი ტესტის შემდეგ, ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ შარშანდელი და ახალი მანქანები ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც დღე და ღამე.

მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა, ახალი მანქანით, ვალენსიას რიკარდო ტორმოს სახელობის ტრასაზე 108 წრე გაიარა და მესამე უსწრაფესი დრო აჩვენა, თუმცა წინასასეზონო ტესტების დროს ნაჩვენებ შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მას MP4-25 მოეწონა. დღის უსწრაფესი შედეგები კი ”ფერარის” ბრაზილიელმა ფელიპე მასამ და ”ზაუბერის” იაპონელმა კამუი კობაიაშიმ აჩვენეს.

”როგორც იქნა, ღიმილის ხასიათზე დავდექი. ყველა პრობლემა, რომლებიც შარშანდელ მანქანასთან მქონდა, ახალმა დამავიწყა. თუმცა ჯერაც ბევრია სამუშაო და არსებობს მანქანის კიდევ უფრო გაუმჯობესების პოტენციალი”, - ამბობს ჰამილტონი.

შარშან, სეზონის წინ, ”მაკლარენმა” ახალი მანქანა პირველად პორტუგალიის პორტიმაუში გასინჯა და მაშინვე გამოვლინდა, რომ ის ისეთი ვერ იყო, როგორიც ჩემპიონობისთვის საბრძოლველად გამოდგებოდა. გუნდს ნახევარი სეზონი დასჭირდა იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი გამხდარიყო და მართალია, ჰამილტონმა რამდენიმე რბოლის მოგება შეძლო, თუმცა სეზონის ბოლომდე, მანქანის სათანადოდ დახვეწა მაინც ვერ მოხერხდა.

”იმედია, მანქანას ყველა ის ვირუსი მოვაშორეთ, რომლებიც მას შარშან ჰქონდა. ახლა მისი დახვეწის დროა და მჯერა, რომ ისეთივე შედეგები გვექნება, როგორიც გასული სეზონის მიწურულს გვქონდა. დღევანდელმა ტესტებმა მაჩვენა, რომ ბევრი რამ გავაუმჯობესეტ”, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც სულ არ აღელვებს ის ფაქტი, რომ ვალენსიაში მასა მასზე ნახევარი წამით სწრაფი იყო.

”აშკარაა, რომ ”ფერარი” ძალიან სწრაფია, მაგრამ არავინ იცის, ავზებში რამდენი საწვავი უსხიათ. მთავარია, რომ ბოლოში არ ვართ, რაც სასიამოვნოდ განმაწყობს. ამასთან, მას არც ორი-სამი წამით ჩამოვრჩენილვარ. ამ ეტაპზე, ყველაზე ძლიერ იმ ფაქტმა გამახარა, რომ მანქანა საიმედო, გამძლეა. ტექნიკური პრობლემები პრაქტიკულად არ გვქონია და ამ ეტაპზე, ყველაზე მთავარი ესაა”, - აგრძელებს ჰამილტონი და დასძენს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ სხვებთან შედარებით, რამდენად კარგია ახალი მანქანა, თუმცა მთავარი ისაა, რომ ის ტრასაზე მანქანის მოქცევით კმაყოფილია.

დღეს ჰამილტონს ტრასაზე მისი ახალი თანაგუნდელი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი შეენაცვლება, რომელთან ერთადაც, ტრასაზე მიხაელ შუმახერიც გამოვა. ჰამილტონს კი ხერესის ტესტებამდე, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონთან ერთად ტრასაზე ყოფნის საშუალება არ მიეცემა.

შუმახერმა ”მერსედესის” W01 პირველად ორშაბათს გასინჯა და მესამე უსწრაფესი შედეგი აჩვენა. ტესტების მეორე დღეს მან ფიზიკურ ვარჯიშს დაუთმო, დღეს კი კვლავ ტრასაზე იქნება.

Monday, February 1, 2010

გუნდებმა ახალი ბოლიდები ვალენსიასი გამოაგორეს

Mercedes rolls out new car at Valencia

1 თებერვალი

რუბენს ბარიკელო უილიამს FW32-ის საჭესთან
...............................................
ვალენსიაში, რიკარდო ტორმოს სახელობის ავტოდრომზე, ფორმულა 1-ის გუნდებმა წინასასეზონო ტესტები დაიწყეს და რამდენიმე მათგანმა - ”მერსედეს GP-მ”, ”ტორო როსომ” და ”უილიამსმა”, თავისი სარბოლი ავტომობილი საზოგადოების წინაშე პირველად გამოაგორა. ამათგან, ”უილიამსმა” პრეზენტაციისგან თავის შეკავება არჩია, ”მერსედეს GP-მ” და ”ტორო როსომ” კი სახელდახელო წარდგენები ჩაატარეს.

როსბერგი პირველი მიუჯდა W01-ის საჭეს

................................................................

მერსედეს GP

გუნდმა ერთი კვირის წინ, თავისი მანქანის ფერები შარშანდელ მანქანაზე წარადგინა, ვალენსიაში კი საბრძოლო მანქანა - W01 გამოაგორა, რომლიც პირველმა ტრასაზე ნიკო როსბერგმა გაიყვანა.

ახალ მანქანას წინასგან მისი კეხიანი ცხვირი გამოარჩევს - როგორც ეტყობა, ასეთი მოყვანილობით, სხვა გუნდები ”რედ ბულის” მეტად წარმატებულ RB5-ს ბაძავენ, რომელიც ედრიან ნიუის მიერაა შექმნილი. ძრავის გარსაცმზე კი მცირე აეროდინამიკური ტორსია დამაგრებული, რომლის უკანა ნაწილიც წამახვილებულია. შედარებისთვის, ანალოგიური ელემენტი ”რენოს” გაცილებით დიდი აქვს, ”მაკლარენზე” კი ის უკანა ანტიფრთამდე გრძელდება.

ალგერსუარი და ბუემი STR5-ის წარდგენისას

..........................................................................

ტორო როსო

ამ გუნდმა ფორმულა 1-ში უკვე ოთხი სეზონი გაატარა, თუმცა საკუთარი კონსტრუქციის ავტომობილი პირველად შექმნა - აქამდე ის ნათესავი ”რედ ბულის” შასის იყენებდა. გუნდის შეფი ფრანც ტოსტი ამბობს, რომ ეს ავტომობილი მისმა გუნდმა მთლიანად საკუთარი ძალებით შექმნა, რისთვისაც თანამშრომელთა შტატის 80-ით გაზრდა გახდა საჭირო. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საწარმოს ფართობი. ”ტორო როსომ” ”რედ ბულისგან” ბისტერში მდებარე აეროდინამიკური მილიც შეიძინა. ტოსტი ამბობს, რომ ”ტორო როსო” ახალ სეზონში, კონსტრუქტორთა პირველობაზე მოწინავე რვა გუნდს შორის მოხვედრას გეგმავს.

გუნდის ტექნიკური დირექტორი ჯორჯო ასკანელი ამბობს, რომ STR5-ის შექმნისას, კონსტრუირების კონსერვატიული მეთოდი გამოიყენეს და საფუძვლად შარშანდელი მოდელი აირჩიეს. ამასთან მნიშვნელოვნად შეიცვალა ავტომობილის უკანა ნაწილი, რომელიც ორმაგი დიფუზორის პარამეტრების შესაბამისად დაპროექტდა.

ასკანელის თქმით, გუნდისთვის ნამდვილი გამოწვევა გახდა ახალი შტატისთვის სამუშაო ადგილების ეფექტურად ორგანიზება, რასაც გუნდის მუშაობის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

”ტორო როსომ” პილოტების შემადგენლობა შეინარჩუნა - მისი მანქანების საჭეს შვეიცარელი სებასტიან ბუემი და ესპანელი ხაიმე ალგერსუარი მიუჯდებიან.

”რენო” ძველ ფერებში გამოეწყო

Renault goes back to past for new colors

1 თებერვალი

მარცხნიდან: ვიტალი პეტროვი და რობერტ კუბიცა R-30-ის პრეზენტაციაზე
...................................

”რენოს” ფორმულა 1-ის გუნდმა, თავისი ახალი ბოლიდის - R-30-ის პრეზენტაცია ვალენსიაში, რიკარდო ტორმოს სახელობის ავტოდრომზე ჩაატარა. მანქანა ფრანგული გუნდის ძველ, იმ ფერებშია გამოწყობილი, რომლითაც ის 1977-1985 წლებში ასპარეზობდა. პრეზენტაციაზე ”რენომ” თავისი მეორე პილოტის ვინაობაც დაასახელა - ესაა რუსი ვიტალი პეტროვი, რომელმაც შარშან, GP2-ის ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.

”ძალიან გვინდოდა, რაღაც ისეთს დავბრუნებოდით, რაც წარსულთანაა დაკავშირებული. ამას ისტორიასთან დაბრუნებას დავარქმევდი”, - განაცხადა გუნდის მფლობელმა (გუნდი მხოლოდ ნაწილობრივ ეკუთვნის რენოს) ჟერარ ლოპესმა.

დღეს ჩვენ გუნდის ისტორიაში ახალ ფურცელს გადავშლით. დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რაც ჩვენგან დიდ გარჯას მოითხოვს. მიზანი მოწინავეებს შორის ყოფნაა და ჩვენ პოდიუმებისთვის ბრძოლას ვაპირებთ”, - ამბობს გუნდის შეფი ერიკ ბულიე, რომელმაც ამ პოსტზე დისკვალიფიცირებული ფლავიო ბრიატორე შეცვალა.

მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის იმედი აქვს გუნდის პოლონელ პილოტ რობერტ კუბიცას, რომელიც აქ ”ბეემვე ზაუბერიდან” გადმოვიდა: ”ვიმედოვნებ, ამ გუნდთან ერთად, მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის საშუალება მექნება. რა თქმა უნდა, დროა საჭირო იმისათვის, რომ ძირეულად განახლებული გუნდი კონკურენტუნარიანი გახდეს. არ ვიცი, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. 100 პროცენტით დარწმუნებული ვერასდროს იქნები იმაში, რომ მიზანს მიაღწევ”, - ამბობს კუბიცა, ვისაც შარშან, ”ბეემვე ზაუბერის” არაკონკურენტუნარიანი მანქანით ასპარეზობა უწევდა.

რაც შეეხება პეტროვის მიწვევას, აშკარაა, რომ ამ სვლით, ”რენოს” რუსული კომპანიების სპონსორებად მიზიდვის იმედი აქვს. თავად პეტროვიც იმედოვნებს, რომ მისი სახელი ფორმულა 1-ში სპონსორებად რუსულ კომპანიებს მოიყვანს. უფრო მეტიც, ”რენომ” მესამე პილოტის მონოპოსტი ჩინელ ჰო-პინ ტუნს ჩააბარა, რაც ასევე პოტენციური სპონსორებისთვის გათვლილი სატყუარაა.

ლოპესი ამბობს, რომ გუნდის ბიუჯეტის 83 პროცენტი გარანტირებულია და რომ დარჩენილ თანხას სპონსორები მოიტანენ. ამასთან, დასძენს, რომ მანქანების შეფერილობა აუცილებლად შეიცვლება, თუ საჯინიბოს ტიტულოვანი სპონსორი გამოუჩნდება.

Sunday, January 31, 2010

”ბეემვე ზაუბერმა” ახალი C29 გვიჩვენა

BMW Sauber launches new C29 car

31 იანვარი

მარცხნიდან: პეტერ ზაუბერი, პედრო დე ლა როსა და კამუი კობაიაში
.................................................

მართალია, ”ბეემვე” ფორმულა ერთიდან შარშან წავიდა, მაგრამ შვეიცარულმა გუნდმა ”ზაუბერმა” თავის სახელწოდებაში გერმანული კომპანიის სახელი მაინც დატოვა და გუშინ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი წარმოადგინა, რომელიც ”ფერარის” ძრავითა და გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.

იმის მიუხედავად, რომ თეთრად შეღებილ მანქანაზე თითქმის ვერ ნახავთ სპონსორების წარწერებს, გუნდის შეფი პეტერ ზაუბერი, ვინც ბავარიელებისგან საკუთარი გუნდი უკან დაიბრუნა, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, მას ფინანსური პრობლემები არ აწუხებს და იმედი გამოთქვა, რომ სეზონის დაწყებამდე, მისი გუნდის მანქანებზე რამდენიმე წარწერა და ლოგოტიპი გამოჩნდება.

”ამ სეზონში ფინანსურად გარანტირებულები ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა, სპონსორების მოზიდვას ვცდილობთ, რათა მომავალშიც არ შეგვექმნას პრობლემები. დარწმუნებული ვარ, ბაჰრეინში ჩვენს მანქანებზე სპონსორების წარწერებს ნახავთ. ან ეს ევროპული ეტაპებისთვის მაინც მოხდება. სამწუხაროდ, სპონსორების მოსაზიდად საკმაოდ მცირე დრო გვქონდა. ამ საკითხზე მუშაობა საშობაოდ დავიწყეთ, ამ დროს კი სპონსორების მოზიდვა ძალიან ძნელია”, - მანქანის პრეზენტაციაზე განაცხადა 66 წლის ზაუბერმა, ვინც თავისი გუნდი ფორმულა 1-ში პირველად 1993 წელს გამოიყვანა და მაშინ მისი ბიუჯეტი სულ რაღაც 30 მილიონი დოლარი იყო.

სხვათა შორის, გასული სეზონის ბოლოს, ”ბეემვე” თავისი გუნდის მიყიდვას შვეიცარულ საინვესტიციო ჯგუფ ”ქადბაკისთვის” აპირებდა, რომელსაც ახლო აღმოსავლეთელი მხარდამჭერი ჰყავდა, მაგრამ შემდეგ გარიგება ჩაიშალა და გუნდის 80 პროცენტი ზაუბერმა დაიბრუნა. ეს ის წილია, რომელიც მანვე 2005 წელს გერმანულ კომპანიას მიჰყიდა.

”ბეემვე ზაუბერმა” გასულ სეზონში მეექვსე ადგილი დაიკავა. პეტერ ზაუბერი აცხადებს, რომ მისი გუნდი იმავე ადგილისთვის იბრძოლებს. მანვე დასძინა, რომ გუნდს შარშანდელზე 40 პროცენტით შემცირებული ბიუჯეტი ექნება. ამასთან, პერსონალი 388-დან 260-მდე შემცირდა.

პეტერ ზაუბერი ამბობს, რომ პირადად ფ1-ში დიდხანს დარჩენას არ აპირებს, თუმცა მომავალ სეზონში, ის გუნდთან ერთად იქნება და ყველა რბოლას დაესწრება. შემდეგ კი გამოჩნდება, თუ რა გზას დაადგება. მან არ გამორიცხა, რომ გუნდი შეიძლება კვლავ გაყიდოს.

ახალ სეზონში, ”ბეემვე ზაუბერის” მანქანების საჭესთან ორ ახალ პილოტს - 38 წლის ესპანელ პედრო დე ლა როსას და 23 წლის იაპონელ კამუი კობაიაშის ვიხილავთ. ბევრს გაუკვირდა, რომ ზაუბერმა დე ლა როსა ისეთ პილოტს ამჯობინა, როგორიც უგუნდოდ დარჩენილი გერმანელი ნიკ ჰაიდფელდია. გუნდის შეფმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანელი სპონსორების მოსაზიდად არ მიუწვევია.

”პედროს ჩვენთან სპონსორი არ მოუყვანია, თუმცა იმედი მაქვს, რომ გუნდში მისი ყოფნა ესპანურ კომპანიებს დააინტერესებს. ჩვენ ცვლილება გვჭირდებოდა. ნიკი რამდენიმე სეზონის განმავლობაში, ჩვენი პილოტი იყო. ახლა კი ახალი სტარტი გვჭირდება და ჩვენი არჩევანიც ამან გამოიწვია”, - განაცხადა ზაუბერმა.

დიფუზორების დავა 2010 წლის სეზონშიც აქტუალური იქნება

Diffuser row could hit 2010 season

31 იანვარი

”მაკლარენი” თავის დიფუზორს ჯერჯერობით არავის უჩვენებს

......................................................

ფორმულა ერთის ახალი სეზონი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა დიდია ალბათობა იმისა, რომ მის სტარტზევე, ზოგიერთი გუნდის მანქანის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ეს ვარაუდი მაშინვე გამოითქვა, როგორც კი ”მაკლარენმა” თავისი ახალი სარბოლი მანქანის, MP4-25-ის პრეზენტაცია ჩაატარა.

არადა, დიფუზორების შარშანდელი დავის შემდეგ, როცა საერთაშორისო საავრომობილო ფედერაციის (FIA) სააპელაციო სასამართლომ ორმაგი დიფუზორები ლეგალურად მიიჩნია, მოსალოდნელი იყო, რომ ამ თემაზე კამათი აღარ გაგრძელდებოდა. მაგრამ როგორც ჩანს, ”მაკლარენის” ინჟინერთა საზრიანობამ ტექნიკურ რეგლამენტში კიდევ ერთი ნაპრალი იპოვა, რომელსაც თავის სასარგებლოდ იყენებს.

ამის დასტურად, ”მაკლარენის” საინჟინრო დეპარტამენტის შეფი პადი ლოუ აცხადებს, რომ ახალი მანქანის შექმნის პროცესში, გუნდმა მაქსიმალურად გამოიყენა ის შესაძლებლობები, რომლებსაც ტექნიკური რეგლამენტი იძლევა.

”ეს პირველი მანქანაა, რომელზეც ჩვენ მაქსიმალურად შევძელით ორმაგი დიფუზორების პოტენციალის ათვისება. მისი კონსტრუქცია ჩვენ სუფთა ფურცლიდან შევიმუშავეთ. ძველი კონფიგურაციის ადაპტირება რომ დაგვეწყო, შედეგი სულ სხვა იქნებოდა. იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენი კონსტრუქცია ტექნიკური რეგლამენტით ნებადართულის ზღვარზეა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რადიკალური კონსტრუქცია სხვებსაც ექნებათ”, - ამბობს ლოუ.

მაგრამ ”ფერარიში” ამ საკითხს სხვა კუთხით აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ”მაკლარენის” დიფუზორის კონსტრუქცია რეგლამენტს არ შეესაბამება. ის დარწმუნებულია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საქმეში FIA-ს ჩარევა საჭიროც არ გახდება.

”ვფიქრობ, რეგლამენტის ორმაგად აღქმას ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. დიფუზორის კონსტრუქციის შემუშავების პროცესში, ჩვენ FIA-ს მივმართეთ, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ რეგლამენტს არ ვარღვევთ. მათგან კი დადებითი პასუხები მივიღეთ. იმედი გვაქვს, რომ სეზონის დასაწყისში, შარშანდელის მსგავსი გარჩევები არ გველის”, - დასძენს ლოუ.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორმაგი დიფუზორის იდეა რეგლამენტს არ შეესაბამება. ალბათ, რეგლამენტში რჩება პუნქტები, რომლებიც ზოგიერთი გუნდის ინჟინერს, მათი სხვაგვარად აღქმის საშუალებას აძლევს. ამ საკითხის გადაჭრა FIA-ს კომპეტენციაა, თუმცა ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ”, - ”გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას განაცხადა ”ფერარის” ტექნიკურმა დირექტორმა ალდო კოსტამ.

”ვფიქრობ, ჩვენ გუნდს ტიტულების მოპოვების უნარი შესწევს, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ხელს არ შეგვიშლის ის გარემოება, რომ მეტოქე გუნდები მანქანებს რეგლამენტის შესაბამისად შექმნიან”, - ამბობს ”ფერარის” ვიცე პრეზიდენტი პიერო ფერარი.

Saturday, January 30, 2010

ვილი ვებერი - ჰულკენბერგი ”ფერარიში” მალე გადავა

Weber plans Ferrari future for Hulkenberg

30 იანვარი

სერია GP2-ის მოქმედ ჩემპიონს, გერმანელ ნიკო ჰულკენბერგს ჯერ ფორმულა 1-ის არცერთ რბოლაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მისი მენეჯერი ვილი ვებერი დარწმუნებულია, რომ უახლოეს სამ წელიწადში მას აუცილებლად ვიხილავთ ”ფერარიში”.

ვებერი, ვინც სახელი იმით გაითქვა, რომ მიხაელ შუმახერის მენეჯერია და მისგან, გაწეული სამსახურისთვის, ჰონორარების 20 პროცენტს იღებდა, რისთვისაც მეტსახელად მისტერ ოცი პროცენტი შეარქვეს, აცხადებს, რომ ჰულკენბერგს ”ფერარიში” მოხვედრის რეალური შანსი შარშანვე მიეცა, როდესაც იტალიური გუნდი, უნგრეთის დიდი პრიზის დროს მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ფელიპე მასას დროებით შემცვლელს ეძებდა.

”მაშინ ჩვენ ბევრი ვარიანტი განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ მთელ ყურადღებას GP2-ის კამპანიაზე გადავიტანდით და მისი ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლას გავაგრძელებდით. ახლა კი ფორმულა 1-სთვის დებიუტის დრო დადგა და მე ამისათვის კარგად მომზადებული ვარ. ალბათ, კარგად მოვიქეცით, რომ შარშან არ ავჩქარდით”, - ამბობს 22 წლის გერმანელი პილოტი, ვინც მომავალ სეზონს ”უილიამსში”, ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოსთან ერთად გაატარებს.

ვებერი კი დარწმუნებულია, რომ მისი ახალი აღმოჩენა, რომელსაც სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მალე გამოიჩენს თავს და დიდი გუნდების ყურადღებას მიიქცევს, რაც მას, საბოლოოდ მარანელოში მიიყვანს.

”სამ წელიწადში ნიკო აუცილებლად ”ფერარიში” გადავა”, - ფინურ გამოცემა ”ტურუნ სანომატთან” საუბრისას განაცხადა ვებერმა, ვინც თავის დროზე, დიდი როლი ითამაშა შუმახერის ”ფერარიში” გადასვლაში.

Friday, January 29, 2010

”მაკლარენი” ახალ სეზონს საუკეთესოდ მომზადებული ხვდება

McLaren declaring themselves better prepared than ever

29 იანვარი

”მაკლარენმა” საზოგადოებას თავისი ახალი ბოლიდი, MP4-25 წარუდგინა, რომლითაც ბრიტანელები - ჯენსონ ბატონი და ლუის ჰამილტონი, ახალ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

მანქანის აგება პრეზენტაციის წინა ღამით დასრულდა და როცა საჩვენებლად დარბაზში გადმოჰქონდათ, სპეციალურ ლიფტზე მისი დამაგრება გაჭირდა - ახალი რეგლამენტის გამო, ის საგრძნობლად გრძელია და სამაგრებზე მისი მიბმა ვერ მოხერხდა. ამიტომ, გუნდი იძულებული გახდა, ახალი ბოლიდი დანიშნულების ადგილამდე მეორე გასასვლელიდან, შემოვლითი გზით მიეტანა.

ახალი სარბოლი მანქანა შარშანდელზე გრძელია, რაც იმის შედეგია, რომ რბოლისას საწვავის შევსება იკრძალება და შესაბამისად, სტარტზე პილოტებს შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მეტი საწვავით გასვლა მოუწევთ. რა თქმა უნდა, შეიცვალა აეროდინამიკური პაკეტი. პრეზენტაციაზეც კი, გუნდმა არავის უჩვენა MP4-25-ის უკანა დიფუზორი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის დასაწყისში ალბათ მეტოქე გუნდების მხრიდან დავის საგანი გახდება. ინგლისური გუნდი კი ირწმუნება, რომ დიფუზორი ტექნიკურ რეგლამენტს შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასაწყისში, სწორედ დიფუზორის გამო ატყდა დავა, მაგრამ მაშინ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის სააპელაციო სასამართლომ, სამი გუნდის (ბრაუნი, უილიამსი და ტოიოტა) მიერ გამოყენებული აეროდინამიკური ელემენტი ლეგალურად სცნო.

გასულ სეზონსაც ”მაკლარენი” ოპტიმისტურად ხვდებოდა, მაგრამ პირველივე ტესტებმა აჩვენა, რომ მანქანა არაკონკურენტუნარიანი და შედარებით ნელი იყო. გუნდის საინჟინრო პერსონალს ნახევარი სეზონი დასჭირდა იმისათვის, რომ ჰამილტონს გამარჯვებისთვის ბრძოლა შესძლებოდა. თუმცა ჩემპიონობისთვის ბრძოლა ვეღარ მოხერხდა.

ისევე როგორც შარშან, ახალ სეზონშიც, პირველი ნომერი ”მაკლარენს” ეკუთვნის და ის გუნდს ჩემპიონმა ბატონმა მოუტანა, რომელიც აქ ”ბრაუნიდან” (ახლანდელი მერსედესიდან) გადმოვიდა. ”მაკლარენში” იმედოვნებენ, რომ ამჯერად მაინც შეძლებენ ამ ნომრის შენარჩუნებას.

”მანქანა შარშანდელისგან ძლიერ განსხვავდება და მე მეამაყება, რომ მის შექმნაში მონაწილეობას ვღებულობდი. დარწმუნებული ვარ, ის გაცილებით დამჯერი და სწრაფი იქნება. MP4-25-ზე მუშაობა ჩვეულებრივზე ადრე დავიწყეთ. ფაბრიკაში ბიჭები თავაუღებლად მუშაობდნენ, რათა მისი აეროდინამიკა დაეხვეწათ და ბორბლების გზასთან ჩაჭიდულობა გაეუმჯობესებინათ”, - განაცხადა ჰამილტონმა.

”მაკლარენის” შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ MP4-25-ს ბევრი ისეთი ნაწილი აქვს, რომლის მსგავსიც, ფორმულა 1-ში ადრე არავის გამოუყენებია: ”მაგრამ სიახლეები სხვებსაც ექნებათ. გაიხსენეთ შარშანდელი ორმაგი დიფუზორების ისტორია. ვინ იფიქრებდა, რომ ამ ელემენტს ამხელა მნიშვნელობა ექნებოდა. ასე რომ, წინასწარ რაიმეს დაბეჯითებით თქმა შეუძლებელია. ერთს კი ვიმედოვნებ, რომ ჩემპიონის ვინაობა ტესტებზე და პირველივე რბოლებზე არ გაირკვევა”.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, უიტმარში ამ სიტყვებში იმას გულისხმობდა, რომ ბატონი შარშან ჩემპიონი სწორედ იმის წყალობით გახდა, რომ სეზონის დასაწყისში, მისი მანქანა სხვებისაზე კონკურენტუნარიანი ორმაგი დისუზორის წყალობით იყო.