ფ1-ის გუნდები ტესტების წინააღმდეგნი არიან
Teams set to reject testing return plan
13 მაისი

შესაძლოა, ბევრი ელოდა, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტ ჟან ტოდტის ინიციატივას, რომელიც სეზონის განმავლობაში, შეზღუდული ტესტების დაბრუნებას ითვალისწინებს, გუნდები სიხარულით მიიღებდნენ, თუმცა მოხდა საპირისპირო - გუნდებმა ეს ინიციატივა არ მოიწონეს. მათი არგუმენტი კი ისაა, რომ ტესტების დაბრუნება ძალიან ძვირი დაჯდება.
„ვფიქრობ, ახლა ბალანსი დაცულია და მისი შენარჩუნება გვმართებს. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ თავისუფალი პრაქტიკების ხანგრძლივობის გაზრდა, ან საბურავების დამატებითი კომპლექტების გამოყენება. ტესტები კი პრობლემებთანაა დაკავშირებული, რომელთაგან მთავარი ისაა, რომ სპეციალური, სატესტო ბრიგადების ჩამოყალიბება მოგვიწევს, ეს კი სპორტს გააძვირებს“, - ამბობს „რედ ბულ რეისინგის“ შეფი ქრისტიან ჰორნერი.
მას ეთანხმება „ფორს ინდიას“ საოპერაციო დირექტორი ოტმარ შაფნაუერი: „ჩვენ ეს არ გვჭირდება. რა საჭიროა უკან დაბრუნება? მიმაჩნია, რომ მაქს მოსლის (FIA-ს ყოფილი პრეზიდენტი) მიერ შემოღებული რეგლამენტი ამართლებს. ჩვენ აღარ გვჭირდება ბოლიდების საკვალიფიკაციო ვერსიები, საკვალიფიკაციო ძრავები. და რა, ამან შოუ გააფუჭა? სულაც არა! შემდეგ ძრავების რესურსი გაიზარდა, ამას კოლოფების რესურსის ზრდა მოჰყვა. ამ შეზღუდვების წყალობით, ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა. ფულის დაზოგვაში ისიც გვეხმარება, რომ სეზონის განმავლობაში, ტესტები არ გვიწევს“.
ტესტებს არც „მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში ემხრობა: „ჩემპიონატის ზოგიერთი მონაწილესთვის ტესტების ჩატარება ხელსაყრელია, მაგრამ ჩვენ პატარა გუნდების ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ. ტესტირება დიდი გუნდებისთვისს ასარგებლო იქნება და ეს უპირატესობას მოგვიტანს, მაგრამ საერთო ჯამში, ეს ჩვენს სპორტს დააზარალებს, რადგან სუსტი გუნდები უიმედო აუტსაიდერები გახდებია“.
სავარაუდოდ, სულ სხვა მოსაზრება უნდა ჰქონდეს „ფერარის“ ხელმძღვანელობას. მარანელოელები არ მალავენ, რომ ტესტების აკრძალვის გამო, მანქანის სრულყოფა ჭიანურდება. ამიტომ, მათ სეზონის დროს ტესტების დაბრუნება მიზანშეწონილად მიაჩნიათ. სუსტ გუნდებთან დაკავშირებით კი მყარი არგუმენტი აქვთ - კარგი იქნება, თუ მათ ნაცვლად, ძლიერებს სამ-სამი მანქანის გამოყვანის უფლებას მისცემენ...
No comments:
Post a Comment