ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, August 24, 2010

ბარიკელოს მე-300 რბოლა

Rubens Barrichello to Start 300th GP at Spa

24 აგვისტო

ბელგიის დიდი პრიზი მე-300 იქნება ბრაზილიელი რუბენს ბარიკელოსთვის, რომელმაც გასული 18 სეზონის განმავლობაში, 11 რბოლა მოიგო, კვარცხლბეკზე 68-ჯერ ავიდა და სულ 637 ქულა დააგროვა. 38 წლის პილოტმა თავისი ცხოვრების თითქმის ნახევარი დიდი პრიზების ცირკში გაატარა და ძნელი წარმოსადგენია, მის გარდა, ოდესმე კიდევ ვინმემ შეძლოს სტარტზე 300-ჯერ გამოსვლა.

ამ 18 წლის განმავლობაში, რუბინიომ სულ 5 გუნდი გამოიცვალა, ორჯერ ახლოს (მათემატიკურად) იყო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან. ერთხელ ”ფერარისთან”, მეორედ კი შარშან - ”ბრაუნთან” ერთად. თავისი კარიერის დასაწყისში კი, 1994 წლის სან მარინოს დიდ პრიზზე, სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. ის იყო მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ფორმულა 1-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) პილოტის, ბრაზილიელი აირტონ სენას პროტეჟე, იმ სენასი, რიომელიც სან მარინოს იმავე რბოლისას დაიღუპა.

”ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ სპორტში ასე დიდი ხნის განმავლობაში. ახლა კი წარმოუდგენელ ზღვარს მივაღწიე, რაც კიდევ უფრო მახარებს. ვეტერანი ვარ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საუკეთესო ფორმაში ვიმყოფები და დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდხანს შევძლებ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას”, ბელგიური დიდი პრიზის წინ განაცხადა ბარიკელომ.

ბელგიური რბოლისთვის კარგადაა მომზადებული მისი გუნდი ”უილიამსი”, რომელმაც რამდენიმე სიახლე დაამატა თავის ბოლიდს, რათა ბრაზილიელ პილოტს თავის გამოჩენაში დაეხმაროს. მართალია, აქამდე ”უილიამსი” საშუალო გუნდების სიაშია, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ისეთ სწრაფ ტრასაზე, როგორიც სპა ფრანკორშანია, ბარიკელომ და კომპანიამ სიურპრიზი შემოგვთავაზოს.

რუბინიოს ისედაც ყველაზე მეტ რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2008 წლის თურქეთის დიდი პრიზი მის კარიერაში სარეკორდო, 256-ე იყო (იტალიელი რიკარდო პატრეზეს ძველი რეკორდი გააუმჯობესა). შარშან კი, მონაკოს დიდი პრიზის 47-ე წრეზე, მან მიხაელ შუმახერის რეკორდი გააუმჯობესა - 13 909-ზე მეტი წრე გაიარა.

მოკლედ, რუბინიოს ორი სოლიდური რეკორდი ეკუთვნის და გასაკვირია, რომ ის ჯერაც არ აპირებს თავისი სარბოლი კარიერის დასრულებას - ამჟამად ”უილიამსთან” მოლაპარაკებას აწარმოებს, რისი მიზანიც კონტრაქტის გაგრძელებაა. როგორც ამბობენ, კონტრაქტს მხარეები მალე მოაწერენ ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარიკელოს 326 რბოლაში მონაწილეობის მიღების შანსი აქვს. თუმცა, კარიერა შეიძლება არც მერე დაასრულოს…

”ტოიოტა TF110-ს” გამარჯვებისთვის ბრძოლა შეეძლო

Toyota TF110 Would Have Battled for the F1 Title

24 აგვისტო

”ვირჯინის” გერმანელ პილოტ ტიმო გლოკის განცხადებით, ფორმულა 1-დან რომ არ წასულიყო, ”ტოიოტას” ახალი მანქანით, რომელსაც ამჟამად ”პირელი” თავისი საბურავების გამოსაცდელად იყენებს, ტიტულისთვის ბრძოლა იქნებოდა შესაძლებელი.

როგორც ცნობილია, შარშანდელი სეზონის მიწურულს, ”ტოიოტამ” ფორმულა 1-დან წასვლა გადაწყვიტა, თუმცა იმ მომენტისთვის, ამ სეზონის მანქანის შემუშავების ძირითადი სტადია უკვე დასრულებული იყო. გლოკი ამბობს, რომ TF110-ს მის წინამორბედზე გაცილებით უკეთესი აეროდინამიკური მახასიათებლები ჰქონდა. იგივეს ამტკიცებს ”ტოიოტას” ტექნიკური დირექტორი პასკალ ვასელონი:

”როცა გუნდმა მისი შემუშავება შეაჩერა, მანქანას წინასთან შედარებით, გზასთან 20-30 პროცენტით უკეთესი ჩაჭიდება ჰქონდა. ჩვენ დასახულ მიზნებს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ. არადა, სამეულისთვის ბრძოლის საშუალებას TF109-იც იძლეოდა. გუნდის დაშლის შემდეგ, მისი აეროდინამიკის სპეციალისტები სხვა გუნდებმა მიიწვიეს და ახლა, ისინი ”ტოიოტაში” ვერგამოყენებულ იდეებს თავიანთ ახალ გუნდებში ნერგავენ”.

იყო შანსი იმისა, რომ ”ტოიოტა TF110” რომელიმე ახალ გუნდს გამოეყენებინა. მის პოტენციურ კლიენტთა შორის, ყველაზე რეალური სერბული ”შტეფანი” მოჩანდა, თუმცა ეს გუნდი დიდი პრიზების ცირკში არ შეუშვეს. მერე კი, მანამ, სანამ ”პირელი” საბურავებით ფორმულა 1-ის ერთპიროვნული მომმარაგებელი გახდებოდა, ეს შესანიშნავი მანქანა არავის გახსენებია და ის ”ტოიოტას” ყოფილ შტაბ-ბინაში, კიოლნში უმოქმედოდ იდგა.

არადა, ვასელონი ამბობს, რომ მანქანა იმ თანამედროვე აეროდინამიკური პაკეტით იყო აღჭურვილი, რომლების დანერგვასაც ტოპ გუნდები მთელი სეზონის განმავლობაში ცდილობენ. მთავარი კი, გუნდის აწ უკვე ყოფილი ტექნიკური დირექტორის აზრით, მანქანის ზემოთ აწეული ცხვირი იყო:

”ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მანქანას ყველაზე მაღლა აწეული ცხვირი ჰქონდა. დიფუზორი ოპტიმალურად სწორედ ამ შემთხვევაში მუშაობს. პირველივე რბოლისთვის კი ჩვენ ვამზადებდით ჩასაბერ დიფუზორს, რომელმაც ”რედ ბულს” თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მისცა. ასე რომ, ”რედ ბულთან” ერთად, ჩვენ ამ ელემენტს პირველები გამოვიყენებდით”.

სხვათა შორის, გაჩნდა ხმები იმის შესახებ, რომ ”ტოიოტა TF110-ის” გამოყენებით, მიმდინარე სეზონის აშკარა აუტსაიდერი, ”ისპანიაა” დაინტერესებული. უფრო მეტიც, ესპანელები იაპონურ კომპანიასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებას უკვე აწარმოებენ. ოღონდ, აღნიშნული ბოლიდის გადამუშავებული ვერსიის მომავალ სეზონში გამოყენება სურთ.

როგორც ამბობენ, იაპონური კომპანია თანამშრომლობისთვის მზადაა. და თუ მხარეებს შორის გარიგება შედგა, მაშინ ”ისპანიასგან” მომავალ სეზონში სიურპრიზებია მოსალოდნელი.

Monday, August 23, 2010

”მაკლარენი” იტალიაში ჰაერსადინარს არ გამოიყენებს

McLaren to remove F-duct for Monza

23 აგვისტო

მალე ფორმულა 1-ის სეზონი ბელგიური ეტაპით განახლდება, თუმცა ”მაკლარენს” უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ რა სიახლეებს გამოიყენებს იტალიის დიდ პრიზზე, რომელიც ბელგიისას ორ კვირაში მოჰყვება. კერძოდ, ჟურნალ ”ავტოსპორტის” ინფორმაციით, ინგლისური გუნდი მონცას ტრასაზე თავისი რევოლუციური ჰაერსადინარის გამოყენებას არ აპირებს.

ამის მიზეზი კი გარემოებაა, რომ მონცაზე ასპარეზობისას, მანქანას გზასთან მინიმალური ჩაჭიდებაც ჰყოფნის და დამატებითი აეროდინამიკური ეშმაკობები სრულიად უსარგებლოა. სხვათა შორის, მსგავს სადინარს ”რენო” პირველად ბელგიაში გამოიყენებს, თუმცა როგორც ჩანს, ფრანგულ გუნდს იტალიაში მისი მოხსნა მოუწევს.

”მაკლარენი” პირველი გუნდია, რომელმაც თავისი მანქანის კონსტრუქციაში აეროდინამიკური ჰაერსადინარი დანერგა. ასეთი მოწყობილობა მანქანას სწორ მონაკვეთებზე იმდენად დიდ უპირატესობას აძლევს, რომ სეზონის დასაწყისიდანვე, თითქმის ყველა გუნდმა დაიწყო მსგავსი მოწყობილობის შემუშავება.

ჰაერსადინარი პილოტს საშუალებას აძლევს, რომ სწორი მონაკვეთის გავლისას, უკანა ფრთაზე დატვირთვა შეამციროს და მოსახვევში კი პირიქით - გაზარდოს. მაგრამ მონცაზე რბოლისას, ის გამოუსადეგარი ხდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ ტრასისთვის მანქანების მომზადებისას, გუნდების ინჟინრები უკანა ფრთებს მაქსიმალურად ხრიან, რათა მათგან მინიმალური წინააღმდეგობა წარმოიქმნას. სწორზე ფრთის განტვირთვამ შეიძლება მანქანა უმართავიც კი გახადოს. გარდა ამისა, იმავე დახრის გამო, ჰაერსადინარს მოსახვევებში ეფექტი თითქმის არ ექნება, ამიტომ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ”მაკლარენი” ჰაერსადინარის გამოყენებას არ აპირებს.

ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებენ სხვა გუნდები. სხვათა შორის, მონაკოში ”მაკლარენის” გარდა, ყველა გუნდმა უარი თქვა ჰაერსადინარის გამოყენებაზე. მ აშინ ”მაკლარენმა” თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ჰაერსადინარი მანქანის კონსტრუქციის ნაწილია და გუნდს არ მოეპოვება ისეთი სხვა მანქანა, რომლის კონსტრუქციაში ეს ელემენტი არ შედის. არადა, მონაკოშიც ასეთი აეროდინამიკური ელემენტი ნაკლებად ეფექტურია, რადგან იქ მანქანების მაქსიმალური სიჩქარის აკრეფას ვერც კი ასწრებენ.

Sunday, August 22, 2010

რაიკონენი ფორმულა 1-ში დაბრუნებას არ აპირებს

Raikkonen says F1 return unlikely

22 აგვისტო

კიმი რაიკონენმა გერმანიის რალი მეშვიდე ადგიზე დაასრულა და გამარჯვებულ სებასტიან ლოებს თითქმის 9 წუთით ჩამორჩა, რბოლის შემდეგ კი განაცხადა, რომ ფორმულა 1-ში მისი დაბრუნების შანსი მინიმალურია.

”წინასწარ ამაზე ლაპარაკი არ ღირს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ალბათ, ფორმულა 1-ს არასდროს დავუბრუნდები. ფორმულა 1-ში ბევრი კარგი დრო მაქვს გატარებული, მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, რაც ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი იყო. მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება. ახლა რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ და ესეც რომ არ იყოს, ცხოვრებაში ფორმულა 1-ის გარდა, სხვა ბევრი საინტერესო რამეც ხდება”, - ფრანგულ ”ეკიპთან” საუბრისას განაცხადა ”ფერარის” ყოფილმა პილოტმა, ვინც ფორმულა 1 შარშან, სწორედ იტალიური გუნდიდან წამოსვლის შემდეგ დატოვა.

რაიკონენი დასძენს, რომ ლე მანის 24-საათიან რბოლაში დიდი სიამოვნებით მოსინჯავდა ძალას, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ძლიერი გუნდი შესთავაზებს ადგილს.

”ლე მანი ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ამისათვის შესაფერისი გუნდია საჭირო. თუ ლე მანზე გამარჯვება გინდა, ამისათვის მხოლოდ ორი გუნდი თუ გამოდგება - ”პეჟო” და ”აუდი”. ვიმედოვნებ, ოდესმე ლე მანზე გამოსვლის საშუალებაც მომეცემა”, - ამბობს რაიკონენი.

რა თქმა უნდა, ფორმულა 1-ის პადოკში ახლაც ლაპარაკობენ იმაზე, რომ ფინელი პილოტი ფორმულა 1-ს დაუბრუნდება. ამისათვის შესაფერის გუნდად კი ამჯერად ”რენოს” მიიჩნევენ, რომელშიც მეორე პილოტის მონოპოსტი ამჟამად რუს ვიტალი პეტროვს უკავია. მაგრამ როგორც ჩანს, რაიკონენს ”რენო” იმ გუნდად არ მიაჩნია, რომლის ბოლიდითაც ჩემპიონობისთვის ბრძოლაა შესაძლებელი. არაკონკურენტუნარიან გუნდში გადასვლა კი მას არ სურს.

ლოები მეშვიდე ტიტულს უახლოვდება

Loeb wins German rally, nears seventh title

22 აგვისტო

როგორც ჩანს, სებასტიან ლოებს მეშვიდე ტიტულის მოპოვებაში ხელს ვეღარავინ შეუშლის. მან დიდი უპირატესობით მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის მეცხრე ეტაპი - გერმანიის რალი, რის შემდეგაც, უახლოეს მდევართან, თანამემამულე სებასტიან ოჟიესთან უპირატესობა 58 ქულამდე გაზარდა.

36 წლის ფრანგმა რბოლის პირველივე დღეს ხელთ იგდო ლიდერობა და ბოლომდე ხელიდან აღარც გაუშვია. სხვა ეტაპებისგან განსხვავებით, გერმანიის რალი ასფალტიან გზაზე ჩატარდა და ამის გამო, სპეცმონაკვეთების გამხსნელებს გზის გაწმენდა არ უწევთ. ამიტომ, ლოებს პირველივე დღიდან არ დაუზოგავს თავი და წინ არც არავინ გაუშვია. სხვათა შორის, რბოლის ერთ-ერთი სპეცმონაკვეთი - პანცერპლატე, მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში შემავალ ყველა რბოლის ყველაზე უგრძესი მონაკვეთია.

”რბოლის განმავლობაში, ერთი უმნიშვნელო პრობლემაც არ შეგვქმნია. არც მე დამიშვია შეცდომები. მოკლედ, შესანიშნავი რბოლა მქონდა. გერმანიაში მერვედ მოვიგე და ამის დაჯერება თვითონაც მიჭირს. ნამდვილად არ მეგონა, თუ ამას შევძლებდი”, - განაცხადა ლოებმა (სურათზე).

საინტერესოა, რომ გერმანიის რალის კვარცხლბეკის სამივე საფეხური ”სიტროენის” პილოტებმა დაიკავეს. მეორეზე ლოების ესპანელი თანაგუნდელი დანიელ სორდო გავიდა, მესამე ადგილს კი ”სიტროენ ჯუნიორის” ფრანგი სებასტიან ოჟიე დაეპატრონა.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ეტაპიღა დარჩა, ესე იგი, მაქსიმუმ 100 ქულის მოპოვებაა შესაძლებელი. ანუ, ლოებს ჩემპიონობისთვის 43 ქულაც ეყოფა. ამასთან, ჩემპიონი რომ გახდეს, ოჟიემ ოთხივე რბოლა უნდა მოიგოს, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

მეშვიდე ადგილს დასჯერდა ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი, ვინც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ სეზონს ატარებს. მართალია, ბოლო სპეცმონაკვეთზე გაიმარჯვა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებულს მაინც თითქმის 9 წუთით ჩამორჩა.

გერმანიაში მოპოვებული გამარჯვება ლოებისთვის ამ სეზონში მეხუთეა, სულ კი მას კარიერაში მსოფლიო ჩემიონატების 59 ეტაპი აქვს მოგებული.

გერმანიის რალის შედეგები

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:59:38.300

2. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) +00:51.300

3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 02:13.300

4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 02:33.900

5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 06:47.700

6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 08:46.700

7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 08:50.500

8. ხალიდ ალ ყასიმი (ემირატები, ფორდი) 17:36.500

9. მარკ ფან ელდიკი (ჰოლანდია, სუბარუ) 17:53.000

10. პატრიკ სანდელი (შვედეთი, შკოდა) 17:58.800

პილოტების კლასიფიკაცია

1. სებასტიან ლოები - 191 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე - 133; 3. იარი-მატი ლატვალა - 117; 4. პეტერ სოლბერგი - 100; 5. დანიელ სორდო - 95; 6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) - 86; 7. მეტიუ უილსონი - 56; 8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) - 26; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 25; 10. კიმი რაიკონენი - 21...

კონსტრუქტორთა პირველობა

1. სიტროენ ტოტალ WRT - 308 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ-დაბი WRT - 222; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 168; 4. შტობარტ VK M-შპორტ ფორდ WRT - 118; 5. მუნჩი’ს ფორდ WRT - 40

Friday, August 20, 2010

”დუკატი” იმედოვნებს, რომ ”იამაჰა” როსის ადრე გაუშვებს

Ducati Hope Yamaha Will Let Rossi Go

20 აგვისტო

ახლახანს, მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა წრიულ რბოლებში, იტალიელმა ვალენტინო როსიმ, ”იამაჰასთან” კონტრაქტი აღარ გააგრძელა და იტალიურ ”დუკატისთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბევრი ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით, ლეგენდარული მოტომრბოლი კიდევ უფრო მიუახლოვდა ფორმულა 1-ს, სადაც მისი შესაძლო გადასვლის შესახებ, მითქმა-მოთქმა რამდენიმე წელია, არ წყდება.

მაგრამ სანამ ფორმულაში გადავიდოდეს, როსის ”დუკატისთან” ჩემპიონობა სურს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავისი სატიტულო მონაგარი კიდევ უფრო გაამდიდროს. მონდომება არც ”დუკატის” აკლია, რომლის ხელმძღვანელობაც იმედოვნებს, რომ ”იამაჰა” როსის დროზე ადრე გაათავისუფლებს კონტრაქტისგან.

ლაპარაკი არაა იმაზე, რომ როსის ამ სეზონშივე მიეცეს ”დუკატით” ასპარეზობის საშუალება. უბრალოდ, იტალიურ გუნდში იმედოვნებენ, რომ ”იამაჰა” როსის ამ სეზონის დასრულებისთანავე გამოუშვებს და არა კალენდარული წლის ბოლოს, როდესაც კონტრაქტი დასრულდება. ამგვარად, როსის ახალი ბაიკის ტესტირების საშუალება ამ სეზონის დასრულებისთანავე მიეცემა.

არადა, მას შემდეგ, რაც როსიმ ”დუკატისთან” კონტრაქტი გააფორმა, ”იამაჰას” შეფმა მასაო ფურუსავამ განაცხადა, რომ იტალიელ მოტომრბოლს ლურჯი ფორმის ტარება წლის ბოლომდე მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ”ილ დოტორეს” მომავალი სეზონისთვის მომზადებული ”დუკატის” ტესტირების უფლება წელს არ ექნება.

როგორც წესი, კონტრაქტები კალენდარული წლის ბოლომდე ფორმდება, მაგრამ ხშირად, გუნდები თავიანთ ყოფილ მრბოლებს, ახალ გუნდში გადასვლის უფლებას, კონტრაქტის ამოწურვამდე აძლევენ ხოლმე. ბოლო გამონაკლისი 2003 წელს მოხდა, როდესაც ”ჰონდამ” იგივე როსის, ”იამაჰაში” ნაადრევად გადასვლის საშუალება არ მისცა.

”ჩვენ ფურუსავას სურვილს შევუსრულებთ და ბაიკსაც კი ლურჯად შევღებავთ. არ მინდა დავიჯერო, რომ ”იამაჰა” ვალენტინოს ჩვენთან სეზონის დასრულებისთანავე გადმოსვლის საშუალებას არ მისცემს”, - იტალიურ სპორტულ გამოცემა ”გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას განაცხადა ”დუკატის” გუნდის შეფმა ფილიპო პრეციოზიმ.

პრეციოზი დასძენს, რომ როსისთვის და მისი გუნდისთვისაც დიდი მნიშვნელობა ექნება ერთად მუშაობის ადრე დაწყებას - იტალიელ სუპერ მრბოლს, ახალ ბაიკთან შეგუება მოუწევს. ამ გარემოების გამო, პრეციოზი ვარაუდობს, რომ მომავალ სეზონში გამოკვეთილი ფავორიტი როსის ახლანდელი თანაგუნდელი, ესპანელი ხორხე ლორენსო იქნება.

ალონსო ფორმულა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტია

Fernando Alonso, the Highest Paid F1 Driver in 2010, at EUR30 Million

20 აგვისტო

ესპანურ გამოცემა ”ელ მუნდოს” მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაცია გვამცნობს, რომ მიმდინარე სეზონში, ფორმულა 1-ის პილოტებს შორის, ყველაზე მეტი ანაზღაურება ესპანელ ფერნანდო ალონსოს (სურათზე) აქვს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ”ფერარისგან” წლიური ხელფასის სახით, ამ სეზონში 30 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, მას სხვა სოლიდური შემოსავლებიც აქვს სარეკლამო აქციებში მონაწილეობიდან და პირადი კონტრაქტრბიდან.

სხვათა შორის, ანალოგიური ინფორმაციები რეგულარულად ვრცელდება, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდის, ისინი არ დასტურდება. მაგალითად, შარშანაც იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ფორმულა 1-ში ყველაზე დიდი ანაზღაურება ”ფერარის” ფინელ კიმი რაიკონენს ჰქონდა. მაშინაც ლაპარაკი არაერთ ათეულ მილიონ ევროზე იყო, მაგრამ როდესაც იტალიურმა საჯინიბომ კონტრაქტის გამოსყიდვა მოინდომა, რაიკონენს მხოლოდ 17 მილიონი ევრო გადაუხადა.

ამგვარად, ”ელ მუნდოს” მონაცემები შეიძლება გადაჭარბებული იყოს. თუმცა, მაინც საინტერესოა ის ფაქტი, რომ ესპანური გამოცემის ვერსიით, მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტი - ბრიტანელი ლუის ჰამილტონის ხელფასი ალონსოსაზე თითქმის ორჯერ ნაკლები, ”მხოლოდ” 16 მილიონი ევროა. 14 მილიონით, მესამეზე ალონსოს ბრაზილიელი თანაგუნდლი ფელიპე მასაა.

”ელ მუნდოს” სიაში მეოთხე ადგილი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ბრიტანელ ჯენსონ ბატონს აქვს, ვინც ”მაკლარენისგან” 9 მილიონ ევროს მიიღებს. მასზე მილიონით ნაკლები აქვს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს, რომელიც დიდი პრიზების ცირკში დაბრუნების შემდეგ, ერთხელაც ვერ ასულა გამარჯვებულთა კვარცხლბეკზე. 8 მილიონს იღებს შუმახერის თანაგუნდელი და თანამემამულე ნიკო როსბერგი. 7.5 მილიონით, შემდეგი ”რენოს” პოლონელი რობერტ კუბიცაა.

ბრაზილიელ ვეტერან რუბენს ბარიკელოს წლიური ანაზღაურება 5.5 მილიონი ევროა და სიაში მხოლოდ მის შემდეგ იმყოფებიან მიმდინარე სეზონის ლიდერ ”რედ ბულ რეისინგის” პილოტები - ავსტრალიელი მარკ უებერი და გერმანელი სებასტიან ფეტელი. პირველის ხელფასი 4.4 მილიონი ევროა, მეორისა კი - 2 მილიონი. არადა, ჩემპონატში მათ პირველი და მესამე ადგილები უკავიათ.

სხვათა შორის, ფეტელზე მეტ ხელფასს ”ლოტუსის” ფინელი პილოტი ჰეიკი კოვალაინენი ღებულობს. მისი ხელფასი 3 მილიონი ევროა, ”ვირჯინის” გერმანელ ტიმო გლოკს კი მილიონი ევრო ეკუთვნის. ”ელ მუნდოს” ინფორმაციით, დანარჩენი პილოტების ხელფასი მილიონზე ნაკლებია. ყველაზე მცირე ხელფასი კი ”ისპანია რეისინგის” ბრაზილიელ ბრუნო სენას აქვს - მხოლოდ 150 000 ევრო.

Tuesday, August 17, 2010

შუმახერი თავის წარუმატებლობებს მანქანას მიაწერს

Schumacher blames car for comeback struggle

17 აგვისტო

მიხაელ შუმახერი (უნგრეთში ასპარეზობისას) აცხადებს, რომ ფორმულა 1-ში მისი დაბრუნების შემდეგ, უფერული გამოსვლების ძირითადი მიზეზი, ”მერსედესის” მანქანაა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს 12 ეტაპის შემდეგ, პილოტების კლასიფიკაციაში მეცხრე ადგული უკავია. და, რაც ყველაზე თვალსაჩინოა, 56 ქულით ჩამორჩება თავის თანაგუნდელსა და თანამემამულე ნიკო როსბერგს.

”რა თქმა უნდა, როცა ქულების ცხრილს ვუყურებ, ეს კმაყოფილებას სულაც არ მანიჭებს. მაგრამ იმას, რომ ქულების ასეთი სოლიდური დეფიციტი მაქვს, თავისი მიზეზი გააჩნია”, - ამბობს 41 წლის გერმანელი, ვინც ამ სეზონში ერთხელაც არ ასულა გამარჯვებულთა კვარცხლბეკზე.

გერმანულმა კომპანიამ ეს გუნდი მისი შეფის, როს ბრაუნისგან გამოისყიდა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ”ბრაუნის” მანქანით, ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის გუნდში დარჩენას აპირებდა და ბუნებრივია, გუნდმაც ახალი მანქანა მისი პარამეტრების და მართვის მანერის გათვალისწინებით დააპროექტა. შუმახერის თქმით, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ის W01-ს ვერ შეეწყო.

ბატონის თქმით, მანქანა ისე დააპროექტეს, რომ მას არასაკმარისი მოხვევადობა ჰქონოდა, რაც მის სტილს შეესაბამება. სამაგიეროდ, შუმახერს ასეთი მანქანა არ შეესაბამება - თავის დროზე, ”ფერარი” მისთვის ან თანაბრად დაბალანსებლ მანქანებს ამზადებდა, ან ისეთებს, რომლებსაც ჭარბი მოხვევადობისკენ მცირე მიდრეკილება ჰქონდათ.

ბატონი ”მაკლარენში” გვიან გადავიდა და იმ დროს უკვე შეუძლებელი იყო მანქანის კონსტრუქციის ძირითადი პარამეტრების შეცვლა. ასე რომ, შუმახერს ფაქტობრივად, ბატონისთვის მომზადებული მანქანის პილოტირება უწევს, რაც მისთვის ადრე წარმოუდგენელი იყო.

”ეს ის მანქანაა, რაც ჩვენს ხელთ აღმოჩნდა. ის იმ მანქანის დამუშავებული ვარიანტია, რომელიც შარშან, აქ ჩემს მოსვლამდე შეიქმნა. ამის შედეგი ისაა, რომ ბევრ რამესთან შეგუება მიწევს. მანქანა საბურავებთან ჰარმონიაში არაა და ვფიქრობ, არც პილოტების მონაცემებს შეესაბამება”, - ამბობს შუმახერი, ვისაც თავისი სახელოვანი კარიერის განმავლობაში, 91 რბოლა აქვს მოგებული.

სწორედ ეს გარემოებებია იმის მიზეზი, რომ ”მერსედესმა” თითქმის უარი თქვა W01-ს სრულყოფაზე და უკვე მომავალი სეზონის მანქანაზე მუშაობს. შუმახერი ამბობს, რომ ახალი ბოლიდის შექმნისას, პილოტების მართვის სტილის გათვალისწინება აუცილებელია და ამ შემთხვევაში, პროგრესი გარდაუვალი იქნება.

Monday, August 16, 2010

მიმდინარე სეზონში ”ფერარი” ყველაზე საიმედო მანქანაა

Ferrari most reliable team in 2010 – report

12 აგვისტო

ფორმულა 1-ის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 12 რბოლა ჩატარდა (19-დან) და მათი შედეგების მიხედვით შეიძლება იმის თქმა, რომ ყველაზე სტაბილური მანქანა ”ფერარის” ჰყავს. რაც შეეხება სეზონის ლიდერ ”რედ ბულს”, რომელიც პილოტების და კონსტრუქტორების პირველობებზეც ლიდერია, ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ მეორე ადგილი უკავია.

მანქანების საიმედოობის სტატისტიკა გერმანულმა გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტმა” გამოაქვეყნა. ამ სტატისტიკის მიხედვით, ”ფერარის” F10-მა, რომლის საჭესაც ესპანელი ფერნანდო ალონსო და ბრაზილიელი ფელიპე მასა უზიან, განვლილ რბოლებში, 1474-დან 1471 წრე გაიარა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.

”რედ ბულ რეისინგის” პილოტებს - ჩემპიონატის ავსტრალიელ ლიდერ მარკ უებერს და გერმანელ სებასტიან ფეტელს 98 წრით ნაკლები აქვთ გავლილი. თუმცა, ”ფერარი” კონსტრუქტორების ჩემპიონატზე მაინც მესამეა, იტალიური გუნდის პილოტებიდან კი საუკეთესო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ალონსოა, ვისაც ჯერ მხოლოდ მეხუთე ადგილი უკავია.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ”ფერარის” პილოტმა ფინიშს ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მიაღწია, მალაიზიაში დაფიქსირდა - იქ ალონსოს მანქანაზე მწყობრიდან ძრავი გამოვიდა. ამ 12 რბოლის განმავლობაში, არც ალონსოს და არც მასას, ავარია არ მოსვლიათ. სხვათა შორის, მიმდინარე ჩემპიონატში, სულ ორი გუნდია, რომლის არცერთ პილოტსაც აქამდე ჯერ ერთი ავარიაც არ მოსვლიათ. ”ფერარის” გარდა, ამით ”მერსედესის” პილოტებიც დაიკვეხნიან.

შედარებისთვის, ”რედ ბულს” 12 რბოლაში ერთი ტექნიკური პრობლემა და ორი ავარია აქვს, ”მაკლარენს” კი - ორი ტექნიკური პრობლემა და ერთი ინციდენტი. ტოპ გუნდებში ყველაზე უარყოფითი მონაცემები ”რენოს” დაუგროვდა, რომლის პილოტებმაც, რბოლის დასრულება 4-ჯერ ტექნიკური პრობლემების და ორჯერ ავარიის გამო ვერ შეძლეს.

რაც შეეხება ყველაზე ნაკლებად საიმედო მანქანებს, ამ მხრივ ”ლიდერები” ”ვირჯინი” და ”ზაუბერი” არიან, რომელთა პილოტებმაც, ტექნიკური პრობლემების გამო, შესაბამისად, 11 და 10 რბოლის დასრულება ვერ შეძლეს. ახალ გუნდებში ყველაზე გამძლე ტექნიკა ”ისპანიას” აქვს, რომლის პილოტებმაც ტექნიკური გაუმართაობის გამო, 8-ჯერ ვერ მიაღწიეს ფინიშს. ”ლოტუსის” შესაბამისი მაჩვენებელი 9 დაუმთავრებელი რბოლაა.

Friday, August 13, 2010

ეკლსტოუნს დანიცა პატრიკი ფორმულა 1-ში წარმოუდგენია

Ecclestone Would Fancy Danica Patrick's Move to F1

12 აგვისტო

უკვე გადაწყვეტილია, რომ 2012 წლის ფორმულა ერთის კალენდარში აშშ-ის დიდი პრიზი შევა, ოღონდ რბოლას ინდიანაპოლისის ლეგენდარული ტრეკი კი არა, შტატ ტექსასის ქალაქ ოსტინის სრულიად ახალი ავტოდრომი უმასპინძლებს, რომლის პროექტზეც უკვე მუშაობს სარბოლი ტრასების გერმანელი სპეციალისტი ჰერმან ტილკე.

ცნობილია, რომ ამერიკელებს ფორმულა 1 ნაკლებად აინტერესებთ და ისინი უპირატესობას ნასქარის და ინდი ქარის სერიებს ანიჭებენ. ჰოდა, ამერიკელთა მეტად დასაინტერესებლად, ფ1-ის მთავარ პრომოუტერ ბერნი ეკლსტოუნს ჩემპიონატში სრულიად ამერიკული გუნდის გამოჩენა სჭირდებოდა. მაგრამ რამდენადაც პროექტი US F1 უდღეური აღმოჩნდა, ეკლსტოუნი ახლა იმედოვნებს, რომ ფორმულა 1-ში ისეთ ამერიკელ პილოტს მიიყვანს, რომელიც საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცევა.

ბერნი არც იმ პილოტის ვინაობას მალავს, რომლის ფ1-ში გამოჩენაც ყველაზე მეტად გაახარებს, რადგან ის მდიდარ ამერიკელ სპონსორებსაც მიიზიდავს. და ეს პილოტი, არც მეტი, არც ნაკლები, ქალია - დანიცა პატრიკი, ერთადერთი ქალი პილოტი, რომელსაც ინდი ქარის რბოლა აქვს მოგებული.

”დანიცა პატრიკის მსგავსი პილოტი ფორმულა 1-ს დიდ ხეირს მოუტანს როგორც პოპულარობის, ასევე სპონსორების მოზიდვის თვალსაზრისით”, - ამბობს 79 წლის ბრიტანელი მილიარდერი, რომლის ხელშიც, ფორმულა 1 ძალიან წარმატებული ბიზნესი გახდა.

ეკლსტონი არ ერიდება იმაზე ლაპარაკს, რომ ფორმულა 1-ში წარმატების მიღწევა გაცილებით ძნელია, ვიდრე ინდი ქარში, რომელიც ფ1-თან შედარებით, სამოყვარულო დონესავითაა. ამიტომ, ის თვლის, რომ კარგი იქნება, თუ ამერიკელები ფ1-ზე თავიანთ მცდარ წარმოდგენას შეცვლიან და მსოფლიო არენაზე წარმატებისთვის მეტად გაირჯებიან.

მაგრამ როგორ მონდომებასაც უნდა ავლენდეს ბერნი, ფ1-ში პატრიკის მიწვევის შანსები მაინც მინიმალურია, რადგან ამ პილოტმა ინდი ქარსაც კი აქცია ზურგი და ღიაბორბლიან მანქანებს მხოლოდ ინდი 500-ში საასპარეზოდ თუ იხსენებს. ისე კი, ნასქარის სერიაში გადავიდა და იქიდან დაბრუნებას არც აპირებს.

ბელგიური ეტაპის მომავალი გაურკვეველია

12 აგვისტო

ორ კვირაში, ბელგიის სპა ფრანკორშანი, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მე-13 ეტაპს, ბელგიის დიდ პრიზს უმასპინძლებს. აქაური ტრასა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და ის პილოტების უმეტესობას მოსწონს, თუმცა იმის გამო, რომ რბოლას ყოველთვის შედარებით ცოტა მაყურებელი ესწრება, მას კალენდრიდან ამოვარდნის საფრთხე ემუქრება.

საქმეს ის ფაქტორი ართულებს, რომ ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ეკლსტოუნი დიდი მონდომებით აფართოებს მსოფლიო ჩემპიონატის არეალს. კალენდარს თანდათან დაემატა ისეთი ახალი ეტაპები, როგორებიცაა ჩინეთის, თურქეთის, ბაჰრეინის და აბუ-დაბის დიდი პრიზები. წელს პირველად ჩატარდება კორეის დიდი პრიზი, მერმისს კი კალენდარში კიდევ ერთ ახალ ეტაპს - ინდოეთის დიდი პრიზის გამოჩენაა მოსალოდნელი. ამასთან, კალენდარში დაბრუნება სურთ ამერიკას და საფრანგეთს, უფრო შორეულ მომავალში კი ჩემპიონატის ეტაპებს შეიძლება რომმა და მოსკოვმაც უმასპინძლონ.

მაგრამ კალენდარს ამდენი ადგილი არ აქვს. წელს მასში სულ 19 ეტაპია, მერმის კი შეიძლება 20 იყოს. თუმცა ეს მაინც არაა საკმარისი იმისათვის, რომ ბელგიურ რბოლას თავი ქუდში ჰქონდეს. ეკლსტოუნს არ მოსწონს ის, რომ სპას რბოლას ყოველთვის ცოტა მაყურებელი ჰყავს და ამიტომ, მომენტს არ უშვებს ხელიდან, რომ ბელგიურ ეტაპს კალენდრიდან ამოღებით დაემუქროს.

ბელგიური ეტაპის გამართვამდე ორი კვირით ადრე, მისმა ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია ჩაატარეს, რომელზეც გამოაცხადეს, რომ ჯერჯერობით, მხოლოდ 40 000 ბილეთია გაყიდული. იმისათვის კი, რომ რბოლამ რენტაბელურობა შეინარჩუნოს, 65 000 ბილეთის გაყიდვაა აუცილებელი.

მაგრამ ეს მთავარი მაინც არაა. ბელგიის დიდი პრიზის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ თანხმობის ახალ შეთანხმებაში, გუნდები მოილაპარაკებენ, რომ კალენდარში შემავალი ეტაპების რაოდენობა 25-მდე გაიზარდოს. თუ ეს მოხდა, მაშინ ბელგიის დიდ პრიზს კალენდარში დარჩენის შანსი გაუჩნდება.

ჰაკინენი შეიძლება რბოლებს დაუბრუნდეს

12 აგვისტო

შესაძლოა, რბოლებს ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონი, ფინელი მიკა ჰაკინენი დაუბრუნდეს. ოღონდ, რა თქმა უნდა, დიდი პრიზების ცირკში, მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ჰაკინენის ხილვა შეუძლებელია. სამაგიეროდ, თუ ფინელი პილოტი ”მერსედეს ბენცის” შეთავაზებას დათანხმდა, ის დიდი ტურიზმის კლასში იასპარეზებს.

ავტომობილი, რომლითაც, შეთავაზებაზე დათანხმების შემთხვევაში, მიკას ასპარეზობა მოუწევს, არის ”მერსედეს SLS”, რომელიც გერმანული კომპანიამ GT3 სერიის სპეციფიკაციების შესაბამისად მოამზადა. ავტომობილი, რომლის ღირებულებაც თითქმის 400 000 ევროა, სწორედ რბოლებისთვისაა შექმნილი და შესაძლოა, მერმისს ის ლე მანის რბოლაზეც ვიხილოთ.

საავტომობილო სამყაროში, ”მერსედეს SLS” თოლიას ფრთის სახელითაა ცნობილი და ის ფორმულა 1-ის ოფიციალური პეისქარია. მისი GT3-ვერსიის ტესტირება შტუტგარტელებმა გერმანულ სერია DTM-ის ხუთგზის ჩემპიონს, ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტ ბერნდ შნაიდერს მიანდეს. ავტომობილი უკვე მზადაა სარბოლ ტრასაზე ოფიციალური დებიუტისთვის, რომელიც 25 სექტემბერს, გერმანულ ნურბურგეინგზე, 4-საათიანი რბოლის დროს შედგება.

შეგახსენებთ, რომ ჰაკინენმა თავისი ორი საჩემპიონო ტიტული 1998 და 1999 წლებში მოიპოვა. ბოლოს ის გერმანიის ტურიზმის კლასის ჩემპიონატში (DTM) ასპარეზობდა, საიდანაც ორწელიწადნახევრის წინ წავიდა. მაგრამ ცნობილია, რომ ჰაკინენს ”სამქიმიანებთან” ურთიერთობა მას შემდეგაც არ გაუწყვიტავს - ის გერმანული კომპანიის სახეა და მის სარეკლამო კლიპებშიც რეგულარულად მონაწილეობს.

Tuesday, August 10, 2010

”ლოტუს ექსოს T125” - გასართობი ფორმულა

Lotus Exos T125 Breaks Cover

10 აგვისტო

სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ინგლისურმა კომპანია ”ლოტუსმა”, რომელიც დღეისათვის მალაიზიური ”პროტონის” საკუთრებაა, საზოგადოებას სარბოლი ავტომობილი - ”ექსოს T125” წარუდგინა, რომელიც კერძო პირებზე კი გაიყიდება, თუმცა მხოლოდ სარბოლი ტრასებისთვისაა მისადაგებული.

თავისი აგებულებითაც და გარეგნობითაც, ”ექსოს T125” ფორმულა 1-ის სარბოლ ავტომობილს მოგაგონებთ. ეს არცაა გასაკვირი - ”ლოტუსს” ხომ ავტოსპორტის უმაღლეს კლასში ბევრი მიღწევა აქვს და თანაც, ამ სეზონში, ის დიდი პრიზების ცირკსაც დაუბრუნდა.

ავტომობილის შასი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული, სამუხრუჭე სისტემის ფრიქციული ელემენტები კერამიკული მასალებისგან დამზადდა, გადაცემათა კოლოფიც ისეთივეა, როგორიც ფ1-ში, მისი სადეხურების გადამრთველი ნიჩბები კი საჭის რგოლის უკანაა მოთავსებული.

რაც შეეხება ძრავს, ესაა ინგლისურ კომპანია ”კოსუორტის” 3.5-ლიტრიანი V8, რომელიც 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავის რეკომენდირებული მაქსიმალური ბრუნთა რიცხვი მხოლოდ 10 300-ია წუთში. პირველ რიგში, მცირე ბრუნთა რიცხვი ძრავის სამუშაო რესურსის გაზრდას უზრუნველყოფს, რომელიც 4 500 კილომეტრს შეადგენს. ”კოსუორტი” გარანტიას იძლევა, რომ ამ მანძილზე ძრავს რემონტი არ დასჭირდება. დაკიდევ, სრულად დაკომპლექტებული ავტომობილი მხოლოდ 650 კილოგრამს იწონის. ესე იგი, ავტომობილის ყოველ პირობით ტონაზე 1 000 ცხენის ძალა მოდის.

”ლოტუსი” მხოლოდ 25 ცალი ”ექსოს T125-ის” დამზადებას აპირებს. თითოეულის ღირებულება კი 1 000 000 ამერიკული დოლარი იქნება. რა თქმა უნდა, მყიდველს ”ლოტუსი” ამ ავტომობილის მართვის უფასო გაკვეთილებს პირდება (უფრო სწორედ, გაკვეთილების ფასი ავტომობილის ღირებულებაში შედის). ამასთან, ”ლოტუსი” ამ ავტომობილების მყიდველებს სპეციალურ სატრეკო დღეებს მოუწყობს, რომელთა დროსაც, მოყვარული მრბოლები თავიანთი ძვირადღირებული სათამაშოების მეშვეობით, ადრენალინის ჭარბ დოზებს მიიღებენ.

Sunday, August 8, 2010

”მერსედესი” შემდეგი სეზონისთვის მზადებას იწყებს

Mercedes set to switch focus to 2011

8 აგვისტო

”მერსედესის” გუნდის შეფი როს ბრაუნი ამბობს, რომ საზაფხულო არდადეგების შემდეგ, მისი გუნდი მომავალი სეზონისთვის ახალი მანქანის მზადებას შეუდგება. გარდა ამისა, გუნდის ინჟინრები ამ სეზონის მანქანის (სურათზე) სრულყოფაზე მუშაობასაც გააგრძელებენ და ახალი ეკიპირებით მას ტრასაზე სინგაპურში გამოიყვანენ.

მთავარი პრიორიტეტი კი შემდეგი სეზონის მანქანა იქნება, რადგან მიმდინარე სეზონის მანქანის რადიკალური სრულყოფა, იმდენად, რომ მისით ლიდერებთან კონკურენცია იყოს შესაძლებელი, უკვე გამორიცხულია.

”ჩემი აზრით, ამ სეზონის ბოლომდე, მანქანას მხოლოდ ერთი მოდერნიზაცია ჩაუტარდება. ჩვენ სინგაპურისთვის დაბლა განლაგებულ გამოსაბოლქვ მილებს გამოვცდით. ისე კი, არდადეგების შემდეგ, ჩვენი პრიორიტეტი ახალ მანქანაზე მუშაობა იქნება”, - ამბობს ბრაუნი და დასძენს, რომ ამ სეზონში, გუნდმა მანქანის ბოლომდე სრულყოფა ვერ შეძლო, რის გამოც, მასზე მუშაობის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს:

”ამ სეზონის წინ, რეგლამენტი ისევ შეიცვალა - რბოლის დროს საწვავის დამატება აიკრძალა და კიდებ ერთი-ორი რაღაც შეიცვალა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით კონკურენტუნარიანი მანქანის შექმნა. ამიტომ, მის სრულყოფაზე დიდი რესურსის მობილიზება აღარ ღირს. ჩვენ კარგად ვიცით, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ მომავალი სეზონის მანქანაზე და ჩვენს შესაძლებლობებს სწორედ ამის შესაბამისად გამოვიყენებთ”.

Sunday, August 1, 2010

უიღბლობით მოტანილი იღბალი

უებერმა მეოთხედ მოიგო და ლიდერიც გახდა

Webber wins in Hungary to take F1 lead

1 აგვისტო

უნგრეთში გამარჯვებით, უებერმა ჩემპიონატის ლიდერობა დაიბრუნა
..............................

მარკ უებერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა თანამედროვე ფორმულა ერთში, მაშინაც კი, როდესაც იღბალი არ სწყალობს და თანაგუნდელთან თანაბარ პირობებში არ ამყოფებენ. უნგრეთის დიდი პრიზის დასაწყისში, მას ფორტუნამ ზურგი შეაქცია, თუმცა მოგვიანებით, თავისი თავდაუზოგავი გარჯის წყალობით, იგივე ფორტუნა თავისკენ შეაბრუნა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

უებერისთვის ეს მიმდინარე სეზონში მოპოვებული მეოთხე გამარჯვებაა, რითაც მან პილოტთა კლასიფიკაციაში ლიდერობა დაიბრუნა. ამასთან, თანაგუნდელ სებასტიან ფეტელთან ერთად, რომელმაც რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა, ”რედ ბულ რეისინგი” კონსტრუქტორთა პირველობაზე დააწინაურა.

პიტლეინზე საჯარიმო გავლისას, ფეტელმა პროტესტი აქტიურად გამოხატა, მაგრამ...
..............................

საერთოდ, უნგრეთის დიდი პრიზის რბოლები ნაკლებად საინტერესოა ხოლმე, რადგან მასზე გასწრება იშვიათობაა. მაგრამ ამჯერად ამის თქმა უსამართლობა იქნება, რადგან სტარტიდან მოყოლებული, ჰუნგარორინგის ტრასაზე უშეღავათო პოზიციური ბრძოლა გაჩაღდა და ის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა.

სტარტზე საუკეთესო რეაქცია ისევ ფერნანდო ალონსომ გამოავლინა, რომელმაც უმალ უკან ჩამოიტოვა უებერი და ფეტელსაც გაუარა, თუმცა გასწრების მანევრი ბოლომდე მხოლოდ იმიტომ ვერ მიიყვანა, რომ პირველ მოსახვევში შესვლისას, არახელსაყრელი ტრაექტორია ეკავა - მოსახვევში გარე რადიუსით შევიდა. ფეტელმა შესანიშნავად ისარგებლა პოზიციური უპირატესობით და პოულით მინიჭებული სასტარტო უპირატესობა შეინარჩუნა. სამაგიეროდ, უებერი ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა, თუმცა ფელიპე მასას შეტევის მოგერიება კი შეძლო.

”რენოს” მექანიკოსების უყურადღებობამ, კუბიცას და სუტილის შეჯახება გამოიწვია
..............................

უხეირო სტარტი აიღო ლუის ჰამილტონმა, ვისაც სტარტზევე ორმა პილოტმა - გერმანელმა ნიკო როსბერგმა და რუსმა ვიტალი პეტროვმა გაასწრო. მართალია, მეორე წრეზევე ჰამილტონმა პეტროვი ჩამოიტოვა, მაგრამ როსბერგისგან პოზიციის დაბრუნება აღარ გამოუვიდა.

თითქოს, მორიგი უნგრული უინტერესო სანახაობის მომსწრენი უნდა გავმხდარიყავით - ფეტელი ისე ერეკებოდა თავის ”რედ ბულს”, რომ ძნელი წარმოსადგენი იყო, მას ვინმე დასწეოდა. მაგრამ შემდეგ, კერძოდ კი მე-15 წრეზე, მოხდა ინციდენტი, რომელმაც ყველაფერი აურია.

სტარტზე ფეტელმა ძლივს მოიგერია ალონსოს შეტევა

..............................

იტალიელი ვიტანტონიო ლიუცის ”ფორს ინდიამ” ტრასაზე ნამტვრევები დატოვა, რის გამოც, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოჩნდა. მაშინვე, ფეტელმა ბოქსებისკენ გადახვევა მოასწრო. მას სხვა ლიდერებმაც მიბაძეს, მაგრამ უებერმა ტრასაზე დარჩენა არჩია - ახვა შემთხვევაში, მას ლოდინი მოუწევდა, სანამ გუნდი ფეტელს მოემსახურებოდა. თითქოს, ავსტრალიელს იღბალმა უმტყუნა, თუმცა როგორც მალე გაირკვა, უებერმა გამარჯვების შანსი მიიღო. ახლა მასზე იყო დამოკიდებული, შეძლებდა თუ არა საკმარისი ჰანდიკაპის შექმნას მანამ, სანამ გაცვეთილი საბურავები (სუპერ სოფტი) ბოქსებში შესვლას აიძულებდა.

პიტ სტოპების სერიაზე ინციდენტები ამით არ ამოწურულა: ჯერ ნიკო როსბერგის ”მერსედესს” მარჯვენა უკანა ბორბალი მაშინ გასძვრა, როდესაც მომსახურების არეს ტოვებდა. ბორბალი მთელი სიჩქარით გასცდა ”ზაუბერის” ბოქსების არეს და უილიამსის ბოქსებში რაღაცას დაეჯახა, რის შემდეგაც ჰაერში ავარდა და ”რენოსა” და ”ფორს ინდიას” მომსახურების არეს და იქ მდგარ მექანიკოსებს გადაუფრინა. საბედნიეროდ, ამ ინციდენტს სერიოზულად არავინ დაუზიანებია.

თითქმის იმავდროულად, ერთმანეთს ადრიან სუტილის და რობერტ კუბიცას მანქანები დაეჯახა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც პოლონელი მომსახურების არეს ტოვებდა, გერმანელი კი თავისი ადგილისკენ, რეზინის შესაცვლელად მიეშურებოდა. მოკლედ, ორივე მანქანა დაზიანდა და მიუხედავად იმისა, რომ კუბიცა ტრასაზე მალევე დააბრუნეს, მას მალე მაინც მოუწია გაჩერებამ. სუტილს კი რბოლა აღარ გაუგრძელებია.

მოკლედ, პეისკარმა რამდენიმე წრეზე ატარა პელოტონი, მისი გასვლის წინ კი ფეტელმა რატომღაც უებერისგან დისტანცია დაიჭირა. ეს გასაგები იყო - ავსტრალიელს პიტ სტოპი მოსავლელი ჰქონდა და როგორც ჩანს, თანაგუნდელი მისგან ”ფერარის” პილოტის ჩამოშორებას ცდილობდა. მაგრამ ამგვარი რამ აკრძალულია და სტიუარდებმაც ყველაფერი დააფიქსირეს. მალე გამოცხადდა, რომ ფეტელს ბოქსებში უქმე, საჯარიმო გავლისთვის იწვევდნენ. ”რედ ბულის” პილოტმა ეს პროცედურა პროტესტის გამოხატვით სეასრულა, თუმცა საქმეს ამით ვეღარაფერი უშველა.

უებერმა კი, როგორც კი იგრძნო, რომ ყველაფერი მხოლოდ მის სისწრაფეზე იყო დამოკიდებული, ტემპს უმატა. ის ყოველ წრეზე აუმჯობესებდა რბოლის უსწრაფეს წრეს და მისი ორი მესამედის გავლის შემდეგ, უახლოესი მდევრები თითქმის 24 წამით ჩამოიტოვა, რაც უკვე უსაფრთხო ჰანდიკაპი იყო. მანაც მაშინვე ბოქსებს მიაშურა და თავისი მექანიკოსების დახმარებით, ტრასას ისევ ლიდერის რანგში დაუბრუნდა.

მართალია, რბოლის დასრულებამდე კიდევ 20 წრე იყო დარჩენილი, მაგრამ ამ დროის განმავლობაში, ბევრი აღარაფერი მომხდარა. უებერმა ფინიშთან 17 წამით მეტით მიასწრო მეორეზე გასულ ალონსოს, ფეტელი კი მესამე ადგილს დასჯერდა. მისთვის პოული ამჯერადაც უიღბლო მონაპოვრად დარჩა - გერმანელს ამ სეზონში პოულ პოზიცია 7-ჯერ აქვს მოპოვებული, მაგრამ მათგან დიდი პრიზის მოპოვებით მხოლოდ ერთი დააგვირგვინა.

რაც შეეხება ჰამილტონს, მან რბოლა 24-ე წრის დასაწყისში შეწყვიტა. ”პირველი მოსახვევი გავიარე და ვიგრძენი, რომ მანქანამ მამოძრავებელი ძალა დაკარგა, მგონი, კოლოფმა მიმტყუნა. რას ვიზამ, ეს რბოლაა. როდესაც მანქანას ბოლომდე წურავ, ხანდახან ისიც შეიძლება დაზიანდეს. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი ქულა დავკარგე”, - განაცხადა დაღონებულმა ბრიტანელმა.

მოკლედ, უნგრული ეტაპის შემდეგ, ლიდერი ორივე კლასიფიკაციაში შეიცვალა. უებერმა 161 ქულას მოუყარა თავი და 4 ქულით გადაასწრო ჰამილტონს, რომელიც ლიდერობიდან ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა. მისგან 6 ქულაშია ფეტელი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი კი, ვინც ფინიშს მხოლოდ მერვემ უწია, მეოთხეზე გადაინაცვლა.

კონსტრუქტორთა პირველობაზე კი ”რედ ბულ რეისინგი” დაწინაურდა, რომლის მონაგარმაც 312 ქულას მიაღწია და რომელსაც 8 ქულით ჩამორჩა მანამდელი ლიდერი ”მაკლარენი”. 238 ქულით, მესამეზე ისევ ”ფერარია”.

უნგრეთის დიდი პრიზი

ჰუნგარორინგი. წრის სიგრძე 4.381 კმ, 70 წრე, დისტანცია 306.663 კმ

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:41:05.571

2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) +00:17.821

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:19.252

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:27.474

5. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 01:13.192

6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 01:16.723

7. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1 წრე

8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე

9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1 წრე

10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე

11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1 წრე

12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე

13. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1 წრე

14. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 3 წრე

15. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 3 წრე

16. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 3 წრე

17. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 3 წრე

18. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 4 წრე

19. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 4 წრე

გ. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 47 წრე

გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 47 წრე

გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 55 წრე

გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 55 წრე

გ. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 69 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:22.362, 70-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. მარკ უებერი - 161 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 157; 3. სებასტიან ფეტელი - 151; 4. ჯენსონ ბატონი - 147; 5. ფერნანდო ალონსო - 141; 6. ფელიპე მასა - 97; 7. ნიკო როსბერგი - 94; 8. რობერტ კუბიცა - 89; 9. მიხაელ შუმახერი - 38; 10. ადრიან სუტილი - 35; 11. რუბენს ბარიკელო - 30; 12. ვიტალი პეტროვი - 17; 13. კამუი კობაიაში - 17; 14. ვიტანტონიო ლიუცი - 12; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 10; 16. სებასტიან ბუემი - 7; 17. პედრო დე ლა როსა - 6; 18. ხაიმე ალგერსუარი - 3

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 312 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 304; 3. ფერარი - 238; 4. მერსედესი - 132; 5. რენო - 106; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 47; 7. უილიამს-კოსუორტი - 40; 8. ზაუბერ-ფერარი - 23; 9. ტორო როსო-ფერარი - 10