ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, May 28, 2010

მეორე პრაქტიკა ბატონისაა

Button on top in Turkey

28 მაისი

მეორე პრაქტიკაზეც ”მაკლარენი” დომინირებდა, ოღონდ ამჯერად მისმა პილოტებმა დუბლი ვეღარ მოახერხეს, ცხრილის სათავეში კი ლუის ჰამილტონი ჯენსონ ბატონმა შეცვალა. ამასთან, ბატონმა ჰამილტონის პირველი პრაქტიკის შედეგის გაუმჯობესებაც შეძლო. სხვათა შორის, მისი შედეგი - წუთი და 28.280 წამი, უკეთესია იმ დროზე, რომლითაც შარშან სებასტიან ფეტელმა პოულ პოზიციის მოპოვება შეძლო.

ამჯერად მეორე შედეგი ”რედ ბულის” მარკ უებერს ჰქონდა, თუმცა ასპარეზობა მან ნაადრევად, მბოლავი მანქანით შეწყვიტა. არაა გამორიცხული, რომ მის ბოლიდზე ძრავი დაზიანებულიყო. მესამე შედეგი ამჯერად ფეტელს ჰქონდა. ფეტელმა ახალი შასით იასპარეზა და მისი მუშაობით კმაყოფილი დარჩა. ცნობისათვის, დაწუნებული შასით მან 6 რბოლაში 78 ქულა მოაგროვა, ზუსტად იმდენი, რამდენიც ჩემპიონატის ლიდერმა უებერმა.

მხოლოდ მეხუთე შედეგი ჰქონდა ფერნანდო ალონსოს, ვინც ბრაზილიელ თანაგუნდელ ფელიპე მასასთან ერთად, ”ფერარის” მე-800 რბოლას ატარებს და ამასთან დაკავშირებით, მათი ბოლიდები საიუბილეო რბოლის აღსანიშნავი წარწერებითაა შემკული.

მეორე პრაქტიკაზე, ბრუნო სენა თავის ბოლიდს დაუბრუნდა და ბოლოსწინა შედეგს დასჯერდა. სამაგიეროდ, 0.320 წამით აჯობა ინდოელ თანაგუნდელ კარუნ ჩანდჰოკს.

მეორე პრაქტიკის შედეგები

1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:28.280

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:28.378

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:28.590

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:28.672

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:28.725

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:28.914

7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:28.974

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:29.225

9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:29.501

10. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:29.620

11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:29.629

12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:29.987

13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:30.053

14. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:30.176

15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:30.386

16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:30.627

17. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:30.766

18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:30.933

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:31.610

20. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:33.013

21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:33.081

22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:33.312

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:33.420

24. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:33.740

ჯერჯერობით, უსწრაფესი ჰამილტონია

Hamilton leads McLaren one-two in Turkey practice

18 მაისი

თურქული დიდი პრიზის პირველი თავისუფალი პრაქტიკა ”მაკლარენის” პილოტების დომინირებით ჩატარდა. მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა თითქმის წამით აჯობა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჯენსონ ბატონს და ცხრილის სათავეში დამკვიდრდა.

ბატონს, ვინც თურქული ეტაპის შარშანდელი გამარჯვებულია, მცირედით ჩამორჩა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, რომელმაც კვლავ უკან მოიტოვა თავისი თანაგუნდელი ნიკო როსბერგი. კიდევ ერთი გერმანელი, შევასტიან ფეტელი მეხუთე შედეგს დასჯერდა.

სხვათა შორის, ფეტელმა პირველად იასპარეზა ახალი შასით, რომელსაც თავისი ტრადიციის შესაბამისად, სახელი - ”რენდი მენდი” შეარქვა. სმ შასის ახალგაზრდა გერმანელი სეზონის წინა ტესტებზე იყენებდა, თუმცა ”რედ ბულის” გადაწყვეტილებით, ჩემპიონატის დაწყების წინ, ის სხვა მანქანაზე გადასვეს.

მართალია, პარასკევის პრაქტიკები მხოლოდ ტექნიკის მოსამართად და მოსათელად გამოიყენება, თუმცა ჩემპიონატის ლიდერმა მარკ უებერმა, ვინც მერვე შედეგს დასჯერდა, განაცხადა, რომ ”მაკლარენი” კარგ ფორმაშია და მისი პილოტებისგან რბოლაშიც სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი.

”ბარსელონაში დავინახეთ, რომ ”მაკლარენი” რეალური ძალაა. ლუისი ჩვენი უახლოესი მდევარი იყო. თუმცა, არც ის გვავიწყდება, რომ ”ფერარის” და ”მერსედესისგანაც” ბევრი სიურპრიზია მოსალოდნელი. ასე რომ, ჩვენთვის გარანტირებული ჯერ არაფერია”, - ამბობს უებერი, ვისაც წინა ორი რბოლა აქვს მოგებული.

პირველი თავისუფალი პრაქტიკა გამოტოვა ბრუნო სენამ, ვინც თავისი ბოლიდი იაპონელ საკონ იამამოტოს დაუთმო. ამან კი თავის ინდოელ თანაგუნდელ კარუნ ჩანდჰოკთან თითქმის წამი წააგო და ცხრილის ბოლოში დაიკავა ადგილი.

პირველი პრაქტიკის შედეგები

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:28.653

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:29.615

3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:29.750

4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:29.855

5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:29.867

6. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:30.061

7. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:30.065

8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:30.097

9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:30.294

10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:30.501

11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:30.615

12. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:30.853

13. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:30.867

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:31.011

15. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:31.238

16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:31.355

17. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:31.464

18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:31.735

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:32.161

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:32.990

21. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) 1:34.876

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:35.137

23. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:35.583

24. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:36.137

Thursday, May 27, 2010

ისტანბულ პარკის ერთი წრე მარკ უებერთან ერთად

One lap with Mark Webber

27 მაისი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი, მეშვიდე ეტაპის წინ, რომელსაც თურქული ისტანბულ პარკი უმასპინძლებს, სარბოლ არენაზე მეგზურობას ”რედ ბულ რეისინგი” და მისი ავსტრალიელი პილოტი, ჩემპიონატის ლიდერი მარკ უებერი გაგვიწევენ. მარკ უებერი:

”თურქეთში რბოლა საათის ისრის საწინააღმდეგოდ მიდის და ეს კისერზე დატვირთვას ჩვეულებრივზე მეტად ზრდის (რადგან ამ მიმართულებით გადატვირთვებს პილოტები მიჩვეულნი არ არიან და მათი კისრებიც საათის ისრის მიმართულებით მოძრაობასაა მიჩვეული). თურქული ეტაპი იმითაც დამამახსოვრდა, რომ ქალაქში საშინელი საცობებია და ტრასამდე სანამ მივაღწევდეთ, ორი დიდი ხიდი უნდა გავიაროთ. თანაც, აქ რბოლას ყოველთვის ცოტა მაყურებელი ესწრება.

ტრასის სიგრძე 5.3 კილომეტრია, სულ კი საათის ისრის საწინააღმდეგოდ, 58 კილომეტრის გავლა მოგვიწევს. ტრასას ხუთი ჩქაროსნული სწორი დასამი ნელი მოსახვევი აქვს. გასწრებისთვის კი მხოლოდ ერთი იდეალური ადგილია. მაქსიმალური სიჩქარე 315 კმ/სთ-ს აღწევს.

სტარტ/ფინიშის შემდეგ პირველ, ბრამ მოსახვევს გავდივართ და მე-3 გადაცემაზე გადავდივართ. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მოსახვევის ზუსტად და სუფთად გავლას, რადგან მის შემდეგ, გზა საკმაოდ მკვეთრ აღმართზე ადის. ამ აღმართში ძრავი სერიოზულ დატვირთვას განიცდის. შემდეგ ისევ ბრამ მოსახვევს გავდივართ, სადაც შეცდომის დაშვება ძალიან ადვილია. ამას მარჯვენა, ასევე ბრამ მოსახვევია, საპირისპირო პროფილით...

ამას მოჰყვება დაღმართი და ორი მარცხენა მოსახვევა, რომლების უშეცდომოდ გავლაც მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ, ოდნავ მოდუნების საშუალება გვაქვს და მეშვიდე მოსახვევში შევდივართ, საიდან გამოსვლის შემდეგაც, აჩქარებას ვასწრებთ და მერე მერვე მოსახვევის ჯერია, რომელშიც მანქანები სერიოზულ დატვირთვას განიცდის. განსაკუთრებულად კი საჭის მექანიზმი იტვირთება, რადგან მოსახვევს ოთხი აპექსი აქვს, რითაც ის უნიკალურია.

შემდეგ ისევ დაღმართია, მუხრუჭები და 180-გრადუსიან მარცხენა მოსახვევს გავდივართ, რომლიდან გამოსასვლელშიც, ტრასა ოდნავ ფართოვდება. სხვათა შორის, ეს მაყურებლისთვის საინტერესო ადგილია. ამას მოსდევს სწორი მონაკვეთი, რომელიც ოდნავაა მოხრილი. ამ მონაკვეთის სრული სიჩქარით გავლა, ფ1-ის მანქანისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ეს სწორი იმითაცაა საინტერესო, რომ მასში სლიპსტრიმით გასწრება შეიძლება. ოღონდ, მანევრის შესრულების შემდეგ, საჭიროა შიდა რადიუსზე გასვლა.

შემდეგ უნტენსიური დამუხრუჭება, გადაცემა მე-2 საფეხურზე გადაგვყავს და ვიწრო მარცხენა მოსახვევში შევდივართ, რომელსაც კიდევ უფრო ვიწრო მარჯვენა მოსახვევი მოსდევს. და, როგორც იქნა, ბოლო მოსახვევს მივადექით, რომელიც უშეცდომოდ უნდა გავიაროთ, რათა სტარტ/ფინიშის სწორზე სიჩქარე არ დავკარგოთ. გამოსასვლელში ავჩქარდებით, გადავკვეთავთ ფინიშის ხაზს და სულ ეს არის...

Wednesday, May 26, 2010

დი მონტეძემოლო ისევ მესამე მანქანაზე ოცნებობს

Ferrari keen to link with American team

26 მაისი

”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა კორდერო დი მონტეძემოლო (სურათზე) კვლავაც ოცნებობს ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებისთვის მესამე მანქანის გამოყვანის უფლებაზე და მზადაა, ამ ოცნების ასასრულებლად, ამერიკულ გუნდთან ითანამშრომლოს.

მართალია, ფორმულა 1-ში ამერიკული გუნდი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა არსებობს ყველა პირობა იმისათვის, რომ ასეთი მომავალ სეზონში ვიხილოთ. ყოველ შემთხვევაში, ამას პოპულარულ საინტერნეტო გვერდ ”იუთუბის” თანამფლობელი ჩად ჰარლი ცდილობს და მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში ამერიკული გუნდის (US F1) გამოყვანა ვერ შეძლო (არადა, ამის ოფიციალური უფლება ჰქონდა), თავისი იდეის ხორცშესასხმელად გზას კვლავაც ეძებს.

ამ ფაქტორის თავის სასარგებლოდ გამოყენებას კი დი მონტეძემოლო ცდილობს, რომელიც თანახმაა, ამერიკულ გუნდს, ”ფერარის” წარმოების, სრულად ეკიპირებული ბოლიდები მიაწოდოს. ”მე ვოცნებობ იმ დროზე, როდესაც რბოლებზე მესამე ”ფერარის” ამერიკული დროშის ფერებში გაწყობილს ვიხილავთ”, - ამბობს დი მონტეძემოლო.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე, როდესაც ჯერაც არსებობდა იმის შანსი, რომ US F1-ს ჩემპიონატში მონაწილეობა მიეღო, ჰარლის მრჩეველი და საქმიანი პარტნიორი პერის მულინსი მარანელოში ჩავიდა და იტალიური გუნდის შეფ სტეფანო დომენიკალისთან მოლაპარაკება გამართა. ოღონდ, საუბარი შეეხებოდა არა იმას, რომ ამერიკულ გუნდს იტალიური მანქანები დაუყოვნებლივ მიეღო (ამას მოქმედი რეგლამენტი კრძალავს), არამედ იმას, რომ ორ მხარეს შორის სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისთვის ჩაეყარათ საფუძველი.

”მე რომ სტეფანოს შევხვდი, რა თქმა უნდა, მაშინ ”ფერარის” მაშინ ჩვენთვის მანქანების მოწოდება არ შეეძლო. მაგრამ ისინი, რეგლამენტის ფარგლებში, ყოველნაირ დახმარებას შეგვპირდნენ. ჩვენ ”კოსუორტთან” გვქონდა კონტრაქტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი (ფერარის გულისხმობს) ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზად არიან, რადგან ამერიკულ ბაზარს მათთვის დიდი მნიშვნლობა აქვს”, - ბრიტანულ გამოცემა ავტოსპორტთან” საუბრისას განცხადა მულინსმა, ვინც აღიარებს, რომ ჰარლის აღარ სურს გუნდის სუფთა ფურცლიდან ჩამოყალიბება და რომელიმე არსებული საჯინიბოს გამოსყიდვას ეცდება.

რაც შეეხება დი მონტეძემოლოს, ის დიდი პრიზების ჩატარების ორდღიანი ფორმატის მომხრეა და ამბობს, რომ აუცილებელია, რომ გუნდებს რბოლებს შორის თავიანთი მანქანების ტესტების უფლება დაუბრუნდეთ.

აშშ-ის დიდი პრიზი ტექსასს უბრუნდება

Austin to host U.S. grand prix from 2012

26 მაისი

ფორმულა 1 ამერიკის შეერთებულ შტატებს 2012 წელს დაუბრუნდება, რბოლას კი შტატ ტექსასის მთავარ ქალაქ ოსტინის ავტოდრომი უმასპინძლებს. ფ1-ის კომერციულ უფლებათა გამგებელმა ბერნი ეკლსტოუნმა განაცხადა, რომ ოსტინის ტრასა, რომელიც სპეციალურად, დიდი პრიზების რბოლებისთვის აშენდება, მსოფლიო ჩემპიონატების ამერიკულ ეტაპებს 10 წლის განმავლობაში უმასპინძლებს.

”ფორმულა ერთის ამერიკული რბოლების ისტორიაში პირველად, მსოფლიო კლასის ავტოდრომი სპეციალურად, აშშ-ის დიდი პრიზის ჩასატარებლად აშენდება”, - ფორმულა 1-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას განაცხადა ეკლსტოუნმა. ცნობისათვის, ეს ქალაქი მე-15 უდიდესია აშშ-ში.

”ჩვენთვის ძალიან საპატიო და საამაყოა ის ფაქტი, რომ ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა მფლობელთან შეთანხმებას მივაღწიეთ. უკვე რემდენიმე წელია, ამ თემაზე მოლაპარაკებას ვაწარმოებდით და ბოლოს და ბოლოს, მიზანს მივაღწიეთ. როგორც იქნა, ფორმულა 1 ტექსასსაც ეწვევა”, - ამბობს ოსტინური რბოლის ორგანიზატორ კომპანია ”ფულ თროტლ პროდაქშენზის” პარტნიორი მენეჯერი ტავო ჰელმუნდი.

ფორმულა 1-ის ბოლო რბოლა ამერიკის შეერთებული შტატების მიწაზე 2007 წელს, ინდიანაპოლისის ლეგენდარულ ”აგურნაშენზე” (ასე ტრასას იმის გამო ეძახიან, რომ ადრე მისი ტრასის ზედაპირი აგურით იყო დაგებული) ჩატარდა და ის ბრიტანელი ლუის ჰამილტონის (მაკლარენი) გამარჯვებით დასრულდა.

იმ რბოლის შემდეგ, ამერიკის ეტაპი კალენდრიდან იმის გამო ამოვარდა, რომ ინდიანაპოლისის ტრეკის ხელმძღვანელობამ ფორმულა 1-თან კონტრაქტი აღარ გააგრძელა. მას შემდეგ, ეკლსტოუნი მუდმივად ეძებდა სხვა ადგილს, სადაც ამერიკული ეტაპის ჩატარება იქნებოდა შესაძლებელი. სულ ახლახანს, ნიუ იორკის და ნიუ ჯერსის ვარიანტები განიხილებოდა, თუმცა სხვადასხვა გარემოების გამო, ისინი არ განხორციელდა. ასევე ფიგურირებდა რბოლის ლას ვეგასში, კალიფორნიაში, ან ფლორიდაში ჩატარების ვარიანტები. საბოლოოდ კი ყველას ტექსასმა აჯობა

რა თქმა უნდა, ამ ცნობამ ძლიერ გაახარა ფორმულა 1-ის გუნდების ხელმძღვანელები, რომლებიც ბერნისგან მუდმივად მოითხოვდნენ კალენდარში აშშ-ის დიდი პრიზის დაბრუნებას. ამერიკა ხომ ჯერაც მსოფლიოს უდიდესი ბაზარია, სადაც დაბრუნება ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს სოლიდური სპონსორების მოზიდვის პერსპექტივას უქმნის.

ცნობისათვის, ინდიანაპოლისის ოვალის გარდა, აშშ-ის დიდი პრიზი უოტკინს გლენში (ნიუ იორკი), ლონგ ბიჩში (კალიფორნია), ლას ვეგასში (ნევადა), დეტროიტში (მიჩიგანი), დალასსა (ტექსასი) და პინიქსში (არიზონა) ჩატარებულა. ამასთან, 1982 წლის სეზონში, ამერიკულ მიწაზე სამი ეტაპი (ლონგ ბიჩში, დტროიტსა და ლას ვეგასში) გაიმართა.

Monday, May 24, 2010

მატეშიცი ”რედ ბულ რესინგისთვის” სატიტულო სპონსორს ეძებს

Mateschitz eyes title sponsor for Red Bull Racing

24 მაისი

არაა გამორიცხული, რომ მალე ”რედ ბულ რეისინგს” სატიტულო სპონსორი გამოუჩნდეს და სახელიც ნაწილობრივ შეეცვალოს. ამაზე თავად ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანიის დამაარსებელი და მფლობელი, დიტრიხ მატეშიცი ლაპარაკობს.

”როდესაც ”რედ ბულ რეისინგი” ტოპ გუნდის სტატუსს მოიპოვებს, შესაძლოა, მას მაშინ სატიტულო სპონსორიც გამოუჩნდეს”, - ბრიტანულ გაზეთ ”სანდი ექსპრესთან” საუბრისას განაცხადა მატეშიცმა. გაზეთის ვარაუდით, ”რედ ბულის” სატიტულო სპონსორი შეიძლება ფუფუნების საგნების მწარმოებელი რომელიმე ცნობილი ბრენდი გახდეს.

პოტენციურად, სატიტულო სპონსორს საჯინიბოსთვის დაახლოებით 30 მილიონი გირვანქა სტერლინგის მოტანა შეუძლია. ეს კი გუნდს განვითარებასა და მოწინავეს სტატუსის შესანარჩუნებლად ძალიან გამოადგება. ამავე გაზეთის ინფორმაციით, ”რედ ბულ რეისინგის” შენახვა მატეშიცს წლიურად დაახლოებით 79 მილიონი გირვანქა სტერლინგი უჯდება.

სხვათა შორის, ამჟამად, ”რედ ბულ რეისინგი” სპონსორებისთვის ყველაზე სასურველი პარტნიორია, რადგან გამარჯვებებთან ერთად, სატელევიზიო რეპორტაჟების დროს, ეკრანზე ყველაზე ხშირად სწორედ მისი მანქანები ჩნდება. გამოცემა ”ფორმულა მანის” ინფორმაციით, მონაკოს რბოლის დროს, ”რედ ბულ რეისინგის” მანქანების ეკრანზე გამოჩენის ხანგრძლივობა, 17 მილიონი ევროს ექვივალენტური იყო. გარდა ამისა, 6 მილიონი ევროს ექვივალენტური დრო ჰქონდა ”რედ ბულის” მეორე გუნდ ”ტორო როსოს”. გარდა ამისა, ”რედ ბულ რეისინგი” ლიდერობას პირველი 6 ეტაპის ჯამშიც ინარჩუნებს. ამ შემთხვევაში, მისი სარეკლამო ფასი 106.5 მილიონი ევროა.

უებერი გუნდის გამოცვლას არ გამორიცხავს

Webber not ruling out moving teams

24 მაისი

მარკ უებერი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, როდესაც ”რედ ბულ რეისინგთან” მისი კონტრაქტიც დასრულდება, ის შეიძლება სხვა გუნდშიც გადავიდეს. ამჟამად ავსტრალიელს და მის გერმანელ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვთ, თუმცა უებერი ლიდერია, რამდენადაც მას ერთით მეტი (ორი) რბოლა აქვს მოგებული.

უებერმა ამ სეზონის ორივე ევროპული რბოლა (ესპანეთი და მონაკო) მოიგო და ორივე შემთხვევაში, ”რედ ბულის” პილოტებმა დუბლი შეასრულეს. ამდენად, როგორც ჩემპიონატის ლიდერი, უებერი პილოტთა ბაზარზე მთავარი ფიგურაა. ის აღიარებს, რომ ავსტრიულ გუნდში თავს შესანიშნავად გრძნობს, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ის მომდევნო სეზონშიც აუცილებლად ბის” მანქანით იასპარეზებს.

უებერის მოსურნე გუნდებს შორის, მთავარი შეიძლება ”ფერარი” გახდეს, რომელსაც ამ სეზონის ბოლოს, კონტრაქტი ბრაზილიელ ფელიპე მასასთან უმთავრდება და ალბათ მას აღარც დაიტოვებს. იტალიურ გუნდს უკვე აქვს ოპცია პოლონელ რობერტ კუბიცასთან, მაგრამ გამოიყენებს თუ არა ამ ოპციას, ეს ჯერ არავინ იცის. ეჭვი არაა, მარანელოელები უებერსაც აკვირდებიან და თავიანთ არჩევანს ისინი ბრიტანეთის დიდ პრიზამდე გააკეთებენ. სწორედ იმ დროისთვის გასდის ყავლი კუბიცაზე მათს ოპციას.

თავად უებერი კი თავის მომავალზე ჯერ გარკვევით არაფერს ამბობს: ”ჯერ მხოლოდ ორი რბოლა მოვიგე, თანაც ზედიზედ და ბუნებრივია, ამით ყველას ყურადღების ცენტრში მოვექეცი. ყველას აინტერესებს, რომელ გუნდში ვიქნები მომავალ სეზონში. მინდა ვთქვა, რომ ”რედ ბულის” ბიჭებთან ძალიან ახლოს ვარ და მათტან კარგი ურთიერთობა მაქვს. მაგრამ ამ საქმეში ბევრი რამ ძალიან სწრაფად იცვლება, ბევრი რამ მოულოდნელად ხდება. ამიტომ, წინასწარ რაიმეს თქმა გამიჭირდება”.

საგულისხმოა, რომ ის თავისი მომავლის გარკვევას ბრიტანულ დიდ პრიზამდე მოელის (ირიბად ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ მას ”ფერარისთან” აქვს მოლაპარაკება): ”ამჟამად მხოლოდ შემდგომ რბოლაზე ვფიქრობ. სეზონი ჯერ ეკვატორს არ მიახლოებია და ასობით ქულაა გასათამაშებელი. ამიტომ, ჩემი ლიდერობა ბევრს არაფერს ნიშნავს. ვფიქრობ, ჩემი მომავლის შესახებ, სურათი მომდევნო ექვს კვირაში უფრო გამოიკვეთება. თუმცა, ისევე როგორც ყოველთვის, ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა რბოლების სიყვარულია”.

Sunday, May 23, 2010

კაშტრუნევიშის მეოთხე ინდი პოული

Castroneves takes Indy pole on wild qualifying day

24 მაისი

ჰელიო კაშტრუნევიში კარიერაში მეოთხე პოულს ზეიმობს
........................................................

ბრაზილიელი ჰელიო კაშტრუნევიშის გამარჯვებით დასრულდა ინდიანაპოლისის 500-მილიანი რბოლის საკვალიფიკაციო მარათონი. მან წრე 366.87 კმ/სთ საშუალო სიჩქარით გაიარა. მისი სიჩქარე ყველაზე მაღალი იყო მთელი კვირის განმავლობაში. ეს ინდი 500-ზე კაშტრუნევიშის მიერ მოპოვებული მეოთხე პოულ პოზიციაა და ამ მაჩვენებლით ის ინდი ქარის ისეთ ლეგენდებს გაუტოლდა, როგორებიც ეი ჯეი ფოიტი და რექს მეისი არიან. ისე კი, ყველაზე მეტჯერ - ექვსჯერ დიდი რბოლა რიკ მირზმა დაიწყო.

კაშტრუნევიში კვალიფიკაციის ბოლო ეტაპზე ტრასაზე პირველი გავიდა და ყოველ მომდევნო წრეზე საუკეთესო შედეგს აფიქსირებდა, რითაც მაყურებელთა ოვაციები დაიმსახურა. საბოლოოდ კი, ოთხ ჩასათვლელ წრეზე, ყველაზე მაღალი საშუალო სიჩქარე განავითარა.

დარიო ფრანკიტი

..........................................

”მეგობრებო, ამ ადგილის დაკავება აქ ყოველთვის მოულოდნელია. ვერავინ იტყვის, გავალ ტრასაზე და პოული ჩემი იქნება. ეს შესანიშნავი შედეგია და ძალიან კმაყოფილი ვარ. რბოლისთვის კარგად მომზადებული ვიყავი და ლოდინი არ მსურდა. ამიტომ გავედი ტრასაზე პირველი - ერთი სული მქონდა, საუკეთესო შედეგი მეჩვენებინა. აქ კვალიფიკაცია ყოველთვის ძალიან ძნელია. მუდამ ზღვარზე ხარ და რისკიც მაქსიმალურია. დღეს, რბოლისას, მე სამჯერ გამომეცხადა იესო”, - რბოლის შემდეგ ყვებოდა კაშტრუნევიში, ვისაც ინდი 500 სამჯერ აქვს მოგებული და 30 მაისს მის მეოთხედ მოსაგებად გაირჯება. ამ პოულისთვის, კაშტრუნევიშიმა 15 ქულა და 175 000 დოლარი დაიმსახურა.

ტონი კანაანი რბოლისთვის ემზადება
.........................................................................
ბრაზილიელთან ცოტა წააგო მისმა თანაგუნდელმა (პენსკეს გუნდში), ავსტრალიელმა უილ პაუერმა (366.23 კმ/სთ) მესამეზე კი შოტლანდიელი დარიო ფრანკიტი (ინდი 500-ის ყოფილი გამარჯვებული) გავიდა, რომელმაც ”პენსკეს” პილოტებს პირველი სამი პოზიციის დაკავების საშუალება არ მისცა. კარგა ხანს ფრანკიტის მეორე შედეგი ჰქონდა, მაგრამ რბოლის მიწურულს, მას პაუერმა აჯობა.
სარა ფიშერი ასპარეზობისას
........................................................

კვალიფიკაცია ახალი სისტემით ჩატარდა. შაბათის სესიის ხუთსაათიანი რბოლის შემდეგ, 24 ”ნელი” მანქანა პოულისთვის ბრძოლას გამოეთიშა. დარჩენილმა ცხრა პილოტმა ასპარეზობა შაბათ საღამოს გააგრძელა. გადამწყვეტი რბოლა 90-წუთიანი იყო. მის განმავლობაში, პილოტები ოთხწრიან ცდება ასრულებდნენ. კაშტრუნევიშმა დასაწყისშივე შეძლო ყველაზე მაღალი საშუალო სიჩქარის აკრეფა, რის შემდეგაც, მისი შედეგის გაუმჯობესება ვერავინ მოახერხა. მეოთხე შედეგი ”პენსკეს” კიდევ ერთმა ავსტრალიელმა პილოტმა, რაიან ბრისკომ დაიკავა.

კვალიფიკაციის ორივე სესიაზე სამი სერიოზული ავარია მოხდა, რომელთაგან ერთ-ერთი პოულის ერთ-ერთ პრეტენდენტს, ბრაზილიელ ტონი კანაანს (ინდი ქარის სერიის ყოფილ ჩემპიონს) შეემთხვა. ამის გამო, კანაანმა 24 საუკეთესოს შორის ადგილის მოპოვებაც კი ვერ შეძლო.

24 საუკეთესოს შორის სამი ადგილი სუსტი სქესის პილოტებმა დაიკავეს, რომელთაგან საუკეთესო ბრაზილიელი ანა ბეატრისი იყო. ის 21-ე ადგილს დასჯერდა და უკან ჩამოიტოვა 21 წლის შევიცარელი ახალბედა სიმონა დე სილვესტრო. ბოლოსწინა ადგილზე კი გამოცდილი და ყველაზე ტიტულოვანი (მას ინდი ქარის ერთი რბოლა აქვს მოგებული) ქალი პილოტი, ამერიკელი დანიკა პატრიკი გავიდა.

სასტარტო რიგში ადგილის მოპოვების შანსი კიდევ ორ ქალ პილოტს, ვენესუელელ მილკა დუნოს და ამერიკელ სარა ფიშერს ჰქონდა. მაგრამ კვირის კვალიფიკაციაზე, რომლის დროსაც სასტარტო რიგის ბოლო 9 ადგილის მფლობელის ვინაობა გაირკვა, დუნოს ხელი მოეცარა. ფიშერმა კი მართალია, მოწინავე 24-ს შორის ადგილი ვერ მოიპოვა, მაგრამ ქალებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო სიჩქარე დააფიქსირა და ეს რომ წინა სესიებზე მოეხერხებინა, მათში საუკეთესო სასტარტო ადგილსაც დაეუფლებოდა.

კანაანს მესამე სესიაზეც ძალიან გაუჭირდა. მართალია, მისი გუნდის მექანიკოსებმა მანქანა თავიდან ააწყვეს, მაგრამ მას აშკარად აკლდა სიჩქარე. თუმცა, ბრაზილიელმა სესიის მიწურულს მაინც შეძლო მიყოლებით ოთხი სწრაფი წრის გავლა და საბოლოოდ, სტარტზე ბოლოსწინა, 32-ე ადგილს მაინც დაეუფლა.

Saturday, May 22, 2010

”ლოტუსი” და ”უილიამსი” ”კოსუორტით” კმაყოფილები არიან

Lotus, Williams happy with Cosworth

21 მაისი

ცოტა ხნის წინ, პადოკში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს, ორი გუნდი - ”უილიამსი” და ”ლოტუსი”, მომავალი სეზონიდან ძრავების მიმწოდებლის შეცვლას და ”კოსუორტის” ნაცვლად ”რენოს” ძრავების შეძენას აპირებენ. მაგრამ როგორც ირკვევა, ეს ინფორმაცია საფუძველსაა მოკლებული.

დღეისათვის, ფორმულა 1-ის გუნდებს ძრავებს ოთხი კომპანია - ”მერსედესი”, ”ფერარი”, ”რენო” და ”კოსუორტი” აწვდის. ეს უკანასკნელი დიდი პრიზების ცირკში ახალი დაბრუნებულია და სამი ახალბედა გუნდის (ლოტუსი, ვირჯინი და ისპანია) გარდა, მისი კლიენტი ”უილიამსიცაა”. და მართალია, ეს გუნდები კარგი შედეგებით ვერ დაიკვეხნიან, ”კოსუოტრს” მაინც არავინ უჩივის. უფრო მეტიც, ”უილიამსსა” და ”ლოტუსში” აცხადებენ, რომ მომავალ სეზონშიც ისინი ინგლისური ძრავებით ასპარეზობას აპირებენ.

”შემიძლია ვთქვა, რომ ”კოსუორტის” ძრავებს მკაცრ მოთხოვნებს ვუყენებთ, რაც მათი მწარმოებლებისთვისაც სასარგებლოა, რადგან ისინი აქ იმისთვის არ არიან, რომ სტატისტის როლით დაკმაყოფილდნენ. ამიტომ, მათი წინსვლისთვის აუცილებელი პირობა ისაა, რომ მათს კლიენტებს მკაცრი მოთხოვნები გვქონდეს”, - ამბობს ”უილიამსის” ტექნიკური დირექტორი სემ მაიკლი და დასძენს, რომ ”კოსუორტთან” თანამშრომლობით კმაყოფილია.

მის აზრს სრულად იზიარებს ”უილიამსის” აღმასრულებელი დირექტორი ადამ პარი, ვინც ვერ ხედავს მიზეზს, რომლის გამოც, მისი გუნდი ”კოსუორტთან” თანამშრომლობაზე უარს იტყოდა: ”მე ”კოსუორტთან” თანამშრომლობით კმაყოფილი ვარ და მიმაჩნია, რომ სხვა ვარიანტების მოძებნა საჭირო არაა. მათ შესანიშნავი ძრავი აქვთ. სეზონის წინა ტესტებზე ეს აშკარა იყო. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სეზონის მსვლელობისას, ძრავს ერთი ნაკლი მაინც აღმოაჩნდა - ექსპლუატაციის პროცესში, მისი ცვეთის მახასიათებლები თანდათან უარესდება. მათ ეს კარგად იციან. აშკარაა, რომ ეს პრობლემა ძრავის გამძლეობას აუარესებს. ამჟამად საჭიროა არც ისე შრომატევადი სამუშაოს ჩატარება იმისათვის, რომ ძრავის საიმედოობა გაუმჯობესდეს. ამ ეტაპზე, ჩვენ სწორედ ამ საკითხით ვართ დაკავებულნი”.

ინგლისურ გამოცემა ”ავტოსპორტის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ”კოსუორტის” ძრავებისადმი დაახლოებით ანალოგიური დამოკიდებულება ”ლოტუსშიც” აქვთ.

რედ ბულის” წარმატებათა მთავარი მიზეზი ედრიან ნიუია

Williams: Newey genius to keep Red Bull ahead

21 მაისი

სერ ფრენკ უილიამსის აზრით, ”რედ ბულ რეისინგის” წარმატებათა მთავარი მიზეზი ედრიან ნიუია, ვინც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ფორმულა 1-ის საუკეთესო ინჟინრად. სწორედ ნიუის ხელმძღვანელობით შეიქმნა ბოლიდი ინდექსით RB6, რომლითაც მიმდინარე სეზონში, ავსტრალიელმა მარკ უებერმა და გერმანელმა სებასტიან ფეტელმა 6-დან 3 რბოლა მოიგეს და ყველა კვალიფიკაციაზე უსწრაფესები იყვნენ. ამის შედეგი კი ისაა, რომ გუნდი ორივე კლასიფიკაციაში ლიდერია.

მართალია, ”ფერარი”, ”მაკლარენი” და ”მერსედესი” ირწმუნებიან, რომ სეზონის მსვლელობისას, ლიდერების დაწევას შეძლებენ, მაგრამ სერ ფრენკს ამაში ეჭვი ეპარება. მან იცის, რასაც ამბობს - ნიუი ხუთი სეზონის განმავლობაში (1990-1995 წლებში) სწორედ ”უილიამსის” ტექნიკური დირექტორი იყო.

”დაეწევიან თუ არა ისინი ”რედ ბულს”? ეჭვი მეპარება. უბრალოდ, ედრიანი სულ სხვა დონეზეა და თან, უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ის რომ ჩვენს გუნდში 1990 წელს მოვიდა, ძალიან მოკლე ხანში აუღო ალღო ყველაფერს. მან სწრაფად განსაზღვრა, როგორი მოხაზულობა უნდა ჰქონოდა მანქანას და აეროდინამიკურ მილში ბევრი მუშაობის გარეშეც შეეძლო სიახლეების შემუშავება. ის წარმოუდგენლად ნიჭიერი ადამიანია”, - ყვება სერ ფრენკი.

თავად ნიუი თავმდაბალი ადამიანია და თვლის, რომ სხვა გუნდებს საკმაო რესურსები და გამოცდილება აქვთ იმისათვის, რომ მოკლე დროში, დიდი ნაბიჯით წინ წაიწიონ. ”მათ უზარმაზარი გამოცდილება აქვთ. მაგალითად, ”მაკლარენს” მონაკოს დიდი პრიზი 15-ჯერ აქვს მოგებული, ჩვენს გუნდს კი 15 წელი ჯერაც არ შესრულებია. დღეს ჩვენს მანქანას კარგი სისწრაფე აქვს და ის გიგანტებთან ბრძოლის საშუალებას გვაძლევს. ახლა მთავარია, რომ უპირატესობის შენარჩუნება შევძლოთ. არ მინდა იმაზე ვილაპარაკო, თუ რომელ ტრასებზე ვიქნებით სწრაფები და რომელზე არა. თუმცა, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ ყველგან შეგვიძლია გამარჯვებისთვის ბრძოლა. ჯერ სულ მეორე სეზონია, რაც რეგლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და მიმაჩნია, რომ ეს გარემოება, სხვებსაც სწრაფად განვითარების რესურსს ანიჭებს. ამიტომ, თუ განვითარების მაღალ ტემპს არ შევინარჩუნებთ, ორ კვირაში ჩვენი უპირატესობიდან არაფერი დარჩება”, - ამბობს ნიუი (სურათზე).

Thursday, May 20, 2010

ლოტუსი” მომავალი სეზონის მანქანაზე მუშაობას იწყებს

Lotus set to shift focus to 2011 car

20 მაისი


სამი ახალი გუნდიდან, რომლებიც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში მიმდინარე სეზონიდან ჩაერთვნენ, ყველაზე უკეთ ინგლისურ-მალაიზიური ”ლოტუსი” ასპარეზობს. მაგრამ მის ხელმძღვანელობას, დამკვიდრებულ გუნდებთან პაექრობის იმედი არ აქვთ, რადგან უშუალო კონკურენტებთან ”ლოტუსის” პილოტები წრეზე 1.5-2 წამს აგებენ.

ამის გამო, ”ლოტუსის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ამ სეზონის მანქანის ინტენსიურ სრულყოფას აზრი არ აქვს და რომ შუა სეზონიდან, მომავალი სეზონის მანქანის შემუშავება დაიწყება. კერძოდ, ბრიტანეთის დიდ პრიზზე, გუნდი მნიშვნელოვნად მოდერნიზებულ Т127-ს გამოიყვანს, რის შემდეგაც, მისი ინჟინრები ახალ მანქანაზე მუშაობას დაიწყებენ.

”გუნდში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. სერიოზულად განახლებული მანქანით ალბათ სილვერსტოუნის რბოლაზე გამოვალთ. მაგრამ ამ ეტაპზევე, ჩვენ მომავალი სეზონის მანქანაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და მის აეროდინამიკურ გამოცდება მალე შევუდგებით”, - ამბობს ”ლოტუსის” ტექნიკური დირექტორი მაიკ გასკოინი.

”ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სეზონში ჩვენი მიზანი ძველი გუნდების დაწევა იყო. მომავალ სეზონში, რეგლამენტში ბევრი ცვლილება გველის, რაც გუნდების შესაძლებლობებს მეტნაკლებად ათანაბრებს. ამიტომ, ჩვენს რესურსებს ახლავე მომავალი სეზონის მანქანის მზადებისკენ მივმართავთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სეზონშიც ვეცდებით შედეგების გაუმჯობესებას, მაგრამ იმავდროულად, ახალ მანქანაზეც ვმუშაობთ”, - დასძენს გასკოინი.

გუნდმა Т127 შეზღუდულ ვადებში შექმნა. ფორმულა 1-ში ”ლოტუსის” დაბრუნების პროექტს მწვანე შუქი გვიან აენთო, რის გამოც, მანქანის შესაქმნელად სულ 6 თვე იყო დარჩენილი. გასკოინი ამბობს, რომ ნორმალური გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში, ”ლოტუსი” გაცილებით სწრაფსა და კონკურენტუნარიან მანქანას შექმნის.

”კარგი იქნება, თუ ამ სეზონში, კონსტრუქტორთა პირველობაზე მეათე ადგილს დავიკავებთ. თუ რეალისტები ვიქნებით, უფრო წინ წასვლა შეუძლებელია და ამაში ვერანაირი მოდერნიზაცია ვერ დაგვეხმარება. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მომავალი სეზონის მანქანის შესაქმნელად მივმართოთ. რა თქმა უნდა, კომერციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ წინსვლა ამ სეზონშიც იგრძნობოდეს. თუმცა მიმაჩნია, რომ გაცილებით ეფექტური იქნება, თუ მომავალ სეზონში, ჩვენ ყველას და მათ შორის ჩვენს სპონსორებსაც, სიურპრიზს შევთავაზებთ.

ამჟამად Т127-ის სრულყოფაზე მუშაობა გრძელდება. სრული ტემპით მიმდინარეობს სხვადასხვა დეტალის აეროდინამიკურ მილში დამუშავება და მათი მანქანაზე დანერგვა. ამჟამად ჩვენ მანქანის შემსუბუქებით ვართ დაკავებულნი. ჯერჯერობით, ჩვენს მანქანას ნახშირბადოვანი კომპოზიტისგან დამზადებული საკიდარი არ აქვს. სილვერსტოუნზე ის მას მიიღებს. მოკლედ, ჯერჯერობით ყველაფრით კმაყოფილები ვართ”, - დასძენს გასკოინი.

ფეტელი ახალ შასიზე გადადის

Vettel to get new chassis for Turkey

20 მაისი

ინგლისურ გამოცემა ”ავტოსპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ თურქეთის დიდ პრიზზე, სებასტიან ფეტელი ახალი შასით იასპარეზებს. ფეტელმა ბოლო ორ რბოლაში, შიდაგუნდური პაექრობა ავსტრალიელ მარკ უებერთან დათმო და როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ნაწილობრივ ისაა, რომ მისი შასი დაზიანებული ყოფილა.

მონაკოს რბოლის შემდეგ, გუნდის ინჟინრებმა ფეტელის შასის (მისი ნომერია 3 და მასზე გერმანელი პილოტი სეზონის დაწყებიდან ასპარეზობს) დაწვრილებითი ანალიზი ჩაატარეს, რომლის დროსაც გაირკვა, რომ ძველ შასის მცირე დეფექტი აქვს. თუმცა, ”რედ ბულ რეისინგის” წარმომადგენლები ამ საკითხს არ უღრმავდებიან.

”მონაკოს დიდი პრიზის მსვლელობისას, ფეტელის მანქანამ არადამახასიათებელი თავისებურებანი გამოავლინა. ამის გამო, ჩვენ ის საგულდაგულოდ შევამოწმეთ და მცირე დეფექტი აღმოვუჩინეთ, რის შემდეგაც, შასის შეცვლა გადავწყვიტეთ”, - ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ”რედ ბულ რეისინგის” შეფმა კრისტიან ჰორნერმა.

ამგვარად, თურქულ ეტაპზე, ფეტელი მე-4 ნომერ შასიზე გადაჯდება, უებერი კი იმავე 2 ნომრით ასპარეზობას გააგრძელებს, რომლითაც სეზონი დაიწყო და რომლითაც უკვე ორი ეტაპის (ესპანური და მონაკოსი) მოგება შეძლო.

Wednesday, May 19, 2010

”რენო” ძრავებით უფრო მეტ გუნდს მოამარაგებს

Renault ready to supply more teams

19 მაისი

”რენოს” ფორმულა 1-ის ძრავების პროგრამის შეფი რემი ტაფენი ამბობს, რომ მომავალ სეზონში, მის კომპანიას ძრავებით მეტი გუნდის მომარაგება შეუძლია. დღეისათვის, ფრანგული კომპანიის ძრავებს, საკუთარი გუნდი და ”რედ ბულ რეისინგი” იყენებენ. ამასთან, მასთან მოლაპარაკებას ”უილიამსი” და ”ლოტუსი” (ორივე კოსუორტის კლიენტია) აწარმოებენ, რომლებიც ადრე უკვე იყვნენ ”რენოს” კლიენტები.

”ჯერ არ ვიცით, მომავალ სეზონში ძრავებს რომელ გუნდებს მივაწვდით. სამაგიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ორზე მეტი გუნდისთვის ძრავების წარმოება ახლავე შეგვიძლია. ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, მეტი ძრავის წარმოებისთვის, ჩვენ მეტი პერსონალის აყვანა დაგვჭირდება და მერე, სამ-ოთხ გუნდს თავისუფლად მივაწვდით ძრავებს”, - ამბობს ტაფენი.

გასული სეზონის მონაცემებით, ”რენოს” ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ძრავი ჰქონდა. თუმცა მოქმედი რეგლამენტის შესაბამისად, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკურმა კომისიამ მისი კონტროლირებადი მოდიფიცირების უფლება მისცა.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ ძრავის მოდიფიცირებამდე, ”რენოს” რობერტ კუბიცამ ერთი რბოლა მოწინავე სამეულში დაასრულა, ”რედ ბულის” ორივე პილოტი კი გამარჯვებებისთვის იბრძოდა. ძრავის სრულყოფის შემდეგ კი ”რედ ბულის” მარკ უებერმა ზედიზედ ორი რბოლა მოიგო, კუბიცა კი მეორედ ავიდა კვარცხლბეკზე. უფრო მეტიც, მონაკოს დიდ პრიზზე, კვალიფიკაციაზეც და რბოლაშიც, პირველი სამი ადგილი ”რენოს” ძრავებით მოასპარეზე პილოტებმა დაიკავეს.

ტაფენი ამბობს, რომ შესაძლოა, სხვა ძრავები უფრო მეტ სიმძლავრეს ავითარებს, მაგრამ მისი კომპანია კმაყოფილია თავისი ძრავით და მისით მოასპარეზე პილოტების შედეგებით.

”მინდა ვთქვა, რომ ძრავების შედარება ძალიან ძნელია. შესაძლოა, სიმძლავრით ჩვენი ძრავი საუკეთესო არაა, მაგრამ მთავარია, რისი უნარი აქვს მას მთლიანობაში. მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ მოარგებ მანქანას ძრავზე და რამდენად ემორჩილება ის ამა თუ იმ რბოლისთვის მომზადებას. საერთო ჯამში, მე ჩვენი ძრავით კმაყოფილი ვარ”, - დასძენს ტაფენი.

ჩემპიონები უებერს ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებენ

Brabham, Jones back Webber for title

19 მაისი

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტები ავსტრალიიდან, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სერ ჯეკ ბრებჰემი და 1980 წლის ჩემპიონი ალან ჯონსი დარწმუნებულნი არიან, რომ მათს თანამემამულე მარკ უებერს ყველა მონაცემი აქვს იმისა, რომ ამ სეზონში ტიტულს დაეუფლოს.

”მარკს თავისუფლად შეუძლია ჩემპიონატში გამარჯვება, მე ამაში ეჭვიც არ მეპარება. ეს დიდებული დღეა მისთვისაც და მთელი ავსტრალიისთვისაც. მან პრესტიჟული, ყველაზე ძნელი და მძიმე რბოლა მოიგო და თანაც, მცირე შეცდომაც კი არ დაუშვია. ამ რბოლას თავიდან ბოლომდე ვუყურე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ უებერი ძალიან კარგი მრბოლია. ახლა ის ჩემპიონატის ლიდერია და ტიტულსაც სრულებით იმსახურებს. მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და ვამაყობ მისით. ვინც მონაკოში გაიმარჯვებს, ის ჩემპიონობისთვის მზადაა და მჯერა, რომ ის ამას შესძლებს”, - ”სიდნეი მორნინგ ჰერალდთან” საუბრისას განაცხადა 84 წლის ბრებჰემმა.

დღემდე ბრებჰემი ერთადერთი ავსტრალიელი პილოტი იყო, ვისაც მონაკოს დიდი პრიზი მოგებული ჰქონდა. მან ეს გამარჯვება 1959 წელს მოიპოვა და იმავე სეზონში, თავის პირველ ტიტულს დაეუფლა.

მსგავსი განწყობა აქვს ჯონსსაც, ვინც ”უილიამსის” პირველი ჩემპიონია. ”ვფიქრობ, ყველაფერი კარგად წარიმართა. მარკმა ჯერ პოული მოიგო, შემდეგ შესანიშნავი სტარტი აიღო, რამდენიმე რესტარტზე ზეწოლასაც გაუძლო. ეს კი ძალიან ძნელია, რადგან რესტარტის დროს ყოველთვის მდევრისგან შეტევაა მოსალოდნელი. ასე რომ, მარკმა ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთა. ის ყოველ მომდევნო რბოლას წინაზე უკეთ ატარებს. მისი თავდაჯერებულობაც იზრდება და ამას ხელს ის ფაქტიც უწყობს, რომ ზედიზედ ორჯერ აჯობა ფეტელს”, - გაზეთ ”აუსტრალიანთან” საუბრისას ამბობს ჯონსი.

”რენოში” იმედოვნებენ, რომ კუბიცა მათტან დარჩება

Renault trusts Kubica will stay on in 2011

19 მაისი

”რენოს” ფორმულა 1-ის გუნდის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ შეძლებს თავისი პოლონელი პილოტის, რობერტ კუბიცას კიდევ ერთი სეზონით თავისთან დატოვებას. ეს განცხადება მონაკოს დიდი პრიზის შემდეგ გაკეთდა, როცა პადოკში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ პოლონელი პილოტის გადაბირებას ”ფერარი” ცდილობს.

მიმდინარე სეზონში კუბიცამ უკვე ორჯერ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. მონაკოში ის მესამე ადგილზე გავიდა, რის შემდეგაც, პილოტთა კლასიფიკაციაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. 6 რბოლის შემდეგ, ჩემპიონატის ლიდერს, ავსტრალიელ მარკ უებერს ის 19 ქულით ჩამორჩება.

”რობერტი გუნდს შესანიშნავად შეეწყო და მას ჩვენი საბრძოლო განწყობა ძალიან მოსწონს. ყველაფერი პოზიტიურად ვითარდება: ჩვენ მანქანის მოდერნიზებას ვაგრძელებთ და ამბიციური გეგმები გვაქვს. ამასთან ნებისმიერ ინფორმაციას რობერტს ვუზიარებთ. და მე იმედი მაქვს, რომ ის ჩვენს გუნდში დარჩება”.

”გუნდსა და პილოტს შორის აბსოლუტური ურთიერთგაგებაა, რასაც რბოლებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ადრე, ანალოგიური ურთიერთობა ჩვენსა და ალონსოს შორისაც იყო და ჩვენ გვინდა, რომ იგივეს რობერტთან ერთადაც მივაღწიოთ”.

”დიდი ხანი არაა, რაც ჩვენმა გუნდმა სერიოზული პრობლემები გადალახა. გატარებულმა რესტრუქტურიზაციამ მის საბრძოლო განწყობაზე დადებითად იმოქმედა. ”რენოს” ჩემპიონატები მოგებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ხალხმა კარგად იცის, როგორ უნდა შექმნას საჩემპიონო მანქანა და მიაღწიოს გამარჯვებას”, - ამბობს ”რენო F1-ის” შეფი ერიკ ბუიე.

ინგლისური გამოცემა ”ავტოსპორტი” გვატყობინებს, რომ ”ფერარის” პოლონელ პილოტთან პირველი ოპციის ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს, რომლის ძალითაც შეუძლია, ბრიტანულ დიდ პრიზამდე შესთავაზოს მას სრულფასოვანი კონტრაქტი. ამის შემდეგ კი ოპციონი ძალას დაკარგავს და კუბიცას თავისუფალი არჩევანის უფლება დაუბრუნდება.