ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, May 19, 2011

„ფერარიმ“ და ალონსომ კონტრაქტი ხუთი წლით გააგრძელეს

Alonso Signs Ferrari Extension Until 2016

19 მაისი

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ „ფერარისთან“ კონტრაქტი 2016 წლის სეზონის ბოლომდე გააგრძელა. ალონსო იტალიურ გუნდში 2009 წლის სეზონის შემდეგ გადავიდა და მაშინ მათ შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელსაც ვადა მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ უნდა გასვლოდა.

თუმცა, „კვიცებს“ ამ კონტრაქტის სამი წლით გაგრძელების უფლება ჰქონდათ და მათ სწორედ ეს უფლება გამოიყენეს. უფრო მეტიც, გასულ სეზონში ალონსოს შესანიშნავი გამოსვლით აღფრთოვანებულებმა, მისი უფრო დიდი ხნით შენარჩუნება ისურვეს და ამაზე ალონსოს თანხმობასაც ადვილად მიაღწიეს.

„მრბოლტან, რომელიც გამარჯვების სულისკვეთებას, ურთულეს პირობებშიც კი ავლენს, კონტრაქტის განახლება ჩვენთვის დიდი სიამოვნების მომტანი იყო. ფერნანდოს ყველა ის თვისება აქვს, რაც ჩემპიონს სჭირდება. ტექნიკურადაც და პიროვნულადაც, ის გუნდის ნამდვილი ლიდერი გახდა. ვიმედოვნებ, მალე ის კვლავ დაიწყებს გამარჯვებას“, - ამბობს ალონსოს გუნდში დიდი ხნით დატოვების მთავარი ინიციატორი, „ფერარის“ პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო.

მიუხედავად იმისა, რომ „ფერარიში“ გადასვლიდან პირველ სეზონში, მისგან ჩემპიონობას არ ელოდნენ, ალონსომ „სკუდერია“ საჩემპიონო ბრძოლაში ჩააბა (თუნდაც მხოლოდ პილოტთა შორის). ბოლო რბოლაზე ის ჩემპიონატის ლიდერის რანგში გავიდა და მესამე ტიტულის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა გუნდის მიერ დაშვებულმა ტაქტიკურმა შეცდომამ მისი გამოყენების საშუალება არ მისცა და საბოლოოდ, ის ვიცე ჩემპიონის წოდებას დასჯერდა.

„ძალიან მიხარია, რომ ამ შეთანხმებას მივაღწიეთ. „ფერარიში“ აქამდეც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი, ამიერიდან კი ის ჩემი მეორე ოჯახი იქნება. აქ მომუშავე პერსონალს და იმათ, ვინც ამ ხალხს ხელმძღვანელობს, აბსოლუტურად ვენდობი. გასაკვირი არაა, რომ კონტრაქტი გავაგრძელე გუნდთან, რომელშიც ჩემი კარიერის დასრულებას ვაპირებ“, - განაცხადა ალონსომ.

ჩასაბერი დიფუზორის შეზღუდვა გადაიდო

Teams get reprieve over blown diffusers

19 მაისი

ისტანბულიდან ბარსელონამდე ორკვირიანი პერიოდი არც ისე ბევრი გამოდგა იმისათვის, რომ გუნდებს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ შეთავაზებული რეგლამენტის შესწორებების ადაპტაცია მოესწროთ - ჩასაბერი დიფუზორის მოდიფიკაციისთვის, გუნდებმა დამატებითი დრო მოითხოვეს, რაზეც უარი არ მიუღიათ.

FIA-ს სურვილი ისაა, რომ ძრავის მიერ გამობოლქვილი აირის ჭავლმა აეროდინამიკური დანიშნულებით არ იმუშაოს. განსაკუთრებით კი იმ დროს, როდესაც მრბოლს ფეხი გაზიდან აღებული აქვს. თანამედროვე ძრავები იმგვარადაა დაპროგრამებული, რომ ძრავების შემშვები დროსელი, მაშინაც კი, როდესაც პილოტის ფეხი გაზის პედალს არ აწვება, თითქმის ბოლომდე გახსნილია, რითაც გამობოლქვილი აირის მაღალ წნევას უზრუნველყოფს. თავის მხრივ, გამონაბოლქვის ჭავლი ჩასაბერ დიფუზორზეა მიმართული და დაბალი სიჩქარით გადაადგილებისას (განსაკუთრებით მოსახვევში) მანქანის აეროდინამიკური დატვირთვის ზრდას იწვევს. ეს კი გზის საფართან საბურავების ჩაჭიდების გაუმჯობესებაში აისახება.

FIA-ს მიერ შესწორებული რეგლამენტით, როცა მანქანა მუხრუჭებზეა, დროსელი მხოლოდ მინიმალურად შეიძლება იყოს გახსნილი. ამასთან, ის ძრავის მაბრუნი მომენტის გაზრდას უნდა ემსახურებოდეს და არ ასრულებდეს აეროდინამიკურ დანიშნულებას.

გუნდებმა, განსაკუთრებით კი მეწინავეებმა განაცხადეს, რომ ამ ცვლილების განსახორციელებლად, ორი კვირაზე გაცილებით მეტი დრო დასჭირდებათ. ამასთან, მათ აღიარეს, რომ აღნიშნული შეზღუდვის შემდეგ, ძალთა განლაგება შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. ამიტომ, გუნდებთან თათბირის შემდეგ, FIA-მ გადაწყვიტა, რომ ესპანური რბოლისთვის, რეგლამენტში ცვლილება არ შეიტანოს. თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელდება...

Wednesday, May 18, 2011

„მაკლარენს“ ესპანეთისთვის 10-12 სიახლე ექნება

McLaren takes 10-12 upgrades to Spain

18 მაისი

„მაკლარენის“ საინჟინრო გუნდის დირექტორი ტიმ გოსი ამბობს, რომ ბარსელონაში ინგლისური საჯინიბოს მანქანებს 10-ზე მეტი ახალი კომპონენტი ექნება. ამასთან, გუნდი იმ სიახლეებსაც დანერგავს, რომლებიც თურქული ეტაპისთვის ჰქონდა მომზადებული, მაგრამ რამდენადაც მათი საიმედობა დადასტურებული არ იყო, ისტანბულში მათგან თავი შეიკავეს.

„როგორც ყოველთვის, მანქანების დახვეწის პროცესი არასდროს წყდება. ესპანეთისთვის რამდენიმე სიახლე მოვამზადეთ - ბარსელონაში მანქანას 10-12 ახალი კომპონენტი ექნება, რომელთაგან ზოგს შეამჩნევთ, ზოგს კი - ვერა. ჩვენი მიზანი რბოლების და ჩემპიონატის მოგებაა. ამიტომ, „რედ ბულთან“ ჩამორჩენა უნდა აღმოვფხვრათ და ეს რაც შეიძლება, სწრაფად უნდა შევძლოთ. სიახლეები თურქეთშიც გვქონდა, მაგრამ ისინი იქ არ გამოვიყენეთ, თუმცა, ბარსელონაში მანქანაზე მათაც დავაყენებთ. თურქეთამდე მათთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები მქონდა, რის გამოც, მათზე ბოლო მომენტში უარი ვთქვით“, - ამბობს გოსი.

ის დასძენს, რომ ბარსელონაშიც, მიუხედავად იმისა, რომ იქაური ავტოდრომი გასწრებისთვის მოსახერხებელი ვერაა, საინტერესო რბოლას ელის. და ამის იმედს ის ტექნიკური რეგლამენტი აძლევს, რომელიც ამ სეზონში ამოქმედდა. თუმცა, ჯერ არაფერს ამბობს, თუ რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს ჩასაბერი დიფუზორის ნაწილობრივ აკრძალვას.

„ამ სეზონში რბოლების ხასიათი ძლიერ შეიცვალა. ამიტომ, ძალიან გამიკვირდება, თუ ესპანური დიდი პრიზი წინ რბოლებისგან განსხვავებული იქნება. საქმე მარტო რეგულირებად უკანა ფრთასა და კერს-ში არაა. საბურავებს მთავარი როლი აქვს იმ სპექტაკლებში, რომლებიც აქამდე ვიხილეთ. არ მგონია, ესპანური რბოლა საინტერესო არ იყოს. გასწრებები მარტო რეგულირებადი ფრთის გამოყენების არეალში რომ ხდებოდეს, საბურავები არაფერ შუაში იქნებოდა, მაგრამ ხომ ნახეთ, რომ გასწრება ტრასის სხვა მონაკვეთებშიც ხშირია. ყველაფერი ეს საინტერესო სანახაობას ქმნის და ალბათ, ეს მეტ მაყურებელს მოიზიდავს“, - დასძენს გოსი.

ფორმულა 1-ში ჩასაბერი დიფუზორი ნაწილობრივ აიკრძალება

FIA in blown diffuser clampdown

18 მაისი

არაა გამორიცხული, რომ მალე ფორმულა ერთში გუნდების კონკურენტუნარიანობა გათანაბრდეს, ან სულაც, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკურმა კომისიამ ისეთი სიახლის შემოღება გადაწყვიტა, რომელიც „რედ ბულს“, „მაკლარენს“, „რენოს“ და სხვა ძლიერ გუნდებს, სხვებთან სოლიდურ უპირატესობას დააკარგვინებს.

ეს სიახლე კი ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორის აკრძალვაა და ის ძალაში ესპანეთის დიდი პრიზიდან შევა. ეს ერთ-ერთი იმ კომპონენტთაგანია, რომელიც ძლიერ გუნდებს სოლიდურ უპირატესობას ანიჭებს. სისტემა თანდათან იხვეწება და ურთულეს ფორმებს ღებულობს. იმდენად რთულს, რომ ხშირად, მისი ჭკუაზე მოყვანა, ისეთ ტექნოლოგიურად განვითარებულ გუნდებსაც კი უჭირთ, როგორებიც „მაკლარენი“ და „მერსედეს ბენცია“.

ჩასაბერი დიფუზორის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის დიფუზორის ქვეშ ჰაერის ძლიერ ნაკადს მაშინაც კი უზრუნველყოფს, როდესაც ავტომობილი დაბალი სიჩქარით მოძრაობს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩასაბერი დიფუზორი მაშინაცაა ეფექტური, როდესაც დროსელის სარქველი ნაწილობრივ, ან სრულადაა მიხურული.

FIA-მ გუნდებს დაუგზავნა შეტყობინება, რომელშიც მითითებულია, რომ ესპანური რბოლიდან იკრძალება გამობოლქვილი გაზების დიფუზორში მიმართვა მაშინ, როდესაც მრბოლს აქსელერატორიდან ფეხი აღებული აქვს. ეს კი იმის ხარჯზე მოხდება, რომ მოსახვევის გავლისას, როდესაც პილოტს გაზის პედლიდან ფეხი აღებული აქვს, დროსელის სარქველი, მაქსიმუმ 10 პროცენტით უნდა იყოს ღია. ამგვარად, შემცირდება ამ დროს ძრავის გამოსაბოლქვში მოძრავი აირის სიჩქარე და შესაბამისად, ჩასაბერი დიფუზორის ეფექტურობა. ცნობისათვის, ზოგი გუნდი ახერხებდა, რომ დროსელი მუდმივად 100 პროცენტით გაღებულ მდგომარეობაში შეენარჩუნებინა. ამ დროს, ძრავი მუდმივად დატვირთული იყო, ოღონდ ის, მის მიერ გამოტყორცნილი აირის ხარჯზე, მანქანის აეროდინამიკური მახასიათებლების გაუმჯობესებაზე მუშაობდა.

FIA-ს არგუმენტი ისაა, რომ დროსელის გამოყენება მხოლოდ იმისთვის უნდა ხდებოდეს, რომ ძრავის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტი გაიზარდოს და არა იმისთვის, რომ ავტომობილის აეროდინამიკური მახასიათებლები გაუმჯობესდეს. ამგვარად, თუ მანქანა ჩასაბერ დიფუზორს მაშინ გამოიყენებს, როდესაც გაზის პედალი ღია არაა, ეს ტექნიკური რეგლამენტის 3.15 პუნქტის დარღვევად ჩაითვლება.

Tuesday, May 17, 2011

ელექტრომობილების სარბოლი სერია მალე სტარტს აიღებს

Quietest Race Ever: EV Cup Launches First All-Electric Racing Series

12 მაისი

ნისან ლიფი სარბოლად ემზადება

..............................

როგორც ამბობენ, რბოლები ავტომობილების განვითარებას უწყობს ხელს. და თუ ასეა, რა შეუწყობს ხელს ახალი ტიპის ავტომობილებს, როგორებიცაა ელექტრომობილები? რა თქმა უნდა, რბოლები! თუმცა, ალბათ ეს მიზანი არ ამოძრავებთ ახალი, სარბოლი ელექტრომობილების თასის ორგანიზატორებს, რომლებიც ამ ტიპის მანქანების პირველ ჩემპიონატს სტარტს 6 აგვისტოს მისცემენ.

ელექტრომობილების პირველი ჩემპიონატის კალენდარში სულ 7 ეტაპია შეტანილი, რომელთაგან ოთხი ბრიტანეთში ჩატარდება, ერთი ბელგიაში და ორიც - ამერიკაში. ფორმულა ერთის მსგავსად, ელექტრომობილების პირველი ჩემპიონატიც სტარტს სილვერსტოუნზე აიღებს. ბრიტანული ტრასებიდან, ამ სერიის რბოლებს ასევე სნეტერტონი, ბრენდს ჰეჩი და როკინგემი უმასპინძლებს, ბელგიაში რბოლა ცოლდერზე ჩატარდება, ამერიკაში კი - ლაგუნა სეკასა და კალიფორნია სპიდუეიზე.

უესტფილდ iრეისერი

..............................

ჩემპიონატი სამი კლასის ავტომობილებს შორის ჩატარდება. მათგან პირველია ეგრეთ წოდებული საქალაქო კლასი, რომელიც ნორვეგიულ კომპანია „თინკ სიტის“ პატარა ელექტრომობილებს შორის ჩატარდება. ეს ავტომობილი 50-ცხენისძალიანი ელექროძრავითაა აღჭურვილი, რომლის მეშვეობითაც, მაქსიმუმ 136 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და მას ერთი სრული დამუხტვით, 160 კილომეტრის გავლა შეუძლია.

მეორე კლასი „სპორტულია“ და მასში რბოლები კიტქარების მწარმოებელ ბრიტანულ კომპანია „უესტფილდის“ ავტომობილებით (iრეისერ) ჩატარდება. ეს ავტომობილი წყვილი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც უკანა წამყვან ბორბლებს (თითო ძრავი თითო ბორბალზე) ამოძრავებს. მათი ჯამური სიმძლავრე 260 ცხენის ძალაა. მწარმოებლის მონაცემებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5 წამზე ნაკლებში შეუძლია. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 184 კმ/სთ-ია. ოღონდ, ის შეზღუდულია, რათა აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიის გადახარჯვა არ მოხდეს. „უესტფილდის“ მონაცემებით, მათს სარბოლ ელექტრომობილს, ერთი სრული დამუხტვით, სარბოლი რეჟიმით მოძრაობისას, დაახლოებით 50 კილომეტრის გავლა შეუძლია.

თინკ სიტი

..............................

მესამე კლასში სპორტული პროტოტიპები შევა. ამ კლასში, მასის და სიმძლავრის არანაირი შეზღუდვა არ დაწესდება, გამარჯვებულები კი, რბოლის დროს ნაჩვენები საუკეთესო დროის შესაბამისად გამოვლინდება. რბოლა კი ეგრეთ წოდებული ტაიმ ტრაიალის პრინციპით (როგორც საგზაო ველოსპორტშია) ჩატარდება - ავტომობილები დისტანციაზე ერთმანეთის მიყოლებით, გარკვეული ინტერვალით გავა. სავარაუდოდ, ამ კლასში მონაწილეობას, „ნისანის“ ელექტრომობილ „ლიფის“ მოდერნიზებული ვერსია მიიღებს.

დაბოლოს, მაყურებლის და სპონსორების მოსაზიდად, თასის ორგანიზატორები ცნობილ ავტომრბოლებს იწვევენ. მათ შორის ერთ-ერთი პირველი, ვინც შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა, ფორმულა 1-ის 1996 წლის ჩემპიონი, ბრიტანელი დეიმონ ჰილია.

ნიუის უებერის „რედ ბულში“ შენარჩუნება სურს

Newey Fancies Webber Stay in 2012

17 მაისი

ახლახანს „რედ ბულის“ კონსულტანტმა ჰელმუტ მარკომ მარკ უებერი ლამის მეორე ნომრად მოიხსენია და განაცხადა, რომ ავსტრალიელის დანიშნულება ამ სეზონში, თანაგუნდელ სებასტიან ფეტელის მეტოქეებისთვის ქულების ართმევა იქნება. თუმცა, ასე არ ფიქრობს გუნდის ტექნიკური დირექტორი, ჩემპიონი მანქანის მთავარი შემოქმედი ედრიან ნიუი, ვისაც მიაჩნია, რომ „რედ ბულმა“ აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს უებერი.

„რედ ბულ რეისინგში“, ავსტრალიელი მრბოლი ერთადერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც კონტრაქტი არ გაუგრძელებია და ძველი კი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება. მას ჩემპიონატში მესამე ადგილი უკავია და ლიდერ თანაგუნდელს 39 ქულით ჩამორჩება.

„ვიმედოვნებ, რომ მარკი მომავალ სეზონშიც ჩვენტან იქნება. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი პიროვნებაა, გუნდისადმი მისი დამსახურებაც მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდის ჩემპიონად ფორმირების პროცესში, ის თავიდანვე ერთ-ერთი ძირიტადი ფიგურა იყო. სები და მარკი თავთავიანთ საქმეში შეუცვლელები არიან. ჩვენ ორივეს ვუსმენთ და შედეგად, მანქანა უმჯობესდება“, - ამბობს ნიუი.

რაც შეეხება იმას, რომ ამ სეზონში, უებერი ჯერჯერობით მცირე კონკურენციასაც კი ვერ უწევს ფეტელს, ნიუის ამაზეც მყარი არგუმენტი გააჩნია. ის თვლის, რომ უებერს „პირელის“ ახალ საბურავებთან შეგუება გაუჭირდა და ამისთვის მეტი დრო სჭირდება. თუმცა, უკვე ეტყობა, რომ ალღოს უღებს, რაც მის შედეგებზეც აისახება. უფრო მეტიც, ნიუი დარწმუნებულია, რომ ავსტრალიელი თავის ჩემპიონ თანაგუნდელს, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ამ სეზონშიც მედგარ კონკურენციას გაუწევს.

„ჯერჯერობით, ფეტელი საუკეთესო ფორმაშია. ორი აზრი არ არსებობს, რომ მარკი მასზე ნელია. მაგრამ ამის მიზეზი ისაა, რომ მას ახალ საბურავებთან ადაპტაცია გაუჭიანურდა. თუმცა, ვხედავთ, რომ მათ შორის სხვაობა თანდათან მცირდება“, - ამბობს ნიუი.

სენას ავარია შესაძლოა, გახეთქილ საბურავს გამოეწვია

Tire Puncture Might Have Caused Senna's Death - Newey

17 მაისი

უკვე თითქმის ორი ათეული წელია, ედრიან ნიუი ფორმულა ერთის საუკეთესო ინჟინრად ითვლება. ესგასაკვირი სულაც არაა, მას ხომ სამ გუნდში - „უილიამსში“, „მაკლარენსა“ და „რედ ბულში“ აქვს საჩემპიონო მანქანები შექმნილი. მის გადასაბირებლად კი წლების განმავლობაში ამაოდ ცდილობს „ფერარი“.

მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ერთხანს ის დიდი პრიზების ცირკის დატოვებაზეც კი ფიქრობდა. ეს სურვილი მას 90-იანი წლების შუაწელში გაუჩნდა, მას შემდეგ, რაც იმოლას ავტოდრომზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ, სიცოცხლეს მსოფლოს სამგზის ჩემპიონი აირტონ სენა გამოესალმა. იმ სეზონში ნიუი სწორედ „უილიამსში“ მუშაობდა, გუნდში, რომლის მანქანითაც ლეგენდარული ბრაზილიელი ასპარეზობდა.

„იმ ავარიის შემდეგ იც მცირეოდენი თმაც კი დამცვივდა, რაც თავზე შემრჩენოდა. მეც და პატრიკ ჰედსაც (უილიამსის ტექნიკური დირექტორი) რბოლებიდან წასვლა გვინდოდა. საკუთარ თავს ვეკითხებოდით - გვინდოდა ისეთ სპორტში მუშაობა, სადაც ადამიანები ჩვენს მიერ შემუშავებული მანქანებით დაიღუპებოდნენ? მითუმეტეს, არსებობდა იმის ეჭვი, რომ ეს კონსტრუქციაში დაშვებული შეცდომის, ან დაუდევრად გაკეთებული ნაწილის გამო შეიძლება მომხდარიყო. ამას სასამართლო საქმეც დაერთო. ჩვენ ვცდილობდით, გაგვერკვია მომხდარის ზუსტი მიზეზი. მოკლედ, ეს საშინელი რამდენიმე კვირა იყო“.

„ერთი რამის თქმა შეიძლება - ზუსტად ვერავინ ვერასდროს გაიგებს, თუ რამ გამოიწვია ეს საშინელება. ეჭვი არაა იმაზე, რომ საჭის ღერძი გატყდა. მაგრამ არსებობს საფუძვლიანი კითხვა - ის ინციდენტამდე გატყდა, თუ შეჯახების დროს? ლაპარაკი არცაა იმაზე, რომ ავარია შეიძლებოდა ცუდად მოფიქრებულ კონსტრუქციას გამოეწვია. ყველა მონაცემი კი იმაზე მეტყველებს, რომ მანქანა ტრასის მიღმა საჭის გაუმართაობის გამო არ გადასულა“, - ამბობს ნიუი.

გამოცდილი ინჟინრის აზრით, ყველაზე დიდი ალბათობაა იმისა, რომ ავარია საბურავის დაზიანებას გამოეწვია. ამ შემთხვევაში, 300 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მიმავალ მანქანაზე კონტროლის დაკარგვა თავისუფლად შეიძლებოდა, რასაც საბოლოოდ, კედელთან შეჯახება მოჰყვა.

„ვინმემ რომ დამაძალოს ავარიის ერთი, ყველაზე მეტად შესაძლებელი მიზეზის დასახელება, მე საბურავის დაზიანებას ვიტყოდი“, - დასძენს ნიუი.

Monday, May 16, 2011

უებერს უკვე მეორე ნომრად მოიხსენიებენ

Red Bull Official Hints at No 2 Role for Mark Webber

16 მაისი

ძნელი წარმოსადგენია, უებერი (მარცხნივ) ფეტელის მსახურის როლს შეეგუოს. მერე რა, რომ ჩემპიონს ქუდზე პირველი ნომერი აწერია...

..............................

შესაძლოა, მარკ უებერს ჩემპიონობის იმედი ჯერაც აქვს და არც მისი მდგომარეობაა იმდენად უიმედო, რომ თავისი ოცნების ასრულებისთვის გაისარჯოს, მაგრამ როგორც ჩანს, „რედ ბულ რეისინგში“ როლები უკვე გადანაწილებულია და ამას სასწაული თუ შეცვლის. ყოველ შემთხვევაში, ავსტრიული გუნდის კონსულტანტი ჰელმუტ მარკო ამბობს, რომ ამ სეზონში, ავსტრალიელი პილოტის მთავარი ამოცანა, სებასტიან ფეტელის მეტოქეებისთვის ქულების ართმევა იქნება.

მართალია, მარკო ხაზს უსვამს იმას, რომ „რედ ბულში“ არ არსებობს პირველი და მეორე პილოტის როლები, მაგრამ ფაქტია - თანაგუნდელის სასარგებლოდ, მისი მეტოქეებისთვის ქულების ართმევა, მის მსახურობას, მეორე ნომრობას ნიშნავს.

„ჩვენ გუნდური მითითებები არ გვექნება, თუმცა ისიც ფაქტიამ რომ შარშანდელი სილვერსტოუნის შემდეგ, მარკი სებასტიანზე სამი მეათედი წამით ნელია. ეს კი მეტისმეტად ბევრია იმისათვის, რომ საკუტარი მონდომების ხარჯზე, ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლოს. მაგრამ თუ ის ისევე ირბოლებს როგორც თურქეთში, მაშინ მეტოქეებს ბევრ ქულას დააკარგვინებს“, - ამბობს მარკო და ამ სიტყვებით მიანიშნებს, რომ მილტონ კეინსში, მის აზრს ბევრი იზიარებს და ბევრს არც იმის სჯერა, რომ ამ სეზონში, უებერი ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეძლებს.

ჯერ ამაზე უებერს პასუხი არ გაუცია. როგორც წესი, ოზი პილოტი მსგავს განცხადებებს მკვახედ პასუხობს ხოლმე, მაგრამ ახლა ცოტა დაფიქრება მოუწევს - „რედ ბულთან“ კონტრაქტის გაგრძელებს თუ სურს, მარკოს ალიყურს ჩაყლაპავს. თუ არა, მაშინ სამსახურის სხვაგან მოძებნა მოუწევს, რადგან ამ სეზონის ბოლოს, მის კონტრაქტს ყავლი გაუვა.

თუმცა, მარკოსთვის პასუხის გაცემა მას ტრასაზე, რბოლების დროს შეუძლია, რაც შარშანაც არაერთხელ დაგვანახა. ოთხი ეტაპის შემდეგ, მას მესამე ადგილი უკავია და ლიდერ თანაგუნდელს 39 ქულით ჩამორჩება. ეს სხვაობა სეზონის მიწურულს მეტისმეტად ძნელი აღმოსაფხვრელი იქნებოდა, მაგრამ ახლა, როცა უკან მხოლოდ ოთხი რბოლაა, იმაზე ლაპარაკიც არ ღირს, რომ ფეტელს დიდი უპირატესობა აქვს.

რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ჩემპიონი შესანიშნავ ფორმაშია, მისი დაწევა ყველასთვის ძალიან ძნელი იქნება, თუმცა ვინ იცის. მითუმეტეს, უებერი თანდათან აუმჯობესებს ტავის შედეგებს - ჩინეთში მესამე იყოს, თურქეთში - მეორე. და თუ ასე გაგრძელდა, ბარსელონაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის ჯერია...

Sunday, May 15, 2011

„ფერარი“ მასას კონტრაქტს გაუგრძელებს

Ferrari Confirm Massa Until the End of 2012

15 მაისი

ჯერ კიდევ თურქეთის დიდი პრიზის დღეებში, „ფერარის“ პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ არაორაზროვნად მიანიშნა, რომ ბრაზილიელი ფელიპე მასა „წითლებში“ სულ ცოტა, მომავალი სეზონის ბოლომდე დარჩებოდა. ესპანური ეტაპის წინ კი თავისი ნათქვამი სიენენთან საუბრისას დაადასტურა.

„ფერარისთან“ მიმდინარე კონტრაქტი მასას მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება. თუმცა, გამოითქვა ვარაუდი, რომ მარანელოელები მას ამ სეზონის ბოლოს კარისკენ მიუთითებდნენ. მის შემცვლელად კი გერმანელი ნიკო როსბერგი და ავსტრალიელი მარკ უებერი მოიაზრებოდნენ.

„დიახ, მას ჩვენთან ამ და მომავალ სეზონზეც კონტრაქტი აქვს. ასე რომ, ამაზე კითხვები ნუღარ გექნებათ“ - ციენენთან საუბრისას განაცხადა დი მონტეძემოლომ, ვინც ამ სეზონის დასაწყისში აშკარად მიუთითებდა, რომ გუნდში მასას დარჩენა, მის შედეგებზე იქნებოდა დამოკიდებული.

ბრაზილიელი, ვისაც 2008 წელს ჩემპიონობამდე ერთადერთი ქულა დააკლდა, გასულ ორ სეზონში უღიმღამოდ გამოიყურებოდა. თუმცა, ამ სეზონის დასაწყისში აშკარად მოუმატა და მიუხედავად იმისა, რომ ქულებით თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს ჩამორჩება, რბოლების დროს საკმაოდ კარგად გამოიყურება და იმის შანსიც ჰქონდა, რომ კვარცხლბეკზე ალონსოზე ადრე (ჩინეთში) ასულიყო.

რაც შეეხება ალონსოს, დი მონტეძემოლო იმედოვნებს, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მის გუნდში დიდხანს დარჩება: „ის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლია მათ შორის, ვისაც ჩემი კარიერის განმავლობაში შევხვედრივარ. ის ძალიან მიზანმიმართულია და თანაგუნდელებსაც ბრძოლისთვის განაწყობს. თანაც, ყველასთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა აქვს. მოკლედ, ძალიან მინდა, რომ ის ჩვენთან დიდი ხნით დარჩეს“. სხვათა შორის, ახლახანს ლუკამ ალონსო მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის დონის პილოტად მოიხსენია.

Saturday, May 14, 2011


დონალდ ტრამპს ეი ჯეი ფოიტი შეცვლის

A.J. Foyt to replace Donald Trump

14 მაისი

ინდი 500-ის რბოლას ერთი საინტერესო ტრადიცია აქვს - მის პეისკარს ცნობილი ადამიანები პილოტირებენ. წელს ეს რბოლა მეასედ ტარდება და პეისკარის პილოტად, არც მეტი, არც ნაკლები, მილიარდერი დონალდ ტრამპი (ფოტოზე პეისკარის საჭესთან) იყო მიწვეუილი. ისიც დათანხმდა, თუმცა საიუბილეო რბოლის სტარტამდე სამიოდ კვირით ადრე ცნობილი გახდა, რომ კაბრიოლეტ „შევროლე კორვეტ SS-ის“ საჭეს ტრამპი კი არა, სახელოვანი ამერიკელი მრბოლი, ინდი 500-ის ოთხგზის გამარჯვებული (ის ერთადერთია, ვისაც ეს ლეგენდარული რბოლა სამზე მეტჯერ აქვს მოგებული) ეი ჯეი (ენტონი ჯოზეფ) ფოიტი მიუჯდება.

სხვათა შორის, როდსაც პეისკარის პილოტად ტრამპი გამოცხადდა, ამან რბოლის ფანებს შორის პროტესტის ტალღა გამოიწვია. თავად ბიზნესმენი შესაძლოა მალე აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატად ჩაებას და საყოველთაო უკმაყოფილების გამოწვევა არ ისურვა. პროტესტებს რბოლის ორგანიზატორებიც მოერიდნენ. და ამიტომ, ტრამპი ფოიტმა შეცვალა.

წლევანდელ ინდი 500-ს ორი დებიუტანტო ეყოლება. ესენი არიან ფ1-ის ბოლო ამერიკელი პილოტი სკოტ სპიდი და ჩინელი ჰო-პინ ტუნი. სპიდი ერთხანს „რედ ბულის“ ტესტ პილოტი იყო, 2006 წელს კი, „ტორო როსოს“ მანქანით, ფორმულა ერთში მისი დბიუტი შედგა. თუმცა წარმატებები არ ჰქონია.

ტუნი პირველი ჩინელი პილოტია, ვინც ინდი 500-ზე იასპარეზებს. ესეც ფ1-თანაა დაკავშირებული - „რენოს“ სარეზერვო და ტესტ პილოტია. გარდა ამისა, მას გამოცდილება მიღებული აქვს ისეთ სერიებში, როგორებიცაა GP2, A1GP და ფორმულა სუპერლიგა. ორივე ახალბედა როჯერ პენსკეს „დრაგონ რეისინგის“ მანქანებით იასპარეზებს.

სხვათა შორის, ორივე პილოტს თუნდაც მიზერული შანსი აქვს იმისა, რომ ბონუსის სახით, 5 მილიონი დოლარი მიიღოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რომელიმე მათგანი ფინიშის ხაზს პირველი გადაკვეთს. ამხელა ბონუსი მხოლოდ იმ ახალბედბისთვისაა გათვალისწინებული, რომლებიც ინდი 500-ზე სხვა სერიებიდან არიან მოსულები და ინდი ქარის სერიაში რეგულარულად არ მონაწილეობენ.

Friday, May 13, 2011

„ფერარიმ“ უკვე მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

Ferrari Kicks Off Aggressive 2012 Car Project

13 მაისი

მიმდინარე სეზონში ჯერ მხოლოდ ოთხი ეტაპია გამართული, თუმცა ესეც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ „ფერარის“ კრიტიკის ქარცეცხლი დასტყდომოდა თავს. თავად გუნდიც აღიარებს, რომ ბოლიდ „150 იტალიას“ შემუშავებისას, კონსერვატიული მიდგომა გამოიყენეს, რამაც უღიმღამო შედეგები განაპირობა. ჰოდა, კვარცხლბეკზე პირველად წითელკომბინეზონიანი პილოტი ახლახანს, თურქული რბოლის შემდეგ ავიდა.

ისიც ფაქტია, რომ ჩინური ეტაპის შემდეგ, „ფერარიმ“ დაწვრილებითი ანალიზი ჩაატარა და ჩავარდნის მიზეზები დაადგინა, რის შემდეგაც, მანქანის სრულყოფის გრაფიკიც შედგა. მის შესაბამისად, ყოველი შემდგომი ეტაპის წინ, მანქანა სრულყოფის ახალ ეტაპს გაივლის. მაგრამ ამით მარანელოელთა გეგმები არ შემოიფარგლება. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, მათ გადაწყვიტეს, რომ მომავალი სეზონის მანქანაზე მუშაობა დაიწყონ.

ამ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს. კერძოდ, გაზეთი „მარკა“ გვამცნობს, სკუდერიას რომ ინჟინრებს, მომავალი სეზონის მანქანის შემუშავება უკვე დაწყებული აქვთ. კერძოდ, უკვე შემუშავებულია შასი, გადაცემათა კოლოფი, საკიდარი და გაგრილების სისტემები. ამასთან, მანქანის შემუშავებისას, კონსერვატიულის ნაცვლად, ინოვაციურ მეთოდოლოგიას იყენებენ.

„მარკასთან“ საუბრისას, „ფერარის“ მთავარმა ინჟინერმა ნიკოლას ტომბაზისმა განაცხადა, რომ ახალი მანქანის შემუშავება უკვე დაწყებულია, „რადგან სხვა შემთხვევაში, ეს პროცესი ძალიან დაგვიანებული იქნება. სანამ მასზე მუშაობას დავიწყებდით, ამ სეზონის ყველა პრობლემა დაწვრილებით განვიხილეთ და ახალი პროექტისთვის უფრო აგრესიული და რადიკალური მეთოდოლოგია ავირჩიეთ“.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „150 იტალიას“ შემდგომი სრულყოფისთვის, უკვე მიმდინარეობს მუშაობა მის ძირზე, დიფუზორზე, გამოსაბოლქვსა და ძრავი პროგრამულ უზრუნველყოფაზე.

ფ1-ის გუნდები ტესტების წინააღმდეგნი არიან

Teams set to reject testing return plan

13 მაისი

შესაძლოა, ბევრი ელოდა, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტ ჟან ტოდტის ინიციატივას, რომელიც სეზონის განმავლობაში, შეზღუდული ტესტების დაბრუნებას ითვალისწინებს, გუნდები სიხარულით მიიღებდნენ, თუმცა მოხდა საპირისპირო - გუნდებმა ეს ინიციატივა არ მოიწონეს. მათი არგუმენტი კი ისაა, რომ ტესტების დაბრუნება ძალიან ძვირი დაჯდება.

„ვფიქრობ, ახლა ბალანსი დაცულია და მისი შენარჩუნება გვმართებს. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ თავისუფალი პრაქტიკების ხანგრძლივობის გაზრდა, ან საბურავების დამატებითი კომპლექტების გამოყენება. ტესტები კი პრობლემებთანაა დაკავშირებული, რომელთაგან მთავარი ისაა, რომ სპეციალური, სატესტო ბრიგადების ჩამოყალიბება მოგვიწევს, ეს კი სპორტს გააძვირებს“, - ამბობს „რედ ბულ რეისინგის“ შეფი ქრისტიან ჰორნერი.

მას ეთანხმება „ფორს ინდიას“ საოპერაციო დირექტორი ოტმარ შაფნაუერი: „ჩვენ ეს არ გვჭირდება. რა საჭიროა უკან დაბრუნება? მიმაჩნია, რომ მაქს მოსლის (FIA-ს ყოფილი პრეზიდენტი) მიერ შემოღებული რეგლამენტი ამართლებს. ჩვენ აღარ გვჭირდება ბოლიდების საკვალიფიკაციო ვერსიები, საკვალიფიკაციო ძრავები. და რა, ამან შოუ გააფუჭა? სულაც არა! შემდეგ ძრავების რესურსი გაიზარდა, ამას კოლოფების რესურსის ზრდა მოჰყვა. ამ შეზღუდვების წყალობით, ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა. ფულის დაზოგვაში ისიც გვეხმარება, რომ სეზონის განმავლობაში, ტესტები არ გვიწევს“.

ტესტებს არც „მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში ემხრობა: „ჩემპიონატის ზოგიერთი მონაწილესთვის ტესტების ჩატარება ხელსაყრელია, მაგრამ ჩვენ პატარა გუნდების ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ. ტესტირება დიდი გუნდებისთვისს ასარგებლო იქნება და ეს უპირატესობას მოგვიტანს, მაგრამ საერთო ჯამში, ეს ჩვენს სპორტს დააზარალებს, რადგან სუსტი გუნდები უიმედო აუტსაიდერები გახდებია“.

სავარაუდოდ, სულ სხვა მოსაზრება უნდა ჰქონდეს „ფერარის“ ხელმძღვანელობას. მარანელოელები არ მალავენ, რომ ტესტების აკრძალვის გამო, მანქანის სრულყოფა ჭიანურდება. ამიტომ, მათ სეზონის დროს ტესტების დაბრუნება მიზანშეწონილად მიაჩნიათ. სუსტ გუნდებთან დაკავშირებით კი მყარი არგუმენტი აქვთ - კარგი იქნება, თუ მათ ნაცვლად, ძლიერებს სამ-სამი მანქანის გამოყვანის უფლებას მისცემენ...

რაც შეეხება ტოდტს, როგორც ჩანს, დათმობაზე წასვლას არ აპირებს და თუ გუნდები სეზონის მსვლელობისას ტესტების დაბრუნებაზე უარს იტყვიან, მაშინ ფედერაცია თავის უფლებას გამოიყენებს და ტესტების აკრძალვას თვითნებურად მოხსნის (2013 წელს). ეს კი ნიშნავს, რომ ამ უფლებით ვიღაც აუცილებლად ისარგებლებს...

ელექტრომობილების სარბოლი სერია მალე სტარტს აიღებს

Quietest Race Ever: EV Cup Launches First All-Electric Racing Series

12 მაისი

ნისან ლიფი

..............................

როგორც ამბობენ, რბოლები ავტომობილების განვითარებას უწყობს ხელს. და თუ ასეა, რა შეუწყობს ხელს ახალი ტიპის ავტომობილებს, როგორებიცაა ელექტრომობილები? რა თქმა უნდა, რბოლები! თუმცა, ალბათ ეს მიზანი არ ამოძრავებთ ახალი, სარბოლი ელექტრომობილების თასის ორგანიზატორებს, რომლებიც ამ ტიპის მანქანების პირველ ჩემპიონატს სტარტს 6 აგვისტოს მისცემენ.

ელექტრომობილების პირველი ჩემპიონატის კალენდარში სულ 7 ეტაპია შეტანილი, რომელთაგან ოთხი ბრიტანეთში ჩატარდება, ერთი ბელგიაში და ორიც - ამერიკაში. ფორმულა ერთის მსგავსად, ელექტრომობილების პირველი ჩემპიონატიც სტარტს სილვერსტოუნზე აიღებს. ბრიტანული ტრასებიდან, ამ სერიის რბოლებს ასევე სნეტერტონი, ბრენდს ჰეჩი და როკინგემი უმასპინძლებს, ბელგიაში რბოლა ცოლდერზე ჩატარდება, ამერიკაში კი - ლაგუნა სეკასა და კალიფორნია სპიდუეიზე.

უესტფილდ iრეისერი

..............................

ჩემპიონატი სამი კლასის ავტომობილებს შორის ჩატარდება. მათგან პირველია ეგრეთ წოდებული საქალაქო კლასი, რომელიც ნორვეგიულ კომპანია „თინკ სიტის“ პატარა ელექტრომობილებს შორის ჩატარდება. ეს ავტომობილი 50-ცხენისძალიანი ელექროძრავითაა აღჭურვილი, რომლის მეშვეობითაც, მაქსიმუმ 136 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და მას ერთი სრული დამუხტვით, 160 კილომეტრის გავლა შეუძლია.

მეორე კლასი „სპორტულია“ და მასში რბოლები კიტქარების მწარმოებელ ბრიტანულ კომპანია „უესტფილდის“ ავტომობილებით (iრეისერ) ჩატარდება. ეს ავტომობილი წყვილი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც უკანა წამყვან ბორბლებს (თითო ძრავი თითო ბორბალზე) ამოძრავებს. მათი ჯამური სიმძლავრე 260 ცხენის ძალაა. მწარმოებლის მონაცემებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5 წამზე ნაკლებში შეუძლია. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 184 კმ/სთ-ია. ოღონდ, ის შეზღუდულია, რათა აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიის გადახარჯვა არ მოხდეს. „უესტფილდის“ მონაცემებით, მათს სარბოლ ელექტრომობილს, ერთი სრული დამუხტვით, სარბოლი რეჟიმით მოძრაობისას, დაახლოებით 50 კილომეტრის გავლა შეუძლია.


თინკ სიტი

..............................

მესამე კლასში სპორტული პროტოტიპები შევა. ამ კლასში, მასის და სიმძლავრის არანაირი შეზღუდვა არ დაწესდება, გამარჯვებულები კი, რბოლის დროს ნაჩვენები საუკეთესო დროის შესაბამისად გამოვლინდება. რბოლა კი ეგრეთ წოდებული ტაიმ ტრაიალის პრინციპით (როგორც საგზაო ველოსპორტშია) ჩატარდება - ავტომობილები დისტანციაზე ერთმანეთის მიყოლებით, გარკვეული ინტერვალით გავა. სავარაუდოდ, ამ კლასში მონაწილეობას, „ნისანის“ ელექტრომობილ „ლიფის“ მოდერნიზებული ვერსია მიიღებს.

დაბოლოს, მაყურებლის და სპონსორების მოსაზიდად, თასის ორგანიზატორები ცნობილ ავტომრბოლებს იწვევენ. მათ შორის ერთ-ერთი პირველი, ვინც შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა, ფორმულა 1-ის 1996 წლის ჩემპიონი, ბრიტანელი დეიმონ ჰილია.

Wednesday, May 11, 2011

„მერსედესი“ შუმახერს მხარს უჭერს

Schumacher has full Mercedes support

11 მაისი

„მერსედეს GP-ს“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია მიხაელ შუმახერის შესაძლებლობებში. თურქეთის დიდ პრიზზე აშკარა ჩავარდნის მიუხედავად, სამქიმიანებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი გუნდს კარგი შედეგების მიღწევაში დაეხმარება.

ისტანბულში რბოლა შუმახერმა უქულოდ დაასრულა. მას რბოლა მეორე წრეზევე გაუფუჭდა მას შემდეგ, რაც ვიტალი პეტროვს დაეჯახა. გერმანელს შეჰახებისას დაზიანებული წინა ფრთის გამოცვლამ მოუწია და ამის შემდეგ, მხოლოდ მაშინ ჩანდა, როდესაც პელოტონის მეორე ნაწილში პოზიციის შესანარჩუნებლად ბრძოლა უწევდა.

არადა, რბოლის შემდეგ შესრულებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ შუმი მოწინავე ათეულში შესულ რამდენიმე პილოტზე სწრაფი იყო, თუმცა ტრეფიკის გამო, სისწრაფეში თავისი უპირატესობა ვერ გამოიყენა. ნარბოლევს მან განაცხადა, რომ თურქეთში ასპარეზობას მისთვის სიამოვნება არ მიუნიჭებია.

მის ამ გამონათქვამს ბევრი Iორის აგორება მოჰყვა, რომელთა მიხედვიტაც, შუმის ფ1 აღარ მოსწონს და ამის გამო, „მერსედესი“ მის შეცვლას აპირებს. მაგრამ სწორედ ამ ჭორების გასაფანტად, გერმანულმა გუნდმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც თავის სახელოვან პილოტს სრულ მხარდაჭერას პირდება.

„როცა წარუმატებლად ასპარეზობ, ყველა გაკრიტიკებს. ეს ცხოვრებისეული მოვლენაა. მითუმეტეს, როდესაც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი წარმატებას ვერ აღწევს, მას კრიტიკის წვიმა ატყდება თავს. და მე მესმის, რატომაც: ხალხი მისგან და მერსედესისგან საუკეთესო შედეგებს ელის, რაც ჩვენს მიზნებსაც შეესაბამება. პრაქტიკებსა და რბოლაში მიხაელის წრის დროები რომ გავაანალიზეთ, გამოჩნდა, რომ მას კარგი სიჩქარე აქვს. მეორე წრეზე კონტაქტი და ამის გამო, ბოქსში შესვლაზე დაკარგული დრო რომ არა, ის რბოლას მეექვე, ან მეშვიდე ადგილზე დაასრულებდა. ამას ჰაერზე არ ვამბობ, ეს ფაქტია. ასეთი პოტენციალი კი მარწმუნებს იმაში, რომ შედეგები მალე იქნება“, - ამბობს „მერსედეს ბენცის“ მოტორსპორტის შტოს შეფი ნორბერტ ჰაუგი.

ის დასძენს, რომ არ გაჰკვირვებია, როცა შუმახერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ისტანბულის რბოლას მისთვის სიამოვნება არ მოუტანია. თუმცა, არც ის უკვირს, რომ მისი დონის პილოტი, ასეთი შედეგის შემდეგ ცუდ განწყობაზე დადგა:

„მე მესმის მისი. მე-12 ადგილი, როცა იცი, რომ ამ შეჯახების გარეშე, გაცილებით უკეთესი შედეგი გექნებოდა, სიამოვნების მომტანი ვერ იქნება. დარწმუნებული ვარ, ბარსელონაში რბოლა სიამოვნებას მოუტანს. ჩვენ საკუთარი შესაძლებლობების, ჩვენი პილოტების გვჯერა, თავდაუზოგავად და მშვიდად ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ მიზანს მივაღწევთ“.

Monday, May 9, 2011

ტოდტი შეზღუდული ტესტების მომხრეა

Todt pushing for limited testing return

9 მაისი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტი ჟან ტოდტი, ფორმულა 1-ის გუნდებს მოუწოდებს, რათა მომავალი სეზონიდან, ჩემპიონატის მსვლელობისას, ლიმიტირებული ტესტების შემოღებას მხარი დაუჭირონ. ის თვლის, რომ ტესტების გაუქმება დიდი შეცდომა იყო, თუმცა ისიც ესმის, რომ ეს გლობალური ეკონომიკური კრიზისით იყო განპირობებული.

ტოდტი წინადადებას იძლევა, რომ მომავალ სეზონში, გუნდებს სამჯერ ორდღიანი ტესტების უფლება მიეცეთ. მისი წინადადების განხილვა, ფორმულა 1-ის კომისიის ვალენსიას სხდომაზე, 23 ივნისს გაიმართება. ტოდტი იმედოვნებს, რომ კომისია მის შეთავაზებას ამ სხდომაზევე დაამტკიცებს. მაგრამ თუ გუნდები მის შეთავაზებას მხარს არ დაუჭერენ, მაშინ ის მასვე კიდევ ერთხელ, ერთი წლის შემდეგ წამოაყენებს.

„ჩემი აზრით, ტესტების გაუქმება სულელური გადაწყვეტილება იყო. ადრე ტესტები შეზღუდული არ იყო და ესეც სიგიჟეს ჰგავდა, მაგრამ შეუძღუდავი ტესტებიდან მათს სრულ აკრძალვაზე გადასვლაც მცდარი გადაწყვეტილება იყო. სხვა თუ არაფერი, ახალბედებს გამოცდილების მიღების საშუალება არ ეძლევათ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს სიტუაცია მალე შეიცვალოს.

რა თქმა უნდა, თავისუფალი ტესტირების მომხრე არ ვარ. მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ გუნდებს ახლა სიმულატორები აქვთ, რომლებიც ასევე ძალიან ძვირი დაუჯდათ და რა აზრი აქვს ბიუჯეტების შემცირების მიზნით ტესტების აკრძალვას, თუ ისინი ამ სიმულატორებში ფულს მაინც ხარჯავენ? ასე რო, სეზონის განმავლობაში რამდენიმე სატესტო დღის დაწესება ყველასთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება“, - ამბობს ტოდტი.

FIA-ს პრეზიდენტი ძალიან კმაყოფილია იმით, რომ რეგლამენტში შეტანილმა ცვლილებებმა, რბოლების სანახაობრიობა გააუმჯობესა. ის თვლის, რომ ეს ეფექტი სამი სიახლის - კერს-ის დაბრუნების, რეგულირებადი ფრთის და ახალი საბურავების შედეგია. თუმცა მიაჩნია, რომ სამი-ოთხი რბოლის შემდეგ, დასკვნის გაკეთება მაინც ნაადრევია.